English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორი რევაზ კაკულია

 გარდაიცვალა თვალსაჩინო მეცნიერი, პედაგოგი და სახელმწიფო მოღვაწე,   საქართველოს  ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ   მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაკულია.
 რევაზ კაკულია დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფ. ნორიოში. მამა   შალვა კაკულია მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ობლად დარჩენილი სამი   მცირეწლოვანი შვილი ღირსეულად გაზარდა დედამ –   მარიამ გვაზავამ, პროფესიით   პედაგოგმა.
 რ. კაკულიამ 1954 წელს ვერცხლის მედლით დაამთავრა აბაშის ვაჟთა საშუალო სკოლა   და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ   ფაკულტეტზე ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით,   რომელიც წარჩინებით   დაასრულა 1959 წელს.
 ბატონმა რევაზმა თავისი ცხოვრება სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელმწიფო   მოღვაწეობას მიუძღვნა. იგი ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა იმ თაობის ერთ-ერთი   ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც ასპარეზზე 1960-იან  წლებში გამოვიდა და   თეორიული და პრაქტიკული ეკონომიკური პრობლემების ახალი ხედვით, მათი   გადაწყვეტის თამამი გზების ძიებით გამოირჩა.
 1966 წელს ბატონმა რევაზმა დამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ასპირანტურა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. პროფ. რევაზ კაკულიას სამეცნიერო კვლევის ძირითადი სფეროა ფინანსებისა და კრედიტის თეორიისა და ისტორიის საკითხები. ფულის მიმოქცევისა და კრედიტის შესახებ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველ მოღვაწეთა ნააზრევს მან ორი მონოგრაფია მიუძღვნა. მეცნიერმა ასევე საგანგებოდ შეისწავლა დიდი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ეკონომიკური პუბლიცისტიკა.
1970-1980-იანი წლების მიჯნაზე რ. კაკულიას სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებული იყო აგრალური ეკონომიკისა და აგრალური ფინანსების პრობლემატიკაზე. მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები 1988 წელს ცალკე მონოგრაფიიად გამოიცა სახელწოდებით „მეურნეობრიობის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლება აგროსამრეწველო კომპლექსში“. ჩატარებული კვლევის შედეგები ასევე აისახა ბატონი რევაზის სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც წარმატებით დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1993 წელს და მას მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1996 წელს კი – პროფესორის წოდება.
პროფესორ რევაზ კაკულიას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო 1991 წელს, როცა იგი დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოად¬გი¬ლედ სამეცნიერო დარგში, სადაც იგი 12 წელი ხელმძღვანელობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრასთან, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებასთან, ეკონომიკის ინდიკატურ დაგეგმვასთან, ახალი საბიუჯეტო სისტემის ფორმირებასთან და საბანკო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ მიმართულებებს.
1996 წელს პროფესორი რევაზ კაკულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრად აირჩიეს. თავისი ხანგრძლივი სამეცნიერო კარიერის განმავლობაში მან გამოაქვეყნა 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 10 მონოგრაფიაა.
პროფ. რევაზ კაკულიას მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილია სტუდენტებისა და სამეცნიერო კადრების აღზრდა-პროფესიული დაოსტატება. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - იყო პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ლექტორი, დოცენტი, ასევე იკავებდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის პროფესორის თანამდებობას. ამ პერიოდში აღსანიშნავია რ. კაკულიას მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები, რომელთა შორის გამოვყოფდით „ფინანსების ზოგად თეორიას“. ამას გარდა, ბატონი რეზო კოლეგებთან ერთად არაერთი სახელმძღვანელოს თანაავტორია.
ცალკე უნდა აღინიშნოს პროფესორ რევაზ კაკულიას მოღვაწეობა ქ. ქუთაისში, სადც მან 1995 წელს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩამოაყალიბა ფინანსებისა და კრედიტის კათედრა და წლების მანძილზე უძღვებოდა მას, როგორც კათედრის გამგე. იგი ასევე თანამშრომლობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტთან. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ბატონი რევაზი იკავებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის თანამდებობას.
პროფ. რევაზ კაკულიას ხელმძღვანელობით მომზადდა ეკონომიკის 15 აკადემიური დოქტორი (ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი). იგი იყო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად 5 და ეკონომიკის აკადემიური დოქტორის (ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის) 20-მდე ნაშრომის ოპონენტი.
ყველაფერთან ერთად, ბატონი რევაზ კაკულია სახელმწიფო მოღვაწეც იყო. ამ მიმართულებით მისი პროფესიული კარიერა სსრკ სახელმწიფო ბანკის სისტემაში დაიწყო. 1959-1962 წწ. იგი იყო სახ.ბანკის თბილისის რაიონული განყოფილების მმართველის მოადგილე. მალე დააწინაურეს და 1972 წელს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, სადაც სხვადასხვა დროს (1972-1979; 1986-1991 წლებში) 13 წელი იმუშავა. სამინისტროში იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ისეთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს მიმართულებებს, როგორიცაა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
1979 წელს რევაზ კაკულია გადაიყვანეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, ხოლო სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
ყველა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბატონი რევაზ კაკულია ავლენდა მაღალი დონის პროფესიონალიზმს, იყო პრინციპული და მომთხოვნი, როგორც საკუთარი თავის, ასევე კოლეგების მიმართ, ამასთანავე სამართლიანი და ობიექტური, უაღრესად კეთილსინდისიერი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, რაც სანიმუშო მაგალითია ყველასათვის.
პროფ. რევაზ კაკულიას დამსახურება ქართული სახელმწიფოს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არაერთხელ აღინიშნა მაღალი ჯილდოებით: 1982 წელს იგი დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით, 1997 წელს – ღირსების ორდენით, 2010 წელს თსუ-ის უმაღლესი ჯილდოთი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
ბატონი რევაზ კაკულიას ოჯახის დიდი ტრადიციები ღირსეულად გრძელდება მისი ოჯახის წევრების მიერ, რომელთა შორისაა ჩვენი კოლეგა, ცნობილი მეცნიერი და პრაქტიკოსი ბანკირი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.
ბატონი რევაზის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისათვის თავდაუზოგავი შრომის საუკეთესო მაგალითია. მისი ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება კოლეგებისა და სტუდენტთა არაერთი თაობის მეხსიერებაში.

 


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია