English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ვლადიმერ ღლონტიპაატა აროშიძე
პოსტკომუნისტური ეკონომიკის გარდაქმნის პარადიგმათა შედარებითი ანალიზი

doi.org/10.52340/eab.2025.17.04.02

ჟურნალი N 4. 2025

წინამდებარე სტატიაში განხილულია პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაციის ორი კონცეპტუალურად განსხვავებული თეორიული მიდგომა, რომელიც წარმოდგენილია პროფესორ ჯეფრი საქსის შოკური თერაპიის და აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ნეკროეკონომიკის თეორიებში. კვლევა ანალიზს უკეთებს ამ ორი პარადიგმის ეპისტემოლოგიურ საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოყენებას და შედეგებს სხვადასხვა ისტორიულ-ინსტიტუციურ კონტექსტში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აკადემიკოს პაპავას უახლეს ნაშრომებს - არატრადიციული ეკონომიკა (2021) და From Retroeconomics to Sanctionomics (2024) - რომლებიც ავითარებენ მის თეორიულ ჩარჩოს თანამედროვე გლობალური გამოწვევების კონტექსტში: COVID-19 პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, ეკონომიკური სანქციები და გლობალიზაციის ტრანსფორმაცია. პარალელურად განხილულია პროფესორ საქსის თეორიული ევოლუცია ვაშინგტონის კონსენსუსის თანაავტორიდან მდგრადი განვითარებისა და გლობალური სოლიდარობის მხარდამჭერამდე.
სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ აკადემიკოს პაპავას კონტექსტუალურ, ადაპტაციურ და ინსტიტუციურ რეალობაზე დაფუძნებული მიდგომა უფრო ადეკვატურია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, თუმცა, ორივე პარადიგმა შეიცავს ღირებულ თეორიულ ელემენტებს, რომელთა სინთეზი შეიძლება პროდუქტიული იყოს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისთვის.
საკვანძო სიტყვები: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, შოკური თერაპია, ნეკროეკონომიკა, რეტროეკონომიკა, ზომბი-ეკონომიკა, სანქციონომიკა, კონფრონტაციული გლობალიზაცია, არატრადიციული ეკონომიკა, ინსტიტუციური კონტექსტი.

შესავალი

პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაცია წარმოადგენს ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სადისკუსიო საკითხს თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში. 1990-იანი წლების დასაწყისიდან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში განხორციელებული რეფორმების გამოცდილებამ წარმოშვა ფუნდამენტური კითხვები ეკონომიკური თეორიის უნივერსალურობის, კულტურული და ინსტიტუციური კონტექსტის როლის და ტრანსფორმაციის ოპტიმალური სტრატეგიების შესახებ.
წინამდებარე კვლევა ორიენტირებულია ამ დისკუსიაში ორი ცნობილი ეკონომისტის - პროფესორ ჯეფრი საქსისა და აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას - თეორიული მიდგომების კრიტიკულ - შედარებით ანალიზზე. პროფესორი საქსი, როგორც ვაშინგტონის კონსენსუსის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და შოკური თერაპიის თეორიის ავტორი, წარმოადგენს გლობალურ-უნივერსალისტურ მიდგომას, რომელიც ემყარება სტანდარტიზებული ეკონომიკური მიდგომების გამოყენებას. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროფესორ საქსის შეხედულებები მნიშვნელოვნად ევოლუცირებდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში - მისი თანამედროვე ნაშრომები აჩვენებს გაცილებით უფრო ნიუანსირებულ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ პოზიციას.
აკადემიკოსი პაპავა კი, ქართული ეკონომიკური აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი და ნეკროეკონომიკის თეორიის შემქმნელი, ასახავს ლოკალურ-კონტექსტუალურ მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამს ისტორიული, კულტურული და ინსტიტუციური თავისებურებების მნიშვნელობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის უახლეს ნაშრომებს, რომლებიც თავმოყრილია მონოგრაფიებში “არატრადიციული ეკონომიკა” (2021) და “From Retroeconomics to Sanctionomics” (2024), სადაც იგი ავითარებს თავის თეორიულ ჩარჩოს თანამედროვე გლობალური კრიზისების კონტექსტით.

მეთოდოლოგია
კვლევის საკითხები
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
1. რა ეპისტემოლოგიური განსხვავებები არსებობს პროფესორ საქსის და აკადემიკოს პაპავას თეორიულ მიდგომებს შორის და როგორ განსაზღვრავს ეს განსხვავებები მათ პრაქტიკულ რეკომენდაციებს?
2. როგორ აიხსნება ეკონომიკური რეფორმების განსხვავებული შედეგები პოლონეთში, რუსეთსა და საქართველოში ამ ორი თეორიული პარადიგმის პრიზმაში?
3. რამდენად ადაპტაციურია თითოეული მიდგომა თანამედროვე გლობალური გამოწვევების - პანდემიის, გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა და გლობალიზაციის ტრანსფორმაციის - მიმართ?
ანალიზის კრიტერიუმები
შედარებითი ანალიზი ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• ეპისტემოლოგიური მიდგომა: უნივერსალიზმისა და კონტექსტუალიზმის; დედუქციური და ინდუქციური მეთოდოლოგიის დაპირისპირებით;
• ინსტიტუციური ფაქტორების გათვალისწინება: ინსტიტუტების როლის აღიარება და მათი ტრანსფორმაციის სტრატეგია;
• ადაპტაციური შესაძლებლობები: თეორიული ჩარჩოს უნარი ახალ ეკონომიკურ ფენომენზე რეაგირებისთვის;
• პრაქტიკული შედეგები: რეფორმების ემპირიული შედეგები კონკრეტულ ქვეყნებში.
კვლევა იყენებს დოკუმენტური ანალიზის მეთოდს ორივე ავტორის თეორიული ნაშრომების შესასწავლად და შედარებით-ისტორიულ მეთოდს სხვადასხვა ქვეყანაში რეფორმების შედეგების შესაფასებლად.

