English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა -70

  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა თვალსაჩინო მეცნიერი, ცნობილი ქართველი სწავლული    ეკონომისტების ღირსეული მემკვიდრე და სართაშორისოდ აღიარებული მკვლევარია,        რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკური მეცნიერების              განვითარებაში, პოპულარიაზიაციასა და ინტერნაციონალიზაციაში.
  ვლადიმერ პაპავა დაიბადა ღვაწლმოსილი ქართველი ეკონომისტის, პროფესორ გიორგი    პაპავას და კეთილშობილი ქალბატონის, პროფესიით მუსიკოსის, რუსუდან ჩხეიძის         ოჯახში. მან ღირსეულად გააგრძელა მისი ბაბუის - ვლადიმერ პაპავა (უფროსის) მიერ     დაწყებული გზა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის           კათედრის დოცენტი იყო.
 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავას აქტიური ცხოვრების უმეტესი ნაწილი სამეცნიერო და   პედაგოგიურ მოღვაწეობას ეძღვნება. თსუ საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტის   ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობის წარჩინების დიპლომით დამთავრების     შემდეგ,  სწავლობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ-   მათემატიკურ ინსტიტუტში (მოსკოვი) და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია,   ხოლო 1989 და 1990 წლებში, შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო და ლენინგრადის   (პეტერბურგის) სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის   მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
1977-1979 წლებში ლადო პაპავა მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, 1982-1991 წლებში უფროსი, წამყვანი მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე.
1991-1996 წლებში იგი იკავებდა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. 1996-2000 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერი ხელმძღვანელი. 2005 წლიდან დღემდე ლადო პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლია.
2001 წლიდან დღემდე იკავებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობას.
2005-2006 წლებში იგი იყო ფულბრაიტის მკვლევარი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, აშშ).
1997 წელს ლადო პაპავა აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, 2013 წელს ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). 2023 წლიდან იგი იკავებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის თანამდებობას.
სტუდენტი-ახალგაზრდობის პროფესიული დაოსტატება აკად. ვლადიმერ პაპავას მოღვაწეობის მნიშვნელოვანი სფეროა. 1990-1996 წლებში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2003-2005 წლებში - თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგე, 2014-2019 წლებში თსუ-ის სრული პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იკავებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადო პროფესორის თანმდებობას.
2000-2005 წლებში ლადო პაპავას ეკავა მენეჯმენტის ევროპული სკოლის (ESM - თბილისი), ხოლო 2003-2005 წლებში საქართველოს საჯარო ინსტიტუტის (GIPA) პროფესორის თანმდებობები.
სამეცნიერო სფეროში დაგროვებულ ცოდნას ბატონი ლადო წარმატებით იყენებდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მოღვაწეობისას:
1994-2000 წლებში მას ეკავა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, 2000-2001 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობები; 2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
აკად. ვლადიმერ პაპავას კალამს ეკუთვნის მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული 30-ზე მეტი მონოგრაფია, წიგნი და 400-ზე მეტი სტატია - ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, ჩინურ, არაბულ, ჩეხურ, უკრაინულ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომლებიც ეძღვნება გამოყენებითი ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. მის ნაშრომებში ჩამოყალიბებული ძირითადი სამეცნიერო შედეგებია:
• სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის წარმოების მეხუთე ფაქტორად დასაბუთება, რაც აისახა „გამოყენებითი ეკონომიკის“ ბრიტანულ სახელმძღვანელოში, რითაც ლადო პაპავამ პირველმა, ქართველ ეკონომისთა შორის, საერთაშორისოდ აღიარებული წვლილი შეიტანა ეკონომიკური მეცნიერების თეორიული საფუძვლების განვითარებაში;
• „ნეკროეკონომიკის“ თეორიის ჩამოყალიბება:
2005 წელს აშშ-ში ამ სათაურით გამოქვეყნებული მონოგრაფიისთვის 2008 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია;
• ეკონომიკაში მოქმედი ადამიანის ახალი ტიპების - „ჰომო ტრანსფორმატიკუსის“ და „ზომბი ეკონომიკუსის“ ცნებების შემოღება და დასაბუთება;
• „ეკონომკის ზომბირების“ თეორიის განვითარება;
• „რეტროეკონომიკის“ თეორიის ჩამოყალიბება;
• „ჩრდილოვანი პოლიტეკონომიის“ საფუძვლების შექმნა (ნოდარ ხადურთან ერთად);
• ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგება, ლაფერ-კეინზიანური სინთეზის შექმნა და განვითარება პროფესორ იური ანანიაშვილთან ერთად;
• „გადასახადების გარეშე ეკონომიკის“ მოდელის შექმნა.
ამ მოდელისა და ლაფერის ეფექტის ამსახველი ახალი მრუდების აგებისთვის, ქართველ ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად, 2004 წელს ნაშრომთა ციკლისთვის - „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“, აკად. ვლადიმერ პაპავას მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
• საგადასახადო კორუფციის იდექსების შემუშავება;
• „ცენტრალური კავკასიის“ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონცეფციის შემუშავება (ელდარ ისმაილოვთან ერთად) და „ცენტრალური კავკაზიის“ გეოეკონომიკური თეორიის ჩამოყალიბება;
• „სანქციონომიკის“ თეორიის საფუძვლების ჩამოყალიბება
აკად. ვლადიმერ პაპავას მიერ ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილი სათანადოდაა აღიარებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ: იგი არის ბათუმის (2019), გორის (2015), სამცხე-ჯავახეთის (2015) სახელმწიფო უნივერსიტეტების, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის (2017) და ბუქარესტის (რუმინეთი) ეკოლოგიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი, 1997), საერთაშორისო ატლანტიკური საზოგადოების (აშშ, 1998), ფონ მიზესის საზოგადოების (აშშ, 2006), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის (აშშ, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაციის (იტალია, 2006), ამერიკის პოლიტიკური აკადემიის (აშშ, 2004), ეკონომიკისა მენეჯმენტის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (ჰონ-კონგი, აშშ, 2021), ეკონომიკური თეორიის განვითარების საზოგადოების (აშშ, 1990), დანახარჯები-გამოშვების საერთაშორისო საზოგადოების (ავსტრია, 1992), ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის (გაერო, 1994), ნიუ-იორკის მეცნიერებათ აკადემიის (აშშ, 1995), დასავლეთის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის (აშშ, 1996), მეცნიერების განათლების, მრეწველობისა და განათლების საერთაშორისო აკადემიის (აშშ, 1997) წევრი და აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების (ინდოეთი, 2024) საპატიო წევრი.
2012 წელს „Patho Publishing“ (მავრიკია) და „LENNEX Corp“ (შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო) გამოსცა წიგნები ვლადიმერ პაპავას შესახებ, რომლებიც მკითხველთა ფართო წრეს ინფორმაციას აწვდის ქართველი მეცნიერის ცხოვრების ეტაპებსა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.
აკად. ვლადიმერ პაპავას მიერ აშშ-ში 2005 წელს გამოცემული წიგნის „ნეკროეკონომიკა“ შეფასებისას აშშ-ში მოღვაწე ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი წერდა: „ნეკროეკონომიკის მნიშვნელობა უდიდესია, რადგან ის აადვილებს ეკონომიკური პოლიტიკის გაგებას იმ ქვეყნებისთვის, სადაც სუსტი ინსტიტუტებია“. 2024 წელს ასევე, აშშ-ში გამოცემულ ვლადიმერ პაპავას წიგნს „Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics“ მაღალ შეფასებას აძლევს აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის ცნობილი მეცნიერი ეკონომისტები.
სტუდენტი-ახალგაზრდობის პროფესიული დაოსტატებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აკად. ვლადიმერ პაპავა დაჯილდოვებულია თსუ-ის უმაღლესი ჯილდო - ივანე ჯავახიშვილის მედლით.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მეცნიერებისა და განათლების სფეროს უნარიანი ორგანიზატორია. მისი ინიციატივით, ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა განხორციელებული. მათგან საკმარისია დავასახელოთ რამდენიმე:
1991 წელს, მისი, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ინიციატივით ინსტიტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელი. მისივე ინიციატივით, 1999 წლიდან ყოველ წელს აღინიშნება „საქართველოს ეკონომისტის“ დღე. თბილისსა და საქართველოს რეგიონების უნივერსიტეტებში რეგულარულად ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომლის საორგანიზაციო კომიტეტის მუდმივი თავმჯდომარე (თანათავმჯდომარე) აკად. ვლადიმერ პაპავაა.
2012 წელს ბატონმა ლადომ დაარსა სემინარი სახელწოდებით „პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან“, სადაც სხვადასხვა თაობის მეცნიერი ეკონომისტები კოლეგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს აცნობენ თავიანთი კვლევების შედეგებს.
2021 წლიდან, კოვიდ-19 პანდემიის გამო, ონლაინ სივრცეში, დაიწყო ვებინარების გამართვა. მიზანშეწონილად ჩაითვალა პანდემიის დამთავრების შემდეგ შეხვედრების ამ ფორმით გაგრძელება, რადგან ის სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესებულ პირთა დისკუსიებში ჩართვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
განსაკუთრებით ნაყოფიერებით გამოირჩევა კადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოღვაწეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის საპატიო და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, სადაც მისი თაოსნობით მრავალი სიახლე იქნა დანერგილი:
• თსუ-ში ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
• სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) ერთად ფუნქციონირება დაიწყო საინჟინრო სკოლამ - ელექტრონული ინჟინერიის, ბიოქიმიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
• იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამას - „საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის (FIBAA) სააკრედიტაციო საბჭომ, რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე, მიანიჭა 5 წლიანი საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში;
• ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით, 2015 წელს შემუშავებული და მიღებული იქნა მინიმალური სამეცნიერო სტანდარტი, რაც გარკვეული პაუზის შემდეგ, დღეს უკვე მოქმედებს უნივერსიტეტის აკადემიური სივრცის გაჯანსაღების მიზნით;
• მიღებული იქნა დებულება აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ.
ითვალისწინებდა რა უნივერსიტეტის დამაარსებლის მიერ დაწერილ პირველი წესდების იმ პუნქტს, რომ უნივერსიტეტი არის სამეცნიერო - სასწავლო დაწესებულება, სადაც პირველ პლანზე, სწორედ, სამეცნიერო საქმე იყო წამოწეული, მან, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პირმა, ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია:
• მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების დაწყება და ამ მიზნით უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რაც ნაწილდებოდა პროგრამებში ჩართულ პროფესორ-მასწვლებლებსა და სტუდენტებს (დოქტორანტებს და მაგისტრანტებს) შორის;
• სამეცნიერო კვლევების წახალისების მიზნით, დაწესდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი რომელზეც მოისმინებოდა ყველა ფაკულტეტის მიერ შერჩეული ერთი საუკეთესო მოხსენება. ცალკე ტარდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი სამივე საფახურის სტუდენტებისთვის. მომხსენებლებს გადაეცემოდა ფულაადი პრემიები;
• დაწესდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ქართველოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემოდა უცხო ქვეყნის მეცნიერებს. ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, რომელიც საქართველოს მოქალაქე ქართველოლოგს გადაეცემოდა, ორ წელიწადში ერთხელ, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე;
• შემოღებული იქნა „წლის პირველი საჯარო ლექცის“ წაკითხვა;
• სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ხდებოდა უნივერსიტეტის პედაგოგთა წახალისება სტუდენტთა გამოკითხვის საფუძველზე და საუკეთესო პედაგოგების სოლიდური თანხით დაჯილდოვება. ასევე, სწავლების საფეხურების მიხედვით, საუკეთესო სტუდენტების გამოვლენა და დაჯილდოვება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აკად. ვლადიმერ პაპავას ინიციატივით უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესის დაწყება. შედარებით მოკლე დროში გამოიცა 8 და გამოსაცემად მომზადდა 15 სახელმძღვანელო.
აკად. ვლადიმერ პაპავა, რექტორობის პერიოდში, ღირსეულად აგრძელებდა უნივერსიტეტის დამაარსებლების საქველმოქმედო საქმიანობის ტრადიციას. მან შემოიღო რექტორის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, და თავისი ხელფასიდან ურიცხავდა საუნივერსიტეტო კომისიის მიერ შერჩეულ საუკეთესო სტუდნტს სტიპენდიას, რომელიც სწავლის საფასურს აღემატებოდა. ამასთან ერთად, სოლიდურ თანხას რიცხავდა, ფინანსურად ხელმოკლე და წარმატებული სტუდენტებისთვის, ეკონომიკის ფაკულტეტზე მისი ხელშეწყობით დაარსებულ, „სწავლის ხელშეწყობის ფონდში“.
პროფ. ვლადიმერ პაპავას თაოსნობით პირველად დამტკიცდა უნივერსიტეტის ოფიციალური სიმბოლიკა: გერბი და დროშა, რასაც საფუძვლად დაედო დიმიტრი შევარდნაძის მიერ უნივერსიტეტისთვის შექმნილი ბეჭედის ესკიზი.
რექტორის მითითებით შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია, რომლის გადაწყვეტილებითაც დაიდგა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი; თსუ-ის დამაარსებლების იოსებ ყიფშიძის და ექვთიმე თაყაიშვილის, პირველი კორპუსის ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტები; პირველ კორპუსშივე განთავსდა აკაკი შანიძის, ივანე ბერიტაშვილის, ილია ვეკუას, ნიკო მუსხელიშვილის, ვაჟა ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის და ნიკო ცხვედაძის ბიუსტები; ასევე, პირველი კორპუსის იმ ოთახში, სადაც დიდი მგოსანი ვაჟა-ფშაველა აღესრულა, გაიხსნა მისი სახელობის კაბინეტ-მუზეუმი.
პროფ. ვლადიმერ პაპავას რექტორობის პერიოდში 2015 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტის დაარსების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით უნივერსიტეტი დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, რომლის ტარება თსუ-ის რექტორის პატივია.
აკად. ვლადიმერ პაპავას მოვაწეობამ რექტორის თანამდებობაზე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც თანამედროვე სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულების პრესტიჟის ამაღლებას და მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში ღირსეული პოზიციის დაკავებას.
ფიზიკური, სულიერი, ინტელექტუალური ენერგიით სავსე იუბილარი ჩვეული ენთუზიაზმით აგრძელებს თავის საქმიანობას და ახალ სამეცნიერო მიღწევებს თავაზობს საზოგადოებას.
ბატონ ლადოს ვულოცავთ სახელოვან იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ ნაყოფიერ მოღვაწეობას დედაუნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია
სარედაქციო კოლეგია