ჟურნალი ნომერი 1 ∘ ელენე კობახიძე ∘ ნარჩენების მართვა, როგორც მწვანე ეკონომიკის განვითარების წინაპირობა საქართველოშიdoi.org/10.52340/eab.2026.18.01.05.
ჟურნალი N 1. 2026
ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას მწვანე ეკონომიკის განვითარების კონტექსტით და მისი მნიშვნელობის ანალიზს მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებით. შესავალში განხილულია ნარჩენების მართვის ეკოლოგიური და ეკონომიკური განზომილებები, მათი კავშირი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებსა და ინსტიტუციური რეფორმების პროცესთან. წარმოდგენილია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ეროვნული სტრატეგიის როლი სისტემის სამართლებრივ და ორგანიზაციულ განვითარებაში.
კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მეთოდს და განხორციელდა სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1167 რესპონდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაცემები დამუშავდა აღწერითი სტატისტიკის საფუძველზე და გაანალიზდა პროცენტული განაწილებების გამოყენებით. ემპირიული ნაწილი მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებულობის, დამოკიდებულებებისა და ქცევითი პრაქტიკის შეფასებას, ასევე, სეპარაციის პროცესის ძირითადი ბარიერების იდენტიფიცირებას.
შედეგები აჩვენებს, რომ მწვანე ეკონომიკის შესახებ ცნობიერება შედარებით მაღალია, თუმცა, სამართლებრივი და სტრატეგიული დოკუმენტების ცნობადობა კვლავ შეზღუდულია. გამოვლინდა ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და მოტივაციური ფაქტორები, რაც აფერხებს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის მასშტაბურ გავრცელებას. დასკვნის მიხედვით, ნარჩენების ეფექტიანი მართვა წარმოადგენს როგორც გარემოსდაცვითი უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას.
საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, წრიული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ცნობიერება, ეკონომიკური განვითარება.
შესავალი
თანამედროვე მსოფლიოში მდგრადი განვითარების საკითხები სულ უფრო მეტად უკავშირდება ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ურთიერთდამოკიდებულებას. ამ კონტექსტით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მწვანე ეკონომიკის კონცეფცია, რაც ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას და გრძელვადიან მდგრადობას. მწვანე და წრიული ეკონომიკა განიხილება, როგორც მდგრადი განვითარების სტრატეგიული საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას (Abesadze, 2024). მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად ნარჩენების მართვა განიხილება, რადგან ის პირდაპირ ზემოქმედებს, როგორც ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, ასევე, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და რესურსების ხელახალ გამოყენებაზე.
საქართველოსთვის ნარჩენების მართვის საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია ევროკავშირთან დაახლოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების ჰარმონიზაციის პროცესის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შემუშავებულია შესაბამისი საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოები, პრაქტიკაში კვლავ იკვეთება რიგი პრობლემა, რაც დაკავშირებულია როგორც ინფრასტრუქტურულ დეფიციტთან, ასევე, მოსახლეობის ცნობიერებისა და ჩართულობის დაბალ დონესთან. აღნიშნული გარემოება ქმნის საჭიროებას ნარჩენების მართვის საკითხი გაანალიზდეს არამხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ ეკონომიკური განვითარების ჭრილშიც.
წინამდებარე კვლევის მიზანია საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მდგომარეობისა და პერსპექტივების შეფასება ნარჩენების მართვის კონტექსტით, განსაკუთრებული აქცენტით მოსახლეობის ინფორმირებულობაზე, ქცევით პრაქტიკებსა და ეკონომიკურ აღქმებზე. კვლევის ამოცანაა გამოავლინოს, რამდენად არის საზოგადოება ჩართული ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების პროცესებში, როგორ აფასებს არსებული სისტემის ეფექტიანობას და რა ბარიერები აფერხებს მისი განვითარების პროცესს.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობა, ხოლო კვლევის საგანს – ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ცნობიერება, ქცევითი ტენდენციები და მისი კავშირი მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესთან.
კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მეთოდს და განხორციელებულია ონლაინ გამოკითხვის ფორმით, რომლის ფარგლებშიც გამოკითხულია 1167 რესპონდენტი. მიღებული მონაცემები დამუშავებულია სტატისტიკური და პროცენტული ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
ნაშრომი სტრუქტურულად მოიცავს თეორიულ ნაწილს, რომელშიც განხილულია მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები; ემპირიულ ნაწილს, რომელიც ეფუძნება ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზს; და დასკვნას, სადაც წარმოდგენილია კვლევის ძირითადი მიგნებები და განსაზღვრულია ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი ეკონომიკურ განვითარებასთან ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები.
წინამდებარე ნაშრომის სამეცნიერო მიგნებაა ის, რომ საქართველოში ერთიანად ხდება მოსახლეობის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ცნობიერების, ქცევითი პრაქტიკისა და ეკონომიკური აღქმის ემპირიული ანალიზი მწვანე ეკონომიკის კონტექსტით. კვლევა ეფუძნება ფართომასშტაბიან რაოდენობრივ მონაცემებს, რაც უზრუნველყოფს მიღებული შედეგების სანდოობასა და მათი განზოგადების შესაძლებლობას. ნაშრომში გამოვლენილია განსხვავება ინფორმირებულობასა და რეალურ ქცევებს შორის, რაც მიუთითებს, რომ ნარჩენების მართვის ეფექტიანობა დამოკიდებულია არამხოლოდ ცოდნაზე, არამედ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პირობებზე.
მწვანე ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა და ნარჩენების მართვის სისტემა საქართველოში
საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპი მჭიდროდ არის დაკავშირებული ნარჩენების მართვის რეფორმებთან, ვინაიდან ქვეყნის სტრატეგიული ხედვა თანხვედრილია ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან (UN, 2020). ნარჩენების მართვა წარმოადგენს მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას, რადგან ის გავლენას ახდენს რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ეკონომიკური ზრდის მდგრადობაზე.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია - 2021–2025წწ. ხაზს უსვამს მწვანე ინოვაციებისა და რესურსების ეფექტიანობის მნიშვნელობას (Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, 2021). ამასთან, SDG 12-ის მიღწევა განსაზღვრულია როგორც ეროვნული პრიორიტეტი, რაც მოიცავს პასუხისმგებელ მოხმარებასა და ნარჩენების შემცირებას (UN, 2020).
თანამედროვე შეფასებები აჩვენებს, რომ მდგომარეობა კვლავ გამოწვევებით ხასიათდება. SWITCH to Green-ის (2024) მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად წარმოიქმნება დაახლოებით 900,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი, რისი უმეტესობა ნაგავსაყრელებზე განთავსდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს გენერირდა 1184 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი, ხოლო მისი მოცულობა საშუალოდ წლიურად 4.9%-ით იზრდება (GeoStat, 2025). რეგიონულ დონეზე სეპარირებული შეგროვების სისტემები კვლავ შეზღუდულად არის განვითარებული.
ნარჩენების მართვის სფეროში საკვანძო სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (Government of Georgia, 2015), რომლის საფუძველზეც შემუშავდა ეროვნული სტრატეგია 2016–2030 წლებისთვის. აღნიშნული სტრატეგია ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების ჩარჩო დირექტივას (Directive 2008/98/EC) და მიზნად ისახავს სისტემის ეტაპობრივ ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან (REC Caucasus, 2022).
მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, გადამუშავების დაბალი მაჩვენებელი, ინფრასტრუქტურული დეფიციტი და საზოგადოების შეზღუდული ჩართულობა, კვლავ სისტემურ პრობლემებად რჩება (SWITCH to Green, 2024; GIZ, 2024). ნარჩენების მართვის სფერო ეკონომიკური თვალსაზრისით, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საერთო რესურსების გამოყენების პრობლემა, სადაც ინდივიდუალური ქცევები კოლექტიურ გარემოსდაცვით შედეგებს განაპირობებს. რესურსების არაეფექტიანი გამოყენება და ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირება ზრდის საზოგადოებრივ დანაკარგებს და ამცირებს სისტემის ეფექტიანობას (Kharaishvili, 2019). შესაბამისად, ნარჩენების მართვის გაუმჯობესება საჭიროებს არამხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ, ეფექტიანი ეკონომიკური სტიმულებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებასაც.
აღნიშნული გარემოებები განაპირობებს ნარჩენების მართვის სოციალური და ქცევითი ასპექტების ემპირიული შეფასების აუცილებლობას.
რესპონდენტთა ასაკობრივი, სქესობრივი და რეგიონული სტრუქტურის ანალიზი
დემოგრაფიული მახასიათებლები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისთვის, ვინაიდან ასაკი და სქესი გავლენას ახდენს გარემოსდაცვით ცნობიერებასა და ქცევით პრაქტიკაზე.
ასაკობრივი განაწილების მიხედვით, რესპონდენტების 62.6% მიეკუთვნება 18–24 წლის ჯგუფს, რაც მიუთითებს ახალგაზრდების დომინირებაზე შერჩევაში. 25–34 წლის კატეგორია შეადგენს 10.5%-ს, ხოლო 35–44, 45–54 და 55–64 წლის ჯგუფები წარმოდგენილია შესაბამისად 8.4%, 7.2% და 7.9%-ით. 65 წელს გადაცილებული რესპონდენტები შეადგენენ 3.4%-ს. ახალგაზრდების მაღალი წილი ნაწილობრივ აიხსნება კვლევის ონლაინ ფორმატით და შედეგების ანალიზისას საჭიროებს შესაბამისი კონტექსტის გათვალისწინებას.
სქესობრივი განაწილების მიხედვით, რესპონდენტთა 61.7% ქალია, ხოლო 38.3% მამაკაცი. ორივე სქესის წარმომადგენლობა იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ცნობიერება და ქცევითი პრაქტიკა დემოგრაფიული ჭრილის გათვალისწინებით.
აღნიშნული დემოგრაფიული სტრუქტურა ქმნის საფუძველს შემდგომი ანალიზისთვის, რომელიც შეეხება მოსახლეობის ცნობიერებას, ქცევით პრაქტიკებსა და დამოკიდებულებებს ნარჩენების მართვის სისტემის მიმართ.
რეგიონული განაწილება ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან რეგიონული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პირობები გავლენას ახდენს გარემოსდაცვით ქცევებზე.
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 37.4% ცხოვრობს თბილისში, რაც დედაქალაქის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ასახავს. ურბანიზაციის მაღალი დონე და მუნიციპალური სერვისების შედარებით უკეთესი ხელმისაწვდომობა ქმნის გარემოს, სადაც ნარჩენების მართვის ელემენტები უფრო აქტიურად ფუნქციონირებს.
ეკონომიკურად აქტიური რეგიონებიდან მნიშვნელოვანი წილი ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (10.5%), აჭარაში (9.1%), იმერეთში (9%), ქვემო ქართლში (8.9%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (8.7%). კახეთის წილი შეადგენს 6.6%-ს, გურიის – 3%, შიდა ქართლის – 2.3%, სამცხე-ჯავახეთის 2.3% და მცხეთა-მთიანეთის – 2.1%, ე.ი. ბოლო 5 რეგიონის მონაწილეობა შედარებით დაბალია.
მთლიანობაში, რეგიონული განაწილება ადასტურებს, რომ მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერის დონე და ნარჩენების მართვის პრაქტიკა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რეგიონულ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ გარემოსთან, რაც შედეგების ინტერპრეტაციისას აუცილებელ კონტექსტს ქმნის.
გამოკითხულთა ინფორმირებულობა მწვანე ეკონომიკის შესახებ
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 67% აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას „მწვანე ეკონომიკის“ შესახებ, ხოლო 33% აღნიშნავს, რომ არ იცნობს აღნიშნულ ტერმინს. აღნიშნული განაწილება მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს ზოგადი წარმოდგენა თანამედროვე გარემოსდაცვით-ეკონომიკური მიდგომების შესახებ, თუმცა, ინფორმირებულობა ჯერ კიდევ არ არის უნივერსალური.
ინფორმირებულობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას ეკოლოგიური საკითხებისადმი გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესითა და ინფორმაციის ციფრულ პლატფორმებზე ხელმისაწვდომობით. ამავე დროს, რესპონდენტთა მესამედის ინფორმაციული დეფიციტი მიუთითებს გარემოსდაცვითი განათლებისა და მიზნობრივი საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობაზე.
მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში არსებობს საფუძველი მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, თუმცა, მისი ეფექტიანი დანერგვა საჭიროებს ცნობიერების თანაბარ გავრცელებას სხვადასხვა სოციალურ და რეგიონულ ჯგუფს შორის.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ ცნობიერება
კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 36.8% აცხადებს, რომ ინფორმირებულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესახებ, ხოლო 63.2% აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ იცნობს. მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყნის გარემოსდაცვითი რეგულაციების ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩოს ცნობადობა ფართო საზოგადოებაში კვლავ დაბალია.
ნარჩენების მართვის კოდექსი განსაზღვრავს ნარჩენების სეპარაციის, შეგროვების, ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და განთავსების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ნარჩენების მართვა ერთდროულად ეკოლოგიურ და ეკონომიკურ განზომილებას მოიცავს. ეკოლოგიური თვალსაზრისით ის დაკავშირებულია გარემოს დაბინძურების შემცირებასთან, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ნარჩენების, როგორც რესურსის, ხელახალ გამოყენებასა და წრიული ეკონომიკის განვითარებასთან. ნარჩენების ეფექტიანი მართვა წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის საფუძველს, ვინაიდან მისი მიზანია არამხოლოდ ზრდა, არამედ ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და მისი რაციონალური გამოყენება (Abesadze & Kuratashvili, 2024).
შესაბამისად, კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა წარმოადგენს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას. ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს საჯარო კომუნიკაციის, გარემოსდაცვითი განათლებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე. მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, როგორც სეპარაციის კულტურის განვითარების, ასევე, მწვანე ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში რეალიზებისთვის.

ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკა შინ
საყოფაცხოვრებო სივრცეში ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული ქცევა საქართველოში ნაწილობრივ არის გავრცელებული, ე.ი. ჯერ კიდევ არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული. რესპონდენტთა 12.1% აცხადებს, რომ ნარჩენებს ყოველთვის ახარისხებს, ხოლო 18.2% ხშირად, რაც ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის შედარებით სტაბილურ სეგმენტზე მიუთითებს.
ყველაზე დიდი ჯგუფი (33.4%) ნარჩენებს მხოლოდ ზოგჯერ ახარისხებს, რაც არასტაბილურ ქცევით მოდელებზე მიუთითებს და სავარაუდოდ, დამოკიდებულია ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასა და ინდივიდუალურ მოტივაციაზე. ამასთან, 22.9% ნარჩენებს იშვიათად ახარისხებს, ხოლო 13.5% საერთოდ არ ახორციელებს სეპარაციას, რაც აჩვენებს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროცესში არ არის ჩართული.
მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად ცნობიერების გარკვეული დონისა, სეპარაციული ქცევა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ და თანმიმდევრულად დამკვიდრებული. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ცნობიერების ზრდა ავტომატურად არ გარდაიქმნება ქცევით პრაქტიკად, რაც შემდგომში აუცილებელს ხდის იმ ბარიერების ანალიზს, რაც ხელს უშლის ნარჩენების სეპარაციის სისტემურ განხორციელებას.
ნარჩენების სეპარაციის მთავარი ბარიერები
გამოკითხულთა პასუხები ცხადყოფს, რომ ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკას საქართველოში მრავალფაქტორიანი ბარიერი აფერხებს, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, ინდივიდუალურ და საინფორმაციო პრობლემებს.
ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ბარიერები, როგორც ფინანსურ, სტრუქტურულ, ოპერაციულ, ასევე, დამოკიდებულებით და ტექნოლოგიურ ფაქტორებს მოიცავს, ხოლო სისტემური ცვლილებები საჭიროებს როგორც ინსტიტუციურ, ასევე, ინფრასტრუქტურულ გაძლიერებას (Kakulia & Tkemaladze, 2024). აღნიშნული თეორიული ხედვა წარმოდგენილია კვლევის ემპირიულ შედეგებთან თანხვედრაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, სეპარაციის არგანხორციელების მთავარ მიზეზად რესპონდენტთა 38.6% ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ასახელებს (451 ადამიანი). ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სეპარაციისთვის საჭირო მინიმალურ პირობებს - შესაბამის კონტეინერებსა და ხელმისაწვდომ სერვისებს. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ქცევითი ცვლილება შეუძლებელია ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის გარეშე.
მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია დროის არქონა (31.3%; 365 რესპონდენტი), რაც სეპარაციის პროცესის დამატებით შრომატევად ქმედებად აღქმას ასახავს. ეს მიუთითებს, რომ სეპარაციის სისტემა მოქალაქისთვის მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა ის ყოველდღიურ რუტინაში ორგანულად ინტეგრირდეს.
ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს 26.5% (309 რესპონდენტი), რაც გარემოსდაცვითი განათლებისა და საჯარო კომუნიკაციის გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს. ცნობიერების დეფიციტი პირდაპირ აისახება ქცევაზე და აფერხებს სეპარაციის კულტურის ჩამოყალიბებას.
ინტერესის არქონა დაფიქსირდა 15.7%-ში (183 ადამიანი), რაც მოტივაციის პრობლემაზე მიუთითებს და ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური ქმედება სისტემურ შედეგს ვერ იწვევს. „სხვა“ მიზეზები (2.7%) შედარებით მცირე წილს წარმოადგენს და მოიცავს ინდივიდუალურ გარემოებებს.
ამრიგად, მონაცემები ცხადყოფს, რომ სეპარაციის დაბალი პრაქტიკა საქართველოში, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული და სისტემური ფაქტორებით არის განპირობებული, ხოლო ინდივიდუალური მოტივაცია და ცნობიერება - მეორად, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, ნარჩენების მართვის გაუმჯობესება საჭიროებს როგორც სერვისების გაფართოებას, ასევე, განათლებისა და მოტივაციის მექანიზმების გაძლიერებას, რაც პირდაპირ უკავშირდება მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ მიზნებს.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა
კითხვაზე - „ბოლო 6 თვეში გადაგიგდიათ თუ არა რაიმე გადამუშავების კონტეინერში?“ - მიღებული პასუხები მიუთითებს, რომ მოსახლეობა პრაქტიკული ჩართულობის მიხედვით, თითქმის თანაბრად არის განაწილებული: 49.5% აცხადებს, რომ გადაუგდია ნარჩენი გადამუშავების კონტეინერში, ხოლო 50.5% აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება არ განუხორციელებია.
აღნიშნული შედეგი აჩვენებს, რომ გადამუშავების პრაქტიკა საქართველოში გარდამავალ ეტაპზეა - მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უკვე ჩართულია პროცესში, თუმცა ჩართულობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და უნივერსალური. ეს მიუთითებს, რომ გარემოსდაცვითი ქცევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორც ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, ინდივიდუალურ მოტივაციასა და ცნობიერებაზე.
მონაცემები ასევე ადასტურებს, რომ ცნობიერების არსებობა ავტომატურად არ უზრუნველყოფს ქცევით აქტიურობას. მოსახლეობის ნახევარზე მეტის პრაქტიკაში არჩართულობა მიუთითებს იმაზე, რომ გადამუშავების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება საჭიროებს როგორც სერვისების გაფართოებას, ასევე, მოქალაქეთა მოტივაციის გაძლიერებას.
საბოლოო ანგარიშით, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში არსებობს გადამუშავების კულტურის ფორმირების რეალური საფუძველი, თუმცა, მისი მასშტაბური დანერგვა კვლავ საჭიროებს სისტემურ მხარდაჭერას და ინსტიტუციურ გაძლიერებას.
ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისათვის
გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ნარჩენების გადამუშავებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად აღიქვამს. რესპონდენტთა 64.6% მიიჩნევს, რომ გადამუშავება „ძალიან მნიშვნელოვანია“ ეკონომიკური ზრდისთვის, ხოლო 22.6% მას „მნიშვნელოვნად“ აფასებს. ამგვარად, გამოკითხულთა 87%-ზე მეტი ნარჩენების გადამუშავებას ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ მექანიზმად განიხილავს.
აღნიშნული შეფასება მიუთითებს, რომ საზოგადოება ნარჩენების გადამუშავებას უკავშირებს არამხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ ეკონომიკურ სარგებელს, მათ შორის, სამუშაო ადგილების შექმნას, მწვანე სექტორების განვითარებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და მუნიციპალური ხარჯების შემცირებას. ეს შედეგი ადასტურებს, რომ მწვანე ეკონომიკის პრინციპები საზოგადოების ცნობიერებაში თანდათან ინტეგრირდება და ეკოლოგიური პოლიტიკა უკვე ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტად აღიქმება.
შედარებით დაბალი შეფასება დაფიქსირდა რესპონდენტთა 12.7%-ში (ქულა 1 და 2), რაც შეიძლება მიუთითებდეს გადამუშავების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ არასაკმარის ინფორმირებულობაზე ან არსებული ინფრასტრუქტურის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე.
საბოლოოდ, მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ნარჩენების გადამუშავების ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ. აღნიშნული გარემოება ქმნის მყარ სოციალურ საფუძველს მწვანე ეკონომიკის ინსტრუმენტების გაფართოებისა და ცირკულარული მოდელის განვითარებისათვის.
აუცილებელი ნაბიჯები ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისთვის
ღია კითხვაზე მიღებული პასუხები მიუთითებს, რომ მოსახლეობა ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას კომპლექსურ პროცესად აღიქვამს, რომელიც მოითხოვს როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს.
ყველაზე დიდი წილი (26%) განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება, რაც ხაზს უსვამს ეკოლოგიური კულტურის ფორმირების მნიშვნელობას. მეორე მიმართულებად დასახელდა გადამუშავების სისტემის განვითარება (22%), რაც მიუთითებს ეკონომიკური მექანიზმებისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის გაძლიერების საჭიროებაზე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (18%) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქცევითი ცვლილება პირდაპირ დამოკიდებულია ხელმისაწვდომ სერვისებზე.
სახელმწიფო პოლიტიკისა და კონტროლის გაძლიერებას რესპონდენტთა 15% ასახელებს, რაც საზოგადოებაში რეგულატორული მოლოდინების არსებობას ცხადყოფს. შედარებით ნაკლები წილი უკავია კერძო სექტორის პასუხისმგებლობას (8%) და მოქალაქეთა ინდივიდუალურ ჩართულობას (6%), ხოლო სხვა მიმართულებები (5%) მოიცავს ინოვაციებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
მთლიანობაში, შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესება საქართველოში საჭიროებს განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ეკონომიკურ ინსტრუმენტებსა და სახელმწიფო რეგულაციებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ მიდგომას.
დასკვნა
წინამდებარე კვლევამ წარმოაჩინა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესი მჭიდროდ დაკავშირებულია ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობასა და მოსახლეობის ჩართულობის დონესთან. მიუხედავად საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოების არსებობისა, პრაქტიკაში კვლავ იკვეთება, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ქცევითი და საინფორმაციო ხასიათის გამოწვევები.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფლობს ზოგად ინფორმაციას მწვანე ეკონომიკის შესახებ, და სამართლებრივი ჩარჩოების - განსაკუთრებით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ცნობადობა კვლავ დაბალია. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ საკანონმდებლო რეფორმები სრულად ვერ გარდაიქმნება ქცევით ცვლილებად მოსახლეობის სათანადო ინფორმირებულობის გარეშე.
ემპირიული მონაცემები ადასტურებს, რომ ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკა საქართველოში ნაწილობრივ არის გავრცელებული, თუმცა არ აქვს სისტემური და სტაბილური ხასიათი. მოსახლეობის ქცევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე, დროის რესურსსა და ინფორმირებულობაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეპარაციის არგანხორციელების მთავარ ბარიერად ინფრასტრუქტურის ნაკლებობა სახელდება, რაც მიუთითებს სისტემური მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
ამასთან, საზოგადოების წევრთა უმრავლესობა ნარჩენების გადამუშავებას ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმად აღიქვამს, რაც ქმნის მყარ სოციალურ საფუძველს მწვანე ეკონომიკის ინსტრუმენტების გაფართოებისა და ცირკულარული მოდელის დანერგვისთვის.
ღია შეკითხვაზე მიღებული პასუხები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარჩენების მართვის გაუმჯობესება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს განათლების გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკონომიკურ სტიმულებსა და რეგულატორული მექანიზმების ეფექტიანობას.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებობს მწვანე ეკონომიკის განვითარების სოციალური და ინსტიტუციური წინაპირობები, თუმცა, მისი სრულფასოვანი რეალიზება საჭიროებს თანმიმდევრულ პოლიტიკას, სისტემურ ინვესტიციებს და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ გარემოსდაცვით აუცილებლობას, არამედ, ეკონომიკური მდგრადობისა და გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
Keywords: Green economy, circular economy, waste management, environmental awareness, economic development.
JEL Codes: Q53, Q56, O13, Q01, Q58
ლიტერატურა:
• აბესაძე რ. (2024). „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკა – მდგრადი განვითარების საფუძველი. თსუ თებერვლის სამეცნიერო კონფერენციის კრებული, 9–15. https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202024/თებერვლის-კონფერენციის-კრებული-2024.pdf
• აბესაძე რ. & კურატაშვილი კ. (2024). ნარჩენების მართვის სტრატეგია საქართველოში. ეკოლოგია, ივნისი(1), 14–17. https://shorturl.at/XDynr
• კაკულია ნ. & ტყემალაძე ი. (2024). ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გამოწვევები საქართველოში. თსუ თებერვლის სამეცნიერო კონფერენციის კრებული, 93–100. https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202024/თებერვლის-კონფერენციის-კრებული-2024.pdf
• საქართველოს ნარჩენების მართვის 2016–2030 წლების ეროვნული სტრატეგია. (2016). თბილისი, საქართველო. https://rec-caucasus.org/wp-content/uploads/2022/12/PRINT-narchenebis-marthvis-erovnuli-strategia-6.pdf
• ხარაიშვილი ე. (2019). მწვანე ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები და მათი დაძლევის ზოგიერთი გზა საკუთრების უფლებების რეგულირების მექანიზმებით.https://www.researchgate.net/publication/341342934
• GeoStat. (2025). Municipal waste statistics. National Statistics Office of Georgia. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/73/garemos-statistika
• GIZ. (2024). Circular economy in Georgia: Baseline study. Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH. https://www.giz.de/de/downloads/giz2024-en-baseline-study-georgia-extern.pdf
