English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ პაპავაელგუჯა მექვაბიშვილი
მსოფლიო სავალუტო წესრიგის გენეზისი „პარიზიდან“ „პოსტიამაიკამდე“ (ისტორიულ-ლოგიკური ანალიზი)

doi.org/10.52340/eab.2026.18.01.01.

 

ჟურნალი N 1. 2026


სტატიაში განხილულია მსოფლიო წესრიგის, მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის, მსოფლიო სავალუტო წესრიგის კატეგორიათა ურთიერთკავშირი და ურთიერთგანპირობებულობა. დახასიათებულია მსოფლიო სავალუტო წესრიგის ჩამოყალიბების და განვითარების ეტაპები. ნაჩვენებია სხვადასხვა ეპოქის მსოფლიო სავალუტო წესრიგებს შორის არსებული, როგორც წინააღმდეგობები, ასევე მემკვიდრეობითი კავშირები. გაანალიზებულია სავალუტო გლობალიზაციის, სავალუტო გეოპოლიტიკის და მსოფლიო სავალუტო წესრიგის ერთმანეთთან დაკავშირებადობა. დასაბუთებულია თეზისი, რომ ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ, ავსებენ ერთმანეთს. თუმცა, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, როგორც წესი, უპირატესობა ან სავალუტო გლობალიზაციას, ან მსოფლიო სავალუტო წესრიგს აქვს. მათი ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი კი - განაპირობებს მსოფლიო სავალუტო წესრიგის სპეციფიკას. გაკეთებულია პროგნოზი, მომავალი მსოფლიო სავალუტო წესრიგის კონფიგურაციის და მასში მსოფლიო სავალუტო პოლიტიკის დომინანტური როლის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: მსოფლიო წესრიგი, ეკონომიკური წესრიგი, მსოფლიო სავალუტო წესრიგი, სავალუტო გლობალიზაცია, სავალუტო გეოპოლიტიკა, ჰიპერგლობალიზაცია, კონფრონტაციული გლობალიზაცია.

შესავალი
დღეს, მსოფლიო ისეთ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდში ცხოვრობს, რასაც ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი „ღერძულ დროს“ უწოდებს. ეს არის ცივილაზიციის განვითარების ძირეული მომენტი, ანუ ე.წ. ბიფურკაციის „წერტილი“, როცა “ყველაფერი მორევში ექცევა“ (Iaspers, 2023) და მიმდინარეობს რადიკალური ცვლილებები ეკონომიკაში, პოლიტიკურ სფეროში, ქცევასა და აზროვნებაში. „ეპოქა, გამორჩეული სიმშვიდით და ნაგულისხმევი წესრიგით, დასასრულს მიუახლოვდა“ (Todd, 2023).
ჩვენი პლანეტის, თითქმის უკლებლივ ყველა წერტილში, ექსტრაორდინალური პროცესები მიმდინარეობს, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტზე. საერთაშორისო ურთიერთობებში, პოლიტიკასთან ერთად, სულ უფრო, წინა პლანზე გამოდის გეოეკონომიკა და ყალიბდება ახალი სიმბიოზი, რომელსაც გეოპოლიტეკონომია შეიძლება ეწოდოს. მისი საკვანძო ელემენტი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგია, რაც სავაჭრო, საფინანსო და სავალუტო წესრიგების დიალექტიკური ერთიანობაა. ამასთანავე, სავალუტო წესრიგი მეგასისტემის ავტონომიური ელემენტი კი არ არის, არამედ, საერთაშორისო მასშტაბით, წარმოებასა და გაცვლას ემსახურება.
მსოფლიო სავალუტო წესრიგის განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი, ისტორიული პროცესია, რამაც რამდენიმე ეტაპი გაიარა, ვიდრე დღევანდელ მდგომარეობამდე მოვიდოდა.
ამ პროცესის შესწავლას, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ეტაპზე მსოფლიო სავალუტო წესრიგებს შორის არსებული მემკვიდრეობითი კავშირების ანალიზის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც არსებული წესრიგის რაობის დასადგენად, ასევე, პერსპექტიული განვითარების ტრაექტორიის განსაზღვრის თვალსაზრისით.

 

მსოფლიო სავალუტო წესრიგი - მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის შემადგენელი ნაწილი

სახელმწიფოთა თანამშრომლობა ერთმანეთთან, როგორც წესი, არ არის ნაკარნახევი ალტრუისტული მიზნებით. პირიქით, ამ თანამშრომლობისგან ისინი საკუთარი მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ, რაც ხშირად, საერთაშორისო მასშტაბით, კონფლიქტებს წარმოშობს. გლობალიზაციამ ეს მოცემულობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. გლობალიზაციით მიღწეული ეკონომიკური ზრდის ხელშესახები შედეგები, უკიდურესად უთანაბროდაა განაწილებული (Milanovich, 2016; Piketty, 2014; Stiglitz, 2012). „ტორტის ყველაზე დიდი ნაჭრები“ ერგო „ოქროს მილიარდის“ ქვეყნებს და სოციალური კიბის მაღალ საფეხურზე მდგომთ, დაქირავებული მუშაკების ხელფასები კი სტაგნაციას განიცდიდა ან შეფარდებითად მცირდებოდა, „საერთაშორისო ვაჭრობის წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა“ (Carney, 2026). „კოლექტიურ დასავლეთსა“ და „კოლექტიურ სამხრეთს“ შორის კონვერგენციის ნაცვლად, რასაც გლობალიზაციის დასაწყისში ვარაუდობდნენ - „დიდ დივერგენციას“ აქვს ადგილი.
მსოფლიოში მოჭარბებული ეგოისტური ინტერესების შესაზღუდად და დასაბალანსებლად აუცილებელია საერთო პრინციპების, კანონების, ნორმების, მათი დამცავ-აღმასრულებელი ინსტიტუტების ერთობლიობა, რაც მსოფლიო წესრიგის შინაარსს განსაზღვრავს.
„მსოფლიო წესრიგის“ ცნება პირველმა - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გამოიყენა, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ ცნება კი - აშშ-ის პრეზიდენტ ჯ. ბუშს (უფროსი) ეკუთვნის (მექვაბიშვილი, 2025). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად მსოფლიო წესრიგის ფენომენი, გაცილებით, ადრე გაჩნდა, ვიდრე მისი აღმნიშვნელი ცნება. კერძოდ, ის უკავშირდება ვესტფალიის 1648 წლის ისტორიულ ზავს, რომელმაც დაასრულა ოცდაათწლიანი სისხლისმღვრელი ომი ევროპის კონტინენტზე და დასაბამი მისცა ერი-სახელმწიფოების წარმოშობას და მათ შორის ურთიერთობებს, ანუ საერთაშორისო ურთიერთობებს. მსოფლიო (საერთაშორისო) წესრიგამდე იმჟამინდელი მსოფლიო ცხოვრობდა საყოველთაო უწესრიგობაში, სადაც „ყველა იბრძოდა ყველას წინააღმდეგ“. თუმცა, ასეთ პირობებშიც კი, ცივილიზაციის განვითარების პროცესი არ შეწყვეტილა, მაგრამ მას სტიქიურ-ქაოტური ფორმა ჰქონდა, რაც მიმდინარეობდა ძველის განადგურების და ახლის წარმოშობის დიქოტომიით: აუტანელი უწესრიგობიდან იბადებოდა ახალი საზოგადოებრივი კავშირები და ყალიბდებოდა მდგრადი საზოგადოებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება „სისტემურ წესრიგს“ და „საზოგადოებრივ ორგანიზაციას“, ისინი შესაძლებელია არსებობდნენ მხოლოდ ერი - სახელმწიფოს ფარგლებში.
მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, რომლის ღერძი იყო აშშ-ის და საბჭოთა კავშირის დაპირისპირება „ცივი ომის“ რეჟიმით.
1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირისა და მასთან ერთად, მთელი სოციალისტური ბანაკის დაშლით დასრულდა ორპოლუსიანი წესრიგის ეპოქა და დაიწყო ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი აშშ-ის სრული დომინირებით, რომელიც ცნობილია - „Pax-Americana“-ს („მსოფლიო ამერიკულად“, ანუ „ამერიკული მსოფლიო“) სახელწოდებით. ეს იყო მსოფლიო წესრიგის ნეოლიბერალური მოდელი, რასაც ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ფ. ფუკუამა, კაცობრიობის საუკეთესო ფორმად მიიჩნევდა და „ისტორიის დასასრულს“ უწოდებდა (Fukuama, 1992, 2002). ეს ნეოლიბერალური მოდელი, ამჟამად, ღრმა კრიზისს განიცდის, აქტუალური ამოცანაა მისი ძირეული შეცვლის საკითხი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
მსოფლიო წესრიგის ორგანული შემადგენელი ნაწილი და ქვაკუთხედი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგია. ამ ორ კატეგორიას შორის დიალექტიკური ურთიერთკავშირი არსებობს: ერთი მხრივ, მსოფლიო წესრიგს საფუძვლად უდევს შესაბამისი ეკონომიკური წესრიგი, მეორე მხრივ კი - მსოფლიო წესრიგი აყალიბებს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის კონსტრუქციას და განსაზღვრავს მისი ფუნქციონირების მთავარ პარამეტრებს.
გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის ეს დიალექტიკა, დღეს მსოფლიო განვითარების მაგისტრალური მიმართულების განმსაზღვრელია.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი შეიძლება განიმარტოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოების, ტრანსნაციონალური კომპანიების ქცევის, მათ შორის დამყარებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი პრინციპების, კანონების, ნორმებისა და შესაბამისი ზენაციონალური ინსტიტუტების (სტრუქტურების) ერთობლიობა.
არსებული მსოფლიო ეკონომიკური (ნეოლიბერალური) წესრიგი ე.წ. Wallstreet-ის მოდელის ჩარჩოში უნდა განვიხილოთ, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსური რესურსის (კაპიტალის), საქონლის და მომსახურების, სამუშაო ძალის დაუბრკოლებელი ტრანსსაზღვრითი გადაადგილება, მიწოდების გლობალური ჯაჭვების შეუფერხებელი ფუნქციონირება, ტრანსნაციონალური კორპორაციების გიგანტური გავლენა მაკრო და მეგა დონეზე მიმდინარე პროცესებზე.
ნეოლიბერალური იდეოლოგიის პოზიციების უკიდურესი დასუსტება, მსოფლიოში განაპირობებს ლიბერალური წესრიგის რღვევას, რაც ხაზგასმით აღინიშნება ბოლო პერიოდის მსოფლიო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ ფორუმებზე. მაგალითად, 2026 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (დავოსი, შვეიცარია). მიუნხენის უსაფრთხოების 62-ე კონფერენციის არაფორმალური სახელწოდება - „მიმდინარეობს ნგრევა“ (realpolitika, 2026), ამ თვალსაზრისით უაღრესად სიმპტომატურია.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აღინიშნა, რომ, ჯერ ერთი, რღვევის პროცესი უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს და მეორე - „ჩვენ რღვევის მოწმენი ვართ და არა გარდამავალი ეტაპისა“ (Carney, 2026).
მაშასადამე, ძველი ეკონომიკური წესრიგის დანგრევა და ახლის ჩამოყალიბება გარდაუვალია. თუმცა, პროცესი ეს-ეს არის დაიწყო და შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა, თუ როგორ ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს ახალი ეკონომიკური წესრიგი. თუმცა, სახეზეა პროცესები, რასაც მსოფლიო (გლობალური) ეკონომიკა ახალ მდგომარეობამდე მიჰყავს, რისი ადეკვატურიც იქნება ახალი წესრიგიც. კერძოდ:
1. ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის არქიტექტურა ორ მთავარ გლობალურ აქტორს - აშშ-სა და ჩინეთს შორის მწვავე სტრუქტურული კონკურენციის პირობებში ყალიბდება (Papava, 2025). კონკურენციაში წინა პლანზე გადმოდის ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სტრატეგიულ რესურსებზე (გაზი, ნავთობი, იშვიათი ლითონები და სხვ.) კონტროლი. თითოეულ კონკურენტს გააჩნია, როგორც უპირატესობები, ასევე, სისუსტეები. განსაკუთრებით, აშშ-ის მთავარი უპირატესობა მაღალი ტექნოლოგიებია, თუმცა, ჩინეთი, ბოლო პერიოდში, აღნიშნული მიმართულებით თვალსაჩინო შედეგებს აღწევს, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტით და „ჰუმანოიდური რობოტების“ წარმოებაში, რითაც ის თანდათან ამცირებს აშშ-თან ჩამორჩენას.
აშშ-სთვის სერიოზული პრობლემაა ნაწილობრივი დეინდუსტრიალიზაცია, რაც სისტემატურად აღინიშნება თავად ამ ქვეყნის მაღალი დონის წარმომდგენელთა მხრიდან. აშშ-ის პოლიტიკურმა და ბიზნესელიტამ, თავის დროზე, სერიოზული შეცდომა დაუშვა ინდუსტრიის დიდი ნაწილის ჩინეთში გადატანით, რაც ამ უკანასკნელისთვის ორმაგი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. პირველი - ჩინეთში შევიდა მოწინავე ტექნოლოგიები, ნოუ-ჰაუ და ა.შ. და მეორე - გაიზარდა დასაქმება, შემოსავლები, რამაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირება გამოიწვია და ხელი შეუწყო, ჩინეთის ეკონომიკაში მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილი პრობლემის შერბილებას, თუმცა, ეს პრობლემა ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დღის წესრიგში რჩება. მოდუნებული საშინაო მოთხოვნის ჩანაცვლებას ჩინეთი ცდილობს საგარეო ეკონომიკური ექსპანსიის გაძლიერებით.
2. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენს „ეკონომიკური ნაციონალიზმის“ (რასაც ზოგჯერ „ნეომერკანტილიზმსაც“ უწოდებენ) აღზევება აშშ-ში. სახელმწიფოში, რომელიც განვლილი ათწლეულების განმავლობაში ლიბერალიზმთან შერწყმული გლობალიზმის ბირთვი და მთავარი მედროშე იყო.
„ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმი“ აშშ-ში MAGA-ს ჩარჩოში განიხილება. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა, როგორც ამ დოქტრინის აღორძინების მიზეზები, ასევე, მისი მთავარი შინაარსი (Lutnick, 2026).
ლუტნიკი და მასთან ერთად აშშ-ის მთელი ამჟამინდელი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „გლობალიზაციამ დასავლეთს და, განსაკუთრებით, აშშ-ს არ გაუმართლა. ეს იყო წარუმატებელი პოლიტიკა, რამაც ამერიკა და ამერიკელი მუშები უკანა პლამზე დატოვა“. მიზეზი იყო „მრავალი წლის განმავლობაში არსებული სისტემა, სადაც ამერიკის ეკონომიკური ძალა დანარჩენ მსოფლიოს გადაეცემოდა, რის გამოც, ამერიკელი მოქალაქეები ზარალდებოდნენ“ (იგივე წყარო).
ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმის დოქტრინა პრინციპულად განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს: „არცერთ ქვეყანას არ უნდა, ჰქონდეს დამოკიდებულება სხვა ქვეყანაზე კრიტიკულად მნიშნელოვან სექტორებში“ და აქედან გამომდინარე „აშშ-ის პირდაპირი მიზანია ეროვნული ინდუსტრიის, ეკონომიკური სუვერენიტეტის და ამერიკელი მუშების ინტერესების დაცვა, იმ გლობალური წესრიგის შეცვლა (ჩვენი ხაზგასმა - პაპავა, მექვაბიშვილი), რამაც დასავლეთის ქვეყნები ეროვნული წარმოების და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე დატოვა“(Lutnick, 2026).
ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმის („ნეომერკანტილიზმის“) დოქტრინა დღეს მწვავე დისკუსიის საგანია. ბევრი მისი კრიტიკოსი მასში ხედავს 1930-იანი წლების პროტექციონიზმის და ავტარკიის განმეორების საფრთხეს, რაც, მაშინ მსოფლიოში დიდი კატაკლიზმების მთავარი დეტონატორი გახდა. ამასთან ერთად, ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმი მთავარი წყალგამყოფია ეროვნული სახელმწიფოს მომხრეებსა და გლობალიზმის იდეოლოგებს შორის, რადგან ის ეკონომიკურ პრობლემებს ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების პოზიციიდან განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეკონომიკა ერს უნდა ემსახურებოდეს, სახელმწიფო კი - ერის ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგეს.
ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმის დოქტრინას აშშ-ში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, ტრადიციების მიმდევარი და დამცველი, ამერიკელ მოქალაქეთა დიდი ნაწილის სახით.
3. ახალი ეკონომიკური ნაციონალიზმის გაძლიერების ფონზე სერიოზულ კრიზისს განიცდის თავისუფალი ვაჭრობის დოქტრინა, რაც ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტი იყო. „ყველასთვის სასარგებლო ვაჭრობის“ პრაქტიკას ანაცვლებს აგრესიული სატარიფო პოლიტიკა და „სატარიფო ომები“, ჭარბად გამოიყენება სატარიფო ინსტრუმენტები საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად.
4. ახალი ეკონომიკური წესრიგის ძირეულ ცვლილებაზე მიანიშნებს საერთშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების მხრიდან პროცესების მართვის ეფექტიანობის საგრძნობი დაქვეითება, რაც თავის მხრივ, მათ მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების შეცვლის პირდაპირი შედეგია. აშშ-ის ადმინისტრაცია და ბიზნესელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე „ყველაფერი ზედმეტადაა დარეგულირებული, რაც ხელშემშლელია ცოცხალი პროცესისთვის“. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას რეგულირების არეალისა და მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციათა შეზღუდვის აუცილებლობა.
მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, როგორც მსოფლიო წესრიგის მეგასისტემის მდგენელი, თავის მხრივ, სავაჭრო, საფინანსო და სავალუტო წესრიგის ერთიანობაა. ამ ტრიადაში წამყვანი ადგილი სავაჭრო წესრიგს უკავია, თუმცა, ეკონომიკურ წესრიგზე დანარჩენი ორის გავლენა× ასევე, მნიშნელოვანია. აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 1970-იანი წლების დასაწყისიდან ეკონომიკის მზარდი ფინანსიზაციის შედეგად, საფინანსო და სავალუტო ბაზრები საერთაშორისო ვაჭრობისგან დამოუკიდებელი რეჟიმით ვითარდებიან. ამ სფეროში განხორციელებულ გარიგებათა მოცულობა დიდად აღემატება საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობას, რაც სავალუტო წესრიგის დამოუკიდებელი განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
სტატიის მომდევნო ნაწილი, ისტორიული კონტექსტით, საერთაშორისო სავალუტო წესრიგის შესწავლას ეძღვნება. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა სწორად გავიგოთ მისი ახლანდელი მდგომარეობა და ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ მის პერსპექტივაზე.



მსოფლიო სავალუტო წესრიგის ჩამოყალიბების ეტაპები

 

პირველი სავალუტო წესრიგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა სამრეწველო რევოლუციის შემდეგ და 1867 წლის პარიზის კონფერენციაზე იურიდიულად გაფორმდა, რის გამოც, პირობითად, მას შეიძლება ეწოდოს პარიზის სავალუტო წესრიგი, ანუ ოქროს (ოქრომონეტური) სტანდარტი. ის ეფუძნებოდა შემდეგ სტრუქტურულ პრინციპებს:
• ოქრო აღიარებულ იქნა მსოფლიო ფულის ერთადერთ სახეობად;
• ფულის გარკვეული ერთეული უთანაბრდებოდა გარკვეული წონის ოქროს, ანუ ყოველ ეროვნულ ვალუტას ოქროს შინაარსი გააჩნდა;×
• ოქროს შემცველობიდან გამომდინარე მყარდებოდა სავალუტო პარიტეტი და ხდებოდა ოქროში ვალუტების თავისუფალი კონვერტაცია;
• ე.წ. „ოქროს წერტილების“ („gold points“) ფარგლებში, მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობიდან გამომდინარე, მყარდებოდა თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმი;
• კერძო პირებს შეეძლოთ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, როგორც ბანკნოტების ოქროზე გაცვლა, ასევე ოქროს შეძენა;
• თავისუფალი იყო ქვეყნიდან ოქროს გატანა და შემოტანა.
ოქრომონეტური სტანდარტი ეფექტიანად ფუნქციონირებდა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, უზრუნველყოფდა რა საგადამხდელო ბალანსის შენარჩუნებას, ახალი წონასწორობის წერტილების ჩამოყალიბებას და ეროვნული ვალუტების სტაბილურობას. თუმცა, თანდათან მან ამოწურა საკუთარი თავი, ვინაიდან ის აღარ შეესაბამებოდა გართულებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და რეგულირებადი ეკონომიკის მოთხოვნებს. პარიზის სავალუტო წესრიგის დაშლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პირველმა მსოფლიო ომმა. მეომარი ქვეყნები, ომის დაფინანსებისთვის იძულებული გახდნენ საკუთარი ცენტრალური ბანკებიდან უზარმაზარი კრედიტები აეღოთ და შეეჩერებინათ თავიანთი ვალუტის ოქროში კონვერტირება. ომის დამთავრების შემდეგ, ევროპის ქვეყნებში დრამატულად შეიცვალა თანაფარდობა ფულის მასასა და ოქროს რეზერვებს შორის, აღმოცენდა ჰიპერინფლაცია, რამაც, მაგალითად, გერმანიაში კატასტროფული ხასიათი მიიღო და 1923 წელს ფულის შეცვლა გამოიწვია. ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პარიზის საერთაშორისო სავალუტო წესრიგი დაინგრა და გაჩნდა ახალი სავალუტო წესრიგის ფორმირების აუცილებლობა.
1922 წელს, გენუის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე ჩამოყალიბდა ოქრო-დევიზურ სტანდარტზე დაფუძნებული მსოფლიო სავალუტო წესრიგი (გენუის სავალუტო წესრიგი), რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო შემდეგი ნიშნები:
• სავალუტო წესრიგის საფუძველს წარმოადგენდა ოქრო და დევიზები, ანუ უცხოური ვალუტები;
• საერთაშორისო სავალუტო წესრიგი აერთიანებდა 30 სახელმწიფოს. მთავარი საერთაშორისო ვალუტა იყო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი და აშშ დოლარი;
• შენარჩუნებულ იქნა ოქროს პარიტეტები;
• აღდგენილ იქნა, ომის დროს დანგრეული ეკონომიკის პირობებში უარყოფილი, თავისუფლად მერყევი სავალუტო კურსი;
• საერთაშორისო დონეზე დაიწყო სავალუტო რეგულირება აქტიური სავალუტო პოლიტიკის გატარებით, რომლის მთავარი პრინციპები მუშავდებოდა სხვადასხვა კონფერენციასა და თათბირზე.
ახალმა საერთაშორისო სავალუტო წესრიგმა 1922-1938 წლებში ეფექტიანად იფუნქციონირა და მსოფლიო ეკონომიკაში ხელი შეუწყო შედარებით სტაბილური სიტუაციის შექმნას. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა მსოფლიო საფინანსო და სავალუტო ცენტრების გადანაცვლებას დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონიდან - აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში. გადანაწილდა ოქროს რეზერვებიც.
1914-1921 წლებში ოქროს წმინდა შედინებამ (ძირითადად ევროპიდან) აშშ-ში - 2,3 მლრდ-ის ეკვივალენტი შეადგინა. 1924 წელს აშშ-ში თავმოყრილი აღმოჩნდა დასავლეთის ქვეყნების ოქროს მარაგის თითქმის - 46%, 1914 წლის - 23%-ის ნაცვლად. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი აშშ-ის საფინანსო და მისგან გამომდინარე დოლარის ჰეგემონიას (Gilbert, 1998).
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოქრო-დევიზური სტანდარტის ეფექტიანად ფუნქციონირების მიუხედავად, მოცემულ პერიოდში, ეპიზოდურად, ადგილი ჰქონდა ოქროსტანდარტზე დაბრუნების მცდელობას. პირველად ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა 1925 წელს, საფრანგეთმა და აშშ-მ კი -1928 წელს. თუმცა, ასეთი პრაქტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა და დიდმა ბრიტანეთმა მასზე უარი თქვა 1933 წელს, საფრანგეთმა და აშშ-მ - 1935 წელს, ბელგიამ, ჰოლანდიამ და შვეიცარიამ -1936 წელს. ამის მიზეზი იყო 1929 წელს აშშ-ში დაწყებული „დიდი დეპრესია“, რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკას და დაანგრია „გენუის სავალუტო წესრიგის“ საფუძველზე არსებული სავალუტო სტაბილურობა. ქვეყნებს შორის არსებული გარკევეული სავალუტო წინააღმდეგობები კი ნამდვილ სავალუტო ომებში გადაიზარდა.
შესაძლებელია გამოვყოთ „დიდი დეპრესიის“ პერიოდის სავალუტო კრიზისის რამდენიმე ეტაპი:
სავალუტო კრიზისის პირველი ეტაპი (1929-1930წწ.) - უპირველეს ყოვლისა, ხასიათდებოდა კოლონიურ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით. მეორე ეტაპზე (1931 წლის შუა პერიოდი) - მსოფლიო სავალუტო სისტემის ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდა გერმანია და ავსტრალია. გერმანია სხვა ქვეყნებისგან ვეღარ იღებდა კრედიტებს. პირიქით, ადგილი ჰქონდა უცხოური კაპიტალის მასობრივ გადინებას, ოფიციალური ოქროს რეზერვის მკვეთრ შემცირებასა და მწვავე საბანკო კრიზისს. ყოველივე აღნიშნულის გამო, შემოღებულ იქნა მკაცრი სავალუტო შეზღუდვები, შეწყდა რაიხსმარკის ოქროზე კონვერტირება. გერმანიამ უარი თქვა საგარეო ვალების გადახდაზე და ავტარკიის გზას დაადგა. ეროვნული ვალუტის ოქროში კონვერტირებაზე ასევე, უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, რამაც გამოიწვია გირვანქა სტერლინგის 30%-იანი და დოლარის 50%-იანი გაუფასურება. ამავე პერიოდში კრახი განიცადა ე.წ. „ოქროს ბლოკმა“, რაც საფრანგეთს, შვეიცარიას და ბელუქსის ქვეყნებს აერთიანებდა. მესამე ეტაპზე (1931 წლის შემოდგომიდან - 1933 წლის გაზაფხულამდე პერიოდი) ოქროს კონვერტირება შეწყდა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც დიდ ბრიტანეთთან, განსაკუთრებით მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ და ასევე, განიცადეს ეროვნული ვალუტის მასობრივი დევალვაცია. მეოთხე ეტაპზე (1933 წლის გაზაფხული) - ოქრომონეტური სტანდარტი გაუქმდა აშშ-შიც. ნაციონალური კომპანიების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, აშშ, ოქროს მასობრივი შესყიდვის გზით, ხელოვნურად ამცირებდა დოლარის კურსს, რამაც 1934 წლის იანვარში, ოქროსთან მიმართებით, დოლარი 40%-ით გააუფასურა 1929 წლის, ანუ დიდი დეპრესიის დაწყების პერიოდთან შედარებით (Spence, 2024). უნცია ოქროს ოფიციალური ფასი კი 20,67-დან - 35 დოლარამდე გაიზარდა. აქვე, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საგრძნობ დანაკარგებთან ერთად, აშშ-მ ამ კრიზისიდან მისთვის სასარგებლო შედეგებიც მიიღო. კერძოდ, აღნიშნული ფასით (1უნც.ოქრო - 35დოლ.) მან უცხოეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვის დოლარის ოქროზე გაცვლის ვალდებულება აიღო, რითაც ხელი შეუწყო საკუთარი ვალუტის საერთაშორისო პოზიციის გაძლიერებას.
ამრიგად, დიდი დეპრესიის ზეგავლენით გენუის საერთაშორისო სავალუტო წესრიგმა, არსებითად, დაკარგა ეფექტიანობა, სტაბილურობა და ელასტიკურობა, თუმცა, მისი კრახი მხოლოდ ამ ფაქტორით არ შემოიფარგლება. ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილმა ვითარებამ, კერძოდ, მისმა ასიმეტრულმა ხასიათმა. ერთ მხარეს არსებობდა აშშ-ის ეკონომიკა, რაც იარაღის წარმოებისა და ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდების ნიადაგზე, სწრაფად იზრდებოდა და მეორე მხარეს იყვნენ ომისგან დანგრეული და ძალაგამოცლილი ევროპის ქვეყნები, რომლებიც კრედიტორებიდან - მოვალეებად გადაიქცნენ და ინფლაციის მარწუხებში მოექცნენ. საერთაშორისო სავალუტო წესრიგი ამ რელობას უნდა მორგებოდა, რაც განხორციელდა ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების ფორმით.
ბრეტონ-ვუდსის, რიგით მესამე, მსოფლიო სავალუტო წესრიგის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 1943 წელს, ჯერ კიდევ, ომის მიმდინარეობისას იქნა მიღებული. წარდგენილი იყო ორი პროექტი: ბრიტანული - ჯ.მ. კეინზის და ამერიკული - აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სავალუტო კვლევების განყოფილების უფროსის ჰ. დ. ვაითის ავტორობით. კეინზის პროექტით, უნდა შექმნილიყო საერთაშორისო ბანკი და გამოშვებულიყო საერთაშორისო ვალუტა „ბანკორი“, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის მიმდინარე მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდენდა ფულადი სახსრების შეკუმშვას ან გაფართოებას, რითაც ერთგვარი ბუფერის როლს შეასრულებდა ინფლაციურ ან დეფლაციურ პროცესებში. ვაითის პროექტი კი - ითვალისწინებდა მოდიფიცირებული ფორმით ოქროსავალუტო სტანდარტზე დაბრუნებას. ასევე, ის გულისხმობდა საერთაშორისო ბანკის შექმნას, რაც შეასრულებდა „საერთაშორისო საკომპენსაციო პალატის“ როლს (Баpp, 1995). საბოლოოდ, მოხერხდა ამ ორ პროექტს შორის კომპრომისის მიღწევა, რადგან ორივე შეიცავდა რიგ ფუნდამენტურ საერთო იდეას. კერძოდ:
• საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსების თავისუფლება;
• საერთაშორისო სავალუტო წონასწორობის დაცვა სტაბილური სავალუტო კურსების საფუძველზე;
• სავალუტო სფეროში საერთო წესების შემუშავება, პარტნიორთა შორის გაფორმებული, შეთანხმებების საფუძველზე;
• ოქროსტანდარტის შეცვლა ოქროსავალუტო სტანდარტით;
• საერთაშორისო კლირინგის მექანიზმის შექმნა, რაც უზრუნველყოფდა საერთაშორისო გადახდების სტრუქტურული დეფიტის დაფინანსებას;
ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებით შეიქმნა მსოფლიო სავალუტო წესრიგის ორგანიზაციული სტრუქტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სახით, განისაზღვრა მისი მთავარი ამოცანები, რაც მას ავალებდა საერთაშორისო ვაჭრობის მაქსიმალურ ხელშეწყობასა და ეროვნული ვალუტების დევალვაციის წინააღმდეგ ქმედებებს. სსფ-ის რეზერვის მოცულობა იყო 7,7 მლრდ აშშ დოლარი, რაც სრულად შეესაბამებოდა იმ დროის საერთაშორისო ვაჭრობის მასშტაბებს.
