ჟურნალი ნომერი 1 ∘ მარინა ჩავლეიშვილი ∘ უმაღლესი განათლების სისტემა - ანალიზი, პრობლემები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზებიdoi.org/10.52340/eab.2026.18.01.03.
ჟურნალი N 1. 2026
ქვეყნის განვითარებაში უმაღლესი განათლების ადგილი და როლი უმნიშვნელოვანესია. ნაშრომში განხილულია, საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. განათლება ქმნის მყარ საფუძველს საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ტექნოლოგიური წინსვლისთვის. მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება ხელს უწყობს ქვეყნის კულტურულ და ეროვნულ იდენტობას, ასევე, გრძელვადიან სტაბილურობას და მდგრადობას. ხარისხიანი განათლება ნიშნავს სტაბილურ, განვითარებად და თანამედროვე საზოგადოებაზე ზრუნვას. აღნიშნულ სფეროში განხორციელებული ინვესტიცია საფუძველს უქმნის ქვეყნის მომავალს, რომელსაც მისთვის წლების განმავლობაში მოაქვს მაღალი კეთილდღეობა.
კვლევის მიზანია უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შეფასების საფუძველზე, სისტემური ცვლილებების გზით,
ხარისხის, კონკურენტუნარიანობის და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. ანალიზი ემყარება მეორადი წყაროების ანალიზს, რისთვისაც მონაცემები დამუშავდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამთავრობო გადაწყვეტილებების, ასევე, ჩატარებული ბაზრის კვლევების მონაცემების საფუძველზე. გამოვლინდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები. წლების განმავლობაში, საქართველოში უმაღლესი განათლების ლიბერალიზაციის პოლიტიკამ, კერძო სექტორის ღიაობამ ვერ მოახდინა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. დღემდე, უმაღლესი განათლების სისტემაში, სწავლების ხარისხი ერთ-ერთ მწვავე პრობლემად განიხილება. ამდენად, ნაშრომში შეფასებულია უმაღლესი განათლების სისტემა, არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.
საკვანძო სიტყვები: უმაღლესი განათლება, განათლების ხარისხი, რეფორმა, შრომის ბაზარი, გამოწვევები უმაღლესი განათლების სისტემაში.
შესავალი
უმაღლესი განათლება წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ საყრდენს. კვალიფიციური სამუშაო ძალა უზრუნველყოფს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებას. საერთაშორისო ბაზარზე ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის ქვეყნები, რომლებიც სთავაზობენ ხარისხიან განათლებას და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. თანამედროვე ეტაპზე, მნიშვნელოვანია წარმატებული ტექნოლოგიური, ინოვაციური და სამეცნიერო კვლევები, რომლის განხორციელებაში მთავარ ცენტრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ.
უმაღლესი განათლების დაწესებულებები (უნივერსიტეტები) ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ეროვნული კულტურის, ენის, ისტორიის შესწავლასა და შენარჩუნებაში. განათლების მაღალი დონე ხელს უწყობს მოქალაქეთა გახსნილობას მსოფლიო კულტურისადმი, პარალელურად აძლიერებს მათ ეროვნულ თვითშეგნებას, ასევე ამაღლებს წევს საზოგადოების კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს პრაგმატული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას; ზრდის გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის ხარისხს, იძლევა შესაძლებლობას ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნით შეიმუშაონ და განახორციელონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც გავლენას მოახდენს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ გლობალურ კეთილდღეობაზე.
გლობალიზაციის პროცესი, ტექნოლოგიური პროგრესი და ცვალებადი შრომითი ბაზარი მრავალფუნქციურ და კომპლექსურ გამოწვევებს უქმნის განათლების სისტემას. არსებულ რეალობაში გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: განათლების ხარისხისა და შინაარსობრივი შესაბამისობის საკითხები, სასწავლო პროგრამების ნაკლოვანებები, ფინანსური რესურსების არაეფექტური განაწილება, უნივერსიტეტსა და შრომით ბაზარს შორის სუსტი კავშირი, პროფესიული განვითარების შეზღუდვები, განათლების პოლიტიკისა და მართვის სისტემური ხარვეზები და სხვა. წარმოდგენილ ნაშრომში შეფასებულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობა, არსებული პრობლემები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.
საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზი
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის მოდერნიზება, მათ შორის - უმაღლესი განათლების სფეროში. კერძოდ, განხორციელდა განათლების რეფორმები, დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები. ქვეყნაში უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო 2005 წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.
ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემა ფუნქციონირებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ერთობლიობით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23?publication=117).
უმაღლესი განათლების სისტემის ძირითადი მახასიათებლები:
• სწავლების სამ საფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) მოდელი და ECTS კრედიტებზე დაფუძნებულ შეფასების სისტემა, რაც უზრუნველყოფს დიპლომების საერთაშორისო აღიარებას;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაყოფილია უნივერსიტეტებად (რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს) და კოლეჯებად (რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის პროგრამებს);
• აკრედიტაციის მექანიზმები, კერძოდ, უმაღლესი სასწავლებლები ექვემდებარება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას და ინსტიტუციურ ავტორიზაციას;
• საჯარო და კერძო სექტორის თანაარსებობა, მნიშვნელოვანია სხვაობები დაფინანსებაში, ინფრასტრუქტურასა და კადრების კვალიფიკაციაში;
• ზრდადი საერთაშორისო ინტეგრაცია, განვითარებულია გაცვლითი პროგრამები, მათ შორის Erasmus+ და სხვა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით (https://www.geostat.ge/ka/single-archive/3423), ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის - 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა. დაწესებულებების დაახლოებით 64% მდებარეობს თბილისში, რაც მიუთითებს დედაქალაქის მნიშვნელოვან როლზე განათლების ინფრასტრუქტურაში. დინამიკაში 2018 წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის უმნიშვნელო ცვლილება შეეხო მხოლოდ კერძო უმაღლეს სასწავლებლებს 2020 – 2022 წლებში, კერძოდ, ის 43-დან 45 ერთეულამდე გაიზარდა, 2025 წელს არის 44 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (იხ დიაგრამა 1).

წყარო: ტექსტის ყველა ცხრილი და დიაგრამა შედგენილია ავტორის მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების დამუშავების საფუძველზე (წელიწდეული 2024 წელი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩენებლები
საქართველოში 2018 წლიდან 2025 წლამდე სტუდენტთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება, რაც მიუთითებს უმაღლესი განათლების მიმართ მზარდ ინტერესზე (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/56/ganatleba-kultura). 2024 წელს სტუდენტთა საერთო რაოდენობა იყო 187,800, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით, ხოლო 2018-2019 სასწავლო წელთან შედარებით, 21.3%-ით არის გაზრდილი. საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, მაჩვენებლები შემდეგნაირად არის განაწილებული: ბაკალავრიატი - 125.612 სტუდენტი (66.8%); მაგისტრატურა - 57.377 სტუდენტი (30.5%); პროფესიული - 4810 სტუდენტი (2.7%) (იხ. დიაგრამა 2).

საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სტუდენტთა რიცხოვნობა (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba) მაღალია შემდეგ სპეციალობებზე: სოციალური მენციერებები, ბიზნესი და სამართალი -47.6% (იხ. ცხრილი 1).

მნიშვნელოვანია დოქტორანტების რიცხოვნობა, რომელმაც 2020 წელს პიკს (4010) მიაღწია, ხოლო 2024 წელს 24.6%-ით შემცირდა (3023). ასევე, შემცირდა დოქტორანტების მიღება, კერძოდ, 2024 წელს იყო 700, რაც 33.3%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. დოქტორანტების შემცირების ტენდენცია შესაძლოა ასახავდეს კვლევითი პროგრამების მიმართ ინტერესის ცვლილებებს.
2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებულ იქნა 54.2 ათასი სტუდენტი (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba), მათ შორის, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში - 30.5 ათასი, ხოლო კერძოში - 23.7 ათასი სტუდენტი. 2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებთან მიმართებით მიღებული სტუდენტების რაოდენობა 12.5 %-ით არის გაზრდილი (იხ. დიაგრამა 3).

სტუდენტების განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით შემდეგ სურათს იძლევა: 2024 წლის მონაცემებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადანაწილებულია სტუდენტების საერთო რაოდენობის 57.7% (108.400 სტუდენტი), ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 43.3% (79.400 სტუდენტი).
ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტების მიღების მაჩვენებელი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, მაღალია შემდეგ პროგრამებზე: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 45.3%; მათ შორის, ყველაზე მეტია ბიზნესის და მართვის მიმართულებით მიღებული სტუდენტები (46.3%). დაახლოებით თანაბარია სოციალური მეცნიერებები და სამართლის პროგრამები, შესაბამისად, 24.8% და 24.9%. მაგისტრატურის საფეხურზე (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის, რეზიდენტურის ჩათვლით) ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 62.5%, სადაც 99.9% ჯანდაცვის წილია; სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი - 18.3%, მათ შორის, 56.6% ბიზნესის და მართვის საგანმანათლებლო პროგრამებია; პროფესიულ პროგრამებზე შედარებით მაღალია მიღება შემდეგი მიმართულებით: განათლება 20%; მომსახურება 19%.
2024 წელს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა, 2023 წელთან წელთან შედარებით, 12.4%-ით გაიზარდა (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba). სახელმწიფო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რაოდენობა, კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რაოდენობაზე, 28%-ით მეტია. გენდერული განაწილება შემდეგია: ქალები-60.2%; ვაჟები-39.8%. ასევე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა, კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით, 28.%-ით მაღალია (იხ. დიაგრამა 4).

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის ფორმირებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფესორ-მასწავლებლებს. მათი როლი უნივერსიტეტებში უმნიშვნელოვანესია, როგორც სტრატეგიული განვითარებისთვის, ასევე სტუდენტების ინდივიდუალური წარმატებისთვის. პროფესორ-მასწავლებლები განსაზღვრავენ: დაწესებულების აკადემიურ და საგანმანათლებლო ხარისხს, კერძოდ, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე; მონაწილეობენ, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში, რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტების მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ ავტორიტეტს; აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო კვლევების სწავლებასთან ინტეგრირებაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ასევე უნივერსიტეტის პროგრესისთვის; კვლევითი პროექტები აღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას, ხელს უწყობს ახალი ცოდნის გენერირებას, იცავს უნივერსიტეტს გლობალურ აკადემიურ კონკურენციაში.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით სულ არის 11 455 პერსონალი, რაც 2023-2024 სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით მეტია (იხ. ცხრილი 2).

არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობაც პროპორციულად ნაწილდება სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის, თუმცა, არის უმნიშვნელო სხვაობა წლების შესაბამისად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ჯამური რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე კერძო სექტორში. 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, აკადემიურ თანამდებობის სამივე პოზიციაზე (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მასწავლებელი) სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია აკადმიური პერსონალის 43.5%; ხოლო კერძო სექტორში - 56.5%. (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba). ეს მაშინ, როცა რაოდენობრივად, კერძო სექტორში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 69.8%-ია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კერძო სექტორში არსებული შედარებით ნაკლები აკადემიური პერსონალი გამოწვეულია სტუდენტების ნაკლები რაოდენობით.
საქართველო ინტენსიურად ცდილობს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას, რასაც მოწმობს საერთაშორისო პარტნიორები, გაცვლითი პროგრამები, ორმაგი დიპლომის პროექტები და ასოცირება ევროკავშირის განათლების ინიციატივებთან. თანამედროვე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები: გაცვლითი პროგრამები (ERASMUS+ და სხვა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მობილობის პროექტები; DAAD, Fulbright, Chevening), ადგილობრივი სტიპენდიები, Bilateral Agreements სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან (მაგ. ბალტიისპირეთი, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი, იტალია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი ნიდერლანდები); Tempus, Horizon Europe და სხვა კვლევითი კომპონენტები; ორმაგი და ერთობლივი დიპლომის პროგრამები; საერთაშორისო რეიტინგებში მონაწილეობა და საერთაშორისო აკრედიტაცია (მაგალითად FIBAA, AQAS). მაღალი ხარისხის ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ელემენტებს: ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობა (არამხოლოდ ვიზიტები, არამედ ერთობლივი სილაბუსები); საერთო კვლევითი პროექტები და პუბლიკაციები; ერთობლივი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები; სტუდენტების სრულფასოვანი მონაწილეობა; ღია და მრავალენოვანი პლატფორმები (https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da sakartvelo_ka?utm_source=chatgpt.com ).
საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია დიპლომების საერთაშორისო აღიარებისა და აკადემიური მობილობის შეფასება. საქართველოს უმაღლესი განათლება სულ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, რაც დიპლომების საერთაშორისო აღიარებას ამარტივებს. აღიარების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ბოლონიის პროცესის წევრობა და 2011 წელს საქართველოს მიერ დამტკიცებული ლისაბონის აღიარების კონვენცია, რაც ხელს უწყობს დიპლომის იურიდიულად უცხოეთში აღიარებას (https://www.eqe.ge/ka/page/static/59/tsliuri-angarishebi). 2024 წელს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა აღიარებისა და გადაფორმების მომსახურების ფარგლებში, დადებითი რეკომენდაცია გასცა 20 156 დოკუმენტზე, რაც მოიცავს როგორც ქართული, ასევე უცხოური დიპლომების აღიარებას. ზრდადი დინამიკით ხასიათდება აღიარებული ქართული დიპლომები ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, 2018 წელთან შედარებით (1300 დიპლომი), 2024 წელს (3800 დიპლომი) მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი (ENIC-NARIC ქსელი https://www.eqe.ge/ka). Erasmus+ მონაცემებზე და დიპლომის აღიარების სიხშირეზე დაყრდნობით, ევროკავშირში აღიარებული დიპლომებით საქართველოში პრიორიტეტული უნივერსიტეტებია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (ანალიზმა აჩვენა, რომ საერთაშორისო აღიარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ინგლისურენოვანი პროგრამების რაოდენობის ზრდა (განსაკუთრებით მედიცინასა და ბიზნესში); პარტნიორობა ევროპულ უნივერსიტეტებთან (ორმაგი დიპლომის პროგრამები); საერთაშორისო აკრედიტაციები (მაგ. WFME - სამედიცინო; AACSB - ბიზნესის სკოლები); Erasmus+ მობილობის ზრდა (https://erasmus.org.ge/en/erasmus-mundus-joint-master-degree/?utm_source=chatgpt.com).
საერთაშოროსო მობილურობის ფარგლებში უცხოეთიდან შემოსული სტუდენტების უმრავლესობა შემოდის შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი, ირანი, ასევე, აზერბაიჯანი და თურქეთი. თუ გავაანალიზებთ მონაცემებს, 2018 წელს შემოსული სტუდენტების რაოდენობა იყო 7000, ხოლო 2024 წელს – 16 500, ე.ი 2.4 ჯერ არის გაზრდილი. ხოლო 2023 წელთან შედარებით უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობა 20.9%-ით არის გაზრდილი (https://mes.gov.ge/). უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი სტუდენტების მაღალი მაჩვენებელია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და IT საგანმანათლებლო პროგრამებზე. უცხოელი სტუდენტების ზრდა მიუთითებს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო მიმზიდველობაზე.
