English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
აკადემიკოსის ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის - „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ - პრეზენტაცია
რედაქტორები: ე. მექვაბიშვილი, გ. ბედიანაშვილი
თბ., „უნივერსალი“, 2025, 490 გვ

2025 წლის 28 ოქტომბერს თსუ-ის პირველი კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის -„ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ პრეზენტაცია.
ღონისძიებას უძღვებოდა ეკონიმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბატონი ლადოს აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობა საყოველთაოდ ცნობილია - ის, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული, 500-ზე მეტი ნაშრომის ავტორია და, რომ თავისი მოღვაწეობითა და დაუღალავი შრომით, გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი დარგის განვითარებაში. რექტორმა ხაზი გაუსვა წარმოდგენილი წიგნის მაღალ სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობას. აკადემიური საბჭოს სახელით მან მიულოცა ბატონ ლადოს 70 წლის იუბილე, მადლობა გადაუხადა კოლექტივს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საინტერესო და ღირებული წიგნის შექმნაში და აკადემიკოს ლადო პაპავას, ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გადასცა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის სამეცნიერო რედაქტორები - პროფესორები ელგუჯა მექვაბიშვილი და გივი ბედიანაშვილი. მათ ისაუბრეს აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიერ ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ, მისი ცალკეული ახალი მიმართულებების და კონცეფციების ფორმირებაში და უსურვეს იუბილარს ახალი შემოქმედებითი წარმატებები. რედაქტორებმა, აქვე, დიდი მადლობა გადაუხადეს წიგნში წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიების ავტორებს თანამშრომლობისათვის.
ღონისძიების ბოლოს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტის რექტორის აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტის დეკანის პროფესორ გიორგი ღაღანიძის და განსაკუთრებით, სამეცნიერო სტატიების ავტორებისა და წიგნის რედაქტორების მიმართ.
წიგნი გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.