ჟურნალი ნომერი 2 ∘ დავით სიხარულიძე ∘ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო გამოკვლევა არატრადიციული ეკონომიკის შესახებსაბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველო მრავალი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანას ერთდროულად მოუწია სამოქალაქო კონფლიქტების, ტერიტორიული პრობლემებისა და ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ცვლილების გამოწვევებთან გამკლავება. ცენტრალიზებული გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო პრინციპებზე გადასვლა მიმდინარეობდა მწვავე პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის ფონზე.
საქართველოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას 1990-იანების პირველ ნახევარში ახასიათებდა მთლიანი სამამულო პროდუქტის მნიშვნელოვანი ვარდნა, ჰიპერინფლაციური პროცესები, სამრეწველო სექტორის სტაგნაცია და უმუშევრობის კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლები. ამ კრიზისულ პერიოდს მოჰყვა თანდათანობითი სტაბილიზაციისა და რეფორმების ფაზა, რომელიც მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, ფინანსური სექტორის მოდერნიზაციას, საგადასახადო სისტემის რესტრუქტურიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ გარდაქმნის პროცესში საქართველოს ეკონომიკაში ჩამოყალიბდა ორი სპეციფიკური ფენომენი: „ნეკროეკონომიკა“ – არაკონკურენტუნარიანი საწარმოების სეგმენტი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე აგრძელებდა ფუნქციონირებას და „რეტროეკონომიკა“ – ეკონომიკის დარგები, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ თანამედროვე გლობალურ სტანდარტებს.
გლობალური კონტექსტით, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა მასშტაბი და კომპლექსურობა უპრეცედენტოა. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რომელმაც მწვავედ წარმოაჩინა საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტრუქტურული სისუსტეები, ეკონომიკურმა გამოწვევებმა მრავალგანზომილებიანი ხასიათი მიიღო. COVID-19 პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი შეფერხება გლობალური მასშტაბით, ხოლო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ეკონომიკურმა შედეგებმა კიდევ უფრო გაამწვავა არსებული პრობლემები.
ამჟამინდელი ეკონომიკური გამოწვევები მრავალწახნაგოვანია და მოიცავს: გლობალური მიწოდების ჯაჭვის დისფუნქციას, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებს, ინფლაციური პროცესების აქსელერაციას, ეკონომიკური სანქციების კომპლექსურ გავლენას საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებზე, ასევე ე.წ. „ზომბი-ეკონომიკის“ ფენომენის გაძლიერებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია გლობალური ეკონომიკის სტრუქტურული გამოწვევები, როგორიცაა გლობალიზაციის პარადიგმის ტრანსფორმაცია, ციფრული ეკონომიკის ექსპონენციალური ზრდა, კლიმატის ცვლილებები და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება.
ეკონომიკური მეცნიერების განვითარების სწორედ ამ ეტაპისათვის აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მონოგრაფია – "From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics", ფუნდამენტური წვლილია ეკონომიკურ აზროვნებაში, რომელიც სიღრმისეულად განიხილავს თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების გამოწვევებს. ნაშრომი, ავტორის მრავალწლიანი მეცნიერული კვლევისა და პრაქტიკული გამოცდილების შთამბეჭდავი სინთეზია, რომელიც უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს კონვენციური ეკონომიკური თეორიის ფარგლებს მიღმა.
აკადემოკოს ვ. პაპავას, როგორც საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გამოცდილება, ამ მონოგრაფიას განსაკუთრებულ წონას ჰმატებს. მისი თეორიული ნაშრომები და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით ფასეულია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის, გარდამავალი ეკონომიკისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გასაგებად.
მონოგრაფია – "From Retroeconomics to Sanctionomics" – არამხოლოდ ესეების კრებულია, არამედ ჰოლისტური მცდელობაა, შეიქმნას თანმიმდევრული თეორიული ჩარჩო, რომელიც უკეთ ასახავს თანამედროვე ეკონომიკურ რეალობას. ავტორი ამ ნაშრომში სისტემურად აანალიზებს იმ ეკონომიკურ ფენომენს, რაც ხშირად ან სრულიად უგულვებელყოფილია ტრადიციული ეკონომიკური მეცნიერების მიერ, ან არაადეკვატურადაა განხილული სტანდარტულ ეკონომიკურ სახელმძღვანელოებში.
მონოგრაფიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესებზე, რაც უაღრესად რელევანტურია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. ავტორი ანვითარებს მთელ რიგ ინოვაციურ ცნებებსა და კონცეფციებს, როგორიცაა „ნეკროეკონომიკა“, „რეტროეკონომიკა“, „სანქციონომიკა“ და „კორონომიკა“, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ თეორიულ კონსტრუქციებს, არამედ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს რეალური ეკონომიკური პრობლემების ანალიზისა და გადაჭრისთვის.
ნაშრომი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს ხიდს წმინდა თეორიულ ეკონომიკურ კვლევებსა და პრაქტიკულ ეკონომიკურ პოლიტიკას შორის. ავტორი ოსტატურად აანალიზებს თანამედროვე გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, მათ შორის 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის, COVID-19 პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურ შედეგებს, რაც ნაშრომს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით.
ავტორის მეთოდოლოგიური მიდგომა ინტერდისციპლინარულია და აერთიანებს ეკონომიკურ თეორიას, ისტორიულ ანალიზს, პოლიტიკურ მეცნიერებას და ინსტიტუციურ ეკონომიკას. იგი არ ერიდება ეკონომიკური ორთოდოქსიის კრიტიკულ გადაფასებას და ალტერნატიული თეორიული ხედვების შემოთავაზებას, რომლებიც უკეთ ასახავენ რეალურ ეკონომიკურ პროცესებს, განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ და განვითარებად ქვეყნებში.
მონოგრაფიაში წარმოდგენილი ანალიზი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ეკონომიკური ფენომენების გამოკვლევას, რაც ხშირად უჩინარი რჩება მეინსტრიმული ეკონომიკური ანალიზისთვის – დაწყებული „მკვდარი“ ეკონომიკური სექტორებიდან, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე, დამთავრებული გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენით გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე.
ნაშრომი, ასევე, მდიდარია ემპირიული მაგალითებით, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რაც ავტორის თეორიულ მოსაზრებებს პრაქტიკულ დასაბუთებას და კონკრეტულობას სძენს. ეს შერწყმა თეორიული ინოვაციისა და ემპირიული რეალიზმისა, წარმოადგენს ნაშრომის ერთ-ერთ ძირითად ძლიერ მხარეს.
მონოგრაფია სტრუქტურულად შედგება თოთხმეტი თემატურად ურთიერთდაკავშირებული ესესგან, შესავალით და დასკვნითი თავებით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს თანმიმდევრულად მიჰყვეს ავტორისეულ მსჯელობას. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია „არაკონვენციური ეკონომიკის“ კონცეფცია და მისი კვლევის აუცილებლობა. თითოეული თემატური ესე ფოკუსირებულია სპეციფიკურ ეკონომიკურ კონცეფციასა ან ფენომენზე. ნაშრომი ლოგიკურად ვითარდება თეორიული საფუძვლიდან უფრო კონკრეტულ ეკონომიკურ ფენომენამდე, რაც ქმნის ერთიან თეორიულ ჩარჩოს ავტორის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური კონცეპტების სრულყოფილად აღსაქმელად.
ნაშრომის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ავტორის მიერ შემუშავებული ორიგინალური ეკონომიკური კონცეფციები. ერთ-ერთი ასეთია „ნეკროეკონომიკის“ იდეა – „მკვდარი ეკონომიკის“ სისტემური ანალიზი. ეს ტერმინი აღწერს იმ სექტორებს, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია; არსებობენ მხოლოდ ხელოვნური მხარდაჭერის მეშვეობით (სუბსიდიები, საბიუჯეტო ინექციები) და ვერ გადარჩებიან რეალურ საბაზრო პირობებში. ავტორი დეტალურად აანალიზებს, როგორ წარმოიშვა ნეკროეკონომიკა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, სადაც კომანდური ეკონომიკის მემკვიდრეობამ შექმნა არაეფექტიანი საწარმოების მთელი სისტემა. ავტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირებით – იგი იკვლევს მის მიზეზებს, შედეგებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვთავაზობს შესაძლო გამოსავალს.
ამ კონცეფციასთან მჭიდროდაა დაკავშირებული „რეტროეკონომიკის“ იდეა, რომელიც აღწერს ფენომენს, როდესაც ქვეყნები იყენებენ ტექნოლოგიურად მოძველებულ მეთოდებს და ტექნიკას, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გლობალურ სტანდარტებს. ავტორის ანალიზი აჩვენებს, როგორ ექცევიან ქვეყნები ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის ხაფანგში და როგორ ხდება ჩამორჩენილობა თვითგამაძლიერებელი ციკლის ნაწილი. ამ კონტექსტით, იგი განიხილავს ტექნოლოგიური განახლების ზღვრული ხარჯების ზრდას დროთა განმავლობაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკის მოდერნიზაციას და განვითარებად ქვეყნებს აყენებს ქრონიკული ჩამორჩენილობის რისკის წინაშე.
განსაკუთრებით აქტუალურია აკადემიკოს ვ. პაპავას მიერ შემოთავაზებული „სანქციონომიკის“ კონცეფცია, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური სანქციების მექანიზმსა და მის ეფექტს. თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტით, როდესაც ეკონომიკური სანქციები სულ უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ავტორი გვიჩვენებს, რომ სანქციები ზემოქმედებს, არა მხოლოდ, სამიზნე ქვეყანაზე, არამედ ქმნის მთელ რიგ „გვერდით ეფექტებს“, რაც გავლენას ახდენს მესამე ქვეყნებზე და ზოგჯერ მთელ გლობალურ ეკონომიკაზე. ავტორის მიერ შემოთავაზებული სანქციების ტიპოლოგია და მათი ეფექტიანობის კრიტიკული შეფასება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გვთავაზობს თანამედროვე ეკონომიკური დიპლომატიის გასაგებად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელსაც ავტორი განიხილავს, „ზომბიეკონომიკაა“. ეს ტერმინი აღწერს სიტუაციას, როდესაც გადახდისუუნარო ფირმები განაგრძობენ ოპერირებას სახელმწიფო მხარდაჭერის ან საბანკო სექტორის არაეფექტიანი პოლიტიკის გამო. შედეგად, მნიშვნელოვანი რესურსები „იჭედება“ არაპროდუქტიულ საქმიანობაში, რაც ამცირებს საერთო ეკონომიკურ ეფექტიანობას. ავტორი აანალიზებს, როგორ ახდენს ზომბიეკონომიკა გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, პროდუქტიულობასა და რესურსების განაწილებაზე. საინტერესოა, რომ ავტორი ასევე აჩვენებს მსგავსებასა და განასხვავებას „ზომბიეკონომიკასა“ და „ნეკროეკონომიკას“ შორის, რაც ამ რთული ფენომენის უკეთესად გაგების შესაძლებლობას იძლევა.
ესეების კრებულის აქტუალურობას განსაკუთრებით ზრდის COVID-19 პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის ანალიზი, რასაც ავტორი „კორონომიკას“ უწოდებს. აკადემიკოსი ვ. პაპავა სისტემატურად იკვლევს პანდემიის, როგორც ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი ფაქტორის უნიკალურ თვისებებს და კორონომიკული კრიზისის ტრადიციული ფინანსური ან ციკლური კრიზისებისგან განსხვავებებს. ეს ანალიზი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან გვთავაზობს ჩარჩოს იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა უპასუხონ ეკონომიკებმა არატიპურ კრიზისებს, რაც არ ჯდება სტანდარტულ ეკონომიკურ მოდელებში. ავტორი ასევე განიხილავს მთავრობის რეაგირების სტრატეგიის ეფექტიანობას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკების დაძლევაში.
ნაშრომში გამოყენებულია მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ თეორიას, ისტორიულ ანალიზს, პოლიტიკური ინსტიტუტების კვლევას და სოციოლოგიურ ანალიზს. ეს ინტეგრირებული მიდგომა საშუალებას აძლევს ავტორს გასცდეს წმინდა ეკონომიკურ მოდელს და გაითვალისწინოს ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის რთული სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი. ამგვარი მეთოდოლოგია განსაკუთრებით ეფექტიანია გარდამავალი ეკონომიკების შესასწავლად, როცა ეკონომიკური ტრანსფორმაცია ხშირად გადაჯაჭვულია პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებთან.
ნაშრომის ემპირიული საფუძველი ასევე მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს. ვ. პაპავა ეყრდნობა მდიდარ მონაცემებს: პოსტკომუნისტური ქვეყნების გარდამავალი პერიოდიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითებს და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. ეს არა მხოლოდ ილუსტრაციას უკეთებს თეორიულ კონცეფციებს, არამედ ქმნის ემპირიულ საფუძველს, რითაც მათ დამაჯერებლობას უზრუნველყოფს. ამგვარი მიდგომა საშუალებას აძლევს მკითხველს დაინახოს, როგორ მოქმედებს ავტორის მიერ აღწერილი ეკონომიკური ფენომენი რეალურ ეკონომიკებში.
ნაშრომში ასევე მოცემულია მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებისთვის. მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის სფეროში, ავტორი კრიტიკულად განიხილავს ინფლაციის ტრადიციული მიზნობრივი მაჩვენებლების შეზღუდვებს და გვთავაზობს მოდიფიცირებულ ინდიკატორებს, რაც უკეთ ასახავს გარდამავალი ეკონომიკის რეალობას. ეს ანალიზი განსაკუთრებით ღირებულია განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისთვის, რომლებსაც ხშირად უწევთ არასტანდარტულ გარემოში მუშაობა.
სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, ავტორი გვთავაზობს სტრატეგიას ნეკროეკონომიკისა და ზომბიეკონომიკის დასაძლევად, ტექნოლოგიური მოდერნიზაციის გზებს და ინსტიტუციური განვითარების მოდელებს. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ავტორის ღრმა ანალიზს, რატომ ჩნდება პრობლემა და რა ფაქტორები აფერხებს მის გადაჭრას. აკად. ვ. პაპავას პოლიტიკურ ასპარეზზე პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის რეკომენდაციებს და ხაზს უსვამს მათ რეალისტურობას.
ამგვარად, აკადემოკოს ვლადიმერ პაპავას მონოგრაფია "From Retroeconomics to Sanctionomics", მნიშვნელოვანი ნაშრომია ეკონომიკურ ლიტერატურაში, რომელიც გვთავაზობს ინოვაციურ პერსპექტივას რთული ეკონომიკური ფენომენების გასაგებად. წიგნის ძლიერი მხარეა მისი კონცეპტუალური სიახლე – ახალი ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და ჩარჩოს შემოთავაზება; მულტიდისციპლინური მიდგომა – ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორების ინტეგრირება; პრაქტიკული რელევანტურობა – რეალური ეკონომიკური გამოწვევების ანალიზი და პოლიტიკური შინაარსის რეკომენდაციები; გლობალური პერსპექტივა – ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთქმედებების ჰოლისტური გაგება.
აღნიშნული მონოგრაფია მნიშვნელოვანი ნაშრომია ფართო აუდიტორიისათვის, ადილობრივი თუ საერთაშრისო აკადემიურ წრეების, ასევე პოლიტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის, ეკონომიკური განვითარების და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების საკითხებით.
აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ნაშრომი გვთავაზობს ახალ ხედვებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ და გავუმკლავდეთ იმ თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემებს, რაც ხშირად სცდება ტრადიციული ეკონომიკური თეორიის სფეროს.
დავით სიხარულიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
*Vladimer Papava - (From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics – რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე), მონოგრაფია ინგლისურ ენაზე, გამომცმელობა „iUniverse“, ბლუმინგტონი, აშშ., 2024, 336 გვ.