პრობლემები და გამოწვევები
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ინტეგრაციის რეალური ხარისხი კვლავ შეზღუდულია, რაც იწვევს იმას, რომ საერთაშორისო კავშირები ხშირად რჩება ზედაპირულ, ფორმალურ დონეზე და ვერ ქმნის მდგრად ეფექტს. აღნიშნული შედეგი განაპირობებულია შემდეგი მიზეზებით:
• თანამშრომლობა ხშირად სტრუქტურულია, არაშინაარსობრივი, კერძოდ, ნაკლებად არის წარმოდგენილი ერთობლივი კვლევა, სასწავლო პროცესის სინქრონიზაცია და კურიკულუმების ინტეგრაცია; ხშირად პრიორიტეტი არის მხოლოდ ორმაგი დიპლომის გაცემა;
• ნაკლებია უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობა; ხარისხიანი ლექციების შეთავაზება უცხო ენაზე კვლავ პრობლემად რჩება; კერძოდ, საერთაშორისო (ერთობლივი) პროგრამების ფარგლებში იშვიათად ჩამოდიან მოწვეული ლექტორები ან თუ ჩამოდიან, მხოლოდ მოკლევადიანი მოდულებისთვის;
• არის ენობრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, კერძოდ, ქართული უნივერსიტეტების ვებ-გვერდები და დოკუმენტაცია უმეტესად ნაწილობრივ არის თარგმნილი ინგლისურად. გამომდინარე აქედან, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ხშირად დამოკიდებულია ინდივიდუალურ ენთუზიაზმსა და არა - სისტემურ მიდგომაზე;
• შეზღუდულია სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ერთობლივ კვლევებში (დაახლოებით 5–7%). ინფორმაცია პროექტების შესახებ დაგვიანებით ვრცელდება ან არ არის ხელმისაწვდომი;
• არასაკმარისია დაფინანსება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა. ბევრ უნივერსიტეტში არ არის საერთაშორისო ურთიერთობების ძლიერი ოფისები, რაც სტუდენტებს სრულად მოემსახურება. დაფინანსება მობილობისთვის ან კვლევითი ვიზიტებისთვის ხშირად მხოლოდ პროექტზეა დამოკიდებული.
თანამედროვე ეტაპზე, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დგას პრობლემების და გამოწვევების წინაშე, რაც ხელს უშლის განათლების ხარისხის ზრდას და შრომის ბაზართან ეფექტურ კავშირს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევით გამოიკვეთა, რომ 2020-2021 წლების კურსდამთავრებულების უმრავლესობა (90%) ძალიან დადებითად ან დადებითად აფასებს კავშირს პრაქტიკულ და თეორიულ კომპონენტებს შორის, პრაქტიკის კომპონენტს და პროგრამის შინაარსის თანამედროვეობას. თუმცა, კურსდამთავრებულები ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ელექტრონულ და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს. კურსდამთავრებულების უმრავლესობა (70%) მიიჩნევს, რომ საფუძვლიანად განავითარა პროფესიული უნარები და ცოდნა და ისურვებდა პროფესიული სასწავლებლებიდან მეტი აქცენტის გაკეთებას ტრანსფერული უნარებისა და უცხო ენების განვითარების მხრივ (https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=UserReport&ID=d9fdc6bf-e949-43f0-b714-e7ac2aa91b16). 2018-2014 წლებში თსუ-ში, მათ შორის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევების აგრეგირებული შედეგების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა მოთხოვნადი სამი მნიშვნელოვანი კომპეტენცია: დარგის თეორიული ცოდნა, კვლევითი უნარები და ტრანსფერული უნარები. დამსაქმებელთა მონაცემების ანალიზით, გამოკითხულთა 44.4%-მა შეფასების 5 ბალიანი სისტემიდან 3 ქულა მიანიჭა კვალიფიკაციის დონეს. გამოიკვეთა კურსდამთავრებულთა ძლიერი მხარედ დარგის თეორიული ცოდნა, რაც მიანიშნებს აღნიშნული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნების ზემოხსენებულ კომპეტენციასთან შესაბამისობას. დამსაქმებელი კმაყოფილებას გამოთქვამს კვლევითი უნარების (კომპეტენციების) მიმართულებითაც, კერძოდ, კურსდამთავრებულთა ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისას, ისინი აღნიშნავდნენ კურსდამთავრებულთა მხრიდან სხვადასხვა პირველადი და მეორეული მონაცემების მოპოვებას, შეგროვებას, დაორგანიზებას, ანალიზს, ინტერპრეტაციას და წერითი/ზეპირი გზით წარდგენას. მიუხედავად კვლევით კომპონენტში თსუ-ის კურსდამთავრებულთა კონკურენტული უპირატესობისა, აგრეგირებული მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ დამსაქმებელი ამ კომპონენტის სწავლების გაძლიერების ინიციატივას მხარს უჭერს. ამ თვალსაზრისით, ძირითადად სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის კურსდამთავრებულებში, იდენტიფიცირდა შემდეგი საკითხების ფლობის გაძლიერების აუცილებლობა: მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზთან დაკავშირებული პროცედურებისა და მათი მიმდევრობის ფლობა; სხვადასხვა მეცნიერების მეთოდოლოგიური საფუძვლების, მეთოდების განსხვავების, მათი გამოყენების ლოგიკური გააზრება; კვლევასთან დაკავშირებულ პროცესში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარები. შრომის ბაზრის აგრეგირებული კვლევების ფარგლებში გამოვლენილი, კურსდამთავრებულთა მესამე მნიშვნელოვანი კომპეტენცია ტრანსფერულ უნარებს უკავშირდება. აქ მოიაზრება კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპეტენცია, დეტალებსა და პრობლემებზე ორიენტირება, ადაპტირებადობა, შემოქმედებითობა, ლიდერობა, კოლაბორაცია, გუნდურობა, კომუნიკაცია, ეთიკა, პუნქტუალურობა, დროის მენეჯმენტი, კულტურული მიმღებლობა. ამ კომპონენტშიც დამსაქმებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თსუ-ის კურსდამთავრებულების ტრანსფერული კომპეტენციები, ძირითადად, აკმაყოფილებს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, ეთიკის, ლიდერობისა და დროის მენეჯმენტის კომპონენტები მნიშვნელოვნად ჩამორჩება სასურველ ნიშნულებს და აღნიშნული საკითხი საუნივერსიტეტო კურიკულუმში გაუმჯობესებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი თავს დასაქმებულად მიიჩნევს. თავის მხრივ, გამოკითხულთა ორი მესამედი აღნიშნავს, რომ ის დასაქმებულია პროფესიით, პროფილის შესაბამისად. ამდენად, გამოკითხულთა მხოლოდ 4.1% მიიჩნევს თავს დაუსაქმებლად. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 81% დასაქმებულია კერძო და 12% სახელმწიფო უწყებებში, ხოლო დანარჩენები - არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციებში ან თვითდასაქმებულია. თავის მხრივ, გამოკითხულთა კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილისთვის უნივერსიტეტმა დასაქმების თვალსაზრისით არსებული მოლოდინები სრულად ან ძირითადად გაუმართლა. პროფილით დასაქმება მაღალია - 65%. საინტერესოა, რომ კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილისთვის ამ მიმართულებით თსუ-ის მხრიდან გასაუმჯობესებელ მხარეებს შორის შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: კარიერული მხარდაჭერა და კონსულტაცია, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია, სტაჟირების უზრუნველყოფა, ასევე კურიკულუმებში პრაქტიკის კომპონენტის რაოდენობა და მრავალფეროვნების გაზრდის საჭიროება.
დასკვნები და რეკომენდაციები
საქართველოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიიზარდა. განათლების ლიბერალიზაციის პოლიტიკამ და კერძო სექტორის ღიაობამ, საფუძველი შეუქმნა ახალი უნივერსიტეტების ფუნქციონირებას. თუმცა, უმაღლესი დაწესებულებების რაოდენობის ზრდამ დადებითი კორელაციით ვერ განსაზღვრა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სწორედ, ხარისხი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებისთვის. ამჟამად საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა აყენებს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა გადაჭრა შესაძლებელს გახდის კურსდამთავრებულებმა მიიღონ თანამედროვე სტანდარტის ცოდნა და გახდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები (https://mes.gov.ge/uploads/files/umaglesi-ganatlebis-sistemis-reformis-erovnuli koncefcia.pdf?csrt=17344678357039010045).
ამჟამად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული არსებითი პრობლემებია:
• აკადემიური პერსონალის კომპეტენცია და გადატვირთულობა, რაც უკავშირდება შემდეგ გარემოებებს: პედაგოგების დიდი ნაწილი ასწავლის რამდენიმე უნივერსიტეტში, ბევრ მათგანს არ აქვს აკადემიური ხარისხი, დაბალია ანაზღაურება; აღნიშნული პრობლემა შეესაბამება მთავრობის მიერ რეფორმაში წარმოდგენილ გამოწვევას, რაც დაკავშირებულია უსისტემო საკადრო პოლიტიკასთან;
• საგანმანათლებლო პროგრამები არ ახლდება, სუსტია კვლევისა და მეცნიერების ინტეგრაცია, კერძოდ, ხშირად სასწავლო კურსები ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ნაკლებად გამოიყენება ინტერაქტიური სწავლების ფორმები, პრაქტიკული სწავლება. სამეცნიერო კვლევებისა და დისკუსიების მოცულობა ძალზე მცირეა, რაც ხელს უშლის აკადემიური სტანდარტების დაცვას და ინოვაციური პროცესების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროცესში. აღნიშნული პრობლემა შეესაბამება რეფორმაში წარმოდგენილ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნასთან (უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა, 2025).
• აკრედიტაცია, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს იღებს და ზედაპირულია მონიტორინგი; ამდენად მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა;
• დაბალია ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური დონე. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, გარდა საგანმანათლებლო სივრცეებისა, უნდა მოიცავდეს კვლევით, სპორტულ, კულტურულ, საცხოვრებელ და სხვა სივრცეებს;
რეალურად, უნივერსიტეტის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია: აკადემიური თავისუფლება და გამჭვირვალობა; კვლევითი პროდუქტიულობა; სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა; საერთაშორისო ინტეგრაცია; სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება. რეალური სურათი საქართველოში განსხვავებულია, კერძოდ, უნივერსიტეტებში არის აკადემიური თავისუფლება და გამჭირვალობა, მაგრამ ხშირად შიდა მმართველობა დახურულია; სუსტია კავშირი ბაზართან; მასობრივი არ არის ხარისხიანი გაცვლითი პროგრამები; ხშირად არ არის სწავლება ორიენტირებული სტუდენტზე. თუ მოვახდენთ დასახელებული პრობლემების ანალიზს, შედეგები და რისკიც მაღალია, კერძოდ, განათლება შედეგით ვერ ასრულებს თავის ეკონომიკურ ფუნქციას, რაც გამოიხატება იმით, რომ კურსდამთავრებულთა ნაწილი ვერ პოულობს შესაბამის სამსახურს; საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები მინიმალურად მონაწილეობენ (თსუ – QS 1000+, სხვა თითქმის არ ჩანს); უნივერსიტეტების მიმართ საზოგადოების ნდობა დაქვეითებულია, რაც აისახება სტუდენტების მიგრაციაში, ე.ი. ხშრია უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩაბარებისა და სწავლის გაგრძელების შემთხვევა (სურვილი).
არსებულ ვითარებაში. მნიშვნელოვანია დაისახოს უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზები, რაც, ჩვენი აზრით, უნდა დაეფუძნოს:
• მკაცრად განსაზღვრულ შინაარსობრივი აკრედიტაციის კრიტერიუმებს, რომელიც არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს; უნივერსიტეტებში რეალურად უნდა ამოქმედდეს შიდა შეფასების სისტემები;
• მთავარი გამოწვევაა კურსდამთავრებულებისთვის ზოგიერთი ტრანსფერული კომპეტენციის ნაკლებობა/არარსებობა. ამ მიმართულებით, გასაუმჯობესებელია თანამშრომლობის, გუნდურობის, კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტთან, ასევე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კომპეტენტურობა. ამ მიმართულებით საჭიროა ტრანსფერული კომპეტენციების გაძლიერება და მონიტორინგი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებში, სწავლის შედეგებსა და შეფასებებში; პრაქტიკული კომპონენტის მნიშვნელობის გაზრდა და მისი ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო სასწავლო/კვლევით კომპონენტში; ასევე აუცილებელია გაძლიერდეს სტუდენტების ჩართულობა კვლევით პროექტებში.
• სასწავლო პროგრამები უნდა ასახავდეს და ესადაგებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, უნდა გაძლიერდეს დასაქმების მაჩვენებლის მონიტორინგი, როგორც ხარისხის შეფასების ინდიკატორი;
• განსაკუთრებით დეფიციტურ სპეციალობებზე უნდა განხორციელდეს პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და მოზიდვა;
• უნდა ამაღლდეს საერთაშორისო პარტნიორებთან სინერგიული თანამშრომლობა და ორმაგი დიპლომის პროგრამები;
• გაძლიერებას საჭიროებს კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მხარდამჭერი სერვისების პოლიტიკა, კერძოდ, დასაქმების ფორუმისა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელების არსებული პრაქტიკა, უნდა მოიძებნოს ინფორმაციის გავრცელების ახალი და ეფექტური გზები.
Keywords: Higher Education, Quality of Education, Labor Market, Challenges, Problems, and Reform of the Higher Education System
JEL Codes: I23, I25, J24, O15, F63
ლიტერატურა:
• საქართველოს სტატისტიკის წელიწდეული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024. https://www.geostat.ge/ka/single-archive/3423
• სტუდენტთა რიცხოვნობა;, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი; 2024-2025.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/56/ganatleba-kultura
• სტუდენტების და დოქტორანტების რაოდენობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, 2024 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• სტუდენტების მიღება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2025. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• კურსდამთავრებულები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024-2025. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• პროფესორ-მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2024-2025.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• ENIC-NARIC ქსელი, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, https://www.eqe.ge/ka
• საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. https://mes.gov.ge/
• უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, 2025.
https://mes.gov.ge/uploads/files/umaglesi-ganatlebis-sistemis-reformis-erovnuli-koncefcia.pdf?csrt=17344678357039010045
• სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგები, თბილისი, 2018 – 2024 წწ.
• შრომის ბაზრის ანალიზი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2023.
https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=UserReport&ID=d9fdc6bf-e949-43f0-b714-e7ac2aa91b16
• უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2022.
https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Survey&ID=9e1b0f7d-d8a2-47b9-9099-4dd07d00f82c
• საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23?publication=117
• EEAS – ევროკავშირი და საქართველო: Erasmus+ პროგრამა და სხვა შესაძლებლობები
https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da sakartvelo_ka?utm_source=chatgpt.com
• Erasmus+ Georgia - Erasmus Mundus Joint Master Degree Programs.
https://erasmus.org.ge/en/erasmus-mundus-joint-master-degree/?utm_source=chatgpt.com
• განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში, 2024 წელი. https://www.eqe.ge/ka/page/static/59/tsliuri-angarishebi
References:
• Statistical Yearbook of Georgia, Higher education institutions, National Statistics Office of Georgia, 2024 https://www.geostat.ge/ka/single-archive/3423
• Number of students, National Statistics Office of Georgia. Education, Science, Culture, Sports; 2024-2025. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/56/ganatleba-kultura
• Number of students and doctoral candidates in higher education institutions by educational programs, 2024. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• Admission of students to higher education institutions, National Statistics Office of Georgia, 2025. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• Graduates, National Statistics Office of Georgia, 2024–2025.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• Number of professors and lecturers in higher education institutions, 2024-2025.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
• ENIC-NARIC Network, National Center for Educational Quality Enhancement of Georgia. https://www.eqe.ge/ka
• Ministry of Education, Science and Youth of Georgia, https://mes.gov.ge/
• National Concept for the Reform of the Higher Education System, 2025
https://mes.gov.ge/uploads/files/umaglesi-ganatlebis-sistemis-reformis-erovnuli-koncefcia.pdf?csrt=17344678357039010045
• Results of the survey of employers and graduates conducted by the Quality Assurance Office of the Faculty of Economics and Business, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi. 2018-2024
• Labor Market Analysis, Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, 2023
https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=UserReport&ID=d9fdc6bf-e949-43f0-b714-e7ac2aa91b16
• Survey on Enterprises’ Demand for Skills, Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, 2022.
https://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Handlers/GetFile.ashx?Type=Survey&ID=9e1b0f7d-d8a2-47b9-9099-4dd07d00f82c
• Lav of Georgia on Higher Education.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830%23?publication=117
• EEAS – European Union and Georgia: Erasmus+ Program and Other Opportunitie. https://www.eeas.europa.eu/georgia/evrokavshiri-da sakartvelo_ka?utm_source=chatgpt.com
• Erasmus+ Georgia - Erasmus Mundus Joint Master Degree Programs.
https://erasmus.org.ge/en/erasmus-mundus-joint-master-degree/?utm_source=chatgpt.com
• Activity Report of the National Center for Educational Quality Enhancement, 2024. https://www.eqe.ge/ka/page/static/59/tsliuri-angarishebi