![]() ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ![]() |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘ მიხეილ ჯიბუტი ∘ დავოსი 2024 – მოსალოდნელი მომავლის შესახებ (ეტიუდები) https://doi.org/10.52340/eab.2024.16.01.01 ნაშრომში, 2024 წლის 15-19 იანვარს დავოს-კლოსტერსის (შვეიცარია) რიგით 54-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაა განხილული. გამახვილებულია ყურადღება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების ყურადღებას იმსახურებს. დავოსის ფორუმიდან ეკონომიკური და პოლიტიკური დასკვნების გარდა, მნიშვნელოვანია სიტუაციური, სოციალურ-საზოგადოებრივი დასკვნების გამოტანა რეალობის შესაფასებლად და გასათვალისწინებლად. გადაუდებელია საქართველოსათვის Covid-19-ის პანდემიის გაკვეთილების შესწავლა, პოსტპანდემიური სიტუაციის შეფასება და მომზადება მსგავსი ახალი განსაცდელისათვის, რომლის შესახებ გაფრთხილება ე.წ. „ავადმყოფობა X”-ზე გაკეთდა ფორუმზე. რუსეთ-უკრაინის და ისრაელ-„ჰამაზის“ ომებმა შექმნა სიტუაცია, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება შუა დერეფნის როლი მსოფლიო გადაზიდვებში და საქართველოს პასუხისმგებლობაც. ამ პროცესს შეხვდეს ღირსეულად. მემარცხენეობა მოდა გახდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. მისმა მასშტაბებმა ფორუმზე არგენტინის ლიბერტანიელ პრეზიდენტს ათქმევინა ფრაზა – „დასავლეთის სამყარო – საფრთხეშია!“ ეს გაფრთხილება ყურადსაღებია საქართველოსთვისაც, რომელიც ეხლა გადის ურთულეს ტრანსფორმაციის პროცესს – სოციალ- დემოკრატებმა და კომუნისტებმა ორჯერ ააცდინეს ქვეყანა ბუნებრივი განვითარების გზას და მესამედ, ეს ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, როგორიც არ უნდა იყოს მსოფლიო პოლიტეკონომიური მოდა. საკვანძო სიტყვები: დავოს- კლოსტერსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, „ავადმყოფობა – X“, ნარატივი თეორიის ნაცვლად, დეზინფორმაცია.
ფორუმის სათაური არ შეესაბამება შინაარსს: შვეიცარიაში დავოსის, უფრო სწორად დავოს – კლოსტერსის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (შემდგომში: ფორუმი) დიდი ხანია თავისი შინაარსით დაშორდა თავის დასახელებას და ის მოიცავს ადამიანური ურთიერთობების ყველაზე მწვავე საკითხს მსოფლიოსათვის. ამ ფორუმზე მსჯელობენ თუ რა გამოწვევები დგას და როგორია ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უმსხვილესი ბიზნესის სამომავლო ხედვები და მოქმედების გეგმები. 2024 წელს გაგრძელდა 2023 წელს ფორუმზე დაწყებული პანდემიის შემდგომი პერიოდის ახალი რეალობის განზოგადება, რაც ხასიათდება, ერთი მხრივ, პოსტპანდემიური და მეორე მხრივ, მასშტაბური სამხედრო – ტერორისტული აქტივობით, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციის აგრესიით. დავოსის ფორუმი არ იღებს რაიმე გადაწყვეტილებებს და არ გამოდის შემაჯამებელი რეკომენდაციებით. მიუხედავად ამისა, ეს ფორუმი საუკეთესო საშუალებაა იმის გასაგებად, თუ როგორია არსებულ სიტუაციაში მთავარი ვექტორები მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ყველაზე კონცენტრირებულად ეს შეიძლება განხორციელდეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობის შესწავლით. ამასთან, ეკონომიკის, ან ეკონომიკური თეორიის შესახებ მსჯელობა დავოსის კონტექსტით მოითხოვს მის მასალებში მიმოფანტული ამ საკითხების თავმოყრასა და ანალიზს. ვისთვის არის და ვისთვის არ არის დავოსში ჩასვლა საჭირო? დავოსის ფორუმი კერძო ინიციატივაა. მისი მუშაობა წარიმართება გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სადისკუსიო პანელების მეშვეობით. ყველა ინფორმაცია არის ღია და ხელმისაწვდომი მიმდინარე რეჟიმში. ამდენად, ანალიტიკური მუშაობისათვის იქ ყოფნა არაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დავოსის 2024 წლის ფორუმში მონაწილეობის გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დავოსში მაინც მიდიან. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმში მონაწილეობისათვის გადასახადი 2023 წლის 70 ათასი დოლარიდან, წელს გაიზარდა 250 ათას დოლარამდე! ამ ფულს საჯარო მოხელეებისათვის იხდის მათი ქვეყნის ბიუჯეტი, ხოლო კერძო სექტორისათვის – ფირმები. მონაწილეობის ფასის ზრდის გამო ბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე, მაგრამ არ გამხდარა ცნობილი, რომელიმე სამთავრობო დელეგაციის პროტესტი ამის გამო. ეს ერთგვარი ფინანსური ბარიერი მიანიშნებს, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განიცდის ტრანსფორმაციას ღიაობიდან ჩაკეტილობისკენ, მაგრამ არა ინფორმაციული, არამედ კომუნიკაციური თვალსაზრისით. ფორუმის შიგნით ურთიერთობა დემოკრატიულია, არის შესაძლებლობა ნებისმიერი მონაწილის ფორუმის მუშაობის ჩარჩოები 2024 წელს დავოსში (შვეიცარია) 15-19 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმი რიგით 54-ე შეკრება, იყო დევიზით – „ნდობის აღდგენა“ და მთავარი თემა: – „ლაბორატორიიდან ცხოვრებაში: მეცნიერება მოქმედებაში“. მისი დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტია გერმანელი ეკონომისტი, პროფესორი კლაუს შვაბი (დაბ.1938, 30 მარტი). დავოსის მუშაობა ოთხ ბლოკად იყო სისტემატიზებული: უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში; ახალი ერისათვის ზრდისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა; ხელოვნური ინტელექტი, როგორც ეკონომიკისა და საზოგადოების მამოძრავებელი ძალა; ხანგძლივვადიანი სტრატეგია კლიმატის, ბუნებისა და ენერგეტიკის სფეროში. ორგანიზატორების თქმით, ფორუმის მთავარი კითხვა, პასუხის გასაცემად იყო: „პოლიკრიზისს“ (2023 წლის ფორუმის ტერმინი) შეცვლის „პერმაკრიზი“, თუ 2024 წელი სიტუაციის განმუხტვის, მდგრადობისა და აღდგენის წელი იქნება? დასკვნები ფორუმიდან დავოსის ფორუმიდან ეკონომიკური და პოლიტიკური დასკვნების გარდა, მნიშვნელოვანი სიტუაციური, სოციალურ – საზოგადოებრივი დასკვნების გამოტანა შეიძლება რეალობის შესაფასებლად და გასათვალისწინებლად. მთავარი სენსაცია – მოსალოდნელი „X დაავადება“ ჯამრთელობის თემატიკიდან ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა მსჯელობა X დაავადებაზე. ყველა საკითხი, რაც დასმული იყო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ატარებდა გლობალურ ხასიათს, მაგრამ ყველა მათგანი გამომდინარეობდა მიმდინარე პროცესებიდან. X დაავადებაზე საუბარი კი იყო ჰიპოთეტურად შესაძლო პათოგენსა და მის ასევე შესაძლო პანდემია/ეპიდემიაზე, რომლისთვისაც უნდა ემზადოს მსოფლიო. ესაა ჯანმრთელობის სფეროში კრიზისების დაგეგმვის სისტემა. დავოსში გაჟღერებული იდეების უკან თუ რა დგას, ეს ცალკე მეცნიერების თემაა. თუმცა, აღნიშნულ მსჯელობას, რომელიც სათავეს იღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯმო) მოჰყვა სკანდალი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა: დაწყებული იმით, ვინც თვლის რომ დავოსში მტკიცდება მსოფლიო გლობალური დღის წესრიგი და დამთავრებული, ვინც ამტკიცებს რომ ადგილი აქვს ფარმაკოლოგიური ფირმების ლობირებას, თანაც ისეთი საშიშროების შექმნით, რომელიც არ არსებობს. ზოგადად ვირუსოლოგია, ბაქტერიოლოგია, ეპიდსამსახურები ხომ ამას ისედაც აკეთებენ? დაიწყო იმის კვლევა, ხომ არაა ეს ახალი პანდემიისათვის მოსამზადებელი ფონის შექმნის მცდელობა. დავოსში ამ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა პანელზე – „ავადმყოფობა X-ისათვის მომზადება“ („Preparing for Disease X“). დასახელება „ავადმყოფობა X”, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს მოიფიქრა (Goldin 2024). მიზანი იყო, ჯანმრთელობის სისტემაში მზადყოფნა, გლობალური კვლევების, ვაქცინების, ტესტების, კვლევის პროტოკოლების შემუშავება. ეჭვები სწორედ იმან წარმოქმნა, რომ ჯმო ამის შესახებ 2018 წელს მსჯელობდა და მსოფლიო ასეთი მოუმზადებელი შეხვდა კოვიდ-პანდემიას. 