English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ინეზა გაგნიძე
კლასტერი – ეფექტიანი ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.05

ჟურნალი N 4. 2024

ნაშრომი ეძღვნება კლასტერებზე კვლევის მიმოხილვას მათი სიცოცხლისუნარიანობის სამი ტალღის პრიზმით. პირველ ტალღად მიჩნეულია მ. პორტერის მიერ კლ.ასტერების თეორიის შემოთავაზება XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. ჩვენი აზრით, მეორე ტალღა უკავშირდება კლასტერში მოქმედი უნივერსიტეტების სამეწარმეო მოდელის ჩამოყალიბებას და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესის გააქტიურებას. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ და ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობამ მრავალი კითხვა გააჩინა, მათ შორის კლასტერებთან დაკავშირებით. თუმცა, მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშებში გამოჩნდა კლასტერების განსაკუთრებული როლი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესშიც, რაც კლასტერების სიცოცხლისუნარიანობის მესამე ტალღად მიიჩნია ავტორმა.
ნაშრომში კლასტერები განხილულია, როგორც ქსელი და სისტემა. ავტორი ახასიათებს იმ სოციალურ კაპიტალს, რაც ფორმირდება კლასტერებში მის წევრთა ჯგუფური ინტერესის საფუძველზე. აღნიშნული საკითხების თეორიულ ანალიზთან ერთად, ნაშრომში გამოყენებულია ავტორის მიერ შემუშავებული გრაფიკული ანალიზიც.
ციფრული ტრანსფორმაციის გარდა, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ჭარბწარმოების, არაგანახლებადი რესურსების არარაციონალურად გამოყენების და სხვა პრობლემები. შედეგად, ავტორი განიხილავს კლასტერების უპირატესობას ხელი შეუწყოს წრიულ ეკონომიკაზე გადასვლას. ნაშრომის ბოლოს განხილულია კლასტერში მოქმედი უნივერსიტეტების როლი თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ტრანსფორმაცია, კლასტერი, უნივერსიტეტი, სისტემა, სოციალური კაპიტალი.


შესავალი

მსოფლიო ეკონომიკა დგას დიდი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, კლიმატის ცვლილება, ჭარბწარმოება, ნარჩენების დიდი რაოდენობა, არაგანახლებადი ენერგიის წყაროების არარაციონალური გამოყენება და სხვა. ამ პრობლემებს საერთო აქვს ის, რომ მათი გადაჭრა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, მსოფლიოს მასშტაბით ეფექტს ვერ გამოიღებს და ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ესაჭიროება. აღნიშნულის გამო, მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში არსებული ინოვაციებისა და გამოცდილების გაზიარება მსოფლიოს მასშტაბით.
ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობამ და კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოცადა კლასტერების მედეგობა გამოწვევებთან და მათი შესაძლებლობები. პანდემიის საპასუხოდ კლასტერებმა უზრუნველყვეს სასიცოცხლო კავშირი პოლიტიკოსებსა და ბიზნესს შორის. ისინი გაუმკლავდნენ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას და განავითარეს ახალი საწარმოო შესაძლებლობები. უფრო მეტიც, რეგიონული კლასტერები გაძლიერდა ევროკავშირის დონეზე ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმით (European Cluster Collaboration Platform - ECCP) და ევროპული კლასტერების ალიანსით (European Cluster Alliance - ECA). კლასტერების ევროპელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კრიზისიდან საბოლოოდ გამოსვლას დასჭირდება თანამშრომლობა სამმაგი სპირალის მოდელში - ბიზნესის, კვლევის და მთავრობის ძლიერი კავშირით, კლასტერის შიგნით და მათ შორის.
ევროკავშირის 27 ქვეყანაში კლასტერული ორგანიზაციები ძირითადად ორიენტირებულია ციფრულ, აგროსასურსათო, ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიის და მობილობა/ტრანსპორტი/საავტომობილო ინდუსტრიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს კვლევას, განვითარებას და ინოვაციას. 2019 წელს საქართველოში დასრულდა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) - კვლევა, რომლის მიხედვით საქართველოში 57 კლასტერი მოინიშნა (UNIDO, 2019).
კონცეპტუალური ნაშრომის წარმოდგენით, ავტორმა მიზნად დაისახა პასუხი გაეცა შემდეგი კვლევითი კითხვისთვის: არის თუ არა კლასტერი ეფექტიანი ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა?
ნაშრომის სტრუქტურა ასეთია: შესავალი ნაწილის შემდგომ განხილულია კლასტერების სიცოცხლისუნარიანობის სამი ტალღა, ასევე, ციფრული ტრანსფორმაცია, როგორც ახალი შესაძლებლობა კლასტერებისთვის. შემდეგ მსჯელობაა წრიული ეკონომიკისა და კლასტერების თავსებადობის საკითხსა და კლასტერის წევრი უნივერსიტეტების როლზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ნაშრომი სრულდება დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

კლასტერების სიცოცხლისუნარიანობის სამი ტალღა

მ. პორტერმა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩაატარა კვლევა მსოფლიოს იმ 10 ქვეყანაში (ადგილობრივ 3-3 ცნობილ ეკონომისტთან ერთად), რომელთა ექსპორტის მოცულობა იმ დროისთვის მსოფლიო ექსპორტის 50%-ზე მეტი იყო. ამ ოთხწლიანი კვლევის შედეგად მ. პორტერმა განავითარა კლასტერების თეორია, რომლის სათავეებთანაც, ევროკომისიის დოკუმენტის შესაბამისად, იყვნენ ა. მარშალი, ჯ. შუმპეტერი და ჯ. ბეკატინი (COM, 2008, 652 final, 7). მ. პორტერის განსაზღვრებით, „კლასტერი არის კონკრეტული სფეროს ურთიერთდაკავშირებული კომპანიებისა და მათთან ასოცირებული ინსტიტუტების ჯგუფი, რომელიც ერთ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს, ხასიათდება ერთიანობით და ურთიერთშევსებით. ისინი ქმნიან ფორუმს, სადაც მიმდინარეობს ახლებური დიალოგი ფირმებს, სამთავრობო უწყებებსა და ინსტიტუტებს შორის (როგორიცაა სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა მომსახურება)“ (Porter, 2008, 215).
ზემოთ მოცემული განსაზღვრება სრულ თანხვედრაშია კლასტერის იმ აღწერასთან, რომელიც მ. პორტერის ნაშრომშია წარმოდგენილი, კერძოდ, იტალიური ფეხსაცმლის კლასტერი (Porter, 2000, 208); მეღვინეობის კლასტერი კალიფორნიაში (იქვე, 209); ხის გადამამუშავებელი კლასტერი შვედეთსა და პორტუგალიაში (იქვე, 241; 243; 250) და სხვა. ზემოთ მოცემული განსაზღვრების ჩარჩოში ასევე, ჯდება იტალიური ინდუსტრიების გეოგრაფიული კონცენტრაციის განხილვა მ. პორტერის სხვა ნაშრომში (Porter, 1998, 155), მრეწველობის დარგების ჯგუფის კვლევა გერმანიაში (იქვე, 156) და სხვა. აღსანიშნავია, რომ კლასტერებში წარმოების ეფექტიანობის მაქსიმალურ ნიშნულამდე ზრდის შესაძლებლობაზე სხვა აღიარებული მკვლევრებიც წერდნენ, კერძოდ: დურანტონი (Duranton, 2011); გორდონი და მაქქანი (Gordon and McCann, 2000); კრუგმანი (Krugman, 2009) და სხვები.
მ. პორტერმა თავის საეტაპო ნაშრომში (Porter, 1990) „ერების კონკურენციული უპირატესობები“ აღნიშნა, რომ კლასტერები გაივლიდნენ რამდენიმე სასიცოცხლო ციკლს და შემდგომ გაქრებოდნენ. ამგვარად, ამ პროგნოზის მიხედვით, კლასტერები XXI საუკუნის დასაწყისში აღარ იქნებოდნენ. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და კლასტერებმა ახალი, მეორე სიცოცხლე შეიძინეს. მათ კლასტერში მოქმედ უნივერსიტეტებში სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციას, ინოვაციებსა და ბაზარზე დანერგვას შეუწყვეს ხელი. ასე მოხდა წარმატებულ კლასტერებში პროფილის გაფართოება და სამეწარმეო მოდელის უნივერსიტეტების (უნივერსიტეტი 4.0) ჩამოყალიბება. 40 ქვეყნის გამოცდილების შესწავლით, ასეთი უნივერსიტეტების ჩამოყალიბების 8 გამოწვევა გამოავლინეს ვ. ვესპერიმ და ი. გაგნიძემ (Vesperi and Gagnidze, 2023), კერძოდ:
1) უნივერსიტეტების ავტონომიის ხარისხი, ახალი კანონმდებლობის გამოწვევები, აკადემიური ცვლილებების აუცილებლობა და „უნივერსიტეტი-ინდუსტრია“ პარტნიორობის გაუმჯობესების კულტურა;
2) სამეწარმეო განათლების როლი უნივერსიტეტებში;
3) უნივერსიტეტის TTO და საპატენტო საქმიანობა;
4) ცოდნის სამკუთხედის (Knowledge Triangle) ფორმირების გამოწვევები;
5) სამმაგი სპირალის მოდელის (Triple Helix Model) ფორმირების გამოწვევები;
6) საუნივერსიტეტო სპინ-ოფების შექმნის პრობლემები;
7) მოსწავლეთა ინიციატივებისა და მოტივაციის როლი;
8) გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიან-კაპიტალთან, დაფინანსებასთან და ა.შ.
საუკუნეების მიჯნაზე ევროკავშირში ფუნქციონირება დაიწყო ევროკომისიის პროექტმა – „კლასტერების ევროპული ობსერვატორია“, სადაც ო. სოლველის ხელმძღვანელობით ჯერ ასობით და შემდეგ ათასობით კლასტერს იკვლევდნენ (Ketels et al., 2006; Solvell et al., 2003; Lindqvist et al., 2013). ევროკომისიის კომუნიკაციაში მითითებული იყო, რომ „ევროპის რეგიონებს შორის ეკონომიკური კეთილდღეობა დაკავშირებულია კლასტერების სიძლიერის ხარისხთან. რეგიონები, რომლებსაც აქვთ დასაქმების უფრო მაღალი წილი ინდუსტრიებში, მიეკუთვნებიან ძლიერ კლასტერებს და ზოგადად უფრო აყვავებულია“ (COM (2008) 652 final, 29). კლასტერების სხვა ანალიზიდან ცნობილია, რომ „ევროპაში დასაქმებულთა 38% მუშაობს კლასტერში შემავალ კომპანიებში. ზოგიერთ რეგიონში ეს წილი 50%-ზე მეტია“ (EC, 2007, 9).
პანდემიამდე „3000 ძლიერი კლასტერი მთელს ევროპაში შეადგენდა 54 მლნ-ზე მეტ სამუშაო ადგილს და ყველა სავაჭრო ინდუსტრიის 45%-ს (მთლიანი ეკონომიკის 23%); 103 წამყვანი კლასტერი შედიოდა ევროპული კლასტერების ტოპ 20%-ში შეფასების ოთხივე მაჩვენებლით (ზომა, სპეციალიზაცია, პროდუქტიულობა და დინამიზმი)“ (European Cluster Panorama, 2016, I). ქ. ქეთელსი და ს. პროცივი აღნიშნავენ, რომ „კლასტერები არსებობს ეკონომიკური განვითარების ყველა ეტაპზე და ძლიერ კლასტერებში სპეციალიზაცია ეხმარება ადგილებს ბიზნესგარემოს ხარისხის ყველა დონეზე, ხელი შეუწყონ კეთილდღეობის მაღალ დონეს“ (Ketels and Protsiv, 2021, 217-218).
კლასტერების შესახებ განახლებული ანგარიშების მიხედვით, „2950 რეგიონული ინდუსტრიული კლასტერი ქმნის თითქმის ყოველ მეოთხე სამუშაო ადგილს ევროპაში (61,8 მლნ სამუშაო ადგილი, ანუ მთლიანი დასაქმების 23,4%) და დასაქმების დაახლოებით ნახევარი მოდის ექსპორტიორ ინდუსტრიებში (50,3%)“ (European Panorama, 2020, 5). „ევროკავშირის 27 ქვეყნის 201 რეგიონში 1501 სექტორული სპეციალიზაციის კვანძია, რეგიონული დასაქმების სულ მცირე 1%-იანი წილით, და ეს შეადგენს EU-27 დასაქმების 25%-ს. აქ არის 1000-ზე მეტი კლასტერული ორგანიზაცია, რომელთა 70% მცირე და საშუალო ბიზნესია, 10% - მსხვილი ფირმები და 8% - კვლევითი ორგანიზაცია... კლასტერის ორგანიზაციების 68%-ს აქვს ხარისხის ეტიკეტის გარკვეული ფორმა... EU-27 ქვეყანაში კლასტერული ორგანიზაციების 80%-ზე მეტი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში კომპანიებს მხარს უჭერს“ (European Cluster Panorama, 2021, 8-9).
პანდემიამ და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად გაცხადებულმა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესმა დაბნეულობა შეიტანა კლასტერების კვლევის პროცესში. დაისვა კითხვა - შეძლებდა თუ არა კლასტერი ახალი ინდუსტრიული რევოლუციის გამოწვევების დაძლევას. ამ კითხვას პასუხი გაეცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშების გამოქვეყნებით. კლასტერებმა ახალი, მესამე სიცოცხლე შეიძინეს 2023 წელს გამოქვეყნებული ორი ანგარიშით, კერძოდ: 1)„ინდუსტრიული კლასტერების გადასვლა ნულოვან გამონაბოლქვზე“, სადაც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის 10 კლასტერის ინიციატივაა განხილული და დაგეგმილი (WEF, 2023a); 2) „სამუშაოთა მომავალი“, რომელიც მოიცავს 803 კომპანიის, 27 ინდუსტრიული კლასტერისა და 45 ქვეყნის ეკონომიკის კვლევას (WEF, 2023b).
ამგვარად, კლასტერების სიცოცხლისუნარიანობის სამი ტალღა მათი განვითარებისადმი სწრაფვამ და გადარჩენისთვის ბრძოლამ განაპირობა.

ციფრული ტრანსფორმაცია - ახალი შესაძლებლობა კლასტერებისთვის

კლასტერის უნარი გაუმკლავდეს ციფრული ტრანსფორმაციის სირთულეებს, „განპირობებულია საერთო, წევრთა ჯგუფური ინტერესით, გადარჩნენ გაურკვეველ სიტუაციაში, ადეკვატურად უპასუხონ გამოწვევებს და შეინარჩუნონ წარმატება“ (Gagnidze, 2023a, 2276). აღნიშნულის დასაბუთების მიზნით, ი. გაგნიძემ კლასტერი განიხილა, როგორც განვითარების გამოწვევების დასაძლევი ინსტრუმენტი და შეიმუშავა კლასტერის ხის ზოგადი სქემა (Gagnidze, 2015), რომელსაც შემდგომ დაუმატა ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად კლასტერის აქტორებს შორის (იდენტიფიცირებული ო. სოლველის მიერ - „ინდუსტრია; მმართველი ორგანოები, ფინანსები; უნივერსიტეტი; მედია და ურთიერთთანამშრომელი ორგანიზაციები“ (Solvell, 2009, 16) აუცილებელი კავშირების ხელშეწყობის შესაძლებლობა. აღწერილი სურათი ასახულია ნახაზზე 1, სადაც წითელი ისრებით მოცემულია ციფრული ტრანსფორმაციით კლასტერის მონაწილეთა შორის კავშირის გამარტივება.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი გაცილებით რთულია იქ, სადაც კლასტერები არ არსებობს და ცალკეული ფირმები დამოუკიდებლად მოქმედებენ. შედეგად, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. ეს გარკვეულწილად სარისკოცაა, დიდი ალბათობით მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო. ნახაზზე 2 ი. გაგნიძემ (Gagnidze, 2023a, 2279) ასახა ოთხი დამოუკიდებელი ფირმის განვითარების მიმართულება ოთხგანზომილებიან სივრცეში ფირმებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაკავშირების გზით. ნახაზიდან ნათლად ჩანს, რომ ტრანსფორმაციისადმი თითოეული ფირმის განსხვავებული დამოკიდებულების გამო, განვითარება არათანაბარზომიერად მიმდინარეობს (წყვეტილი მრუდი ნახაზზე). ეს მრუდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ნახაზზე 3 არსებული ანალოგისგან.

დამოუკიდებელი ფირმების განვითარების მიმართულება ციფრულ ერაში

ნახაზი 2.

ამ განსხვავების მიზეზი ისაა, რომ ინდივიდუალური ფირმ(ებ)ის ინტერესი ბიზნესის რეორგანიზაციის, სამეცნიერო კვლევებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და სხვა აუცილებელი პირობების მიმართ განსხვავებულია. შედეგად, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროცესი დაგვიანებული, რთული და არათანაბარია. ამის გამო, წარუმატებლობის ალბათობაც მაღალია.
კლასტერებში სრულიად განსხვავებული სცენარია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, მოქმედი სუბიექტები ერთმანეთთან კარგად დაკავშირებულია. შესაბამისად, თითოეულ მათგანს სურს, რომ ადგილობრივი ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს და საამისოდ ერთიანი ძალისხმევით იშრომონ. შეიძლება ითქვას, რომ აქ დევიზია „ძალა ერთობაშია“ და „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის“. ეს ასახულია ნახაზზე 3, სადაც ოთხგანზომილებიან სიბრტყეში ერთმანეთთან დაკავშირებულია კლასტერის წევრი ფირმები და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. კლასტერის ყველა მონაწილე მოქმედებს ერთობლივად ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის, ინოვაციურობისა და ცვლილებებისთვის. ასეთ პირობებში განვითარების პროცესი კოორდინირებულია, თანმიმდევრულია და წარმატება გარანტირებულია (იხ. წყვეტილი მრუდი ნახაზზე 3).

კლასტერის წევრი ფირმების განვითარების მიმართულება ციფრულ ერაში

ნახაზი 3.

მდგრადობა და წრიული ეკონომიკა - გამოწვევები კლასტერებისთვის

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, რომელთა შორის ერთ-ერთია მდგრადობის მიღწევა. ის შედგება სამი მდგენელისგან, გარემოსდაცვითი (რომელიც ფოკუსირებულია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გათვალისწინებით), სოციალური (მიზნად ისახავს კონკრეტული სოციალური ჯგუფების ერთიანობისა და სტაბილურობის გაძლიერებას) და ეკონომიკური (გულისხმობს ორგანიზაციის უნარს, ეფექტიანად მართოს თავისი რესურსები და გრძელვადიან პერიოდში პასუხისმგებლობიანი საქმიანობით მიიღოს მოგება).
მეორე მხრივ, მდგრადობის მისაღწევად, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების სამომავლო მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა მისი შესაბამისი ბიზნესმოდელების დანერგვით. ეს მსოფლიოში ჭარბწარმოებას, ნარჩენების დიდ რაოდენობას და სხვა კატაკლიზმებს უკავშირდება. აღნიშნული მოვლენები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რესურსების გამოყენების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული საწარმოო პროცესების დანერგვას, კერძოდ, ხელახალი გამოყენება, შემცირება, შეკეთება, განახლება, აღდგენა, გადამუშავება და სხვა (Gagnidze, 2024).
სტატიის ამ ნაწილში ვიმსჯელებთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩვენი აზრით, კლასტერში წრიულ ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო ინვესტიციის მოცულობა ნაკლები იქნება, ვიდრე დამოუკიდებლად მოქმედი ფირმების იგივე რაოდენობისთვის (Gagnidze, 2023b). ამ მიზნით გვსურს მკითხველის ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ:
1. განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების მაღალი ხარისხი განაპირობებს არსებული მიღწევების გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნების სურვილს;
2. თვით ცხოვრების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება შეუძლებელია მდგრადი განვითარების გარეშე;
3. წარსულში წარმატებულის იმიჯი აიძულებს კლასტერის მონაწილე მხარეებს იყვნენ აქტიურნი და გამოწვევები გარდაქმნან უპირატესობად;
4. მ. ფრანკოვსკა და კ. ჩება (2022) ხაზს უსვამენ ისეთ „პიროვნულ ურთიერთობებს, რომელიც ვითარდება კლასტერში ინდივიდებს შორის თანამშრომლობის პროცესში და გამოიხატება მეგობრობასა და პატივისცემაში“ (Frankowska and Cheba, 2022, 78);
5. „წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა არ შეიძლება მოხდეს მომხმარებელთა ქცევის გათვალისწინების გარეშე, ანუ წრიული პროდუქტებისა და სერვისებისადმი მიმღეობა არის მომხმარებლის ქცევის შეცვლის წინაპირობა, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს წრიული ეკონომიკის პროდუქტების მოხმარების ზრდას“ (Salazar et al., 2023, 2). ამ შემთხვევაშიც, კლასტერის წევრების ჯგუფური ინტერესი ამ გამოწვევასაც უფრო იოლად დაძლევს, ვიდრე დამოუკიდებლად მოქმედ ფირმებში დასაქმებული ინდივიდები შეძლებენ;
6. ერთი მხრივ, „საზღვარი „ადამიანი-მანქანა“ შეიცვალა, ბიზნესმა თავის საქმიანობაში ავტომატიზაციის დანერგვა დაიწყო, თუმცა უფრო ნელი ტემპით, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი“ (WEF, 2023b, 6). მეორე მხრივ, ინდივიდთა უპირატესობის თეორიის მიხედვით - ზარალის სახით კოდირებული შედეგი მათთვის ბევრად უფრო არასასურველია, ვიდრე ის შედეგი, რომელსაც ეკვივალენტური სარგებლის მოტანა შეუძლია. ანალოგიურ განწყობას აღწერს ეკონომიკის კლასიკური თეორიის კლებადი ზღვრული სარგებლიანობის კანონი, რომლის შესაბამისად ადამიანებს ზარალი უფრო მეტად აშინებთ და არ მოსწონთ, ვიდრე - სარგებლის მიღება. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, კლასტერებში ადამიანები შეეცდებიან ერთმანეთის დახმარებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე, მთლიანად კლასტერის მასშტაბით;
7. განსხვავებულია ცალკეული ფირმის ინტერესი ბიზნესის რეორგანიზაციის, სამეცნიერო კვლევების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და სხვა აუცილებელი პირობების მიმართ. შედეგად, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროცესი დაგვიანებული, რთული და არათანაბარია. ამის გამო, წარუმატებლობის ალბათობაც მაღალია. კლასტერების ჯგუფური ინტერესი უბიძგებს ადამიანებს ითანამშრომლონ დიდ ფირმებთან. ციფრული ფირმები, ბანკები, სახელმწიფო დახმარების პროგრამები და სხვები დაინტერესებულნი არიან მსხვილი გარიგებებით. რადგან კლასტერი არის ქსელი და სისტემა, ეს იწვევს სინერგიას და წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლებელია ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები ინვესტიციით, ვიდრე ცალკეულ ფირმებში.
კლასტერის შიგნით ისეთ ურთიერთობას, როგორიც ზემოთაა აღწერილი, შეიძლება ეწოდოს სოციალური კაპიტალი. ჩვენი აზრით, ეს საუკეთესოდ აქვს აღწერილი ო. სოლველს, როდესაც ის ასახელებს კლასტერში მოქმედ მხარეებს შორის ძლიერი ურთიერთქმედების მამოძრავებელ ფაქტორებს, როგორიცაა: „კარგი ცოდნა, ძლიერი ქსელები, საერთო „ენა“, ერთიანი მიდგომა ურთიერთობის ნორმებსა და დამოკიდებულებებთან, მაღალი ნდობა, თანამშრომლობის პოზიტიური სტიმულებინ (Solvell, 2015, 81).
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კლასტერში არსებული სოციალური კაპიტალი არის ის ძალა, რასაც საფუძვლად უდევს „საერთო, ჯგუფური ინტერესი გადარჩეს გაურკვეველ სიტუაციაში, გამოწვევას ადეკვატურად უპასუხოს და შეინარჩუნოს წარმატება“ (Gagnidze, 2023a, 2276). ყოველივე ეს კი განაპირობებს, კლასტერში წრიულ ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭირო ნაკლებ ინვესტიციას დამოუკიდებელ ფირმებთან შედარებით.

ციფრული ტრანსფორმაცია და კლასტერში მოქმედი უნივერსიტეტების როლი

მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციების შედეგად მოსალოდნელი ნახტომისებური განვითარება, როგორც ამას აღიარებული კვლევითი ორგანიზაციები მიუთითებენ, რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას სამუშაო ძალის ბაზარზე. ეს პროგნოზირებული რყევები აქტიურად განიხილება ევროკომისიის დოკუმენტებში, კერძოდ: „ორგანული სოფლის მეურნეობა იძლევა 10-20%-ით მეტ სამუშაო ადგილს ერთ ჰა-ზე, ვიდრე ჩვეულებრივი ფერმები და ქმნის დამატებულ ღირებულებას სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, 2030 წლისთვის ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო მიწების მინიმუმ 25% ორგანულად უნდა იყოს დამუშავებული“ (COM (2020) 380 final, 8). „2030 წლისთვის ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გადასვლით მოსალოდნელია 1 მლნ-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, მაშინ როცა ევროპაში ამჟამად უკვე არის 1 მლნ ვაკანსია ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტებისთვის. ამავდროულად, კომპანიების 70% აცხადებს, რომ აჭიანურებს ინვესტიციებს, რადგან ვერ პოულობენ სათანადო უნარების მქონე სპეციალისტებს“ (COM (2020) 102 final, 11). „ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ წრიული ეკონომიკის პრინციპების გამოყენებას ევროკავშირის ეკონომიკაში აქვს პოტენციალი გაზარდოს ევროკავშირის მშპ დამატებით 0,5%-ით 2030 წლისთვის და შექმნას დაახლოებით 700 000 ახალი სამუშაო ადგილი“ (COM (2020) 98 final, 2). „საჭირო უნარებისა და ნიჭის მქონე ადამიანების მოზიდვა უცხოეთიდან ასევე დაეხმარება ევროკავშირის შრომის ბაზარს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ (COM (2020) 102 final, 11). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, „92 მლნ პოტენციური გლობალური ციფრული სამუშაო ადგილი გამოჩნდება 2030 წელს“ (WEF, 2024a, 4). „OECD-სა და ევროკავშირის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში დაფიქსირდა ვაკანსიების 188%-იანი ზრდა საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“ (WEF, 2024b, 5).
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში „სამუშაოების მომავალი“, აღნიშნული იყო, რომ იმდროინდელი დაწყებითი კლასის მოსწავლეები შრომით საქმიანობას დაიწყებდნენ 65%-ით შეცვლილ შრომის ბაზარზე. 2023 წელს გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დამსაქმებლები პროგნოზირებენ სტრუქტურულ შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების 23%-ით შემცირებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში; მოსალოდნელია სამუშაო ადგილების ფართომასშტაბიანი ზრდა განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, ციფრულ კომერციასა და ვაჭრობაში; გამოკითხული კომპანიები აცხადებენ, რომ ინვესტიცია სწავლებაში და სამსახურში სამუშაო ადგილებზე ტრენინგში, ასევე, პროცესების ავტომატიზაცია არის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიები, რომლებიც მიიღება მათი ორგანიზაციის ბიზნესმიზნების მისაღწევად; ბიზნესის 45% ხედავს სათანადო უნარების განვითარებისთვის ტრენინგების დაფინანსებას, როგორც ეფექტიან ინტერვენციას, რომელიც უნდა უზრუნველყოს მთავრობამ, რათა ნიჭი დასაქმებასთან დააკავშირონ (FoJ, 2023, 4). „თუ მთავრობები არ მოემზადებიან ახალი ცვლილებებისთვის, 2050 წლისთვის უმუშევრობის დონე G-20 ქვეყნებში გაიზრდება 24%-მდე (ან მეტად)“ (Daheim and Wintermann, 2016, 9).
ამგვარად, ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი მხრივ, ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად მოსალოდნელია მრავალი სამუშაო ადგილის გაქრობა და ახლის გამოჩენა, მეორე მხრივ, უკვე აღიარებულია, რომ კლასტერები როგორც ქსელი და სისტემა, ციფრული ტრანსფორმაციისთვის საუკეთესო ნიადაგია. ყურადსაღებია ისიც, რომ მოსალოდნელ ცვლილებებთან გამკლავება მოითხოვს ცოდნის განახლებას ტრენინგების საფუძველზე, რაც ავტორის აზრით, კლასტერში მოქმედი უნივერსიტეტების საშუალებით უნდა განხორციელდეს.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კლასტერების სიცოცხლისუნარიანობის მეორე ტალღა დაუკავშირდა სამეწარმეო უნივერსიტეტების (მეოთხე თაობის უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი 4.0) ჩამოყალიბებას, სადაც ერთ სივრცეში განხორციელდა ეფექტიანი დიალოგი განათლებას, მეცნიერებას, ადგილობრივ მმართველობასა და ბიზნესს შორის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უნივერსიტეტზე ფოკუსირება განაპირობებს წარმატებას ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდშიც, რაც დაუკავშირდება მეხუთე თაობის უნივერსიტეტის (უნივერსიტეტი 5.0) ფორმირებას დისტანციური საქმიანობის შედეგად. როგორც ე. კარაიანისი და ჯ. მორავსკა-იანჩელევიჩი (Carayannis and Morawska-Jancelewicz, 2022) ამტკიცებენ ციფრული ტრანსფორმაცია ხსნის ახალ პერსპექტივებს უნივერსიტეტებისთვის და შეიძლება გახდეს მათი ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ციფრული ტრანსფორმაციით შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობის საფუძველზე გარედან იქნენ სპეციალისტები მოზიდული და გამოცდილება გაზიარდეს მინიმალური დანახარჯებით. უნივერსიტეტის მიერ დისტანციური მუშაობის შესაძლო სარგებელი ი. გაგნიძემ (Gagnidze, 2023c) გამოსახა სისტემური მიდგომით (იხ. ნახაზი 4).

სისტემური საგანმანათლებლო კავშირები გამომგონებელი და დამნერგავი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის

 

ნახაზი 4 გვიჩვენებს ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველზე სისტემურ საგანმანათლებლო კავშირებს გამომგონებელი და დამნერგავი ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის (იმის მიუხედავად, თუ სად მდებარეობენ ისინი, სხვადასხვა თუ ერთიდაიმავე კონტინენტზე). ცნობილია, რომ მდგრადობის, წრიული ეკონომიკის, მინიმალური ნარჩენების, ნულოვანი ემისიის და სხვა მიმართულებით განვითარების პროცესში საერთაშორისო ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ავტორის აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს რამდენიმე ასპექტზე, კერძოდ:
• გამომგონებელ ქვეყნებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ექსპლუატაცია თავადაც სჭირდებათ. მათ ასევე ესაჭიროებათ სამეცნიერო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების მომზადება/გადამზადება. განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს აქვთ იგივე მიზნები ტექნოლოგიების დანერგვისას. ამ მხრივ, სისტემური საგანმანათლებლო კავშირები უნდა განხორციელდეს მინიმუმ სამ დონეზე: სამეცნიერო კვლევა, უმაღლესი და პროფესიული განათლება. შესაბამისად, აუცილებელია სისტემაში ჩართული უნივერსიტეტები გადავიდნენ 5.0 მოდელზე და ერთმანეთს დაუახლოვონ საგანმანათლებლო პროგრამები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მდგრადობის გეგმის განხორციელების ადრეულ ეტაპებზე. ფრთხილად უნდა იყოს შერჩეული უნივერსიტეტების პოტენციალი;
• საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობას განაპირობებს მჭიდრო კავშირი და უკუკავშირი ყველა მონაწილე უნივერსიტეტს შორის. გამოცდილების დაგროვება და გაცვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს შეცდომების მინიმიზაციისა და სასურველი მიზნის სწრაფად მიღწევაში;
• სისტემის შესაქმნელად საჭიროა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში დაიწყოს აქტივობა. ეს წინასწარ უნდა დაიგეგმოს, რადგან ნებისმიერი დაშვებული შეცდომა გამოიწვევს დიდი დროისა და თანხების ფუჭად ხარჯვას.
ავტორის მიერ შემუშავებულ სქემაში მკითხველისთვის სისტემური მიდგომის შეთავაზების მთავარი მიზეზი სისტემის თვისებებია. ერთ-ერთი მათგანია სინერგიის ეფექტი. სისტემაში მონაწილე მრავალი მხარის ინტერესი აძლიერებს მათ ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს მყარი ქსელის შექმნას. სინერგიისა და თანმიმდევრულობის გამოყენებით, ციფრული ტრანსფორმაცია მიიღწევა შედარებით მარტივად. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია განათლებისა და მეცნიერების ეფექტიანი საერთაშორისო კავშირების დამყარების შედეგად.
ბევრი ცნობილი მეცნიერი წერს სისტემის ეფექტიანობაზე, მათ შორისაა ა. ლაზლო და ს. კრიპნერი (Laszlo and Krippner,1998); ი. კორნი (Korn, 2020); ბ. რუდალი და ს. მანი (Rudall and Mann, 2007); ლ. სკუტნერი (Skyttner, 1996); გარდა ამისა, ავტორი იძლევა განმარტებას რ. აკოფის წინადადებაზე დაყრდნობით, რომ „სისტემა არის ორი ან მეტი ურთიერთდაკავშირებული ელემენტის ნაკრები შემდეგი თვისებებით:
• „თითოეული ელემენტი გავლენას ახდენს მთელის ფუნქციონირებაზე;
• თითოეულ ელემენტზე გავლენას ახდენს სისტემის მინიმუმ ერთი სხვა ელემენტი;
• ელემენტების ყველა შესაძლო ქვეჯგუფსაც აქვს პირველი ორი თვისება“ (Ackoff, 1981, 15–16).
ამრიგად, საერთაშორისო საგანმანათლებლო კავშირების დამყარებით და მიმდინარე მწვავე პრობლემებზე ერთობლივი მუშაობით არსებული გამოწვევები შედარებით ადვილად დასაძლევი გახდება, ვინაიდან მეხუთე თაობის უნივერსიტეტს (უნივერსიტეტი 5.0) შეუძლია სისტემური როლი ითამაშოს ეკონომიკის განვითარების პროცესში როგორც ერთი ქვეყნის შიგნით, ასევე, სხვა ქვეყნებშიც. ეს პროცესი ასახულია ნახაზზე 4.

დასკვნა

წარმოდგენილ ნაშრომში განხორციელებული კვლევის შედეგად, კვლევით კითხვაზე: არის თუ არა კლასტერი ეფექტიანი ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა - შეიძლება აღინიშნოს რომ პასუხი დადებითია. ეს დასკვნა ეფუძნება იმ აღიარებული მეცნიერ-მკვლევრების ნაშრომების ანალიზს, რომლებმაც კლასტერების კვლევაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკის განვითარების მიზნით კლასტერის ფორმირება ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა, ამყარებს მათი სიცოცხლისუნარიანობის სამი ტალღა, რაც განხილულია ნაშრომში. ამასთან, მკვლევართა მიერ კლასტერში აღწერილი სოციალური კაპიტალი არის ჯგუფური ინტერესის ძლიერი მამოძრავებელი ძალა, რომელიც კლასტერის არეალში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ფენას განაწყობს გაერთიანდენენ ერთი მიზნის გარშემო და სწრაფად მოახდინონ ცვლილებებზე ადაპტაცია და ქცევის შეცვლაც კი. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად უკავშირდება წრიული ეკონომიკის ფორმირებას, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და მდგრადობის მისაღწევად.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში - „სამუშაოების მომავალი“, ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ: „ტექნოლოგიების მიღება დარჩება ბიზნესის ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში“ (WEF, 2023b, 6). ამ გამოწვევას საუკეთესოდ უმკლავდება კლასტერი მასში არსებული სოციალური კაპიტალის ხარჯზე.
მნიშვნელოვანია კლასტერში უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაზეც ავტორი ადრეც წერდა (გაგნიძე, 2018). თუმცა, ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდში დისტანციური ფუნქციონირებით უნივერსიტეტებს ეძლევათ უფრო მეტი გასაქანი გაიფართოვონ ზეგავლენის არეალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაშრომის ავტორი აყალიბებს რეკომენდაციას, დაიწყოს კლასტერების კვლევა საქართველოში ფუნდამენტური მიდგომის გამოყენებით და გამოვლინდეს ის რეალური კონკურენციული უპირატესობები, რაც გააჩნია საქართველოს. ცნობილია, რომ კლასტერების კლასიკოსი მკვლევრები გამოყოფენ კლასტერების აღმოცენების ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, გეოგრაფიულს და ისტორიულს (Solvell, 2009, 54-55). ამასთან, ამ საკითხზე ხაზგასმა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდში, რომელიც უდავოდ დგას ყველა ქვეყნის წინაშე, კლასტერები, როგორც სოციალური კაპიტალის მქონე ქსელი და სისტემა, საუკეთესო ნიადაგია.
საზოგადოდ მიღებული კლასიფიკაციით, კონცეპტუალური ნაშრომი ფოკუსირებულია ჰიპოთეზების შემუშავებაზე და ჩვეულებრივ დისკურსიულია. მოიცავს ფილოსოფიურ დისკუსიებს და სხვა ავტორების ნაშრომებისა და მოსაზრებების შედარებით კვლევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ნაშრომიც მოკლებულია კონკრეტული კლასტერის ანალიზს. ჩვენ მომავალში შევეცდებით კვლევა განვავითაროთ სწორედ ამ მიმართულებით.

References:
• გაგნიძე, ი. (2018), კლასტერსა და სამეწარმეო უნივერსიტეტებს შორის სისტემური კავშირის როლი ეკონომიკაში. || „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. XI, №1, გვ.85-99.
• Ackoff, R.L. (1981). Creating the corporate future. John Wiley, New York, NY.
• Carayannis, E.G., Morawska-Jancelewicz, J. (2022). The Futures of Europe: Society 5.0 and Industry 5.0 as Driving Forces of Future Universities. Journal of the Knowledge Economy, 13, 3445-3471. https://doi.org/10.1007/s13132-021-00854-2
• European Commission. (2020). EU biodiversity strategy for 2030: Bringing nature back into our lives. Communication for the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, 25. COM (2020) 380 final. https://eur-lex.europa.eu/resource.html?uri=cellar:a3c806a6-9ab3-11ea-9d2d-01aa75ed71a1.0001.02/DOC_1&format=PDF. (accessed August 17, 2024).
• European Commission. (2020). A new circular economy action plan for a cleaner and more competitive Europe. Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions. COM (2020) 98 final. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52020DC0098. (accessed August 17, 2024).
• European Commission. (2020). A New Industrial Strategy for Europe. Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions. COM (2020) 102 final. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52020DC0102&qid=1699445119400. (accessed August 17, 2024).
• Communication from the Commission to the Council, the European Parliament, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions: Towards world-class clusters in the European Union—implementing the broad-based innovation strategy, COM 652 final of 17.10.2008 (2008). http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52008DC0652R(01)&from=EN (accessed August 17, 2024).
• Daheim, C., Wintermann, O. (2016). 2050: The Future of Work. Findings of an International Delphi-Study of The Millennium. https://www.bertelsmann-stiftung.de/fileadmin/files/BSt/Publikationen/GrauePublikationen/BST_Delphi_E_03lay.pdf (accessed August 17, 2024).
• Duranton, G. (2011). California Dreaming: The Feeble Case for Cluster Policies. Review of Economic Analysis, 3(1), 3-45.
• European Commission, Directorate-General for Enterprise and Industry (2007). Innovation clusters in Europe: a statistical analysis and overview of current policy support. Publications Office. https://data.europa.eu/doi/10.2769/12579 (accessed August 17, 2024).
• European Cluster Panorama 2021. (2021). Leveraging clusters for resilient, green and digital regional economies. Report. Franco, S., Murciego, A., Salado, J.P., Sisti, E. & Wilson, J. An initiative of the European Union Luxembourg: Publications Office of the European Union, 2021. doi: 10.2826/689035 https://clustercollaboration.eu/sites/default/files/2021-12/European_Cluster_Panorama_Report_0.pdf. (accessed August 17, 2024).
• European Panorama (2020). European Panorama of Clusters and Industrial Change. European Observatory for Clusters and Industrial Change. European Commission. Hollanders, H., Merkelbach, I. doi:10.2826/451726, Luxembourg: Publications Office of the European Union, 2020. https://clustercollaboration.eu/sites/default/files/news_attachment/european_panorama_2020.pdf. (accessed August 17, 2024).
• European Cluster Panorama (2016). European Cluster Observatory, Report, Prepared by: Ketels C., and Protsiv, S., Center for Strategy and Competitiveness Stockholm School of Economics, European Commission. https://clustercollaboration.eu/sites/default/files/news_attachment/2016-12-01-cluster-panorama-2016.pdf (accessed August 17, 2024).
• Frankowska, M., Cheba, K. (2022). The relational embeddedness as the differentiator of the cluster supply chain collaboration – a multidimensional comparative analysis. Competitiveness Review, 32(1), 59-84. https://doi.org/10.1108/CR-11-2019-0114.
• Gagnidze, I. (2024). Regarding Interdependence of Corporate Social Responsibility, Sustainability and the Circular Economy Business Models. INTERNATIONAL SCIENTIFIC CONFERENCE “EUROPEAN UNION’s POLICY ON CORPORATE SOCIAL RESPONSIBILITY”, Abstracts & articles, CSREU, 16, 21 May, Jean Monnet Module of the Erasmus+ Program, pp.74-75. https://zenodo.org/records/12786314
• Gagnidze, I. (2023a). Industry 4.0 and industry 5.0: can clusters deal with the challenges? (A systemic approach). Kybernetes, 52(7), 2270-2287. https://doi.org/10.1108/K-07-2022-1005.
• Gagnidze, I. (2023b). Cluster Approach for Circular Economy, International Scientific and Practical Internet Conference “Business Strategy: Ukrainian Realities and Convergence with the EU Opportunities”, pp. 163-166, 8 November, 2023 KNEU, Kyiv, Ukraine, pp. 163-166. DOI: doi.org/10.35668/978-966-926-463-3
• Gagnidze, I. (2023c). University 5.0 for Resilience – A systemic approach. Z. Nedelko; R. Korez Vide, (Eds.). 7th FEB International Scientific Conference: Strengthening Resilience by Sustainable Economy and Business – Towards the SDGs. University of Maribor Press, pp.471-478. https://doi.org/10.18690/um.epf.3.2023.
• Gagnidze I. (2015). Cluster as a tool for the challenges of development. in Bratianu, C., Zbuchea, A., Vatamanescu E. & Leon, R. (Ed.s), STRATEGICA, Local versus Global, Third Edition, Bucharest, Romania, October 29-31, 2015, ISSN: 2392-702X; ISBN: 978-606-749-054-1, pp. 336-344. https://strategica-conference.ro/2015-edition/
• Gordon I. R., McCann, P. (2000). Industrial Clusters: Complexes, Agglomeration and/or Social Networks?. Urban Studies, 37(3), 513-532.
• Ketels, Ch., Lindqvist, G., Solvell, O. (2006). Cluster initiatives in developing and transition economies. Stockholm: Center for Strategy and Competitiveness.
• Ketels, Ch., Protsiv, S. (2021). Cluster presence and economic performance: a new look based on European data. Regional Studies, 55(2), 208-220. https://doi.org/10.1080/00343404.2020.1792435.
• Korn, J. (2020). Developments in the resolution of systemic problems. International Journal of Markets and Business Systems, 4(2), 140-163. DOI: 10.1504/IJMABS.2020.113126.
• Krugman, P. (2009). The Increasing Returns Revolution in Trade and Geography. American Economic Review, 99(3), 561-71.
• Laszlo, A., Krippner, S. (1998). Chapter 3 - Systems Theories: Their Origins, Foundations, and Development. Advances in Psychology, 126, 47-74. https://doi.org/10.1016/S0166-4115(98)80017-4
• Lindqvist, G., Ketels, Ch., Solvell, O. (2013). The cluster initiative greenbook 2.0. Ivory Tower Publishers.
• Nuttall, G. (2018). The revolution is coming are we ready. 2018 10 May. https://www.nicva.org/article/the-revolution-is-coming-are-we-ready (accessed August 17, 2024).
• Porter, M. E. (1990). The Competitive advantage of nations. New York: The Free Press.
• Porter, M. E. (1998). The Competitive Advantige of Nations. THE FREE PRESS, Simon &Schulter Inc., USA, New York, NY.
• Porter, M.E. (2000). Competition. Publishing House Williams, Sankt-Peterburg, Moscow, Kyiv, 495 p. (In Russian).
• Porter, M.E. (2008). On Competition. updated and expanded Edition, Harvard Business School Publishing, Review Book Series, Harvard.
• Salazar, C.M.I., Kiefer, C.P., Carrillo-Hermosilla, J. (2023). Consumer Behavior and Circular Economy-Bibliometric and Content Analysis. SERIE Documento de Trabajo nº1/2023, 75 p. https://www1.uah.es/pdf/noticias/rsc/docs/dc_01_23.pdf (accessed August 17, 2024).
• Skyttner, L. (1996). General systems theory: origin and hallmarks. Kybernetes, 25(6), 16-22. https://doi.org/10.1108/03684929610126283.
• Rudall, B. H., Mann, C. J. H. (2007). Emerging innovative systems. Kybernetes, 36(5/6):672-679.
• Solvell, O. (2015). On strategy and competitiveness: 10 recipes for analytical success. First edition, Stockholm: Ivory Tower Publishers and SIR, Sweden.
• Solvell, O. (2009). Clusters - Balancing Evolutionary and Constructive Forces, Ivory Tower Publisher, Stockolm, Sweden.
• Solvell, O., Lindqvist, G., Ketels, Ch. (2003). The cluster initiative greenbook. Stockholm: Ivory Tower.
• UNIDO (2019). Mapping Emerging and Potential Manufacturing and Agri-Business Clusters in Georgia. UNIDO project. https://www.gda.ge/shared/userfiles/images/UNIDO_Final%20cluster%20mapping%20report%20in%20Georgia.pdf (accessed August 17, 2024).
• Vesperi, W., Gagnidze, I. (2023). From the university ecosystem to the entrepreneurial ecosystem–the way for developing the local economy. International Journal of Economics and Business Research, 25(4), 431-455. https://doi.org/10.1504/IJEBR.2023.131158.
• World Economic Forum (2024a). Realizing the Potential of Global Digital Jobs. In collaboration with Capgemini. White Paper. https://www.capgemini.com/wp-content/uploads/2024/04/WEF_Realizing_the_Potential_of_Global_Digital_Jobs_2024.pdf (accessed August 17, 2024).
• World Economic Forum. (2024b). Key Issues Shaping and Driving Global Job Creation. https://www3.weforum.org/docs/WEF_Key_Issues_Shaping_and_Driving_Global_Job_Creation_2024.pdf (accessed August 17, 2024).
• World Economic Forum. (2023a). The Future of Jobs Report, Insight Report. https://www3.weforum.org/docs/WEF_Future_of_Jobs_2023.pdf (accessed August 17, 2024).
• World Economic Forum. (2023b). Transitioning Industrial Clusters towards Net Zero. In collaboration with Accenture and EPRI. https://initiatives.weforum.org/transitioning-industrial-clusters/home (accessed August 17, 2024).

Keywords: Digital transformation, cluster, university, system, social capital.
JEL Codes: O30, O31, O32, O33