English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე – 85 წლისაა

 გამოჩენილი მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და უმაღლესი სკოლის         ორგანიზატორი პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე დაიბადა 1940 წლის 22 ივნისს,   სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, მარგალიტა და       ნიკოლოზ   პაიჭაძეების მრავალშვილიან ოჯახში. მან 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა   ჩოხატაურის რაიონის საჭამიასერის საშუალო სკოლა. აღსანიშნავია, რომ   წარმატებულ სწავლას იგი შესანიშნავად უთავსებდა   ფიზიკურ შრომას და თავისი   წვლილი შეჰქონდა ოჯახის კეთილდღეობაში.
 1964 წელს ნუგზარ პაიჭაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკური   ფაკულტეტის შრომის ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტი გახდა.   მან აქაც თავი   ისახელა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ბეჯითი   ქცევით.   იგი  თითქმის მთელი სტუდენტობის პერიოდში, ჯერ ჯგუფხელი და მერე   ფაკულტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმატებული   ხელმძღვანელი იყო. ნუგზარ პაიჭაძემ, როგორც უნივერსიტეტის   სტუდენტური   რაზმის ხელმძღვანელმა, ყამირი მიწების ათვისებაში, მრავალჯერ დაიმსახურა   ჯილდო.
 ბატონი ნუგზარი, სტუდენტობის წლებში აქტიურად ჩაება სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობაში. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა მისმა მოხსენებამ სტუდენტებისა და ლექტორების მოწონება   დაიმსახურა და დაიბეჭდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კრებულში.
 სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ პროფ. ნუგზარ პაიჭაძე 1969-1972 წლებში, თსუ-ის შრომის ეკონომიკის სპეციალობის ასპირანტია, ხოლო ასპირანტურის დასრულების შემდეგ 1973   წელს, მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
 ნუგზარ პაიჭაძე 1972-1974 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კათედრის უფროს მასწავლებლად, 1974-78წწ.   შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, 1978-1989 წწ. – კი საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის სამრეწველო ორგანიზაციისა და მართვის კათედრის დოცენტია.
 1974 წლიდან ნ. პაიჭაძე საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა, ხოლო 1979 წლიდან 2005 წლამდე ფაკულტეტის დეკანი. იგი 26 წლის განმავლობაში ემსახურა ფაკულტეტს დეკანის   თანამდებობაზე, რაც უპრეცენდენტოა თსუ-ის ისტორიაში.
 პროფ. ნუგზარ პაიჭაძე ფაკულტეტის დეკანის საპატიო და ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ღირსეულად მოღვაწეობასთან ერთად, მუდმივად ზრუნავდა საკუთარი სამეცნიერო და პროფესიული მომზადების დონის ამაღლებაზე. მან 1988 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1990 წელს კი მიენიჭა პროფესორის წოდება.
1993-2007 წლებში ნუგზარ პაიჭაძე უნივერსიტეტთან არსებული სექტორული ეკონომიკის, შრომის ეკონომიკისა და დემოგრაფიის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990–იანი წლების პირველ ნახევარში, სამეცნიერო საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სწავლულ ექსპერტთა საბჭო და ჩამოყალიბდა სადისერტაციო საბჭოები. ეკონომიკის დარგობრივი სექციის ერთ-ერთი წევრად არჩეულ იქნა პროფ. ნუგზარ პაიჭაძე.
წარმატებული სამეცნიერო, სასწავლო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის პროფ. ნუგზარ პაიჭაძე დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის მედლით და თსუ-ის ოქროს მედლით.
2006 წლის სექტემბრიდან პროფ. ნუგზარ პაიჭაძე თსუ-ის ასოცირებული პროფესორია. იგი 2019 წლამდე მუშაობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრაზე, 2019 წლის ნოემბრიდან კი – გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრაზე მოღვაწეობს. ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში პროფესორ ნუგზარ პაიჭაძეს გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია, 10-მდე სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.
პროფ. ნ. პაიჭაძის ხელმძღვანელობით მომზადდა ორ ათეულზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია, იგი იყო მრავალი დოქტორანტის სადისერტაციო, მაგისტრანტისა და ბაკალავრის სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელი.
პროფ. ნუგზარ პაიჭაძე საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.
ნუგზარ პაიჭაძე დიდი ოჯახის ერთგული წინამძღოლია. მას ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟი, ერთი ქალიშვილი და 8 შვილიშვილი.
დიდია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნუგზარ პაიჭაძის დამსახურება ქართული ეკონომიკური მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე. ბატონი ნუგზარი, როგორც მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ამჟამადაც ჩვეული შემართებით ემსახურება სტუდენტი – ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს და კვლავაც აგრძელებს მეცნიერულ მოღვაწეობას.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ საიუბილეო თარიღს ცნობილ მეცნიერს, პედაგოგს, სასიქადულო მამულიშვილს ბატონ ნუგზარ პაიჭაძეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ მას.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია