ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნინო აბესაძე ∘ გლობალური გამაჯანსაღებელი ტურიზმის (ველნეს) განვითარების სტატისტიკური ტენდენციები საქართველოშიdoi.org/10.52340/eab.2024.16.04.06
ჟურნალი N 4. 2024
ნაშრომის მიზანია საქართველოში ველნეს ტურიზმის განვითარების სტატისტიკური ტენდენციების გამოვლენა და ანალიზი. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა სტატისტიკური დაკვირვების, თავმოყრა-დაჯგუფებისა და ანალიზის მეთოდები.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ტურიზმის სახეობებს შორის განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ველნეს ტურიზმისადმი. კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ველნეს ტურიზმი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. საქართველოში მისი განვითარების ტემპები არც თუ მაღალია, თუმცა მას პოტენციალი გააჩნია. ეს დაადასტურა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა.
ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის გარდა, ველნეს ტურიზმით დაინტერესება იზრდება მეზობელ ქვეყნებშიც. მოსახლეობის შემოსავლები მჭიდრო პირდაპირ კორელაციურ კავშირშია ველნეს ტურისტული ვიზიტების რაოდენობასთან, თუმცა, დაბალია ინფორმაციულობის დონე და ტურისტულ ხარჯებში მცირეა ველნესზე გაწეული ხარჯების წილის მაჩვენებელი. კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო მომსახურების მიღების მაჩვენებლები და ავადობის სტატისტიკა რეგიონული ჭრილით მზარდია, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის ხარჯების მოცულობაც მზარდია, თუმცა, იკლებს ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების რაოდენობის მაჩვენებლები.
Ⴐველნეს ტურიზმის მიმზიდველობის გასაზრდელად აუცილებელია მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება - თემატური შეხვედრების გამართვა, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება და სხვ.
საკვანძო სიტყვები: ველნეს ტურიზმი, ტურისტული ხარჯები, მიმზიდველობა, სტატისტიკური ანალიზი, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი.
შესავალი
მსოფლიოში ტურიზმის თანამედროვე ტენდენციების პარალელურად, საქართველოშიც დაიწყო ტურიზმის დივერსიფიცირების პროცესი და რეალურად გაჩნდა თანამედროვე საზოგადოების ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზების შესაძლებლობები. ასეთი ტრანსფორმაცია გარდაუვალი, აუცილელებელი და ამავე დროს საზოგადოების განვითარების თანმდევი პროცესი გახდა. საქართველოში ტურიზმის ევოლუციამ სხვადასხვა ეტაპი განვლო და წლების განმავლობაში მრავალი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორის გავლენით განსხვავებული კონიუნქტურული სტრუქტურით ხასიათდებოდა. იცვლებოდა როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტურისტულ ბაზარი. თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება დასვენების, რეკრეაციის, ჯანმრთელობის გაჯანსაღების, სპორტული აქტიური ცხოვრების და ა.შ მიმართ შეიცვალა და თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობისათვის გახდა უფრო მოთხოვნადი და შესაბამისი სერვისებიც ტრენდული. ამიტომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმის სახეობებს შორის განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ველნეს ტურიზმისადმი, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული კომპონენტებისგან შედგება, როგორიცაა სპა, მედიტაცია, გამაჯანსაღებელი თერაპიები, სპორტული და სამკურნალო აქტივობა. ველნესი სამედიცინო ტურიზმის ნაწილია, მაგრამ ის არ გულისხმობს სანატორიუმებსა და საავადმყოფოებში მკურნალობას, არამედ არის დაავადებების საწყისი პროფილაქტიკა (ერქომაიშვილი, გ. 2013). საერთოდ მსოფლიოში ასეთი ტიპის გამაჯანსაღებელი მოგზაურობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 30.2%-ით, ხოლო ხარჯები 36.2%-ით გაიზარდა, თუმცა, საერთო ველნეს-ტურისტული მოგზაურობები და ხარჯები რჩება პანდემიამდელი პიკის 87-90%-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ დაუბრუნდა პანდემიამდელ დონეს, ველნეს ტურიზმი რჩება მეოთხე უმსხვილეს სექტორად ველნეს ეკონომიკაში (GWI-WE-Monitor-2023, 2023).
ტურიზმის სწრაფი რეაბილიტაციის ფონზე ველნეს ტურიზმიც თანდათან გააქტიურდა პანდემიასთან დაკავშირებული მოგზაურობის შეზღუდვების შემსუბუქებასა და მთლიანი ტურისტული ბაზრის აღდგენასთან ერთად. გლობალური ველნეს ინსტიტუტის მიერ 2022 წელს ველნეს ტურიზმის გლობალური ბაზრის ზომა შეფასდა 814,6 მლრდ აშშ დოლარად და 2023 წლიდან 2030 წლამდე მოსალოდნელია გაიზარდოს 12.42%-ით(Wellness Tourism Market Size & Trends Analysis Report, 2023-2030, 2023). ამავე პერიოდში საერთაშორისო ველნეს ტურისტებმა თითო მოგზაურობაზე საშუალოდ 1,764 აშშ დოლარი დახარჯეს, ეს 41%-ით აღემატება 1 ტიპური საერთაშორისო ტურისტის ხარჯს. შიდა ველნეს ტურისტებმა კი საშუალოდ თითო მოგზაურობაზე 668 აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 175%-ით მეტია, ვიდრე ზოგადად 1 შიდა ტურისტის მიერ გაწეული დანახარჯი(Wellness Economy Statistics & Facts,2024). საქართველოში ველნეს ტურიზმის განვითარება შედარებით ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ამიტომ, საინტერესო და აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში ველნეს ტურიზმის პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების რაოდენობრივი შესწავლა და შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, მოსახლეობის ინფორმაციულობის ხარისხის განსაზღვრა და ა. შ.
ეკონომიკური ეფექტი, რასაც მოუტანს საქართველოს სამედიცინო ველნეს კურორტების ქვეყნად ჩამოყალიბება, შემდეგია: სამედიცინო ველნეს კურორტების ამოქმედებით საქართველო შევა მსოფლიოს ელიტარულ ველნეს ინდუსტრიის ქვეყნების შემადგენლობაში; მოხდება ქვეყნის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით; გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოური კაპიტალის დაბანდებას საქართველოში, რაც გამოიწვევს ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან გაერთიანებას; მოხდება მსოფლიოს მაღალშემოსავლიანი ადამიანების მოზიდვა; პროპაგანდა გაეწევა ჯანმრთელობის ახალ კულტურას, რაც იქნება ინტელექტუალური დისტრიბუცია; ველნეს ინდუსტრია მოითხოვს ადამიანის მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს, რაც გავლენას მოახდენს მთლიანად ერის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდაზე; გაიზრდება შემოსავლები და შემონატანები; განვითარდება ინფრასტრუქტურა; შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები (ერქომაიშვილი გ. 2016), გარდა ამისა, აუცილებელია რეგიონული ჭრილით ველნეს ტურიზმის პოპულარიზაციის გაზრდა. შიდა ტურიზმის წასახალისებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში.“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალური ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს (ერქომაიშვილი გ. 2024), მათ შორის ველნეს ტურიზმის მიმართულებით.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა სტატისტიკური დაკვირვების, თავმოყრა-დაჯგუფებისა და ანალიზის მეთოდები, საკვლევ პრობლემატიკასთან დაკავშირებული თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურა, საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალების მასალები, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და სხვ. წყაროები. საქართველოში ველნეს ტურიზმის განვითარებისა და მოლოდინების ტენდენციების გამოსაკვეთად ჩატარებული კვლევა დაეფუძნა Google Drive-ის ჩაშენებულ აპლიკაციაში განთავსებული ონლაინ ანკეტით საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვას და ჩაღრმავებულ ფიზიკურ პირდაპირ ინტერვიუირებას ფოკუს ჯგუფებში რეგიონული ჭრილით.
ველნეს ტურიზმის გლობალური მასშტაბები
მსოფლიოში გამოკვეთილი ტენდენციების მიხედვით, ველნეს ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მოთხოვნად სახეობას წარმოადგენს. თუმცა, მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით, გეოგრაფიული სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ დიფერენცირებულია ველნეს ტურიზმით დაინტერესებისა და შიდა და საერთაშორისო ველნეს ტურიზმის თანაფარდობის მაჩვენებლები. ველნეს ტურიზმი დასვენებისადმი ახალი მიდგომაა. მდგრადობის მთავარი წინაპირობა ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებაა, მწვანე გარემო, თერმული წყაროები, მთები და ლანდშაფტის რეკრეაციული პოტენციალი (Staneva 2019,27). ტურიზმის მენეჯმენტში სპეციფიკური მიდგომაა საჭირო ტურისტული რესურსების ინტელექტუალური (ჭკვიანური) მართვისთვის (Erdem A., Seker F. 2022). ამიტომაც, თუ გავითვალისწინებთ ინტელექტუალური ტურიზმის ფილოსოფიას, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მეთოდებს, ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, ცხადი გახდება, რომ აუცილებელია საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება, ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და რეალური სამყარო. ტურიზმის პროდუქტების მდგრადობაზე დადებით გავლენას მოახდენს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და პრაქტიკის გამოყენება (Lee at all., 2018,488).
ტურიზმის სფეროში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ველნეს ტურიზმი მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მოთხოვნად ტურიზმის სახეობად ჩამოყალიბდა.
გლობალური ველნეს ინსტიტუტის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ველნეს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 24.2%-ით, ხოლო 2020-2022 წლებში საშუალოდ 30%-თ გაიზარდა. მსოფლიოში ზოგადად, ველნეს ტურიზმი 50%-ით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე საერთოდ ტურიზმი (https://www.marketer.ge/wellness-tourism-benefits/). ადამიანები სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ველნეს მოგზაურობისას, რაც ცხადია, ინდუსტრიის ზრდაზე დადებითად აისახება. გლობალური ველნეს ინსტიტუტის ანგარიშით, ველნეს ტურიზმის ბაზრის ზომა 2022 წელს შეფასდა 814,6 მლრდ აშშ დოლარად. თუ საშუალოდ ყოველწლიურად ბაზრის ზომა 12.5% -ით გაიზრდება, მაშინ ის 2027 წელს 1450.6 და 2030 წელს კი 2096.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდება (იხ.დიაგრამა 1), (Global Wellness Tourism Market Size&Outlook,2022/2030).

ბაზრის ზომისა და საშუალოწლიური ზრდის ტემპებით, 2020-2022 წლების რანჟირების მიხედვით, ქვეყნების ათეულში შედის აშშ 1.8 ტრლნ აშშ დოლარითა და 114% ზრდის ტემპით, ჩინეთი შესაბამისად - 790 მლრდ აშშ დოლარითა და 109.9%-ით, გერმანია - 269 მლრდ აშშ დოლარითა და 116.8%-ით, იაპონია - 241 მლრდ აშშ დოლარით და 96.1%-იანი ზრდის ტემპით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 224 მლრდ აშშ დოლარი და 119.4%, საფრანგეთის ბაზრის ზომა - 172 მლრდ აშშ დოლარი და ზრდის ტემპი 111.6%-ია, ინდოეთის - 132.5 მლრდ აშშ დოლარი და 116.5%, კანადის - 128 მლრდ აშშ დოლარი და 113.5% (Global Wellness Institute Ranks 145 Countries by Wellness Market Size,2024). გლობალურად, ველნეს ეკონომიკის წილი მთლიანი მშპ-ს 5.6%-ს შეადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყოველი 20 „დოლარიდან“ დაახლოებით 1 დოლარი მსოფლიოს მასშტაბით იხარჯება ველნესზე. ამავე ანგარიშის მიხედვით, ველნეს ტურისტთა რაოდენობით უპირობო ლიდერი აშშ-ია 195,4 მლნ ადამიანით, შემდეგ გამოირჩევა გერმანია - 61.6 მლნ და საფრანგეთი - 36.1 მლნ ტურისტით და ა.შ. ( Global Wellness Institute Ranks 145 Countries by Wellness Market Size, 2024).
სტატისტიკური მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით, ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას კვეთს - სწრაფად იზრდება ველნეს ტურიზმი და ტურისტული ხარჯების მოცულობაც მზარდია. ეს განსაკუთრებული ინტენსივობით გამოვლინდა კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ, როდესაც მუშაობის ჰიბრიდული მოდელის უფლებამ ძლიერი სტიმული მისცა ადამიანებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის განვითარებაში (Staneva, Marinov 2022, 21). დრომ მოიტანა ჯანმრთელობისადმი ახლებურად მიდგომის ფორმირება და ტურისტული რესურსების ინტელექტუალური (ჭკვიანი) მართვის აუცილებლობა (Staneva, Marinov, 2023,61).
მსოფლიოში რეგიონების მიხედვით ველნეს ტურიზმში ლიდერი ევროპაა 300.6 მლნ ვიზიტით, მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეზიდენტები გაცილებით მეტს ხარჯავენ ველნეს ტურიზმზე. თუ საშუალოდ ევროპელები ერთი ვიზიტისას 834 აშშ დოლარს ხარჯავენ, ჩრდილოეთ ამერიკელები - 1250-ს და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეზიდენტები - 1354 აშშ დოლარს. თუ გადავხედავთ 2020-2022 წლებში მსოფლიოს რეგიონების მიხედვით ველნეს ტურისტული ხარჯების ჩაშლილ მონაცემებს, აღმოჩნდება, რომ აქ ლიდერი ჩრდილოეთ ამერიკაა 266.8 მლრდ აშშ დოლარით (იხ. ცხრილი 1), სადაც ველნეს ტურისტული ხარჯები იმავე პერიოდში 31.4%-ით გაიზარდა. თუმცა, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხარჯების მატების ტემპით 41.7%-ით, ლიდერობს ევროპა. აღსანიშნავია, რომ მთელს მსოფლიოში საშუალოდ ველნეს ხარჯების 2022 წლის მატების ტემპმა 36,2% შეადგინა (GWI-WE-Monitor-2023, 2023).

ქვეყნების მიხედვით ხარჯების დეტალურად ჩაშლილი მონაცემები აჩვენებს შეჭრილ სტრუქტურას, რამდენადაც ქვეყნების ათეული სხვადასხვა რეგიონების ქვეყნებს მოიცავს (იხ. ცხრილი2).

როგორც ტურისტთა რაოდენობის, ასევე ველნეს ტურისტული ხარჯებით 255.9 მლრდ აშშ დოლარით, ლიდერი აშშ-ია, რაც 2020-2022 წლებში 31.8%-ითაა გაზრდილი და მეორე ადგილზე მყოფი გერმანიის ხარჯებს 3.6 ჯერ აღემატება, მაგრამ იმავე პერიოდში გერმანიაში ველნეს ხარჯების მატების ტემპი 18.1%-ით აღემატება აშშ-ს შესაბამის მონაცემს. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ს ველნეს ტურისტულ ხარჯებს ჩრდილოეთ ამერიკის ხარჯების 95.9% უჭირავს. შესაბამისად, კანადას - 4.1%, ველნეს ტურისტული ხარჯების ყველაზე მაღალი მატების ტემპი - 78.7% დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, თუმცა, ხარჯების ჯამური მოცულობით ათეულში ჯერჯერობით მე-8 ადგილს იკავებს.
ველნეს ტურიზმში საერთაშორისო და შიდა ტურიზმის წილის მაჩვენებელები სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლებია რეგიონების მიხედვითაც. თუ ჩრდილოეთ ამერიკაში ველნეს ტურიზმში უმეტესი, 96% შიდა, ადგილობრივ ველნეს ტურიზმს უჭირავს, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში პირიქითაა და 95% საერთაშორისო ველნეს ტურიზმზე მოდის. სხვა დანარჩენი რეგიონისთვის შიდა ველნეს ტურიზმის წილი 57%-81% დიაპაზონის ფარგლებშია და უპირატესია შიდა ველნეს ტურიზმთან შედარებით, მხოლოდ შუა ღმოსავლეთი გამოირჩევა თანამაბარი პროცენტული მაჩვენებლებით(GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf, 2023,59), (იხ.დიაგრამა 2).

როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ველნეს ტურიზმის ბაზრის ზომა მოსალოდნელია ყოველწლიურად 12.42%-ით გაიზარდოს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ველნეს ტურიზმი ეხება ისეთ ტურისტულ აქტივობას, რაც მიზნად ისახავს ინდივიდის ფიზიკური მდგომარეობისა და გონებრივი, სულიერი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ტურისტები ეწევიან ფიზიკურ, სულიერ და გონებრივ აქტივობას იოგას, სპა-სპა, მედიტაციისა და პილატესის პრაქტიკით და ცხელი წყაროს კურორტების მონახულებით (Wellness Tourism Market Size, Share & Trends Analysis Report By Service. Lodging, Wellness Activities, 2023).
სწორედ ამით განსხვავდება ველნეს ტურიზმი სამედიცინო ტურიზმისაგან. ველნეს ტურიზმი მთლიანად ფოკუსირებულია დაავადებების პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მაშინ როდესაც სამედიცინო ტურიზმი გულისხმობს უკვე დასმული დიაგნოზის პირობებში მკურნალობისთვის საჭირო გადაადგილებას ჩვეულებრივი სამყოფელიდან. ფაქტობრივად, ველნესი ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აერთიანებს, რაც დაავადების პრევენციას, მკურნალობას და რეაბილიტაციას გულისხმობს. გამოდის რომ ველნესი ადამიანის მიერ თავისი ჯანმრთელობის რესურსების მართვის პროცესთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, მთელ მსოფლიოში სწრაფად მზარდ და განვითარებად ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. ველნეს ტურისტების მზარდმა ნაკადმა განაპირობა სერვისების მრავალფეროვნება და განსაკუთრებით, სპა თერაპიის გამოყენება.რა თქმა უნდა, ეს აისახება ტურისტული ხარჯების გაზრდილ მოცულობაზე. ეს კი, ცხადია, დადებით გავლენას მოახდენს მთლიან ტურისტულ ბაზარზე.
ველნეს ტურიზმის განვითარების სტატისტიკური ტენდენციები საქართველოში
ჩვენ ქვეყანაში ველნეს ტურიზმი განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ გახდეს ველნეს ტურიზმით მიმზიდველი ქვეყანა (Abesadze & Abesadze,O, 20220. პოპულარიზაციის ზრდის პარალელურად არსებობს შესაძლებლობა მრავაფეროვანი მომსახურებით შეფუთული ტურისტული პაკეტებით: ესთეტიური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიის, დენტალური მედიცინის, ბალნეოლოგიური და სხვა სახეობის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ამასთან, საქართველოში 2400-მდე სახეობის ბუნებრივი წყლის წყარო არსებობს, თუმცა ტურისტული და გამაჯანსაღებელი თვისებების თვალსაზრისით მათი ცნობადობის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია. გოგირდის წყლები, საირმის, წყალტუბოს, ახტალას და სხვ. გამაჯანსაღებელი პროცედურები, ბორჯომის, ნაბეღლავის, ლიკანის, სნოს, მუხურის „ლუგელას“ (რომელიც თავის ბუნებრივი შემადგენლობით უნიკალურია) და სხვ. ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე დაფუძნებული მაღალხარისხოვანი ტურისტული პაკეტების მრავალფეროვნება, სწორი მიდგომისა და შეფასებების შედეგად, საქართველოს ველნეს ტურიზმის განვითარების აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საინტერესო ფაქტია, რომ ქვეყნის ამ ნიშნით მიმზიდველობა მზარდია ცენტრალური აზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის. საირმის, წყალტუბოს, ბორჯომის საკურორტო ზონების უცხოელი ვიზიტორების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების რეზიდენტები არიან. საირმეში, ბორჯომსა და წყალტუბოში მათთან პირდაპირი ინტერვიუირების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას თავიანთი ქვეყნის ტურისტულ კომპანიებში შეძენილი აქვთ სრული სამედიცინო და გამაჯანსაღებელი სერვისების მომცველი პაკეტები. განსაკუთრებით მიმზიდველი მათთვის იყო თერმული სპა და ველნეს სერვისები, სადაც ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება, ტრენდულია წყალტუბოს კლასიკური სამკურნალო მასაჟი და ელექტრო-თერაპიული (ფიზიო-თერაპიული) პროცედურები მინერალური-რადონული წყლის აბაზანები, ბორჯომის ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლები, მარადმწვანე ტყეები, პარკები და სხვ.Ⴐაღსანიშნავია ველნეს კურორტ ბიოლის უნიკალური ღირებულებები, რაც პირველ რიგში ორგანიზმის გაჯანსაღებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვას უკავშირდება. ბიოლის ტექნოლოგიები, თანამედროვე მედიცინის მიღწევები და ქართული ველნეს ტრადიციები, ენდემურ ფიტორესურსებთან ერთად, მძლავრ კომბინაციას ქმნის, რომელსაც პრევენციულ მედიცინაში ანალოგი არ აქვს. მთის სამკურნალო ჰაერი, ფიტორესურსებით მდიდარი მენიუ, გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობა და უნიკალური პროცედურები სულ რამდენიმე დღეში დამსვენებელს ავსებს ენერგიით და სიცოცხლის ხალისს უბრუნებს (https://www.bioli.ge/ge/programs, 2024). ველნეს კურორტის პროგრამები: სტრესის მენეჯმენტი, მოძრაობის თავისუფლება, მდგრდადი იმუნიტეტი, წონის მენეჯმენტი, ოპტიმალური დეტოქსი, ძილის ხელოვნება, პროგრამა ინტრო,პრემიუმ ,,განახლება“ და სხვა არის ის, რაც ბიოლის ველნესს უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, რომ ველნეს კურორტზე მომხმარებელთა 99% უცხოელები არიან (https://bm.ge/news/qartuli-velnes-turizmi---motxovna-da perspeqtivebi/136958).
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს, ველნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალიც არის და უცხოელი ვიზიტორების მხრიდან დაინტერესებაც. ცენტრალური აზიის გარდა საქართველოთი დაინტერესება იზრდება ევროკავშირის და მეზობელი ქვეყნებიდანაც. თუმცა, ვფიქრობთ საჭიროა ველნეს კურორტების, ინტენსიური ასახვა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საპრომოციო მასალებში, ეს იქნება ვიდეო კლიპები, ბროშურები და ა.შ. მიზანშეწონილი იქნება თემატური შეხვედრები როგორც ონლაინ ფორმატში, ისე საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში, დაინტერესებულ ტურ-ოპერატორებთან, ველნეს ტურიზმის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში პრეს და ინფოტურების გამართვას. ეს საშუალებას მისცემს სტუმრებს გაეცნონ ველნეს ტურიზმის პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომი გახადონ დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოშიც შეიძლება დაავადების პრევენცია, რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის გაჯანსაღება და ა. შ. ისეთ ველნეს კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, თავისი სამკურნალო წყლით, რომელსაც, როგორც ბუნების უნიკალურ საჩუქარს, "უკვდავების წყაროს" უწოდებენ, საირმე, თავისი 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყაროთი, ბახმარო, უნიკალური კლიმატური ჰარმონიით, რაც მიიღწევა მთისა და ზღვის შერეული ჰავით თავისი პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით. აბასთუმანი, ფტიზიატრიული პროფილითა და ართროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, ახტალა, თავისი სამკურნალო ტალახებით ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, დერმატოლოგიური, უროლოგიური და სხვა დაავადებებისათვის, მუხური უნიკალური წყლით - ლუგელა, რომელიც ქლორიდულ-კალციუმიან მინარევს წარმოადგენს, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, ანტირაქიტული, ანტიანთებითი თვისებებით და ა. შ. ტურიზმის პოპულარიზაციათან ერთად მოხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი ცნობადობისა და იმიჯის კიდევ უფრო ამაღლება, ამასთან, ვფიქრობთ საჭიროა გაიზარდოს გლობალური ველნეს ინსტიტუტის (GWI) მიერ განსაზღვრული როგორც პირველადი (ისინი ორიენტირებული არიან კონკრეტულად ველნეს ტიპის დასვენებაზე, მენტალური, ან ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სამკურნალო, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ რეზორტებზე), ასევე მეორადი მოგზაურების რაოდენობა (რომელთა მოტივაცია შესაძლებელია იყოს ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნება, განტვირთვა და რელაქსაცია, რიგითი საქმიანი ან ოჯახური მოგზაურობის დროს). სერვისების მრავალფეროვნებისა და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, საფიქრებელია, რომ დიდწილად ველნეს ტურისტები გადახდისუნარიანი მოგზაურები არიან. ამიტომ, მათი მეტად მოზიდვა გამაჯანსაღებელ კურორტებზე პოზიტიურად იმოქმედებს როგორც კომპლექსების, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გლობალური ველნეს ინსტიტუტის ანგარიშით 2022 წლის მეორადი ველნეს მოგზაურები შეადგენდნენ ველნეს მოგზაურობების 88%-ს და მათ მიერ გაწეული ხარჯები ველნეს ტურიზმის ხარჯების 85% იყო (https://globalwellnessinstitute.org/press-room/statistics-and-facts/).
საინტერესოა, როგორია საქართველოს რეზიდენტების ველნეს კურორტების ცნობადობის ხარისხი და მოხდა თუ არა ველნესისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ტრანსფორმაცია. ამის შესასწავლად, მოვახდინეთ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა, Google Drive-ის ჩაშენებულ აპლიკაციაში ანკეტის სოციალურ ქსელებში გაზიარების საფუძველზე. ამასთან განხორციელდა პირდაპირი ინტერვიუირება წყალტუბოს, საირმის, ბორჯომის, აბასთუმნის ლოკაციებზე. კონფიდენციალობის პირობის სრულად დაცვის პირობებში მოხდა მათი პასუხების განზოგადებული სახით სტატისტიკური კვლევის მიზნით გამოყენება. კვლევა მოიცავდა საქართველოს 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის გამოკითხვას, რომლებიც სამიზნე პერიოდის განმავლობაში ესტუმრნენ საქართველოს ველნეს კურორტებს.
მთავარი იყო ველნეს ტურიზმის სტატისტიკური დაკვირვების ინსტრუმენტარის მომზადება, რომელიც მოიცავდა კითხვარის მომზადებას, დაკვირვების, ვადების, პასუხების მიღების ფორმის, წესების, მოცვის არეალის და ა.შ. საკითხებს. არსებული მეთოდოლოგიით მონაცემების განზოგადება ხდებოდა სამიზნე პერიოდზე. შედეგების შეწონვა და იმპუტაცია განხორციელდა პერიოდის კონკრეტული თვის მიხედვით. შერჩევის პოპულაცია 95%-იანი ალბათობის და შერჩევის 5%-ინი შეცდომის პირობებში 385 ადამიანით განისაზღვრა. როგორც ძირითადმა, ასევე საპილოტე კვლევამ აჩვენა, აქტიური და კვლევისადმი კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ 31-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეები, განსაკუთრებით ქალები.
საქართველოში მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების რაოდენობა მეტ-ნაკლები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, მართალია, 2021 და 2023 წლებში, წინა წლებთან შედარებით, შესაბმისად 140.8% და 111.7%-ანი ზრდის ტემპი დაფიქსირდა, მკურნალობა - გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების წილის მაჩვენებლის დინამიკა ვიზიტების საერთო რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, 2015 წელს მისი წილი 10.3% იყო, 2019 წელს ის 8.8%-მდე დაეცა, 2023 წელს 8.5% შეადგინა. საინტერესო და დამაფიქრებელი სტატისტიკაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით: ჯერ ერთი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ხდება ადგილობრივად, ხდება საცხოვრისის დაუტოვებლად, მეორე, ავადობის სტატისტიკა კლების ტენდენციით ხასითდება და მესამე, მატერიალური მდგომარეობის გამო, მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც საჭიროებს აღნიშნულ სერვისებს, ვერ ახერხებს საჭირო მომსახურების მიღებას მაღალი ფასის გამო. როგორც კვლევამ აჩვენა, რეგიონული ჭრილით სამედიცინო მომსახურების მიღების მაჩვენებლები მზარდია, ავადობის სტატისტიკა მზარდია, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის დროს გაწეული ხარჯების მოცულობა მზარდია, მაგრამ მზარდი ადგილობრივი ტურიზმის ფონზე, ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში იკლებს მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების რაოდენობის მაჩვენებლები (იხ.დიაგრამა 3).
მკურნალობა - გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების რაოდენობის, ზრდის ტემპებისა და პროცენტული წილის(%) დინამიკა საქართველოში

ფაქტია, რომ ტურიზმის აქტივობის გაზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს მოსახლეობის შემოსავლები წარმოადგენს. ველნეს ტურიზმის შემთხვევაშიც მოსახლეობის შემოსავლები მჭიდრო, პირდაპირ კორელაციურ კავშირშია ველნეს ტურისტული ვიზიტების რაოდენობასთან, რაც დადასტურდა ჩვენ მიერ გაანგარიშებული პირსონის თეორიული კორელაციის კოეფიციენტით, რომელიც 0.82 გამოვიდა. მაგრამ, ფაქტია, ველნეს ტურისტული ხარჯების მოცულობა დიდად არ იზრდება. ზოგადად, პანდემიამდე 2015 წლიდან 2019 წლამდე მცირდებოდა მკურნალობა-გაჯანსაღებაზე გაწეული ტურისტული ხარჯების მოცულობა. 2019 წელს კი წინა წელთან შედარებით ის 8.8%-ით გაიზარდა. პანდემიის შემდგომ კი, 2021 წელს წინა წელთან შედარებით, 56.1%-იანი მატება დაფიქსირდა, რომელიც შენარჩუნდა 2022-2023 წლებშიც, შესაბამისად 8.6% და 4.5%-ის დონეზე და 2023 წელს 491266.52 ათასი ლარი შეადგინა. ხარჯების გაზრდის მიუხედავად, მცირდება მკურნალობა-გაჯანსაღების მიზნით გაწეული ტურისტული ხარჯების საერთო ტურისტულ ხარჯებში წილის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, 14.7%-ის დონეზეა (იხ. დიაგრამა 4). ვფიქრობთ საჭიროა დაავადებათა პრევენციის, პროფილაქტიკური და გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ვიზიტების პოპულარიზაციის გაზრდის შესაძლებლობების განსაზღვრა და სწორი, მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავება ამ მიმართულებით.
მკურნალობა - გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ხარჯების (ათასი ლარი), ჯაჭვური ზრდის ტემპებისა და ტურისტულ ხარჯებში მისი წილის დინამიკა(%)

ხარჯების შემცირების პარალელურად, ლოგიკურია, რომ მცირდება მკურნალობა, გაჯანსაღების მიზნით ტურიზმის ხანგრძლივობის მაჩვენებლებიც. ღამეების საშუალო რაოდენობა 20229 წლის 1.7-დან 2023 წელს 1.2-მდე შემცირდა (იხ.დიაგრამა 5).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გამოყოფილია და შესამაბისად ფიქსირდება მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით განხორციელებული ვიზიტებისა და ამის ბაზაზე გაანგარიშებული მონაცემების დინამიკა 2015 წლიდან მხოლოდ ადგილობრივი ტურიზმისათვის, რადგან საერთაშორისო ვიზიტებისას იმდენად მცირეა ამ მიზნით ქვეყანაში შემოსულთა პროცენტული წილი, რომ მისი ცალკე გამოყოფა არ ხდება. ასეთი სიტუაცია, როგორც ვნახეთ, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი და საქართველო გამონაკლისს არ წამოადგენს.
სწორედ ამიტომ, ველნეს ტურიზმის განვითარებისა და სამომავლო ტენდენციების შესაფასებლად, ჩვენ მიერ გამოკითხულ იქნა საქართველოს რეზიდენტები. სამწუხაროდ, მათი 14%-ს არ სმენია ველნეს ტურიზმის შესახებ. ინფორმირებულთაგან 78.8%-მა ისარგებლა ველნეს ტურიზმითა და შესაბამისი მომსახურებით და ეს იყო სრულად ადგილობრივი ველნეს ტურიზმი. გამოკითხულთა 53.8% ესტუმრა საირმეს, 38.5% - ბორჯომს, 23.1% - წყალტუბოს, 7.7% ახტალას.
განსხვავებული სერვისებით სარგებლობისას რესპონდენტთა 69.2%-მა იმოგზაურა ოჯახის წევრებთან, 15.4%-მა - კოლეგებთან, ხოლო 30.8%-მა - მეგობრებთან ერთად. როგორც კვლევამ აჩვენა, რესპონდენტების 40.7%-მა იმოგზაურა სარეაბილიტაციო, ხოლო 15%-მა გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღების მიზნით, ხოლო 11%-მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 10.3%-მა პროფილაქტიკური მიზნით (იხ. დიაგრამა 6).
რესპონდენტების განაწილება ველნეს მოგზაურობის მიზნის მიხედვით(%)

მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით მოდალური ინტერვალი აღმოჩნდა 4-8 დღე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადით იმოგზაურა გამოკითხულთა მხოლოდ 7.7%-მა. როგორც ვხედავთ, საქართველოს რეზედენტები მოკლევადიან ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (58.3%) ისარგებლა სასტუმროთი და 25%-მა ახლობლის ბინით. საინტერესოა, რომ თითქმის თანაბრად განაწილდა რესპონდენტები გაწეული ხარჯების მოცულობის მიხედვით. თუ 500 ლარამდე დახარჯა რესპონდენტების 22.6%-მა, 501-1000-მდე - 24.8%-მა, 1001-1500 ლარამდე- 24.2%-მა, 1501-2000 -მდე 20%-მა და 2001- ზე მეტი - 8.4%-მა (იხ.დიაგრამა 7).
რესპონდენტების განაწილება გაწეული ხარჯების სიდიდის მიხედვით (%)
დიაგრამა 7.

საქართველოს რეზიდენტების 80% თვლის, რომ ველნეს ტურიზმის განვითარების მთავარ ფაქტორს საქართველოში ბიუჯეტური განთავსების საშუალებები წარმოადგენს, 61%-ს მიაჩნია რომ მნიშვნელოვანია მომსახურებს დაბალი ფასები, 75%-ის აზრით, აუცილებელია მომსახურების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ყველაზე მეტი - 85% კი აღნიაშნავს, რომ ბიუჯეტური ტურ-პროდუქტებიც უნდა არსებობდეს (იხ. დიაგრამა 8).
რესპონდენტების განაწილება ველნეს ტურიზმის განვითარების ფაქტორების მიხედვით (%)
დიაგრამა 8.

ველნეს ტურიზმის მიმზიდველობის გასაზრდელად, რეპონდენტების 68%-ის აზრით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმაციულობის გაზრდა, 45% თვლის რომ საჭიროა თემატური შეხვედრების გამართვა, 98%-ს მიაჩნია, რომ საჭიროა უფასო /შეღავაღიანი ფასის მქონე პაკეტების აქციები საქართველოს რეზიდენტებისთვის, 75%-ისათვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება და სხვა (იხ.დიაგრამა 9).
რესპონდენტების განაწილება ველნეს ტურიზმის მიმზიდველობის ზრდის ფაქტორების მიხედვით(%)
დიაგრამა 9.

დასკვნა
მსოფლიო მასშტაბით სწრაფად იზრდება ველნეს ტურიზმი და ამ მიმართულებით ტურისტული ხარჯების მოცულობაც მზარდია. თუმცა, მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით, დიფერენცირებულია ველნეს ტურიზმით დაინტერესებისა და შიდა და საერთაშორისო ველნეს ტურიზმის თანაფარდობის რაოდენობრივი მაჩვენებლები.
საქართველოში ველნეს ტურიზმის განვითარების პოტენციალი არის. ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის გარდა, ველნეს ტურიზმით დაინტერესება იზრდება მეზობელი ქვეყნებიდანაც.
მოსახლეობის შემოსავლები მჭირდო, პირდაპირ კორელაციურ კავშირშია ველნეს ტურისტული ვიზიტების რაოდენობასთან, ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფის გაზრდა. ამასთან, ვფიქრობთ, საჭიროა დაავადებათა პრევენციის, პროფილაქტიკური და გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ვიზიტების პოპულარიზაციის გაზრდის შესაძლებლობების განსაზღვრა და სწორი, მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავება ამ მიმართულებით.
რეგიონული ჭრილით სამედიცინო მომსახურების მიღების მაჩვენებლები და ავადობის სტატისტიკა მზარდია, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის დროს გაწული ხარჯების მოცულობაც მზარდია, მაგრამ მზარდი ადგილობრივი ტურიზმის ფონზე იკლებს ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში მკურნალობა- გაჯანსაღების მიზნით ვიზიტების რაოდენობის მაჩვენებლები.
ვფიქრობთ, საჭიროა ველნეს კურორტების, ინტენსიური ასახვა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საპრომოციო მასალებში (ვიდეოკლიპები, ბროშურები და ა.შ.). ასევე, მიზანშეწონილი იქნება თემატური შეხვედრები ონლაინ ფორმატში, საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში და ა.შ. დაინტერესებულ ტუროპერატორებთან.
ველნეს ტურიზმის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში პრეს და ინფოტურების გამართვას. ეს საშუალებას მისცემს სტუმრებს გაეცნონ ველნეს ტურიზმის პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომი გახადონ დანარჩენი სამყაროსთვის, რომ საქართველოშიც შეიძლება დაავადების პრევენცია, რეაბილიტაცია, ჯანმრთელობის გაჯანსაღება და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმისთვის, რადგან საქართველოში თანაფარდობა შიდა და საერთაშორისო ველნეს ტურისტებს შორის დინამიკაში - 2015 წლიდან შიდა ტურიზმის უპირობო უპირატესობას ადასტურებს.
შიდა ველნეს ტურიზმის განვითარების მოლოდინების შესაფასებლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს რეზედენტები მოკლევადიან ველნეს ტურიზმს ანიჭებენ უპირატესობას. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - 58.3%-სთვის განთავსების საშუალებებიდან მისაღები აღმოჩნდა სასტუმრო და 25%-სთვის - ახლობლის ბინა. დივერსიფიცირების მაღალი ხარისხი გამოიკვეთა ველნეს ტურისტულ ხარჯებში, რამდენადაც თანაბარი იყო ხარჯების ინტერვალების პროცენტული წილის მაჩვენებლები, რაც სხვადასხვა მოცულობის ხარჯების გაწევაზე მიუთითებს.
ველნეს ტურიზმის განვითარების მთავარ ფაქტორად საქართველოს რეზიდენტი რესპონდენტები ბიუჯეტური განთავსების საშუალებების არსებობას ასახელებენ. დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომსახურებს დაბალი ფასები და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ყველაზე მეტი, (85%) კი აღნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ბიუჯეტური ტურ-პროდუქტები.
ველნეს ტურიზმის მიმზიდველობის გასაზრდელად რეპონდენტების 68%-ის აზრით აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, გარდა ამისა, საჭიროა თემატური შეხვედრების გამართვა, შეღავაღიანი ფასის მქონე პაკეტების აქციები საქართველოს რეზიდენტებისთვის, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება და სხვ.
ლიტერატურა:
• ერქომაიშვილი გ. (2016). GEORGIAN WELLNESS - საქართველოს ბრენდ-კოდი მსოფლიოში. https://www.Researchgate. Net/Publication304627628_Georgian_Wellness_-_Sakartvelos_Brend-Kodi_Msoplioshi ბოლო ნახვა 10.10.2024.
• ერქომაიშვილი გ. (2013). ველნეს (WELLNESS) ინდუსტრია და მისი განვითარების სტრატეგია საქართველოში. „ეკონომიკა და ბიზნესი“, #1 , გვ.79-90
• ერქომაიშვილი გ. (2024). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, გვ.137-140
• ქართული ველნეს ტურიზმი-მოთხოვნა და პერსპექტივები. https://bm.ge/news/qartuli-velnes-turizmi---motxovna-da-perspeqtivebi/136958. ბოლო ნახვა 10 სექტემბერი, 2024
• მაინც რა სარგებელი აქვს ველნეს ტურიზმს? https://www.marketer.ge/wellness-tourism-benefits/ ბოლო ნახვა 11სექტემბერი,2024
• ველნეს კურორტი ,,ბიოლის’’ პროგრამები. https://www.bioli.ge/ge/programs ბოლო ნახვა 5 სექტემბერი, 2024
• Abesadze N., Abesadze O. (2022) Indicators of Increasing the Attractiveness of Medical Tourism in Georgia and Azerbaijan. International Scientific Conference Digital Economy: Modern Challenges and Real Opportunities. Azerbaijan State University of Economics. 204-208
• Erdem A., Seker F. (2022). Tourist Experience and Digital Transformation for a Smart Destination According to which “. In: Oliveira, L. (2022). Handbook of Research on Digital Communications, Internet of Things, and the Future of Cultural Tourism. ISBN13: 9781799885283. https://www.igi-global.com/chapter/touristexperience-and-digital-transformation/295499, downloaded 31.08.2024
• Krasimira Staneva, Martin Marinov (2022). Well-Being Tourism as a Health Promotion for Employee in the it Sector, CroDiM : International Journal of Marketing Science, Vol. 5 No. 1,.21-28
• Krasimira Staneva, Martin Marinov (2023). „Smart Tourism Destination Troyan”, Central Balkan, BulgariaCroDiM : International Journal of Marketing Science, Vol. 6 No. 1, 61-62
• Staneva Krasimira (2019). Wellbeing Tourism Management in Bulgaria. International Scientific Journal: Recreative Wellness Industry And Niche Tourism 27.
• Hanna Lee, Jimin Lee, Namho Chung &Chulmo Koo (2018). Tourists’ Happiness: Are there Smart Tourism Technology Effects?, Asia Pacific Journal of Tourism Research, 23:5, 486-501, DOI: 10.1080/10941665.2018.1468344, 486-501,18
• GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf.
• https://globalwellnessinstitute.org/wp-content/uploads/2023/11/GWI-WE-Monitor 2023_FINAL.pdf?inf_contact_key=3905a1efe5000a93bbb6d622427eaf7a7e470d92b8b75168d98a0b8cac0e9c09 ბოლო ნახვა 02 აგვისტო, .2024
• Wellness Tourism Market Size, Share & Trends Analysis Report by Service (Lodging, Wellness Activities), by Travel Purpose (Primary, Secondary), by Travel Type (Domestic, International), by Region, and Segment Forecasts, 2023 – 2030 https://www.grandviewresearch.com/industry-analysis/wellness-tourism-market ბოლო ნახვა 15 აგვისტო, 2024
• Global Wellness Tourism Market Size&Outlook,2022/2030 https://www.grandviewresearch.com/horizon/outlook/wellness-tourism-market-size/global ბოლო ნახვა 1 ივლისი, 2024
• https://globalwellnessinstitute.org/wp-content/uploads/2023/11/GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf?inf_contact_key=3905a1efe5000a93bbb6d622427eaf7a7e470d92b8b75168d98a0b8cac0e9c09 ბოლო ნახვა 1 ივლისი, 2024
• Wellness Economy Statistics & Facts. https://globalwellnessinstitute.org/press-room/statistics-and-facts/ ბოლო ნახვა 10 ოქტომბერი, 2024
• Global Wellness Institute Ranks 145 Countries byWellness Market Size. ,2024 ბოლო ნახვა 10 ოქტომბერი, 2024
References:
• Erkomaishvili G. (2016). GEORGIAN WELLNESS – Sakartvelos brend kodi msoflioshi. [GEORGIAN WELLNESS - Brand-Code of Georgia in the World.] in Georgian. https://www.Researchgate. Net/Publication /304627628 _Georgian _Wellness_-Sakartvelos Brend-Kodi_Msoplioshi. Last seen: 10.10.2024.
• Erkomaishvili G. (2013). Wellnes industria da misi ganvitarebis strategia saqartveloshi [Wellness Industry and its Development Strategy in Georgia. "Economcs and Business", #1, pp.79-90.] in Georgian.
• Erkomaishvili G. (2024). sakartvelos ekonomikuri ganvitarebis strategiebi [Economic Development Strategies of Georgia. "Universal" Publishing House, Tbilisi, pp.137-140.] in Georgian.
• Kartuli velnes turizmi - motxovna da perspeqtivebi. [Georgian Wellness Tourism - Demand and Prospects.] in Georgian. https://bm.ge/news/qartuli-velnes-turizmi---motxovna-da-perspeqtivebi/136958. Last viewed September 10, 2024
• Mainc ra sargebeli aqvs velnes turizms? [Anyway, what Are the Benefits of Wellness Tourism?] in Georgian. https://www.marketer.ge/wellness-tourism-benefits/last view: September 11, 2024
• Velnes kurort ,,Biolis” programebi. [Wellness resort "Bioli" programs.] in Georgian. https://www.bioli.ge/ge/programs Last view September 5, 2024
• Abesadze N., Abesadze O.(2022). Indicators of Increasing the Attractiveness of Medical Tourism in Georgia and Azerbaijan. International Scientific Conference Digital Economy: Modern Challenges and Real Opportunities. Azerbaijan State University of Economics. 204-208
• Erdem A., Seker F. (2022). Tourist Experience and Digital Transformation for a Smart dDestination According to which “. In: Oliveira L.(2022). Handbook of Research on Digital Communications, Internet of Things, and the Future of Cultural Tourism. ISBN13: 9781799885283. https://www.igi-global.com/chapter/touristexperience-and-digital-transformation/295499,downloaded 31.08.2024
• Krasimira Staneva, Martin Marinov (2022). Well-Being Tourism as a Health Promotion for Employee in the it Sector, CroDiM : International Journal of Marketing Science, Vol. 5 No. 1, 2022. 21-28
• Krasimira Staneva, Martin Marinov (2023). „Smart Tourism Destination Troyan”, Central Balkan, BulgariaCroDiM : International Journal of Marketing Science, Vol. 6 No. 1, p 61
• Staneva Krasimira. (2019). Wellbeing Tourism Management in Bulgaria. International Scientific Journal: Recreative Wellness Industry and Niche Tourism. pp.27
• Hanna Lee, Jimin Lee, Namho Chung &Chulmo Koo (2018). Tourists’ Happiness: Are there Smart Tourism Technology Effects?, Asia Pacific Journal of Tourism Research, 23:5, 486-501, DOI: 10.1080/10941665.2018.1468344, 486-501,Pages: 18
• GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf.
• https://globalwellnessinstitute.org/wp-content/uploads/2023/11/GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf?inf_contact_key=3905a1efe5000a93bbb6d622427eaf7a7e470d92b8b75168d98a0b8cac0e9c09l (accessed 04 August, 2024)
• Wellness Tourism Market Size, Share & Trends Analysis Report by Service (Lodging, Wellness Activities), by Travel Purpose (Primary, Secondary), by Travel Type (Domestic, International), by Region, and Segment Forecasts, 2023 – 2030 https://www.grandviewresearch.com/industry-analysis/wellness-tourism-market accessed 15 August, 2024
• Global Wellness Tourism Market Size&Outlook, 2022/2030... https://www. grandviewresearch.com /horizon/outlook/wellness-tourism-market-size/global (accessed 01 July, 2024)
• https://globalwellnessinstitute.org/wp-content/uploads/2023/11/GWI-WE-Monitor-2023_FINAL.pdf?inf_contact_key=3905a1efe5000a93bbb6d622427eaf7a7e470d92b8b75168d98a0b8cac0e9c09 (accessed 01 July, 2024)
• Wellness Economy Statistics & Facts.https://globalwellnessinstitute.org/press-room/statistics-and-facts/ (accessed 10 October, 2024)
• Global Wellness Institute Ranks 145 Countries by Wellness Market Sizehttps://finance.yahoo.com/news/global-wellness-institute-ranks-145-142000279.html?fr=sycsrp_catchall (accessed 10 October, 2024)
Keywords: Wellness tourism, tourism costs, awareness of the population, statistical analysis.
JEL Codes: L80, L83, L89