English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ამირან ბერძენიშვილიკახა ქეცბაია
სოციოლოგიის განვითარება საქართველოში

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.12

ჟურნალი N 4. 2024

სტატიაში განხილულია სოციოლოგიის, როგორც საზოგადოების შემსწავლელი მეცნიერების ჩამოყალიბება და განვითარება საქართველოში. ნაჩვენებია ის წვლილი, რომელიც ამ საქმეში ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა შეიტანეს. აღნიშნულია, რომ საქართველოში სოციოლოგიის საუნივერსიტეტო სკოლის სათავესთან დიდი ივანე ჯავახიშვილი დგას, ხოლო სოციოლოგიის აკადემიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი (აღსანიშნავია, რომ საქართველოში სოციოლოგიის ფუძემდებლები მრავლად არ არიან) აკად. პაატა გუგუშვილია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სოციოლოგიის განვითარებაში გარდატეხა ეროვნული ხელისუფლების დროიდან იწყება, როდესაც მეცნიერება მთლიანად განთავისუფლდა ყალბი საბჭოური იდეოლოგიისა და სტერეოტიპებისაგან და თავისუფალი განვითარების გზას დაადგა. ამ დროიდან მოყოლებული, სოციოლოგიის სწავლების შიში და მისდამი უნდობლობა გაქრა. საზოგადოებამ შეიგნო მისი შესწავლის აუცილებლობა, თუმცა, სოციოლოგიური ცოდნის კულტურას საქართველოში, სათანადო დონემდე, ჯერაც არ მიუღწევია. დღეს საქართველოში სოციოლოგია, როგორც საზოგადოების შემსწავლელი მეცნიერება თავისთავადობას იძენს. სწორედ ამ ისტორიულ და ინტელექტუალურ ველში უწევს სოციოლოგიას საქართველოში ჩამოყალიბება, დამკვიდრება და განვითარება.
სტატია ლოგიკურ-სოციოლოგიური ანალიზის მეთოდის გამოყენებით საკითხის თეორიულ-სოციოლოგიურ კვლევას წარმოადგენს, რომელიც საკვლევი თეორიული პრობლემის შესახებ არსებულ პირველად და რიგ მეორად წყაროებს ემყარება.

საკვანძო სიტყვები: სოციოლოგია, სოციოლოგიის ფუძემდებლები, ქართველი სოციოლოგები, სააზროვნო ფენომენი, სოციოლოგიური თეორიები, სოციოლოგია თანამედროვე საქართველოში.

შესავალი

აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიას, როგორც მეცნიერებას, თავისი მოკრძალებული, მაგრამ ძალზე საინტერესო ისტორია აქვს საქართველოში.
საქართველოში სოციოლოგია XX საუკუნის დამდეგიდან ვითარდება. მისი წყარო ევროპული სოციოლოგია იყო. მართალია, მსოფლიოში აღიარებული სოციოლოგიური თეორია საქართველოში არ შექმნილა და, შესაბამისად, ვებერის, თიონისის, მერტონის ან პარსონსის მსგავსი სოციოლოგები არ გვყოლია, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ სოციოლოგიის საჭიროება ქართველ საზოგადოებაში ყოველთვის იგრძნობოდა.
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ სოციოლოგია ვერ გაჩნდება და განვითარდება იქ, სადაც ადამიანი და საზოგადოება ყოველმხრივ შეზღუდულია და საზოგადოების ბუნებრივ განვითარებას უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი ეღობება წინ. ისტორიულად საქართველოში სწორედ ასეთი ვითარება შეიქმნა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ ღია, დემოკრატიული მეცნიერების - სოციოლოგიის განვითარება საგრძნობლად შეაფერხა, ხოლო საბჭოთა დიქტატურის წლებში საზოგადოების შესახებ მეცნიერება ყალბი, საბჭოურად იდეოლოგიზებული „თეორიებით“ ჩანაცვლდა. თუმცა, ქართველი მეცნიერები, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ახერხებდნენ სოციოლოგიური პრობლემების დამუშავებას და საფუძველს უყრიდნენ სოციოლოგიის, როგორც საზოგადოების შემსწავლელი დამოუკიდებელი მეცნიერების, საუკეთესო ტრადიციებს.
სადავოა საკითხი ქართული სოციოლოგიის, როგორც სუვერენული სააზროვნო ფენომენის, შესახებ, თუმცა, ამ შემთხვევაში ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ცალკეულ მოაზროვნეთა სოციალური შეხედულებები და, საკუთრივ, სოციოლოგიური თეორიები. სოციალური შეხედულების ქონა სოციოლოგობას არ ნიშნავს. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა სოციოლოგი იქნებოდა. ერთია ცალკეული შეხედულებების ქონა საზოგადოებაზე და მეორე - მეცნიერულად დასაბუთებული და ემპირიული კვლევით გამყარებული თეორია მის შესახებ.

სოციოლოგიის ევოლუცია საქართველოში

1902 წლის 21 ივლისს თბილისში გამომავალი ყოველკვირეული გაზეთი „კვალი“ იმდროინდელ ქართველ საზოგადოებას ამცნობდა, რომ ფრანგმა პოზიტივისტმა ფილოსოფოსმა ოგიუსტ კონტმა ახალი მეცნიერება - სოციოლოგია შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ამ დროიდან იწყება ქართველი საზოგადოების ფართო ფენების შეხება სოციოლოგიასთან. თუმცა, ამ ფაქტამდე ბევრად ადრე, ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებმა, რომლებიც სწავლა-განათლებას ევროპასა და რუსეთში იღებდნენ, უკვე იცოდნენ ამ ახალი მეცნიერების შესახებ. ამის მაგალითია გენიალური ვაჟა-ფშაველას მიერ სოციოლოგიის კლასიკოსის ჰერბერტ სპენსერის ორგანიცისტული სოციოლოგიური თეორიის კრიტიკა (დანელია, 1927).
სოციოლოგიის განვითარების თვალსაზრისით საგულისხმოა გენიალური ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის მოღვაწეობა, რომელმაც 1902 წელს ყოველკვირეულ გაზეთში „კვალი“, „სოციოლოგიური ეტიუდების“ სათაურით, 5 წერილი გამოაქვეყნა. იგი ორიგინალურად გამოეხმაურა გეორგე ზიმელის „მოდის სოციოლოგიას“ (კოდუა, 1999).
ემპირიული სოციოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, საყურადღებოა პ. მჭედლიშვილის მიერ, ჩართული დაკვირვების მეთოდით ჩატარებული ერთ-ერთი ადრინდელი ემპირიული სოციოლოგიური გამოკვლევა. მხედველობაში გვაქვს ამ გამოკვლევის საფუძველზე 1903 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი - „ლონდონის მაწანწალები“ (მჭედლიშვილი, 1903).
საქართველოში სოციოლოგია იმთავითვე ორი – აკადემიური და საუნივერსიტეტო მიმართულებით ვითარდებოდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის პირველი სასწავლო კურსი 1923 წელს სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე შემოიღეს, სადაც პირველი კურსის სტუდენტებს სოციოლოგიის ლექციებს პროფესორი ალ. ვაჩეიშვილი უკითხავდა. იმავე წელს გამოიცა მისი სახელმძღვანელო - „სოციოლოგიის შესავალი“ (გუგუშვილი, 1966). ეს იყო პირველი სახელმძღვანელო „სოციოლოგიის შესავალში“, რომელიც გათვალისწინებული იყო როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს I ნაწილი (მისი II ნაწილის გამოცემა ვერ მოხერხდა); 1923 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში სოციოლოგიის კურსს ალექსანდრე ვაჩეიშვილი კითხულობდა.
ამავე პერიოდში უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იროდიონ სურგულაძე მოიწვიეს, ხოლო 1926 წლიდან – იმ დროისათვის ევროპიდან დაბრუნებული გიორგი ნანეიშვილი. სამივე მათგანი სპეციალობით იურისტი იყო, თუმცა, მათ დიდი წვლილი შეიტანეს სოციოლოგიის საუნივერსიტეტო სკოლაში სოციალური პრობლემატიკის დამუშავებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სოციოლოგიური აზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური სტრუქტურის თეორიული კვლევა წარმოადგენდა. XX საუკუნის დასაწყისში ამ მიმართულებით ორი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა.
პირველი მათგანი სოციალური სტრუქტურის ერისეულ ელემენტს ანიჭებდა უპირატესობას და ძირითად სოციოლოგიურ კატეგორიად ერი და ეროვნება მიაჩნდა, ამიტომ ნებისმიერი სოციალური საკითხის განხილვა ამ კატეგორიის ირგვლივ მიმდინარეობდა. ამ ტრადიციას საფუძველი ილია ჭავჭავაძემ დაუდო. ილიას გავლენით XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ერი მრავალი მოაზროვნის სოციოლოგიური ნააზრევის ამოსავალი პრინციპი გახდა. მათ შორის გამოირჩევა მიხაკო წერეთელი, არჩილ ჯორჯაძე, დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია და სხვ.
ქართული სოციოლოგიური აზროვნებისათვის მნიშვნელოვანია მიხაკო წერეთლის „ბატონის“ ფსევდონიმით გამოსული ნაშრომი - „ერი და კაცობრიობა“ (წერეთელი, 1990). მ. წერეთლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება გაბატონებულ სოციალურ იდეათა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე წარმოებდა. მან ერის მსოფლმხედველობის სოციოლოგიურ განასერში განხილვას მყარი საფუძველი ჩაუყარა. თანამედროვე სოციოლოგიური თეორიების კრიტიკული რეცეფციის საფუძველზე ერის სოციოლოგიური პრობლემატიკა დააყენა. მას, ო. კონტის სოციოლატრიის პრინციპის საპირწონედ, პირველად სოციოლოგიურ კატეგორიად ერი მიაჩნდა. მიხაკო წერეთლის „ერი და კაცობრიობა“, ქართული სოციოლოგიის ისტორიაში პირველი სისტემური ნაშრომია.
ეროვნული ყოფიერების საზრისის სოციოლოგიური გააზრების საქმეში ფასდაუდებელია არჩილ ჯორჯაძის ღვაწლი (ჯორჯაძე, 2010). მის თხზულებებში მოცემულია როგორც დასავლური, ასევე ქართული სოციოლოგიური ნააზრევის კრიტიკული ანალიზი და ეროვნული ყოფიერების საზრისის ორიგინალური გადაწყვეტის მცდელობა. ა. ჯორჯაძეს სოციოლოგიური თეორიის ძირითადი პრინციპების შემუშავების პრეტენზია არ ჰქონია, თუმცა, ის მრავალ სოციალურ პრობლემას ეხება და საინტერესო დამოკიდებულებას ავლენს სოციოლოგიური თეორიების მიმართ. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა მისი რეცენზია მ. წერეთლის წიგნზე - „ერი და კაცობრიობა“ და „სოციალური ეტიუდები“, რომლებიც უმთავრესად ერის წარმოშობას შეეხებოდა. რეცენზიაში ა. ჯორჯაძე თავის დამოკიდებულებას ავლენს ორგანიცისტული თეორიისა და სოციოლოგიის საგნისადმი. მისი აზრით, სოციოლოგიის საგანი უნდა იყოს არა კაცობრიობა, არამედ ერი.
სოციოლოგიური აზროვნების განვითარება წარმოუდგენელია დიმიტრი უზნაძის ნააზრევის გარეშე. მის მიხედვით, ერს და ეროვნულ კულტურას საზოგადოებისა და ინდივიდის ცხოვრების მასაზრისიანებელი სოციალური ფუნქცია გააჩნია. სოციოლოგიური თვალსაზრისით, დღემდე საყურადღებოა დ. უზნაძის მოსაზრებები ადამიანზე, გარემოსა და საზოგადოებაზე, ადამიანის ცხოვრების საზრისზე, საზოგადოებრივ პროგრესზე და სხვ. დ. უზნაძემ თავისი დამოკიდებულება სოციოლოგიის პრობლემატიკისადმი ნოე რამიშვილის ნაშრომზე („ისტორიული მატერიალიზმი“) დაწერილ რეცენზიაში გამოავლინა, როდესაც მან ნაშრომის ავტორს დოგმატიზმი დაუწუნა. მას მიაჩნდა, რომ ყოველი ნაშრომი პრობლემებზე სააზროვნოდ უნდა განგვაწყობდეს, ამიტომაც, მნიშვნელოვანია კრიტიკული სულისკვეთება, რომლითაც სოციოლოგია გამოირჩევა.
საქართველოში სოციოლოგიური აზროვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პროფ. სერგი დანელიას. ამ მხრივ, საყურადღებოა სოციალური სინამდვილის შესახებ მისი ნააზრევი, რომელიც, ცალკეული სტატიების სახით, დარიანის ფსევდონიმით ქვეყნდებოდა. მ. წერეთლისა და ა. ჯორჯაძის მსგავსად, სერგი დანელიასათვისაც ამოსავლი პრინციპი ეროვნული იდენტობაა, ამიტომაც ინტერესდება იგი ერის განვითარების ტენდენციებით და არა რომელიმე კლასობრივი იდეოლოგიით (კარტოზია, 1986).
ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეეხება იმ მიმდინარეობას ქართულ სოციოლოგიურ აზროვნებაში, რომლისთვისაც უპირველესი სოციოლოგიური კატეგორია ერი და ეროვნულობა იყო, რაც დამოუკიდებლობა დაკარგული და ანექსირებული ქვეყნის შემთხვევაში, გასაგები უნდა იყოს. მას უპირისპირდება მეორე მიმდინარეობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების სახით (მენშევიკური და ბოლშევიკური). ისინი უკიდურესად რადიკალურად და ტერორისტულად ეკიდებოდნენ ზემოთ განხილულ მიმართულებას. მათთვის მიუღებელი იყო ერი და ეროვნება, როგორც პირველადი სოციოლოგიური კატეგორია. მათ ეროვნული კლასობრივის ცნებით შეცვალეს და კლასის ცნება და ინტერესები პირველადი სოციოლოგიური კატეგორიის რანგში აიყვანეს.
ამგვარი მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობებით აღმოჩნდა ქართული აზროვნება საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში სოციოლოგიის განვითარების განსაკუთრებულ ეტაპად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ აქტმა ყველაფერზე, და მათ შორის სოციოლოგიური აზრის განვითარებაზე, ურაყოფითი გავლენა მოახდინა.

სოციოლოგია საქართველოში საბჭოთა მმართველობის პერიოდში

XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისიდან, აზროვნებაში მონისტური - მარქსისტული ტენდენცია დომინირებს. კერძოდ, ამიერიდან ყველა სააზროვნო მიმდინარეობა ერთი საზომით - მარქსიზმთან შესაბამისობა-შეუსაბამობით იზომება (რასაც ხუმრობით მომარქსვას ეძახდნენ). მარქსიზმიდან გადახრილი, განსხვავებული მოძღვრება დასაღუპად იყო განწირული, ამიტომ, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც სოციოლოგიურ თუ ფილოსოფიურ აზროვნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, ჩამოშორდნენ მას და ფილოსოფიის ან ლიტერატურის სხვადსხვა სახეობის ტექსტების თარგმანის ან კიდევ, კერძო მეცნიერებათა სფეროში გადავიდნენ. ძირითადად, ამ გზას დაადგნენ: შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, დ. უზნაძე და სხვ.
მათგან განსხვავებით, ზოგიერთ მოაზროვნეს ჰქონდა მცდელობა, რომ საკუთარი ნააზრევი მარქსიზმის ნაირსახეობად გამოეცხადებინა და ამით თავი გადაერჩინა. ეს გზა კონსტანტინე კაპანელმა აირჩია თავისი ორიგინალური სოციოლოგიური თეორიისათვის - ორგანოტროპიზმი, თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებას მარქსიზმთან შეხების წერტილები თითქმის არ ჰქონდა. კ. კაპანელის ორგანოტრიპიზმი სოციოლოგიაში ბიოლოგისტური მიმდინარეობის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. მან სოციალური სამყაროს კრიზისის ასახსნელად ორგანოტროპიზმის კანონზომიერება გამოიყენა. მისი ნააზრევი ნიცშეს ფილოსოფიის, ესთეტიკისა და სოციოლოგიის ორიგინალურ სინთეზს წარმოადგენს. კ. კაპანელი ერთ-ერთი პირველია, ვინც ქართულ და მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას ორგანოტროპული მიდგომით განიხილავს და ქართულ სულიერებას თავის მსოფლმხედველობრივ საწყისებს უმკვიდრებს. ამ გაგებით, აღსანიშნავია შემოქმედებითი კავშირის - „არიფიონის“ შექმნა, რომლის სათავეებთან მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, ვასო გორგაძე და სხვ. იდგნენ. მათგან გამორჩეული გერონტი ქიქოძე და კონსტანტინე კაპანელი იყვნენ, რადგან ორივე საკუთარი მსოფლმხედველობრივი (ფილოსოფიური, სოციოლოგიური და სხვ.) პრინციპების საზოგადოებრიც ცხოვრებაში დამკვიდრებას ცდილობდა. კაპანელისაგან განსხვავებით, გ. ქიქოძე სკეპტიკოსი იყო, რომელიც სკეფსისს ანალიზური აზროვნების მექანიზამდ განიხილავდა და ინდივიადუალიზმის ნიცშეანური გაგებისკენ იხრებოდა. კ. კაპანელთან კი წინა პლანზე სოციალურის (საზოგადოებრივის) ცნებაა წამოწეული. აღსანიშნავია, რომ კ. კაპანელი საქართველოში ლიტერატურის სოციოლოგიის პირველი წარმომადგენელია. მან პირველმა მოგვცა ქართული ლიტარატურის სოციოლოგიური ანალიზი. იგი ქართული მეცნიერების გამორჩეული ფიგურაა. მისი ორიგინალური სოციოლოგიური თეორია – „ორგანოტროპიზმი“ იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ სოციოლოგიის სფეროში ორიგინალური თეორიების შექმნის ამბიცია ქართველებსაც ჰქონდათ.
სოციოლოგიის პრობლემების დამუშავება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში XX ს-ის 20-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ამ დროიდან სოციალური ფილოსოფიის პრობლემატიკა თანამედროვე ბურჟუაზიული მიმდინარეობის კრიტიკამ შეცვალა. ამ მხრივ, აღსანიშნავია შ. ნუცუბიძისა და მ. გოგიბერიძის შრომები, რომლებიც შპენგლერისა და კაიზერლინგის კრიტიკას ეძღვნება.
საქართველოში სოციოლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კონსტანტინე (კოტე) გორდელაძის (დახვრიტეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით) მიერ ახალი და თანამედროვე დასავლური სოციოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობის - ორგანიცისტული სოციოლოგიის კრიტიკა. მის ნაშრომში - „ორგანიცისტული მიმართულება სოციოლოგიაში“ ამ მიმდინარეობის კრიტიკული ანალიზია მოცემული (გორდელაძე, 1985).
დოგმატიზმისა და მარქსიზმის გააბსოლუტურების ეპოქაში თავისუფალი შემოქმედება პარტიული ავტორიტეტისადმი მორჩილებამ ჩაანაცვლა, რის შედეგად რიგი მეცნიერება და, მათ შორის სოციოლოგიაც, უარყოფილ იქნა.
1925 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ იდეოლოგიურ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სოციოლოგიას სერიოზული წინააღმდეგობები შეექნა, ხოლო 1930 წელს სოციოლოგიის საკითხებზე დაწყებულ დისკუსიას, სოციოლოგიის სრული იგნორირება მოჰყვა. შესაბამისად, თბილისის უნივერსიტეტში (დღევანდელი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სოციოლოგია სასწავლო დისციპლინებიდან ამოიღეს, ხოლო 1931 წელს სოციოლოგიის შესახებ მიმდინარე დისკუსია, სოციოლოგიის აკრძალვით დამთავრდა. ამიტომ, 1931 წლიდან, არც საქართველოში და არც რუსეთში სოციოლოგიაში შრომები არ გამოსულა. ამ მხრივ, გამონაკლისს კიტა მეგრელიძის ნაშრომი „აზროვნების სოციოლოგიის პრობლემებია“ (მეგრელიძე, 1990), რომელიც აიკრძალა და, შესაბამისად, სოციოლოგიაც ტაბუირებული დარჩა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ცნობილი ქართველი მეცნიერი კიტა მეგრელიძე საქართველოში აზროვნების, ცნობიერების სოციოლოგიის ფუძემდებელია. საქართველოში, ფაქტობრივად, მან ჩაუყარა საფუძველი სოციოლოგიის ამ მნიშვნელოვან დარგს. ამ თეორიის მიხედვით, აზროვნების სპეციფიკა მის სოციალურობაში ვლინდება. მხოლოდ სტრუქტურულ-ფუნქციური, მთლიანობითი მიდგომა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აზროვნება გავიგოთ, როგორც თავისუფალი, შემოქმედებითი აქტივობა, საბოლოოდ კი – როგორც ფასეულობათა კულტურშემოქმედებითი საქმიანობის საწყისი; კ. მეგრელიძის ნააზრევი საყურადღებოა მეცნიერების სოციოლოგიის განხრითაც. ამ სფეროში იგი ტოლს არ უდებს მეცნიერების თეორეტიკოს ჯონ ბერნალს. კიტა მეგრელიძის აზროვნების, ცნობიერების სოციოლოგია ნამდვილად ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯია არამარტო ქართულ სოციოლოგიაში, არამედ ქართულ მეცნიერებაში საერთოდ (რაც დასაფასებელია).
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში სოციოლოგიური აზროვნების ძირითადად თეორიული ჭრილით განვითარება ისეთ სურათს ქმნის, თითქოს ჩვენში ემპირიული სოციოლოგია გასული საუკუნის პირველ ნახევარში საერთოდ არ არსებულა. ამ სტერეოტიპს დიდი ივანე ჯავახიშვილის სოციოლოგიური გამოკვლევები არღვევს, რაც მან პეტერბუტგის უნივრესიტეტში მოღვაწეობისას ჩაატარა.
ივანე ჯავახიშვილს სამი სოციოლოგიური გამოკვლევა აქვს ჩატარებული და სამივეს ემპირიული ხასიათი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ გამოკვლევათა ავტორი ქართულ აზროვნებაში ემპირიული სოციოლოგიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია, თუმცა, იმ დროისათვის საქართველოში მისი ეს ტრადიცია არ გაგრძელდა და ჩვენში სოციოლოგია ამ მიმართულებით არ განვითარდა. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოება, რომ ემპირიული კვლევის მიმართულებით პირველი ნაბიჯები მსოფლიო სოციოლოგიაში ამ პერიოდში იდგმება, რომელთა შორის არის ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩატარებული გამოკვლევებიც. ივანე ჯავახიშვილის ემპირიული გამოკვლევა ეხება ქართულ სოფელს და იმ ქართველ ახალგაზრდობას, რომლებიც სასწავლებლად რუსეთის და დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში იმყოფებოდნენ. ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დროისთვის ცალკეული ემპირიული კვლევები ტარდებოდა, მაგრამ მას იმდენად სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა, რომ ჩვენში ემპირიული სოციოლოგია დაფუძნებულიყო.
1957 წელს სსრკ-ში ისტორიული მატერიალიზმის, სოციოლოგიის და ემპირიული სოციოლოგიური კვლევების შესახებ დისკუსია დაიწყო. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მიხედვით, დისკუსიის ამსახველი მასალები განხილულია ა. ვაჩეიშვილის წერილში - „ისტორიული მატერიალიზმის, სოციოლოგიისა და კონკრეტულ-სოციოლოგიური გამოკვლევების მიმართების შესახებ“ (გუგუშვილი, 1966). დისკუსიამ გზა გაუხსნა, სოციოლოგიის, როგორც სუვერენული მეცნიერების, ასევე სოციოლოგიური კვლევის ცენტრების ჩამოყალიბებას და განვითარებას სსრკ-ში. პირველი სოციოლოგიური ცენტრი ჩამოყალიბდა ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) უნივერსიტეტთან. ანალოგიური პროცესები დაიწყო საქართველოში (მხედველობაში გვაქვს თბილისის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია (ხელმძღვანელი ვ. ქვაჩახია) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევის სექტორი (ხელმძღვანელი ალ. ვაჩეიშვილი).
ამ დროიდან, სოციოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, პროფესორ ვენორ ქვაჩახიას მიიჩნევენ: მის მიერ 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული სოციოლოგიის კათედრა ერთ-ერთი პირველი იყო მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში.
საქართველოში სოციოლოგიისაკენ ხელახალი შემობრუნება ე.წ. „ხრუშჩოვის ეპოქაში“, კერძოდ, 1962 წლიდან იწყება. იმხანად ლენინგრადში გახსნილი სოციოლოგიის ინსტიტუტისა და ლენინგრადის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობას საგანგებოდ გაეცნო პროფ. ვენორ ქვაჩახია. სწორედ მისი დამსახურებაა საბჭოთა კავშირში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი სოციოლოგიის ლაბორატორიის გახსნა, რომლის ბაზაზეც 1968 წელს, კონკრეტულ-სოციოლოგიური კვლევის კათედრა დაარსდა ვენორ ქვაჩახიას ხელმძღვანელობით.
მოგვიანებით, სოციოლოგიური კვლევის ცენტრები ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში (ისტორიის ინსტიტუტში, ეკონომიკის ინსტიტუტში), კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებში, განათლების სამინისტროში (აღმზრდელობითი მუშაობის ცენტრთან ერთად), ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. XX საუკუნის 90-იან წლებში ანალოგიური ცენტრი ფუნქციონირებდა ქ. თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში და სხვ.
პროფ. ვ. ქვაჩახია ნაყოფიერად, ღრმად და საფუძვლიანად იკვლევდა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმების ინტერდისციპლინური, სისტემური გააზრების პრობლემებს, რამაც მას სოციოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე ევიანში (საფრანგეთი), ვარნაში (ბულგარეთი) და განსაკუთრებით უპსალაში (შვედეთი) დიდი აღიარება მოუპოვა. არსებითად ამან განსაზღვრა თბილისში (1981 წლის აგვისტოში), პირველად საბჭოთა კავშირში, სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ჩატარება, სადაც ვენორ ქვაჩახია კიდევ ერთხელ აღიარებულ იქნა, როგორც გამოჩენილი მეცნიერ-მკვლევარი და სოციოლოგი. მისი ინიციატივით საქართველოში არაერთხელ გაიმართა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური მასშტაბის სიმპოზიუმები და სამეცნიერო კონფერენციები. მისი ძალისხმევის შედეგად სოციოლოგია ჩართულ იქნა საქართველოს სოციალური განვითარების დაგეგმვის საქმეში, მომზადდა სალექციო კურსები სოციოლოგიაში, დაცულ იქნა დისერტაციები (ქეცბაია, 2016).
ვენორ ქვაჩახიამ 1977 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისში, არაცნობიერის შესახებ გამართულ სიმპოზიუმში. საქართველოში შეიქმნა სოციოლოგთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტები იყვნენ პაატა გუგუშვილი და ვენორ ქვაჩახია, შემდეგ კი – პროფესორი ედუარდ კოდუა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკრეტულ-სოციოლოგიური კვლევის კათედრასთან მოქმედებდა დამნაშავეობის სოციოლოგიის საკითხების შემსწავლელი ლაბორატორია (ხელმძღვანელი პროფესორი ანზორ გაბიანი). მოგვიანებით მისი ადგილი სტუდენტი ახალგაზრდობის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიამ დაიკავა.
1968 წელს უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორია სოციოლოგიის კათედრად (კათედრის გამგე ვ. ქვაჩახია) გადაკეთდა. კათედრამ სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე რამდენიმე კრებული გამოსცა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის სოციოლოგიური პრობლემების შესწავლას და თანამედროვე ე.წ. ბურჟუაზიული სოციოლოგიის კრიტიკას ექცეოდა.
გამოქვეყნდა მონოგრაფიები და ნარკვევები სოციოლოგიაში პ. გუგუშვილის, ვ. ქვაჩახიას, ო. ჯიოევის, ა. ვაჩეიშვილის, ბ ლუტიძის, ე. კოდუას, გ. ასათიანის, ა. კაციტაძის, ა. გაბიანის, გ. ლოგუას, მ. ბექაიას, გ. წულაძის და სხვ. ავტორობით. იმ პერიოდში სოციოლოგიური კვლევა, როგორც თეორიული, ზოგად-სოციოლოგიური, ასევე დარგობრივი და ემპირიული კვლევების მიმართულებით მიმდინარეობდა.
1982 წელს, ვენორ ქვაჩახიას გარდაცვალების შემდეგ, ზემოხსენებულ კათედრას პროფესორი ედუარდ კოდუა ჩაუდგა სათავეში. მისი თაოსნობით, 1989 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციოლოგიის სპეციალობა დაფუძნდა, რომელიც მოგვიანებით, სოციოლოგიის განყოფილებად გადაკეთდა, კათედრას – სოციოლოგიის კათედრა, ფაკულტეტს კი ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი ეწოდა.
საქართველოში სოციოლოგიის დარგის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პროფესორ ედუარდ კოდუას. მან საქართველოში სოციოლოგიის დარგის განვითარებას დიდი ღვაწლი და ამაგი დასდო და სოციოლოგიური მეცნიერება ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა.

სოციოლოგია დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში

რაც შეეხება დღევანდელობას, ამჟამად, უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, სოციოლოგიის ფაკულტეტი სოციოლოგიის მიმართულებად არის გადაკეთებული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოგვიანებით, პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილის თაოსნობით, თსუ-ში სოციოლოგიის სპეციალობას სოციალური მუშაობა შემოუერთდა და ამჟამად სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის სახით არის წარმოდგენილი.
საქართველოში სოციოლოგია, განსაკუთრებით გამოყენებითი სოციოლოგია, არასოდეს რჩებოდა მთავრობის „ყურადღების გარეშე.“ მთავრობა მას საკუთარი მიზნებისათვის იყენებდა ან საერთოდ უარს ამბობდა მასზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ე. შევარდნაძის პერიოდში საქართველოს მთავრობასთან არსებული „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სოციოლოგიის, კერძოდ სოციოლოგიის აკდემიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი აკად. პაატა გუგუშვილია. დღემდე აქტუალურია მისი მოსაზრებები სოციოლოგიის საგნის, სოციოლოგიური ცოდნის სპეციფიკურობისა და, საერთოდ, სოციოლოგის საჭიროების შესახებ (ბერძენიშვილი, ქეცბაია, 2021). ეს ის დროა, როდესაც სოციოლოგია „ბურჟუაზიულ“ მეცნიერებად არის მიჩნეული და მის შესახებ მხოლოდ სიძულვილის ენით თუ შეიძლება წერა და საუბარი, რასაც დაკვირვებული მკითხველი აკად. პაატა გუგუშვილის სოციოლოგიურ თხზულებებსა და ნააზრევში, ვერსად ნახავს. უფრო მეტიც, იგი როგორც საქართველოში ამ მეცნიერების ფუძემდებელი და პოპულარიზატორი, რიგი მწვავე სოციალური პრობლემის (მაგ. ოჯახი და ქორწინება და სხვ.) მეცნიერული გადაწყვეტის საქმეში სოციოლოგიის როლს დადებითად აფასებს და სოციოლოგიის იმდროინდელ კორიფეებთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს. აღსანიშნავია, რომ აკად. პ. გუგუშვილი წლების განმავლობაში სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო და სოციოლოგიის არაერთ კორიფეს პირადად იცნობდა. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ჩარლზ რაით მილსი 1960 წლის აპრილის ბოლოს თბილისში იმყოფებოდა, რა დროსაც აკად. პ. გუგუშვილს სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრა. ამ საუბარს მილსი 1960 წელს დაწერილ თავის „წერილებში“ იხსენებს, როგორც მეგობრების შეხვედრას. საინტერესო ფაქტია, რომ რადიკალური სოციოლოგიური თეორიის ფუძემდებელმა აკად. პ. გუგუშვილის სახით, საბჭოთა კავშირში მეგობარი იპოვა.
დიდია ღვაწლი სოციოლოგიის აკადემიური სკოლისა, რომელსაც ადრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენდა (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი ა. სულაბერიძის ხელმძღვანელობით). ინსტიტუტმა საქართველოში სოციოლოგიური კვლევის მდიდარი ტრადიცია დაამკვიდრა, თუმცა, მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (სააკაშვილის მთავრობის გადაწყვეტილებით) ნაძალადევი შეერთებით, გაქრობის საფრთხე ემუქრება.
სოციოლოგიის განვითარებაში ერთგვარი გარდატეხა ეროვნული ხელისუფლების დროიდან იწყება, როდესაც მეცნიერება მთლიანად განთავისუფლდა ყალბი საბჭოური იდეოლოგიისა და სტერეოტიპებისაგან და თავისუფალ განვითარებას შეუდგა. ამ დროიდან მოყოლებული, სოციოლოგიის სწავლების შიში და მისდამი უნდობლობა გაქრა. საზოგადოებამ შეიგნო მისი აუცილებლობა, თუმცა, სოციოლოგიური ცოდნის კულტურას საქართველოში სათანადო დონემდე ჯერაც არ მიუღწევია.
როგორც ზემოთ ითქვა, საბჭოთა დიქტატურის წლებში, სოციოლოგიად მოიაზრებოდა საზოგადოების შესახებ ყალბი მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება – ისტორიული მატერიალიზმი, რომლისგან თავის დაღწევასაც ქართველი მეცნიერები სოციუმის შესახებ ფილოსოფიური თეორიებითა და დოქტრინებით ცდილობდნენ, ანუ სოციოლოგიური პრობლემების ანალიზი ფილოსოფიურ სიბრტყეზე გადაჰქონდათ. ამან მეორე უკიდურესობა შვა - სოციოლოგიამ ფილოსოფიური შეფერილობა მიიღო.
დღეს საქართველოში სოციოლოგია თავისთავადობას იძენს. სწორედ ამ ისტორიულ და ინტელექტუალურ ველში უწევს სოციოლოგიას საქართველოში ჩამოყალიბება და განვითარება.
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა (რომელიც სოციოლოგიის განხრით სამივე საფეხურის - ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) სპეციალისტებს ამზადებს, სოციოლოგიის განხრით სპეციალისტებს ბაკალავრის ან მაგისტრატურის დონეზე ამზადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტბში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები, სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერებთან ერთად, გარკვეულწილად შესაფერის ამინდს ქმნიან სოციოლოგიის სფეროში. დღეს თბილისში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი რამდენიმე სოციოლოგიური ცენტრი არსებობს.

დასკვნა

ქართველ სოციოლოგთა თანამედროვე თაობა სოციოლოგიის კლასიკური და უახლესი პარადიგმების კრიტიკული ათვისების პროცესში იმყოფება, რის შედეგადაც თანდათანობით იკვეთება ის მიმართულებები, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების სოციალური პრობლემების სათანადო ანალიზის საშუალებას იძლევა.
დღეს, თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში, როგორც სამეურნეო-ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მოწყობა-მოწესრიგება, ასევე ადამიანთშორისი ურთიერთობების სრულყოფა წარმოუდგენელია სოციოლოგიური მომსახურების გარეშე. ეს პროცესი დაწყებულია საქართველოშიც. ამ პროცესებში წარმატება სოციოლოგების მონაწილეობის გარეშე გაძნელდება. იმედია, შორს არ არის ის დრო, როდესაც სოციოლოგები იმუშავებენ სამრეწველო და სასოფლო გაერთიანებებში, ფირმებსა და ასოციაციებში, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მართვის ორგანოებში, სოციოლოგიური კვლევის ცენტრებსა და ლაბორატორიებში, მედიაში, სარეკლამო სააგენტოებსა და იმიჯ-ცენტრებში და ა. შ.
საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სოციოლოგიის ინსტიტუციონალიზაციისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. სოციოლოგიის ამ დარგის წარმატება დიდად არის დამოკიდებული საზოგადოების ,,გაღიავებასა“ და დემოკრატიზაციაზე, სოციოლოგიური ცოდნის მაღალ კულტურაზე და ა.შ.

ლიტერატურა:
• კვალი (1902) ყოველკვირეული გაზეთი, # 30. კვირა, 21 ივლისი,
• დანელია ს. (1927). ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი. თბ.
• კოდუა ე. (1999). გრიგოლ რობაქიძის სოციოლოგიური ნააზრევი, თბ.
• მჭედლიშვილი პ. (1903). ლონდონის მაწანწალები. ტფილისი.
• გუგუშვილი პ. (1966). თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ, თბ., გვ. 121.
• წერეთელი მ. (1990). ერი და კაცობრიობა (სოციოლოგიური ანალიზი), თსუ.
• ჯორჯაძე ა. (2010). წერილები. თბ.
• კარტოზია ბ. (1986). ნარკვევები ქართული სოციოლოგიური აზრის ისტორიიდან (XX ს. 10-30-იანი წლები). თბ. თავი III. სერგი დანელია. გვ. 91-159.
• გორდელაძე კ. (1985). ორგანიცისტული მიმართულება სოციოლოგიაში. თსუ.
• მეგრელიძე კ. (1990). აზრის სოციალური ფენომენოლოგია. თბ.
• ქეცბაია კ. (2016). სოციოლოგია საქართველოში, წიგნში: სოციოლოგია ყველასათვის. თბ.
• ბერძენიშვილი ა., ქეცბაია კ. (2021). სოციოლოგიის საგნის შესახებ პაატა გუგუშვილის მიერ დასავლური სოციოლოგიის კრიტიკული ანალიზის მიხედვით. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, #3. გვ. 212-223.

References:
• Kvali (1902). Kvali, kovelkvireuli gazeti. [A Weekly Newspaper, #30, Sunday, July 21.] in Georgian.
• Danelia S. (1927). Vaja-fchavela da qartveli eri. [Vazha-Pshavela and the Georgian Nation.] (in Georgian).
• Kodua E. (1999). Grigol Robaqidzis sociologiuri naazrevi. [Grigol Robakidze’s Sociological Ideas, Tbilisi.] in Georgian.
• Mtchedlishvili P. (1903). londonis mawanwalebi [London Tramps. Tfilisi.] in Georgian.
• Gugushvili P. (1966). tanamedrove burjuaziuli sociologiis shesaxeb. [On Modern Bourgeois Sociology, Tbilisi, p. 121.] in Georgian.
• Tsereteli M. (1990). eri da kacobrioba [“Nation and Mankind” (Sociological Analysis), TSU.] in Georgian.
• Jorjadze A. (2010). werilebi. [Letters. Tbilisi.] in Georgian.
• Kartozia B. (1986). narkvevebi qartuli sociologiuri azris istoriidan [Essays on History of Georgian Sociological Thought (10-30-ies of XXc.). Tbilisi, Ch. III. Sergi Danelia. P. 91-159.] in Georgian.
• Gordeladze K. (1985) organicistuli mimartuleba sociologiashi. [Organicistic Movement in Sociology. TSU.] in Georgian.
• Megrelidze K. (1990), azris socialuri fenomenologia. [Social Phenomenology of Thiking. Tbilisi.] in Georgian.
• Ketsbaia K. (2016). Sociologia saqartveloshi [Sociologi in Georgia, in “Sociology for Everybody”. Tbilisi.] in Georgian.
• Berdzenishvili A., Ketsbaia K. (2021). sociologiis sagnis shesaxeb Paata Gugushvilis mier dasavluri sociologiis kritikuli analizis mixedvit. [On the Subject of Sociology According to the Critical Analysis of the Western Sociology by Paata Gugushvili. TSU journal “Economics and Business” # 3, p. 212-223.] in Georgian.

Keywords: Sociology, sociology in Georgia, Georgian sociologists, founders of sociology in Georgia, sociology in modern Georgia.
JEL Codes: A14, Z10, Z13