• Government of Georgia. (2015). Waste Management Code. Legislative Herald of Georgia. https://environment.cenn.org/app/uploads/2016/06/Waste-Management-Code_FINAL_2015.pdf
• Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. (2021). SME development strategy of Georgia 2021–2025. Government of Georgia. https://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/2022/sme_strategy_2021_2025_eng.pdf
• REC Caucasus. (2022). National Waste Management Strategy 2016–2030 and National Waste Management Action Plan 2022–2026. https://rec-caucasus.org/wp-content/uploads/2022/12/National-Waste-Management.pdf
• SWITCH to Green. (2024). Georgia factsheet: Moving towards circularity. European Union. https://www.switchtogreen.eu/wp-content/uploads/2024/12/Georgia-Factsheet-03.pdf
• United Nations. (2020). United Nations Sustainable Development Cooperation Framework (UNSDCF) Georgia 2021–2025. United Nations. https://unsdg.un.org/sites/default/files/202011/Georgia_UNSDCF_%202021%20to%202025_0.pdf
References:
• Abesadze R. (2024). „Mtsvane“ da „Tsriuli“ Ekonomika – Mdgradi ganvitarebis sapudzveli. ["Green" and "Circular" Economies - the Basis of Sustainable Development.] tsu tebervlis sametsniero konperentsiis krebuli, 9–15. in Georgian https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202024/თებერვლის-კონფერენციის-კრებული-2024.pdf
• Abesadze R., & Kuratashvili K. (2024). Narchenebis martvis strategia sakartveloshi. [Waste Management Strategy in Georgia.] Ekologia, ivnisi(1), 14–17. in Georgian https://shorturl.at/XDynr
• Kakulia N. da Tkemaladze I. (2024). tsirkularul ekonomikaze gadasvlis gamotsvevebi sakartveloshi. [Challenges of Transitioning to a Circular Economy in Georgia] tsu tebervlis sametsniero konperentsiis masalebi, 93–100. in Georgian https://tsu.ge/assets/media/files/7/siaxle%202024/თებერვლის-კონფერენციის-კრებული-2024.pdf
• Government of Georgia. (2015). Waste Management Code. Legislative Herald of Georgia. https://environment.cenn.org/app/uploads/2016/06/Waste-Management-Code_FINAL_2015.pdf
• Government of Georgia. (2016). sakartvelos narchenebis martvis 2016–2030 tslebis erovnuli strategia. [National Waste Management Strategy of Georgia 2016–2030] Tbilisi, Georgia. in Georgian https://rec-caucasus.org/wp-content/uploads/2022/12/PRINT-narchenebis-marthvis-erovnuli-strategia-6.pdf
• Kharaishvili E. (2019). mtsvane ekonomikis tanamedrove gamotsvevebi. [Modern Challenges of the Green Economy.] in Georgian https://www.researchgate.net/publication/341342934
• GeoStat. (2025). Municipal waste statistics. National Statistics Office of Georgia. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/73/garemos-statistika
• GIZ. (2024). Circular economy in Georgia: Baseline study. Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH. https://www.giz.de/de/downloads/giz2024-en-baseline-study-georgia-extern.pdf
• Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia. (2021). SME development strategy of Georgia 2021–2025. Government of Georgia. https://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/2022/sme_strategy_2021_2025_eng.pdf
• REC Caucasus. (2022). National Waste Management Strategy 2016–2030 and National Waste Management Action Plan 2022–2026. https://rec-caucasus.org/wp-content/uploads/2022/12/National-Waste-Management.pdf
• SWITCH to Green. (2024). Georgia factsheet: Moving towards circularity. European Union. https://www.switchtogreen.eu/wp-content/uploads/2024/12/Georgia-Factsheet-03.pdf
• United Nations. (2020). United Nations Sustainable Development Cooperation Framework (UNSDCF) Georgia 2021–2025. United Nations. https://unsdg.un.org/sites/default/files/202011/Georgia_UNSDCF_%202021%20to%202025_0.pdf