ჟურნალი ნომერი 1 ∘ სოლომონ პავლიაშვილი ∘ ზურაბ გარაყანიძე ∘ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროკავშირის გაზის სპოტ-ბაზარზეhttps://doi.org/10.52340/eab.2024.16.01.02
ჟურნალი N 1. 2024
რუსეთ-უკრაინის ომამდე სამიოდე თვით ადრე, 2021 წის დეკემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ენერგო კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შექმნიდა თავის საკუთარი გაზის მარაგებს, რათა თავი დაეზღვია რუსული გაზის მიწოდების შეფერხებებისგან (ხშირად პოლიტიკური მიზეზებით). იმავდროულად, ევროპულმა საბჭომ, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე დაადგინა, რომ ევროკავშირი შეიმუშავებდა გაზის და წყალბადის ბაზრების რეგულირების პაკეტს, რათა მანამდე არსებული პირდაპირ, ხანგრძლივ კონტრაქტებზე დამყარებული, ნავთობის ფასებზე „მიბმული“, „გაზპრომის“ მონოპოლიური კონტრაქტები ჩანაცვლებულიყო ევროპის გაზის ჰაბების და თხევადი გაზის ტანკერებით (LNG) ვაჭრობით ჩამოყალიბებული უფრო მოქნილი, მოთხოვნა-მიწოდებით განპირობებული სპოტ-ფასებით. ამით ევროკავშირი ცდილობდა თავი დაეღწია რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული პირდაპირი, ხანგრძლივი კონტრაქტებისგან, რაც მოსკოვის ხელში XXI საუკუნის „ენერგო იარაღად“ იქცა.
ამ სტატიაში ჩვენ ვამტკიცებთ ჰიპოთეზას, რომ ომის პირობებში, 2024 წელს გაგრძელდება „გაზპრომის“ მილსადენებით ევროპის მონოპოლიური გაზმომარაგების ჩანაცვლება გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობით. ეს კი, სანქცირებული რუსული ენერგოგიგანტებისთვის 2023 წლის დასაწყისში ნავთობის ფასის ზედა ზღვრის (Price Cup) დაწესებაზე გაცილებით დიდი გამოწვევა აღმოჩნდება. ამას, სავარაუდოდ, რფ-ს ენერგოპოლიტიკაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, ცვლილებები მოჰყვება.
საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, მონოპოლია, სპოტ-ბაზარი, „გაზპრომი“, თხევადი გაზი, ენერგო კრიზისი, ნავთობის ფასი, ემბარგო, მილსადენები, ჰაბები, გაზის დერეფანი, LNG ტანკერები,დივერსიფიკაცია.
შესავალი
ბუნებრივი აირი, ისტორიულად „სულ ახლახან“, xx საუკუნის 70-იანი წლებიდან, გადაიქცა საწვავის ერთ-ერთ მთავარ სახეობად. ამ საუკუნის დასაწყისში, ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90%, მონოპოლისტების მილსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, დანარჩენი – ტანკერებით თხევადი (LNG) სახით (Garakanidze Z., Garakanidze N. 2013). უკვე 2021 წელს, LNG გლობალური იმპორტი, საერთაშორისო LNG იმპორტიორთა ჯგუფის (GIIGNL) ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 4,5%-ით და 513,7 მლრდ კუბ.მეტრი შეადგინა (ანუ 372,3 მლნ ტონა). 2021 წელს LNG-ზე უკვე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი – კვლავ მილსადენების გაზზე (Катков М.2022).
2015 წლის მაისში ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მიღების შემდეგ, ჩრდილოეთ ევროპის მომხმარებლების ნაწილი „გაზპრომთან“ პირდაპირი, ხანგრძლივი კონტრაქტებიდან თანდათან გადავიდნენ ჰაბებიდან გაზის შესყიდვაზე.
ამავდროულად, წევრი ქვეყნების ვალდებულება, რომ 2022 წლის 1 ნოემბრამდე, გაზსაცავების მოცულობის არანაკლებ 80%-ით შეევსოთ, გადაჭარბებით შესრულდა. 2022 წლის ბოლოს კი, საკმაოდ თბილმა ამინდებმა ევროკავშირს საშუალება მისცა ხელახლა შეევსო მარაგები.
ზემოაღნიშნულის შედეგად, ექსპერტების გათვლებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაზოგეს 70 მლრდ დოლარი, მაგრამ, მათ თითქმის იმდენივე იზარალეს COVID-19 პანდემიისა და 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მას შემდეგ რაც ფასები სპოტ-ბაზარზე გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე თითქმის 2000 დოლარი შეადგინა. ეს დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე ადგილობრივ სპოტ-ბაზრებზე გაზის საშუალო ფასი იყო 2021 წლის დასაწყისში (https://neftegaz.ru/tech-library/finansy/146486-spot-spot/). ასევე პარადოქსია, მაგრამ რუსულ-თურქული გაზსადენი „თურქული ნაკადი“ (TurkStream), რომელიც 2020 წლის 8 იანვარს გაიხსნა, იცავს მისი მარშრუტის გასწვრივ, შავი ზღვის მიმდებარე ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ცენტრალური რეგიონების ქვეყნებს საფასო შოკისგან.
2024 წლისთვის ენერგო კრიზისი, ყველაზე რელიეფურად, ევროკავშირის წევრ სკანდინავიის ქვეყნებში იგრძნობოდა, რომლებმაც თავის დროზე სწრაფად გაატარეს ენერგეტიკული რეფორმები და უმეტესწილად გადავიდნენ სპოტ-ვაჭრობაზე; ევროპის სამხრეთის და ცენტრის ბევრმა ქვეყანამ კი, „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, შეინარჩუნეს გრძელვადიანი კონტრაქტები „გაზპრომთან“ და ომის წინ აღმოჩნდნენ უკეთ დაცულები ჰაბებზე სპოტ-ფასების რყევებისგან. 2024 წლის დასაწყისში სკანდინავიის
რეგიონი ე. წ. „ენერგეტიკული ტრილემის“ წინაშე დადგა – ესაა სამი გამოწვევა: უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგომომარაგება. აშკარაა, რომ ენერგორესურსებზე უპრეცედენტო ფასებისა და გეოპოლიტიკური რისკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიწოდების ჯაჭვები, ელექტროქსელები, ნედლეული და დამზოგავი ტექნოლოგიები, რათა დაკმაყოფილდეს საზოგადოების მოთხოვნები გრძელვადიან პერსპექტივაში.
შვედი ექსპერტების 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევაში „ჩრდილოეთის ენერგო ტრილემა“, განხილულია ფაქტორები, რამაც გამოიწვია ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისი ევროპის ჩრდილოეთში. მასში იდენტიფიცირებულია ენერგეტიკული გადასვლის რისკები და შეფასებულია ზომები ამ რისკების შესამცირებლად იქ, სადაც ასეთი ზომები არ არსებობს (იქვე Chapter 6-8). ასევე შემოთავაზებულია ქმედებები ხარვეზების აღმოსაფხვრელად. აღნიშნული რეკომენდაციები განსაზღვრავს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ქმედებებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნის გაზრდის მიზნით, რათა სკანდინავიური საზოგადოებები მზად იყვნენ მომავალი ენერგეტიკული კრიზისებისთვის. აღნიშნული კვლევის მე-6 თავში, სადაც რისკებია განხილული აღნიშნულია, რომ „...ევროპაში რუსული ენერგიის ექსპორტის შემცირება მიუთითებს ერთი ქვეყნიდან ენერგომომარაგებაზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობაზე. მსგავსი სიტუაციები შეიძლება განიხილებოდეს მომავალში და ხდებოდა წარსულში“.
მონოპოლიური მილსადენის გაზის პარალელურად, ევროპულ ჰაბებშიც შეიმჩნეოდა ფასების რყევა. მაგალითად, ამ პერიოდში საორიენტაციო ევროპული კონტრაქტი, რომელიც ჰოლანდიური გაზის ჰაბის – Title Transfer Facility (TTF)-ის ფიუჩერსია, იყიდებოდა $55,81-ად მეგავატ საათში. ერთი წლით ადრე, 2022 წლის აგვისტოში, ფიუჩერსებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – დაახლოებით 343 ევროს მეგავატ საათში! თუმცა ევროპამ, რომელიც სერიოზულად დაზარალდა კონფლიქტის გამო რუსეთიდან გაზმომარაგების შეწყვეტით, როგორღაც მოახერხა 2023 წლის ცივ სეზონზე მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხების გარეშე გადარჩენა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ევროპული ბუნებრივი გაზის ბალანსის სტრუქტურული დეფიციტი ჯერ კიდევ არ არის აშკარა. ისინი 2025 წლამდე არ ელიან, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისი იმდენად გამწვავდება, რომ ისევ, როგორც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, დაიწყება გლობალური თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) დეგაზაცია-რეგაზაციის ტერმინალების მასობრივი მშენებლობების ახალი ტალღა.
თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააფორმეს LNG იმპორტის რამდენიმე ხელშეკრულება. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში, QatarEnergy-მ გააფორმა რამდენიმე ხელშეკრულება გერმანიაში წელიწადში 2 მლნ ტონა LNG-ის მიწოდებაზე. ასევე, აშშ-ში იგეგმება გაზის გათხევადების გიგანტური ქარხნის მშენებლობა, რომელსაც ექნება დღეში თითქმის 2,1 მლრდ კუბური ფუტი ბუნებრივი აირის გადამუშავების და წელიწადში 15 მლნ ტონა LNG-ის ექსპორტის წარმადობა.
ზემოაღნიშნული მონაცემებიდან ირკვევა, რომ არამხოლოდ მილსადენის გაზის იმპორტზე დამოკიდებულება იწვევს ბუნებრივი აირის ფასების რყევას მთელ ევროპაში, არამედ ჰაბების ფასების რყევაც, რაც გაზზე გლობალური ბაზრის ფასის არარსებობის და რეგიონულ ჰაბებზე დამოუკიდებელი ფასწარმოქმნის შედეგია.
ბუნებრივი გაზის ევროპული ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა 2022 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოში, მაგრამ რუსული მილსადენი გაზის ემბარგო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ მხოლოდ 2023 წლიდან დაიწყო.
ევროპის მრავალი ქვეყანა, 2023 წლამდე, დიდწილად ეყრდნობოდა გაზის იმპორტს აღმოსავლეთის მეზობლისგან. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალი იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. შედეგად, თუ ბუნებრივი გაზის საშუალო ყოველთვიური ფასი 2023 წლის ოქტომბერში აშშ-ში გაიზარდა მხოლოდ 2.99 აშშ დოლარამდე მლნ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (BTU), აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასებმა დაახლოებით ხუთჯერ გადააჭარბა აშშ-ის ფასებს. ზოგადად, ევროპის კონტინენტზე ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია ვიდრე აშშ-ში, რადგან ეს უკანასკნელი 2013 წლიდან, ამ ნახშირწყალბადის მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში. 2023 წლიდან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების ძებნა, რის გამოც შემცირდა რუსული მილსადენი გაზის იმპორტი ევროკავშირში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა იქ გაზის ფასი (იხ. გრაფიკი). FRED-ის მონაცემები გვაჩვენებს ბუნებრივი აირის ფასების საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკას 1991 წლიდან, როცა ეს მონაცემები პირველად აიღეს ევროკავშირსა და აშშ-ში (წითელი).
ბუნებრივი აირის ფასები 1991-2020 წწ.

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკა (ლურჯი -ევროკავშირი, წითელი-აშშ)
გრაფიკზე ჩანს, რომ ამ დროიდან 2008 წლამდე გაზის ფასი თითქმის იდენტური იყო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. 2008 წლიდან 2020 წლის შუა პერიოდამდე შესამჩნევი იყო არათანაბარი და შედარებით მცირე განსხვავება ფასებში. ამის შემდეგ, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, უკვე საგრძნობი განსხვავება შეინიშნება გაზის ფასებში. ეს განსხვავება იმის გამოა, რომ ბუნებრივი გაზის უმეტესობის მიწოდება თავის ბუნებრივ, აიროვან მდგომარეობაში ხდება რეგიონული მილსადენებით და მისი ტანკერებით ტრანსპორტირება გლობალურად არ ხდება, როგორც ეს ნავთობის შემთხვევაშია. ასე რომ, ძნელია მისი მსოფლიო ფასის დადგენა და ფასები, ჯერ-ჯერობით, რეგიონული გაზის ჰაბებზე ყალიბდება. მაგრამ მსოფლიო ბაზარი ნელ-ნელა მაინც იქმნება თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების და მისი სპოტ-ვაჭრობის ზრდის კვალობაზე.
ამიტომაა, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, ბუნებრივი აირის ფასს აშშ-ში დიდი ცვლილება არ განუცდიათ. ამის საპირისპიროდ, ევროპაში ენერგომატარებლების ფასები სტაბილურად იზრდებოდა; 2024 წლისთვის ის 70%-ით მაღალია, ომის დაწყებისას არსებულ ფასებთან შედარებთ. თუმცა, ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლების კომბინაციამ და შედარებით შემცირებულმა მოთხოვნამ, შეცვალა სიტუაცია ევროპაში და დაასტაბილურა ამ საქონლის ფასი. მაგრამ, ყველა პროგნოზით, 2024 წელს ევროპაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება და სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც ევროპის სანქცინირებული ყოფილი მთავარი მიმწოდებელი – რუსეთი მონაწილეობს, გაგრძელდება (https://www.powerinfotoday.com/oil-gas/european-natural-gas-prices-to-go-beyond-double-by-2024/).
რუსული მილსადენი და გათხევადებული გაზის (LNG) ექსპორტის შემცირება
მიუხედავად „ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ მოთხოვნით წევრი ქვეყნების არასაკმარისი ტემპით, გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობაზე გადასვლისა, ექსპერტების უმრავლესობას მაინც მიაჩნია, რომ ევროპის გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია – მილსადენების გაზის გრძელვადიანი კონტრაქტების შეზღუდვა, დროის მოთხოვნაა. „როიტერის“ მონაცემებით, უკვე 2023 წელს რუსული მილსადენის გაზის ექსპორტი ევროპაში 56%-ით შემცირდა. რა მოხდება, თუ მოსკოვი მთლიანად შეწყვეტს ევროპაში გაზის მიწოდებას?
უკრაინაში ომამდე, რუსული გაზი ევროპის გაზზე მოთხოვნის 35%-დან 40%-მდე ფარავდა, მაგრამ განსხვავდებოდა ცალკეული ქვეყნების დამოკიდებულების ხარისხი „გაზპრომზე“. კერძოდ, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, თითქმის არ იღებდნენ რუსულ გაზს, სხვები – გერმანია, იტალია და ნიდერლანდები, ყიდულობდნენ ამ გაზის მნიშვნელოვან რაოდენობას. ამ სამმა ქვეყანამ 2020 წელს იყიდა შესაბამისად – 56,3 მლრდ, 19,7 მლრდ და 11,2 მლრდ კუბური მეტრი რუსული გაზი.
მნიშვნელოვანია არამარტო იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდია რუსული გაზის წილი მოცემულ ბაზარზე, არამედ ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ალტერნატივები. მაგალითად, გერმანია რუსულ გაზზე მოთხოვნის თითქმის ნახევარს იკმაყოფილებდა, ბულგარეთი – 100%-ს, იტალია კი – მოთხოვნის 46%-ს. Reuters-ის მონაცემებთ, 2023 წელს რუსული ენერგეტიკული გიგანტის, გაზპრომის (GAZP.MM) მიერ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 55,6%-ით შემცირდა და 28,3 მლრდ კუბურ მეტრამდე (მლრდ კუბ.მ) დაეცა, ამ სტატისტიკით, რომელიც ეფუძნება ევროპული გაზის გადამცემი ჯგუფის Entsog-ისა და „გაზპრომის“ ყოველდღიურ მონაცემებს უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ აჩვენა, რომ რუსული გაზის საშუალო დღიური ექსპორტი ევროპაში შემცირდა 77,6 მლნ კუბურ მეტრამდე (მლნ. კუბ.მ) 2023 წელს, 2022 წლის 174,8 მლნ კუბ.მ-დან. „გაზპრომის“ მონაცემებით და როიტერის გათვლებით, 2022 წელს რუსეთმა სხვადასხვა მარშრუტით ევროპას სულ დაახლოებით 63,8 მლრდ კუბური მეტრი მილსადენის გაზი მიაწოდა. „გაზპრომს“ არ გამოუქვეყნებია საკუთარი სტატისტიკა 2023 წლის დასაწყისიდან. ასევე, კომპანიის წარმომადგენელმა არ უპასუხა როიტერის კომენტარის მოთხოვნას.
სავარაუდოდ, „გაზპრომში“ მოერიდნენ ჟურნალისტების ისეთ კითხვებზე პასუხს, როგორიცაა ინფორმაცია რფ-ს „ენერგეტიკული სტრატეგიის“ შესაბამის თავში დასახული გაზის მოპოვებისა და ექსპორტის ამოცანის ფაქტობრივად შესრულების შესახებ, სადაც წერია: …გაზის მსოფლიო ბაზრის დინამიკაზე მოქნილი რეაგირების ამოცანის გადაწყვეტის ინდიკატორია – გაზის ექსპორტში მსოფლიო ლიდერების სამეულში დამკვიდრებული ადგილი:
2018 წ. – 1 ადგილი;
2024 წლისთვის 1 ან მე-2-ე ადგილი;
2035 წლისთვის 1 ან მე-2-ე ადგილი. ...გაზის ინდუსტრიის ამოცანის გადაწყვეტა მოითხოვს 2024 წლამდე გაზის მოპოვების შენარჩუნებას 795 – 820 მლრდ კუბური მეტრის ფარგლებში (Энергетическая стратегия Российской Федерации на период до 2035 года).
ამ დროს, 2023 წლისათვის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში გაზის მოპოვება შემცირდა 9,6%-ით 2022 წლის ათ თვესთან შედარებით და „სტრატეგიაში“ დასახულ ამოცანაზე თითქმის 2-ჯერ ნაკლები – 430 მლრდ კუბ. მეტრი შეადგინა. https://neftegaz.ru/news/dobycha/805127-za-10-mesyatsev-2023-g-dobycha-gaza-v-rf-upala-na-9-6-v-godovom-sravnenii-i-sostavila-430-mlrd-m3/). ამრიგად, რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში, რომელიც მისი ძირითადი ბაზარი იყო, მკვეთრად შემცირდა უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური შედეგების გამო. ანალოგიური მდგომარეობაა გათხევადებული რუსული გაზის (LNG) ევროპასა და აზიის ბაზრებზე ექსპორტის თვალსაზრისითაც.
კერძოდ, LSEG-ის მონაცემებით რფ-დან LNG ექსპორტი შემცირდა არამარტო ევროპის არამედ აზიის ბაზრებზეც. რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ექსპორტი ევროპაში 2023 წელს 1,9%-ით დაეცა და 15,8 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო აზიაში LNG-ის ექსპორტი შემცირდა 11%-ით და 14,9 მლნ ტონა იყო. 2023 წელს ევროპამ გაზარდა LNG-ის შესყიდვები სხვა გლობალური მწარმოებლებისგან მას შემდეგ, რაც მკვეთრად შეამცირა რუსული მილსადენი გაზის იმპორტი უკრაინაში კონფლიქტის საპასუხოდ. მთლიანად LNG-ის რუსეთიდან ექსპორტი 2023 წელს 6%-ით შემცირდა და 31 მლნ ტონა შეადგინა. თავიდან ამის მიზეზი ზაფხულში ქარხნებში გეგმური რემონტი იყო. ამის შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში, რუსეთის LNG ექსპორტმა მიაღწია რეკორდულ დონეს – 3.2 მლნ ტონას, საიდანაც 1.9 მლნ ტონა Yamal LNG-ს პროდუქცია იყო. ექსპორტის ძირითადი ნაწილი LNG-ს რუსეთის უმსხვილესმა კერძო მწარმოებელმა, Novatek-მა (NVTK.MM) უზრუნველყო. LSEG-ის წინასწარი მონაცემებით, Novatek-მა 18,7 მლნ ტონა გადაზიდა Yamal LNG პროექტიდან არქტიკის გზით და 800,000 ტონა – კრიოგაზ-ვისოცკის ქარხნიდან ბალტიის ზღვით.
რუსეთის წყნარი ოკეანის რეგიონში – „გაზპრომის“ ხელმძღვანელობით მოქმედმა სახალინ-2 პროექტმა 2023 წელს ასევე შეამცირა LNG-ის ექსპორტი 10%-ით – 10,1 მლნ ტონამდე. 2022 წლის სექტემბერში დაწყებულმა, საშუალო ტონაჟის Gazprom LNG Portovaya პროექტმა 2023 წელს გაიტანა 1,4 მლნ ტონა LNG, ძირითადად თურქეთსა და საბერძნეთში, და მერე სამი პარტია გადატვირთა ჩინეთში, მათგან ერთი – არქტიკის გავლით (იხ.ცხრილი).
2023 და 2022 წლებში Novatek-ის და Gazprom-ის LNG საექსპორტო პროექტებიდან
გადაზიდვები რეგიონების მიხედვით (მლნ ტ.)

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხრილში აღნიშნული მიწოდების შემცირებაზე, ჟურნალისტების კომენტარის თხოვნას, არც „გაზპრომის“ და არც „ნოვატეკის“ წარმომადგენლებმა არ უპასუხეს. სავარაუდოდ, ენერგოკომპანიებში მოერიდნენ ჟურნალისტების ისეთ კითხვებზე პასუხს, როგორიცაა ინფორმაცია რფ-ს „ენერგეტიკული სტრატეგიის“ შესაბამის თავში დასახული LNG-ს წარმოების და ექსპორტის ამოცანის შესრულების შესახებ. იქ გარკვევით წერია: თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებისა და მოხმარების განვითარების პრობლემის გადაჭრის ინდიკატორი, რომ რუსეთის ფედერაცია გახდეს ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი მის წარმოებასა და ექსპორტში საშუალოვადიან პერსპექტივაში, არის თხევადი ბუნებრივი გაზის წარმოების მოცულობა: 2018 წ. 18,9 მლნ ტონა; 2024 წლისთვის – 46-65 მლნ ტონა; 2035 წლისთვის – 80-140 მლნ ტონა (Энергетическая стратегия Российской Федерации на период до 2035 года). ამ დროს, 2023 წლის ათი თვის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში გათხევადებული გაზის წარმოება შემცირდა 4%-ით 2022 წლის ათ თვესთან შედარებით (https://neftegaz.ru/news/dobycha/805127-za-10-mesyatsev-2023-g-dobycha-gaza-v-rf-upala-na-9-6-v-godovom-sravnenii-i-sostavila-430-mlrd-m3/). ზემოაღნიშნული მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ დავასკვნათ:
• აშშ-ის სანქციები დიდ დაბრკოლებას უქმნის რუსეთის გეგმებს გაზარდოს საზღვაო გზით თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი, რათა აინაზღაუროს ევროპაში მილსადენის გაზის ექსპორტის შემცირება;
• რფ-ს „სტრატეგიიდან“ ჩანს, რომ მსოფლიოში მეოთხე უმსხვილეს LNG-ს მწარმოებელს აშშ-ის კატარისა და ავსტრალიის შემდეგ, რუსეთს აქვს ამბიცია გაზარდოს თავისი წილი გლობალურ ბაზარზე გამოშვების გასამმაგებით, დაახლოებით 8%-დან 20%-მდე, ანუ 140 მლნ ტონამდე 2030-35 წლისთვის.
• მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა წარმატებით გადაიტანა 2022 წლიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების საექსპორტო ფასის შეზღუდვა (Price Cup), LNG-ზე შეზღუდვების გავლენა უფრო მძიმე იქნება გაზის ტანკერების შედარებით მცირე რაოდენობის, ასევე ტექნოლოგია-ფინანსების ხელმისაწვდომობის გამო;
• რუსული გაზის, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ენერგომომხმარებლისკენ – ჩინეთისკენ გადამისამართების მცდელობები ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მიმდინარე გაჭიანურებული მოლაპარაკებები ჩინეთში გაზის გაყიდვების გაორმაგებაზე ახალი რუსული „ციმბირის ძალა 2-ის“ (Power of Siberia 2) მილსადენის მეშვეობით, არ დასრულებულა. აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმება ჯერ ვერ ხერხდება;
• ამავდროულად, ღია წყაროებში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, Arctic LNG 2, რომელსაც აკონტროლებს Novatek, რუსეთის უმსხვილესი LNG მწარმოებელი, სანქციების სენსიტიურობის გამო, შეფერხების წინაშეა. ამ წყაროების ცნობით, კომერციული LNG მიწოდება ამ პროექტიდან მოსალოდნელია არა უადრეს 2024 წლის მეორე ნახევრისა ან კიდევ უფრო გვიან. მაშინ როცა Novatek აცხადებდა, რომ ის პირველ კვარტალში დაიწყებდა პროდუქციის გადატვირთვას. ამ კომპანიის Arctic LNG 2 ქარხნის წლიური სიმძლავრე (სამი ტერმინალით), უნდა ყოფილიყო 19,8 მლნ ტონა LNG და 1,6 მლნ ტონა სტაბილური გაზის კონდენსატი;
• ეს Novatek-ს აქცევდა რფ-ს ენერგეტიკულ შემოსავლებში ლიდერად, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „გაზპრომის“ მილსადენის გაზის ექსპორტი ევროპაში განახევრდა და 2023 წელს 100 მლრდ. კუბ.მ-ზე ცოტა მეტი შეადგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნებოდა, ვინაიდან 2023 წელს რუსეთის მთლიანი საექსპორტო შემოსავლების 57% და მშპ-ის 27% ნახშირწყალბადების ექსპორტმა უზრუნველყო (RUSSIA FACES MIGHTY OBSTACLE IN WESTERN LNG SANCTIONS Dec 28, 2023).
