English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ დემურ სიჭინავამურთაზ მაღრაძე
განათლების სფეროში გაციფრულების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.04

ჟურნალი N 4. 2024


განათლების სფეროს გაციფრულებამ, როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საერთოდ სასწავლო პროცესში და, შესაბამისად, გამოავლინა ასევე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ამან, თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა მთელი რიგი აქტუალური პრობლემა. ამიტომ სტატიის მიზანიც სწორედ მათი მეცნიერული გამოკვლევაა.
სტატიაში განხილულია გაციფრულების ცნების არსი, განათლების სფეროს გაციფრულების აუცილებლობა და განვითარების ეტაპები, განათლების სფეროს გაციფრულების პროცესში არსებული მდგომარეობა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, განათლების დონისა და ხარისხის შეფასებისა და შედარების საკითხები და სხვ.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სფეროს გაციფრულების ისეთი დადებითი მხარეების შესწავლასა და ანალიზს, როგორიცაა: განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინტერაქტიულობისა და ჩართულობის ზრდა, სასწავლო მასალების მუდმივი განახლებისა და გავრცელების დაჩქარება და სხვ. მასში ასევე გამოკვლეულია განათლების სფეროს გაციფრულების ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა: გაციფრულების არათანაბარი წვდომა ტექნოლოგიებზე, მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სიძნელე, სწავლების ჰიბრიდული ფორმის სირთულე და სხვ.
სტატიის ბოლოს მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები: განათლების სფეროს გაციფრულება, განათლების დონე და ხარისხი საქართველოსა და მსოფლიოში, განათლების გაციფრულების დადებითი მხარეები და ნაკლოვნებები.

შესავალი

განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლების მოქნილობა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობა. ონლაინ პლატფორმებისა და აპლიკაციების გამოყენებამ სასწავლო პროცესში შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ ცოდნის მიღების ყოველმა მსურველმა (მოსწავლემ, სტუდენტმა და სხვ.), მათი გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად, მიიღოს მისთვის საჭირო დონისა და ხარისხის განათლება სხვადასხვა სფეროში. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ თანამედროვე ეტაპზე, შესაძლებლობა მისცა ცოდნის შეძენის მსურველებს ჩაერთონ დისტანციურ კურსებში, მიიღონ დამატებითი განათლება, იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად და გამოიყენონ ინტერაქტიული მასალები, რაც ტრადიციული სწავლების მეთოდებით არ იყო შესაძლებელი.
განათლების სფეროს გაციფრულებამ გააღრმავა უთანასწორობა საზოგადოებაში და წარმოაჩინა ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პრობლემები. ასეთია, მაგალითად, არათანაბარი წვდომა ტექნოლოგიებზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა გახდა განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებსა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის. გარდა ამისა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებს. ციფრული პლატფორმების მეშვეობით განათლების პროცესის გაციფრულება დაკავშირებულია დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვებასა და შენახვასთან, რაც, თავის მხრივ, ასევე ახალ საფრთხეებს წარმოშობს. ასევე მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევები, ჰაკერული თავდასხმები და კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკი კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, გაციფრულება აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია. განათლების სფეროს სრულყოფილი და ეფექტური გაციფრულებისათვის საჭიროა როგორც სახელმწიფოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მტკიცე მხარდაჭერა.
განათლების სფეროს გაციფრულების პროცესის საწყისი ეტაპები უკავშირდება კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, თუმცა, თანამედროვე ეტაპზე ეს უკნასკნელი გაცილებით უფრო მასშტაბურია და მრავალმხრივ ხასიათს ატარებს. გაციფრულებული განათლება მოიცავს როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციური სწავლების ფორმებს, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. აღნიშნულმა ექსტრემალურმა მოვლენამ მთელი სიმძაფრით აჩვენა განათლების სფეროს გაციფრულების აუცილებლობა. აქედან გამომომდინარე, სახელმწიფოთა უმეტესობა იძულებული გახდა გადაეხედათ სასწავლო პროცესის არსებული ფორმებისათვის, ხელი შეეწყოთ ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის და დაენერგათ დისტანციური სწავლების ინსტრუმენტები (UNESCO, 2020).
განათლების სფეროს გაციფრულებასთან დაკავშირებული პროცესები არაა ერთგვაროვანი და ჰომოგენური. გაციფრულების ხარისხი და სიღრმე დამოკიდებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების მზაობაზე მიიღოს და განავითაროს ახალი ციფრული მიდგომები.
COVID-19 პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა განათლების სფეროს ციფრული ტრანსფორმაცია, რადგან სწავლების ტრადიციული მეთოდები უკვე ვეღარ ერგებოდნენ ახალ რეალობას. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოში, სადაც სასწავლო დაწესებულებები იძულებული გახდნენ სასწავლო პროცესი სრულად გადაეტანათ ონლაინ სივრცეში.
სასწავლო პროცესის გაციფრულების მიზანია ინფორმაციულ გარემოში პედაგოგებისა და მოსწავლეების ინტეგრაციის შესაძლებლობის ზრდა.
ზემოაღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულია 2021-2027 წლებისთვის განათლების სფეროს გაციფრულების პერსპექტიული გეგმა (European Commission, 2021).
განათლების სფეროს გაციფრულება არის არამხოლოდ ტექნოლოგიის, არამედ ასევე სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის საკითხი.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს შეძლებისდაგვარად გააანალიზოს გაციფრულების პროცესი განათლების სფეროში როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით და შეაფასოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ამრიგად, განათლების სფეროს გაციფრულების წარმატებები დამოკიდებულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებაზე, ასევე პედაგოგთა კვალიფიკაციასა და მოსწავლეთა მზადყოფნაზე მოახერხონ ახალ რეალობაში ადაპტირება.

გაციფრულების ცნების შესახებ

გაციფრულების ცნების განსაზღვრა რთულია გაციფრულების, როგორც მოვლენის, მრავალწახნაგოვანი ბუნების გამო.
გაციფრულების პროცესი მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მის ინტეგრაციას. ის გულისხმობს ინფორმაციისა და სერვისების გადაყვანას ციფრულ ფორმატში და სხვადასხვა დარგში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას. ეს პროცესი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა მონაცემების ციფრული მიღება, შენახვა, დამუშავება, გაზიარება, ინტეგრაცია და სხვ.
თანამედროვე ეტაპზე გაციფრულების პროცესი ეხება ისეთ კომპონენტებსაც, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები (Big Data), ღრუბლოვანი გამოთვლები, ავტომატიზაცია და სხვ. ის გულისხმობს ისეთ სისტემურ და სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებსა და ორგანიზაციებს მიიღონ მაქსიმალური სარგებლობა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად. შესაბამისად, გაციფრულების ცნებამაც უნდა ასახოს ეს პროცესები მთლიანად.
მიუხედავად ამისა, დღეისთვის ამ მიზნით გამოყენებული ტერმინები და მათი განმარტებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს ამომწურავად, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ერთგვარ გაურკვევლობას. ასე, მაგალითად, ტერმინი „გაციფრულება“ (digitalization) ზოგჯერ გამოიყენება როგორც „ციფრული ტრანსფორმაციის“ (digital transformation) ან „ციფრულიზაციის“ (digitization) სინონიმი, თუმცა, მათ შორის არსებითი განსხვავებაა. არსებობს გაციფრულების ცნების განსაზღვრის სხვა ვარიანტებიც. ამიტომ აუცილებელია ამ ტერმინების საფუძვლიანი გამიჯვნა თითოეული მათგანისათვის შესაბამისი მნიშვნელობის მიცემით, რათა გაციფრულების პროცესში ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისაუბრონ ერთსა და იმავე ენაზე (https://www.channelinsider.com/business-management/digitization-vs-digitalization/).
გაციფრულების ცნება შეიძლება ასე განვმარტოთ: გაციფრულება - არის ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფეროს პროცესებისა და პროცედურების შესასრულებლად საჭირო მონაცემების ციფრული ფორმატით წარმოდგენა და დამუშავება, ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების, ღრუბლოვანი გამოთვლებისა და ავტომატიზაციის გამოყენებით და სხვ.

განათლების სფეროს გაციფრულების არსებული მდგომარეობა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში

გაციფრულების პროცესი განათლების სფეროში რიგი სპეციფიკური თავისებურებით ხასიათდება. ის მოითხოვს, როგორც ვირტუალურ საკლასო ოთახებს, ასევე ე.წ. LMS (Learning Management System) პლატფორმებს და სხვ., რაც საშუალებას მისცემს პედაგოგებს მართონ სასწავლო პროცესი და მუდმივად აკონტროლონ მოსწავლეთა განვითარების დონე.
გაციფრულების პროცესის წარმატება ამ შემთხვევაში დამოკიდებულია არამხოლოდ ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად იქნებიან მზად პედაგოგები და მოსწავლეები იმისთვის, რათა გამოიყენონ ახალი მეთოდები და ჩაერთონ გაციფრულებულ სასწავლო პროცესში. ეს უკანასკნელი მოითხოვს პედაგოგთა მუდმივ გადამზადებასა და მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ თანამედროვე საშუალებებისა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.
განათლების სფეროს გაციფრულების პროცესში შეიძლება გამოიყოს სამი ეტაპი.
პირველი ეტაპი მოიცავს 1980-2000 წლებს. ამ პერიოდში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გამოჩნდა პირველი კომპიუტერები. კოპიუტერული ტექნიკის გამოყენება დაიწყო ინფორმატიკის გაკვეთილებზე, პროგრამირების ფაკულტეტებზე და სხვ.
მეორე ეტაპი მოიცავს 2000-2010 წლებს. ამ პერიოდში დაიწყო კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება თითქმის ყველა დისციპლინის სწავლების პროცესში. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილებზე დაიწყეს დოკუმენტალური ფილმების ჩვენება, მათემატიკის გაკვეთილზე ინტერაქტიული დაფების გამოყენება და სხვ.
მესამე ეტაპი მოიცავს პერიოდს 2010 წლიდან დღემდე. გაციფრულების ამ ეტაპზე მთლიანად იცვლება სწავლის პროცესი. დღეისათვის განათლების სფეროს გაციფრულების მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის კომპიუტერისა და კომპიუტერული სერვისების გამოყენების სწავლება. (http://surl.li/mkffvp)

განათლების სფეროს გაციფრულების არსებული მდგომარეობა საქართველოში. განათლების სფეროს გაციფრულების პოლიტიკას საქართველოში მტკიცედ უჭერენ მხარს როგორც ქვეყნის მთავრობა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ხელს უწყობს განათლების სფეროს მოდერნიზაციას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები მიზნად ისახავენ ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სასწავლო რესურსების გადაყვანას ციფრულ ფორმატში და დისტანციური სწავლების განვითარების ხელშეწყობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ატარებენ ინოვაციური სწავლების სტრატეგიებს, მათ შორის აწყობენ ვირტუალურ კლასებს, ჩატბოტებს და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა განახორციელონ ტექნოლოგიით გაძლიერებული ჰიბრიდული განათლების მისი ხედვის შესაბამისი კონცეფცია (Georgian Ministry of Education, 2020).
საქართველოში განათლების სფეროს გაციფრულება მნიშვნელოვნად დააჩქარა COVID-19 პანდემიამ. მან აჩვენა, რომ საქართველოს განათლების სფერო ჯერ კიდევ არაა მზად მასობრივი დისტანციური სწავლების ფორმატის დასანერგად. ძირითადი გამოწვევები აღნიშნულ პროცესში აღმოჩნდა: ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიური რესურსების დეფიციტი, პედაგოგთა ნაკლები ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებში და სხვ.
აღნიშნულ გამოწვევათა დაძლევის მიზნით, ქვეყნის მთავრობამ და განათლების სამინისტრომ არაერთი ნაბიჯი გადადგა განათლების სფეროს სრულყოფის მიმართულებით. ამ მხრივ აღსანიშნავია ინიციატივა „ჩემი სკოლა“, რომელიც ქმნის ვირტუალურ კლასებს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს აძლევს ურთიერთობის განხორციელების საშუალებას ონლაინ სივრცეში. სახელმწიფომ მიიღო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული მოწყობილობების მიწოდებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა განათლებაზე ციფრულ გარემოში. (https://chemiskola.emis.ge/bep/index.html)
ციფრული განათლების სფეროში აუცილებელია ისეთი პროგრამების დანერგვა, რაც მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ ციფრულ უნარებს, როგორიცაა: პროგრამირება, ციფრული დიზაინი, მონაცემთა ანალიზი და სხვ. აღნიშნული პროგრამები უკვე დაინერგა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საჯარო სკოლაში.
განათლების სამინისტრო დიდი ხანია აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ განათლების სფეროს გაციფრულება გახდეს რეალური მოვლენა საქართველოში. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ გაკვეთილების მომზადების, მოსწავლეთა შემოქმედებითობის, თანამშრომლობისა და ჩართულობის სტიმულირებისათვის 2020 წელს საქართველოს 150 სკოლაში დანერგილ იქნა თამაშზე დაფუძნებული საპილოტე პროგრამა - Minecraft Education Edition (2020). http://surl.li/djjitz
განათლების სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიუხედავად, განათლების დონე საქართველოში არ შეესაბამება განათლების დონეს ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წლის მონაცემებით, განათლების ცუდი სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მე-5 ადგილს იკავებს (განათლების ცუდი სისტემის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზეა, 2020).
ბოლო დროს, განათლების სფეროს გაციფრულების პროცესის სწრაფმა განვითარებამ და, შესაბამისად, განათლების სხვადასხვა ფორმის მიღების ხელმისაწვდომობის გაფართოებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოში სტუდენტთა კონტინგენტის საერთო რაოდენობა. 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მათ შორის - 19 სახელმწიფო და 43 კერძო. აღნიშნული სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი. აქედან, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა - 32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებმა - 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ პერიოდში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 %-ით მეტია. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამჟამად სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე კერძოში. შესაბამისად, წილობრივი გადანაწილება მათ შორის ასეთია: სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 59.1 %, ხოლო კერძოში - 40.9 %. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2 %-ი ქალია, ხოლო 48.8 %-ი კაცი (ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 17.2% უცხოელები არიან (2023/2024 სასწ. წლის სატატისტიკა). http://surl.li/djjitz

განათლების სფეროს გაციფრულების პროცესი მსოფლიოში

გლობალურ დონეზე განათლების სფეროს გაციფრულების პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს, რაც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიურ განვითარების დონეზე. განვითარებული ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ნიდერლანდები, შვედეთი, საფრანგეთი, დანია, კანადა, გერმანია, შვეიცარია, იაპონია და სხვ.) გაცილებით წარმატებით ახერხებენ სასწავლო პროცესის გაციფრულებას, რადგან მათ გააჩნიათ ძლიერი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და დიდი რესურსები ციფრული განათლებისთვის. ამ ქვეყნებში გაციფრულებამ უკვე მიაღწია მაღალ სტანდარტებს, სადაც სწავლების პროცესში აქტიურადაა გამოყენებული ინოვაციური პლატფორმები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, ავტომატიზაცია და სხვ.
მსოფლიო მასშტაბით განათლების სფეროს განვითარების დონის შეფასებისა და შედარებისთვის გამოიყენება ხარისხის, განათლებისა და გლობალური შესაძლებლობის ინდექსები.
ხარისხის ინდექსი აფასებს ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს განათლების, სამუშაო შესაძლებლობების, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და ფიზიკური უსაფრთხოების და სხვათა გათვალისწინებით.
განათლების ინდექსი არის ადამიანის განვითარების ინდექსის საკვანძო კომპონენტი, რომელიც ასახავს ზრდასრული ადამიანის სწავლების წლების საშუალო რაოდენობას და ბავშვების მოსალოდნელი სწავლების წლების საშუალო რაოდენობას. ეს კომპონენტი აჩვენებს ქვეყანაში განათლების სტანდარტებს. ასევე, განათლების ინდექსი აუცილებელია მთელ მსოფლიოში განათლების პროგრესის მონიტორინგისა და შესაბამისი შედარებების გასაკეთებლად.
გლობალური შესაძლებლობების ინდექსი აანალიზებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ, ინსტიტუციურ, ფინანსურ, მარეგულირებელ და სხვ. ფაქტორებს, რათა წარმოაჩინოს გლობალურ დონეზე ერის საერთო სტაბილურობა და მიმზიდველობა.
ზემოაღნიშნული სამი ინდექსის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, 20 მოწინავე ქვეყნის მიერ დაკავებული ადგილების თანმიმდევრობა მსოფლიოში, რომლებიც ცნობილია განათლების საუკეთესო სისტემებით, შემდეგია: დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ნიდერლანდები, შვედეთი, საფრანგეთი, დანია, კანადა, გერმანია, იაპონია, ისრაელი, ფინეთი, ტაივანი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, ბელგია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რაც სავარაუდოდ, გარკვეულწილად, განათლების სფეროს გაციფრულების დამსახურებაცაა. ინტერესს იწვევს ამ თვალსაზრისით, 2024 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების პირველი ათეულის რეიტინგი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - 1, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - 2, ოქსფორდის უნივერსიტეტი - 3, ჰარვარდის უნივერსიტეტი - 4, კემბრიჯის უნივერსიტეტი - 5, სტენფორდის უნივერსიტეტი - 6, ETH ციურიხი - 7, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი - 8, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი - 9, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - 10. (http://surl.li/cqvefz) .

განათლების სფეროს გაციფრულების დადებითი მხარეები

განათლების სფეროს გაციფრულებას მრავალი დადებითი მხარე აქვს და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია თანამედროვე ეტაპზე სწავლების პროცესის განვითარებისათვის.
1. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა განათლების ხელმისაწვდომობა. ახლა უფრო მარტივად ხდება სწავლა არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ონლაინ პლატფორმებისა და აპლიკაციების დახმარებით, სწავლის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა დისტანციურად და ისწავლონ საკუთარი სურვილის შესაბამისად, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია იმათთვის, ვისაც აქვს შეზღუდვა გრაფიკით ან კიდევ ფიზიკური გადაადგილების სირთულეები (Oxford University (2024). http://surl.li/lqywqd
განათლების სფეროს გაციფრულებამ მსოფლიო მასშტაბით შექმნა პლატფორმები, რაც უზრუნველყოფს უფასო ან დაბალფასიან განათლებას. მაგალითად, ონლაინ კურსები, როგორებიცაა Coursera, edX და Khan Academy და სხვ., უზრუნველყოფენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს ხელს უწყობს ცოდნის გავრცელებას არამხოლოდ მოსწავლეებსა და სტუდენტებში, არამედ ზრდასრულ ადამიანებშიც, რომლებიც გადამზადებას საჭიროებენ (http://surl.li/lqywqd) .
2. ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობების გაფართოება. ციფრული ტექნოლოგიების ერთ-ერთი უდიდესი სარგებლობა არის ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობის შექმნა. ციფრული პლატფორმები და პროგრამები საშუალებას აძლევს პედაგოგებს შექმნან სწავლის მსურველებისთვის, მათი მოთხოვნებისა და უნარების შეესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. მაგალითად, LMS (Learning Management System) პლატფორმები საშუალებას აძლევს პედაგოგებს განსაზღვრონ სწავლის მსურველთა ინდივიდუალური საჭიროებები და შექმნან მათზე მორგებული დავალებები. ასევე, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია მოხდეს სწავლის მსურველთა პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი ნაბიჯების ოპტიმიზაცია. ყოველივე ეს ხელს უწყობს განათლების უფრო მოქნილი და ინდივიდუალური მოდელების განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს მსურველებს ისწავლონ მათი სურვილის შესაბამისად (https://www.valamis.com/hub/personalized-learning).
3. ინტერაქტიულობისა და ჩართულობის ზრდა. განათლების სფეროს გაციფრულებამ გააძლიერა ინტერაქტიულობა სასწავლო პროცესში. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ციფრული პლატფორმები და აპლიკაციები ქმნის ინტერაქტიულ გარემოს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოიყენონ ვირტუალური ინსტრუმენტები, მულტიმედია მასალები და სხვ. ეს ინოვაციები, რომელთა დანერგვა ტრადიციულ სასწავლო პროცესში შეუძლებელია, ციფრულ გარემოში ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს. ინტერაქტიულობის ზრდა ხელს უწყობს სწავლის მსურველთა ყურადღების კონცენტრაციასა და მოტივაციის ამაღლებას. ინტერაქტიულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული თემების ახსნისას, რაშიც პედაგოგებს შეუძლიათ გამოიყენონ ვირტუალური ლაბორატორიები, სიმულაციები და სხვა ვიზუალური ინსტრუმენტები, რაც სწავლას უფრო თვალსაჩინოს და პრაქტიკულს ხდის. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ არამხოლოდ თეორიულად შეისწავლონ საკითხები, არამედ უშუალოდ მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ექსპერიმენტებში, რაც აძლიერებს მათ მიერ ცოდნის აღქმისა და დამახსოვრების პროცესს (http://surl.li/pbzvsp).
4. სასწავლო მასალების მუდმივი განახლებისა და გავრცელებს დაჩქარება. გაციფრულების ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი და მოტივაცის მიმცემია სასწავლო მასალების სწრაფი განახლებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ციფრულ პლატფორმებზე განთავსებული მასალები მუდმივად განახლების პროცესშია, რაც უზრუნველყოფს პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ უახლესი და რელევანტური ინფორმაციის მიღებას. ტრადიციული წიგნებისა და ბეჭდური მასალებისგან განსხვავებით, ციფრული რესურსები სწრაფად და ეფექტიანად შეიძლება განახლდეს, რაც უზრუნველყოფს დროისა და ხარჯების დაზოგვას. გარდა ამისა, ციფრული მასალების გავრცელება უფრო მარტივი და სწრაფია. პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ სივრცეში განათავსონ სხვადასხვა სახის დავალებები, გაკვეთილები, პროექტები და სხვ., რომლებიც მოსწავლეებს დაუყოვნებლივ მიეწოდებათ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მოსწავლეებში იწვევს განათლებისადმი მაღალ მოტივაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა პანდემიები ან სხვა კრიზისული მდგომარეობა, სადაც შეზღუდულია ფიზიკური წიგნებისა და რესურსების გამოყენება (http://surl.li/iuoxcx).
5. ცოდნის გაზიარებისა და გლობალური კომუნიკაციების მასშტაბების გაფართოება. გაციფრულებული განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაამყარონ კონტაქტი ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის. მაგალითად, ისეთი ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა Zoom და Microsoft Teams, შესაძლებლობას აძლევს სასწავლო ჯგუფებს ჩაატარონ ვირტუალური შეხვედრები და დისკუსიები. ეს ასევე ამაღლებს განათლების ხარისხს, რადგან მოსწავლეები და პედაგოგები იღებენ სხვადასხვა კულტურის, ენისა და სწავლების მეთოდების ცოდნას. ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და განათლების გლობალურ ინტეგრაციას (http://surl.li/xodrtc)
6. მონაცემთა ანალიზისა და სწავლის პროგრესის შეფასების გაიოლება. თანამედროვე ციფრული პლატფორმები იყენებენ ანალიტიკურ მექანიზმებს, რომლებიც აგროვებენ მონაცემებს მოსწავლეთა მიერ დავალებების შესრულების შესახებ და იძლევიან შესაძლებლობას მათი ცოდნისა და უნარების უფრო ეფექტიანი შაფასებისთვის. ეს ხელს უწყობს ინდივიდუალური მიდგომის უფრო დახვეწას და პედაგოგებს აძლევს ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პრობლემების დროული აღმოჩენა, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წარმატებაზე. მონაცემთა ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სწავლის პროცესის ოპტიმიზაცია და სწავლების მეთოდების მორგება ყოველი მოსწავლის უნიკალური საჭიროებებისადმი (http://surl.li/kldzlk ).
7. განათლების ხარჯების ეკონომიურობა. განათლების სფეროში გაციფრულების შედეგად მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უკვე აღარ მოუწევთ ფულის დახარჯვა და დროის დაკარგვა ტრანსპორტით სარგებლობისთვის, საკანცელარიო ნივთების შესაძენად და სხვ.
8. პედაგოგის დატვირთვის შემცირება. განათლების სფეროს გაციფრულების პირობებში სტუდენტების შეფასება გაცილებით მარტივია. არსებობს სპეციალური პლატფორმები, რაზეც შესაძლებელია დავალებების შესრულების შემოწმება ავტომატური რეჟიმით, მაგალითად, ტესტური გამოცდების ჩასატარებელი პროგრამა TEGAPRO 7.0. აღნიშნული პროგრამით პედაგოგს არ სჭირდება შედეგების ხელით გამოთვლა. როგორც კი სტუდენტი დაასრულებს სამუშაოს, მისი შეფასება ავტომატურად ფიქსირდება და ინახება სერვერზე. სერვერიდან კი შედეგების გადმოტანა საკუთარ კომპიტერზე შეუძლიათ პედაგოგებსაც და სხვ. უფლებამოსილ პირებსაც, ასევე პროგრამა, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის საშუალებასაც იძლევა. (სიჭინავა დ., სიჭინავა ზ., გეგია შ. 2019. TEGAPRO 7.0).

განათლების სფეროს გაციფრულების ნაკლოვანებები

განათლების სფეროს გაციფრულებას მრავალი სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისთვის სწავლებისა და ცოდნის გავრცელების პროცესში. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პროცესს თან ახლავს რიგი სერიოზული გამოწვევებიც.
1. არათანაბარი წვდომა ტექნოლოგიებზე. განათლების სფეროს გაციფრულების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა არათანაბარი წვდომა ტექნოლოგიებზე. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს არა აქვთ წვდომა კომპიუტერებზე, პლანშეტებზე ან სხვა ციფრულ მოწყობილობებზე, ხოლო ინტერნეტკავშირი არ არის საკმარისად სტაბილური, რაც, ცხადია, გარკვეულ უთანასწორობას წარმოშობს (http://surl.li/biccxf).
2. ციფრული წიგნიერების დეფიციტი. განათლების სფეროს გაციფრულების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ციფრული წიგნიერების დეფიციტი. პედაგოგები ხშირად არ არიან მზად ახალი ტექნოლოგიების სრულად გამოყენებისათვის, რადგან მათ არა აქვთ ამ ტექნოლოგიებთან მუშაობის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. მოსწავლეებისათვის კი ციფრული წიგნიერება აუცილებელია, რათა წარმატებით გამოიყენონ ციფრული რესურსები და განავითარონ საკუთარი ცოდნა. თუმცა, რიგ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ციფრული წიგნიერების პროგრამები ჯერ კიდევ არაა საკმარისად განვითარებული და ფართოდ გავრცელებული (http://surl.li/ykhaaw ).
3. სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებები და უთანასწორობა საზოგადოებაში. გაციფრულებამ გარკვეულწილად გააღრმავა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა საზოგადოებაში. ტექნოლოგიებზე წვდომა და მასთან მუშაობის უნარი ხშირად პირდაპირ კავშირშია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან. საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვები უფრო ხშირად სარგებლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით და აქვთ სახლში ინტერნეტთან წვდომა, რასაც უმეტესწილად მოკლებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები. ეს უთანასწორობა ხელს უშლის განათლების პროცესის გლობალურ და სამართლიან განვითარებას. გარდა ამისა, ტექნოლოგიებზე წვდომა განსხვავებულია აგრეთვე რეგიონების მიხედვითაც (http://surl.li/mpyllz ).
4. მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სიძნელე. გაციფრულების პროცესი მოითხოვს მონაცემთა დიდი მოცულობის შეგროვების აუცილებლობას, რაც უშუალოდაა დაკავშირებული მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შეფასებისა და პირადი ინფორმაციის შენახვასთან. ამიტომ, განათლების სფეროს გაციფრულების ერთ-ერთი სერიოზული ნაკლოვანებაა მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრობლემა. ციფრული პლატფორმები შეიცავს მოსწავლეთა და პედაგოგთა პირად ინფორმაციას, რაც ზრდის მონაცემთა გაჟონვის ან ჰაკერული თავდასხმების რისკს. ონლაინ პლატფორმების სუსტი დაცვის სისტემა კიბერთავდასხმების გამუდმებული სამიზნე ხდება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მონაცემთა კონფიდენციალურობას (http://surl.li/onlmea ).
5. სოციალური ინტერაქციის დეფიციტი. ტრადიციული სასწავლო პროცესი, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სააუდიტორიო კომუნიკაციას ეყრდნობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის მსურველთა სოციალიზაციის პროცესში.
განათლების სფეროს გაციფრულების ერთ-ერთი ნაკლოვანებაა სოციალური ინტერაქციის დეფიციტი. ციფრული სწავლების პირობებში ინტერაქცია მნიშვნელოვნად მცირდება, რადგან მოსწავლეები იძულებულნი არიან სასწავლო და სოციალური ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარონ ვირტუალურ სივრცეში. ონლაინ სწავლა არ იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა უშუალო ურთიერთობა, ჯგუფური დავალებების შესრულება, სოციალური უნარების განვითარება და ფიზიკური ინტერაქციის სრულად ჩანაცვლება და სხვ. (http://surl.li/couwjy ).
6. პედაგოგთა სამუშაო დატვირთვისა და სტრესის ზრდა. პედაგოგთა სამუშაო დატვირთვის შემცირების საპირისპიროდ, გაციფრულებამ, პირიქით, მათი მნიშვნელოვანი გაზრდა გამოიწვია. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მოითხოვს პედაგოგებისაგან დამატებით დროსა და ძალისხმევას ახალი პლატფორმებისა და ინსტრუმენტების შესწავლისა და გამოყენებისათვის, რაც იწვევს მათ სტრესულ მდგომარეობას, რადგანაც ისინი იძულებულები არიან მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ ადაპტირება ახალ რეალობასთან (https://www.mdpi.com/1660-4601/18/2/548 ).
7. სწავლების ჰიბრიდული ფორმის სირთულე. განათლების სფეროს გაციფრულებისას მისაღებია სწავლების ჰიბრიდული ფორმის გამოყენება, როდესაც მოსწავლეთა ნაწილი მოითხოვს მეცადინეობის ჩატარებას ონლაინ რეჟიმით, ნაწილი კი - აუდიტორიაში. ასეთ სიტუაციაში პედაგოგი ვალდებულია დააკმაყოფილოს ორივე მხარის მოთხოვნა, რაც ზრდის პედაგოგის დატვირთვას (http://surl.li/eyiksh ).
8. ხარისხიანი განათლების მღების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული განათლება სთავაზობს სწავლის მსურველებს მოქნილობასა და რესურსებზე სწრაფ წვდომას, ამ პროცესს მაინც თან ახლავს გარკვეული რისკი, რაც გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. დისტანციური სწავლებისას ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები ნაკლებად არიან მოტივირებული სწავლისთვის და, შესაბამისად, სუსტდება მათ მიმართ პედაგოგების კონტროლიც. მაგალითად, ონლაინ პლატფორმებზე მოსწავლეებს აქვთ ტესტების ან დავალებების შესრულებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მეტი შესაძლებლობა, რაც ხელს უშლის მათი შეფასების ობიექტურობას. გარდა ამისა, ონლაინ სწავლება ხშირად უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და გარკვეულწილად მოკლებულია ფიზიკურ პრაქტიკულობას. სპეციალობები, რომელთა ათვისება საჭიროებს ლაბორატორიულ მუშაობას ან სხვა ფიზიკურ ინტერაქციას, არასრულფასოვნად ხორციელდება ონლაინ სივრცეში, რაც, შესაბამისად, კიდევ უფრო ამცირებს განათლების ზოგად ხარისხს ( http://surl.li/gfodkb ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად დღემდე მიღწეული კოლოსალური შედეგებისა, განათლების სფეროს გაციფრულების პროცესში, პერსპექტივაში, ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პრობლემა, რაც მის შემდგომ საფუძვლიან შესწავლასა და გადაჭრას მოითხოვს.


დასკვნები და რეკომენდაციები

• განათლების სფეროს გაციფრულებამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საერთოდ სასწავლო პროცესში როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. მან საგრძნობლად გააძლიერა სწავლების მოქნილობა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობა მსოფლიო მასშტაბით. თუმცა, ასევე წარმოაჩინა რიგი ახალი სოციალური და ტექნოლოგიური პრობლემა. მიუხედავად ამისა, განათლების სფეროს გაციფრულება თანამედროვე ეტაპზე აუცილებელი და გარდაუვალი პროცესია.
• გაციფრულების პროცესი საერთოდ - ეს არის ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფეროს პროცესებისა და პროცედურების შესასრულებლად საჭირო მონაცემების ციფრული ფორმატით წარმოდგენა და დამუშავება, ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების, ღრუბლოვანი გამოთვლებისა და ავტომატიზაციის გამოყენებით და სხვ.
• გაციფრულების პროცესი განათლების სფეროში სრულიად განსხვავებული თავისებურებებით ხასიათდება. ის მოითხოვს როგორც ვირტუალურ საკლასო ოთახებს, ასევე LMS (Learning Management System) პლატფორმებს და სხვ., რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის მართვისა და მუდმივი კონტროლისათვის.
• გაციფრულების პროცესი განათლების სფეროში გაივლის სამ ეტაპს. პირველი - 1980-2000 წ.წ., მეორე - 2000-2010 წ.წ., მესამე - პერიოდს 2010 წლიდან დღემდე. ამ ეტაპზე მთლიანად იცვლება სწავლის პროცესი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
• განათლების სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიუხედავად, გაციფრულების დონე საქართველოში მნიშვნელოვნად ჩამორჩება გაციფრულების დონეს ევროკავშირის ქვეყნებში, რასაც განაპირობებს სოციალური და ტექნოლოგიური ფაქტორები.
• მსოფლიო მასშტაბით განათლების სფეროს განვითარების დონის შეფასებისა და შედარებისთვის გამოიყენება ხარისხის, განათლებისა და გლობალური შესაძლებლობის ინდექსები. ამ ინდექსების მიხედვით განათლების სფეროს გაციფრულების პროცესში დაწინაურებული არიან მსოფლიოს წამყვანი, განვითარებული ქვეყნები.
• განათლების სფეროს გაციფრულებას ახასიათებს მრავალი დადებითი და უარყოფითი მხარე. მისი დადებითი მხარეებია: განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინდივიდუალური სწავლების შესაძლებლობების გაფართოება, ინტერაქტიულობისა და ჩართულობის ზრდა, სასწავლო მასალების მუდმივი განახლებისა და გავრცელების დაჩქარება, ცოდნის გაზიარებისა და გლობალური კომუნიკაციების მასშტაბების გაფართოება, მონაცემთა ანალიზისა და სწავლის პროგრესის შეფასების გაიოლება, განათლების ხარჯების ეკონომიურობა, პედაგოგის დატვირთვის შემცირება. მის უარყოფით მხარეთა შორის აღსანიშნავია არათანაბარი წვდომა ტექნოლოგიებზე, ციფრული წიგნიერების დეფიციტი, სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებები და უთანასწორობის გაღრმავება საზოგადოებაში, მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სიძნელე, სოციალური ინტერაქციის დეფიციტი, პედაგოგთა სამუშაო დატვირთვისა და სტრესის ზრდა, სწავლების ჰიბრიდული ფორმის სირთულე, ხარისხიანი განათლების მიღების რისკი.
განათლების სფეროს გაციფრულების პროცესის არსებულ ნაკლოვანებათა დაძლევისა და მისი შემდგომი ეფექტიანი განვითარებისათვის აუცილებელია გატარდეს გარკვეული ღონისძიებები:
• საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან უნდა შეიქმნას განათლების სფეროს გაციფრულების შემსწავლელი კურსები.
• საქართველოში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების პროგრამაში შეტანილი უნდა იქნეს განათლების გაციფრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
• ჰიბრიდული სწავლების დროს პედაგოგის დატვირთვის ზრდის პროპორციულად, სასწავლო დაწესებულება ვალდებული უნდა იყოს შესაბამისად გაზარდოს მასწავლებლის შრომის აუნაზღაურების სიდიდეც.
• განათლების სფეროს გაციფრულების პროცესის განვითარების პარალელურად, აუცილებელია მისი მოქცევა გარკვეულ საზღვრებში, რათა გაციფრულების ნაკლოვანებებმა არ გადაწონოს მისი დადებითი მხარეები.
• მოსწავლისა და პედაგოგის ჯანმრთელობის დარღვევისა და განათლების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გაციფრულების ინსტრუმენტების გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული დროითი ნორმების შემუშავება.
• აუცილებელია განისაზღვოს სწავლების ფორმები (ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, ლაბორტორიული სამუშაოები და სხვ.) და სპეციალობები, რომელთათვისაც დასაშვებია განათლების პროცესის განხორციელება ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმით.
• სწავლის მსურველთა ჯანმრთელობის დაცვის, პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის, მონაცემთა დაცვის სისტემების გაუმჯობესების, უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შექმნისა და სხვ. მიზნით, საჭიროა ქვეყნის ხელმძღვანელობამ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები და განახორციელონ ინვესტიციები.
დაბოლოს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციები აუცილებელია დარეგულირდეს სახელმწიფოს საკანომდებლო დონეზე.


ლიტერატურა:
• სიჭინავა დ. სიჭინავა ზ. გეგია შ. ტესტური გამოცდების ჩასატარებელი პროგრამა TEGAPRO 7.0 (2019). საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, მოწმობა № 7669. https://drive.google.com/file/d/1P4Fv1cGpbl1n1C-pW3pqblDv--iimOev/view
• ჩემი სკოლა. მობილური აპლიკაცია (2024). https://chemiskola.emis.ge/bep/index.html
• განათლების ცუდი სისტემის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მე-5 ადგილზეა (2020). https://businessformula.ge/News/3311.
• ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების 17.2% უცხოელები არიან - 2023/2024 სასწავლო წლის სტატისტიკა (2024). http://surl.li/mtjggt.
• UNESCO. (2020). Education in a Post-COVID World: Nine Ideas for Public Action. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000373717
• European Commission (2021). Digital Education Action Plan 2021-2027. http://surl.li/usrjdv.
• What Is Digitization vs Digitalization vs Digital Transformation? (2024). https://www.channelinsider.com/business-management/digitization-vs-digitalization/.
• Что такое цифровизация образования и зачем она нужна (2023). http://surl.li/mkffvp
• Georgian Ministry of Education embraces the future, making digital learning a reality (2020). http://surl.li/djjitz
• Top 20 Best Education System Countries in the World: 2024 Guide. http://surl.li/cqvefz.
• Oxford University (2024). "Digital Education Strategy 2023–27: The Role of Digital Tools in Enhancing Learning Opportunities. http://surl.li/lqywqd.
• EdX vs Khan Academy (2023). https://onlinecourserater.com/edx-vs-khan-academy/.
• Personalized learning (2020). https://www.valamis.com/hub/personalized-learning.
• Interactivity and Engagement Tactics and Tools (2023). http://surl.li/pbzvsp.
• Effectiveness Of Digital Learning Solutions To Improve Educational Outcomes: A Review Of The Evidence (2021). http://surl.li/iuoxcx.
• Collaboration and communication in blended learning environments (2022). http://surl.li/xodrtc.
• Enhancing Student Learning Outcomes with Data Analytics: A Guide for Educators (2024). http://surl.li/kldzlk.
• Digital divide in education (2018). http://surl.li/biccxf.
• Closing the digital divide: It’s about more than access (2021). http://surl.li/ykhaaw.
• The persistent educational digital divide and its impact on societal inequality (2024). http://surl.li/mpyllz.
• Ensuring confidentiality and privacy of cloud data using a non-deterministic cryptographic scheme (2023). http://surl.li/onlmea.
• What Matters in Online Education: Exploring the Impacts of Instructional Interactions on Learning Outcomes (2022). http://surl.li/couwjy.
• Impact of Educational Technology on Teacher Stress and Anxiety: A Literature Review (2021). https://www.mdpi.com/1660-4601/18/2/548.
• Exploring Student and Teacher Experiences in Hybrid Learning Environments: Does Presence Matter? (2022). http://surl.li/eyiksh.
• Impact of online learning on student's performance and engagement: a systematic review (2024). http://surl.li/gfodkb.

References:
• Sichinava D. Sichinava Z. Gegia Sh. (2019). Testuri gamocdebis chasatarebeli programa TEGAPRO 7.0 [TEGAPRO 7.0 Test Exam Software National Intellectual Property Center of Georgia "Sakpatenti", certificate No. 7669] https://drive.google.com/file/d/1P4Fv1cGpbl1n1C-pW3pqblDv--iimOev/view
• Chemi skola. mobiluri aplikacia (2024). [My School. Mobile Application (2024)]. https://chemiskola.emis.ge/bep/index.html.
• Ganatlebis cudi sistemis mkone kvesqnebs shoris sakartvelo me-5 adgilzea [Georgia ranks 5th among countries with poor education systems (2020)]. https://businessformula.ge/News/3311.
• kartul umagles sastsavleblebshi studentebis 17.2% ucxoelebi arian – 2023/2024 sastsavlo tslis statistika (2024) [17.2% of students in Georgian higher education institutions are foreigners - statistics for the 2023/2024 academic year (2024)]. http://surl.li/mtjggt
• Что такое цифровизация образования и зачем она нужна (2023). http://surl.li/mkffvp.
• UNESCO. (2020). Education in a Post-COVID World: Nine Ideas for Public Action. https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000373717.
• European Commission (2021). Digital Education Action Plan 2021-2027. http://surl.li/usrjdv.
• What Is Digitization vs Digitalization vs Digital Transformation? (2024). https://www.channelinsider.com/business-management/digitization-vs-digitalization/.
• Georgian Ministry of Education embraces the future, making digital learning a reality (2020). http://surl.li/djjitz.
• Top 20 Best Education System Countries in the World: 2024 Guide. http://surl.li/cqvefz.
• Oxford University. "Digital Education Strategy 2023–27: The Role of Digital Tools in Enhancing Learning Opportunities (2024). http://surl.li/lqywqd.
• EdX vs Khan Academy (2023). https://onlinecourserater.com/edx-vs-khan-academy/.
• Personalized learning (2020). https://www.valamis.com/hub/personalized-learning.
• Interactivity and Engagement Tactics and Tools (2023). http://surl.li/pbzvsp.
• Effectiveness Of Digital Learning Solutions To Improve Educational Outcomes: A Review Of The Evidence (2021). http://surl.li/iuoxcx.
• Collaboration and communication in blended learning environments (2022). http://surl.li/xodrtc.
• Enhancing Student Learning Outcomes with Data Analytics: A Guide for Educators (2024). http://surl.li/kldzlk.
• Digital divide in education (2018). http://surl.li/biccxf.
• Closing the digital divide: It’s about more than access (2021). http://surl.li/ykhaaw.
• The persistent educational digital divide and its impact on societal inequality (2024). http://surl.li/mpyllz.
• Ensuring confidentiality and privacy of cloud data using a non-deterministic cryptographic scheme (2023). http://surl.li/onlmea.
• What Matters in Online Education: Exploring the Impacts of Instructional Interactions on Learning Outcomes (2022). http://surl.li/couwjy.
• Impact of Educational Technology on Teacher Stress and Anxiety: A Literature Review (2021). https://www.mdpi.com/1660-4601/18/2/548.
• Exploring Student and Teacher Experiences in Hybrid Learning Environments: Does Presence Matter? (2022). http://surl.li/eyiksh.
• Impact of online learning on student's performance and engagement: a systematic review (2024). http://surl.li/gfodkb.

Keywords: Digitalization of education, level and gap of education in Georgia and the world, positive aspects and shortcomings of digitalization of education.
JEL Codes: I20, I21, I28