English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ გულნაზი ერქომაიშვილიეკა ლეკაშვილილალი ხურცია
წყალბადის ენერგეტიკული პოლიტიკის უცხოური გამოცდილების გათვალისწინება საქართველოს ეკონომიკაში

doi.org/10.52340/eab.2024.16.04.01

ჟურნალი N 4. 2024

ნაშრომში განხილულია მწვანე წყალბადის როლი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენების, ასევე, მისი წარმოებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის ტენდენციები. მწვანე წყალბადის უპირატესი ხელშეწყობა გამოკვეთილია ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის სახით. მწვანე წყალბადი განიხილება როგორც მომავლის ინოვაციური პროექტი, რადგან ის ტრადიციული წიაღისეული საწვავის კონკურენტულ ალტერნატივას წარმოადგენს.
კვლევის მიზანია მწვანე წყალბადის ენერგეტიკული პოლიტიკის უცხოური გამოცდილების შესწავლა და მისი გათვალისწინება საქართველოს ეკონომიკაში.
ნაშრომში გაკეთებულია დასკვნა, რომ მწვანე წყალბადი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და იმპორტირებული საწვავის ჩანაცვლებაში, რადგან მას განახლებადი ენერგიების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი გააჩნია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპა საქართველოს განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გახდეს წყალბადის გამოყენების თვითკმარი, ჰქონდეს დამატებითი რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს აქვს რესურსი, მსოფლიო ბაზარზე მწვანე წყალბადით წარსდგეს.
კვლევის შედეგების გამოყენება ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე წყალბადის ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისთვის დიფერენცირებული ამოცანებისა და აქტივობის დასახვას.

საკვანძო სიტყვები: მწვანე წყალბადი, წყალბადის ენერგეტიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, წყალბადის ენერგეტიკის ეკონომიკური პოლიტიკა.

შესავალი

ენერგიის მდგრადი წყაროების განვითარება საზოგადოების მთავარ გამოწვევად იქცა. მწვანე წყალბადი, რომელიც წარმოიქმნება განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, წყლის ელექტროლიზის გზით, წიაღისეულ საწვავზე კაცობრიობის დამოკიდებულების შემცირების პერსპექტიულ ტექნოლოგიას წარმოადგენს. მწვანე წყალბადს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რადგან წარმოგვიდგება მდგრადი ენერგეტიკული მომავლის ძირითადი კომპონენტის სახით. მწვანე წყალბადის წარმოებასა და გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს სითბური გაზების ემისიები, გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და სხვადასხვა სექტორის დეკარბონიზაციას.
ბოლო წლებში, მსოფლიოში განსაკუთრებით გაიზარდა ენერგიის გლობალური მოხმარება, რაც გამოწვეულია მოსახლეობის ზრდით, ეკონომიკური განვითარებით და ტექნოლოგიური წინსვლით.
ტრადიციულ საწვავზე დამოკიდებულება ამ გამოწვევების ფონზე პრობლემური გახდა გარემოზე თანმდევი მზარდი უარყოფითი ეფექტის გამო, რამაც დღის წესრიგში დააყენა მდგრადი და ეკონომიკურად ეფექტიანი ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიება (M.K. Abbas et al., 2023). ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა არის მწვანე წყალბადი, რომელიც პერსპექტიული ტექნოლოგიაა, შემუშავებული მდგრადი ენერგეტიკული მომავლის გამოწვევების საპასუხოდ (Z Abdin et al., 2020; I.K.Muritala et al., 2020). მწვანე წყალბადის გამოყენების ტექნოლოგია გულისხმობს წყალბადის აირის წარმოების პროცესს ელექტროლიზის გზით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, როგორიცაა მზის, ქარის ან ჰიდროელექტრო ენერგია. ბუნებრივი აირისგან წყალბადის წარმოების ჩვეულებრივი მეთოდისგან განსხვავებით, მწვანე წყალბადი განიხილება ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ვარიანტად, რადგან ის არ გამოყოფს სითბურ გაზებს მისი წარმოებისა და გამოყენების დროს (W. He et al., 2020; P.M. Falcone et al., 2021)
ბრანდონის და ქურბანის (Brandon, N. P., & Kurban, Z., 2017) კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში წყალბადის ეკონომიკისადმი ხელახლა გაღვივდა ინტერესი როგორც მრეწველობის, ასევე მეცნიერების მხრიდან. წყალბადს ენერგეტიკული რევოლუციის დაჩქარება შეუძლია განახლებადი ენერგიის სისტემებში საჭირო მოქნილობის უზრუნველყოფით. ნაშრომი წარმოგვიდგენს წყალბადის გამოყენების შესაძლებლობებს ეკონომიკის ძირითად სექტორებში. მასში განსაზღვრულია არსებული სარგებელი და გამოწვევები წყალბადის მიწოდების ჯაჭვში: ელექტროენერგია - გაზის, ელექტროენერგია - დენისა და გაზი - გაზის მიწოდების არხებისთვის.
ვოლტერსის (Wolters, F. J. A. de K., 2021) ნაშრომი გვიჩვენებს წყალბადის ეკონომიკის მხარდამჭერ ეკონომიკურ სექტორებს და აანალიზებს ამ მხარდაჭერის საჭიროებას და მნიშვნელობას. ავტორმა შეისწავლა ევროპის წყალბადის ასოციაციის 39 წევრი-ქვეყნის მონაცემები. ეს ასოციაცია მიზნად ისახავს წყალბადის პროექტების ხელშეწყობას, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, რითაც შეუძლიათ იმოქმედონ ლობისტურ ჯგუფებზე წყალბადის ენერგეტიკის მხარდასაჭერად. ასოციაციის წევრების ინფორმაცია გამოიყენება წყალბადის და მისი მხარდამჭერი სხვადასხვა სექტორის გეოგრაფიული სივრცის მიმოხილვისთვის.

წყალბადის ენერგეტიკული პოლიტიკის უცხოური გამოცდილება

წყალბადის ენერგეტიკის პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხზე ინოვაციური ხედვები წარმოდგენილია აშშ-ის მრეწველობის დეკარბონიზაციის უკანასკნელ ანგარიშში, სადაც ხაზგასმულია სუფთა წყალბადის და ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე შეერთებულ შტატებში მრეწველობის დეკარბონიზაციის დასაჩქარებლად. ანგარიშში ავტორი (Webster, J., 2023). ვარაუდობს, რომ ნახშირბადის ემისიებზე ფასის დაწესების პოლიტიკას შეუძლია მრეწველობის დეკარბონიზაციისთვის სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებისა და მიღების, მათ შორის - წყალბადის წარმოების სტიმულირება მოახდინოს.
ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლების მარტინ პალოვიჩისა და რაჰმატალა პუდინეის (Palovic, M., & Poudineh, R., 2022) მოხსენებაში განხილულია წყალბადის ინტეგრაცია ევროპის ენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურაში. აქ მოცემულია ძირითადი ხედვები ინტეგრაციის, დასკვნების, რეკომენდაციებისა და მმართველობის როლთან დაკავშირებით.
აშშ-ის მრეწველობის დეკარბონიზაციის საკითხზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მსგავსად, ევროკავშირისთვისაც არსებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში წყალბადის ინტეგრაციის გამოწვევები ორ ძირითად საკითხს მოიცავს: ინფრასტრუქტურის გადართვის ხარჯები და ინსტიტუციური არათანმიმდევრულობა.
პალოვიჩი და პაუდინეჰი (Palovic, M., & Poudineh, R., 2022) განიხილავენ წყალბადის ინფრასტრუქტურის სექტორთაშორისი კოორდინაციის სამ მიდგომას: ცენტრალურად კოორდინირებულ, ბაზარზე დაფუძნებულ და რეგულირებად მიდგომებს. ავტორები ვარაუდობენ, რომ აუცილებელია მართვისა და ტექნოლოგიების თანაევოლუცია წყალბადის ტრანსპორტის ეფექტიანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ისინი გვთავაზობენ, რომ წყალბადზე ორიენტირებული მომავალი ინვესტიციები არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სექტორის სპეციფიკურ მიწოდებასა და მოთხოვნაზე, არამედ უნდა განიხილონ კოორდინაცია წარმოებასთან, მოხმარებასთან და სხვა სექტორებში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა წყალბადის, როგორც ენერგეტიკაში თამაშის წესების შემცვლელის წარმმართველ როლს. ასევე, ხაზგასმულია ახალი სექტორთაშორისი კოორდინაციის მექანიზმების საჭიროება, რათა გადაიჭრას წყალბადის დეცენტრალიზებული მიწოდების გამოწვევები, რაც არსებითად განასხვავებს მას ელექტროენერგიის და გაზის ქსელების ცენტრალიზებული არქიტექტურისგან.
წყალბადის ეკონომიკის თანამედროვე გამოკვლევებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილიპსის და ფიშერის (Philips, J., & Fisher, L. (2021) ნაშრომს, სადაც გადმოცემულია, რომ აშშ-ში მწვანე წყალბადის ენერგეტიკული პოლიტიკის სრულყოფილად შემუშავებულმა ჩარჩომ შეიძლება ხელი შეუწყოს გარკვეული ინდუსტრიების (ფოლადი და სატვირთო ტრანსპორტი) კონკურენტულ მომავალს და ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას. მწვანე წყალბადის საწარმოთა უმრავლესობა დაჯგუფებულია ჩრდილოეთ სამრეწველო ჰაბების ირგვლივ, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს დღის წესრიგის დონის ამაღლებას, მაღალკვალიფიციური მწვანე სამუშაო ადგილების მიწოდებას თემებისთვის და მხარი დაუჭიროს სამართლიან გადასვლას ნახშირბადის მაღალი შემცველობის იმ ინდუსტრიებში (როგორიცაა ფოლადი), სადაც ამჟამად არ არსებობს ალტერნატიული გზები დეკარბონიზაციისთვის.
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს იმპორტულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგიის განახლებადი წყაროების ხარჯზე ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა.
ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპის ახალი ფუნქციონალური მიმართულება გახდა. ევროკავშირი მოიხმარს მსოფლიოში წარმოებული ენერგიის ერთ მეხუთედს, მაგრამ მას შედარებით მცირე საკუთარი მარაგები გააჩნია. ევროკავშირი მსოფლიოში ენერგიის უმსხვილესი იმპორტიორია. მის მიერ მოხმარებული ენერგიის 54% იმპორტირებულია (eurostat.com).
ევროპა მწვანე წყალბადს განიხილავს, როგორც რუსეთზე ენერგიის დამოკიდებულების შემცირების რეალურ საშუალებას. ევროკავშირის მიერ 2022 წლის მაისში შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოკლე პერიოდში საგრძნობლად უნდა შემცირდეს რუსულ ენერგიებზე დამოკიდებულება. ევროკავშირის მონაცემებითა და პროგნოზებით, წყალბადის დადგმული სიმძლავრის გაზრდა 2024 წლისთვის 6 გიგავატამდეა დაგეგმილი, ხოლო 2050 წლისთვის – 500 გიგავატამდე (ნარმანია დ., 2022).
ევროკავშირის გეგმის (REPowerEU) მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპა უნდა იქცეს ე.წ. სუფთა კონტინენტად, რასაც ევროპის მწვანე შეთანხმებაც (Green Deal) ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან ერთად, წყალბადის ქსელის განვითარება ევროპაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შესაბამისად, იზრდება მწვანე წყალბადის კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება. მნიშვნელოვნადაა მომატებული მწვანე წყალბადის როლი და წილი ევროკავშირის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში. მაგალითად, ნიდერლანდების სამეფოში იგეგმება წყალბადის ტრანსპორტირების მსოფლიოში პირველი ეროვნული ქსელის მშენებლობა. ევროპა მწვანე წყალბადზე მუშაობის გააქტიურებას განიხილავს, როგორც „გადაუდებელი გამოწვევის გარდაქმნას უნიკალურ შესაძლებლობად“ (ნარმანია დ., 2022).
მთლიანად ევროკავშირის სტრატეგია ევროპის კონტინენტზე 2030 წლისთვის მწვანე/სუფთა წყალბადის საწარმოებლად 40 გეგავატი წყლის ელექტროლიზის და ევროპის კონტინენტს გარეთ იმპორტისათვის დამატებით 40 გეგავატის წარმოებას მოიცავს (eurostat.com)
მწვანე წყალბადის აქტიურ გამოყენებას არა მხოლოდ ევროპა, არამედ სხვა ქვეყნებიც განიხილავენ. მათ შორისაა ინდოეთი, სადაც 2021 წელს დაიწყო ქვეყნის წყალბადის ეროვნული მისიის განხორციელება, საწარმოებს განესაზღვრათ მწვანე წყალბადის გამოყენების მინიმალური კვოტა. ამ ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მწვანე წყალბადი შეიძლება დაეხმაროს ინდოეთს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში და ამ მიზანს ინდოეთი 2047 წლისათვის მიაღწევს (ნარმანია დ., 2022).

მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალი და ენერგეტიკული პოლიტიკა საქართველოში

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განხორციელებას საკმარისი რაოდენობის, მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სახეობის ენერგიის უწყვეტად და მისაღებ ფასად მიწოდებით. ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის დარგში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა (ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი, economy.ge).
საქართველოში ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის და საერთოდ, ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება. ვინაიდან, ელექტროენერგიის მოხმარებისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების სეზონურობა იწვევს ზაფხულში ექსპორტირებადი ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებასა და ზამთარში მზარდ დეფიციტს, ის შეიძლება დაბალანსდეს ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებით და ერთ-ერთი ტექნოლოგია შეიძლება იყოს წყალბადის ენერგია.
საქართველოში, ასევე, შესაძლებელია მწვანე წყალბადის გამოყენება თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის საწარმოებლად. მნიშვნელოვანია, წყალბადის სექტორის განვითარებისთვის მზად იყოს მარეგულირებელი გარემო. მსოფლიოში ასეთი მარეგულირებელი ჩარჩო ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპებზეა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, რაც იქნება ერთგვარი ფუნდამენტი მწვანე წყალბადის განვითარების ხელშემწყობი დოკუმენტების პროექტების შესაქმნელად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპა ჩვენს ქვეყანას განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით(ნარმანია დ., 2022).
ევროსტატის მონაცემების მიხედვით, მოხმარებულ მთლიან ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილი ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში იხ. ცხრილში.

მთლიან ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილი ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში 2022 წელს (%)

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, მოხმარებულ მთლიან ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში შვედეთი ლიდერობს. ქვეყნის მიერ მოხმარებული მთლიანი ენერგიის 66% მიღებულია ჰიდრო და ქარის ენერგიის, მყარი და თხევადი ბიოსაწვავის და თბური ტუმბოების გამოყენებით.
რაც შეეხება საქართველოს, მოხმარებულ მთლიან ენერგიაში განახლებადი ენერგიის წილი 21,15 %-ია. საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირებულია. 2021 წელს ის 22,31%-ს შეადგენდა. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიით განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარების საერთო მოხმარებაში წილის 35%-მდე ზრდა იყო დასახული მიზნად, ახალი სამუშაო ვერსიით კი სამიზნე მაჩვენებელი 27,7% გახდა. ელექტროენერგია მთლიან მოხმარებულ ენერგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მისი ძირითადი ნაწილი კი განახლებადი წყაროებიდან მიიღება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2023 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოში წარმოებულ ელექტროენერგიაში თბოსადგურების წილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7%-ით არის გაზრდილი, ხოლო მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტი ზრდა იყო მოსალოდნელი, ნაკლებად არის მოსალოდნელი მთლიან მოხმარებულ ენერგიაში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოხმარების წილის სამიზნე მაჩვენებელთან მიახლოება (საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია).
2020 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევას ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაზე.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა განზრახულებათა დეკლარაციას საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლის შესახებ. დეკლარაციის ძირითადი მიზანია საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალისა და სარგებლის შეფასება, პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განსავითარებლად, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებასა და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას. ასევე, დეკლარაციით განსაზღვრული მიზანია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.
2022 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით დაიწყო „ენერგიის დამგროვებლებისა და მწვანე წყალბადის განვითარების“ პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული ინსტიტუციების ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებას და შესაბამისი, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას.
პირველ ეტაპზე, წყალბადის გამოყენების გზად განიხილება ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი, სადაც მისი დანერგვა იქნება თვალსაჩინო მაგალითი საზოგადოებისთვის იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად სასარგებლო, საჭირო, სუფთა და უსაფრთხოა მწვანე წყალბადი თანამედროვე მსოფლიოსთვის. აღნიშნული პროექტი გრანტისა და იაფი სესხის საფუძველზე KfW-ს მხარდაჭერითა და დახმარებით დაფინანსდება. დაგეგმილია ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში მწვანე წყალბადის საწარმოს აშენება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, ტერიტორიაზე განთავსდება წყალბადის საწარმო, ე. წ. ელექტროლაიზერი. ასევე - ავტობუსების სატუმბი და წყალბადის შემნახველი სადგურები. ასევე, შედგენილია მწვანე წყალბადზე მომუშავე საავტობუსე მარშრუტები (https://energynews.ge/news/elternatiuli-energia/batumis-industriul-zonashi-mtsvane-tsyalbadis-satsarmo-ashendeba).
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, საქართველოს წყალბადის სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec“ მიერ. კვლევა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით განხორციელდა. შეიცვლება და დაიხვეწება შესაბამისი კანონმდებლობა, გადაიდგმება ნაბიჯები, რაც ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნესპოტენციალის დანახვისა და შეფასების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების, სარგებლის მიღებას ითვალისწინებს როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გახდეს წყალბადის გამოყენების თვითკმარი, ჰქონდეს დამატებითი რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს აქვს რესურსი, მსოფლიო ბაზარზე მწვანე წყალბადით წარსდგეს.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, გერმანია საქართველოს 23 მლნ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის წარმოების მიზნით. მთლიანობაში მხარეებმა დაახლოებით 68 მლნ ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავეს მომდევნო ორი წლის პერიოდისთვის.
ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო, რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალი გააჩნია. გამოყოფილი თანხები მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოხმარდეს ელექტროლიზის ქარხნის, წყალბადის რეზერვუარისა და ამისათვის საჭირო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. დაგეგმილია სპეციალისტების მომზადება ქართული კომპანიებისათვის.
საქართველო, როგორც „საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრი ქვეყანა, უახლეს საერთაშორისო ტენდენციებს ითვალისწინებს. ბევრმა ქვეყანამ უკვე აიღო ვალდებულება, რომ 2050 წლისათვის ბუნებრივ გაზს, დიდწილად, ალტერნატიული ენერგიებით ჩაანაცვლებს. განვითარებული ქვეყნები მზად არიან ეტაპობრივად გადავიდნენ წყალბადზე და ამით ხელი შეუშალონ კლიმატის ცვლილებებს. მას გამოყენების მრავალი პერსპექტივა გააჩნია: ელექროენერგიის გენერაცია და რეზერვაცია, ალტერნატიული და სუფთა ენერგია სატრანსპორტო საშუალებებისთვის, იგეგმება ქარხნებისა და მთლიანად წარმოების წყალბადის ენერგიაზე გადაყვანა, მისი გამოყენება შენობების გასათბობად და ა.შ. ევროპა, ამ მიმართულებით, სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ეს, მათთვის, მომავლის ინვესტიციაა. საქართველოს კი შეუძლია ის არამხოლოდ შიდა მოხმარებისთვის აწარმოოს, არამედ საექსპორტოდაც. მოთხოვნა მუდმივად მზარდია, რადგან ბევრი ქვეყანა ცდილობს ბუნებრივი აირის წყალბადით ჩანაცვლებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში ჩამოყალიბდა „წყალბადის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის კომიტეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მასში ჩართულია, როგორც შესაბამისი უწყებები, ასევე კერძო სექტორი და აკადემიური წრეები. წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის მიზანია ევროკავშირის მიერ სუფთა წყალბადის წარმოების განვითარების პარალელურად, საქართველოში აღნიშნული ენერგოპროდუქტის წარმოება-ექსპორტისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა და საქართველოს, როგორც ქვეყნის, სუფთა წყალბადის მწარმოებლებს შორის მოწინავე ადგილის დამკვიდრება.
საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის" განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს, საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების, სარგებლის მიღებას ითვალისწინებს როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე, სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.


დასკვნა

წყალბადის ენერგეტიკაზე გადასვლა და დიდი ძალების მეტოქეობა უდავოდ დატოვებს კვალს სახელმწიფოთა ურთერთობებზე. განახლებადი ენერგიები ცვლის კონფლიქტის სფეროებსა და ადგილებს, ხოლო გეოპოლიტიკა აყალიბებს ტექნიკურ არჩევანს და სავაჭრო ნიმუშებს. ისინი ერთად ქმნიან მომავალ ენერგეტიკულ სისტემებსა და ურთიერთობებს. თუმცა, ქვეყნები როგორ ადგილს დაიკავებენ ენერგეტიკულ ტრანზიციაში, გადამწყვეტი იქნება შედეგის განსაზღვრაში.
საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით. ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან, ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საქართველო ამავე დროს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა. მას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, აქვს იმის პოტენციალი, რომ გაზარდოს თავისი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტების განხორციელებაში. გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანი გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას.

ლიტერატურა:
• ბერიძე ნ. (2023). მწვანე წყალბადის როლი ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენებისათვის, Forbes Georgia
• ერქომაიშვილი გ. (2024). მწვანე წყალბადის როლი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში და მისი წარმოებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნის ტენდენციები საქართველოში. საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“ სამეცნიერო შრომების კრებული, ქუთაისი, 13 სექტემბერი. https://atsu.edu.ge/ge/faculty/7-biznesis-samartlisa-da-sotsialur-metsnierebata-pakulteti/fpage/Y2MyYWYyYzY (ბოლო ნახვა 5 ნოემბერი, 2024).
• ერქომაიშვილი გ. (2024). მწვანე წყალბადის წარმოების პოტენციალი და მისი როლი ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენებისათვის საქართველოში. IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, შრომების კრებული, თსუ გამომცემლობა.
• ლეკაშვილი ე. (2024). წყალბადის ენერგეტიკული პოლიტიკის აქტუალური საკითხები მწვანე ენერგეტიკის კონტექსტით (აშშ-ს და ევროკავშირის მაგალითზე). IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ შრომების კრებული, თსუ გამომცელობა.
• მუხიგულიშვილი გ., კვარაცხელია თ., შათირიშვილი ნ., ინაშვილი მ., ურგებაშვილი ი. (2022). საქართველოს მზაობის შეფასება ევროპის მწვანე შეთანხმების მიმართ. დოკუმენტი მომზადდა EU/UNDP-ის EU4Climate პროგრამის ფარგლებში CRIS-ENI/2017/387-538. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, 122 .
• ნარმანია დ. (2022). მწვანე წყალბადის პერსპექტივები. Forbes.ge
• საქართველო მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს (2023).
https://www.gogc.ge/ka/press-article/saqartvelo-mwvane-wyalbadis-warmoebas-iwyebs/29 (ბოლო ნახვა 5 ნოემბერი,2024).
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (economy.ge)
• საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა, თბილისი, 2020.
• ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში მწვანე წყალბადის საწარმო აშენდება
https://energynews.ge/news/elternatiuli-energia/batumis-industriul-zonashi-mtsvane-tsyalbadis-satsarmo-ashendeba (ბოლო ნახვა 5 ნოემბერი,2024).
• Forbes.Georgia (2022). მწვანე წყალბადის პერსპექტივები
• M.K. Abbas et al. (2023). Techno-Economic Analysis for Clean Hydrogen Production Using Solar Energy Under Varied Climate Conditions Int J Hydrogen Energy
• Z. Abdin et al. (2020). Hydrogen as an Energy Vector Renew Sustain Energy Rev
• I.K. Muritala et al. (2020). High Temperature Production of Hydrogen: Assessment of Non-renewable Resources Technologies and Emerging Trends Int J Hydrogen Energy
• W. He et al. (2020). Integration of Renewable Hydrogen in Light-duty Vehicle: Nexus between Energy Security and Low Carbon Emission Resources Int J Hydrogen Energy
• P.M. Falcone et al. (2021). Hydrogen Economy and Sustainable Development Goals: Review and Policy Insights
• Brandon N. P., & Kurban Z. (2017). Clean Energy and the Hydrogen Economy. Philosophical Transactions: Mathematical, Physical and Engineering Sciences, 375(2098), 1–17. http://www.jstor.org/stable/44678490
• Wolters F. J. A. de K. (2021). The Heralds of Hydrogen: The Economic Sectors that Are Driving the Hydrogen Economy in Europe. Oxford Institute for Energy Studies. http://www.jstor.org/stable/resrep33936
• Webster J. (2023). Industrial Decarbonization Technologies: Hydrogen and Nuclear Energy. In Technological and Policy Pathways to Accelerate US Industrial Decarbonization (pp. 13–16). Atlantic Council. http://www.jstor.org/stable/resrep52077.6
• Palovic M., & Poudineh R. (2022). Hydrogen as a Game-Changer for Energy Infrastructure. In PolyGrid 2050: Integrating hydrogen into the European Energy Transfer Infrastructure landscape (pp. 2–3). Oxford Institute for Energy Studies. http://www.jstor.org/stable/resrep43916.7
• Philips J. & Fisher L. (2021). A hydrogen Strategy for an Inclusive and Resilient Economic Recovery. In Between Hope and Hype: A Hydrogen Vision for the UK (pp. 12–19). E3G. http://www.jstor.org/stable/resrep30254.6
• Eurostat.com

References:
• Beridze N. (2023). Mwvane wyalbadis roli energetikuli resursebis optimaluri gamoyenebisatvis, [The Role of Green Hydrogen for the Optimal Use of Energy Resources. Forbes Georgia.] in Georgian
• Erkomaishvili G. (2024). Mwvane wyalbadis roli energetikuli usafrtxoebis gazlierebashi da misi warmoebisatvis infrastruqturis sheqmnis tendenciebi saqartveloshi. [The Role of Green Hydrogen in Strengthening Energy Security and Trends in Building Infrastructure for its Production in Georgia. Collection of cientific papers of the 6th National Scientific Conference of Georgian Economists “Transformation of the World Order and Economic Security: Key Challenges and Opportunities for Georgia”, Kutaisi, September 13.] in Georgian. https://atsu.edu.ge/ge/faculty/7-biznesis-samartlisa-da-sotsialur-metsnierebata-pakulteti/fpage/Y2MyYWYyYzY (last seen 5 November,2024).)
• Erkomaishvili G., (2024). Mwvane wyalbadis warmoebis potenciali da misi roli energetikuli resursebis racionaluri gamoyenebisatvis saqartveloshi. [The Potential of Green Hydrogen Production and its Role for the Rational Use of Energy Resources in Georgia. Collection of cientific papers of the 9th International Scientific Conference "Challenges of Globalization in Economics and Business", TSU Publishing House.] in Georgian
• Lekashvili E. (2024) Wyalbadis energetikuli politikis aqtualuri sakitxebi mwvane energetikis konteqstit. [Current Issues of Hydrogen Energy Policy in the Context of Green Energy (Using the Example of the USA and the European Union). Collection of cientific papers of the 9th International Scientific Conference "Challenges of Globalization in Economics and Business", TSU Publishing House.] in Georgian
• Mukhigulashvili G., Kvatatckhelia T., Shatirishvili N., Inashvili M., Urgebashvili I. (2022). Saqartvelos mzaobis shefaseba evropis mwvane shetanxmebis mimart. [Assessment of Georgia's Readiness for the European Green Agreement. Document EU/UNDP EU4Climate Program - CRIS-ENI/2017/387-538. Analytical Center "World Experience for Georgia", p.122.] in Georgian
• Narmania D. (2022). Mwvane wyalbadis perspeqtivebi. [Prospects for Green Hydrogen. Forbes.Georgia.] in Georgian
• Saqartvelo mwvanew yalbadis warmoebas iwyebs. (2023). [Georgia Begins Producing Green Hydrogen. 22 May, 2023.] in Georgian https://www.gogc.ge/ka/press article/saqartvelo-mwvane-wyalbadis-warmoebas-iwyebs/29(last seen 5 November,2024).
• Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia (economy.ge) in Georgian
• Saqartvelos klimatis cvlilebis 2030 wlis strategia da 2021-2023 wlebis samoqmedo gegma (2020). [Georgia's Climate Strategy 2030 and Action Plan 2021-2023. Tbilisi, 2020.] in Georgian
• Batumis industriul zonashi mtsvane tsyalbadis satsarmo ashendeba. [A Green Hydrogen Plant is Being Built in the Industrial Zone of Batumi]. In Georgian. https://energynews.ge/news/elternatiuli-energia/batumis-industriul-zonashi-mtsvane-tsyalbadis-satsarmo-ashendeba (last seen 5 November,2024).
• M.K. Abbas et al. (2023). Techno-Economic Analysis for Clean Hydrogen Production Using Solar Energy Under Varied Climate Conditions Int J Hydrogen Energy
• Z. Abdin et al. (2020). Hydrogen as an Energy Vector Renew Sustain Energy Rev
• I.K. Muritala et al. (2020). High Temperature Production of Hydrogen: Assessment of Non-Renewable Resources Technologies and Emerging Trends Int J Hydrogen Energy
• W. He et al. (2020). Integration of Renewable Hydrogen in Light-duty Vehicle: Nexus between Energy Security and Low Carbon Emission Resources Int J Hydrogen Energy
• P.M. Falcone et al. (2021). Hydrogen Economy and Sustainable Development Goals: Review and Policy Insights
• Brandon N. P., & Kurban Z. (2017). Clean Energy and the Hydrogen Economy. Philosophical Transactions: Mathematical, Physical and Engineering Sciences, 375(2098), 1–17. http://www.jstor.org/stable/44678490
• Wolters F. J. A. de K. (2021). The Heralds of Hydrogen: The Economic Sectors that Are Driving the Hydrogen Economy in Europe. Oxford Institute for Energy Studies. http://www.jstor.org/stable/resrep33936 (last seen 5 November,2024).
• Webster J. (2023). Industrial Decarbonization Technologies: Hydrogen and Nuclear Energy. In Technological and Policy Pathways to Accelerate US Industrial Decarbonization (pp. 13–16). Atlantic Council. http://www.jstor.org/stable/resrep52077.6 (last seen 5 November,2024).
• Palovic M., & Poudineh R. (2022). Hydrogen as a Game-Changer for Energy Infrastructure. In PolyGrid 2050: Integrating hydrogen into the European Energy Transfer Infrastructure landscape (pp. 2–3). Oxford Institute for Energy Studies. http://www.jstor.org/stable/resrep43916.7 (last seen 5 November,2024).
• Philips J. & Fisher L. (2021). A hydrogen Strategy for an Inclusive and Resilient Economic Recovery. In Between Hope and Hype: A Hydrogen Vision for the UK (pp. 12–19). E3G. http://www.jstor.org/stable/resrep30254.6
• Eurostat.com

Keywords: Green hydrogen, hydrogen energy, energy security, economic policy of hydrogen energy
JEL Codes: P28, P48, Q42, Q48