ორი თეორიული პარადიგმა: ფუნდამენტური პრინციპები

პროფესორ ჯეფრი საქსის შოკური თერაპია და მისი ევოლუცია
პროფესორ ჯეფრი საქსის მიერ ჩამოყალიბებული შოკური თერაპიის კონცეფცია წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის რადიკალურ სტრატეგიას, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: ლიბერალიზაცია, სტაბილიზაცია და პრივატიზაცია (Sachs, 1993). ეს მიდგომა გულისხმობს ფასების სწრაფ გათავისუფლებას, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მკაცრ შეზღუდვას და სახელმწიფო საკუთრების მასობრივ პრივატიზაციას შედარებით მოკლე დროში.
პროფესორ საქსის თეორიული დასაბუთება ემყარება რამდენიმე ძირითად არგუმენტს: რადიკალური რეფორმები ამცირებს უკუსვლის რისკს და ხელს უშლის ძველი ნომენკლატურის ეკონომიკურ-პოლიტიკურ რესტავრაციას; სწრაფი ტრანსფორმაცია ამცირებს გარდამავალ პერიოდს და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკურ დანახარჯებს; ყოველივე ეს ქმნის სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს უცხოური ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდისთვის (Sachs & Warner, 1995; Lipton & Sachs, 1990).
შოკური თერაპიის წარმატებული ასპექტები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პროფესორ საქსის მიდგომამ გარკვეული კონტექსტით მნიშვნელოვანი წარმატებები მოიტანა. პოლონეთში შოკურმა თერაპიამ შესაძლებელი გახადა ჰიპერინფლაციის სწრაფი დამარცხება - ინფლაცია 1989 წლის 639%-დან 1991 წლისთვის 60%-მდე შემცირდა. ბალცეროვიჩის გეგმამ შექმნა საფუძველი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რამაც ხელი შეუწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვას (Balcerowicz, 1995).
პროფესორ საქსის თეორიული ევოლუცია. უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ საქსის შეხედულებები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი ნაშრომი - "The End of Poverty" (2005), უკვე აჩვენებს გადასვლას სწრაფი ლიბერალიზაციიდან სიღარიბის აღმოფხვრის კომპლექსურ, მრავალმხრივ სტრატეგიებზე. "The Ages of Globalization" (2020) და "Ethics in Action for Sustainable Development" (2022), წარმოაჩენს პროფესორ საქსს როგორც მდგრადი განვითარებისა და გლობალური თანამშრომლობის ერთგულ მხარდამჭერს.
პროფესორი საქსი დღეს აქტიურად აკრიტიკებს იმ უკონტროლო კაპიტალიზმს, რომლის ერთ-ერთ თეორეტიკოსად მას მიიჩნევდნენ 1990-იან წლებში. იგი ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების საკითხებს, სოციალური უთანასწორობის პრობლემას და გლობალური თანამშრომლობის აუცილებლობას. COVID-19 პანდემიის დროს პროფესორი საქსი იყო Lancet-ის კომისიის თანათავმჯდომარე (Sachs et al., 2022), რაც ადასტურებს მის აქტიურ ჩართულობას გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების გადაჭრაში.
თუმცა, კრიტიკული ანალიზი გვიჩვენებს, რომ პროფესორ საქსის ადრეული მიდგომა ეფუძნებოდა რამდენიმე პრობლემატურ დაშვებას: იგი გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ინსტიტუტები შეიძლება სწრაფად შეიქმნას ან იმპორტირებულ იქნეს; რომ საზოგადოება შესძლებს რადიკალურ ცვლილებებისადმი ადაპტაციას მოკლე დროში; და რომ სოციალური დაძაბულობა არ შეუშლის ხელს რეფორმების განხორციელებას. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს, ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა ინფორმაციის ასიმეტრიას, ბაზრის წარუმატებლობას და ინსტიტუტების მნიშვნელობას.

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ნეკროეკონომიკა, რეტროეკონომიკა და ზომბი-ეკონომიკა

