ჟურნალი ნომერი 2 ∘ პროფესორი რევაზ გველესიანი – 70
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ჩვენი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრს რევაზ გველესიანს 70 წელი შეუსრულდა.
რევაზ გველესიანი დაიბადა 1955 წლის 25 ივნისს თერჯოლის რაიონის სოფელ სკანდეში. 1972 წელს დაამთავრა ზედა საზანოს საშუალო სკოლა. 1973-1978 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1978-1981 წლებში კი – ასპირანტურაში პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით. 1982 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც მოამზადა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მეცნიერ-ხელმძღვანელები – პროფესორი ალექსანდრე ბაჯელიძე და პროფესორი ნათან შეხეტი), 1990 წ. კი – სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მოამზადა ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტში (მეცნიერ- კონსულტანტი პროფესორი ჰერმან ალბეკი).
მას გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების იერარქიაში არსებული წინააღმდეგობების დაძლევის, სახელმწიფოს მიერ რაციონალური და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების და მეწარმეობის ახალი კულტურის ფორმირებისა და განვითარების შესახებ ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მათ შორის 10 მონოგრაფია, რომელთაგან ერთმა 2000 წელს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ხოლო მეორემ 2003 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია დაიმსახურა; ასევე 8 სახელმძღვანელო (პირველი ქართული სახელმძღვანელო „ეკონომიკურ პოლიტიკაში“ – თანაავტორობით) და 40 სტატია საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.
პროფ. რევაზ გველესიანს მოპოვებული აქვს 20 საერთაშორისო სამეცნიერო სტიპენდია და სასწავლო-საგანმანათლებლო გრანტი. იგი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის, ტიუბინგენის, მიუნხენის, ბონის, ფრაიბურგის, ბრანდენბურგის, ზაარლანდის, პოტსდამის უნივერსიტეტებში, ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გერმანულ ინსტიტუტში (SWP), ეკონომიკური კვლევების გერმანულ ინსტიტუტში (DIW) და თანამშრომლობდა ცნობილ მეცნიერებთან.
რევაზ გველესიანი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში რომის, ფლორენციის, მილანის, პარმას, ტრენტოს, პალერმოს, სასსარის (ალგერო, იტალია), მადრიდის უნივერსიტეტებში და ვენის დიპლომატიურ აკადემიაში. ამასთან, 2015 წლის ივნისში რომის ტრეს უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე თსუ-ის მეცნიერთა, მათ შორის რევაზ გველესიანის, კვლევებმა ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის მეორე ადგილი მიენიჭა.
2005 წელს პროფ. რევაზ გველესიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა და 2006 წელს ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ბერლინის (ტექნიკურ და თავისუფალ), პოტსდამის, ცუკუბას, რომის საპიენცას და მისკოლცის (უნგრეთი) უნივერსიტეტებთან.
რევაზ გველესიანი ხელმძღვანელობს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამას და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მოდულს „ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია“. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 20 დოქტორანტმა, ხოლო 10 აგრძელებს მუშაობას თავიანთ საკვალიფიკაციო ნაშრომებზე.
პროფ. რევაზ გველესიანი ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, ვაშინგტონის მეცნიერების პროგრესის ასოციაციის, იტალიის გამოყენებითი ეკონომიკის ასოციაციის, ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) და საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრია. ამჟამად ის არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო კომისიების და ეკონომიკური პროფილის რამდენიმე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2016 წელს იგი არჩეული იქნა ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) ვიცე პრეზიდენტად.
რევაზ გველესიანი ხელმძღვანელობდა ეკონომიკის სექციას – მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (WASET) მიერ მადრიდის უნივერსიტეტში გამართულ (10-11 ნოემბერი, 2014) და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (IABE) მიერ სასსარის (ალგერო) უნივერსიტეტში (14-16 ივნისი, 2017) ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. ამასთან, იგი მონაწილეობდა IABE-ს 2018 წლის 14-16 ივნისს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში, როგორც მომხსენებელი და სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
2019 წლიდან რევაზ გველესიანი არჩეულია ჟურნალის „International Journal of Global Sustainability (IJGS)“, Las Vegas, Nevada, USA – სარედაქციო კოლეგიის წევრად, ხოლო 2024 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტად.
რევაზ გველესიანი 2006-2014 წლებში იყო თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, 2012-2016 წლებში კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით, პაატა გუგუშვილის სახელობის მედლით და ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით.
ბატონი რევაზი ჩინებული მეოჯახეა, ჰყავს მეუღლე - ლამარა გოგბერაშვილი, პროფესიით ექიმი-პედიატრი და ორი ქალიშვილი.
გულითადად ვულოცათ პროფ. რევაზ გველესიანს სახელოვან იუბილეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია