English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ იოსებ არჩვაძე
დიდი ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ნაშრომი

ქართულმა საზოგადოებრიობამ ახლახანს დიდებული საჩუქარი მიიღო - ცნობარი ისტორიული მესხეთის მდგომარეობაზე XVI-XIX საუკუნეებში (პერიოდი 1574-დან 1835/36 წლამდე) - საქართველოს, ამ ძირძველი რეგიონის, ოსმალეთის ოკუპაციის პერიოდში იქ არსებულ სოფლებსა და ნასოფლარებზე ოსმალური დავთრების მიხედვით, შედგენილი ოსმალური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შესახებ. შრომა შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, თსუ-ის მუზეუმისა და ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით. ის მომზადებულია ავტორთა მრავალწლიანი შრომის, მრავალრიცხოვან ქართულ, თურქულ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით (მხოლოდ ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი 342 აკადემიურ და ისტორიულ, აგრეთვე 26 კარტოგრაფიულ წყაროს მოიცავს). აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოყენებულია XX საუკუნის ქართველი თურქოლოგი მეცნიერების შრომებიც, აგრეთვე, უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილი ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალები.
ავტორებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს მკითხველთა ფართო წრის ინტერესი აღნიშნული პრობლემატიკისადმი და ნაშრომს დაურთეს ტერმინოლოგიური ლექსიკონიც (16 გვერდზე), რომელიც უფრო გასაგებს და ადვილად აღქმადს ხდის მოყვანილ მასალას.
აღნიშნული ნაშრომის გამოყენებით ღირებულებას ზრდის დართული დიაგრამები და რუკები, რომლებიც შეიცავს ფასდაუდებელ ინფორმაციას ამ მხარის ეკონომიკური ისტორიის მკვლევართათვის. - მოტანილია გადასახადის ზომები და სახეობები ცალკეული დასახლებული პუნქტების (სოფლების) მიხედვით, ამ გადასახადების მინიმალური და მაქსიმალური პარამეტრები. თანაც, ნაჩვენებია არამარტო გადასახადების სახეობები, არამედ მათი განაწილება ოსმალური ადმინისტრაციების (ლივები, ნაჰიეები) მიხედვითაც. ყოველივე ეს აიოლებს მოტანილი მდიდარი მასალის აღქმის, გააზრების და შეფასებით-ანალიტიკური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
ამ დავთრების წარმოებას ოსმალეთში, უპირველეს ყოვლისა, ფისკალური დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, ჩვენთვის ის შეიცავს ფასდაუდებელ ინფორმაციას

დალი ნიკოლაიშვილი, დავით სართანია, ავთანდილ უჯმაჯურიძე, დარეჯან კირთაძე, მანანა კვეტენაძე. მესხეთი ოსმალური დავთრების მიხედვით, თბილისი, „უნივერსალი“, 2021 წ. – 1423 გვ. 

ქართული დასახლებების რაოდენობის, მათი განფენილობის, აგრეთვე ტოპონიმების, სამეურნეო თუ მატერიალური კულტურის ძეგლების მიხედვითაც. მასში თავმოყრილი და გაანალიზებული მასალა იძლევა ინფორმაციას საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის (და არამარტო) ისტორიულ, ეთნოლოგიურ, ლინგვისტურ, ტოპონიმიკურ, გეოგრაფიულ-კარტომეტრიული ანალიზისათვის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავტორთა კოლექტივმა წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს - ოსმალეთის იმპერიის მიერ ინკორპორირებული და ოსმანიზებული ქართული ტერიტორიისა და მისი მკვიდრების ყოფის გამოვლენის აღწერას და ამით შექმნა მაღალი შემეცნებითი და გამოყენებითი ღირებულების ნაშრომი.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომში მოტანილია ინფორმაცია ოსმალური დავთრების მიხედვით არამარტო უშუალოდ მესხეთზე (გურჯისტანის ვილაიეთს დიდი დავთარი“, 1574 წ., 1595 წ.), არამედ საქართველოს სხვა რეგიონებზეც: 1723-1735 წლებში დაპყრობილ ქართლის სამეფოს ტერიტორიას ოსმალებმა თბილისის ვილაიეთი უწოდეს და შესაბამისი დიდი დავთარი (1728 წ.) მოიცავს ინფორმაციას ამ ტერიტორიაში შემავალ ერთეულებსა და მათთვის დაწესებულ გადასახადებზეც. კრებულში ასევე შესულია ინფორმაცია ჩრდილის ვილაიეთის მაჭახელის ლივისა (1835 წ.) და სათლელის ლივის (1835-1836 წწ.) მუსლიმ მამაკაცთა აღწერის დავთრებიდან.
მკითხველთა ნავიგაციისთვის დასახლებული პუნქტები „დავთრებიდან“ მოტანილია ლოკაციის მითითებით, თუ სად იმყოფებიან ისინი ამჟამად - თანამედროვე ქართული სახელმწიფოს თუ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

კოლექტიური ნაშრომის ერთერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს იმის ჩვენება, თუ რამდენად დიდი იყო ქრისტიანებზე გაწერილი გადასახადები (XVI საუკუნის ბოლოს - მუსლიმანებისათვის დაწესებულ გადასახადებზე დაახლოებით 1.5-4.0-ჯერ უფრო მეტი), რაც ქმნიდა რელიგიური პროზელიტიზმის ეკონომიკურ პირობებს - ქრისტიანულის ნაცვლად ისლამის სჯულზე ადგილობრივი მოსახლეობის გადასვლისათვის. შედარებით მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის საკუთრების შენარჩუნებისათვის, ისლამის მიღებასთან ერთად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოთხოვნაც შედიოდა. ამის გარდა, დაპყრობილ ტერიტორიებზე მხოლოდ ქრისტიანი მოსახლეობისათვის დამატებით დაწესებული იყო გადასახადი სახელწოდებით - ისფენჯი, ხოლო სოფელში ეკლესიის შენარჩუნებისა და მღვდლის ყოლაზე - გადასახადი მურახასიე (სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, დაახლოებით 4-8 ქილა ხორბლის ეკვივალენტი). აღნიშნული დამოკიდებულება აიძულებდა ქართულ ქრისტიანულ მოსახლეობას, მასობრივად დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრისი ან გადასულიყვნენ ისლამის რჯულზე. ოსმალური დავთრებიდან კრებულში მოტანილი ერთი მაგალითით, ქრისტიანი კომლების რაოდენობა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე 1595 წელს, 1574 წელთან შედარებით, 3.4-ჯერაა შემცირებული (გვ. 107), ხოლო გადასახადების მოცულობა ყოველ კომლზე - 30.5 პროცენტითაა გაზრდილი (გვ. 108).
ნაშრომის მნიშვნელობას ზრდის ის გარემოებაც, რომ მასში აქცენტი გაკეთებულია ტოპონიმიკასა და მის ფაქტობრივად ძალადობრივ ცვლილებებზე ყოველი კონკრეტული ტერიტორიის მიხედვით მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური ცვლილებების გამო. ამავე დროს, მასში უხვადაა მოტანილი თანამედროვე პირობებში განხორციელებული ექსპედიციებისას თურქეთის რესპუბლიკაში გადაღებული ქართული წარმომავლობის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ინვენტარის სურათებიც, რაც, მთლიანი მასალისაგან მიღებულ შთაბეჭდილებებთან ერთად, ცნობიერებაში ბუნებრივად წამოატივტივებს მუხრან მაჭავარიანისეულ სტრიქონებს: „შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,/რამაც აქამდე კი მოაღწია:/ სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, - რაც მტერს წარუტაცნია...“
მთლიანობაში, აღნიშნული პუბლიკაცია ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს წარსულით, მისი ისტორიით, ეკონომიკური ისტორიით, აგრეთვე XVI-XIX საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიაში მოქმედი საგადასახადო პოლიტიკით.
ნაშრომის გამოყენებით ღირებულებას ზრდის საკმაოდ ვრცელი (73 გვერდზე!) რეზიუმე ინგლისურ ენაზე, რომელიც გზამკვლევის როლს შეასრულებს უცხოელი მკითხველებისთვის.
ავტორთა კოლექტივმა ამ მნიშვნელოვანი, ენციკლოპედიური დატვირთვის, ჭეშმარიტად ეროვნული, პატრიოტული, მაღალი მეცნიერული ღირებულების ნაშრომის მომზადებითა და პუბლიკაციით, გამორჩეული ძეგლი დაუდგა საქართველოს ამ ძირძველი, გმირული და ტრაგიკული მხარის ისტორიას.