ჟურნალი ნომერი 1 ∘ პაატა კოღუაშვილი ∘ ეთერ ხარაიშვილი ∘ ნინო შენგელია ∘ ტრადიციული სოფლის მეურნეობიდან ინდუსტრიულ (ციფრულ) სოფლის მეურნეობამდეhttps://doi.org/10.52340/eab.2024.16.01.03
ჟურნალი N 1. 2024
„სოფლის მეურნეობა მეცნიერებაზე დამყარებული ინდუსტრიაა“
FAO -ს დეკლარაციიდან
ინდუსტრიულმა რევოლუციამ მსოფლიოში დიდი ცვლილებები განაპირობა. ახალი ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და ინერგებოდა, რამაც სამუდამოდ შეცვალა ადამიანთა ცხოვრებისა და მუშაობის სტილი. უმნიშვნელოვანესი სფერო, რომელმაც ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად არსებითი ცვლილებები განიცადა, სწორედ სოფლის მეურნეობაა, რომელიც ადამიანის მიერ ბუნების გამოყენებისა და მიწათსარგებლობის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ტრადიციული დარგია.
ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ სექტორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გადამწყვეტია ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარებისთვის. სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე სამრეწველო მოთხოვნის ზრდაზე. ანალოგიურად, სამრეწველო სექტორის ზრდა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ სამრეწველო პროდუქტებზე მყიდველობითუნარიანობის გაზრდასა და გადასამუშავებელი ნედლეულის მიწოდების ზრდაზე. ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ გააცნობიერა რა აგროსასურსათო სექტორის ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში, უზრუნველყო ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, საგარეო სავაჭრო ბალანსის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.
საკვანძო სიტყვები: ინდუსტრია 4.0, სოფლის მეურნეობა 4.0, გაციფრება, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, „ჭკვიანი“ მიწათმოქმედება.
შესავალი
ინდუსტრიულმა რევოლუციებმა მოახდინა სოფლის მეურნეობის სექტორის ცვლილება ტრადიციულიდან მექანიზებულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებამდე და თანამედროვე „ჭკვიან“ მიწათმოქმედებამდე. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ სტიმული მისცა ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების განვითარებას, რაც ცვლის წარმოების გლობალურ სისტემას. ინდუს
ტრია 4.0-მა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა გარდაქმნა კიბერ-ფიზიკური სისტემების, ნივთების ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების, დიდი მონაცემების ანალიზისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-მოწყობილობებში ღრუბლოვანი ტექნოლოგიის ინტეგრაციის გამოყენებით. სოფლის მეურნეობა 4.0 წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ციფრულ მოდელს, რომელიც ეფუძნება მაღალეფექტიან საწარმოო პროცესს და ხანგრძლივი ტექნოლოგიური განვითარების შედეგია. ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მდგომარეობის (ინდუსტრიული სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოდელი, წარმოების პროცესი, მიწოდების ჯაჭვი) განხილვა შესაძლებლობას იძლევა რელიეფურად წარმოჩინდეს სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეები, ციფრული სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები და გამოწვევები, მისი მნიშვნელობა ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაში არსებული რიგი მწვავე საკითხების აღმოფხვრაში (Zambon I., Cecchini M., Egidi G., Grazia M. Saporito, Colantoni A. 2019).
ინდუსტრიული რევოლუციები XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც ვითარდება. მთლიანობაში, ის ხუთ ეტაპს მოიცავს. საკითხის რეტროსპექტივის სახით, თავდაპირველად განვიხილავთ პირველ სამ ინდუსტრიულ რევოლუციას, მის ძირითად არსსა და მიღწევებს.
ინდუსტრიალიზაციის პირველი სამი ეტაპის რეტროსპექტივა
1. ინდუსტრია 1.0 – პირველი ინდუსტრიული რევოლუცია მიმდინარეობდა 1760 წლიდან 1830 წლამდე, დაიწყო დიდ ბრიტანეთში და სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში. ამ რევოლუციამ განაპირობა მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული ცვლილებები, რადგან აღნიშნულ პერიოდში შემუშავებულმა ინოვაციებმა გაზარდა ქარხანა-ფაბრიკული წარმოება და შექმნა უფრო სწრაფი გადაადგილებისა და კომუნიკაციის მეთოდები. ამან, თავის მხრივ, გაზარდა საშუალო კლასის შემოსავალი და ცხოვრების დონე; ქალაქებს უფრო სწრაფი განვითარების საშუალება მისცა, ვინაიდან ხალხი ტოვებდა სასოფლო დასახლებებს და ქარხანა-ფაბრიკებში ეძებდა სამუშაოს. გასაგებია, რომ ინდუსტრიული რევოლუციები დაიწყო ეკონომიკურად უკვე განვითარებულ, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებში, რომლებმაც გააფართოვეს თავიანთი ეკონომიკა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მსოფლიო ვაჭრობის ჰეგემონადაც იქცა. მაგალითად, ეს იყო ინგლისი, რომლის უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგია აძლევდა ქვეყანას სტაბილური ხარისხის მქონე სტანდარტიზებული პროდუქციის (იარაღი, შალისა და ბამბის ტექსტილი, თოფის წამალი და სხვა) გამოშვების საშუალებას. სწორედ ამან აქცია დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ვაჭრობის 300-წლიან ჰეგემონად და ლიდერად. ინდუსტრიულ ქვეყნებში განვითარდა უკვე ჩასახული კაპიტალისტური ურთიერთობები, გამძაფრდა და გაღრმავდა გლობალური უთანასწორობა, ჩაისახა სამართლიანობის, სოციალიზმისა და მარქსიზმის იდეები. ამის საპირისპიროდ, არაინდუსტრიალიზებული
ქვეყნები იძულებულნი იყვნენ, ქცეულიყვნენ სანედლეულო დანამატად და შეგუებოდნენ ჩამორჩენას, რომლისთვისაც ობიექტურად იყვნენ განწირულნი (Peter P. Groumpos, 2021).
პირველი ინდუსტრიული რევოლუციის უმთავრეს მონაპოვარს განეკუთვნება ისეთი ეკონომიკური ცნებები და კატეგორიები, როგორიცაა: მექანიზაცია, ორთქლის ენერგია, საფაბრიკო სისტემა, სოციალურ-ეკონომიკური გავლენა საზოგადოებაზე (Ragazou K., Garefalakis A., Zafeiriou E., Passas I. 2022).
2. ინდუსტრია 2.0 – მეორე ინდუსტრიული რევოლუციის (1860-1910 წწ.) დროს საწარმოებმა დაიწყეს ისეთი მასალების გამოყენება, როგორიცაა მსუბუქი ლითონები, იშვიათი მიწაელემენტები, ახალი შენადნობები, სინთეტიკური პროდუქტები (მაგ., პლასტმასი) და ახალი ენერგიის წყაროები. მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელექტროტექნოლოგიების და მასობრივი წარმოების მეთოდების გამოყენებამ. ინოვაციურმა ტელესაკომუნიკაციო საშუალებებმა (ტელეგრაფი, რადიო, გაზეთი) შესაძლებელი გახადა იდეებისა და ახალი ამბების მყისიერი გავრცელება მთელ მსოფლიოში. ამავე პერიოდს განეკუთვნება შრომის მწარმოებლურობაში რევოლუციური გარღვევა: (i) საამწყობო მოძრავი ლენტის – კონვეიერის გამოგონება (ჰენრი ფორდი) და (ii) ტოიოტას კონცერნის მენეჯერის მიერ შემოთავაზებული უდანაკარგო წარმოების (Lean Manufactoring) ინოვაციური სისტემა. მეორე ინდუსტრიული რევოლუციის მიერ შემოტანილმა ორიენტირებმა ახლებურად განსაზღვრა ადამიანთა ცხოვრების, მუშაობისა და ურთიერთობის წესები. პირველი მსოფლიო ომის შემდგომმა დაჩქარებულმა გლობალიზაციამ კი საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკას (Romania I. de Alcantara, João Guilherme Araújo Schmidt, Eduardo C. de Freitas Vian, Belardo G. 2021).
3. ინდუსტრია 3.0 – მესამე ინდუსტრიული რევოლუცია (1960-2010 წწ.) ცნობილია ბირთვული ენერგიის აღმოჩენით, ინტერნეტის გამოგონებით და გაციფრების პროცესით. ეს ეტაპი კოსმოსისა და ბიოტექნოლოგიების შესწავლის და გლობალიზაციის ახალ ხანას წარმოადგენს. გლობალიზაციის მასშტაბი იზრდება; ინტერნეტი სულ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე; ჭკვიანი ციფრული ინფრასტრუქტურა განუწყვეტლივ ვითარდება; თვითმფრინავებისა და საზღვაო გზების შემდგომი განვითარება აიაფებს ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას, რაც აჩქარებს ეკონომიკის განვითარებას. მესამე ინდუსტრიულმა რევოლუციამ წინა პლანზე წამოწია კლიმატის ცვლილების საფრთხე; გლობალური ნახშირბადული კვალის შემცირების აუცილებლობა და მოახდინა ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების პოპულარიზება. ამასთანავე, ამავე პერიოდში გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებლები და გლობალური უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის.
განვიხილოთ, თუ როგორ ვითარდებოდა ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა და რა გავლენა იქონია მასზე პირველმა სამმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ.
სოფლის მეურნეობამ განვითარების გრძელი გზა განვლო სასოფლო-სამეურნეო წარმოების ყველაზე პრიმიტიული ფორმებიდან პოსტინდუსტრიულ მოდელამდე. ტრადიციული სოფლის მეურნეობა დაფუძნებული იყო ინტენსიურ ფიზიკურ შრომაზე და ხასიათდებოდა დაბალი პროდუქტიულობით. სურსათის წარმოების პროცესში მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი იყო ჩართული; აგრარული მეურნეობის განვითარების ამ ეტაპს „1.0“-ით აღნიშნავენ. სოფლის მეურნეობა 1.0-ის (1950 წლებამდე) მახასიათებლებია: დაბალი ენერგოინტენსივობა, დაბალი პროდუქტიულობა, მაღალი შრომატევადობა და მიწების ექსტენსიური გამოყენება. ტექნოლოგიებზე დაბალი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, მიწის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის როგორც სათეს/სარგავად, ასევე მოსავლის ასაღებად ფართოდ გამოიყენებოდა ხელის იარაღები. ყველაზე გამოყენებადი იარაღები იყო: თოხი, ხელის გუთანი, ფიწალი, ფოცხი და ცელი (Peter P. Groumpos, 2021).
XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების მეორე „მწვანე რევოლუციის“ ეტაპი – დაიწყო და აღინიშნება „2.0“-ით (1960-80-იანი წწ.). ამ პერიოდში, შეიქმნა სათესი, სარწყავი, მოსავლის ასაღები და სხვა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ტრაქტორებმა, რომლებიც საწვავად იყენებდნენ ბენზინს ან დიზელს, ორი სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულება დაიწყეს: 1) ითავსებდნენ ენერგიის სტაციონარული წყაროს ფუნქციას (მაგალითად, მოძრაობაში მოჰყავდათ მარცვლეულის გადამამუშავებელი დანადგარები); 2) ჩაანაცვლეს პირუტყვის ძალა გუთანსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობაში. ამგვარად, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ტრაქტორებმა, მათი გამოყენების უნივერსალურობიდან გამომდინარე, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამავე პერიოდში, განვითარდა აგროზოოვეტერინარია; მემცენარეობასა და მეცხოველეობაში დაინერგა მექანიზაციის სისტემები; შემუშავდა ახალი სასუქები, აგროქიმიკატები და პესტიციდები. ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო ცოდნის სისტემამ ძირეული ცვლილებები განიცადა, რაც დადებითად აისახა მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის ზრდაზე.
„ინდუსტრია 2.0“-ის პერიოდში ორთქლის ძალა ჩანაცვლდა ნავთობითა და გაზით. ენერგიის ახალმა წყაროებმა, სატრანსპორტო ინდუსტრიაში განხორციელებულ ინოვაციებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა აგრო-სასურსათო პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდება საკმაოდ შორ მანძილებზე გახდა შესაძლებელი. შედეგად, გაჩნდა ახალი სასოფლო-სამეურნეო ბაზრები. ამასთანავე, კონვეიერულმა მასობრივმა წარმოებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა და პროდუქტიულობა. გადამმუშავებელ მრეწველობაში არსებული მასობრივი წარმოების მოდელი გამოყენებულ იქნა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში, სადაც ტრადიციული მეცხოველეობა შეიცვალა ფართომასშტაბიანი ინტენსიური მეცხოველეობით.
„ინდუსტრია 3.0“-ის ეტაპზე, ინტეგრირებული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო გააუმჯობესა სამრეწველო მოწყობილობების ავტომატიზაციის შესაძლებლობა. განხორციელდა ქარის, მწვანე განახლებადი ენერგიისა (მზის ფოტოელექტრული ენერგია) და ჰიდროელექტროენერგიის შესწავლა. ამას მოჰყვა სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია, რომელიც ცნობილია, როგორც „სოფლის მეურნეობა 3.0“ (1990-2000-იანი წწ). აგრარულ სფეროში ის მიზნად ისახავდა მაღალი სიზუსტის მიღწევას და ამისათვის იყენებდა საინფორმაციო ტექნოლოგიებს ისეთ ოპერაციებში, როგორიცაა მოსავლიანობის მონიტორინგი, ცვლადების ნორმების შეტანა და მიწათმოქმედების მართვის სისტემები. „სოფლის მეურნეობა 3.0“ ან „ჭკვიანი მიწათმოქმედება“ ("Precision farming") დაიწყო მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვაში დაინერგა გეოლოკაციის სისტემებზე დაფუძნებული ტელემექანიკის სისტემა. „სოფლის მეურნეობა 3.0“-ს ახასიათებს ბიოტექნოლოგიებისა და გენეტიკური ინჟინერიის ინტენსიური განვითარება, მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიფერენციაცია, დანახარჯების შემცირება და წარმადობის ზრდის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოპტიმიზაცია. ამ ეტაპზეა შემუშავებული ცნებები „ბიოეკონომიკა“ და „მდგრადი განვითარება“. სოფლის მეურნეობის განვითარების სამივე ეტაპის ძირითადი მახასიათებლები შეჯამებულია ცხრილში 1. (Zambon I., Cecchini M., Egidi G., Grazia M. Saporito, Colantoni A., 2019) .
სოფლის მეურნეობის განვითარების სამი ეტაპის ძირითადი მახასიათებლები

პირველმა სამმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ თანდათან შეცვალა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფორმა. ტრადიციული, ინტენსიურ შრომაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობა ჩაანაცვლა ინდუსტრიულმა სოფლის მეურნეობამ, რაც სოფლის მეურნეობაში სამრეწველო წარმოების შაბლონების, სამრეწველო წარმოების პროცესებისა და სამრეწველო მიწოდების ჯაჭვების მართვის დანერგვით განხორციელდა. ამჟამად, გლობალურ სოფლის მეურნეობაში სურსათის ინდუსტრიული წარმოება და დისტრიბუცია დომინირებს, რადგან ეს მეთოდი უფრო პროდუქტიული და ეკონომიკურად ეფექტიანია.
ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული ძირითადი ცვლილებებია:
• ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ, სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის განვითარება და, შესაბამისად, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ზრდა გამოიწვია;
• ტრანსპორტირების ახალმა მეთოდებმა, გაამარტივა საქონლის გადაადგილება ქვეყნისა და მსოფლიო მასშტაბით;
• ქარხნებში შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავება და დაფასოება, რამაც პროდუქტები უფრო მეტად ხელმისაწვდომი (ფიზიკური და მატერიალური თვალსაზრისით) გახადა მომხმარებლისათვის;
• სასურსათო პროდუქტების წარმოებამ სასოფლო დასახლებებიდან გადაინაცვლა საქალაქო დასახლებებში;
• მზარდმა მოსახლეობამ განაპირობა სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციების განვითარებასა და სექტორის ზრდას;
• ქარხნების მუშაობამ გამოიწვია გარემოს დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები, რამაც გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე;
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ხელში მოექცა;
• სხვადასხვა ქვეყნიდან სასურსათო პროდუქტების იმპორტის ზრდამ გამოიწვია სასურსათო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების შემცირება;
• სოფლის მეურნეობა გახდა უფრო მეტად ინდუსტრიული და ნაკლებად დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე;
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება უფრო ცენტრალიზებული გახდა;
• მანქანა-დანადგარებისა და ქიმიკატების გამოყენებამ გამოიწვია პროდუქტიულობის ზრდა, თუმცა, ამასთანავე გაამწვავა ეკოლოგიური პრობლემები;
• სოფლის მეურნეობაში პესტიციდებისა და ქიმიკატების გამოყენება მომხმარებლებსა და საზოგადოებაში შეშფოთების საგნად იქცა;
• მსხვილმა ფერმერულმა მეურნეობებმა ჩაანაცვლეს/განდევნეს მცირე მეურნეობები, რამაც სამუშაო ადგილების შემცირება და სოციალური ძვრები გამოიწვია.
ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა
ინდუსტრია 4.0 – მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციაა XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ინდუსტრია 4.0-ის განვითარება განპირობებულია მონაცემთა ზრდის სწრაფი ტემპით; დაკავშირებადობის, ანალიტიკისა და ადამიანი-მანქანის ურთიერთქმედების განვითარებით. ინდუსტრია 4.0 წარმოადგენს სამრეწველო პროცესებში ისეთი ტექნოლოგიების ჩართვის შედეგს, როგორიცაა ღრუბლოვანი გამოთვლები, ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი და რობოტიკა. ყოველივე ეს იძლევა სამრეწველო წარმოების პროცესებისა და მიწოდების ჯაჭვების ავტომატიზების, მათი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად ავტონომიური ინტელექტუალური ფუნქციონირების საშუალებას. „ინდუსტრია 4.0“-ის და სოფლის მეურნეობის ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის შემდეგი თაობის, „სოფლის მეურნეობა 4.0“-ის წარმოშობა (https://www.fao.org/3/nd262en/nd262en.pdf).
ნახატზე მოცემულია ინდუსტრიული რევოლუციებისა და სასოფლო-სამეურნეო რევოლუციების განვითარების რუკა (Ye Liu, Xiaoyuan Ma, Lei Shu, Gerhard Petrus Hancke, Adnan M, Abu-Mahfouz -2020).
ინდუსტრიული და აგრარული რევოლუციების განვითარების ეტაპების რუკა

ინდუსტრია 4.0-ის კონტექსტით, მდგრადი და ინტელექტუალური ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა მიიღწევა რეალურ დროში სივრცით/დროითი მონაცემების დეტალიზებული შეგროვებით, გადამუშავებით და ანალიზით, რაც სოფლის მეურნეობის დარგის ყველა ასპექტს მოიცავს, როგორიცაა აგროსასურსათო პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია და მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი საბოლოო პროდუქტის მიწოდება, რომელიც ეფუძნება მის გემოვნებასა და მოთხოვნილებებს (http://www.fao.org/3/ca7485en/ca7485en.pdf). ამ სახის ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ეკოსისტემა ფერმერული მეურნეობის რეალურ დროში მართვით, ავტომატიზაციის მაღალი დონით, მონაცემების საფუძველზე ინტელექტუალური გადაწყვეტილების მიღების გზით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროდუქტიულობას, აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობას, სურსათის უვნებლობას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას (Hrustek L., 2020). პრობლემების სრული ჩამონათვალი თავმოყრილია ცხრილში 2.
ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მდგომარეობა და გამოწვევები
ცხრილი 2.

ცნობილია, რომ მონოკულტურა და ინტენსიური მეცხოველეობა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე პრაქტიკას. მონოკულტურულმა მიწათმოქმედებამ მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე წარმოაჩინა თავისი უპირატესობა მოსავლიანობისა და მოგების ზრდაში, თუმცა, ამ მეთოდმა ასევე მრავალი ეკოლოგიური პრობლემაც გამოიწვია. ერთსა და იმავე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ყოველწლიურად ერთი და იმავე კულტურის მოყვანა, ნიადაგში ამცირებს საკვებ ნივთიერებებს, რისი აღდგენაც გარემოდან ვეღარ ხერხდება მონოკულტურულ მიწათმოქმედებაში ბიომრავალფეროვნების ნაკლებობის გამო. საკვები ნივთიერების გამოლევა და ნიადაგის ეროზია აძლიერებს მცენარეთა დაავადებებსა და მავნებლებს. მცენარეების დასაცავად, ფერმერები იძულებულნი არიან გამოიყენონ ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები, რომლებიც, თავის მხრივ, აზიანებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, აბინძურებს წყალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას (Baryshnikova N., Altukhov P., Naidenova N. and Shkryabina A. 2022).
ინტენსიური მეცხოველეობის მოდელს შეუძლია საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მზარდი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება ფერმერების მცირე რაოდენობით, ამასთანავე აღნიშნული მოდელი არამხოლოდ ზრდის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას, არამედ ხელს უწყობს პროდუქტის ფასების შემცირებას, თუმცა, ამასთანავე ინტენსიური მეცხოველეობა ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე, კლიმატის ცვლილებასა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გადატვირთულია ერთ სივრცეში კონცენტრირებულ ცხოველთა დიდი რაოდენობის მიერ გამომუშავებული ათასობით ტონა ნაკელით. იმის მაგივრად, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს მიეწოდებოდეს საკვები ნივთიერებები, ზედმეტი ნარჩენებით ბინძურდება ნიადაგი და მდინარეები. მეტიც, ინდუსტრიული მეცხოველეობა, სათბურის გაზების გაფრქვევის გამო, კლიმატის ცვლილებების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები, როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები, მარტივად წარმოიშობა და ვრცელდება მეცხოველეობის ფერმებში. ამასთანავე, ინტენსიურ მეცხოველეობაში, ხშირ შემთხვევაში, საქონელთან არასათანადო მოპყრობა ეთიკის საკითხებს ბადებს (Hrustek L., 2020).
ინდუსტრიული სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესი
მრავალ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციის რევოლუცია ან დასრულდა ან განიცდის სწრაფ გარდატეხას. სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობები ამჟამად ფართოდ გამოიყენება წარმოების სრულ ციკლში, მათ შორის მიწის მომზადების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარგვის, სასუქის შეტანის, მოსავლის აღების, ცხოველების საკვებისა და სასურსათო პროდუქტების გადამუშავების დროს. სოფლის მეურნეობის მექანიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს ფიზიკურ შრომას და ზრდის პროდუქტიულობას, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ აწარმოონ დიდი რაოდენობის სასურსათო პროდუქტები და დააკმაყოფილონ სურსათზე ზრდადი გლობალური მოთხოვნა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინოვაციები და მათი ინტეგრაცია სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში ხელს უწყობს ციფრული სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციას.
მოწინავე ინდუსტრიული წარმოების პროცესებთან შედარებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესებში ავტომატიზაციის შესაძლებლობები შეზღუდულია შემდეგი ორი ბარიერის გამო: გაციფრების ნაკლებობა და სოფლის მეურნეობაში ინტელექტუალური სისტემების ნაკლებობა.
სასოფლო-სამეურნეო მანქანების უმეტესობა, რაც დღესდღეობით გამოიყენება, ჯერ კიდევ არ არის გაციფრებული. ანალოგური მოწყობილობა მუშაობს დამოუკიდებლად და ადამიანების მიერ ხელით იმართება. ავტომატიზაციის შესაძლებლობების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების მთელ პროცესში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრული ურთიერთკავშირი იქნეს უზრუნველყოფილი. „ჭკვიანი“ მიწათმოქმედება ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება. აუცილებელია სოფლად შესაბამისი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ქსელის არსებობა (FAO Regional Conference, 2020).
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განვითარებული მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სისტემების უმეტესი წილი განკუთვნილია მსხვილი ფერმებისათვის, რადგან ფართომასშტაბიანი მონოკულტურული მეურნეობა მათ მთავარ წარმოების მოდელს წარმოადგენს. თუმცა, სხვადასხვა სახის მცირე ფერმერული მეურნეობები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით-განვითარებად ქვეყნებში. გარდა ამისა, თანდათანობით ხდება მცირე ფერმერული მეურნეობების სარგებლის აღიარება. დანაწილებული მცირე ზომის ფერმები შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოდელად იქცეს მდგრადი სოფლის მეურნეობის უზრუნველსაყოფად ინდუსტრია 4.0-ის ხანაში.
ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ნივთების ინტერნეტი (IoT), მობილური ტექნოლოგიები და მოწყობილობები, მონაცემთა ანალიზის სისტემები, ხელოვნური ინტელექტი (AI), ციფრულად მიწოდებული მომსახურებები და აპლიკაციები – აგროსასურსათო სექტორის ტრანსფორმაციის პოლიტიკის ინსტრუმენტებია და აგროსასურსათო სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა საფეხურზე გამოიყენება (Ye Liu, Xiaoyuan Ma, Lei Shu, Gerhard Petrus Hancke, Adnan M, Abu-Mahfouz, 2020):
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფუნქციონირების გაციფრება უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას და, როგორც ადამიანური – ასევე მატერიალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას;
დისტანციური სატელიტური მონაცემები და ადგილზე განთავსებული სენსორები აუმჯობესებს სიზუსტეს და ამცირებს კულტურის ზრდის და მიწის ან წყლის ხარისხის მონიტორინგის ხარჯებს;
ადრეული გაფრთხილების და პროგნოზირების სისტემები ხელს უწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას;
მიკვლევადობის ტექნოლოგია და ციფრული ლოგისტიკური მომსახურებები საშუალებას იძლევა მოხდეს აგროსასურსათო მიწოდების ქსელის ოპტიმიზაცია და ამავდროულად, უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის სანდო ინფორმაციის მიწოდებას.
აგროსასურსათო სექტორის გაციფრებით იქმნება მაღალპროდუქტიული, პროგნოზირებადი და ცვლილებებისადმი ადაპტირებადი სისტემა, რაც თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფის ზრდას იწვევს. მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია განიხილება ინდუსტრიალიზაციის განვითარების მომავალ ეტაპად, რომლის ხანაშიც უკვე შევაბიჯეთ და ზოგიერთ მაღალტექნოლოგიურ სამრეწველო კომპანიას დაწყებული აქვს ინდუსტრია 5.0-ის კონცეფციების დანერგვა (Ragazou K., Garefalakis A., Zafeiriou E., Passas I., 2022). ახალი და განვითარებადი ინდუსტრიალიზაციის ეტაპზე, სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად, ადამიანები მოწინავე ტექნოლოგიებთან და ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებთან მხარდამხარ იმუშავებენ. აღნიშნულ პროცესში უფრო მეტად ხდება ფოკუსირება ადამიანზე, უმჯობესდება სისტემის მოქნილობა და მდგრადობა. ამასთანავე, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებიც ვითარდება ახალი პარადიგმისკენ – „სოფლის მეურნეობა 5.0“, რომელმაც უკეთ უნდა მოახდინოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შერწყმა სოციალურ თანასწორობასა და მდგრადობასთან. თუმცა, ამჟამად „სოფლის მეურნეობა 5.0“-ის ბევრი საკითხი სადავოა და მათზე პასუხები – მხოლოდ საპროგნოზო (Rohan R. Naikwade, Vishwesh S. Joshi, Saurabh B. Hirwe, Patle B.K., Pagar N.D., 2021).
ინდუსტრიული აგროსასურსათო პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი
ინდუსტრიული აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვი – „ფერმიდან ჩანგლამდე“, ჩვეულებრივ ხუთ ეტაპს მოიცავს: (i) სურსათის წარმოებას, (ii) სამრეწველო გადამუშავებას, (iii) დისტრიბუციას, (iv) საცალო ვაჭრობას და (v) მოხმარებას. აღნიშნულ მოდელს B2B2C (Business-to-Business-to-Consumer) ეწოდება. ბოლო წლებში ინტერნეტისა და სოფლის მეურნეობის ინტეგრაციამ ხელი შეუწყო სასურსათო პროდუქტების მიწოდების ახალ მოდელებს, როგორიცაა ონლაინ-ოფლაინ (Online-to-Offline, O2O), სოციალური კომერცია და მომხმარებელი-მომხმარებელი (Consumer-to-Consumer, C2C). ეს მოდელები საყიდლების კეთებას მნიშვნელოვნად მოხერხებულს ხდის, რადგან პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ მოძებნონ და შეუკვეთონ სასურველი სასურსათო პროდუქტები ონლაინ რეჟიმში. შემდეგ, პროდუქტების მიღება შესაძლებელია მაღაზიიდან გატანით ან სახლში მიტანის სერვისის გამოყენებით. ინდუსტრიული აგრო-სასურსათო მიწოდების ჯაჭვში არსებული სისუსტეებია: (i) სურსათის უვნებლობის საკითხი, (ii) ასიმეტრიული და ფრაგმენტული ინფორმაცია და (iii) არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სურსათის შემთხვევითი და მიზანმიმართული დაბინძურება ხშირად ხდებოდა. ეს ინციდენტები ჩვეულებრივ გამოწვეულია აკრძალული ქიმიკატების, სახიფათო ნედლეულის, დაუმტკიცებელი საკვები დანამატების გამოყენებით, აგრეთვე – არასაკმარისი, არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირების არასათანადო პირობების შედეგად. გარდა ამისა, ასიმეტრიული ინფორმაცია სასურსათო პროდუქტების წარმოების სექტორსა და საბოლოო მომხმარებელს შორის იწვევს მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსს, ფასების ცვალებადობასა და სურსათის დეფიციტს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული სურსათის 30%-ზე მეტი არ მოიხმარება. სურსათის დანაკარგები აგრო-სასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე ხდება, განსაკუთრებით მოსავლის აღებისას, დახარისხებისა და გადამუშავებისას. ამას განაპირობებს: აგრო-სასურსათო პროდუქტების მიწოდების არსებულ ჯაჭვებში ტექნოლოგიებისა და სათანადო მენეჯმენტის არარსებობა; მიწოდებისა და მოთხოვნის შეუსაბამობა; სასურსათო პროდუქტების დაბალი ხარისხი და გადამამუშავებელი ტექნიკის ნაკლებობა. ინდუსტრია 4.0-ის ტექნოლოგიების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და აგროსასურსათო პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის მართვაში იძლევა ყველა ზემოთ აღწერილი შეზღუდვის საბოლოოდ აღმოფხვრის საშუალებას.
აგროსასურსათო სექტორის გაციფრების პერსპექტივები საქართველოსთვის
აგროსასურსათო სექტორის გაციფრების ხელშეწყობა და აღნიშნული პროცესის დაჩქარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც აგროსასურსათო სექტორში ინფორმაციის, ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკლებობა მწვავე პრობლემას წარმოადგენს. ქვეყანაში კვლავაც აქტიურად გამოიყენება მოძველებულ ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობა, რაც სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს (მიწის ფრაგმენტაცია, დეგრადირებული სასოფლო ინფრასტრუქტურა, ძვირი ფინანსური რესურსები და სხვა) ამძაფრებს, მძიმე ტვირთად აწვება სოფლის მოსახლეობას და იწვევს სექტორში შრომის დაბალ მწარმოებლურობას, რაც უარყოფითად აისახება სურსათით თვითუზრუნველყოფის დონეზე.
ქვეყნაში არსებული სასურსათო მდგომარეობა დღის წესრიგში აყენებს სიღარიბისა და შიმშილის დაძლევის აუცილებლობას, გაუმჯობესებული კვების მიღწევას და მაღალტექნოლოგიური (ინდუსტრიული) სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ფორმირებას (კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი., 2020). აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია აგროსასურსათო სექტორის გარდაქმნა, ახალი მიდგომების გამოყენება, რაც აერთიანებს ინოვაციურ პოლიტიკას, ტექნოლოგიებს, ორგანიზაციულ პროცესებს, პრაქტიკა და ციფრული სახის გადაწყვეტილებებს (ხარაიშვილი ე., კოღუაშვილი პ. შენგელია ნ., 2024).
სოფლის მეურნეობის გაციფრება ფოკუსირებულია „ჭკვიანი“ მიწათმოქმედების პრაქტიკის, ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებასა და, ამ გზით, დარგის ეფექტიანობის ამაღლებაზე. სოფლის მეურნეობა ქართველი ფერმერებისგან უფრო ინტენსიურ ცოდნას მოითხოვს, რადგანაც მათ უწევთ დიდი რაოდენობით კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება. ციფრული ტექნოლოგიები ზრდის ფერმერების წვდომას საწარმოო დანიშნულების საქონლის ბაზრებზე და მათ წარმოებული პროდუქციის სწრაფი რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს. ამასთანავე, ამცირებს ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ ოპერაციულ ხარჯებს. აღნიშნული გარემოება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფერმერული მეურნეობებისათვის. სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ფერმერებს მისცემს ისეთ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა: აგრარული პროდუქტის ბაზარზე შესვლის სიმარტივე, საჭირო საბაზრო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; საუკეთესო პარტნიორების შერჩევა; პროდუქტების წარმოებასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე დანახარჯების შემცირება. ამგვარად, გაციფრება საშუალებას აძლევს ფერმერებს დაინახონ ბაზრის განვითარების ტენდენციები, რათა საშუალოვადიან პერიოდში სწორად განსაზღვრონ წარმოებული პროდუქციის ფასი (FAO, 2020).
მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნიდან გამომდინარე, აგროსასურსათო სექტორის გაციფრებას აქვს ეკონომიკური სარგებელი – პროდუქტიულობის ამაღლების, ხარჯების ეკონომიისა და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობით არამხოლოდ ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, არამედ იზრდება ნაციონალური კეთილდღეობაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაციფრების შედეგად მიღწეული სოციალურ-კულტურული და გარემოსდაცვითი სარგებელი – რესურსების ოპტიმალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია (FAO Regional Conference, 2020).
დასკვნა
სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ის იყოს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური. აგროსასურსათო სექტორის გაციფრებით იქმნება მაღალპროდუქტიული, პროგნოზირებადი და ცვლილებებისადმი ადაპტირებადი სისტემა, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფის ზრდას იწვევს. ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად ზრდის მწარმოებლურობას, თუმცა, ამასთანავე, მონოკულტურა და ინტენსიური მეცხოველეობა, რომელიც თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითად მოდელს წარმოადგენს, გარემოს, საზოგადოებრივ ჯანრმთელობას და მოსახლეობის კეთილდღეობას დიდ ზიანსაც აყენებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მექანიზებული და ინფორმატიზებულია, გაციფრებისა და ინტელექტუალური სისტემების ნაკლებობა წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას, რომელიც აფერხებს ავტომატიზაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას. აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვი მიმდინარე ეტაპზე არ იმართება გონივრულად. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია განვითარებადი ინდუსტრია 4.0-ის ინოვაციური ტექნოლოგიების სოფლის მეურნეობაში ინტეგრირება.
ლიტერატურა:
• Ye Liu, Xiaoyuan Ma, Lei Shu, Gerhard Petrus Hancke, Adnan M, Abu-Mahfouz (2020). "From Industry 4.0 to Agriculture 4.0: Current Status, Enabling Technologies, and Research Challenges ", DOI:10.1109/TII.2020.3003910.
• Romania I. de Alcantara, João Guilherme Araújo Schmidt, Eduardo C. de Freitas Vian, Belardo G. (2021). "Agriculture 4.0: Origin and features in the world and Brazil", DOI: 10.22167/2675-441X-20210564.
• Ragazou K., Garefalakis A., Zafeiriou E., Passas I. (2022). "Agriculture 5.0: A New Strategic Management Mode for a Cut Cost and an Energy Efficient Agriculture Sector" DOI:10.3390/en15093113.
• Baryshnikova N., Altukhov P., Naidenova N. and Shkryabina A. (2022). "Ensuring Global Food Security: Transforming Approaches in the Context of Agriculture", DOI:10.1088/1755-1315/988/3/032024.
• Zambon I., Cecchini M., Egidi G., Grazia M. Saporito, Colantoni A. (2019) . "Revolution 4.0: Industry vs. Agriculture in a Future Development for SMEs", DOI.org/10.3390/pr7010036.
• Peter P. Groumpos (2021). "A Critical Historical and Scientific Overview of all Industrial Revolutions", DOI:10.1016/j.ifacol. 2021.10.492.
• Rohan R. Naikwade, Vishwesh S. Joshi, Saurabh B. Hirwe, B.K.Patle, N.D. Pagar (2021). "Agriculture 5.0: Future of Smart Farming", MITADT School of Engineering,
• FAO Regional Conference (2020). "Digital Innovation for promoting Agriculture 4.0 in the Near East and North Africa", https://www.fao.org/3/nd262en/nd262en.pdf,
• FAO (2020). "Realizing the Potential of Digitalization to Improve the Agri-food System Proposing a New International Digital Council for Food and Agriculture", http://www.fao.org/3/ca7485en/ca7485en.pdf.
• Hrustek L. (2020). "Sustainability Driven by Agriculture through Digital Transformation", DOI.org/10.3390/su12208596.
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი. (2020). „საქართველოს სოფლის მეურნეობა აქტუალური გამოწვევების წინაშე“, ეკონომიკა და ბიზნესი, N3.
• ხარაიშვილი ე., კოღუაშვილი პ. შენგელია ნ. (2024). „ტრადიციულიდან „ჭკვიან“ სოფლის მეურნეობამდე: ციფრიზაციის უპირატესობები, გამოწვევები და პერსპექტივები“. ინოვაციური ეკონომიკა და მართვა, ტომი 11, N 1.
References:
• Ye Liu, Xiaoyuan Ma, Lei Shu, Gerhard Petrus Hancke, Adnan M, Abu-Mahfouz (2020). "From Industry 4.0 to Agriculture 4.0: Current Status, Enabling Technologies, and Research Challenges", DOI:10.1109/TII.2020.3003910.
• Isabela Romania de Alcantara, João Guilherme Araújo Schmidt, Carlos Eduardo de Freitas Vian, Guilherme Belardo (2021). "Agriculture 4.0: Origin and features in the world and Brazil", DOI: 10.22167/2675-441X-20210564.
• Ragazou K., Garefalakis A., Zafeiriou E., Passas I. (2022). "Agriculture 5.0: A New Strategic Management Mode for a Cut Cost and an Energy Efficient Agriculture Sector" DOI:10.3390/en15093113.
• Baryshnikova N., Altukhov P., Naidenova N. and Shkryabina A. (2022). "Ensuring Global Food Security: Transforming Approaches in the Context of Agriculture", DOI:10.1088/1755-1315/988/3/032024.
• Zambon I., Cecchini M., Egidi G., Grazia M. Saporito, Colantoni A. (2019). "Revolution 4.0: Industry vs. Agriculture in a Future Development for SMEs", DOI.org/10.3390/pr7010036.
• Peter P. Groumpos (2021). "A Critical Historical and Scientific Overview of all Industrial Revolutions", DOI:10.1016/j.ifacol. 2021.10.492.
• Rohan R. Naikwade, Vishwesh S. Joshi, Saurabh B. Hirwe, B.K.Patle, N.D. Pagar (2021). "Agriculture 5.0: Future of Smart Farming", MITADT School of Engineering,
• FAO Regional Conference (2020). "Digital Innovation for promoting Agriculture 4.0 in the Near East and North Africa", https://www.fao.org/3/nd262en/nd262en.pdf.
• FAO (2020). "Realizing the Potential of Digitalization to Improve the Agri-food System Proposing a New International Digital Council for Food and Agriculture", http://www.fao.org/3/ca7485en/ca7485en.pdf.
• Hrustek L. (2020). "Sustainability Driven by Agriculture through Digital Transformation", DOI.org/10.3390/su12208596.
• Koguashvili P. Archvadze I. (2020). – sakartvelos soplis meurneoba mimdinare gamotsvevebis tsinashe“ ["Georgia’s Agriculture Faces Actual Challenges" Economics and Business, N3.] in Georgian
• Kharaishvili E., Koghuashvili P. Shengelia N. (2024). "traditsiulidan chkvian soplis meurneobamde: ciprizaciis upiratesobebi, gamotsvevebi da perspektivebi" ["From Traditional to Smart Agriculture: Advantages, Challenges and Prospects of Digitization". Innovation Economics and Management, Vol. 11, No. 1.] in Georgian
Keywords: Industry 4.0, agriculture 4.0, digitalization, industrial agriculture, precision farming.
JEL Codes: O13, O14, Q10, Q13