ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლელა თავდგირიძე ∘ გიორგი ქათამაძე ∘ მაია ბოლქვაძე ∘ ეკონომიკური ცნობიერება და ადრეული განათლება ჟურნალი N 1. 2024
https://doi.org/10.52340/eab.2024.16.01.04
ნაშრომში წარმოდგენილია ადრეულ განათლებაში, კერძოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების (გაძლიერების) მნიშვნელობა; გაანალიზებულია ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები, შესწავლილია ბავშვთა ასაკობრივი კლასიფიკაციის თეორიული და სამართლებრივი მიდგომები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაში, განსაზღვრულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების (განვითარების) ოპტიმალური ასაკი, წარმოდგენილია ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბების გზები (მეთოდოლოგია) და შემოთავაზებულია ამ ასაკის ბავშვების შესაბამისი სასწავლო მასალების კატეგორია.
კვლევა ეყრდნობა კომპლექსურ, ინტერდისციპლინარულ მეთოდოლოგიას, კერძოდ - დოკუმენტური ანალიზის, შედარების, კლასიფიკაცია/სისტემატიზაციის, კონტენტ-ანალიზსა და მონაცემების სინთეზს. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია სხვადასხვა თეორიული ნაშრომი, რომლებიც ეხება როგორც ეკონომიკურ ცნობიერებას, ასევე ზოგადად ეკონომიკური კონცეპტების შესწავლის
1 კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SRNSFG), გრანტის N# FR-22-9547. This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG), grant # FR-22-9547)”.
პროცესს. შედარებულია მეცნიერთა მიერ ადრეული განათლების პერიოდის ბავშვის განვითარების ეტაპების კლასიფიკაცია და განსაზღვრულია კვლევის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი. კვლევის პროცესში მოხდა თეორიების დაჯგუფება/კლასიფიკაცია მათი საკვანძო საკითხების მიხედვით და ცალკეული კონცეპტები განხილულია კონტენტ-ანალიზის მეთოდოლოგიით. საბოლოოდ მიღებულია შედეგები, რომელიც ნაშრომის საკვანძო მიმართულებებს-ეკონომიკურ ცნობიერებას, ეკონომიკურ განათლებას და ადრეულ განათლებას ერთიან სინთეზში წარმოაჩენს. კვლევის ჰიპოთეზა კი ადრეულ ასაკში ეკონომიკურ განათლებასა და ეკონომიკური ცნობიერების გაძლიერებას განიხილავს, როგორც წარმატებული მოქალაქის აღზრდა/ჩამოყალიბების ფუნდამენტურ მიმართულებას.
საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ცნობიერება, განათლება, ადრეული განათლება, სწავლება, სკოლამდელი ასაკის ბავშვები.
შესავალი
განათლება და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სფეროებია, რაც ურთიერთგავლენისა და ურთიერთდამოკიდებულების მასშტაბების კვლევისათვის ყოველთვის საინტერესო და აქტუალურ ველს ქმნის. ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფს ინოვაციებს და ტექნოლოგიურ პროგრესს, რაც უპირობოდ ეკონომიკური განვითარების საფუძველია. საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ როლს ასრულებენ არამხოლოდ ცოდნის გადაცემის მიმართულებით, არამედ ინოვაციური ცოდნის გენერირებაში, რომელიც საბოლოოდ პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. განათლება, თავისი მიზნებითა და შინაარსით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ უთანასწორობაზე და შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს ის. თანამედროვე მსოფლიოში კი განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის არასტაბილურობის საფრთხეს შეიცავს. ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირპროპორციულად ახდენს გავლენას განათლების პოლიტიკაზე, შესაბამისად, განათლება და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც საბოლოო ანგარიშით, აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.
განათლება არის კომპლექსური, სისტემური, ცვლადებსა და კომპონენტებზე დამყარებული ერთობა, რომელიც მოიცავს ცოდნის, უნარების, ღირებულებების და დამოკიდებულების მიღება-შეძენის პროცესს ფორმალური ან არაფორმალური მეთოდებით. განათლების სისტემის უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს ადამიანის ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბება-განვითარებას და უზრუნველყოს მისი სათანადო მომზადება ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებულად ინტეგრირებისათვის. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, უფრო და უფრო იზრდება განათლების მნიშვნელობა, ფუნდამენტური ცოდნისა და ძლიერი უნარების ფლობა, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება, სოციალურ-პოლიტიკური მდგრადობა, ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება.
ეკონომიკა, პოლიტიკისა და სოციუმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც გარდა მეცნიერული მასშტაბურობისა, ადამიანისათვის ცხოვრების საბაზისო თეორიულ-პრაქტიკული უნარების გამომუშავების კომპლექსური ცოდნის სინთეზია.
ეკონომიკური განათლება, ეკონომიკური ცნობიერება, ხშირად სხვადასხვა ტერმინითაა გამოხატული, მაგალითად, როგორც ეკონომიკური წიგნიერება ან ფინანსური წიგნიერება, ფინანსური განათლება. საბოლოო ანგარიშით ის ასახავს და ეხება ადამიანების უნარს - იცოდნენ და გააცნობიერონ
ძირითადი ეკონომიკური კონცეფციები, რომელიც მათ დაეხმარება იყვნენ მოქნილები და მომზადებული შეხვდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ეკონომიკურ პროცესებში ადამიანები ადრეული ასაკიდანვე ერთვებიან − ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, შესაძლებელია ეკონომიკურ გადაწყვეტილებაში გადაითარგმნოს - იქნება ეს საწვავის დაზოგვის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასა თუ პირადი ავტომობილით გადაადგილებას შორის არჩევანი, მეგობრებთან ერთად კინოთეატრში წასვლა თუ შინ ფილმის ჩვენების მოწყობა და ა.შ. (Entrepreneur საქართველო, 2023).
როგორც ნ. ჭიაბრიშვილი აღნიშნავს, დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ეკონომიკური ცოდნა აუცილებელია – გვინდა თუ არა, ეკონომიკა ჩვენს ცხოვრებაში იჭრება. ბავშვები ჩვენგან დამოუკიდებლად, თავისთავად (სტიქიურად) სწავლობენ ეკონომიკას. ზრდასრულებმა ეს სტიქიური ცოდნა უნდა მოვუწესრიგოთ, სისტემაში მოვუყვანოთ და გავუფართოოთ. დაფანტული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის ნაცვლად ბავშვებმა უნდა შეძლონ გარემომცველი ეკონომიკური სამყაროსა და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთკავშირის მთლიანი სურათის წარმოდგენა. ეკონომიკის სწავლება მოემსახურება განათლების ეროვნულ მიზანს – „ადამიანი იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე (ჭიაბრიშვილი, 2015).
კვლევის მიზანი
ნაშრომის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, განიხილოს ადრეულ, კერძოდ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, ეკონომიკური ცნობიერებისა და ეკონომიკური განათლების შესაძლებლობები, შეისწავლოს ადრეული ასაკის ბავშვთა ასაკობრივი კლასიფიკაციის თეორიული მიდგომები ეროვნულ და საერთაშორისო გამოცდილების დონეზე, დაადგინოს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება/განვითარების შესაძლებლობის ოპტიმალური ასაკი, დასახოს გზები და განსაზღვროს ამ ასაკის შესაბამისი სასწავლო მასალების კატეგორია.
ლიტერატურის მიმოხილვა
ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე, კვლევის ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის საჭიროების შესაბამისად, ჩვენ მიერ დამუშავებულია ეკონომიკასა და ეკონომიკურ ცნობიერებასთან, ადრეულ განათლებასთან, პედაგოგიკასთან და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული ნაშრომები. საყურადღებოა ქართველ ავტორთა - დ. უზნაძის, ქ. ჭკუასელის, ივ. ჭკუასელის, ნ. ჭიაბრიშვილის, დ. მალაზონიას, ლ. თავდგირიძის, ნ. შეროზიას, ალ. გობრონიძის, ნ. ანდღულაძის, ა. ჯანელიძის, ნ. ჯიჯავაძის, რ. ირემაშვილის, ი. ბასილაძის და სხვათა შრომები. ასევე, საბაზისო ეკონომიკურ ტერმინებს, ეკონომიკურ პოლიტიკასა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ფუნდამენტურად განიხილავენ მეცნიერები ვ. პაპავა, ე. მექვაბიშვილი, ა. სილაგაძე, ბ. გეჩბაია, ვ. ჭარაია და სხვები.
უცხოური ნაშრომებიდან აღსანიშნავია ჟ. პიაჟეს, ლ. სენეშის, ჰ. ჰანსენის, ლ. ვიგოტსკის, ლორა ბერკის Berk, L. E. (1992), ვ. ბეკერის (Becker W.E., 2001), ბ.ტ. მესზაროსა და ს. ევანსის (Meszaros B. T. and Evans S., 2010), ქ. ნათბრაუნისა და პ. ქლოფის (Nutbrown C. & Clough, P., 2014), ე.ჯ.რიგსის, ა. გილ-გარსიას (Riggs, E. G., & Gil-Garcia, A. 2001), ე. ს. სარვის (Sarv, E. S. 2003), მ. კოურილსკის (Kourilsky, M. (1977), პ. სამუელსონის, ჯ. სტიგლიცის, კ. ჰოფის (Samuelson P.A., Hoff, K., & Stiglitz, J. E., 2000), ა.ლ. შტრაუსის (Strauss, A. L., 1952), ა.ე. ბერტის, ა.ს. ბომბის, გ.ტ. დუვინის (Berti, A. E., Bombi, A. S., & Duveen, G. T., 1988) და სხვათა შრომები.
მეთოდოლოგია
კვლევა ეყრდნობა კომპლექსურ, ინტერდისციპლინარულ მეთოდოლოგიას, კერძოდ, დოკუმენტური ანალიზის, შედარების, კლასიფიკაცია/სისტემატიზაციის, კონტენტ-ანალიზსა და მონაცემების სინთეზს. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია სხვადასხვა თეორიული ნაშრომი, რაც ეხება როგორც ეკონომიკურ ცნობიერებას, ასევე ზოგადად, ეკონომიკური კონცეპტების შესწავლის პროცესს. შედარებულია სხვადასხვა მეცნიერის მიერ ადრეული განათლების პერიოდის ბავშვის განვითარების ეტაპების კლასიფიკაცია და გამოკვეთილია კვლევის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი. კვლევის პროცესში მოხდა თეორიების დაჯგუფება/კლასიფიკაცია მათი საკვანძო საკითხებისა და სხვა კრიტერიუმებით და ცალკეული კონცეპტები განხილულია კონტენტ-ანალიზის მეთოდოლოგიით. საბოლოოდ მიღებულია შედეგები, რომელიც ნაშრომის საკვანძო მიმართულებებს – ეკონომიკურ ცნობიერებას, ეკონომიკურ განათლებას და ადრეულ განათლებას ერთიან სინთეზით წარმოაჩენს.
კვლევის ჰიპოთეზა კი ადრეულ ასაკში ეკონომიკურ განათლებასა და ეკონომიკური ცნობიერების გაძლიერებას განიხილავს, როგორც წარმატებული მოქალაქის აღზრდა/ჩამოყალიბების ფუნდამენტს.
საბაზისო ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში
ადამიანი დაბადებიდან იწყებს თანდაყოლილი ცალკეული უნარის გამოვლენას, რომელთა განვითარება-ფორმირება ხდება სწავლა/სწავლების პროცესში.
ადრეულ ასაკში განათლება ქმნის საფუძველს ბავშვის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის, რომელზეც შენდება განათლების შემდგომი ეტაპები. ბავშვის ადრეულ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ადამიანკაპიტალის განვითარების და მოქალაქეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზების, მათი მრავალმხრივი განვითარების, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების პირობაა და დადებითად აისახება არამარტო ბავშვების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და სწავლაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორად დაგეგმილი ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივი უნარის განვითარებას, სკოლისთვის მის მომზადებას და წარმატებას მომავალ ცხოვრებაში. ადრეული ასაკიდან იწყება ბავშვებში კოგნიტური, ზნეობრივი, ესთეტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება, საგნებისა და მოვლენების აღქმა.
„ადამიანის განვითარება გარემოსა და თანდაყოლილი ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. გარემო ფაქტორებში მოიაზრება, როგორც ბავშვის გარშემო არსებული ფიზიკური გარემო-ბაზისური უნარების დაკმაყოფილების საშუალებები (საკვები, წყალი, სითბო), სწორად შერჩეული სათამაშოები და ინვენტარი, ასევე სააღმზრდელო გარემოფაქტორები, რომლებშიც იგულისხმება ფსიქოლოგიური კლიმატი, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მიდგომები, თამაშისა და მეცადინეობის აქტივობა, ის სამეტყველო ლექსიკა, რომელსაც ბავშვთან საუბრისას ვიყენებთ, მისდამი განწყობა, მოლოდინები, მიმართვის ფორმები, მის მიმართ გამოხატული გრძნობები“ - აღნიშნავს ფსიქოლოგი თ. ისაკაძე ნაშრომში - „ბავშვთა ფსიქოლოგიის დღიურები“ (ისაკაძე, 2017). სწორედ ამიტომ ადრეული განათლების სასწავლო დაწესებულებები უნდა იყოს სივრცე, სადაც ბავშვები მარტივი ტექსტებით, მათთვის გასაგები ენით ეზიარებიან ეკონომიკურ, ფინანსურ ცნებებს, ვინაიდან სწორედ ეკონომიკური ცნობიერება და საბაზისო ფინანსური ცნებების გააზრება უზრუნველყოფს ადრეული ასაკიდან ბავშვის სათანადოდ მომზადებას ცხოვრებისათვის და ზოგადად სოციუმის დამოუკიდებელი წევრობისათვის.
ამასთანავე, საბავშვო ბაღს ჩვენ განვიხილავთ როგორც აკადემიური ინსტიტუციის კატეგორიას და სწორედ ამას ეყრდნობა ჩვენი ძირითადი დებულებები, კერძოდ, ადრეულ ასაკში საბავშვო ბაღს შეუძლია ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბება/განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სხვადასხვა კონცეპტის განხილვა-სწავლებით და მათ შორის დამოუკიდებელი ცხოვრების უმთავრესი უნარების გაძლიერებით, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ ცნობიერებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავეცნოთ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვთა ასაკობრივ კლასიფიკაციას, პედაგოგების, ფსიქოლოგების მოსაზრებებს, განსაკუთრებით კი, უფროსი სკოლამდელი – 4-დან 6-წლის ჩათვლით ასაკის ბავშვთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და მიდგომებს.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა განვსაზღვროთ ბავშვებში ადრეული განათლების ის ასაკი, როდესაც შესაძლებელია ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება/გაძლიერება. ჩვენი სამეცნიერო გუნდის მიერ შემოთავაზებულია ბავშვთა 4 დან 6 წლის ჩათვლით ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ეყრდნობა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების მიხედვით ბავშვთა ასაკობრივ პერიოდიზაციას მათი განვითარებისა და კოგნიტური ფუნქციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო კვლევებითა და სტანდარტებით ადრეული ასაკის ბავშვთა განსაზღვრებასა და საქართველოს კანონმდებლობით ადრეული ასაკის ბავშვის დეფინიციას.
ისევე როგორც სხვა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოსაც საბაზრო ეკონომიკის დიდი ხნის ისტორია არ აქვს, თუმცა, პოსტკომუნისტური სამყაროს რამდენიმე ქვეყანამ დაასრულა ევროპული ტიპის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა (Papava, 2013). პროფესორი ე. მექვაბიშვილი აღნიშნავს: სახელმწიფო სისტემის ფუნდამენტური ელემენტი ეკონომიკაა, ვინაიდან სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანთა კეთილდღეობას და მასზეა დამოკიდებული ინდივიდთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა (მექვაბიშვილი, 2019), ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული განათლებასთან და განათლებულ სოციუმთან. ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის მნიშვნელოვან ფაქტორად ადამიანურ ფაქტორს მიიჩნევს აკადემიკოსი ვლ. პაპავა (Papava, 2006) და აღნიშნავს, რომ დღეისათვის აშკარად არასაკმარისია ადამიანის მხოლოდ homo economicus - ის ძალზე გამარტივებული მოდელით ოპერირება. აუცილებელია, ეკონომიკურ კვლევაში სულ უფრო მრავალფეროვნად იქნეს წარმოჩენილი ადამიანისეული ფაქტორი, რაც სოციალურ მეცნიერებათა სხვა დარგების (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტოლოგია) მიღწევათა კომპლექსური გამოყენებითაა შესაძლებელი (Papava, 2018). აქვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე - ადამიანისეული ფაქტორის განვითარებაში უმაღლესი განათლების დაფინანსების განმსაზღვრელ როლზე საყურადღებო ნაშრომია “The Models of Matching Financial Development and Human Capital in National Economy” (Laktionova, Koval, Savina, & Gechbaia, 2021).
წლების წინ, ეკონომიკურ-სოციალური საბაზისო კონცეპტები და ზოგადად საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები, უმაღლესი განათლების საფეხურზე-უნივერსიტეტში ისწავლებოდა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკაზე სრულად გადასვლის პარალელურად, გარდაუვალი და აუცილებელი გახდა სასკოლო ასაკიდან ეკონომიკურ განათლებასა და აღზრდაზე ფიქრი. ამიტომ, ბოლო წლებში უკვე სკოლის სხვადასხვა საგნებსა და სახელმძღვანელოებშიც გაჩნდა საბაზისო ინფორმაცია ეკონომიკასა და ეკონომიკურ ცნებებზე. ადრეული განათლების - „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“ - კი აქცენტირებს ბავშვის განვითარების მხოლოდ ხუთ ძირითად სფეროზე:
1) ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
2) სწავლისადმი მიდგომა;
3) სოციალურ-ემოციური განვითარება;
4) შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა;
5) მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება.
სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ამ დოკუმენტითაც არ არის საბაზისო ეკონომიკური განათლება სასკოლო მზაობის სტანდარტებში, რაც არ არის თანხვედრაში საერთაშორისო თეორიულ დებულებებთან ადრეული განათლების შესახებ, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ პრაქტიკასთან.
როგორც განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის (2017-2021წწ) სტრატეგიული ამოცანებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, “2016 წლამდე საქართველოს სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ სააღმზრდელო ფუნქციას ასრულებდნენ და ორიენტირებულები იყვნენ ბავშვის მოვლაზე. იგნორირებული იყო განათლების კომპონენტი, შესაბამისად, დაბალი იყო ბავშვების სკოლისათვის მომზადების დონე” (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2017). მაშინ, როცა ადრეული განათლების კლასიკოსები სწორედ ამ პერიოდს მიიჩნევენ განათლების ფუნდამენტურ ასაკად.
ჟ. პიაჟეს „კოგნიტური განვითარების თეორიის“ მიხედვით, ბავშვის კოგნიტური განვითარება შეიძლება ოთხ თანმიმდევრულ, ცალკეულ სტადიად დაიყოს, კერძოდ:
1) სენსომოტორული ეტაპი;
2) წინაოპერაციული/პრეოპერაციული ეტაპი;
3) კონკრეტული ოპერაციების ეტაპი;
4) ფორმალურ-ოპერაციული ეტაპი;
ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, მარტივიდან სქემები რთულ კოგნიტურ სტრუქტურებად გარდაიქმნება. 2-7 წელი არის ის ასაკი, როცა ვხვდებით სიმბოლური ფუნქციის განვითარებას - მეტყველება, სიმბოლური თამაში, გარკვეული ტიპის შინაგანი მიბაძვა, რაც ხატოვანი აზროვნების განვითარების საფუძველს წარმოადგენს. პიაჟეს მოსაზრებით, ბავშვებს სწორედ ამ ასაკში შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი აზრები და მიიღონ ინფორმაცია ენის საშუალებით, რაც ადრე მათთვის შესაძლებელი არ იყო (მელიქიშვილი, 2012).
დ. უზნაძე ნაშრომში - „ბავშვთა ფსიქოლოგია“, ბავშვთა ასაკობრივ კლასიფიკაციაში ბიოლოგიური ნიშნის შესახებ საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს. როგორც ავტორი აღნიშნავს „უდიდესი ჯგუფი ბავშვობის ასაკის პერიოდიზაციის ავტორებისა ბიოლოგიური ფაქტორების თვალსაზრისზე დგას და პერიოდების ჩამოყალიბების საფუძვლად რაიმე, მისი აზრით ძირითად ბიოლოგიურ ნიშანს აყენებს. ამ უკანასკნელის განვითარების პერიოდები, ამისდა მიხედვით, ბავშვის ყოველმხრივი განვითარების პერიოდებად ხდება“ (უზნაძე, 2005).
ამავე ნაშრომში დიმიტრი უზნაძე, ბავშვის 4 წლის შემდეგ 6-7 წლამდე ასაკის პერიოდს, წინასასკოლო პერიოდად მოიხსენიებს და განმარტავს: „ბავშვი ახლა სულ უფრო და უფრო შორდება ოჯახს და შედარებით მეტ დამოუკიდებლობას ეჩვევა, იგი ახალ გარემოში დგება, რაც პედაგოგიკურ მოთხოვნილებათა მიხედვით არის ორგანიზებული და ამდენად მისი განვითარებისთვის შედარებით უფრო რაციონალურ პირობებს შეიცავს. ბავშვი საბავშვო ბაღში შედის, სადაც მისი გარემოს ორგანიზაციას კვლავ ზრდადასრულ, მაგრამ ახლა უკვე უცხო ადამიანები, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები, ახდენენ. ბავშვი მათი ხელმძღვანელობით იზრდება და ეს ზრდა თანატოლების წრეში წარმოებს, რაც მის წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. ამრიგად, იწყება განვითარების ახალი პერიოდი, რომელიც 6-7 წლამდე გრძელდება და სკოლის წინა ასაკის სახელწოდებით არის ცნობილი”.
ამრიგად, ჩვენ მიერ განხილულ ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ადრეულ განათლებაში საბაზისო ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება/გაძლიერების შესაძლებლობის, ოპტიმალური ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფია 4 დან 6 წლის ჩათვლით, ანუ სკოლამდელი ასაკი.
ბავშვის ასაკის და განვითარების ეტაპების ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-სამართლებრივი საფუძვლები
განათლების მიღება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და სწორედ ადრეული ასაკიდან ამ უფლების დაცვასა და რეალიზებას ეხება საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები, რომლის მონაწილეც არის საქართველო. განათლების უფლებას იცავს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი, 1995).
განათლება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე მუხლში შემდეგნაირადაა დეკლარირებული:
„1 მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით განხორციელების მიზნით ისინი აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას; ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ ხელმისაწვდომობას და ღებულობენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო განათლების შემოღება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა; ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ყველასათვის თითოეულის უნარის შესატყვისად; უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის; ღებულობენ ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და სკოლიდან განთესილ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად“ (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 1989).
ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლი საშუალებას იძლევა ბავშვთა ასაკის კატეგორიზაცია მოხდეს სხვა ნიშნითაც, კერძოდ: „ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად”.
საქართველოს კანონი – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”, მე-20 მუხლით განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების ეტაპებს წლების მიხედვით, კერძოდ:
• 2-დან 3 წლამდე − სკოლამდელი განათლების პირველი ეტაპი;
• 3-დან 4 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-2 ეტაპი;
• 4-დან 5 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-3 ეტაპი;
• 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე − სკოლამდელი განათლების მე-4 წელი − ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა (საქართველოს პარლამენტი, 2016).
ასაკობრივ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე სხვადასხვა დოკუმენტში არსებული დეფინიციები, მაგალითად, 2019 წლის “ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში” ვკითხულობთ: “დაბადებიდან ხუთ წლამდე ასაკი საოცრად სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა, სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას“ (ჯიჯავაძე & კუხალეიშვილი, 2019).
ადგილობრივი კანონმდებლობისა და სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები და ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკა. მაგალითად: UNICEF-ის განმარტებით, ადრეული ბავშვობა, რომელიც მოიცავს 8 წლამდე პერიოდს, კრიტიკულია კოგნიტური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის (UNICEF, 2023). ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ეროვნული ასოციაცია (NAEYC) - შეერთებული შტატები: NAEYC განსაზღვრავს ადრეულ ბავშვობას, როგორც პერიოდს დაბადებიდან 8 წლამდე (NAEYC, 2020). საგანგებო სიტუაციებში განათლების უწყებათაშორისი ქსელის (Inter-agency Network for Education in Emergencies (INEE) - განმარტებით ადრეული ასაკის ბავშვის პერიოდი მოიცავს სწრაფი და კრიტიკული განვითარების პერიოდს - ჩასახვიდან 8 წლამდე (INEE, 2018). პედიატრიის ამერიკული აკადემიის მიხედვით (AAP), ადრეული ბავშვობა არის ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც იწყება დაბადებიდან 8 წლამდე. ეს არის ტვინის და სხეულის სწრაფი განვითარების პერიოდი. სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ წამში ყალიბდება 1 მილიონზე მეტი ახალი ნერვული კავშირი (American Academy of Pediatrics). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ადრეული ბავშვობა განიმარტება (განისაზღვრება) როგორც პრენატალური განვითარების პერიოდი რვა წლამდე (World Health Organization, 2007). UNESCO-ს განმარტებით დაბადებიდან რვა წლამდე პერიოდი არის ბავშვების ტვინის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი და წარმოადგენს განათლების შესაძლებლობის მნიშვნელოვან ფანჯარას. იუნესკოს მიაჩნია, რომ ბავშვობის ადრეული ზრუნვა და განათლება (ECCE), რომელიც მართლაც ინკლუზიურია, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მომზადება დაწყებითი სკოლისთვის (UNESCO).
კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბავშვის ასაკის და განვითარების ეტაპების ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-სამართლებრივი საფუძვლები ჰარმონიაშია ერთმანეთთან და სრულიად შეესაბამება საყოველთაოდ დამკვიდრებულ ნორმებს, ამასთანავე, სამეცნიერო ნაშრომების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეცნიერები ბავშვის განვითარების ეტაპებს ყოფენ სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგრამ ფუნდამენტური კლასიფიკაცია მოიცავს ბავშვის ფიზიკურ, კოგნიტურ, მეტყველების/ენობრივ და სოციალურ-ემოციური განვითარების კატეგორიებს.
ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მნიშვნელობა ადრეულ ასაკში
ადრეული ასაკის ბავშვებში საბაზისო ელემენტარული ეკონომიკური ინფორმაციის მიწოდებისა და საბაზისო ეკონომიკური ცნებების სწავლების აუცილებლობა არის მრავალი საერთაშორისო კვლევის თეორიულ-პრაქტიკული საფუძველი, რომელმაც არაერთი მეცნიერის ნაშრომში ჰპოვა ასახვა; მათგან საყურადღებოა უცხოელი ავტორები, კერძოდ, ჟ. პიაჟეს (Piaget, J. 1990) მოსაზრებით: „სწორედ ბავშვებთან გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა შევისწავლოთ ლოგიკური ცოდნის, მათემატიკური ცოდნის, ფიზიკური ცოდნისა და ა. შ. განვითარება”. ჰ. ჰანსენის მტკიცებით, ადრეულ ასაკში გაგებული ტერმინოლოგია, მისი მნიშვნელობა და დამოკიდებულებები უფრო ეფექტური სწავლისა და მისტიურობის ტრამპლინად გვევლინება შემდგომ სკოლასა და ცხოვრებაში (Hansen, 1985). ბავშვების ფინანსური განათლების მნიშვნელობა სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს თანამედროვე სამყაროში. ბევრს მიაჩნია, რომ დღევანდელ სამყაროში, ფინანსური განათლება უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო უნარია. განმანათლებლები, სკოლის რეფორმატორები და სხვები ფინანსურ განათლებას 21-ე საუკუნის იმ უნარად მიიჩნევენ, რომელიც უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს (Masnan & Curugan, 2016).
დაწყებით საფეხურზე ეკონომიკის სწავლების კურიკულუმის ეტალონს „Our Working World“ წარმოადგენდა, რომელიც 1950 წელს ლოურენს სენეშმა (Lawrence Senesh) შეიმუშავა. სახელმძღვანელოების გამოყენებით ეკონომიკის სწავლების გარდა, სენეში ასევე ხაზს უსვამდა საბავშვო ლიტერატურის გამოყენების მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური ცნებების ილუსტრირების საშუალებას. ის ამტკიცებდა, რომ ძირითადი ცნებები მართლაც შეიძლება ვასწავლოთ ადრეული ასაკის ბავშვებს მარტივი მოთხრობებით, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ბავშვის რუტინულ ცხოვრებაში პრაქტიკულ საკითხებთან. იგი იყენებდა ისეთ მოთხრობებს, რომლებიც სპეციალურად იყო დაწერილი ეკონომიკის გაკვეთილებისთვის, ზოგადი საბავშვო ლიტერატურისგან განსხვავებით (Rodgers, Hawthorne, & Wheeler, 2004).
ასევე საინტერესოა ავტორთა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ადრეული ასაკის მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე - საბავშვო ბაღიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, უკვე ფართოდ ეცნობიან სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებს და იძენენ ამ ახალი ცოდნის გამოყენების უნარებს. დაწყებით საფეხურზე ნასწავლი პრინციპები ბავშვებისთვის გადამწყვეტია მათ ირგვლივ არსებული ეკონომიკური სამყაროს შესახებ საბაზისო ცოდნის მისაღებად. ადრეულ საფეხურზე საკვანძო ეკონომიკური პრინციპების გაგება მოსწავლეებს შემდგომ საფეხურზე დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბოლოო ანგარიშით, მათ კეთილდღეობაზე აისახება (Rodgers, Hawthorne, & Wheeler, 2004). ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცხოვრებისთვის მომზადება ფსიქოლოგიური მუშაობისთვის, შრომის მნიშვნელობის რწმენითა და შეგნებით და აქტიური მონაწილეობით ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მშენებლობის ახალ პროცესში (Tavdgiridze & Sherozia, 2017). ასევე, ეკონომიკური ცნობიერების პარალელურად, მნიშვნელოვანია ბავშვები კარგად იცნობდნენ ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირში მყოფ საბაზისო სამართლებრივ ცნებებს, მაგალითად, შრომით უფლებებსაც, რაც ასევე ბავშვებში შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის საფუძველი იქნება (Katamadze , Tavdgiridze, & Bolkvadze, 2023).
ეკონომიკური განათლება ზოგადად დაკავშირებულია უნივერსიტეტის კურიკულუმთან. თუმცა, ზოგიერთი ეკონომიკური ასპექტის ცოდნა სასურველი და უმნიშვნელოვანესია უკვე დაწყებით დონეებზე. თუკი ვთვლით, რომ მოქალაქეს ეკონომიკის პრინციპების, თუნდაც მინიმალური გაგება უნდა ჰქონდეს, ეს ცოდნა სკოლაში უნდა მიიღოს. ბევრი მათგანისთვის კოლეჯი უკვე დაგვიანებულია, ბევრისთვის უმაღლესი სკოლაც დაგვიანებულია. ზოგჯერ ეს სკოლის დაწყებითი სკოლის დონეზე უნდა გაკეთდეს. ბავშვებს ამ ასაკში უდიდესი ინტერესი აქვთ თუ „როგორ და საიდან“ მოდის ის პროდუქტები თუ მომსახურებები, რომლებთანაც მათ ყოველდღიური შეხება აქვთ (Bruker, 1970).
აღსანიშნავია, რომ ადრეულ განათლებაში ეკონომიკური ცნობიერებისა და ზოგადად ეკონომიკურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად განიხილება ქართულ სამეცნიერო სივრცეებში. ამ საკითხის მნიშვნელობა და არსი ძირითადად განიხილება სასკოლო განათლების საფეხურზე (ნ. ჭიაბრიშვილი, რ. ირემაშვილი და სხვა).
კოლინსისა და ოდერს-უაიტის (2015) თანახმად, „სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება ეკონომიკური და ფინანსური განათლების ადრეულ წლებში დაწყების სასარგებლოდ. კოგნიტური განვითრების შესახებ კვლევებმა აჩვენეს, რომ ფულის დაგროვებასთან დაკავშირებული კონცეპტების გაგება შეიძლება ჩამოყალიბდეს ადრეული ასაკიდანვე“ (Collins & Odders-White, 2015).
ჰოლდენი ბავშვების მიერ პირად ფინანსებთან და მასთან ერთად ეკონომიკურ ცნობიერებასთან დაკავშირებით კოგნიტური განვითარების სამ გამორჩეულ თეორიულ მიდგომას გვთავაზობს. პირველი მათგანია ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარება, რომელიც იკვლევს ზოგადი განვითარების პროცესებს და იმ შეზღუდვებს, რომლებიც გამოირჩევა ბავშვის აზროვნებაში განვითარების კონკრეტულ ეტაპზე. მეორე მიდგომას წარმოადგენს გამოცდილებისა და სწავლის როლი, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების ინდივიდუალური შემეცნების უნარს; ხოლო მესამე კი თეორიული მიდგომაა, რომელიც ფოკუსირებულია მომწიფებაზე, კერძოდ კი - ტვინის განვითარებაზე. ამ სამ თეორიულ მიდგომაზე დაყრდნობით, მკვლევარმა განიხილა ბავშვების ზოგადი კონცეპტუალური განვითარება და ასევე, ისეთი ფინანსური და ფართო გაგებით ეკონომიკური კონცეპტების შეცნობა ბავშვების მიერ, როგორიცაა: რიცხვები, დრო, ფული, შემოსავალი, ბაზარი და საქონლის გაცვლა, რესურსების გადანაწილება, სოციალური ღირებულებები და ჩამოაყალიბა მოსაზრება, ადრეულ ასაკში ფინანსური და ეკონომიკური განათლების სასარგებლოდ (Holden, Kalish, Scheinholz, Dietrich, & Novak, 2009).
ისეთი სასწავლო თეორიები, როგორიცაა: პიაჟეს კოგნიტური სწავლის თეორია, ჯერომე ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის თეორია და ალბერტ ბანდურას სოციალური შესწავლის თეორია, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადრეულ ასაკში ფინანსური განათლების მხარდასაჭერად. ყველა ეს თეორია მხარს უჭერს ინტეგრაციის პრინციპებს. სწორედ ინტეგრაციის პროცესშია შესაძლებელი ფინანსური კონცეპტების სხვადასხვა სასწავლო სფეროში ჩართვა - ამ შემთხვევაში ბავშვები სწავლობენ ფულის მნიშვნელობას და ამასთან ღებულობენ არსებითი მნიშვნელობის ცოდნასა და უნარებს (Masnan & Curugan, 2016).
ადრეულ ასაკში გაგებული ტერმინოლოგია, მისი მნიშვნელობა და დამოკიდებულებები უფრო ეფექტური სწავლისა და მისტიურობის ტრამპლინად გვევლინება შემდგომ სკოლასა და ცხოვრებაში (Hansen, 1985). ნობელის პრემიის ლაურეატს ჯეიმს ჰეკმანს მიაჩნია, რომ განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით, სწორედ სკოლამდელ განათლებაში ჩადებულ თანხას მოაქვს ყველაზე დიდი “მოგება” წლების შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ყოველ 1 დოლარზე 7 დოლარს უდრის (U.S. Senate, 2014).
ამრიგად, ეკონომიკური ინფორმაციის მიწოდება და საბაზისო ეკონომიკური ცნებების სწავლება ადრეული ასაკის ბავშვებში აუცილებელია, როგორც წარმატებული მოქალაქის აღზრდა/ჩამოყალიბების ფუნდამენტი.
დასკვნა
• როგორც კვლევამ გამოავლინა, ეკონომიკური ცნობიერების შესახებ სამეცნიერო კვლევები საქართველოში ადრეული განათლების მიმართულებით, თითქმის არ მოგვეპოვება. ვფიქრობთ, ადრეულ ასაკში ეკონომიკური განათლების მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა კვლევის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოში უფრო ფართოდ და სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი ეს მიმართულება და კომპლექსურად, მეცნიერების ჩართულობით შემუშავდეს ადრეული ასაკის ბავშვებში ეკონომიკური ცნობიერების განვითარების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
• ეკონომიკური ცნობიერების განვითარება-გაძლიერება და საბაზისო ეკონომიკური კონცეპტების მარტივი ენით შესწავლა/განხილვა, ადრეული ასაკის ბავშვებში (ჩვენი კლასიფიკაციით 4-დან 6 წლის ჩათვლით) არის მომავალი წარმატებული მოქალაქეებისა და ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი უნარებით აღჭურვილი ადამიანების ჩამოყალიბების ფუნდამენტი;
• ბავშვის ასაკის და განვითარების ეტაპების ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-სამართლებრივი საფუძვლები ჰარმონიაშია ერთმანეთთან და სრულიად შეესაბამება საყოველთაოდ დამკვიდრებულ ნორმებს;
• სამეცნიერო ნაშრომების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მეცნიერები ბავშვის განვითარების ეტაპებს სხვადასხვა კრიტერიუმით ყოფენ, მაგრამ ფუნდამენტური კლასიფიკაცია მოიცავს ბავშვის ფიზიკურ, კოგნიტურ, მეტყველების/ენობრივ და სოციალურ-ემოციური განვითარების კატეგორიებს.
• ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი კლასიფიკაცია მათი განვითარებისა და შესაძლებელობების მიხედვით, ფართოდ არის განხილული ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ნაშრომებში, თუმცა, უშუალოდ ეკონომიკური ცნობიერებისა და ეკონომიკური კონცეპტების სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებით კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი გამოკვეთილი არ არის;
• ჩვენ მიერ განხილულ ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, ადრეულ განათლებაში საბაზისო ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება/გაძლიერებისათვის ოპტიმალურ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფად განისაზღვროს 4 დან 6 წლის ჩათვლით, სკოლამდელი, ანუ ადრეული განათლების ასაკი.
• ადრეულ ასაკში ეკონომიკური ცნობიერების ჩამოყალიბება და გაძლიერება უზრუნველყოფს განათლების შემდგომი ეტაპებისათვის მოსწავლის/სტუდენტის მზაობას ზოგადად სოციალური მეცნიერებების საკვანძო საკითხების ფუნდამენტურად შესასწავლად.
• მიგვაჩნია, რომ საბავშვო ლიტერატურა, კერძოდ ეკონომიკურ-სოციალური თემატიკის ზღაპრები, ლექსები, მოთხრობები სწორედ ის მასალაა, რომლის სათანადო მეთოდოლოგიით ბავშვებისთვის სწავლება პირდაპირ უზრუნველყოფს ეკონომიკურ განათლებასა და ეკონომიკური ცნობიერების გაძლიერებას.
ლიტერატურა:
• გაეროს ბავშვთა ფონდი. (2018). ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
• გაეროს ბავშვთა ფონდი (2018). აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
• ირემაშვილი რ. (2000). ეკონომიკური კულტურის აღზრდა სკოლაში. სკოლაში სააღმზრდელო მუშაობის აქტუალური პრობლემები (გვ. 257-301). ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი, თბილისი.
• ისაკაძე თ. (2017). ბავშვთა ფსიქოლოგიის დღიურები. თბილისი.
• მელიქიშვილი მ. (2012). ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი.
• მექვაბიშვილი ე. (2019). სახელმწიფოს ეკონომიკური როლი გლობალიზაციის პირობებში. გლობალიზაცია და ბიზნესი, N8, გვ.22-33. თბილისი.
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (2017). https://mes.gov.ge/uploads/files/strategiis_angarishi.docx
• საქართველოს პარლამენტი (2016,06.08). საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3310237?publication=13
• საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი (1995,24 აგვისტო). საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
• საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (1989,11,20). კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0
• უზნაძე დ. (2005). ბავშვის ფსიქოლოგია. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი.
• ჯიჯავაძე ნ., & კუხალეიშვილი თ. (2019). ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი. თბილისი: გაეროს ბავშვთა ფონდი.
• ჭიაბრიშვილი ნ. (2015, აპრილი 17). ეკონომიკური წიგნიერება როგორც „თამაშის წესების" გაცნობა. mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=1714
• American Academy of Pediatrics. (n.d.). Early Childhood. Retrieved from https://www.aap.org/en/patient-care/early-childhood/#:~:text=Early%20childhood%20is%20a%20pivotal,(Center%20for%20Developing%20Child)
• Berti A. E. (1988). The child's Construction of Economics. Editions de la Maison des Sciences de l'Homme.
• Bruker M. R. (1970). Economic Education in the Elementary School. Peabody Journal of Education, 47(4), 238-242.
• Berk L. E. (1992). Children’s Private Speech: An overview of Theory and the Status of Research. Private speech: From Social Interaction to Self-Regulation, 17-53.
• Collins J. M., & Odders-White, E. (2015). A Framework for Developing and Testing Financial Capability Education Programs Targeted to Elementary School. The Journal of Economic Education, 46, 105-120.
• Froebel Web. (2004). Kindergarten. https://www.froebelweb.org/web7020.html
• Entrepreneur საქართველო. (2023, თებერვალი 24). ეკონომიკის ცოდნა, როგორც უკეთესი მომავლის წინაპირობა, https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/ekonomikis-tsodna/446387
• Hansen H. S. (1985). The Economics of Early Childhood Education in Minnesota. The Journal of Economic Education Vol. 16, No. 3, 219-224.
• Holden K., Kalish C., Scheinholz L., Dietrich D. & Novak B. (2009). Financial Literacy Programs Targeted on Pre-School Children: Development and Evaluation. University of Wisconsin-Madison.
• INEE (2018). Early Childhood Development. https://inee.org/collections/early-childhood-development.
• Katamadze G., Tavdgiridze L. & Bolkvadze M. (2023). Child Labour Exploatation: Politics, Law and Social Attitudes in Georgia. Science, Business, Innovation in Digital Economy, 4, 24-33.
• Laktionova O., Koval V., Savina N., & Gechbaia B. (2021). The Models of Matching Financial Development and Human Capital in National Economy. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, 177-184.
• Masnan H. A., & Curugan A. A. (2016). Financial Education Program for Early Childhood Education. International Journal of Academic Research in Business and Social Sciences, 6(12), 113-120.
• NAEYC (2020). Developmentally Appropriate Practice (DAP) Position Statement.
• Papava V. (2006). Economic Transition to European or Post-Communist Capitalism. SSRN Electronic Journal, 1-16.
• Papava V. (2013). On the Vector of Economic Development of Post-Communist Georgia. SSRN Electronic Journal, 1-19.
• Papava V. (2018). THE CRISIS OF ECONOMICS AND FOR SEARCH OF THE NEW PARADIGM. Globalization and Buziness, 3(6), 15-27.
• Piaget J. (2003). Part I: Cognitive Development in Children--Piaget Development and Learning. Journal of research in science teaching, 40.
• Rodgers V. Y., Hawthorne S., & Wheeler C. R. (2004). Teaching Economics in the Primary Grades: Standards and Strategies*. SSRN Electronic Journal, 1-37.
• Strauss A. L. (1952). The Development and Transformation of Monetary Meanings in the Child. American Sociological Review, 17(3), 275-286.
• Tavdgiridze L., & Sherozia N. (2017). Labor as a Condition for Successful Society. VIII International Scientific-Methodological Conference Proceedings (p. 39). Kutaisi Akaki Tsereteli State University.
• Todorova M. (2014). Increasing Economic Literacy in Preschool Children .
• Todorova M. (2011). Mastering of Elementary Knowledge of Economics in Preschool Age as Investment in the Future. Management and Education, 7(booklet 4).
• UNESCO (n.d.). Early Childhood Care and Education. https://www.unesco.org/en/early-childhood-education.
• UNICEF (2023, May). Early Childhood Development. https://data.unicef.org/topic/early-childhood-development/overview/
• U.S. Senate. (2014). Departments of Labor, Health and Human Services, and Education, and Related Agencies Appropriations for Fiscal Year 2014. Washington : U.S. Government Pronting Office.
• World Health Organization (2007, March 14). Early Child Development : a Powerful Equalizer. https://www.who.int/publications/i/item/early-child-development-a-powerful-equalizer-final-report-for-the-world-health-organization-s-commission-on-the-social-determinants-of-health
References:
• UNICEF. (2018). adreuli da skolamdeli aghzrdisa da ganatlebis sakhelmtsipo standartebi. [State Standards for Early and Preschool Education. Tbilisi: UNICEF and The Ministry of Education and Science.] in Georgian
• UNICEF. (2018). aghmzrdel-pedagogis propesiuli standarti. [Professional Standards for Educators. Tbilisi: UNICEF and The Ministry of Education and Science.] in Georgian
• Iremashvili R. (2000). ekonomikuri kulturis aghzrda skolashi. [Promotion of Economic Culture in Schools. Actual Problems of Educational Works at School (pp. 257-301). Tbilisi. I. Gogebashvili National Institute of Pedagogical Sciences.] in Georgian
• Isakadze T. (2017). bavshvta psikologiis dghiurebi. [Diaries of Child Psychology. Tbilisi.] in Georgian
• Melikishvili M. (2012). Jean Piaget's kognituri ganvitarebis teoria. [Jean Piaget's Theory of Cognitive Development. Tbilisi: National Centre for Teacher Professional Development.] in Georgian
• Mekvabishvili E. (2019). sakhelmtsipos ekonomikuri roli globalizatsiis pirobebshi. [The Economic Role of the State in Conditions of Globalization. Globalization and Business, N8, 22-33.] in Georgian
• The Ministry of Education and Science of Georgia. (2017). https://mes.gov.ge/uploads/files/strategiis_angarishi.docx
• The Parliament of Georgia. (2016, 06 08). Law of Georgia on Early and Preschool Education. Retrieved from Legislative Herald of Georgia: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3310237?publication=13
• The Parliament of the Republic of Georgia. (1995, 24 August). Constitution of Georgia. Retrieved from Legislative Herald of Georgia: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
• Ministry of Foreign Affairs of Georgia. (1989, 11 20). Convention on the Rights of the Child. Retrieved from Legislative Herald of Georgia: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0
• Uznadze D. (2005). bavshvis psikologia. [Child Psychology. Tbilisi: Georgian SSR Academy of Science D. Uznadze Institute of Psychology] in Georgian
• Jijavadze N., & Kukhaleishvili T. (2019). adreuli da skolis ganatlebis khariskhis standartis gzamkvlevi. [Quality Standard Guide for Early Childhood and Preschool Education. Tbilisi: UNICEF.] in georgian
• Chiabrishvili N. (2015, April 17). ekonomikuri tsigniereba rogorts "tamashis tsesebis" gatsnoba. [Economic Literacy as Familiarization with the "Rules of the Game". Retrieved from mastsavlebeli.ge: https://mastsavlebeli.ge/?p=1714.] in Georgian
• American Academy of Pediatrics. (n.d.). Early Childhood. Retrieved from https://www.aap.org/en/patient-care/early-childhood/#:~:text=Early%20childhood%20is%20a%20pivotal,(Center%20for%20Developing%20Child)
• Berti A. E. (1988). The Child's Construction of Economics. Editions de la Maison des Sciences de l'Homme.
• Bruker M. R. (1970). Economic Education in the Elementary School. Peabody Journal of Education, 47(4), 238-242.
• Berk L. E. (1992). Children’s Private speech: An Overview of Theory and the Status of Research. Private speech: From Social Interaction to Self-Regulation, 17-53.
• Collins J. M., & Odders-White, E. (2015). A Framework for Developing and Testing Financial Capability Education Programs targeted to Elementary School. The Journal of Economic Education, 46, 105-120.
• Froebel Web. (2004). Kindergarten. Retrieved from: https://www.froebelweb.org/web7020.html
• Entrepreneur Georgia. (2023, February 24). ekonomikis tsodna, rogorts momavlis tsina piroba. [Knowledge of Economics as a Prerequisite for a Better Future.] in Georgian. https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/ekonomikis-tsodna/446387
• Hansen H. S. (1985). The Economics of Early Childhood Education in Minnesota. The Journal of Economic Education Vol. 16, No. 3, 219-224.
• Holden K., Kalish C., Scheinholz L., Dietrich D., & Novak B. (2009). Financial Literacy Programs Targeted on Pre-School Children: Development and Evaluation. University of Wisconsin-Madison.
• INEE. (2018). Early Childhood Development. Retrieved from https://inee.org/collections/early-childhood-development.
• Katamadze G., Tavdgiridze L., & Bolkvadze M. (2023). Child Labour Exploitation: Politics, Law and Social Attitudes in Georgia. Access to Science, Business, Innovation in Digital Economy, 4, 24-33.
• Laktionova O., Koval V., Savina N., & Gechbaia B. (2021). The Models of Matching Financial Development and Human Capital in National Economy. BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES, 177-184.
• Masnan H. A., & Curugan A. A. (2016). Financial Education Program for Early Childhood Education. International Journal of Academic Research in Business and Social Sciences, 6(12), 113-120.
• NAEYC. (2020). Developmentally Appropriate Practice (DAP) Position Statement.
• Papava V. (2006). Economic Transition to European or Post-Communist Capitalism. SSRN Electronic Journal, 1-16.
• Papava V. (2013). On the Vector of Economic Development of Post-Communist Georgia. SSRN Electronic Journal, 1-19.
• Papava V. (2018). THE CRISIS OF ECONOMICS AND FOR SEARCH OF THE NEW PARADIGM. GLOBALIZATION AND BUSINESS, 3(6), 15-27.
• Piaget J. (2003). Part I: Cognitive Development in Children--Piaget Development and Learning. Journal of research in science teaching,, 40.
• Rodgers V. Y., Hawthorne S., & Wheeler C. R. (2004). Teaching Economics in the Primary Grades: Standards and Strategies*. SSRN Electronic Journal, 1-37.
• Strauss A. L. (1952). The Development and Transformation of Monetary Meanings in the child. American Sociological Review, 17(3), 275-286.
• Tavdgiridze L., & Sherozia N. (2017). Labour as a Condition for Successful Society. VIII International Scientific-Methodological Conference Proceedings (p. 39). Kutaisi: Kutaisi Akaki Tsereteli State University.
• Todorova M. (2014). Increasing Economic Literacy in Preschool Children.
• Todorova M. (2011). Mastering of Elementary Knowledge of Economics in Preschool Age as Investment in the Future. Management and Education, 7(booklet 4).
• UNESCO. (n.d.). Early Childhood Care and Education. Retrieved from https://www.unesco.org/en/early-childhood-education.
• UNICEF. (2023, May). Early Childhood Development. Retrieved from https://dataunicef.org/topic/early-childhood-development/overview/
• U.S. Senate. (2014). Departments of Labor, Health and Human Services, and Education, and Related Agencies Appropriations for Fiscal Year 2014. Washington: U.S. Government Printing Office.
• World Health Organization. (2007, March 14). Early Child Development: A Powerful Equalizer. Retrieved from https://www.who.int/publications/i/item/early-child-development-a-powerful-equalizer-final-report-for-the-world-health-organization-s-commission-on-the-social-determinants-of-health]
Key words: Economic awareness, education, early education, teaching, preschool children.
JEL Codes: A20, A21, I20, I21