თავდაპირველად, ძირითადი სარეზერვო ვალუტა იყო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი და აშშ დოლარი. მოგვიანებით ეს ფუნქცია მთლიანად დოლარს დაეკისრა. შეაბამისად, ლოგიკურია, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის ბედ-იღბალი, მთლიანად დოლარზე იყო „მიბმული“.
დოლარის გაძლიერება და წამყვან მსოფლიო ვალუტად გადაქცევა დიდი დეპრესიის შემდეგ დაიწყო და მას ობიექტური საფუძველიც ჰქონდა აშშ-ის ეკონომიკის გაძლიერების და მსხვილ საერთაშორისო კრედიტორად გადაქცევის სახით.
1920-1930 წლებში დოლარი ერთადერთი იყო დასავლეთის ქვეყნების ვალუტებს შორის, რაც თავისუფლად იცვლებოდა ოქროზე. დიდი დეპრესიის დასრულების შემდეგ დოლარის ოქროსთან ახალი პარიტეტის დაწესებამ (1 უნცია ოქრო - 35 აშშ დოლარი), აშშ-ში უზარმაზარი ფინანსური ნაკადები შეადგინა, არნახულად გაიზარდა ოქროს მარაგი, რამაც აბსოლუტურ სიდიდეში 22 მლრდ დოლარი, ანუ მსოფლიო მარაგის ¾ შეადგინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის ქვეყნებისა და იაპონიის ეკონომიკა ნანგრევებში იმყოფებოდა, აშშ-ის ეკონომიკა კი - აღმავლობას განიცდიდა, რომელსაც კოლოსალური დანაზოგები გააჩნდა, საწარმოო სიმძლავრეები მაქსიმალურად იყო დატვირთული და დიდი მოცულობის მოწყობილობა-დანადგარებს, მასობრივი მოხმარების საგნებს აწარმოებდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და იაპონიას დოლარში მიეწოდებოდა. შესაბამისად, მათი მხრიდან დიდი მოთხოვნა იყო დოლარზე. ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აშშ-ის ევროპისთვის კაპიტალის მიწოდებამ, რაც თავდაპირველად, სახელმწიფო კაპიტალის („მარშალის გეგმის“ ფარგლებში - წელიწადში 2-3 მლრდ დოლარი), ხოლო შემდეგ, კერძო კაპიტალის, ანუ ამერიკის რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ აქტივების შეძენის, ფორმით განხორციელდა. შესაბამისად, დოლარი სულ უფრო მეტი მოცულობით აკუმულირდებოდა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტსა და სახელმწიფო ცენტრალურ ბანკებში, როგორც ყველაზე საიმედო ინსტრუმენტი. მაშასადამე, დოლარის დომინაცია და მისი, როგორც საერთაშორისო ანგარიშსწორების, ასევე, სავალუტო რეზერვის მთავარ ინსტრუმენტად გადაქცევა კანონზომიერი მოვლება იყო, რასაც განაპირობებდა:
ა) ვალუტის ემიტენტი ქვეყნის წამყვანი როლი საერთაშორისო ეკონომიკურ, საფინანსო-სავალუტო ურთიერთობებში და ბ) სავალუტო ბაზრის განვითარების მაღალი დონე, რაც უცხოეთის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს ამ ბაზარზე საკუთარი მოკლევადიანი დაბანდებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა.
მთლიანად 1950-იანი წლები, დოლარის „მეფობის“ პერიოდია, რადგან ამ დროს, სწორედ დოლარია ოქროში კონვერტირებადი ერთადერთი ვალუტა და ოქროს მარაგების უდიდესი ნაწილი აშშ-ია თავმოყრილი, მაშინ როდესაც, სხვა ქვეყნები თავიანთი ვალუტების მხოლოდ ნაწილობრივ კონვერტაციას ახერხებენ და ისიც, სავალუტო ბაზრებზე დოლარის ინტერვენციის საშუალებით. „ძლიერი“ დოლარის საფუძველზე ეფექტიანად ფუნქციონირებს ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგი, რაც ხელს უწყობდა მსოფლიო ეკონომიკის მაღალი ტემპებით მყარ ზრდას სამი ათეული წლის განმავლობაში.
1960-იანი წლებიდან იწყება „სუსტი“ დოლარის ეპოქა, რაც 1970-იანი წლების შუახანებამდე გაგრძელდა. ამის სხვადასხვა მიზეზთა შორის, აღსანიშნავია აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, ორმა ფაქტორმა განაპირობა: კეინზიანური მოდელის ჩარჩოში ბიუჯეტის ხარჯების სისტემატურმა ზრდამ „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ დოქტრინის რეალიზებისთვის და ვიეტნამში გაჭიანურებულმა ომმა. აშშ-ის ოქროს მარაგები სწრაფად მცირდებოდა×, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, დასავლეთ ევროპის ბანკები ცდილობდნენ სიტუაცია არ გაემწვავებინათ, დოლარის პრობლემები მსოფლიო ეკონომიკაში სერიოზული ინფლაციის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა. დოლარის მწვავე კრიტიკით, პირველად, გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი გენერალი შარლ დე გოლი, რომელმაც აღნიშნა, რომ დოლარზე დაფუძნებული სავალუტო წესრიგის ფუნდამენტი საგრძნობლად შეირყა და ის ვეღარ პასუხობდა მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ სიტუაციას, რაც გამოიხატებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ვალუტების განმტკიცებაში - აშშ-ის ვალუტის შესუსტების ფონზე. ამერიკა ამ ქვეყნებს აიძულებდა აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილის შევსებას. მანვე წამოაყენა ოქროს სტანდარტზე დაბრუნების წინადადება, რაც არ იქნა მხარდაჭერილი, რადგან ეს ნიშნავდა ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის დაუყონებლივ ლიკვიდაციას, რისი დროც ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.
1970-იანი წლების დასაწყისში ეს დროც დადგა. მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა პრეზიდენტ რ. ნიქსონის მიერ 1971 წლის 15 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რითაც შეწყდა ოქროში დოლარის კონვერტირება და მოხდა ვალუტის მცურავ კურსზე გადაყვანა. იგივე გააკეთა დასავლეთის ინდუსტრიულად განვითარებულმა სხვა ქვეყნებმაც. სიტუაცია გაამწვავა აშშ-ის მიერ 10%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებამ, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებთან.
1970-იანი წლების შუა პერიოდში ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის კრახი აშკარა გახდა და გამოვლენის შემდეგი ფორმები მიიღო:
• „სავალუტო ციებ-ცხელება“, ანუ ე.წ. “ცხელი ფულის“ მასის და მოძრაობის სიჩქარის სწრაფი გაზრდა; ეკონომიკურ აგენტებში უარყოფითი მოლოდინის გაღრმავება, რაც იწვევდა გაუფასურების საფრთხეში მყოფი ვალუტების მასობრივ გაყიდვას და გამყარების მოლოდინში მყოფი ვალუტების ასევე, მასობრივ შესყიდვას;
• „ოქროს ციებ-ცხელება“: არასტაბილური ვალუტების ოქროში კონვერტირების მასობრივი მცდელობა, რაც ოქროს ფასის განუხრელ ზრდას განაპირობებდა;
• საფონდო ბირჟებზე განვითარებული პანიკა და ვალუტების კურსის მკვეთრი ცვლილების მოლოდინში, ფასიანი ქაღალდების ფასები დაცემა;
• საერთაშორისო სავალუტო ლიკვიდობის პრობლემის გამწვავება;
• ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის სტრუქტურული პრინციპების დარღვევა.
ბუნებრივია, აშშ და სხვა ინდუსტრიული ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული პრობლემებიდან თავის დაღწევას, რამაც ისინი პალიატურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და შედეგად, - 1971 წლის დეკემბერში გაფორმდა სმიტსონის ხელშეკრულება. ეს იყო „სულის მოთქმის“ მცდელობა, რათა სათანადოდ მომზადებულიყვნენ ახალი მსოფლიო სავალუტო წესრიგის შესაქმნელად.
შეთანხმების ფარგლებში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
• გაუქმდა აშშ-ის მიერ დაწესებული საიმპორტო-საბაჟო გადასახადი;
• განხორციელდა დასავლეთის ქვეყნების ეროვნული ვალუტების დევალვაცია-რევალვაციის პროცესი: აშშ-ის დოლარი დევალვირდა - 7,9%-ით, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 5,3%-ით. იაპონიის იენა რევალვირდა - 7,7%-ით, დასავლეთ გერმანიის მარკა - 4,6%-ით, ჰოლანდიური გულდენი და ფრანგული ფრანკი - 2,8%-ით (Барр, 1995);
• ფრანგული ფრანკის პარიტეტი არ შეცვლილა, მაგრამ უნცია ოქროს ფასი - 35-დან - 38 დოლარამდე გაიზარდა, რაც 1934 წლიდან უცვლელი იყო. თუმცა, არ მომხდარა ოქრომონეტურ სტანდარტზე დაბრუნება და დოლარის ოქროზე თავისუფალი გაცვლის აღდგენა.
სმიტსონის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, დოლარს დაეხმარა „სახის შენარჩუნებაში“, რათა მას არ დაეკარგა თავისი წამყვანი როლი მსოფლიო სავალუტო ბაზარზე.
1971 წლიდან - 1976 წლამდე პერიოდი, მსოფლიო სავალუტო წესრიგის ისტორიაში, შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ „გარდამავალ ეტაპად“, როდესაც ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს შორის სავალუტო ურთიერთობების ჩარჩო-პირობების შეთანხმების რთული პროცესი მიმდინარეობდა, ინტენსიურად განიხილებოდა ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის „პირმშოს“ - საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი და პერსპექტივა, ყალიბდებოდა ახალი მსოფლიო სავალუტო წესრიგის პირველი კონტურები.
ამრიგად, ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის კრახმა წარმოშვა ახალი საერთშორისო სავალუტო წესრიგის აუცილებლობა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იამაიკის ქ. კინგსტონში - 1976 წელს გამართულ კონფერენციაზე, ანუ ჩამოყალიბება დაიწყო რიგით მეოთხე - იამაიკის მსოფლიო სავალუტო წესრიგმა, რომლის თეორიულ - მეთოდოლოგიური საფუძველი იყო ნეოკლასიკური მოძღვრება, როგორც ერთგვარი რეაქცია კეინზიანური თეორიის კრიზისზე, რასაც ბრეტონ-ვუდსის წესრიგის ჩარჩოში სავალუტო რეგულირების პრაქტიკა ეფუძნებოდა.
საერთშორისო სავალუტო წესრიგის ფარგლებში ნეოკლასიკოსები მოითხოვდნენ ოქროს როლის გაზრდას. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად რუეფი, რომელიც ფრანგული ნეომეტალიზმის ფუძემდებელია, ოქროს სტანდარტზე დაბრუნების აუცილებლობასაც ქადაგებდა. მის მოსაზრებას, გარკვეული მოდიფიცირებით, იზიარებდნენ ფრიდმანი, მაჰლუპი და სხვები. ისინი მხარს უჭერდნენ სავალუტო ბაზრის თვითრეგულირებას, ილაშქრებდნენ სავალუტო სფეროს ნებისმიერი რეგულირების წინააღმდეგ და უპირატესობას ანიჭებდნენ მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმს. იამაიკის კონფერენციის წინა პერიოდში, დისკუსიებმა აკადემიური წრეებიდან, ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა წრეებში გადაინაცვლა.
იამაიკის მსოფლიო სავალუტო წესრიგის ფუნქციონირება დაეფუძნა შემდეგ პოსტულატებს:
• საბოლოოდ, უარყოფილ იქნა ბრეტონ-ვუდსის მსოფლიო სავალუტო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპი - ფიქსირებული პარიტეტები და მოხდა მცურავ სავალუტო კურსზე გადასვლა;
• სავალუტო წესრიგში მონაწილე ქვეყნებს, სავალუტო რეჟიმების დაფიქსირების თავისუფლება მიეცათ, სსფ-ის მიერ დადგენილი, შემდეგი სამი პრინციპის გათვალისწინებით:

  •  სავალუტო კურსის მანიპულირების აკრძალვა;
  •  საშინაო სავალუტო ბაზარზე ნებისმიერი ვალუტის მოკლევადიანი მკვეთრი რყევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციების განხორციელების ვალდებულება;
  •  სავალუტო წესრიგის მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორული ვალდებულების უპირობო დაცვა.

• ოქროდევიზური სტანდარტის ნაცვლად შემოღებულ იქნა SDR-ის სტანდარტი, როგორც მთავარი საერთაშორისო საანგარიშსწორებო ვალუტა;
• იურიდიულად დასრულდა ოქროს დემონეტიზაცია: გაუქმდა მისი ოფიციალური ფასი და ოქროს პარიტეტი, შეწყდა დოლარის ოქროზე გაცვლა. ოქრო უკვე აღარ წარმოადგენდა ღირებულების საზომს და სავალუტო კურსის ათვლის წერტილს;
• დაფიქსირდა საერთაშორისო სავალუტო წესრიგის რეგულირებაში სსფ-ის გაზრდილი როლი, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო სავალუტო სისტემის განმტკიცებისთვის, განსაკუთრებით, აშშ-სა და დასავლეთის სხვა ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ე.წ. „სანავთობე შოკების“ ზეგავლენით განვითარებულ მწვავე პრობლემების ფონზე.
შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ამ პრობლემებს ხშირად ადარებენ 1930-იანი წლების კრიზისს, რომელმაც იმ დროს საერთაშორისო ვაჭრობის და საერთაშორისო სავალუტო წესრიგის დანგრევა გამოიწვია.
იამაიკის მსოფლიო წესრიგს გარკვეული მემკვიდრეობითი კავშირი გააჩნია წინა სავალუტო წესრიგთან, რაც იმით გამოიხატება, რომ - SDR ფაქტობრივად არის აშშ დოლარის მოდიფიცირებული (შენიღბული) ფორმა. ამასთანავე, იამაიკის მსოფლიო წესრიგი, ბრეტონ-ვუდსის წესრიგთან შედარებით, უფრო მოქნილად და ეფექტიანად ფუნქციონირებდა, თუმცა, სერიოზული ხარვეზები ჰქონდა. მაგალითად, SDR-ს ოქროსგან განსხვავებით, საკუთარი ღირებულება არ გააჩნია და პერიოდულად, დღის წესრიგში დგებოდა მისი სირთულეების უზრუნველყოფა.
1974 წელს, მცურავ სავალუტო კურსზე გადასვლიდან გამომდინარე, გაუქმდა SDR-ის ოქროს შინაარსი, რის გამოც, ის ვერ გახდა საერთაშორისო საანგარიშსწორებო და დაგროვების სრულფასოვანი ინსტრუმენტი. ალბათ, ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ დღეს სულ უფრო ხშირად მსჯელობენ მსოფლიო სავალუტო წესრიგში ოქროს როლის აღდგენაზე და როგორც SDR-ის, ასევე დოლარის ოქროთი ჩანაცვლებაზე. ამ საკითხს ჩვენ უფრო დაწვრილებით სტატიის მომდევნო თავში შევეხებით.

 

პოსტიამაიკის მსოფლიო სავალუტო წესრიგი: სავალუტო გლობალიზაციიდან - სავალუტო გეოპოლიტიკამდე

 

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაიწყების შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა (BBC, 2024), რამაც მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი რადიკალურად შეცვალა. გლობალური ეკონომიკის არქიტექტურასთან ერთად (Papava, 2022a), იცვლება გლობალური სავალუტო სისტემაც.
ჯერ კიდევ COVID-19 პანდემიის დაწყებამდე, ერთპოლუსიანმა მსოფლიო წესრიგმა, რომელსაც აშშ ედგა სათავეში, დააჩქარა ჰიპერგლობალიზაციის პროცესი (Rodrik, 2011, 2022). ჰიპერგლობალიზაციამ კი - დიდწილად ხელი შეუწყო ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებას, რაც ნათლად ადასტურებს გლობალიზაციისა და მსოფლიო წესრიგის ურთიერთკავშირს (მაგალითად, Amadi, 2020; Ardalan, 2012).
ერთპოლუსიანმა მსოფლიო წესრიგმა და ჰიპერგლობალიზაციამ დიდწილად განსაზღვრა მსოფლიო სავალუტო წესრიგი, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში ლიდერობა გლობალურ სარეზერვო ვალუტას - აშშ დოლარს ეკუთვნოდა. კერძოდ, 2000 წლისთვის, ყველა სავალუტო რეზერვის 70%-ზე მეტი აშშ დოლარზე მოდიოდა, და მისი დომინირება საერთაშორისო ვაჭრობაში ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს უფრო და უფრო მეტი დოლარის სესხებისკენ უბიძგებდა (Fofack, 2024b). აქედან გამომდინარე, აშშ დოლარი, როგორც მსოფლიოს მთავარი სარეზერვო ვალუტა, აშშ-ის ინტერესების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა (Fofack, 2024a). აშშ დოლარის აშკარა დომინირება, როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში, ასევე, მსოფლიო სავალუტო რეზერვებში შეიძლება დახასიათდეს, როგორც სავალუტო გლობალიზაცია.
დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა აშშ დოლარის გლობალურ დომინირებაზე ზეგავლენა იქონია. უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთის სავალუტო რეზერვების ერთი მეხუთედი დოლარში იყო, რისი მნიშვნელოვანი ნაწილი განთავსებული იყო გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში, რომლებიც ამჟამად, დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის გლობალური ფინანსური სისტემისგან იზოლირებას ახორციელებენ (Wheatley, Smith, 2022). აშშ დოლარის, როგორც დომინანტური გლობალური ვალუტის პოზიციის შესუსტების კონტექსტით, განსაკუთრებულ როლს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მფლობელობაში არსებული რუსეთის თითქმის 300 მლრდ დოლარის გაყინული აქტივების გამოყენების შესაძლებლობის ფართოდ განხილვა წარმოადგენს (Booker, Conner, Wessel, 2024).
აღსანიშნავია, რომ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსი მცირდება, არამხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორების, არამედ აშშ-ის ფისკალური პოლიტიკის გამოც, რის შედეგადაც ჩინეთის, ჰონგ კონგის, ტაილანდის და არაბთა გაერთიანებულ საამიროების ცენტრალურ და კომერციულ ბანკებს აშშ დოლარი სულ უფრო ნაკლებად სჭირდებათ (Bleicher, Lipsky, 2024). საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში აშშ დოლარის სხვა ვალუტებით ჩანაცვლება, რაც გეოპოლიტიკითაა განპირობებული, ამცირებს დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის როლს, თუმცა, პრინციპში - ეს უკანასკნელი ნულამდე მაინც ვერ იქნება დაყვანილი (Weiss, 2022).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ დოლარის დომინირება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაშიც მერყეობდა. კერძოდ, თუ 1970 წელს ამ ვალუტის წილი მსოფლიო რეზერვებში 80% იყო, 1980 წლისთვის ეს მაჩვენებელი 58%-მდე, ხოლო 1990 წლისთვის კი 47%-მდე დაეცა, თუმცა 2000 წლისთვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, კვლავ გაიზარდა 70%-მდე; ამის შემდეგ, აშშ დოლარის წილმა მსოფლიო სავალუტო რეზერვებში კვლავ დაიწყო კლება და 2020 წლისთვის 59% შეადგინა (Graham, Tran, 2024). მსოფლიო სავალუტო რეზერვებში აშშ დოლარის წილის შემცირებას თან ახლდა არა ისეთი ვალუტების წილების ზრდა, როგორიცაა ევრო, იენი და ფუნტი სტერლინგი, არამედ დარეზერვებისთვის არატრადიციული ისეთი ვალუტების წილების ზრდა, როგორიცაა ავსტრალიური და კანადური დოლარი, ჩინური იუანი, სამხრეთ კორეული ვონი, სინგაპურის დოლარი და სკანდინავიური ვალუტები (Arslanalp, Eichengreen, Simpson-Bell, 2024).
უკრაინაში, რუსეთის ომის დაწყებისთანავე, გლობალიზაციის პროცესი კონფრონტაციული გლობალიზაციის ეტაპზე გადავიდა (Papava, 2022b), როდესაც მსოფლიოს ქვეყნები დაიყო სამ ჯგუფად: დასავლეთის სანქციების მხარდამჭერ, რუსეთის მხარდამჭერ და ნეიტრალურ ქვეყნებად (Papava, 2022a). შედეგად, ერთპოლუსიანმა მსოფლიო წესრიგმა მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგად დაიწყო ტრანსფორმირება (Sachs, 2024). როდესაც გეოპოლიტიკური ფაქტორი ხელს უშლის სავალუტო გლობალიზაციის პროცესს (Koosakul, Zhang, Zia, 2024), შეუძლებელია, ამას, შესაბამისი გავლენა არ ჰქონდეს მსოფლიო სავალუტო წესრიგზე, რაც ჰიპერგლობალიზაციის პროცესად განვითარდა.
სავალუტო გეოპოლიტიკა, ახალი არ არის, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში ვალუტების განსაზღვრაში, ასევე სავალუტო რეზერვების ფორმირებაში - გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა იზრდება. კერძოდ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გეოპოლიტიკურმა მოტივებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო ვალუტის არჩევაში, მისი სავალუტო რეზერვებისთვის გამოყენების მიზნით (Eichengreen, Mehl, Chitu, 2017). აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკურ ფაქტორს, სავალუტო გლობალიზაციის პროცესშიც, აქვს ადგილი (Cohen, 2003), თუმცა, მას უპირატესი მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან კი გამომდინარეობს დასკვნა, რომ სავალუტო გლობალიზაცია და სავალუტო გეოპოლიტიკა კი არ გამორიცხავენ, არამედ, ერთმანეთს ავსებენ. იმავდროულად, როგორც წესი, გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, ერთ-ერთი მათგანი ხდება დომინირებადი (Papava, 2024).
თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი გაურკვევლობის პირობებში (Hasnain, 2024) და რუსეთზე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად გამოწვეული რისკის გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის გამო, პრიორიტეტული გახდა არამარტო ოქროს, როგორც ალტერნატიული რეზერვის მარაგების მნიშვნელოვანი ზრდა, არამედ, საერთაშორისო ვაჭრობაში სხვადასხვა ვალუტის გამოყენებაც (den Besten, Di Casola, Habib, 2023).
ფაქტობრივად, ევრო - მისი გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, არის მეორე სარეზერვო ვალუტა, თუმცა, მას არ შეუძლია გლობალურ ეკონომიკაში აშშ დოლარის მთლიანად ჩაანაცვლება (Hutagalung, 2024). მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2023 წლის მდგომარეობით, გლობალური სავალუტო რეზერვების 21%-ს შეადგენდა, ამ ვალუტას, ევროკავშირში არსებული სტრუქტურული და პოლიტიკური პრობლემების გამო, რაც მის ქვეყნებს შორის არაკოორდინირებულ ფისკალურ პოლიტიკას განაპირობებს, როგორც უნივერსალურ სარეზერვო აქტივს სათანადო საიმედოობა არ გააჩნია (Yoshimori, 2024).
2023 წელს, არამხოლოდ დასავლეთის მიერ სანქცირებულმა რუსეთმა, არამედ ჩინეთმაც გამოაცხადა მრავალპოლუსიანი გლობალური სავალუტო სისტემის საჭიროება, თუმცა, აშშ დოლარის დომინირების დასასრული და ნებისმიერი სხვა ალტერნატიული ვალუტით მისი, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის, ჩანაცვლება, მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში რეალისტურად ვერ ჩაითვლება (Born, Krys, 2023).
BRICS+ - ცდილობს აშშ დოლარის, როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის დომინირების წინააღმდეგ, განსაკუთრებული როლი შეასრულოს (Liu, Papa, 2022), ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ნავთობით და გაზით ვაჭრობის ეროვნულ ვალუტებით განხორციელებაში, რის შედეგადაც მათი ფასები აშშ დოლარით უკვე აღარ დადგინდება (Ciliers, 2023). მთლიანობაში ამ ქვეყნებმა მოახერხეს ერთმანეთთან ვაჭრობის 65%-ის თავიანთ ეროვნულ ვალუტებში განხორციელება (Dsouza, 2024).
როგორც ცნობილია, ნავთობის დოლარში ფასწარმოქმნის, ანუ ნავთობდოლარის სისტემა 1970-იანი წლების შუაში გაჩნდა. შედეგად, ამ სისტემამ გააძლიერა აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პოზიცია. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ეკონომიკური სანქციების შემოღებამ განაპირობა ის, რომ ბევრი ქვეყანა ნავთობდოლარის ნაცვლად სხვა ვალუტების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას (Fofack, 2024b), ხოლო საუდის არაბეთსა და ჩინეთს შორის ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების შედეგად (Yu, Xing, Shen, 2022), ნავთობდოლარის ნავთობიუანით ჩანაცვლება მოხდა და ნავთობით ვაჭრობის გრძელვადიანი კონტრაქტები უკვე იუანშია ნომინირებული (Jegarajah, 2024).
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებამდე, გაცილებით ადრე გამოთქვა სურვილი, რომ აშშ დოლარის ალტერნატივა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ მოხდა რუსეთის დასანქცირება (ბევრი რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვა და მისი 300 მლრდ დოლარის ღირებულების საერთაშორისო აქტივების გაყინვა), განვითარებადი ქვეყანების ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა (Ghani, 2023).
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებში სულ უფრო ხშირად იყენებს იუანს, მისი ფინანსური სისტემა მაინც რჩება დამოკიდებული არამხოლოდ აშშ დოლარზე, არამედ აშშ-ის ფინანსურ სისტემაზეც, რაც დიდი ალბათობით უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება (Greene, 2024).
გლობალურ ვაჭრობაში ჩინეთის მზარდმა როლმა იუანის, როგორც გლობალური ვალუტის სტატუსის ამაღლებას შეუწყო ხელი, თუმცა, არსებობს ობიექტური მიზეზები (კერძოდ, კაპიტალის მოძრაობაზე მკაცრი სახელმწიფო კონტროლი, ფინანსურ ბაზრებზე გამჭვირვალობის ნაკლებობა, ასევე, ერთპარტიული პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრალიზაცია), რის გამოც, ბევრი ქვეყანა არ არის თანახმა იუანი სარეზერვო ვალუტად გამოიყენოს (Yoshimori, 2024).
როგორც ცნობილია, BRICS-ის ქვეყნები აპირებენ შექმნან ახალი სარეზერვო ვალუტა, რაც არამარტო ამ ქვეყნების ვალუტების კალათით იქნება გამყარებული, არამედ, პოტენციურად ოქროთიც იქნება უზრუნველყოფილი, რაც დედოლარიზაციის პროცესის გაფართოებას გამოიწვევს. ამ ახალი ვალუტის წარმატება, დიდწილად, აშშ დოლარის მიმართ მის სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული (Pistili, 2024). მრავალი ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ტექნიკური პრობლემის გადაუჭრელობის გამო, BRICS ახალი სარეზერვო ვალუტის შემოღების საკითხის საბოლოო გადაწყვეტისგან ჯერ კიდევ შორსაა (Eichengreen, 2024). შუა აღმოსავლეთში განვითარებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი და ირანში ომი, ამ პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
დედოლარიზაციისკენ მისწრაფებას, როგორც აშშ-თვის, ასევე გლობალური ეკონომიკისთვის, სერიოზული შედეგები ექნება. კერძოდ, აშშ-ის ეკონომიკაზე შესაძლოა ინფლაციური ზეწოლა გაიზარდოს, ხოლო აშშ-ის პოზიცია კი -საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში შესუსტდეს; იმავდროულად არაერთი განვითარებადი ქვეყანა არამარტო დოლარში ნომინირებული ვალის მოცულობას შეამცირებს, არამედ, საკუთარი თავის უზრუნველყოფასაც შეძლებს ფინანსური ავტონომიით (Hutagalung, 2024).

 

დ ა ს კ ვ ნ ა

მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, რომლის ჩამოყალიბება ამჟამად მიმდინარეობს, შორეულ პერსპექტივაში შეიძლება გახდეს მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სავალუტო წესრიგის ფორმირების საფუძველი, რაც დაემყარება კოლექტიური ვალუტის გამოყენებას საერთაშორისო ვაჭრობასა და ანგარიშსწორებაში. ამჟამად, ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა: მიუხედავად იმისა, რომ BRICS, ცნობილი მიზეზების გამო, სირთულეებს განიცდის, მაინც აგრძელებს მუშაობას გაერთიანების შიგნით საერთო ვალუტის შექმნაზე, რაც წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ოქროს დეპოზიტებს დაეფუძნება.
კოლექტიური ვალუტის შექმნის პირველ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს BRICS-ის ქვეყნებს შორის ერთმანეთთან ვაჭრობაში მონაწილე ქვეყნების ეროვნული ვალუტების გამოყენების პრქტიკის დანერგვა ჩინური იუანის პრიორიტეტის პირობებში, რაც ამ გაერთიანებაში ჩინეთის ეკონომიკის წამყვანი როლითაა განპირობებული. თუმცა, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, გლობალური მასშტაბით, იუანის მთავარ საანგარიშსწორებო და სარეზერვო ვალუტად გადაქცევა ძალიან საეჭვოა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთის ეკონომიკაში არსებული სირთულეებია, რამაც გაჭიანურებული და ქრონიკული ხასიათი შეიძინა. კერძოდ, ადგილი აქვს ქონების ბაზრის მწვავე კრიზისს, ეროვნული ეკონომიკის საერთო დავალიანების ზრდას, საბანკო რისკის გაძლიერებას და ერთობლივი მოთხოვნის შეკუმშვას. ამ პრობლემების დაძლევის მნიშვნელოვან მიმართულებად ჩინეთის საგარეო ეკონომიკური აქტიურობის გაძლიერება, განსაკუთრებით, კი - აშშ-თან ვაჭრობის მოცულობის გაფართოება მიიჩნევა, რაშიც დოლარს, მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, გადამწყვეტი როლი ექნება.
მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებამ, რასაც „weaponisation“-ს უწოდებენ და დოლარში დენომინირებული უზარმაზარი აქტივების გაყინვით გამოიხატება და ასპარზზე ახალი ვალუტების გამოჩენამ, ოქროზე მიბმული „სტეიბლკოინების“ და BRICS-ის სარეზერვო ვალუტის ე.წ. „ოქროს კალათის“ სახით, დედოლარიზაციის პროცესი გააძლიერა, პოსტიამაიკის, ანუ მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სავალუტო წესრიგის სრული სახით ჩამოყალიბება, მხოლოდ შორეული პერსპექტივის საკითხია. ახლო მომავალში კი, დოლარი კვლავ დარჩება საერთაშორისო სავალუტო სისტემის (წესრიგის) განუყოფელ ნაწილად.

Keywords: World order, economic order, world monetary order, monetary globalization, monetary geopolitics, hyperglobalization, confrontational globalization.
JEL Codes: F3, F4, F5, N1, O19

 

ლიტერატურა:

• მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი: გამომცემლობა„ინტელექტი“.(Mekvabishvili E. (2018). globalizatsiis epokis pinansuri krizisebi da sakartvelos ekonomika. [Financial Crises of the Globalization Era and the Economy of Georgia. Tbilisi: Publishing House "Intellect".] in Georgian)
• პაპავა ვლ. (2025). ორნახევარპოლუსიანი სამყარო - როგორ ყალიბდება ახალი საერთაშორისო წესრიგი, „ეკონომიკა და საზოგადოება“, ივლისი 3, 2025.Papava Vl. (2025). ornakhevarpolusiani samqaro - rogor qalibdeba akhali saertashoriso tsesrigi [Bipolar World - How a New International Order is Forming "Economy and Society", July 3, 2025.] in Georgian
• Amadi L. (2020). “Globalization and the Changing Liberal International Order: A Review of the Literature.” Research in Globalization, Vol. 2, December, <https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2590051X20300046>.
• Ardalan K. (2012). “Globalization and World Order: Four Paradigmatic Views.” Journal of Globalization Studies, Vol. 3, No. 1, <https://www.sociostudies.org/journal/files/jogs/2012_1/039-054.pdf>.
• Arslanalp S., Eichengreen B., Simpson-Bell C. (2024). “Dollar Dominance in the International Reserve System: An Update.” IMF Blog, June 11, <https://www.imf.org/en/Blogs/Articles/2024/06/11/dollar-dominance-in-the-international-reserve-system-an-update>.
• BBC (2024). “What Are the Sanctions on Russia and Have They Affected Its Economy?” BBC, February 23. <https://www.bbc.com/news/world-europe-60125659>.
• Bleicher J., Lipsky J. (2024). “The Geopolitical Imperative to Upgrade the Dollar.” Project Syndicate, June 24, <https://www.project-syndicate.org/commentary/swift-alternatives-could-undermine-american-national-security-interests-by-jordan-bleicher-and-josh-lipsky-2024-06>.
• Boocker S., Conner A., Wessel D. (2024). “Why Do the US and Its Allies Want to Seize Russian Reserves to Aid Ukraine?” The Brookings Institution, October 25, <https://www.brookings.edu/articles/why-do-the-u-s-and-its-allies-want-to-seize-russian-reserves-to-aid-ukraine/>.
• Born D., Krys C. (2023). “What If – the US Dollar Loses Its Status as the World’s Reserve Currency?” Roland Berger, July 28, <https://www.rolandberger.com/en/Insights/Publications/What-if-the-US-dollar-loses-its-status-as-the-world-s-reserve-currency.html>.
• Carney M. (2026). Special Address by Mark Carney, Prime Minister of Canada World Economic Forum. World Economic Forum, January 10, <https://www.weforum.org/stories/2026/01/davos-2026-special-address-by-mark-carney-prime-minister-of-canada/>.
• Cilliers J. (2023). “BRICS+ and the Future of the US Dollar.” ISS Today, August 25, <https://issafrica.org/iss-today/brics-and-the-future-of-the-us-dollar>.
• Cohen B. J. (2003). The Geopolitics of Currencies and the Future of the International System. Santa Barbara, Department of Political Science, University of California at Santa Barbara, <https://escholarship.org/content/qt5pc0p3rc/qt5pc0p3rc_noSplash_0e7860dabbb306c69267f17c25bf08af.pdf?t=krnd8e>
• den Besten T., Di Casola P., Habib M. M. (2023). “Geopolitical Fragmentation Risks and International Currencies.” European Central Bank, June, <https://www.ecb.europa.eu/press/other-publications/ire/article/html/ecb.ireart202306_01~11d437be4d.en.html>.
• Dsouza V. (2024). “BRICS Settle 65% Trade in Local Currencies & Not the US Dollar.” Watcher Guru, October 15, <https://watcher.guru/news/brics-settle-65-trade-in-local-currencies-not-the-us-dollar?fbclid=IwY2xjawF8QqxleHRuA2FlbQIxMQABHZtlgey_z5_u-eWJaacuE81OOwhDwp5bDtBmRASColRjGQpCNbEd_WW_xw_aem_N9niShP3BCFcNn1NTw8EbQ>.
• Eichengreen B. (2024). “The BRICS Currency Charade.” Project Syndicate, November 14, <https://www.project-syndicate.org/commentary/brics-kazan-summit-futile-common-currency-effort-by-barry-eichengreen-2024-11>.
• Eichengreen B., Mehl A. J., Chitu L. (2017). “Mars or Mercury? The Geopolitics of International Currency Choice.” NBER Working Papers, No. 24145, December, <https://www.nber.org/system/files/working_papers/w24145/w24145.pdf>.
• Fofack H. (2024a). “The Dollar Is Everyone’s Problem.” Project Syndicate, August 9, <https://www.project-syndicate.org/commentary/us-dollar-is-a-problem-for-rich-and-poor-countries-by-hippolyte-fofack-2024-08>.
• Fofack H. (2024b). “The Eclipse of the Petrodollar.” Project Syndicate, June 27, <https://www.project-syndicate.org/commentary/fate-of-the-petrodollar-future-of-currency-diversification-by-hippolyte-fofack-2024-06>.
• Fukuyama F. (1992). The End of History and Last Man. L.,N.Y. https://en.wikipedia.org/wiki/The_End_of_History_and_the_Last_Man
• Fukuyama F. (2002). Our Posthuman Future: Consequences of the Biotechnology Revolution. https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/08935690902940270
• Ghani S. (2023). “Geo-Economics of Currency Wars and the Renminbi.” Italian Institute for International Political Studies (ISPI), July 17, <https://www.ispionline.it/en/publication/geo-economics-of-currency-wars-and-the-renminbi-135824>.
• Gilbert M.G. (1998). The Gold-dollar Sistem: Conditions of Equilibrium and Price of Gold. Princeton: Princeton University Press, <https://pri.princeton.edu/pdf/E70.pdf>.
• Graham N., Tran H. (2024). “Dedollarization Is Not Just Geopolitics, Economic Fundamentals Matter.” Atlantic Council, January 22, <https://www.atlanticcouncil.org/blogs/econographics/sinographs/dedollarization-is-not-just-geopolitics-economic-fundamentals-matter/>.
• Greene R. (2024). China’s Dollar Dilemma. Washigton DC., Carnegie Endowment for International Peace, October, <https://carnegie-production-assets.s3.amazonaws.com/static/files/Greene_China%20Dollar_final.pdf>.
• Hasnain S. A. (2024). “Strategic Patience: A Currency for Today’s Geopolitics.” The New Indian Express, September 9, <https://www.newindianexpress.com/opinions/2024/Sep/09/strategic-patience-a-currency-for-todays-geopolitics>.
• Hutagalung S. (2024). “De-Dollarization: Are We Witnessing the End of US Dollar Supremacy?” Eurasia Review, October 3, <https://www.eurasiareview.com/03102024-de-dollarization-are-we-witnessing-the-end-of-us-dollar-supremacy-oped/>.
• Jaspers K. (2018). Introduction to Philosophy, I Books https://openstax.org/details/books/
• Jegarajah S. (2024). “China Has Grand Ambitions to Dethrone the Dollar. It May Make a Powerful Move this Year.” CNBC, October 24, <https://www.cnbc.com/2017/10/24/petro-yuan-china-wants-to-dethrone-dollar-rmb-denominated-oil-contracts.html>.
• Koosakul J., Zhang L., Zia M. (2024). “Geopolitical Proximity and the Use of Global Currencies.” IMF Working Papers, September 6, <https://www.imf.org/en/Publications/WP/Issues/2024/09/06/Geopolitical-Alignment-and-the-Use-of-Global-Currencies-554242>.
• Liu Z. Z., Papa M. (2022). Can BRICS De-Dollarize the Global Financial System? Cambridge: Cambridge University Press, <https://www.cambridge.org/core/services/aop-cambridge core/content/view/0AEF98D2F232072409E9556620AE09B0/9781009014625AR.pdf/can_brics_dedollarize_the_global_financial_system.pdf>.
• Lownie R. (2023). Emmanuel Todd: World War III has already begun. UnHerd, January 16, <https://unherd.com/newsroom/emmanuel-todd-world-war-iii-has-already-begun/>.
• Lutnick H. (2026). US Sekretary of Commerce Howard Lutnick Speakd of the World Economic Forum. YouToBe, January 20, <https://www.youtube.com/watch?v=eO98KgWbXFw>.
• Milanovich Z. (2016). Global Inequality. A New Approacg for the Age of Globalization. Cambridge, MA: Harvard University Press.
• Papava V. (2022a). “On the Main Challenges of the Architecture Transformation of the World Economy.” Eurasia Review, March 31, <https://www.eurasiareview.com/31032022-on-the-main-challenges-of-the-architecture-transformation-of-the-world-economy-oped/>.
• Papava V. (2022b). “Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization.” Eurasia Review, May 23, <https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-turbulent-to-confrontational-globalization-oped/>.
• Papava V. (2024). “World Monetary Order: From Currency Globalization to Currency Geopolitics.” Eurasia Review, November 21, <https://www.eurasiareview.com/21112024-the-world-monetary-order-from-currency-globalization-to-currency-geopolitics-oped/>.
• Papava V. (2025). On the Formation of a Two-And-A-Half Polar World. Eurasia Review, July 24, <https://www.eurasiareview.com/24072025-on-the-formation-of-a-two-and-a-half-polar-world-oped/>.
• Piketty T. (2014). Capital in the Twenty-First Centhury. Cambridge, MA: Harvard University Press.
• Pistilli M. (2024). “How Would a New BRICS Currency Affect the US Dollar?” Nasdaq, November 6, <https://www.nasdaq.com/articles/how-would-new-brics-currency-affect-us-dollar-updated-2024>.
• Realpolitik (2026). 62nd Munich Conference
• Rodrik D. (2011). The Globalization Paradox: Democracy and the Future of the World Economy. New York, W. W. Norton & Co.
• Rodrik D. (2022). “A Better Globalization Might Rise from Hyper-Globalization’s Ashes.” Project Syndicate, May 9, <https://www.project-syndicate.org/commentary/after-hyperglobalization-national-interests-open-economy-by-dani-rodrik-2022-05?barrier=accesspaylog>.
• Sachs J. (2024). “The Perils and Promise of the Emerging Multipolar World.” Common Dreams, June 6, <https://www.commondreams.org/opinion/emerging-multipolar-world>.
• Stiglitz J. (2012). The Price of Inequality. New York: W.W Norton & Company.
• Wheatley J., C. Smith. (2022). “Russia Sanctions Threaten to Erode Dominance of US Dollar, Says IMF.” Financial Times, March 31, <https://www.ft.com/content/3e0760d4-8127-41db-9546-e62b6f8f5773>.
• Spence (2024).
• Weiss C. (2022). “Geopolitics and the U.S. Dollar’s Future as a Reserve Currency.” Board of Governors of the Federal Reserve System, International Finance Discussion Papers, No. 1359, October, <https://www.federalreserve.gov/econres/ifdp/files/ifdp1359.pdf>.
• Yoshimori M. (2024). “Can The Euro Or Renminbi Really Challenge The US Dollar?” Fair Observer, October 8, <https://www.fairobserver.com/economics/can-the-euro-or-renminbi-really-challenge-the-us-dollar/#>.
• Yu J., Xing X., Shen W. (2022). “Strengthened China-Saudi Ties Raise Prospects for Use of Yuan in Oil Settlement.” Global Times, December 8, <https://www.globaltimes.cn/page/202212/1281416.shtml>.
• Баpp P. (1995). Политическая экономия, том 2. Москва: Международные отношения.

 

1. ასეთ უკუკავშირზე ისტორიული გამოცდილებაც მოწმობს: 1930-იან წლებში მსოფლიოში მომხდარმა ვალუტების ქაოტურმა დევალვაციამ ხელი შეუწყო ვაჭრობის კატასტროფულ შემცირებას და ზოგადად, ეკონომიკის დაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა ავტარკიის გაძლიერება, ნაციონალიზმის აღზევება და მეორე მსოფლიო ომი. ომის შემდგომ პერიოდში პირიქით მოხდა: ახალი მსოფლიო (ბრეტონ-ვუდსის) წესრიგის შექმნამ საერთაშორისო ვაჭრობის და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის ტემპების მაღალ  ზრდას შეუწყო ხელი, თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში.

2. ოქროს შინაარსი 1816 წლიდან გააჩნდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, 1837 წლიდან - ამერიკულ დოლარს, 1875 წლიდან - გერმანულ მარკას, 1878 წლიდან - ფრანგულ ფრანკს და ა.შ. (Баpp, 1995) 

3. მაგალითად, აშშ-ის ოფიციალური ოქროს მარაგები 1940წ. შეადგენდა 25 მლრდ დოლარის ეკვივალენტს, 1960 წ. -17 მლრდ, ხოლო 1970წ. მხოლოდ 11 მლრდ-ის ეკვივალენტს