• თუმცა, აშშ-ის სანქციები, რაც რუსული წყაროების ცნობით, ასახავს ვაშინგტონის სურვილს, გახდეს ლიდერი LNG-ის ექსპორტში, Novatek-ის ფორსმაჟორულ მდგომარეობას დაემთხვა. კერძოდ, გამოცხადდა, რომ რუსულ კომპანიას არ შეუძლია შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები. ამავე დროს, სანქციების შიშით, Novatek-ის უცხოელმა აქციონერებმა შეაჩერეს პროექტში მონაწილეობა. მათ უარი თქვეს პასუხისმგებლობაზე Arctic LNG 2 ქარხნის დაფინანსებასა და კონტრაქტებზე. Arctic LNG 2 მდებარეობს გიდანის ნახევარკუნძულზე, რომელიც შეჭრილია კარის ზღვაში, ციმბირის ჩრდილოეთით და უცხოური დახმარების გარეშე, ასეთ რთულ პირობებში, მისი ფუნქციონირება ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ Novatek, რომელიც „გაზპრომის“ ალტერნატივად ყალიბდებოდა, ფლობს Arctic LNG 2 კონსორციუმში 60%-იანი წილს. ჩინეთის ნავთობის სახელმწიფო კომპანიებიდან, CNOOC Ltd და China National Petroleum Corp (CNPC) თითოეული ფლობს 10%-იან წილებს, ისევე როგორც საფრანგეთის TotalEnergies, იაპონური Mitsui and Co და JOGMEC;
• გარდა ამისა, თავდაპირველად Novatek-მა განაცხადა, რომ Arc7 ყინულის კლასის 15 LNG ტანკერი, რომელთაც შეუძლია 2 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა, მალე აიგებოდა რუსეთის „ზვეზდას“ ვერფებზე Arctic LNG 2-ისთვის. მაგრამ, ფრანგულმა საინჟინრო ჯგუფმა Gaztransport & Technigaz (GTT) 2024 წლის იანვრიდან შეაჩერა კონტრაქტი რუსულ გემთმშენებელ კომპანია „ზვეზდასთან“. კიდევ ექვსი Arc7 კლასის ტანკერი უნდა აეშენებინა კორეულ კომპანიას Hanwha Ocean, ყოფილ Daewoo Shipbuilding & Marine Engineering-ს, მაგრამ ეს კონტრაქტიც გაუქმდა. დასავლური წყაროების ცნობით, ასეთ პირობებში რუსეთს გაუჭირდება LNG პროექტებში GTT-ის ჩანაცვლება (იქვე).
ვინ შეიძლება ჩაენაცვლოს მაღალტექნოლოგიურ დასავლურ კომპანიებს რფ-ს ენერგეტიკაში
სანქციების გამო, რუსეთში შესაძლოა დასავლური კომპანიების ენერგო აქტივების ნაციონალიზაცია მოხდეს ან ჩინელი და ინდოელი ინვესტორები შემოვიდნენ რუსეთის ბაზარზე. საერთაშორისო ნავთობკომპანიებმა, რომლებიც რუსეთში ათწლეულების განმავლობაში ოპერირებენ, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ან შეამცირებენ დაბანდებებს, ან დატოვებენ ქვეყანას. ჩნდება კითხვა, ვინ შეცვლის მათ?
Equinor-მა, Eni-მ, BP-მ, ExxonMobil-მა და Shell-მა 2023 წლის ბოლო თვეებში განაცხადეს რუსეთიდან გასვლის შესახებ. სხვებმა, როგორიცაა TotalEnergies, OMV და Wintershall განაცხადეს, რომ თავს შეიკავებენ ქვეყანაში შემდგომი ინვესტიციებისგან.
ამის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ დააწესა დროებითი აკრძალვა ყველა შერწყმისა და შესყიდვის (M&A) გარიგებაზე, რათა თავიდან აიცილოს უცხოური მაღალტექნოლოგიური ენერგო კომპანიების მიერ ქვეყნის სწრაფად დატოვება. ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს მათი წასვლის შედეგად წარმოების შეფერხება და კომპანიებსა და ბიზნესის მფლობელებს მიეცეთ დრო, შეაფასონ არსებული ბაზრის მდგომარეობა და აწონ-დაწონონ თავიანთი გადაწყვეტილებები, რასაც კრემლი პოლიტიკურ ხასიათს აძლევს.
თუ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) გარიგებებზე აკრძალვა დაწესდება, უცხოური კომპანიების წასვლა რუსეთიდან შეიძლება გარკვეული ხნით შეჩერდეს, მაგრამ წილების და აქციების გაყიდვები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, რაც სხვა უცხოელ ინვესტორებს გაუხსნის შესაძლებლობებს.
სავარაუდოა, რომ უცხოელების საკუთრებაში არსებული თითქმის ყველა აქცია გაიყიდება რეალურ ღირებულებასთან შედარებით უზარმაზარი ფასდაკლებით. ასევე, აქციების ნაწილი შეიძლება სახელმწიფოს მიერ იქნეს შეძენილი და ამ გზით ნაციონალიზებული. კრემლმა ზოგიერთი ინვესტორი გააფრთხილა კიდეც, რომ არაა გამორიცხული იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მას არ დაემორჩილებიან, შეიძლება აქტივები ჩამოერთვათ. ექსპერტები მსჯელობენ, თუ რომელი კომპანიები შევლენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.
პირველ რიგში, ალბათ, ჩინური ენერგო გიგანტები. მოსკოვის უკრაინაში ომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში იმყოფებოდა თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან მოლაპარაკებებზე. ორივე მხარე ცდილობდა ხაზი გაესვა ერთიანობაზე, დასავლეთთან დაძაბულობის ესკალაციის პირობებში. სავარაუდოდ, ახლა როდესაც რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან უპრეცედენტო იზოლაციის წინაშე დგას, მისი დამოკიდებულება ჩინეთზე, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოკავშირეზე, მხოლოდ გაიზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი სტაბილურად აფართოებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს ჩინეთთან და ენერგოკონტრაქტებმა ამ ცვლილებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ათ წელზე მეტი ხნის წინ, „აღმოსავლეთ ციმბირი – წყნარი ოკეანის“ (ESPO) ნავთობსადენის აგების შემდეგ რუსეთი, რომელიც იბრძვის საუდის არაბეთთან ჩინეთის იმპორტში პირველი ადგილისთვის, გახდა ჩინეთში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი. რუსული LNG გაზის ტერმინალები ასევე აგზავნიან თხევად გაზს ჩინეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს „გაზპრომმა“ დაიწყო ამ ქვეყანაში გაზის იმპორტი „ციმბირის ძალის“ (Power of Siberia) მილსადენით, რომლის წლიური საპროექტო სიმძლავრეა 55 მლრდ კუბური მეტრი. ვ. პუტინის პეკინში ვიზიტის დროს, „გაზპრომი“ და ჩინეთის CNPC შეთანხმდნენ მეორე ხელშეკრულებაზე, „ციმბირის ძალის“ მილსადენით დამატებით წლიურად 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე.
ექსპერტები ასევე მსჯელობენ ინდოელი ინვესტორების ინტერესების გაფართოების პოტენციალზე. კერძოდ, ONGC Videsh Ltd (OVL)-ს აქვს წილი Sakhalin-1 პროექტში, საიდანაც ამერიკული ExxonMobil გავიდა. OVL ასევე Rosneft-ის ინვესტორია Vankor-ის საბადოში Oil India-სთან, Indian Oil-თან და Bharat PetroResources-თან ერთად. ეს ინდური კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან Taas-Yuryakh პროექტით, რომელსაც BP ტოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს დაწესებულმა სანქციებმა არ შეაჩერა ჩინელი და ინდოელი ინვესტორების ექსპანსია რუსეთის ენერგეტიკაში, ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამჯერად გარემოებები შეიცვალა. რუსეთში ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა რისკის ზუსტ შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო მკაფიო სურათი გამოჩნდება, შესაძლოა რუსეთში აზიური ბიზნესი მნიშვნელოვნად გააქტიურდესე ე. წ. შერწყმის და შესყიდვების (M&A) გარიგებებში და არაა გამორიცხული, რომ ძირითად პროექტებში აზიურმა მოთამაშეებმა დასავლური კომპანიები ჩაანაცვლონ.
დაბოლოს, რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება თურქეთის მიმართულებით შეცვალოს ევროპის სატრანზიტო მარშრუტები და იქ რუსული გაზის ჰაბი გახსნას.
შეუძლია თუ არა რუსეთს ე.წ. თურქული ჰაბით გაზის ევროკავშირში ფარულად შეტანა
„გაზპრომში“ იმედოვნებენ, რომ მონოპოლია ირიბად შეინარჩუნებს ევროპაში თავისი ყოფილი ბაზრის ნაწილს. ამიტომ, რუსეთი ხელს უწყობს თურქეთს, რომ ის ჩამოყალიბდეს როგორც ევროპაში მისი გაზის მიწოდების „ჰაბი“. ანალიტიკოსები კითხულობენ, არის თუ არა ეს ანტირუსული სანქციების თავიდან აცილების ხრიკი და ფარულად გაგრძელდება თუ არა რუსული გაზის ექსპორტი ევროკავშირის წევრებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულებას. ევროკავშირის ბევრმა წევრმა ქვეყანამ ხომ პირობა დადო, რომ უახლოეს წლებში მთლიანად შეაჩერებს რუსული გაზის იმპორტს!
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად 2022 წლის შემოდგომაზე შესთავაზა თურქეთს მის ტერიტორიაზე ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების ჰაბის შექმნა. ეს წინადადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვის ფსკერზე მომხდარმა აფეთქებებმა გაანადგურა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის ოთხიდან სამი მილი.
„გაზპრომს“ აქვს დარჩენილი რამდენიმე ვარიანტი ევროპაში მილსადენის გაზის გასაგზავნად. რუსეთისა და პოლონეთის მიერ დაწესებულმა ურთიერთ სანქციებმა და კონტრსანქციებმა ხელი შეუშალა რუსული გაზის დასავლეთის მიმართულებით მიწოდებას წლიურად 33 მლრდ კუბური მეტრის წარმადობის „იამალი-ევროპის“ მილსადენით, რომელიც კვეთს რუსეთიდან ბელარუსს და უკავშირდება პოლონეთს.
რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა ომმა შესაძლოა ყოველ წუთს გამოიწვიოს ჯერ კიდევ დარჩენილი 100 მლრდ კუბური მეტრის რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის მარშრუტით. ამდენად, სტაბილური გაზმომარაგება ევროპას რჩება მხოლოდ წელიწადში 31,5 მლრდ კუბური მეტრის წარმადობის მილსადენით „თურქული ნაკადით“, რომელიც გადის შავი ზღვის ფსკერზე, როგორც გაზის მოქმედი სატრანსპორტო მარშრუტი. თუმცა, ახლა მისი სიმძლავრის მხოლოდ ნახევარი გამოიყენება გაზის ევროპაში გადასატანად, დანარჩენი კი თურქეთის ბაზარს ეთმობა და ჯერ კიდევ 2003 წელს აგებული, ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 16 მლრდ კუბური მეტრის წლიური წარმადობის მილსადენით „ცისფერი ნაკადი“.
პრეზიდენტ ვ. პუტინის წინადადებაა, რომ კიდევ ორი მილი დაემატოს „თურქულ ნაკადს“, რათა გაორმაგდეს მისი სიმძლავრე. თავად თურქეთის ბაზარი გაზით უკვე გაჯერებულია, მაგრამ მას აქვს წვდომა არამხოლოდ აზერბაიჯანულ და ირანულ გაზზე, არამედ თხევად გაზზეც (LNG), რასაც ყატარიდან და ალჟირიდან ყიდულობს. ასევე, თურქეთი მიზნად ისახავს საკუთარი ბუნებრივი აირის მოპოვებას ოფშორული „საკარიას“ საბადოდან – 2024 წელს, რომელიც სავარაუდოდ დაფარავს მის მზარდ მოთხოვნას გაზზე მომდევნო წლების განმავლობაში. თეორიულად, თურქეთს შეუძლია ევროპაში გადაამისამართოს მთელი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზი, რომელიც ევროპის მილსადენების სისტემაში კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იქნება გადატუმბული.
კრემლს სურს თურქეთში რუსული გაზის გაგზავნა ევროპაში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის, რადგანადაც მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი ქვეყანა და კომპანია ეტაპობრივად შეწყვეტენ მილსადენებით რუსული გაზის მოხმარებას მომდევნო წლების განმავლობაში. რუსეთის გეგმა, როგორც ჩანს, არის ჭარბი გაზის მიწოდება თურქეთისთვის, რომელიც შემდგომში ევროპელ მყიდველებზე ფარულად, როგორც თურქული გაზი, ისე იქნება გადაყიდული. მომავალ თურქულ ჰაბში მოხვედრილი გაზის მოლეკულები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. და იმის გადაწყვეტა, თუ რა რაოდენობისაა რუსული წარმოშობის გაზი, რომელსაც ევროპა თურქეთიდან იღებს, რთული გასარკვევი იქნება. მაგალითად, უკრაინამ წლების წინ შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და მისი იმპორტის დიდ ნაწილს პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს; თუმცა, ეს გაზი საბოლოო ანგარიშით, ხომ რუსული წარმოშობისაა!
თურქეთში ჰაბის შექმნის გეგმები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის ხორცშესხმას წლები დასჭირდება. არც მოსკოვს და არც ანკარას არ გაუკეთებიათ კომენტარი მისი შექმნის ზუსტ ვადებზე, ან ახალი მილსადენის ინფრასტრუქტურის ხარჯთაღრიცხვაზე. მაგრამ თუკი „თურქული ნაკადის“ (TurkStream) აგება ღირდა დაახლოებით 12 მლრდ დოლარი, ექსპერტების ვარაუდით, მისი სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 63 მლრდ კუბურ მეტრამდე, 7 მლრდ დოლარამდე დაჯდება.
საინტერესოა, რომ „თურქული ნაკადის“ წარმადობა თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 60 მლრდ კუბური მეტრის ოდენობით, მაგრამ მოსკოვმა გადაწყვიტა მისი სიმძლავრის განახევრება 2015 წლის ოქტომბერში, რადგან თურქეთმა, ადრე შეპირებულთან შედარებით, უფრო ნაკლები ინტერესი გამოხატა რუსული გაზის შესყიდვაზე. რამდენიმე თვით ადრე „გაზპრომმა“ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ასევე წარადგინეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) გეგმა, რომელიც ითვლებოდა უკეთეს გზად, ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ამქცევი მარშრუტით ევროპაში რუსული გაზის გასაგზავნად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მაშინ მოსალოდნელი იყო გერმანიასთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება. ამ გაზსადენის აფეთქებამ რუსეთს მხოლოდ თურქეთის მარშრუტის იმედი დაუტოვა.
აშკარაა, რომ რუსეთს გაუჭირდება აზერბაიჯანის გარეშე „თურქული ნაკადის“ ძვირადღირებული გაფართოების სამუშაოების განხორციელება დასავლეთის მიერ მისი ეკონომიკური იზოლაციის ფონზე – სწორედ საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაა მისი მთავარი დაბრკოლება. მაგრამ მოსკოვს შეიძლება ასევე ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირი იაფი გაზისთვის რაღაცას მაინც გააკეთებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი, პირადად გაემგზავრა ბაქოში 2022 წლის ივლისში, რათა ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელიც აორმაგებს აზერბაიჯანის გაზის ევროპაში მიწოდებას. ევროკავშირი ითხოვს 2027 წლისთვის წელიწადში 20 მლრდ კუბური მეტრი აირის შეძენას. ამის გაკეთებას დასჭირდება კასპიის ზღვის საბადოების შემდგომი განვითარება და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) მილსადენის ქსელის გაფართოება, რომელიც თურქეთიდან სამხრეთ ევროპაში გადის. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელ-ბაქოს შეთანხმება, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიზნად ისახავს რუსული გაზის მიწოდების ჩანაცვლებას, მან შესაძლოა მოსკოვს გარკვეული შესაძლებლობაც მისცეს. შესაბამისად, ევროპაში იმპორტის სანქცირების გამო, რუსეთს შეუძლია უფრო მეტი გაზი მიჰყიდოს აზერბაიჯანს, ვიდრე 2022/23 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მას მიაწოდა, დაფაროს მისი შიდა მოთხოვნის უმეტესი ნაწილი, და ეს, თავის მხრივ, აზერბაიჯანს აირის უფრო მეტ მოცულობას გაუთავისუფლებს ევროკავშირში გასაგზავნად. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ევროკავშირის ძალისხმევას, ჩამოერთვას რუსეთს გაზის გლობალური ბაზრის წილი – რუსული გაზი უბრალოდ სხვაგან გაიყიდება...
