ჟურნალი ნომერი 4 ∘ გიგა პერტია ∘ საგადასახადო სისტემის გავლენა მცირე ბიზნესზე - უცხოური და ქართული გამოცდილებაdoi.org/10.52340/eab.2024.16.04.11
ჟურნალი N 4. 2024
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მცირე ბიზნესს ძალიან დიდი უპირატესობა ენიჭება მსოფლიოს განვითრებულ თუ განვითარებად ქვეყნებში. ის, ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევაში, სტაბილურობის შენარჩუნებაში, მოსახლეობის საშუალო ფენის ფორმირების საკითხში და ა.შ. მთელ რიგ ფუნქციასთან ერთად, მცირე ბიზნესის მეშვეობით ხდება ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაც ქვეყანაში. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, მცირე ბიზნესი წარმოადგენს ქვეყანაში რეგისტრირებული კერძო ბიზნესების 98%-ზე მეტს და დასაქმების კუთხითაც არ ჩამორჩება მსხვილ და საშუალო ბიზნესს მთელს ინდუსტრიაში. სწორედ, ყოველივე აქედან გამომდინარე, თანამედროვე ეკონომიკის ტენდენციებმა, წინა პლანზე წამოსწია მცირე ბიზნესის როლი და მნიშნვნელობა. მათ განვითარებაზე დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაში განხორციელებულმა საგადასახადო რეფორმება და შეთანხმებებმა. ამიტომ, აუცილებელია თითოეული საგადასახადო რეფორმის თუ შეთანხმების დეტალური შესწავლა არამხოლოდ საგადასახადო დონეზე, არამედ მისი მოქმედების ეფექტი უნდა განვსაზღვროთ მეწარმეების პოზიციიდანაც, რასაც თან უნდა ერთვოდეს ეტაპობრივი მონიტორინგი.
სტატიაში განხილულია მცირე ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმების ამერიკული და ქართული გამოცდილება. დახასიათებულია გადასახადები, რომლითაც იბეგრება მცირე ბიზნესსექტორი, შეფასებულია საგადასახადო ტვირთის ტენდენცია და მისი გავლენა ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე. ყოველივე ამის საფუძველზე კი, მომზადებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.
საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, მცირე ბიზნესის დაბეგვრა, მონიტორინგი, ორმაგი დაბეგვრა, ინოვაციური ეკონომიკა.
შესავალი
საკვლევი თემის აქტუალურობა. საერთაშორისო ბაზარზე, მცირე ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მთავარ გარანტად ითვლება, რადგან, ის ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების 99%-ზე მეტი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეა და მათი წილი ქვეყნის მშპ-შიც საკმაოდ მაღალი- 60%-ია.
ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციებმა ცხადყო, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მცირე ბიზნესის დაბეგვრა და საგადასახადო ტვირთის ოდენობა წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, რადგან ის მათი განვითარების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყოველივე აქედან გამომდინარე, შემუშავებულმა საკანონმდებლო რეფორმამ, შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს მცირე ბიზნესის სამეწარმეო საქმიანობაზე. ამიტომ, სანამ საკანონმდებლო ინიციატორები რეფორმებს შეიმუშავებენ, საჭიროა მისი დეტალური შესწავლა, შეფასება და ეტაპობრივი მონიტორინგი.
სტატიის მიზანია საგადასახადო სისტემის გავლენის დადგენა მცირე ბიზნესის სამეწარმეო საქმიანობაზე, აშშ-სა და საქართველოს გამოცდილების მაგალითზე.
კვლევისათვის გამოყენებული მეთოდოლოგია და მასალები.
კვლევის დასახული მიზნის მისაღწევად, ნაშრომში გამოყენებულია კვლევის შემდეგი ძირითადი მეთოდები: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდი, ინდუქციის და დედუქციის მეთოდი, მონაცემთა შეგროვების სტატისტიკური ანალიზის, დაჯგუფებისა და სისტემური მიდგომის მეთოდები.
სტატიაში გამოყენებულია მცირე ბიზნესის დაბეგვრასა და საგადასახადო ტვირთთან დაკავშირებით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერების ნაშრომები, ანგარიშები, პერიოდული და ინტერნეტ-გამოცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან, როგორიცაა: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), კორპორაციული ფინანსების ინსტიტუტი (CFI), აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახური (IRS), საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და სახელმწიფო ხაზინა.
მცირე ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკაში და საგადასახადო სისტემის გავლენა მის სამეურნეო საქმიანობაზე
მცირე ბიზნესი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას, აქედან გამომდინარე, მისი განვითარების ხელშეწყობა ნებისმიერ ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო და უფრო წარმოადგენს მთავარ საზრუნავს, პრიორიტეტს. მისი როლი დასაქმების სფეროშიც ძალიან დიდია. საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ ისინი ყოველწლიურად ქმნიან ყოველი სამი ახალი სამუშაო ადგილიდან ორს. მცირე ბიზნესზე საგადასახადო ორგანოს მიერ, დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემუშავებულ და განხორციელებულ რეფორმებს/ცვლილებებს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობაზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოხდეს თითოეული საგადასახადო რეფორმის თუ ცვლილების დეტალურად შეფასება და მონიტორინგი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მცირე ბიზნესისათვის მოქმედებს განსხვავებული საგადასახადო განაკვეთები. ზოგიერთ ქვეყანაში, საგადასახადო ტვირთი მაღალია და შესაბამისად, ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ ქვეყანაში კი, პირიქით მცირე ბიზნესების დაბეგვრის კუთხით, შემუშავებულია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, რომელიც ითვალისწინებს დაბალ საგადასახადო ტვირთს (Pomerleau K., 2015).
საგადასახადო ტვირთი მცირე ბიზნესისთვის აშშ-ში და მისი გავლენა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობაზე
აშშ-ში, მცირე ბიზნესი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს. SBA-ის (Small Business Administration) თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფლობს ან მუშაობს მცირე ბიზნესში. ქვეყანაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე ბიზნესის სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხს. მასში იგულისხმება ისეთი ქმედებების შემუშავება, რაც საშუალებას იძლევა საგადასახადო ადმინისტრირების სისტემა კიდევ უფრო გამარტივდეს და შეამციროს გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში ყოფნისას დახარჯული დრო. ამავდროულად, საგადასახადო ადმინისტრაცია საშუალებას იძლევა გამოიყენოს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები მცირე ბიზნესისთვის და შეამციროს ადმინისტრაციული დანახარჯებიც (Kaledin S., 2019, p. 1).
აშშ-ში არსებული საგადასახადო რეგულირების სისტემა და გადასახადები, თავის მხრივ, გამოირჩევა კომპლექსურობით, რასაც განაპირობებს ის, რომ გადასახადები დაწესებულია სამ ძირითად დონეზე: სახელმწიფო, ადგილობრივ და ფედერალურ დონეზე. გადასახადები, სამივე დონეზე, ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამოყოფილი. ასე, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი შემოღებულია სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე, საბაჟო გადასახადი დაწესებულია ფედერალურ დონეზე, რეალიზაციის გადასახადი დაწესებულია სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე და ა.შ. აშშ-ში მეწარმეები დაყოფილია სამ კატეგორიად და შემოსავლების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განსხვავებული საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს (იხ.ცხრილი 1.). მაგრამ, თუ პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე კომპანიას წარმოადგენს, მაშინ საშემოსავლო გადასახდის განაკვეთი მათთვის შემოსავლების მიუხდავად, ფიქსირებული 21%-ია (ბუკია, 2019, გვ. 37)

აშშ-ში, მცირე მეწარმეებს შეუძლიათ, შეამციროს დასაბეგრი შემოსავალი, საგადასახადო შეღავათების გამოყენებით და გამოქვითვებით. მაგალითად, მათ შეუძლიათ ერთობლივი დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ ისეთი ბიზნესხარჯები, როგორიცაა: საოფისე მარაგების, მარკეტინგის და მივლინების ხარჯები და ა.შ. მიმდინარე მდგომარეობით, მცირე ბიზნესს საშემოსავლო გადასახადთან ერთად, უწევს გადაიხადონ ისეთი გადასახადები, როგორიცაა: თვითდასაქმების გადასახადი, აქციზის გადასახადი, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი და ა.შ.
ყველა მცირე ბიზნესი, გარდა ამხანაგობისა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. ამხანაგობის ტიპის მცირე ბიზნესსუბიექტებმა კი, უნდა წარადგინონ მხოლოდ ზოგადი შემოსავლების ფორმა (ფორმა 1065), რადგან ამხანაგობის შემოსავალი გადაეცემა პარტნიორებს, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ინდივიდუალურად. გარდა ამისა, ინდივიდუალური მეწარმეები და ცალკეული ამხანაგობები, ექვემდებარებიან თვითდასაქმების გადასახადის გადახდას. მიმდინარე მდგომარეობით, აღნიშნული გადასახადის განაკვეთი შეადგენს 15.3%-ს. მასში მოიაზრება, როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სამედიცინო კუთხით უზრუნველყოფის გადასახადები. ინდივიდუალური მეწარმეები და ამხანაგობები ასევე იბეგრებიან დასაქმების გადასახადით, თუ მათ თავიანთ ბიზნესში დასაქმებული ჰყავთ თანამშრომლები. დასაქმების გადასახადშიც შედის სოციალური უზრუნველყოფისა და მკურნალობის გადასახადები, რისთვისაც დასაქმებულები და თავად დამსაქმებლებიც იხდიან ნაწილს. ის ასევე, საშემოსავლო გადასახადის დასაფარავად, მოიცავს თანამშრომლის ანაზღაურების წყაროდან დაკავებულ შემოსავალს. იმ შემთხვევაში, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები განახორციელებენ აქციზური საქონლის იმპორტს ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ: ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, სხვადასხვა სახის საწვავის, საჰაერო ტრანსპორტის, სპორტული სათევზაო აღჭურვილობის, გარკვეული სახის ვაქცინების და ა.შ. სახით, მაშინ ისინი დაექვემდებარებიან აქციზის გადასახადის გადახდას. აქციზის გადასახადის დაწესება ხდება როგორც ფედერალური მთავრობის მიერ, ასევე, უშუალოდ შტატების მიერ. აქციზის განაკვეთი კი, დიფერენცირებულია სასაქონლო პოზიციებიდან გამომდინარე. აშშ-ში, მცირე ბიზნესის მფლობელები ვალდებულები არიან ასევე გადაიხადონ გაყიდვების ეროვნული გადასახადი, თუ ისინი ახორციელებენ საქონლის ან მომსახურების რეალიზაციას (Daugherty G, 2024).
გარდა ზემოაღნიშნული გადასახადებისა, ბუნებრივია, მცირე ბიზნესი იხდის ქონების გადასახადს, მიწის, შენობა-ნაგებობის, ან სხვა სახის უძრავი ქონების მფლობელობიდან გამომდინარე. გადასახადის ოდენობა დიფერენცირებულია. დამატებით, შეიძლება დაიბეგრონ ფრენჩაიზის გადასახადით. აშშ შედის მსოფლიოს იმ ათეულ ქვეყანათა რიცხვში, რომლებიც მეწარმეებს ბიზნესის კეთების გამო, უწესებს ფრენჩაიზის გადასახადს (Daugherty G, 2024).
აშშ-ში, გადასახადების შემცირებისა და სამუშაოების აქტმა (TCJA), რომელიც 2017 წელს შემუშავდა, მნიშვნელოვნად შეამცირა მცირე ბიზნესსექტორის კორპორატიული გადასახადის განაკვეთი 35%-დან, 21%-მდე. ხოლო, საშუალო კომბინირებული ფედერალური და სახელმწიფო განაკვეთი 38,9%-დან, 25,8%-მდე შემცირდა. ყოველივე ამის შედეგად, კი მიმდინარე მდგომარეობით, აშშ-ის კორპორატიული გადასახადის განაკვეთი, მათ შორის, შტატის და ადგილობრივი კორპორაციული საშუალო განაკვეთი, უფრო დაბალია, ვიდრე G7-ის ყველა სხვა წამყვანი ქვეყნის ეკონომიკაში. ასევე, დაბალია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 37 ქვეყნის საშუალო 26.1%-იან მაჩვენებელზე (იხ.ცხრილი2.). მიმდინარე მდგომარეობით, ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი კორპორაციული საშემოსავლო გადასახადის ჯამური ოდენობა შეადგენს ქვეყნის მშპ-ის 1,6%-ს. ხოლო, OECD-ს 37 ქვეყნის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი - 3,2%-ს (The Tax Policy Center, 2024).

საგადასახადო განაკვეთების კლება აშშ-ში რეგისტრირებული მცირე ბიზნესების ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითაც აისახა და შესაბამისად, მათი მოგების პროცენტული წილიც მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიან შემოსავლებში (იხ.ცხრილი 3.).
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო განაკვეთების შემცირებას საწარმოების ფინანსურ მდომარეობაზე დადებითი მოქმედების ეფექტი აქვს და მომავალში მცირე ბიზნესის დაწყების სურვილი კიდევ უფრო ბევრ პოტენციურ მეწარმეს გაუჩნდა. ამას მოწმობს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებაზე გაკეთებული განცხადებების სტატისტიკური მაჩვენებელი.
აშშ-ის მცირე ბიზნესსექტორის განვითარებასა და ფინანსური მდგრადობის ზრდაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ორმაგი დაბეგვრა, ან როგორც მას ასევე უწოდებენ, ‘’გაზრდილი ფინანსური ტვირთი’’, ეს არის კონცეფცია, რომელიც უკვე დიდი ხანია აწუხებს მცირე ბიზნესის სექტორს, იწვევს ფინანსურ დაძაბულობას და აფერხებს მომ¬გე¬ბი¬ა¬ნო¬ბის ზრდას. რო¬დე¬საც სა¬წარ¬მო იბეგ¬რე¬ბა მის მო¬გე¬ბა¬ზე რო¬გორც კორ¬პო¬რა¬ტი¬ულ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, იგი იწვევს რეინვესტირებისთვის, ან გაფართოებისთვის ხელმისაწვდომი შემოსავლის მნიშვნელოვან კლებას. თუ მაგალითად,

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე კომპანია, უცხოეთში ფლობს წილს, იგი ორივე ქვეყანაში იბეგრება. ყოველივე ეს კი, ზრდის მის ხარჯებს და ამცირებს წმინდა მოგებას. წლების განმავლობაში, ეს საკითხი დებატების საგანი იყო როგორც ეკონომისტების, ისე პოლიტიკოსების და ბიზნესის მფლობელების მხრიდან. მეწარმეები ექვემდებარებიან კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადს მათ მოგებაზე და როდესაც დივიდენდები ნაწილდება აქციონერებზე, ისინი კვლავ იბეგრება ინდივიდუალურ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელებმა შეიძლება გადაიხადონ გადასახადები ორჯერ ერთსა და იმავე შემოსავალზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ შემოსავლებს. გარდა ამისა, მცირე ბიზნესის ორმაგი დაბეგვრის ფენომენი ზღუდავს მცირე ბიზნესის უნარს, დააბანდონ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება საწარმოში, რადგან მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოიწურა ორმაგად გადახდილი გადასახადების გამო. ასეთ შემთხვევაში, საწარმოებს რჩებათ ნაკლები ფინანსური რესურსი კვლევისა და განვითარებისთვის, აღჭურვილობის ან ტექნოლოგიური განახლებებისთვის, ახალი თანამშრომლების დაქირავებისთვის, სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებისთვის და ა.შ. პირობითად, რომ წარმოვიდგინოთ სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური პროგრამული პროდუქტების განვითარებას, თუ მას ორმაგი დაბეგვრა ემუქრება და მოგების მნიშვნელოვან ნაწილს გადასახადების სახით გადაიხდის, მას შეიძლება გაუჭირდეს ინვესტირება პროდუქტის განვითარებისთვის აუცილებელი უახლესი ტექნოლოგიების შეძენაში, გამოცდილი პროგრამისტების დაქირავებაში, მან ასევე, შეიძლება ხელი შეუშალოს ინოვაციების დანერგვას და ა.შ. შესაბამისად, ეს აფერხებს საწარმოს ზრდის პოტენციალს და კონკურენტუნარიანობას ბაზარზე (CFI Team (Corporate Finance Institute Team), 2024); (Faster Capital, 2024).
აშშ-ს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, საგადასახადო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული მთელ რიგ უცხო ქვეყანასთან. ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება (DTTs) არის შეთანხმება, რომელიც დადებულია ორი ან მეტი იურისდიქციის მიერ. აღნიშნული ხელშეკრულებების მიზანია, მოხდეს შემოსავლისა და კაპიტალის საერთაშორისო, სამართლებრივი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება. ამ ხელშეკრულებების თანახმად, უცხო ქვეყნების რეზიდენტები (არაა აუცილებელი იყვნენ მოქალაქეები), რომლებიც შემოსავლებს იღებენ აშშ-ს წყაროებიდან, იბეგრებიან შემცირებული განაკვეთით ან სრულად გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან შემოსავლის გარკვეულ ნაწილზე. ეს შემცირებული განაკვეთები, ბუნებრივია, განსხვავებულია ქვეყნების, შემოსავლის სახეობების მიხედვით და დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, აშშ-ს მსოფლიოს 69 ქვეყანასთან აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება დადებული. თითოეულ ქვეყანასთან დადებული შეთანხმება იდენტური არ არის და განსხვავებულ პირობებს მოიაზრებს. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ის მცირე ბიზნესის სექტორის განვითარებას, მეწარმეებს შეუმცირდათ საგადასახადო დანახარჯები, გაიზარდა წმინდა მოგების პროცენტული წილი, მთლიან შემოსავლებში, მოხდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების თუ კომპანიების მხრიდან, მეტი ინვესტიციის განხორციელების სტიმულირება. ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მეწარმეობის მსურველთა რიცხვი და მათ მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განცხადებების რაოდენობა. რეგისტრირებული მცირე ბიზნესის რაოდენობის ზრდასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტშიც საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდაც შეინიშნება, რასაც ასევე, დადებითი მოქმედების ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე (U.S Internal Revenue Service, Page Last Reviewed or Updated: 22 August, 2024); (United Nations Conference on Trade and Development, 2024, p. 2).
საგადასახადო ტვირთი მცირე ბიზნესისთვის საქართველოში და მისი გავლენა ფინანსურ მდგომარეობაზე
საქართველოს ეკონომიკისთვის მცირე ბიზნესი მოიაზრება უმთავრეს მამოძრავებელ ძალად. რადგან, სწორედ მეწარმეობის განვითარება და რეგისტრირებული მცირე ბიზნესების რაოდენობის ზრდა უწყობს ხელს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას, რაც თავის მხრივ, სიღარიბის დონის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური და მიმზიდველი საგადასახადო გარემო. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეფორმას თუ ცვლილებას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოში მცირე ბიზნესების სამეწარმეო საქმიანობაზე. წლების განმავლობაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსმა უამრავი ცვლილება განიცადა და შესაბამისად, განსხვავებული იყო გადასახადების საპროცენტო განაკვეთები, დასაბეგრი ბაზის გამოთვლის, დეკლარირების წესი და პასუხისმგებლობის მექანიზმებიც. საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების საკანონმდებლო რეგულირების სისტემა მე-20 საუკუნის მიწურულს იწყებს ჩამოყალიბებას. მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ძირითადი პრონციპები და სტრატეგიები განსაზღვრული იყო 1999 წელს მიღებული კანონით „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“. მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებიდან კიდევ ერთი - „მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო დახმარების პროგრამან, 2002 წელს შევიდა ძალაში (ლობჟანიძე, 2017, გვ. 1-2).

საქართველოში, მცირე ბიზნესსექტორისთვის გათვალისწინებულია სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლის მიხედვით, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:
ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მიკრო ბიზნესის სტატუსს ანიჭებს ფიზიკურ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობას და არ ყავთ დაქირავებული თანამშრომლები, დღგ-ს გადამხდელ პირად არ არის რეგისტრირებული და მისი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავლები არ აღემატება 30 000 ლარს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლები არიან, მაგრამ მათ აქვთ ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება საგადასახადო ორგანოში. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება აღნიშნული სტატუსის ფარგლებში საქმიანობის დაწყებამდე, მიიღონ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი, საქართველოს იუსტიციის სახლში.
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მცირე ბიზნესის სტატუსს ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ვინც ეწევა სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავლების ჯამური ოდენობა მერყეობს 30 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. მიკრო ბიზნესისგან განსხვავებით, მანამ, სანამ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მან ჯერ საქართველოს იუსტიციის სახლში უნდა მიიღოს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდება მისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. მათ მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. 2018 წლის 1 ივლისს განხორციელებული რეფორმის შედეგად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის ძალაში შევიდა საშემოსავლო გადასახადის ახალი შეღავათიანი განაკვეთი 1% (ნაცვლად 20%-ისა), რომელიც აღნიშნული მომენტისთვის, 100 ათასზე მეტ მეწარმეს უნდა შეხებოდა. აღნიშნულ რეფორმას, დადებითი მოქმედების ეფექტი ჰქონდა, როგორც მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. მის საშუალებით, მეწარმეებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საგადასახადო და ასევე, ადმინისტრაციული დანახარჯებიც, რადგან გამარტივდა საგადასახადო აღრიცხვის სისტემაც.
გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე - აღნიშნული საქმიანობის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ახორციელებს შემდეგი საქმიანობიდან ერთ-ერთს: პირს, რომელსაც აქვს თონე, დასაბეგრი ბაზა ამ შემთხვევაში, არის თონის რაოდენობა და ფიქსირებული განაკვეთი განსაზღვრულია ერთ თონეზე 50 ლარი. ასევე, შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს სილამაზის სალონი, მაგალითად ახორციელებს თმის შეჭრას, შეღებვას, დახვევას და ა.შ. მათთვის გადასახადის ოდენობა გათვალისწინებულია ერთ სამუშაო სკამზე 50 ლარი, ხოლო ის, ვინც მანიკურის და პედიკურის მომსახურებას ეწევა დასაბეგრი ბაზა, ერთ სამუშაო მაგიდაზე არის 30 ლარი. გარდა ამისა, ენიჭება ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა სოლარიუმის მომსახურებას ან ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, მათი დასაბეგრი ბაზაც შესაბამისად არის, ერთი სოლარიუმის კაბინაზე 70 ლარი და ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურებისთვის განკუთვნილი ადგილისთვის 100 ლარი. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები ვალდებულები არიან, აღნიშნული სტატუსის მინიჭებამდე დარეგისტრირდნენ საქართველოს იუსტიციის სახლში ინდივიდუალურ მეწარმეებად. მაგრამ, მიკრო და მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, ისინი არ არიან ვალდებულები საგადასახადო ორგანოში წარმოადგინონ ყოველთვიური, ან ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2010). (შემოსავლების სამსახური, 2020).

როგორც ცხრილი 5-დან ჩანს, საქართველოში კერძო ბიზნესსექტორში რეგისტრირებული პირების 98.8% წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს. რაც დასტურია იმისა, რომ საქართველოში, სამუშაო ძალის შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაში, მცირე ბიზნესსექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
გარდა ზემოაღნიშნული გადასახადებისა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს (გარდა მიკრო მეწარმისა) შესაძლოა ასევე დაეკისროს შემდეგი გადასახადების გადახდის ვალდებულება: დღგ-ს 18%, ქონების გადასახადი (რომლის განაკვეთიც დიფერენცირებულია), იმპორტის გადასახადი (იმპორტის ან 12%-იანი, ან 5%-იანი, ან კიდევ დიფერენცირებული განაკვეთი, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია უშუალოდ სასაქონლო პოზიციაზე) და ა.შ.
საქართველოში კერძო ბიზნესსექტორის და მათ შორის, მცირე ბიზნესსექტორის საგადასახადო დანახარჯების შემცირებას და მოგების პროცენტული წილის ზრდას მთლიან შემოსავლებში, ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებებმა“, რომლის მთავარ მიზანს, გარდა საგადასახადო დანახარჯების შემცირებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთობის გაღრმავება და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა. საქართველოს მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებულ შეთანხმებების ძირითადი ტექსტი ემყარება OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მოდელს და მოიცავს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ, მეორე ქვეყანაში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის პირობებსა და პრინციპებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება გაფორმებული აქვს მსოფლიოს 58 ქვეყანასთან, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, მეორე ქვეყანაში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დაიბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც შემოსავლის მიღება მოხდა, ან პირის რეზიდენტ ქვეყანაში. მეორე ქვეყანა კი, ჩაუთვლის გადასახადს გადახდილად. აღნიშნული შეთანხმების მიზანი ასევე, არის ის, რომ მოხდეს გადამხდელების მხრიდან, გადასახადის ოდენობის შემცირების, ან სრულად თავის არიდების მცდელობის მაქსიმალურად აღკვეთა (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2023).
დასკვნა
ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციებმა, მცირე ბიზნესის როლი და მნიშვნელობა უფრო და უფრო უპირატესი გახადა როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში. ის, საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის და კეთილდღეობის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. მცირე ბიზნესის სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობის სტაბილურად წარმართვასა და ფინანსურ მდგომარეობაზე, შესაძლოა რიგმა ფაქტორმა მოახდინოს გავლენა. მათ შორის კი აღსანიშნავია, საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ტვირთი. სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა ერთგვარი წამახალისებელი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა საგადასახადო სისტემაში, რათა მოხდეს მეწარმეობის განვითრების სტიმულირება.
როგორც ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან, აშშ ნამდვილად გამოირჩევა. აშშ-ში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე ბიზნესის სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხს. გადასახადების შემცირებისა და სამუშაოების აქტმა (TCJA), მნიშვნელოვნად შეამცირა მცირე ბიზნესსექტორის კორპორატიული გადასახადის განაკვეთი - 35%-დან 21%-მდე. ხოლო, საშუალო კომბინირებული ფედერალური და სახელმწიფო განაკვეთი - 38,9%-დან 25,8%-მდე.
საქართველოში მცირე ბიზნესი დაყოფილია სამ კატეგორიად: მიკრო, მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელთა კატეგორიებად. რომლისთვისაც მოიაზრება დაბეგვრის სპეციალური, შეღავათიანი სისტემა. საგადასახადო განაკვეთების კლებას, როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში მოქმედი მცირე ბიზნესების ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითი მოქმედების ეფექტი ჰქონდა და შესაბამისად, მათი მოგების პროცენტული წილიც მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიან შემოსავლებში (ბუკია, 2019, გვ. 37).
აშშ-სა და საქართველოში, მცირე ბიზნესსექტორის განვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებს, რომელიც დღეის მდგომარეობით, აშშ-ს მსოფლიოს 69 ქვეყანასთან, ხოლო, საქართველოს - 58 ქვეყენასთან აქვს გაფორმებული. როგორც საერთაშორისო კვლევები მოწმობს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებმა, მეწარმეებს შეუმცირა საგადასახადო დანახარჯები, მოხდა ეკონომიკური თანამშრომლობის ურთიერთობის გაღრმავება, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა, გადამხდელების მხრიდან გადასახადის ოდენობის შემცირების ან სრულად თავის არიდების მცდელობის აღკვეთა და ა.შ.
ლიტერატურა:
• ბუკია ი. (2019). საგადასახადო პოლიტიკის გავლენა მეწარმეობის განვითარებაზე. თბილისი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ. 37.
• ლობჟანიძე ნ. (2017). საქართველოს საგადასახადო სისტემის გავლენა მცირე და საშუალო მეწარმეობაზე. ResearchGate, Pp. 1-2.
• საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2010). საქართველოს საგადასახადო კოდექსი. Retrieved from საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;: https://www.matsne.gov.ge
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2024). საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და ზომების მიხედვით. თბილისი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, (https://www.geostat.ge).
• საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. (2023). ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები. Retrieved from საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: https://www.mof.ge
• სახელმწიფო ხაზინა. (2024). საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 2024 წლის იანვარი-ივნისი. თბილისი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა (https://treasury.ge).
• შემოსავლების სამსახური. (2020). შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები/სტატუსები (ფიზიკური პირის საგადასახადო ასისტენტი). Retrieved from შემოსავლების სამსახური: https://www.rs.ge
• CFI Team (Corporate Finance Institute Team). (2024). Double Taxation. Retrieved from CFI (Corporate Finance Institute): https://corporatefinanceinstitute.com
• Daugherty G. (2024). Understanding Small Business Taxes: A Comprehensive Guide. Retrieved from Investopedia: https://www.investopedia.com
• Faster Capital. (2024). Double Taxation And Its Effects On Small Businesses. Retrieved from FasterCapital: https://fastercapital.com
• Kaledin S. (2019). Features of the taxation of small business in the USA. researchgate (https://www.researchgate.net).
• OECD. (2023). OECD Date Explorer - Archive. Retrieved from OECD (Organisation for Economic Co-operation and Development): https://data-explorer.oecd.org
• OECD. (2023). Revenue Statistics, Tax revenue buoyancy in OECD countries 1965-2022. OECD (Organisation for Economic Co-operation and Development).
• Pomerleau K. (2015). Small Businesses and Their Income Tax Burden. Retrieved from Tax Foundation, (https://taxfoundation.org) : (https://taxfoundation.org)
• The Tax Policy Center. (2024). A citizen’s guide to the fascinating (though often complex) elements of the US tax system. Retrieved from The Tax Policy Center (Urban Institute & Brookings Institution: https://www.taxpolicycenter.org
• U.S Internal Revenue Service. (Page Last Reviewed or Updated: 22 August, 2024). United States income tax treaties - A to Z. Retrieved from IRS (Internal Revenue Service): https://www.irs.gov
• U.S IRS (Internal Revenue Service). (2024). Federal income tax rates and brackets. Retrieved from IRS (Internal Revenue Service);: https://www.irs.gov
• United Nations Conference on Trade and Development. (2024). Double taxation treaties and their implications for investment: what investment policymakers need to know. United Nations. Geneva: United Nations publication issued by the United Nations Conference on Trade and Development.
References:
• Bukia I. (2019). Sagadasakhado politikis gavlena metsarmeobis ganvitarebaze, ["Impact of Tax Policy on the Development of Entrepreneurship. Tbilisi, TSU Publishing House, p.37.] in Georgian
• Lobzhanidze N. (2017). Sakartvelos sagadasakhado sistemis gavlena mtsire da sashualo metsarmeobadze, [Impact of Georgian Tax System on Small and Medium Entrepreneurship. Journal: ResearchGate, pp. 1-2.] in Georgian
• Sakartvelos sakanonmdeblo matsne (2010). Sakartvelos sagadasakhado kodeqsi [Legislative Herald of Georgia – Tax Code of Georgia. in Georgian https://www.matsne.gov.ge. Last seen 13.11.2024.]
• Sakartvelos statistikis erovnuli samsakhuri. (2024). Sakartveloshi moqmed biznes subieqtta raodenoba ekonomikuri saqmianobis sakheebisa da zomebis mikhedvit, [National Statistical Service of Georgia – The Number of Business Entities Operating in Georgia According to the Types and Dimensions of Economic Activity’’. Tbilisi, National Statistical Service of Georgia] in Georgian https://www.geostat.ge.
• Sakartvelos finansta saministro (2023). ormagi dabegvris tavidan atsilebis shesakheb shetankhmebebi [Ministry of Finance of Georgia -Agreements for the Avoidance of Double Taxation.] in Georgian https://www.mof.ge. Last seen 13.11.2024.
• Sakhelmtsifo khazina (2024). Sakartvelos naerti biujetis shemosulobebi 2024 tslis ianvari-ivnisi’’. [State Treasury - Income of the Consolidated Budget of Georgia for January-June 2024. Tbilisi, State Treasury of the Ministry of Finance of Georgia.] in Georgian https://treasury.ge.
• Shemosavlebis samsakhuri (2020). sheghavatiani dabegvris rezhimebi/statusebi (fizikuri piris sagadasakhado asisenti) [Revenue Service - "Preferential Taxation Regimes/Statuses (Tax Assistant of a natural person)]. in Georgian https://www.rs.ge Last seen 13.11.2024.
• CFI Team (Corporate Finance Institute Team). (2024). Double Taxation. Retrieved from CFI (Corporate Finance Institute): https://corporatefinanceinstitute.com. Last seen on 13.11.2024.
• Daugherty G. (2024). Understanding Small Business Taxes: A Comprehensive Guide. Retrieved from Investopedia: https://www.investopedia.com. Last seen on 13.11.2024.
• Faster Capital. (2024). Double Taxation and its Effects on Small Businesses. Retrieved from Faster Capital: https://fastercapital.com. Last seen on 13.11.2024.
• Kaledin S. (2019). Features of the Taxation of Small Business in the USA. Researchgate https://www.researchgate.net
• OECD. (2023). OECD Date Explorer - Archive. Retrieved from OECD (Organisation for Economic Co-operation and Development): https://data-explorer.oecd.org
• OECD. (2023). Revenue Statistics, Tax Revenue Buoyancy in OECD Countries 1965-2022. OECD (Organisation for Economic Co-Operation and Development).
• Pomerleau K. (2015). Small Businesses and their Income Tax Burden. Retrieved from Tax Foundation: https://taxfoundation.org. Last seen on 13.11.2024.
• The Tax Policy Center. (2024). A Citizen’s Guide to the Fascinating (Though often Complex) Elements of the US Tax System. Retrieved from The Tax Policy Center (Urban Institute & Brookings Institution: https://www.taxpolicycenter.org) Last seen on 13.11.2024.
• U.S Internal Revenue Service. (Page Last Reviewed or Updated: 22 August, 2024). United States Income Tax Treaties - A to Z. Retrieved from IRS (Internal Revenue Service): https://www.irs.gov.Last seen on 13.11.2024.
• U.S IRS (Internal Revenue Service). (2024). Federal Income Tax Rates and Brackets. Retrieved from IRS (Internal Revenue Service);: https://www.irs.gov. Last seen on 13.11.2024.
• United Nations Conference on Trade and Development. (2024). Double Taxation Treaties and their Implications for Investment: What Investment Policymakers Need to Know. United Nations. Geneva: United Nations Publication Issued by the United Nations Conference on Trade and Development.
Keywords: Small business; small business taxation; Avoidance of double taxation.
JEL Codes: E62, E64, H20, H26