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიერ შემუშავებული ნეკროეკონომიკის თეორია წარმოადგენს ორიგინალურ კონცეპტუალურ ჩარჩოს პოსტკომუნისტური ეკონომიკების ანალიზისთვის (Papava, 2002, 2005). ეს თეორია განსაზღვრავს ნეკროეკონომიკას, როგორც ეკონომიკურ სისტემას, რომელშიც არსებობენ საწარმოები (ნეკრო-საწარმოები), რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს მათი ეკონომიკური არაეფექტიანობის გამო, მაგრამ აგრძელებენ ფუნქციონირებას სხვადასხვა ფორმით მიწოდებული სახელმწიფო მხარდაჭერის საშუალებით.
აკადემიკოსი პაპავა ავითარებს თავის თეორიულ ჩარჩოს რამდენიმე მიმართულებით. პირველი, იგი ადგენს ნეკრო-საწარმოების ტიპოლოგიას: პირველი ტიპის ნეკრო-საწარმოებია, ისინი, რომლებიც შეიქმნა საბჭოური დაგეგმვის პირობებში და არასოდეს ყოფილან რეალურად ეფექტიანი; მეორე ტიპის ნეკრო-საწარმოები თავდაპირველად ეფექტიანი იყვნენ, მაგრამ გახდნენ არაეფექტიანი ტრანსფორმაციის პროცესში კორუფციისა და მენეჯმენტის უუნარობის გამო (Papava, 2005).
თეორიული არსენალი მოიცავს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ კონცეფციას: რეტროეკონომიკა ეკონომიკური სისტემაა, რომელიც განიცდის დაქვეითებას და რეგრესს (Papava, 2017); ზომბი-ეკონომიკა ფირმებია, რომლებიც ტექნიკურად გაკოტრებულია, მაგრამ აგრძელებენ არსებობას ფინანსური მხარდაჭერის წყალობით (Papava, 2020b; Papava & Chkuaseli, 2021). ეს ტერმინები ქმნიან ერთიან ანალიტიკურ ჩარჩოს პოსტკომუნისტური და თანამედროვე კრიზისული ეკონომიკების გაგებისათვის.
ეს მიდგომა, არსებითად განსხვავდება პროფესორ საქსის ადრეული პარადიგმისგან რამდენიმე კრიტიკული ასპექტით: იგი აღიარებს პოსტკომუნისტური ეკონომიკების ხარისხობრივ თავისებურებებს და უარყოფს - "ერთი მიდგომა ყველასთვის", გადაწყვეტილებების შესაძლებლობას; ხაზს უსვამს ინსტიტუციური რეფორმების მნიშვნელობას და მათი განხორციელების ხანგრძლივობას; აღიარებს სოციალური კაპიტალისა და კულტურული ფაქტორების როლს ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში (Papava, 2006).
დამატებითი კონცეფციები - მანფლაციის ინდექსი (უმუშევრობისა და ინფლაციის ერთობლივი მაჩვენებელი) და საგადასახადო კორუფციის ინდექსები - წარმოადგენს მცდელობას, უფრო ზუსტად გაიზომოს ეკონომიკური პოლიტიკის სოციალური შედეგები (Papava, 2003; Papava & Khaduri, 2003).
ნეკროეკონომიკის თეორიის შეზღუდვები. ობიექტური ანალიზი მოითხოვს აღინიშნოს ამ თეორიის გარკვეული შეზღუდვებიც. პირველი, ნეკრო-საწარმოებისა და ზომბი-ფირმების იდენტიფიკაციის კრიტერიუმები შეიძლება იყოს სუბიექტური და დამოკიდებული კონკრეტულ კონტექსტზე. მეორე, თეორია უფრო ძლიერია დიაგნოსტიკური, ვიდრე პრესკრიპტიული ასპექტით - ის კარგად აღწერს პრობლემებს, მაგრამ ყოველთვის არ გვთავაზობს კონკრეტული გადაწყვეტის გზებს. მესამე, ემპირიული ვერიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად.
შედარებითი ანალიზი: რეფორმების შედეგები
პოლონეთის გამოცდილება
პოლონეთი ხშირად მოიხსენიება როგორც შოკური თერაპიის წარმატებული მაგალითი. 1990 წლის იანვარში დაწყებულმა ბალცეროვიჩის გეგმამ მოიცვა ფასების ლიბერალიზაცია, ფისკალური და მონეტარული შეზღუდვები და პრივატიზაციის დაწყება (იხ.ცხრილი 1).

 

თუმცა, პროფესორ საქსის მიდგომის ტრიუმფად ამ შემთხვევის წარმოდგენა იქნებოდა გამარტივება. პოლონეთის წარმატება განპირობებული იყო რამდენიმე უნიკალური ფაქტორით: კერძო სექტორის არსებობა უკვე კომუნისტურ პერიოდში (კერძო მიწათმფლობელობა სოფლის მეურნეობაში); ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და "სოლიდარობის" მოძრაობის მემკვიდრეობა; გეოგრაფიული სიახლოვე დასავლეთ ევროპასთან და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა; საერთაშორისო ფინანსური დახმარება და ვალის რესტრუქტურიზაცია (Kolodko, 2000; Roland, 2000).
რუსეთის გამოცდილება
რუსეთში, სადაც 1992 წლიდან ასევე განხორციელდა შოკური თერაპია, შედეგები კარდინალურად განსხვავებული აღმოჩნდა (იხ.ცხრილი 2).