მსგავს სქემას რუსეთი ახორციელებს ნავთობზე საუდის არაბეთის სამეფოსთან (KSA): რუსეთი მასზე ყიდის ნავთობს, რომელსაც ეს უკანასკნელი ამუშავებს თავისი შიდა საჭიროებისთვის, და ამით ათავისუფლებს მეტ არასანქცირებულ ნავთობს საექსპორტოდ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისთვის მეტი გაზის მიყიდვის სტრატეგია და თურქეთის გამოყენება ევროპაში გაზის უწყვეტი, მაგრამ არაპირდაპირი მიწოდების გამტარად, მოსკოვის ლოგიკური პასუხი ევროკავშირის ვალდებულებაზე იქნება, გაწყვიტოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან, მაგრამ ეს სქემა ასევე შეიცავს რისკებს, კერძოდ:
- ეს თურქეთს, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომელსაც შეუძლია შეწყვიტოს რუსული გაზის დიდი მოცულობის ევროპაში ექსპორტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შემთხვევაში. ბოლო პერიოდში რუსეთსა და თურქეთს არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონიათ – განსაკუთრებით 2015 წლის ბოლოს, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი, რომელიც სირია-თურქეთის საზღვართან მიფრინავდა. მომდევნო წლებში მხარეებმა მიაღწიეს დაახლოებას;
- გაზის ტრანზიტი თურქეთის გავლით ანკარას დიდ სატრანზიტო შემოსავლებს მისცემს. სწორედ არასატრანზიტო სტატუსმა გახადა „ჩრდილოეთის ნაკადი 1 და 2“ მილსადენები (Nord Stream 1,2) რუსეთისთვის ყველაზე სასურველ მარშრუტად – სატრანზიტო გადასახადები ამ მილებით გაზის გადატუმბვისას არ იყო საჭირო და იაფი რუსული გაზი ევროპის შუაგულში, რუსული ვიბორგიდან გერმანულ გრეიფსვალდში, ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით – ბალტიკის ფსკერით შედიოდა. მაგრამ, თუ რუსული გაზი ევროპაში თურქეთის გავლით, ფარული გზით გაიყიდება, მაშინ ტრანზიტის საფასური გაიზრდება, ვინაიდან თურქეთი იყიდის გაზს საბაზრო ტარიფით, შემდგომში საკუთარი ჰაბიდან კიდევ უფრო მაღალ ფასად გასაყიდად.
აზერბაიჯანში რუსული გაზის მიწოდების აღდგენა
თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის გაჭიანურების პირობებში, რუსულმა „გაზპრომმა“ თავის დაზღვევის მიზნით 2022 წლის 18 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს 1 მლრდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს აწვდის 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე, ამ რუსული მონოპოლიის, სახელმწიფო ენერგოკომპანია SOCAR-თან გაფორმებული ახალი კონტრაქტით (Relaunch of Russian gas supplies to Azerbaijan raises questions about Baku-Brussels deal. 22/11/22).
როგორც ცნობილია, სწორედ „გაზპრომი“ იყო აზერბაიჯანისთვის გაზის მიმწოდებელი 2000-2006 წლებში, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სწრაფად გააფართოვა საკუთარი გაზის წარმოება BP-ის მიერ ოპერირებად „შაჰ-დენიზის“ საბადოზე, რაც მას საშუალებას აძლევდა დაეფარა არამხოლოდ საკუთარი გაზის საჭიროება, არამედ საქართველოსა და თურქეთში განეხორციელებინა ექსპორტი. როდესაც მისი გაზის დიდი ნაწილი უკვე უცხოურმა კომპანიებმა შეისყიდეს, აზერბაიჯანი ისევ დაუბრუნდა რუსეთიდან გაზის მიღებას 2017-2018 წლებში, მაგრამ შესყიდვები კვლავ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც „შაჰ-დენიზის“ განვითარების მეორე ეტაპის გაზი 2019 წელს თურქეთში გაიგზავნა.
აზერბაიჯანი დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს თავისი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვას, ვიდრე შიდა საჭიროებებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საექსპორტო შემოსავლები. „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმება გაფორმდა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი ემზადებოდა 2023 წლის ზამთრის შუა პერიოდში პიკისთვის. თუმცა, რუსული გაზის იმპორტის განახლება ახლა დამატებით კითხვებს აჩენს იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა ახლახანს აიღო ვალდებულება მეტი გაზის გადატუმბვაზე ევროპაში.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA-სთვის გაკეთებულ განცხადებაში, SOCAR-მა აღნიშნა, რომ მას აქვს „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია და რომ ორი კომპანია „...ცდილობს თავიანთი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, გაზის ნაკადების ურთიერთგაცვლის ორგანიზებით“.
აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით ხორციელდება, რათა ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიურად 10 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მივიდეს ევროპელ მომხმარებლებთან. ბაქოსა და ბრიუსელს შორის 2022 წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა დადო, რომ 2022 წელს ექსპორტს 12 მლიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. როგორც ბრიუსელმა, ასევე ბაქომ მოიწონა ეს ახალი შეთანხმება, როგორც ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების გაფართოება. ევროკომისიამ შეთანხმებას უწოდა გამარჯვება ევროკავშირის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობებში. მაგრამ არასოდეს არ დაკონკრეტებულა, რა იქნებოდა დამატებითი მიწოდების წყარო. ფაქტობრივად ხომ ბაქომ ევროპაში არა 12-ის, არამედ 18 მლრდ კუბმეტრი აირის მიწოდება შეძლო! ამასთან, უკვე 2024 წლის დასაწყისიდან, აზერბაიჯანი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. „სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) ამჟამად მუშაობს სრული სიმძლავრით და თუ გვინდა მისი მეშვეობით გაზის დამატებითი მოცულობის ექსპორტი, ის უნდა გაფართოვდეს. აქ გარკვეული თანხებია საჭირო, დამატებითი სატუმბი სადგურები უნდა დამონტაჟდეს. არის ჩვენი გაზის საჭიროება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ი. ალიევმა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული გაზი უკვე მიეწოდება ბულგარეთისა და რუმინეთის ბაზრებს. სერბეთი შესაძლოა ამ ქსელს უახლოეს მომავალში შეუერთდეს (Азербайджан ведет переговоры со странами Европы по экспорту газа. 10 января, 2024). Eurasianet-ის ცნობით, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით (რომელიც პასუხისმგებელია აზერბაიჯანული გაზის ექსპორტზე), დამატებითი საექსპორტო გარიგებები საბადოდან გაზის გაყიდვის შესახებ, უკვე შეთანხმებული წლიურად 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ზემოთ, არ არის შეთანხმებული საოპერაციო კონსორციუმთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი რუსული გაზის დამატების გარეშე, ერთ წელიწადში ვერ შეძლებდა გაეზარდა გაზის მოპოვება 10 მლრდ კუბმეტრიდან 18 მლრდ კუბმეტრამდე შემდეგი ობიექტური მიზეზების გამო:
- აზერბაიჯანის „სოკარი“ გაზის თითქმის ყველა საბადოს – „აბშერონს“, „კარაბახს“, „შაჰ-დენიზ 3“-ს, „უმიდს“. „ბაბეკს“ და ა.შ. დასავლურ კომპანიებთან ერთად ამუშავებს. მაგრამ აზრბაიჯანში მოქმედ ამ დასავლურ კომპანიებში (BP, Total, Equinor, Statoil და ა.შ.) ბოლო წლებში, ეკოლოგიური მიზეზებით, თითქმის განახევრდა ინვესტიციები წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე და გაიზარდა ალტერნატიული ენერგოპროექტების დაფინანსება;
- ასევე ეკოლოგიური მოსაზრებებით, შემცირებულია „დერეფნის“ ტრადიციული დამკრედიტებელი ბანკების – EIB, EBRD და სხვ. წიაღისეული საწვავის მოპოვების საკრედიტო პორტფელები;
- კასპიის ახალი გაზის საბადოები ურთულეს გეოლოგიურ მასივებში მდებარეობს. მაგალითად, ახლადაღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გაზის საბადო მდებარეობს „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის“ ნავთობის საბადოს ფსკერის ქვეშ, რაც მის ექსპლოატაციას, ნავთობის სრულად ამოღებამდე, თითქმის შეუძლებელს ხდის. ურთულესი გეოლოგია აქვს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე გაზის საბადოს „უმიდს“ და იმავე ტექტონიკურ ბლოკზე განლაგებულ „ბაბეკს“, აგრეთვე „ზაფარს“ და „მაშალს“.
ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: ჩუმად ხომ არ იყიდება რუსული გაზი როგორც აზერბაიჯანული, ევროკავშირ-აზერბაიჯანის 2022 წლის ივლისის მემორანდუმის გადაჭარბებით შესასრულებლად?
ერთი მხრივ, აზერბაიჯანისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლება შეიძლება უბრალოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ ბაქო საკმაოდ შეშფოთებულია თავისი შიდა მოთხოვნის გაზრდით. და მართლაც, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმება მხოლოდ მემორანდუმია და, შესაბამისად – არასავალდებულო. მაგრამ შეთანხმების გაფორმების დრო ბადებს ეჭვს და ვარაუდს, რომ რაც უფრო გაგრძელდება უკრაინაში ომი, მით მეტად შეეძლება აზერბაიჯანს გამოიყენოს იაფი რუსული გაზი თავისი შიდა მოთხოვნის დასაფარავად, რათა მეტი კასპიური გაზი გამოათავისუფლოს ევროპაში ექსპორტის გასაზრდელად.
მეორეს მხრივ, აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა, თავისუფლად შეუძლია შეისყიდოს იმდენი რუსული გაზი, რამდენიც უნდა, მაგრამ გამოდის, რომ ის იყენებს რუსულ გაზს ევროპაში კასპიური აირის მეტი მოცულობების გასაგზავნად (ფაქტობრივად ეს გარიგება „სვოპ“ მიწოდებაა). ამდენად, გაზის რუსეთიდან აზერბაიჯანში იმპორტი გარკვეულწილად, ძირს უთხრის ბაქო-ბრიუსელის 2022 წლის ივლისის შეთანხმების სულისკვეთებას. ეს ასევე იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად უჭირს ევროპას რუსული გაზის ალტერნატივის უზრუნველყოფა უახლოეს პერსპექტივაში, და რამდენად შეეცდება მოსკოვი ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გაზსადენების თავისი მიზნებისათვის გამოყენებას.
სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მილებში, საბჭოთა კავშრის დროიდან არსებული აზერბაიჯან-რუსეთის მილსადენით, მოახვედროს რუსული გაზი და ის, როგორც აზერბაიჯანული, ისე გაყიდოს ევროპაში. საქმე ისაა, რომ რუსეთის წინადადება, თურქეთში რუსული გაზის ჰაბის აგების შესახებ, „გაზპრომის“ დასაფინანსებელია. ამ უკანასკნელს კი, ევროკავშირში ექსპორტის განახევრების გამო, ამისათვის საჭირო თანხა არ აქვს. ეს ჩანს „გაზპრომის“ 2023 და 2024 წლების გამოქვეყნებული საინვესტიციო პროგრამებიდან, რაც ღია დოკუმენტებია(https://www.gazprom.ru/press/news/2023/december/article570587/). ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „გაზპრომს“ არც „თურქული ნაკადის“ მეორე რიგის – ორი პარალელური მილსადენის შავი ზღვის ფსკერზე გაყვანისთვის საჭირო 7 მლრდ დოლარი არ აქვს გამოყოფილი!
იმავდროულად ნათელია, რომ აზერბაიჯანის გაზის ბაზარი რუსეთს არ შესთავაზებს ისეთივე მაღალ ანაზღაურებას, რასაც ევროპა უზრუნველყოფს. თუმცა, მიმდინარე ომის ფონზე, ევროპაში „გაზპრომის“ საბაზრო წილის უმეტესი ნაწილის შეუქცევადი დაკარგვის საპირწონედ, აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული მარშრუტებით ექსპორტი შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი მოსკოვისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთს გაცილებით მეტი დრო დასჭირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის – ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით გაზის დამატებითი საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
დასკვნა
ამრიგად, დამტკიცდა ჩვენ მიერ სტატიის შესავალში გამოთქმული ჰიპოთეზა, რომ ომის პირობებში, 2024 წელს გაგრძელდება „გაზპრომის“ მონოპოლიური მილსადენებით ევროპის გაზმომარაგების ჩანაცვლება გაზის სპოტ-ბაზრებზე ვაჭრობით. ზემოთ განხილული გეოეკონომიკური პროცესებიდან ჩანს, ევროკავშირი მეტ ძალისხმევას მიმართავს არა თურქეთის ე.წ. ჰაბის განვითარებაზე, არამედ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და გაზის სპოტ-ვაჭრობის ხელშეწყობაზე, რაც საქართველოს მხრივაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებული წინადადებები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ევროკავშირისკენ თხევადი გაზის ტანკერებით ტრანსპორტირების პროექტის რეანიმაციის შესახებ, ძალიან დროულია.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი – „თეთრი ნაკადის“ გაზსადენის და თხევადი გაზის ტრანსპორტირების – AGRI(LNG)-ის პროექტირება შეწყდა. ეს იყო ყველაზე პერსპექტიული პროექტები საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, რადგან ორივე გვერდს უვლიდა არამარტო რუსეთს, არამედ თურქეთსაც, და შესაბამისად, ანეიტრალებდა მათ სატრანზიტო ჰეგემონიას.
სწორედ ამ ჰეგემონიის დასაძლევად განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს კასპიის ზღვის სანაპიროდან ევროპისთვის გაზის საქართველოზე გავლით მიწოდებაზე. მანვე აღნიშნა რომ პროექტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, უკვე დაწყებული იყო და ითვალისწინებდა გეგმას, რომლითაც „...გაზი გათხევადდება საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი რუმინეთში მისი ხელახალი გაზიფიცირება მოხდება. სამწუხაროდ, ეს პროექტი შეჩერდა და შემდგომი განვითარება არ ჰქონია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „... ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როცა ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე. ამ პროექტმა განსაკუთრებული აქტუალურობა წელს მოიპოვა“. ბატონმა ლ. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პროექტის და ინფრასტრუქტურის შეფასება მიმდინარეობს. „ეს არ მოხდება არც ერთ დღეში და არც ერთ წელიწადში“, – თქვა მან და დასძინა, რომ „...პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვსახოთ სრული სურათი... შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ დეტალური სამოქმედო გეგმა და დავიწყოთ მისი ეტაპობრივად განხორციელება, ინვესტიციების მოზიდვის ჩათვლით.“
ლიტერატურა:
• Спот-торговля газом (2008). https://neftegaz.ru/tech-library/finansy/146486-spot-spot/
• ევროკომისარი (2022). სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში https://europetime.eu/ka/article/27777-samxretis-gagis-derefani-mnishvnelovan-rols-asrulebs-evrokavshiris-bunebrivi-airis-mishodebis-diversifikaciashi---evrokomisari
• Garakanidze Z., Garakanidze N. (2013). INFLUENCE OF THE MIDDLE EAST TENSION ON THE EU’S SOUTHERN GAS CORRIDOR (co-author). (2013). THE Caucasus & Globalization. Journal of Social, Political and Economic Studies. Volume 7, Issue 1-2, http://www.ca-c.org/c-g/2013/journal_eng/c-g-1-2/07.shtml
• Катков М. (2022). Чем и когда ЕС хочет заменить газ из России. 8 Июня, https://www.vedomosti.ru/business/articles/2022/06/08/925631-chem-es-zamenit-gaz
• THE INTERNATIONAL ENERGY CHARTER. CONSOLIDATED ENERGY CHARTER TREATY with Related Documents. Last Updated: 15 January 2016. Part II: Policy Principles Article 3 Basic Principles (f). p.158. https://www.energycharter.org/fileadmin/DocumentsMedia/Legal/ECTC-en.pdf
• The Nordic Energy Trilemma. Security of Supply, Prices and the Just Transition. https://www.nordicenergy.org/wordpress/wp-content/uploads/2023/03/Final-report-Energy-Trilemma.pdf Author: Ramboll Publish date: 2023-03-10
• EU Natural Gas TTF https://tradingeconomics.com/commodity/eu-natural-gas
• FRED, https://fredblog.stlouisfed.org/2023/01/unnatural-gas-prices-in-Europe/
?utm_source=series_page&utm_medium=related_content&utm_term=related_resources&utm_campaign=fredblog
• European Natural Gas Prices to go beyond Double By 2024. https://www.powerinfotoday.com/oil-gas/european-natural-gas-prices-to-go-beyond-double-by-2024/
• Russian Pipeline Gas Exports to Europe Down 56% in 2023 – Reuters Calculations. https://www.reuters.com/business/energy/russian-pipeline-gas-exports-europe-down-56-2023-reuters-calculations-2024-01-02/
• ПРАВИТЕЛЬСТВО РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ (2020). ЭНЕРГЕТИЧЕСКАЯ СТРАТЕГИЯ Российской Федерации на период до 2035 года. РАСПОРЯЖЕНИЕ от 9 июня. № 1523-р Газовая отрасль. http://static.government.ru/media/files/w4sigFOiDjGVDYT4IgsApssm6mZRb7wx.pdf
• За 10 месяцев 2023 г. добыча газа в РФ упала на 9,6% в годовом сравнении и составила 430 млрд м3. https://neftegaz.ru/news/dobycha/805127-za-10-mesyatsev-2023-g-dobycha-gaza-v-rf-upala-na-9-6-v-godovom-sravnenii-i-sostavila-430-mlrd-m3/
• Russian LNG Exports to Europe Fell 1.9% in 2023 – LSEG data. Reuters January 2, 2024; https://www.reuters.com/business/energy/russian-lng-exports-europe-fell-19-2023-lseg-data-2024-01-02/
• RUSSIA FACES MIGHTY OBSTACLE IN WESTERN LNG SANCTIONS Dec 28, 2023; https://www.naturalgasworld.com/russia-faces-mighty-obstacle-in-western-lng-sanctions-108966?utm_medium=email&utm_campaign=Daily%20Newsletter%202023%20-%
• Relaunch of Russian Gas Supplies to Azerbaijan Raises Questions about Baku-Brussels Deal. 22/11/22, https://www.intellinews.com/relaunch-of-russian-gas-supplies-to-azerbaijan-raises-questions-about-baku-brussels-deal-263151/
• Азербайджан ведет переговоры со странами Европы по экспорту газа. 10 января, 2024; 23:39 / Бизнес https://www.vedomosti.ru/business/news/2024/01/10/1014528-azerbaidzhan-peregovori-evropi-eksportu-gaza
• Совет директоров «Газпрома» утвердил инвестиционную программу и бюджет на 2023 и 2024 годы в новых редакциях https://www.gazprom.ru/press/news/2023/october/article568674/; https://www.gazprom.ru/press/news/2023/december/article570587/
• Gov’t Talks Plans for Caspian Sea Gas Pipeline through Georgia to Europe. Civil.ge Send an email22/11/2022 – 09:48. https://civil.ge/archives/515867
References:
• Spot-torgovlia gazom (2008). [Spot-Trade the Gas] https://neftegaz.ru/tech-library/finansy/146486-spot-spot.] in Russian
• European Commissioner (2022). Samxretis gazis derefani Tamashobs mnishvnelovan rols evropis gazmomaragebis diversifikaciaSi – [Southern Gas Corridor Plays an Important Role in Diversifying EU Natural Gas Supply.] in Georgian https://europetime.eu/ka/article/27777-samxretis-gagis-derefani-mnishvnelovan-rols-asrulebs-evrokavshiris-bunebrivi-airis-mishodebis-diversifikaciashi---evrokomisari]
• Garakanidze Z., Garakanidze N. (2013). The Impact of Middle East Tensions on the Southern Gas Corridor / [http://www.ca-c.org/c-g/2013/journal_eng/c-g-1-2/07.shtml.
• Katkov M. (2022). Kak i chem cmenit evropa Rossiskii gas? [What and When Should the EU Replace Russian Gas? https://www.vedomosti.ru/b usiness/articles/2022/06/08/925631-chem-es-zamenit-gaz] in Russian
• THE INTERNATIONAL ENERGY CHARTER. CONSOLIDATED ENERGY CHARTER TREATY with Related Documents. Last Updated: 15 January 2016. Part II: Policy Principles Article 3 Basic Principles (f). p.158. https://www.energycharter.org/fileadmin/DocumentsMedia/Legal/ECTC-en.pdf
• Northern Energy Troilemma Security of Supply (2023). Pricing and Conversion. https://www.nordicenergy.org/wordpress/wp-content/uploads/2023/03/Final-report-Energy-Trilemma.pdf Author: Ramboll p. 16.
• EU Natural Gas TTF https://tradingeconomics.com/commodity/eu-natural-gas
• FRED, https://fredblog.stlouisfed.org/2023/01/unnatural-gas-prices-in -Europe/?utm_source=series_page&utm_medium=related_content&utm_term=related_resources&utm_campaign=fredblog
• European Natural Gas Prices to go Beyond Double by 2024. https://www.powerinfotoday.com/oil-gas/european-natural-gas-prices-to-go-beyond-double-by-2024/
• Russian Pipeline Gas Exports to Europe Down 56% in 2023 – Reuters Calculations. https://www.reuters.com/business/energy/russian-pipeline-gas-exports-europe-down-56-2023-reuters-calculations-2024-01-02/
• PRAVITELSTVO ROSSIYSKOY FEDERATSII (2020). ENERGETICHESKAYA STRATEGIYA RF na period do 2035 goda. [GOVERNMENT OF THE RUSSIAN FEDERATION (2020). ENERGY STRATEGY of the Russian Federation for the Period until 2035. Gas Field.] in Russian http://static.government.ru/media/files/w4sigFOiDjGVDYT4IgsApssm6mZRb7wx.pdf
• Za 10 mesiacev rf gas proizvodstvo umenshilos na 9.6% I dostbg 430 BCM (2023), [In 10 Months, Russian Gas Production Decreased by 9.6% Annually and Amounted to 430 Billion Cubic Meters.] in Russian https://neftegaz.ru/news/dobycha/805127-za-10-mesyatsev-2023-g-dobycha-gaza-v-rf-upala-na-9-6-v-godovom-sravnenii-i-sostavila-430-mlrd-m3/
• Russian LNG Exports to Europe Fell 1.9% in 2023 – LSEG Data. Reuters January 2, 2024; https://www.reuters.com/business/energy/russian-lng-exports-europe-fell-19-2023-lseg-data-2024-01-02/
• RUSSIA FACES MIGHTY OBSTACLE IN WESTERN LNG SANCTIONS Dec 28, 2023; https://www.naturalgasworld.com/russia-faces-mighty-obstacle-in-western-lng-sanctions-108966?utm_medium=email&utm_campaign=Daily%20Newsletter%202023%20-%
• Relaunch of Russian Gas Supplies to Azerbaijan Raises Questions about Baku-Brussels Deal. 22/11/22, https://www.intellinews.com/relaunch-of-russian-gas-supplies-to-azerbaijan-raises-questions-about-baku-brussels-deal-263151/
• Azerbaydzhan vedet peregovory s yevropeyskimi stranami po eksportu gaza. 10 yanvarya 2024 g. [Azerbaijan is Conducting Negotiations with European Countries on Gas Export.] In Russian https://www.vedomosti.ru/business/news/2024/01/10/1014528-azerbaidzhan-peregovori-evropi-eksportu-gaza
• Sovet direktorov PAO «Gazprom» utverdil investitsionnuyu programmu i byudzhet na 2023 i 2024 god v novykh redaktsiyakh. [The Board of Directors of Gazprom Approved the Investment Program and Budget for 2023 and 2024 in New Editions] in Russian https://www.gazprom.ru/press/news/2023/october/article568674/
https://www.gazprom.ru/press/news/2023/december/article570587/
• Gov’t Talks Plans for Caspian Sea Gas Pipeline through Georgia to Europe. Civil.ge Send an email22/11/2022 – 09:48. https://civil.ge/archives/515867
Keywords: European Union, monopoly, spot market, "Gazprom", liquefied gas, energy crisis, oil prices, embargo, pipelines, hubs, Gas Corridor, LNG tankers, diversification.
JEL Codes: E44, G15, O13, P28