English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ჩვენი იუბილარები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,პროფესორი მიხეილ ჯიბუტი – 70

პროფესორი მიხეილ ჯიბუტი დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ჩოხატაურის რაიონის სოფ. ამაღლებაში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1972-1975 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი - 1975-1977წწ. მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, ამავე წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, 1990 წელს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად.
მიხეილ ჯიბუტი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში სტუდენტობის დროიდან ჩაერთო და ეს საქმიანობა არასდროს შეუწყვეტია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, რომელთა თემატიკა თეორიული ეკონომიკა და მის მიერ დადგენილი კანონზომიერებების საქართველოს ეკონომიკაში განხორციელების მიმართულებებია, შემდგომში მათი პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. გამორჩეული და სიახლეების შემომტანია, მრავალ სახელისუფლებო დოკუმენტში, მ. ჯიბუტის მიერ განხორციელებული თეორიული კვლევის შედეგები. საქართველოს 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა გახდა მისი ერთ-ერთი საკვლევი მიმართულება, რომელზეც შემდგომში დაცული იქნა დისერტაციები პროფ. მ.ჯიბუტის ხელმძღვანელობით.
პროფ. მ.ჯიბუტის კვლევების მიმართულებებია: ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში; მიწასთან დაკავშირებული საკუთრებითი ურთიერთობები; ქართული ფული და მისი სისტემის დანერგვა - კუპონის შემოღება, ლარისა და თეთრის დამზადება; საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა: საბიუჯეტო ოფისის, ბიუჯეტის კლასიფიკატორისა და ხაზინის, საგადასახადო კოდექსის შექმნა; საბანკო სისტემის სრულყოფა - ეროვნული
ბანკის საქმიანობის მონიტორინგის სისტემის დანერგვა; ეროვნული ბანკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება და სხვ.
ფრიად მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ 1991 წლიდან მან, ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოს ეკონომიკის კურსის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, მის მიერვე შექმნილი ხელნაწერი სახელმძღვანელოს მიხედვით.
პროფ. მიხეილ ჯიბუტმა, როგორც მეცნიერ - ეკონომისტმა, აღიარება მოიპოვა ფართო საზოგადოებაში მისი გავლილი ცხოვრებისეული გზისა და მეცნიერებისადმი ერთგულების გამო. საზოგადოებრივ - პოლიტიკური თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად, იგი მუდმივად იყო დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკასთან და ეკონომიკური საკითხების მეცნიერულ კვლევასთან, სწავლებასა და პოპულარიზაციასთან.
პროფ. მ. ჯიბუტმა შრომითი საქმიანობა მოიცავს:
1979-1980 წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1985-1986 წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი;
1981-1992 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების გამოცდილების განზოგადებისა და ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის განყოფილების გამგე.
1992 წლიდან იგი არის საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
1992-1993წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი;
1992-1995 წწ. და 1995-1999 წწ. - არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის, ხოლო 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრად;
1999-2000წწ. - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეა;
2000-2001წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი;
2001-2002წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;
2002-2005წწ. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;
2005-2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
2008-2019 წლებში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი;
2016 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
2022 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
2002წელს ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო პედაგოგიური და საქმიანობისათვის პროფ. მიხეილ ჯიბუტი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
პროფ. მ. ჯიბუტს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია.
ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია და სარედაქციო კოლეგია ულოცავს ბატონ მიხეილს სახელოვან იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, მორიგ წარმატებებს სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ „ეკონომიკისა და ბიზნესის“ რედაქცია,
სარედაქციო კოლეგია