 

ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას აკადემიკოს პაპავას თეორიული ჩარჩოთი: რუსეთის ეკონომიკა წარმოადგენდა ნეკროეკონომიკის კლასიკურ მაგალითს, სადაც საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა - გიგანტური, არაეფექტიანი საწარმოები, არსებითად ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება, ცენტრალიზებული მართვის ტრადიციები - ქმნიდა სრულიად განსხვავებულ ინსტიტუციურ კონტექსტს.
როგორც აკადემიკოსი პაპავა აღნიშნავს, რუსეთში პრივატიზაციამ არ შექმნა ეფექტიანი კერძო სექტორი, არამედ გამოიწვია სახელმწიფო აქტივების კონცენტრაცია ოლიგარქიული ჯგუფების ხელში, რაც სწორედ ნეკრო-საწარმოების მეორე ტიპის - თავდაპირველად ეფექტიანი, მაგრამ კორუფციითა და ცუდი მენეჯმენტით გახრწნილი საწარმოების, მასობრივ წარმოშობას ნიშნავდა (Goldman, 2003; Papava, 2005).

საქართველოს გამოცდილება
საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ილუსტრირებს როგორც შოკური თერაპიის, ასევე კონტექსტუალური მიდგომის ელემენტებს სხვადასხვა პერიოდში (იხ.ცხრილი 3).

 

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველომ განიცადა კატასტროფული ეკონომიკური კოლაფსი, რაც განპირობებული იყო არამხოლოდ ტრანსფორმაციული კრიზისით, არამედ სამოქალაქო ომით და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. 1994-1995 წლების სტაბილიზაციის პროგრამამ, რომელშიც აკადემიკოსი პაპავა აქტიურად მონაწილეობდა, მოიცვა ეროვნული ვალუტის - ლარის - შემოღება და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებები.
აკადემიკოს პაპავას თანახმად, საქართველოს გამოცდილება აჩვენებს ნეკროეკონომიკის თეორიის პრაქტიკულ რელევანტურობას: მრავალი საბჭოთა პერიოდის საწარმო გახდა კლასიკური ნეკრო-საწარმო, რომელიც ვერც ფუნქციონირებდა ეფექტიანად და ვერც იხურებოდა სოციალური მიზეზების გამო (Papava, 2006, 2012). შემდგომი პერიოდის რადიკალურმა ლიბერალიზაციამ (2004-2012) მოიტანა გარკვეული წარმატებები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში, მაგრამ ვერ გადაჭრა სტრუქტურული უმუშევრობისა და რეგიონული დისბალანსის პრობლემები.

თანამედროვე გამოწვევები და თეორიული ადაპტაცია

COVID-19 პანდემია და ზომბი-ეკონომიკა
COVID-19 პანდემიამ შექმნა უპრეცენდენტო გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და გახდა ორივე ეკონომისტისთვის თეორიული ადაპტაციის ტესტი. აკადემიკოსმა პაპავამ შემოიტანა "კორონომიკური კრიზისის" კონცეფცია, რითაც აღწერა სიტუაცია, როდესაც "ეკონომიკა არის მედიცინის მძევალი" (Papava, 2020a). მან გააფრთხილა ზომბი-ეკონომიკის საფრთხის შესახებ - მდგომარეობის, როდესაც მასიური სახელმწიფო დახმარება ინარჩუნებს არაეფექტიან საწარმოებს (Papava, 2020b; Papava & Chkuaseli, 2021).
პროფესორი საქსი, როგორც Lancet-ის COVID-19 კომისიის თანათავმჯდომარე, ფოკუსირდა პანდემიის გლობალურ მართვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე (Sachs et al., 2022). მისი მიდგომა ხაზს უსვამდა გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და ვაქცინებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.
ორივე მიდგომა აჩვენებს გარკვეულ კომპლემენტარულობას: აკადემიკოს პაპავას მიკროეკონომიკური ანალიზი ფირმების დონეზე და პროფესორ საქსის მაკროგლობალური პერსპექტივა ერთად ქმნის უფრო სრულ სურათს.

რუსეთ-უკრაინის ომი და სანქციონომიკა
რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტით, აკადემიკოსმა პაპავამ განავითარა "სანქციონომიკის" კონცეფცია, რომელიც აანალიზებს ეკონომიკური სანქციების კომპლექსურ შედეგებს, როგორც სამიზნე, ასევე მსანქცირებელი ქვეყნებისთვის (Papava, 2022a, 2022b). ეს კონცეფცია აჩვენებს სანქციების ექსტერნალიებს - გაუთვალისწინებელ შედეგებს მესამე ქვეყნებისთვის, ენერგეტიკული ბაზრებისთვის და გლობალური მიწოდების ჯაჭვებისთვის.
კონფრონტაციული გლობალიზაციის კონცეფცია (Papava, 2022c; Papava & Bedianashvili, 2024) აღწერს გლობალიზაციის ახალ ფაზას, სადაც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება გამოიყენება გეოპოლიტიკურ იარაღად. ეს განსხვავდება როგორც ნეოლიბერალური ოპტიმიზმისგან გლობალიზაციის კეთილისმყოფელობის შესახებ, ასევე პროტექციონისტული იზოლაციონიზმისგან.
პროფესორი საქსი ამ პერიოდში ფოკუსირდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე და გააკრიტიკა დასავლეთის "ცივი ომის მენტალიტეტი", რითაც გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა დასავლურ აკადემიურ წრეებში.

ეპისტემოლოგიური განსხვავებები
ორ მეცნიერს შორის ფუნდამენტური განსხვავება თავს იჩენს მათ ეპისტემოლოგიურ პოზიციაში. პროფესორი საქსი, განსაკუთრებით თავის ადრეულ კარიერაში, წარმოადგენდა დედუქციურ-უნივერსალისტურ მიდგომას: თეორიული პრინციპებიდან (თავისუფალი ბაზარი, კერძო საკუთრება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა) გამომდინარე, იგი აყალიბებდა პოლიტიკის რეკომენდაციებს, რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებადი ნებისმიერი კონტექსტით.
აკადემიკოსი პაპავა, პირიქით, ავლენს ინდუქციურ-კონტექსტუალურ მიდგომას: კონკრეტული ეკონომიკების ემპირიული დაკვირვებიდან (პოსტსაბჭოთა ქვეყნები, განვითარებადი ეკონომიკები) იგი აყალიბებს თეორიულ კონცეფციებს, რომლებიც ითვალისწინებს ლოკალურ თავისებურებებს.
ეს ეპისტემოლოგიური განსხვავებები აისახება მათ დამოკიდებულებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. პროფესორი საქსი, როგორც ვაშინგტონის კონსენსუსის ერთ-ერთი ავტორი, თავდაპირველად მხარს უჭერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტანდარტიზებულ რეკომენდაციებს, თუმცა, მოგვიანებით, გახდა მათი კრიტიკოსიც გარკვეულ ასპექტებში. აკადემიკოსი პაპავა კი, თავიდანვე კრიტიკულად უდგებოდა ერთ უნიფიცირებულ მიდგომას და ხაზს უსვამდა ეკონომიკური პოლიტიკის ეროვნული ავტონომიის მნიშვნელობას (Papava, 2002, 2021).

დასკვნა

პროფესორ საქსისა და აკადემიკოს პაპავას თეორიული პარადიგმების შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა ეკონომიკური ტრანსფორმაციის სტრატეგიების შერჩევაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ასპექტი:
1. ინსტიტუციური კონტექსტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური რეფორმების წარმატებისთვის. რეფორმების იდენტურმა პაკეტმა შეიძლება გამოიღოს კარდინალურად განსხვავებული შედეგები სხვადასხვა ინსტიტუციურ გარემოში, როგორც ეს პოლონეთის, რუსეთისა და საქართველოს შემთხვევებმა აჩვენა.
2. ეკონომიკური თეორიის უნივერსალურობის იდეა მოითხოვს კრიტიკულ გადაფასებას. პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის გამოცდილებით, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა აბსტრაქტული თეორიების მექანიკურ გამოყენებას, არამედ, ლოკალური რეალობის ღრმა გააზრებას. აკადემიკოს პაპავას "არატრადიციული ეკონომიკა" წარმოადგენს სწორედ ასეთი ადაპტაციური მიდგომის მაგალითს.
3. ორივე მეცნიერის თეორიული ევოლუცია აჩვენებს, რომ კარგი ეკონომიკური თეორია უნდა იყოს ადაპტაციური. პროფესორ საქსის გადასვლა შოკური თერაპიის ავტორობიდან მდგრადი განვითარების მხარდამჭერამდე და აკადემიკოს პაპავას თეორიული არსენალის მუდმივი ევოლუციური (თანმიმდევრული) განვითარება (ნეკროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე), აჩვენებს ეკონომიკური აზროვნების საჭირო დინამიკურობას.
4. COVID-19 პანდემიამ, რუსეთ-უკრაინის ომმა და გლობალიზაციის ტრანსფორმაციამ დაადასტურა აკადემიკოს პაპავას თეზისი, რომ ეკონომიკური რეალობა არის დინამიკური და მოითხოვს მუდმივ თეორიულ ინოვაციას. მისი კონცეფციები ზომბი-ეკონომიკის, სანქციონომიკისა და კონფრონტაციული გლობალიზაციის შესახებ, აჩვენებს მის უნარს, გააანალიზოს ახალი ეკონომიკური ფენომენები და შეიმუშაოს შესაბამისი თეორიული ჩარჩოები.
5. ეკონომიკური აზროვნების დამოუკიდებლობა და ადგილობრივი ეკონომიკური სკოლების განვითარება არის გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატების აუცილებელი პირობა. აკადემიკოს პაპავას ნაშრომები წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომისტმა შექმნას ორიგინალური თეორიული კონცეფციები, რომლებიც რელევანტურია გლობალური ეკონომიკური დისკუსიისთვის. 2024 წელს იგი აირჩიეს საერთაშორისო CORE მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ხოლო 2025 წელს - ბრიტანეთის სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (Royal Economic Society) წევრად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი თეორიული წვლილის საერთაშორისო აღიარებას.

მომავალი კვლევის მიმართულებები. წინამდებარე ანალიზი ხსნის გზას შემდეგი კვლევითი მიმართულებებისთვის: ა) ორივე პარადიგმის ელემენტების სინთეზის შესაძლებლობის შესწავლა; ბ) აკადემიკოს პაპავას თეორიული ჩარჩოს ემპირიული ტესტირება სხვა პოსტკომუნისტური და განვითარებადი ქვეყნების მონაცემებზე; გ) კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკური მდგრადობის სტრატეგიების შემუშავება.
საბოლოო ანგარიშით, პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის გამოცდილება და თანამედროვე გლობალური კრიზისების ანალიზი ადასტურებს, რომ არ არსებობს ეკონომიკური განვითარების უნივერსალური გზა. ყველა ქვეყანამ უნდა შექმნას საკუთარი, კონტექსტზე მორგებული სტრატეგია. აკადემიკოს პაპავას კონტექსტუალურ-ადაპტაციური მიდგომა, პროფესორ საქსის გლობალურ პერსპექტივასთან კომბინაციაში, შეიძლება იყოს ყველაზე პროდუქტიული გზა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისკენ.

Keywords: Post-communist transformation, shock therapy, necroeconomics, retroeconomics, zombie-economics, sanctionomics, unconventional economics, confrontational globalization, institutional context, economic policy.
JEL Codes: P21, P26, P30, O57, F51

ლიტერატურა:
References:

