ჟურნალი ნომერი 2 ∘ პროფესორი მირიან ტუხაშვილი - 80
პროფესორი მირიან ტუხაშვილი დაიბადა 1945 წლის 23 აპრილს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მასწავლებლის ოჯახში. 1969 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „შრომის ეკონომიკის“ სპეციალობით. ამავე სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. 1971 წლიდან დღემდე თსუ-ის ლექტორია, კითხულობს სხვადასხვა საგნებს „შრომის ეკონომიკის“ მიმართულებით.
ბატონ მირიანს 1997 წლიდან უკავია პროფესორის თანამდებობა. 2000-2009 წლებში იყო „შრომის ეკონომიკის“კათედრის გამგე, 2019 წლიდან – მაკროეკონომკის კათედრის ხელმძღვანელია.
1972-1990 წწ. იგი შეთავსებით მუშაობდა სახალხო მეურნეობის ეკონომიკის ინსტიტუტში, 1991-2006 წწ. საქართველოს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში, 2000- 2004წწ. იყო საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე.
პროფესორ მირიან ტუხაშვილის ხანგრძლივი სამეცნიერო შემოქმედება შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: საბჭოთა პერიოდში, თითქმის 20 წელი იკვლევდა თბილისის ზრდის შეზღუდვისა და საშუალო და პატარა ქალაქების განვითარების უმწვავეს პრობლემებს. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ქალაქების ზრდის რეგულირების დასაბუთებული წინადადებების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ კვლევებმა საბოლოოდ თავი მოიყარა მის მონოგრაფიაში – „შრომითი რესურსების ფორმირება და გამოყენება საქართველოს საშუალო და პატარა ქალაქებში“ (1990).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი პირველი იყო (უკრაინელ ა. ხომრასთან ერთად), ვინც თავის პუბლიკაციებში დასაბუთებული არგუმენტებით მწვავედ გააკრიტიკა ამიერკავკასიისა და შუა აზიის მოსახლეობის სსრკ ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში გადანაწილების სტიმულირების კონცეფცია, რომლის სათავეში იდგნენ იმ დროს ყველაზე დიდი ავტორიტეტები: ნ. ნეკრასოვი, ლ. რიბაკოვსკი, ბ. ხორევი.
პოსტსაბჭოთა პერიოდში პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა მიზნად დაისახა საქართველოს შრომითი პოტენციალის მრავალმხრივი მეცნიერული შეფასება. შრომისა და ყოფის უმძიმეს წლებშია დაწერილი მისი წიგნები: „საქართველოს მოსახლეობის განათლების პოტენციალი“ (1994), „საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია“ (1995), „საქართველოს შრომითი პოტენციალი: დემოგრაფიული პრობლემები“(1996), „საქართველოს შრომითი პოტენციალი: ფორმირება და განაწილება“ (1998). აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომებში პირველადაა ღრმა მეცნიერული მსჯელობა საქართველოს დემოგრაფიულ ოპტიმუმზე.
მეცნიერული მოღვაწეობის მესამე ეტაპი, ძირითადად, საქართველოს უმწვავეს პრობლემას – მიგრაციას ეხება. 2004 წელს თავის მოწაფეებთან ერთად თსუ-ში დააარსა მიგრაციის კვლევის ცენტრი. პროფესორი მ. ტუხაშვილი ხელმძღვანელობდა ევროპული გრანტებით გამოკვლეულ და შემდგომ ინგლისურ ენაზე მონოგრაფიებად გამოცემულ ფართოდ გახმაურებულ კოლექტიურ ნაშრომებს.
პროფესორ მირიან ტუხაშვილის რედაქტორობით მიგრაციის კვლევის ცენტრი უშვებს სამეცნიერო ჟურნალს „მიგრაცია“, სადაც ქართველ მკვევრებთან ერთად ნაშრომებს ბეჭდავენ მსოფლიოში აღიარებული უცხოელი მეცნიერებიც. უკვე გამოვიდა 11 ნომერი.
უმდიდრესი ინფორმაციის ღრმა ანალიზითაა დაწერილი მირიან ტუხაშვილის უაღრესად ორიგინალური ნაშრომი – „მიგრაციული ექსპანსიის დასასრული და რუსეთის ახალი მიგრაციული პოლიტიკა“ (2009). აქ მეცნიერულადაა შეფასებული რუსეთის საუკუნოვანი ექსპანსიონისტური მიგრაციული პოლიტიკის, რუსული კოლონიზაციის ლოგიკური კრახი. გაკრიტიკებულია რუსეთში გამძვინვარებული მიგრანტოფობია, ქართველოფობია.
2011-2014 წწ. პროფ. ფ. ფარგუსის მიწვევით საყოველთაოდ ცნობილ პროექტ “CARIM-East-ის აქტიური მონაწილეა(ფლორენცია). იქ გამოქვეყნებულ ყველა მის ნაშრომში მკვეთრადაა გამოკვეთილი საქართველოს მიგრაციული უსაფრთხოების პოზიცია.
პროფესორ მირიან ტუხაშვილის ხელმძღვანელობით დაცულია ათი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და უნივერსიტეტში გაწეული ღვაწლისათვის პროფესორი მირიან ტუხაშვილი დაჯილდოებულია „ღირსების ორდენითა“ და სხვა მედლებით.
ამჟამად ის მხნედ ელოდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემთა გამოქვეყნებას, რათა თავისი დიდი გამოცდილებით მეცნიერულად შეაფასოს საქართველოს დემოეკონომიკურ განვითარებაში მომხდარი არსებითი ცვლილებები.
ბატონი მირიანი ღვაწლმოსილ მეცნიერთან და ამაგდარ პედაგოგთან ერთად ჩინებული მეოჯახეცაა. მისი მეუღლე, ქალბატონი მზია შელია ჩვენი ფაკულტეტის ასცირებული პროფესორია. ქალიშვილები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები არიან.
პროფესორ მირიან ტუხაშვილს ვულოცავთ სახელოვან იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია