English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლეილა ქადაგიშვილი
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დაინტერესებული მხარეების კონტექსტით

https://doi.org/10.52340/eab.2024.16.01.07

ჟურნალი N 1. 2024

სტატიაში ბიბლიოგრაფიულ კვლევაზე დაყრდნობით შესწავლილია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა დაინტერესებული მხარეების კონტექსტით. გაანალიზებულია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და დაინტერესებული მხარეების შესახებ არსებული მიდგომები და კონცეფციები, მათ შორის ურთიერთობის გარკვევის პერსპექტივით. დასაბუთებულია, რომ თანამედროვე კონკურენტულ საბაზრო გარემოში ბიზნესის გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა იზრუნოს არამხოლოდ საკუთარ მოგებაზე, არამედ აიღოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ) და გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც დაინტერესებული მხარეების ინტერესების შესატყვისია. ბიბლიოგრაფიული კვლევით გამოვლინდა, რომ დაინტერესებულ მხარეები გავლენას ახდენენ კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობაზე და მათი შეხედულებების გათვალისწინება საშუალებას აძლევს კომპანიას, უკეთ შეუთავსოს საკუთარი ამოცანები საერთო საზოგადოებრივ მიზნებს. სტატიაში, კომპანიებზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების შეხედულებების შესწავლის მიზნით, ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა, რომლის საფუძველზე დადგენილია, რომ კსპ სოციალური პასუხისმგებლობა აძლიერებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას, ამაღლებს თანამშრომელთა და მომხმარებელთა კმაყოფილებას, აყალიბებს ძლიერ და ჯანსაღ საზოგადოებას, ზრდის შემოსავალს, რაც ადასტურებს მეცნიერ-მკვლევარების მოსაზრებებს კსპ-ის და დაინტერესებული მხარეების ურთიერთობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (კსპ), კსპ-ის მახასიათებლები, ბიზნესი, კომპანია, დაინტერესებული მხარეები, რაოდენობრივი კვლევა.

შესავალი

კსპ თანამედროვე ბიზნესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. იმისთვის, რომ კონკურენტულ საბაზრო გარემოში ბიზნესმა გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები წარმატებით განახორციელოს, უმნიშვნელოვანესია, მან იზრუნოს არამხოლოდ საკუთარ მოგებაზე, არამედ გაატაროს საზოგადო-
ებრივ მიზნებსა და ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა. კსპ არ არის მხოლოდ საზოგადოების წინაშე აღებული მორალური ვალდებულების შესრულება ან ფინანსური დანახარჯი კომპანიისთვის. ის კომპანიის მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულებაა, იმოქმედოს მდგრადი განვითარების სამი ძირითადი - ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი - განზომილებით და ბიზნესის განხორციელებისას გაითვალისწინოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები.
თანამედროვე გაგებით, კსპ-ს აქვს უნარი, გააუმჯობესოს კომპანიის იმიჯი და რეპუტაცია, აამაღლოს სამუშაო ძალის მოტივაცია, გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება, უზრუნველყოს კომპანიის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა ბაზარზე, ხელი შეუწყოს ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოების შექმნას, შეუსაბამოს ბიზნესი კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს, გაზარდოს შემოსავლები, აამაღლოს ცნობიერება გარემოს შესახებ, წაახალისოს ბიზნესი, აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიაში მიმდინარე პროცესების შედეგებზე და შეიტანოს წვლილი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში (Sadik - Zada 2021, 402-434). კსპ-ის პრაქტიკა უკვე დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში და ბიზნესიც წარმატებით ითვისებს ამ კონცეფციას, წამყვანი ქართული კომპანიებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ კსპ-ის მახასიათებლების ინტეგრირებას ყოველდღიურ საქმიანობაში.
მკვლევართა მოსაზრებით, კსპ უკავშირდება „ბიზნესის ეკონომიკური წარმატების უზრუნველყოფას კომპანიის საქმიანობაში სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების გათვალისწინებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არამხოლოდ აკმაყოფილებთ თქვენი მომხმარებლის მოთხოვნებს, არამედ ითვალისწინებთ, აგრეთვე, სხვა ადამიანების - თანამშრომლების, მომწოდებლების, მეზობლად, თემში, მცხოვრები ადამიანების მოლოდინებს. შესაბამისად, კსპ ნიშნავს საზოგადოების კეთილდღეობაში დადებითი წვლილის შეტანას და იმ ზემოქმედების მართვას, რასაც ახდენს ბიზნესი გარემოსა და ადამიანებზე“ (ხოფერია, ჩხეიძე 2018, 5-6).
კსპ-ის სიძლიერეს თანამედროვე ბიზნესში ადასტურებს 2020 წელს გლობალური საკონსულტაციო კომპანიის - „რეპუტაციის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის რეპუტაციის 40% მოდის კ ს პ -ზე. აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, რეპუტაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტივენ ჰან-გრიფისტი ასკვნის, რომ გაიმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საწარმოს პოზიტიურ აღქმას აამაღლებენ, პრიორიტეტს ანიჭებენ კორპორაციულ პასუხისმგებლობას, ძლიერ ლიდერობას, ეთიკურნი არიან, მსჯელობენ კორპორაციული ბრენდის მიზნებზე და ბაზრის დაინტერესებულ მხარეებს (Stakeholder) რთავენ საქმიანობაში (მჭედლიძე 2020).
დღეისათვის, კომპანიათა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ მხოლოდ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებით ვერ შემოიფარგლები-
ან. გარდა ამისა, აუცილებელია, კომპანიების მენეჯერებმა აღიარონ სოციალური ვალდებულებები და აქციონერების ფინანსური ინტერესების გარდა, საკუთარი შეხედულებებისამებრ, დაინტერესებული მხარეების ინტერესებიც მიიღონ მხედველობაში, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ „სხვისი თვალით შეხედოს საკუთარ საქმიანობას, გამოავლინოს არსებული პრობლემები, ახალი პერსპექტივები და უკეთ შეუთავსოს საკუთარი ამოცანები საერთო საზოგადოებრივ მიზნებს“ (ხოფერია, 2012, გვ. 126).
ზემოთ მოყვანილი მოკლე მიმოხილვა ნათლად წარმოაჩენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესწავლის დიდ მნიშვნელობას დაინტერესებული მხარეების კონტექსტით, რაც კვლევის აქტუალურობის ხარისხს ზრდის. წინამდებარე ნაშრომის მიზანია დაინტერესებული მხარეების შეხედულებების შესწავლა ფირმებზე კსპ-ის მახასიათებლების პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით.
ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე შევისწავლეთ კსპ-ისა და დაინტერესებული მხარეების კონცეფციები, მათ შორის არსებული ურთიერთობის გარკვევის პერსპექტივით. ეს კვლევა თვისებრივი ხასიათისაა და ეფუძნება მოხსენიებული ლიტერატურის შინაარსობრივ ანალიზს, როგორც კსპ, ასევე დაინტერესებული მხარეების თეორიების შესახებ. შემდგომ ეტაპზე, რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით, შესწავლილ იქნა დაინტერესებული მხარეების კონკრეტული ჯგუფის - კომპანიის მენეჯერებისა და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის დასაქმებული სტუდენტების - შეხედულებები კომპანიებზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით.

ლიტერატურის მიმოხილვა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. კსპ-ის არსი ასოცირდება ისეთ კონცეფციებთან, როგორიცაა კორპორაციული მოქალაქეობა, კორპორაციული სოციალური რეაგირება, კორპორაციული სოციალური აქტივობა და დაინტერესებული მხარეების მენეჯმენტი. კსპ-ის არსის ასეთი კომპლექსური ხასიათის ძირითადი ფაქტორია სწორედ ის, რომ ის აკავშირებს ბიზნესსა და შესაბამის საზოგადოებრივ ჯგუფებს (Löber 2012, 5). კსპ-ის თეორიის ფუძემდებელი აშშ-ის ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი ჰოვარდ ბოუენია. ნაშრომში - „ბიზნესმენის სოციალური პასუხისმგებლობა”, ბოუენმა ჩამოაყალიბა სოციალური პასუხისმგებლობის დოქტრინა და შემოგვთავაზა მოსაზრება, რომლის თანახმად, „მსხვილი კორპორაციების ხელში დიდი ძალაუფლებაა და მათ ქმედებებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე, ამიტომ ბიზნესმენთა პასუხისმგებლობაა, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ ეს ზეგავლენა და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების მიზნებისა და ღირებულებების შესატყვისია (Bowen 1953). კსპ-ის პროგრამებს შეუძლია გაზარდოს ბრენდის ან კომპანიის სახელის აღიარება და რეპუტაცია მომხმარებლებში; გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და შედეგად მყიდველობითუნარიანი კლიენტის ბაზის შექმნას. მას ასევე შეუძლია ინოვაციების სტიმულირება, რადგან უნივერსიტეტებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები კომპანიებს აძლევს ახალ იდეებს და კვლევისა და განვითარების შესაძლებლობებს (Baron 2004).
კსპ-ის ერთადერთი კონკრეტული განმარტება არ არსებობს. რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა ამ ცნების იმ სახით ჩამოყალიბებას, როგორითაც დღეს ის არსებობს. ვილიამსი და სიეგლი (Williams, Siegel 2011, 117) კსპ-ის ცნებაში გულისხმობდნენ „ქმედებებს, რომლებიც გამომდინარეობს არა მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, არამედ კანონით დაწესებულ მოთხოვნათა მიღმა ნებაყოფლობით ვალდებულებას, რომელიც მიმართულია სოციალური კეთილდღეობის შესაქმნელად“. დევისი და ბლომსტრომი კსპ-ს განმარტავენ, როგორც აქტივობას, რომელიც მიმართულია როგორც საზოგადოების, ასევე ორგანიზაციის კეთილდღეობის მისაღწევად (Davis, Blomstrom 1975, 5). ქეროლი თვლის, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა აერთიანებს ეკონომიკურ, სამართლებრივ, ეთიკურ და საქველმოქმედო მოლოდინებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, კომპანიის მიმართ განსაზღვრულ პერიოდში (Carroll 1979, 500).
ევროკავშირის განმარტებით, კსპ არის ბიზნესის პასუხისმგებლობა ქმედებისათვის, რითაც ის გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. კსპ-ის ჭრილში განხორციელებული აქტივობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს მიმართული მდგრადი განვითარებისკენ (ეკონომიკური, სოციალური განვითარება, გარემოს დაცვა), შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს, მოიცავდეს დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციას და იყოს ინტეგრირებული საწარმოს ბიზნესსტრატეგიაში და ყოველდღიურ ოპერაციებში (CSR Georgia 2015, 1).
მიუხედავად იმისა, რომ კსპ-ის არაერთი განმარტება არსებობს, ცხადია, ყველას აერთიანებს საერთო ხედვა - ბიზნესის წარმართვა სოციალური, გარემოსდაცვითი და ფართო ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით (CSR n.d.), თუმცა ზოგადად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სადავო თემაა და ყველა არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისი თანამედროვე ბიზნესისათვის.
ბიზნესის ტრადიციულ ცნებაზე დაყრდნობით, ექსპერტთა და ანალიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ კომპანიის მენეჯმენტის მთავარი საზრუნავია კაპიტალის მფლობელებისთვის - განსაკუთრებით კომპანიის აქციონერებისათვის, მაქსიმალურად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა. შესაბამისად, სახსრებისა და რესურსების ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, მათ შორის სოციალური მიმართულებით, გადამისამართება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ამ პოზიციას ემხრობა ცნობილი მეცნიერი მილტონ ფრიდმანი თავის მიმდევრებთან ერთად და აღნიშნავს: „თუ თავისუფალ კონკურენციაში ჩართული კომპანია მოქმედებს სამართლებრივი ნორმების ფარგლებში, მას აქვს მხოლოდ ერთი სოციალური პასუხისმგებლობა, გამოიყენოს საკუთარი რესურსები და განახორციელოს საქმიანობები, რომელთა მიზანი მოგების გაზრდაა“ (Friedman 1970, 32-33).
თანამედროვე მსოფლიოში ეს ტენდენცია აშკარად შეიცვალა. დღეს კსპ-ის კონცეფციას სულ უფრო მეტი მკვლევარი აღიარებს. ამ საკითხის მიმართ იზრდება ცალკეული დაინტერესებული მხარეების ინტერესებიც. კორპორაციების მენეჯერები აცნობიერებენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი მხოლოდ შემოსავლის მაქსიმიზება არ არის, მათ აქვთ პასუხისმგებლობა არამხოლოდ აქციონერების, არამედ მომხმარებლების, თანამშრომლების, მომწოდებლებისა და საზოგადოების წინაშე, რომელთათვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ფასისა და მოგების გარდა, კომპანიის სხვა სარგებელი. ამ მიდგომის მთავარი მომხრე კ. დევისი და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ბიზნესი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ აწარმოოს ეფექტიანად ეკონომიკურ ღირებულებებთან ერთად, სოციალური ფასეულობები. მათი აზრით, საზოგადოება მოგების იდეას არ უარყოფს, მაგრამ აფართოებს მოგების ცნებას, გულისხმობს რა მასში, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ მოგებას. ამ მიდგომის მომხრეები ხაზს უსვამენ კსპ პროგრამების ნებაყოფლობითი ხასიათის აუცილებლობას და აღნიშნავენ, რომ ბიზნესი ურთიერთქმედებს საზოგადოებასთან და ეხმარება მას სოციალური გადაწყვეტილებების მიღებაში. მათი აზრით, კომპანია ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებით და ხაზს უსვამენ ფირმის მიერ სოცილური ვალდებულებების აღიარებას კანონის მოთხოვნათა ფარგლებს გარეთ (Davis 1967, 45-50; Шамхалов 2000, 243-246).
ორივე მიდგომის შესწავლამ და ანალიზმა აჩვენა, რომ მათ გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უფრო მეტიც, საპირისპირო მიმართულებებიდან გამომდინარე, ორივე მიდგომის სწორად გამოყენება საზოგადოებისთვის ერთსა და იმავე შედეგს იძლევა - კეთილდღეობის ზოგადი დონის ზრდას და კომპანიისთვის დამატებით მოგებას. კსპ დანახარჯები მოკლევადიან პერიოდში, ცხადია, ამცირებს კომპანიის მოგებას. ეს შეიძლება გახდეს კომპანიის აქციონერებისა და ინვესტორების სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი, მაგრამ „გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი დანახარჯები ანაზღაურდება იმით, რომ იზრდება კომპანიის პრესტიჟი და, შესაბამისად, ლეგიტიმურობა საზოგადოების თვალში, რამაც არ შეიძლება გავლენა არ მოახდინოს მის მდგომარეობასა და საქმიანობის ეფექტიანობაზე. „გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიების მონაწილეობა სოციალურ საქმიანობაში მოგების მაქსიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა“ (შენგელია 2018, 69). ასეთი ლოგიკა სამეცნიერო დისკუსიებში და კომპანიების ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში სულ უფრო პოპულარული ხდება. კსპ მთავარი პრობლემაა სერიოზული დროის შუალედი სოციალურად ორიენტირებულ პროგრამებში საწყის ინვესტიციასა და დაპირებულ შედეგს შორის. პრაქტიკულად ეს ნაწილი ითვალისწინებს კომპანიის მენეჯმენტის შესაძლებლობას, აუხსნას აქციონერებს ასეთი პროგრამების საჭიროება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დააბალანსოს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები.

დაინტერესებული მხარეები. თითოეულ კომპანიას მრავალრიცხოვანი დაინტერესებული მხარე ჰყავს. ეს ჯგუფები არ წარმოადგენენ მხოლოდ ფინანსურად დაკავშირებულ მხარეებს, ვთქვათ, მეწილეებს და აქციათა მფლობელებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს შეადგენენ. რაც უფრო იზრდება კერძო კომპანიების ზეგავლენა და ძალაუფლება, მით უფრო მეტი სხვადასხვა მხარე და ადამიანთა ჯგუფი არის დაინტერესებული კომპანიათა საქმიანობის სხვადასხვა ასპექტით და საჭიროდ მიაჩნია, რომ კომპანიებმა მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია და გაითვალისწინონ მათი აზრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომელსაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა საზოგადოების ცხოვრებაზე (CSR HUB. n.d.).
დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი მოთხოვნების გათვალისწინებით, კორპორაციები კონკურენტულ უპირატესობას იძენენ. ნებისმიერი კომპანიის დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ ის ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ან რომლებზეც გავლენას ახდენს ორგანიზაციის მიზანი (Freeman 1984, 49). დაინტერესებული მხარეების შესახებ ფრიმენის განმარტებამ გაზარდა მათი რაოდენობა, რაც მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების მიდგომის ჩამოყალიბებისას. სტერნბერგი აღნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ფრიმენის ეს განსაზღვრება მოიცავს უკლებლივ ყველაფერს - ცოცხალს და არაცოცხალს (Sternberg 1997, 3-10). კეროლის მოსაზრებით, არსებობს დაინტერესებული მხარეების (ფირმის შიდა და ფირმის გარე) ჯგუფი, რომლებსაც პრიორიტეტულად აღიარებს ფირმების უმეტესობა: მფლობელები (აქციონერები), თანამშრომლები, მომხმარებლები, ადგილობრივი თემები და მთლიანად საზოგადოება (Carroll 1991, 39-44).
საკამათო არ არის ის მოსაზრება, რომ არსებობს უნივერსალური დაინტერესებული მხარეები, რომლებიც რელევანტური იქნება ყველა ორგანიზაციისთვის. მაქს კლარკსონმა შემოგვთავაზა გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა ორგანიზაციის რელევანტური დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება. მისი აზრით, რელევანტურ დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ ისინი, რომელთაც ორგანიზაციაში რაიმე ინვესტიცია აქვთ და, შესაბამისად, ამ ორგანიზაციის საქმიანობით გარკვეული რისკის წინაშე დგანან. კლარკსონმა ისინი ორ ჯგუფად დაყო: ნებაყოფლობითი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც თავად ირჩევენ ჰქონდეთ კავშირი ორგანიზაციასთან და არანებაყოფლობითი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც თავად არ ირჩევენ ორგანიზაციასთან ურთიერთობას და არც მასთან კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. უდავოდ, არსებობს უნივერსალური დაინტერესებული მხარეები, რომლებიც რელევანტური იქნება ყველა ორგანიზაციისთვის. კლარკსონი აღნიშნავს, რომ ნებაყოფლობითი დაინტერესებული მხარეები მოიცავს აქციონერებს, ინვესტორებს, თანამშრომლებს, მენეჯერებს, მომხმარებლებს და მიმწოდებლებს. არანებაყოფლობითი დაინტერესებული მხარეები მოიცავს ცალკეულ პირებს, თემებს, ეკოლოგიურ გარემოს ან მომავალ თაობებს. ისინი არ არიან დაკავშირებული ორგანიზაციასთან და, შესაბამისად, შეიძლება დასჭირდეთ დაცვის გარკვეული ფორმა, ეს, შესაძლოა, იყოს სახელმწიფო კანონმდებლობა ან რეგულაცია. ის მიუთითებს, რომ სხვა უფრო სპეციფიკური ინტერესთა ჯგუფები შეიძლება იყოს რელევანტური გარკვეული ინდუსტრიებისთვის ინდუსტრიის ბუნებიდან ან ორგანიზაციის კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე (Clarkson 1995, 92-117).
კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ურთიერთობების ხარისხს, რომლითაც იგი დაკავშირებულია ნებაყოფლობით და არანებაყოფლობით დაინტერესებულ მხარეებთან - მენეჯერებთან, თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ინვესტორებთან, მომწოდებლებთან, საჯარო და სახელმწიფო მოხელეებთან, აქტივისტებთან და თემებთან - ისევე მის უნარს, უპასუხოს კონკურენტულ პირობებს და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (D’Amato, Henderson and Florence 2009). კსპ-ის განსახორციელებლად კორპორაციებს სჭირდებათ კომპეტენტური მენეჯერები და თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა ორგანიზაციაზე კსპ-ის პოტენციური გავლენის შესახებ და იცავენ მის პრინციპებს. კსპ სამუშაოს მაძიებლებს (პოტენციურ თანამშრომლებს) ინფორმაციას აწვდის კორპორაციული ღირებულებებისა და ნორმების შესახებ (Godfrey, Azigwe and Awuni 2016, 26-42). მენეჯერები კი წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც შეუძლიათ ზემოქმედება კომპანიის მიზნის მიღწევაზე და კომპანიის სოციალურად პასუხისმგებელ ქცევას უპირატესობად აღიქვამენ.

კვლევის მეთოდოლოგია

განხილული მასალების მიხედვით, ჩვენი რაოდენობრივი კვლევის მიზანია დაინტერესებული მხარეების შეხედულებების შესწავლა ფირმებზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის რესპონდენტებად შეირჩა დაინტერესებული მხარეების კონკრეტული ჯგუფი - სხვადასხვა კომპანიის მენეჯერები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის დასაქმებული სტუდენტები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და დაინტერესებული მხარეების კონცეფციების შესახებ, ასევე კერძო კომპანიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად გამოკითხვის პროცესში უზრუნველყოფილი იყო რესპონდენტების მხრიდან ღრმად გააზრებული და დამოუკიდებელ ხედვაზე დაფუძნებული პასუხები. რაც კიდევ უფრო ზრდის კვლევის შედეგების ვალიდურობას.
კვლევა ჩატარდა დახურული კითხვარის გამოყენებით. კითხვები დაეფუძვნა წინამდებარე ნაშრომის ლიტერატურის მიმოხილვაში მოხსენიებული ავტორების მოსაზრებებს. დახურული კითხვარი კვლევაში მონაწილეებს ბეჭდური ფორმით მიეწოდათ. გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 185 რესპონდენტმა - 100 სტუდენტი და 85 მენეჯერი. გამოკითხული რესპონდენტების 70% იყო ქალი. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა ასაკი შედგენდა 22-55 წელს. გამოკითვის მონაცემები დამუშავდა SPSS-ის სტატისტიკური პროგრამის დახმარებით. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ცხრილში (იხ.ცხრილი).
როგორც ცხრილიდან ჩანს, კვლევაში მონაწილე მენეჯერთა და სტუდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ კსპ აუმჯობესებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას, ამაღლებს თანმშრომელთა კმაყოფიელებასა და პროდუქტიულობას, ზრდის მომხმარებლის ლოიალურობას, უზრუნველყოფს კომპანიის გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე. ამავდროულად, მენეჯერთა უმეტესობა (64,3%), საერთოდ არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად კსპ-ის როლს შემოსავლების ზრდაში, მაშინ როდესაც სტუდენტთა 73, 5% ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კსპ-ს ამ როლს. მენეჯერთა 71,4% ფიქრობს, რომ კსპ აყალიბებს ძლიერ და ჯანსაღ საზოგადოებას, თუმცა მენეჯერებისაგან განსხვავებით, სტუდენტების 58,4% ფიქრობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია არ უწყობს ხელს ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მენეჯერების 35,6% და სტუდენტების 36,4% მიიჩნევს,რომ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ნაკლებად საჭიროებს მარეგულირებელ და სამართლებრივი ნორმებს.
შედარებითი ანალიზის მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკული, აზიური და აფრიკული ბიზნესსკოლების მკვლევართა (Gross, Holland 2011, 1-18), (Montgomery, Ramus 2003, 1-15), (Godfrey, Azigwe, Awuni 2016, 26-42) მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩართული ბიზნესის ადმინისტრირების სამაგის-

მენეჯერებისა და სტუდენტების შეხედულებები კსპ - ის მახასიათებლებზე

 

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ

ტრო პროგრამის სტუდენტებიც, მეტწილად, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კსპ-ის გავლენას კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე, თანამშრომელთა მოზიდვასა და შენარჩუნებაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, სამუშაო გარემოზე, შემოსავლის ზრდაზე, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და სამსახურის პერსპექტივაზე (Godfrey, Azigwe, Awuni 2016, 33-34).
დასკვნები და რეკომენდაციები

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმეტესობა კსპ-ს მნიშვნელოვანად აღიქვამს ორგანიზაციის ზრდისა და განვითარებისათვის. ისინი მიიჩნევენ, რომ კსპ აძლიერებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას, აუმჯობესებს თანამშრომელთა კმაყოფილებასა და პროდუქტიულობას, ამაღლებს მომხმარებელთა კმაყოფილებას, ზრდის შემოსავალს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ ისეთი კსპ-ის პრაქტიკა, სადაც დაბალანსებული იქნება, როგორც აქციონერების ასევე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების ინტერესები. კვლევის შედეგებმა დაადასტურა ლიტერატურის მიმოხილვაში წარმოდგენილი მოსაზრებები, რომ დაინტერესებული მხარეების ინტერესები გავლენას ახდენს კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობაზე და მათი გათვალისწინება საშუალებას აძლევს კომპანიას უკეთ შეუთავსოს საკუთარი ამოცანები საერთო საზოგადოებრივ მიზნებს.
ვინაიდან კვლევის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კსპ-ის დანერგვას ორგანიზაციაში სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი, კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის გაუმჯობესების, თანმშრომელთა კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის ამაღლების, მომხმარებლის ლოიალურობის გაზრდის, ბაზარზე კომპანიის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მხრივ, მნიშვნელოვანია ქართულმა კომპანიებმა დაამკვიდრონ აღნიშნული პრაქტიკა, შეიმუშაონ და ცხოვრებაში გაატარონ ის მიდგომები, რაც განვითარებული ქვეყნების დიდ კორპორაციებში უკვე დიდი ხანია არსებობს და საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. ეს დადებითად აისახება მათი საქმიანობის გრძელვადიან შედეგებზე - უფრო სწრაფად და მარტივად მიაღწიონ წარმატებას.


ლიტერატურა:

• Gross R., Holland B. (2011). Corporate Social Responsibility and Employee Engagement: Making the Connection.
• Baron D. P. (2004). Private Politics, Corporate Social Responsibility and Integrated Strategy. Journal of Economics and Management Strategy 10. https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/j.1430-9134.2001.00007.x
• Bowen H. R. (1953). Social Responsibilities of the Businessman. University of Iowa Press. lowa City https://books.google.ge/books?id=ALIPAwAAQBAJ&printsec= frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false.
• Carroll A. B. (1979). A Three-Dimensional Conceptual Model of Corporate Performance. Academy of Management Review, Vol. 4(4).
• Carroll A. B. (1991). The Pyramid of Corporate Social Responsibility: Toward the Moral Management of Organizational Stakeholders. Business Horizons Volume 34 (issue 4): 39-44.
• Clarkson M. E. (1995). A Stakeholder Framework for Analysing and Evaluating Corporate. Social Performance'. Academy of Management Review Vol. 20, No. 1: 92-117.
• CSR Georgia (2015). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. https://bit.ly/2Z2eoe8.
• CSR HUB. n.d. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი საკითხები, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია. https://csrgeorgia.com/ka/overview/csr-themes/stakeholder-engagement.
• CSR HUB. n.d. https://csrgeorgia.com/ka/overview/concept.
• D’Amato A., Henderson S., Florence S. (2009). Corporate Social Responsibility and Sustainable Business. A Guide to Leadership Tasks and Functions. Center for Creative Leadership, Greensboro.
• Davis K. (1967). Understanding the Social Responsibility Puzzle. Business Horizons Vol.10: 45–50.
• Davis K. & Blomstrom R. L. (1975). Environment and Responsibility. Edited by 3rd Edition. Business and Society (McGraw Hill, New York) 5.
• Freeman R. E. (1984). Strategic Management: A Stakeholder Approach. Boston: Pitman.
• Friedman, M. (1970). The Social Responsibility of Business is to Increace its Profits. New York.
• Godfrey A., Azigwe J. B., Awuni A. R. (2016). Business Ethics and Corporate Social Responsibility for Business Success and Growth. European Journal of Business and Innovation Research Vol.4, No.6: 26-41.
• https://csrgeorgia.com/ka/overview/concept. n.d.
• Löber H. (2012). Corporate Management, Corporate Social Responsibility and Customers. Hamburg: Diplomica Verlag.
• Montgomery D. B. & Ramus C. A. (2003). Corporate Social Responsibility Reputation Effects on MBA Job Choice.
• Sadik - Zada E. R. (2021). Addressing the Growth and Employment Effects of the Extractive Industries: White and Black Box Illustrations from Kazakhstan Post. Communist Econ 33 (4). doi: Doi: 10.108014631377.2020.1745557.
• Sternberg E. (1997). The Defects of Stakeholder Theory', Corporate Governance: An International Review. Vol. 5, No. 1: 3-10.
• Williams A. Mc. & Siegel D. (2011). Corporate Social Responsibility: A Theory of the Firm Perspective. The Academy of Management Review 26(1): 117.
• Шамхалов Ф. (2000). Государство и экономика: основы взаимодействия. М. Экономика.
• მჭედლიძე მ. (2020). CSR და რეპუტაცია. https://forbes.ge/blogs/csr-da-reputatsia/.
• შენგელია თ. (2021). ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები. სახელმძღვანელო. გამომცემლობა: ახალი საქართველო.
• ხოფერია ლ. (2012). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. გამომც. პეტიტი. https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_manual_geo.pdf.
• ხოფერია ლ., ჩხეიძე ე. (2018). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო მცირე და საშუალო კომპანიებისათვის. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) თბილისი, საქართველო. https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/5cd/c9b/b9a/5cdc9bb9af642992668335.pdf.

References:
• Gross R., Holland B. (2011). Corporate Social Responsibility and Employee Engagement: Making the Connection.
• Baron D. P. (2004). Private Politics, Corporate Social Responsibility and Integrated Strategy. Journal of Economics and Management Strategy 10. https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1111/j.1430-9134.2001.00007.x
• Bowen H. R. (1953). Social Responsibilities of the Businessman. University of Iowa Press. lowa City https://books.google.ge/books?id=ALIPAwAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false.
• Carroll A. B. (1979). A Three-Dimensional Conceptual Model of Corporate Performance. Academy of Management Review, Vol. 4(4).
• Carroll A. B. (1991). The Pyramid of Corporate Social Responsibility: Toward the Moral Management of Organizational Stakeholders. Business Horizons Volume 34 (issue 4): 39-44.
• Clarkson M. E. (1995). A Stakeholder Framework for Analysing and Evaluating Corporate. Social Performance. Academy of Management Review Vol. 20, No. 1: 92-117.
• CSR Georgia (2015). Korporatsiuli sotsialuri pasukhismgebloba [Corporate Social Responsibility.] in Georgian. https://bit.ly/2Z2eoe8.
• CSR HUB. n.d. Korporatsiuli sotsialuri pasukhismgeblobis dziritadi sakitkhebi, dainteresebul mkhareebtan komunikatsia [ Basic issues of corporate social responsibility, communication with stakeholders. CSR Themes, Stakeholder Engagement. CSR HUB] in Georgian. https://csrgeorgia.com/ka/overview/csr-themes/stakeholder-engagement .
• CSR HUB. n.d. https://csrgeorgia.com/ka/overview/concept.
• D’Amato A., Henderson S., Florence S. (2009). Corporate Social Responsibility and Sustainable Business. A Guide to Leadership Tasks and Functions. Center for Creative Leadership, Greensboro.
• Davis K. (1967). Understanding the Social Responsibility Puzzle. Business Horizons Vol.10: 45–50.
• Davis K. & Blomstrom R. L. (1975). Environment and Responsibility. Edited by 3rd Edition. Business and Society (McGraw Hill, New York) 5.
• Freeman R. E. (1984). Strategic Management: A Stakeholder Approach. Boston: Pitman.
• Friedman, M. (1970). The Social Responsibility of Business is to Increace its Profits. New York.
• Godfrey A., Azigwe J. B., Awuni A. R. (2016). Business Ethics and Corporate Social Responsibility for Business Success and Growth. European Journal of Business and Innovation Research Vol.4, No.6: 26-41.
• https://csrgeorgia.com/ka/overview/concept. n.d.
• Löber H. (2012). Corporate Management, Corporate Social Responsibility and Customers. Hamburg: Diplomica Verlag.
• Montgomery D. B. & Ramus C. A. (2003). Corporate Social Responsibility Reputation Effects on MBA Job Choice.
• Sadik - Zada E. R. (2021). Addressing the Growth and Employment Effects of the Extractive Industries: White and Black Box Illustrations from Kazakhstan Post. Communist Econ 33 (4). doi: Doi: 10.108014631377.2020.1745557.
• Sternberg E. (1997). The Defects of Stakeholder Theory', Corporate Governance: An International Review. Vol. 5, No. 1: 3-10.
• Williams A. Mc. & Siegel D. (2011). Corporate Social Responsibility: A Theory of the Firm Perspective. The Academy of Management Review 26(1): 117.
• Shamkhalov F. (2000). Gosudarstvo i ekonomika: osnovy vzaimodeystviya [State and Economy: Foundations of Interaction].
• Mchedlidze M. (2020). CSR da reputatsia [CSR and reputation]. in Georgian. https://forbes.ge/blogs/csr-da-reputatsia/
• Shengelia T. (2018). Biznesis administrirebis sapudzvlebi [Fundamentals of Business Administration. Handbok. Publisher: New Georgia]. in Georgian.
• Khoferia L. (2012). Korporatsiuli sotsialuri pasuxismgebloba [Corporate Social Resposibility. Handbok. Strategic Research and Development Center of Georgia, Publisher: Petit]. in Georgian https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_manualgeo.pdf.
• Khoferia L., Chkheidze E. (2018). Korporatsiuli sotsialuri pasuxismgeblobis saxelmdzgvanelo mcire da sashualo kompaniebisatvis [Corporate Social Responsibility Guide for Small and Medium-sized Companies. Strategic Research and Development Center of Georgia (CSRDG)]. in Georgian. https://csogeorgia.org/storage/app/uploads/public/5cd/c9b/b9a/5cdc9bb9af642992668335.pdf

Keywords: Corporate social responsibility, stakeholders, quantitative study.
JEL Codes: B23, M10, M14, M21