• Balcerowicz L. (1995). Socialism, Capitalism, Transformation. Budapest: Central European University Press.
• Ellman M. (2000). The Social Costs and Consequences of the Transformation Process. Economic Survey of Europe, 2/3, 125-140.
• Goldman M. (2003). The Piratization of Russia: Russian Reform Goes Awry. London: Routledge.
• Kolodko G. W. (2000). From Shock to Therapy: The Political Economy of Postsocialist Transformation. Oxford: Oxford University Press.
• Kornai J. (1992). The Socialist System: The Political Economy of Communism. Princeton: Princeton University Press.
• Lipton D., & Sachs J. (1990). Creating a Market Economy in Eastern Europe: The Case of Poland. Brookings Papers on Economic Activity, 1990(1), 75-147.
• Milanovic B. (1998). Income, Inequality, and Poverty during the Transition from Planned to Market Economy. Washington: World Bank.
• Papava V. (2002). Necroeconomics - the Theory of Post-Communist Transformation of an Economy. International Journal of Social Economics, 29(9-10), 796-805.
• Papava V. (2003). On the Essence of Economic Reforms in Georgia. Caucasian Review of International Affairs, 2(4), 25-32.
• Papava V. (2005). Necroeconomics: The Political Economy of Post-Communist Capitalism. New York: iUniverse.
• Papava V. (2006). The Political Economy of Georgia\\\'s Rose Revolution. Orbis, 50(4), 657-667.
• Papava V. (2012). The Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. New York: Nova Science Publishers.
• Papava V. (2017). Retroeconomics - Moving from Dying to Brisk Economy. Journal of Reviews on Global Economics, Vol. 6.
• Papava V. (2020a). Coronomic Crisis: When the Economy is a Hostage to Medicine. Eurasia Review, March 29.
• Papava V. (2020b). Features of the Economic Crisis under the COVID-19 Pandemic and the Threat of the Zombie-ing of the Economy. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 14(3), 128-134.
• Papava V. (2021). Unconventional Economics. Tbilisi: TSU Press.
• Papava V. (2022a). On Sanctionomics. Eurasia Review, March 14.
• Papava V. (2022b). On Sanctionomics and the Externalities of Economic Sanctions. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, Vol. 16, No. 2.
• Papava V. (2022c). Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to Confrontational Globalization. Eurasia Review, May 23.
• Papava V. (2023). Can High Inflation Wipe Out The Zombies In The Economy? Eurasia Review, March 8.
• Papava V. (2024). From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, IN: iUniverse.
• Papava V. (2024). World Monetary Order: From Currency Globalization to Currency Geopolitics. Eurasia Review, November 21.
• Papava V. (2025). Transport Corridors of Central Asia - Facing the Challenges of Confrontational Globalization. Tbilisi: GFSIS.
• Papava V., & Bedianashvili G. (2024). Social and Economic Resilience in Conditions of Confrontational Globalization and Uncertainty. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, Vol. 18, No. 3.
• Papava V., & Chkuaseli M. (2021). Coronomics, Financial Support for the Economy and its Zombie-ing. Finance: Theory and Practice, 25(5), 6-23.
• Papava V., & Khaduri N. (2003). On the Shadow Political Economy of the Post-Communist Transformation. Problems of Economic Transition, 46(1), 28-52.
• Roland G. (2000). Transition and Economics: Politics, Markets, and Firms. Cambridge, MA: MIT Press.
• Sachs J. (1993). Poland\\\'s Jump to the Market Economy. Cambridge, MA: MIT Press.
• Sachs J. (1995). Russia\\\'s Struggle with Stabilization: Conceptual Issues and Evidence. Proceedings of the World Bank Annual Conference on Development Economics 1994.
• Sachs J. (2005). The End of Poverty: Economic Possibilities for Our Time. New York: Penguin Press.
• Sachs J. (2017). Building the New American Economy: Smart, Fair, and Sustainable. New York: Columbia University Press.
• Sachs J. (2020). The Ages of Globalization: Geography, Technology, and Institutions. New York: Columbia University Press.
• Sachs J. (2022). Ethics in Action for Sustainable Development. New York: Columbia University Press.
• Sachs J., Abdool Karim S. S., et al. (2022). The Lancet Commission on lessons for the future from the COVID-19 pandemic. The Lancet, September 14.
• Sachs J., & Warner, A. (1995). Economic Reform and the Process of Global Integration. Brookings Papers on Economic Activity, 1995(1), 1-118.
• Stiglitz J. E. (2002). Globalization and Its Discontents. New York: W.W. Norton & Company.
• Williamson J. (1990). What Washington Means by Policy Reform. Washington, DC: Institute for International Economics