2018 წელს ჯმო-მ გამოაქვეყნა დოკუმენტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში კვლევებისა და გამოგონებებისათვის ავადმყოფობათა გაპრიორიტეტების შესახებ საგანგებო სიტუაციაში. ამ ინსტრუმენტით განისაზღვრა ეპიდემიური პოტენციალის მქონე და საკმარისი საწინააღმდეგო ღონისძიებების არმქონე დაავადებათა ჩამონათვალი: COVID 19; ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება; ებოლას ვირუსული დაავადება და მარბურგის ვირუსული დაავადება; ლასას ცხელება; ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-COV) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); ნიპა და ჰენიპავირუსული დაავადებები; რიფტის ველის ცხელება; ზიკა; „დაავადება X“ (დაავადებების პრიორიტეტი კვლევისა და განვითარებისთვის საგანგებო კონტექსტით). 2018 წელს COVID-19 ამ ჩამონათვალის სათავეში იყო. ფაქტი ისაა, რომ COVID-19 2019 წელს გამოჩნდა, 2020 წელს მსოფლიოზე გაბატონდა და დღემდე რჩება, არსად არ წასულა. ჯმო-მ პანდემია დასრულებულად გამოაცხადა 2023 წლის 5 მაისს, ანუ მისი გამოცხადებიდან (11 მარტი 2020წ.) 3 წლის ერთი თვისა და 24 დღის შემდეგ, რა თქმა უნდა, დათქმით, რომ აღნიშნული არ ნიშნავს ვირუსის უვნებლობას. დაავადებულთა და გარდაცვლილთა წილი 2024 წ. 5 იანვრის მდგომარეობით.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის უკუპროპორციული კორელაცია დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობასთან სახეზეა. ამ საკითხებს სჭირდება ჩაღრმავებული კვლევა ახალი X-ავადმყოფობისათვის მზადების პერიოდში. მითუმეტეს, რომ მონაცემები კარგად გამოხატავს პანდემიის დროს გამოვლენილ სისუსტეებს: მოსახლეობის ნახევარის დაავადება პრევენციული სისტემის უმდაბლესი დონის მაჩვენებელია! გამოსავალი არის საკითხის მეცნიერული შესწავლა და პოლიტიკის გათავისუფლება ალტერნატიული აზროვნებისაგან: „ან, ან“ მიდგომისაგან. აუცილებელია მრავალვარიანტიანი პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის მოსამზადებელი, სარეზერვო საქმიანობის წარმართვა. ეპიდემიოლოგიური სისტემა პანდემიის შემდეგ კი არ უნდა შეიქმნას, არამედ მანამდე ზრუნავდეს მის პრევენციაზე და საჭიროების შემთხვევაში, ჩაქრობისთვის იყოს მუდმივ მზადყოფნაში. მსოფლიო – თეორიულ-ეკონომიკური პარადიგმის ძიებაში ეკონომისტ-მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ლიბერალური თეორიის, განსაკუთრებით საბჭოთა სოციალიზმის კრახის შემდგომი წარმატებული განვითარების ეპოქა, დამთავრდა. შესაბამისად, ეს აისახა იმ ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაზე, რომელთა ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალური თეორიის პრინციპებს ეყრდნობოდა. ამან გამოიწვია მემარცხენე თეორიების წარმომადგენელთა გააქტიურება, რომელიც უფრო ნიშნის მოგების ფორმით ვითარდება და სთავაზობს საზოგადოებას პრინციპებს, ლიბერალიზმის პრინციპების ალტერნატივის სახით. მემარცხენეობის ზეიმისათვის განსაკუთრებით ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა COVID-19 პანდემიის პერიოდმა. როდესაც ვირუსმა, პირდაპირი მნიშვნელობით, რამდენიმე დღეში დაიპყრო მსოფლიო და დაამყარა „ვირუსის მსოფლიო იმპერია“. ქვეყნები, მათ შორის ყველაზე განვითარებულები და ლიბერალიზმის ლიდერები, არ აღმოჩნდნენ მზად ლიბერალიზმის ფარგლებში ეწარმოებინათ ომი პანდემიის წინააღმდეგ და დაიწყეს კარჩაკეტილობის გამოყენება ეპიდემიის დასაძლევად. ომის ეკონომიკის ნაცვლად, ქვეყნები გადავიდნენ ციხის ეკონომიკაზე. ლოკდაუნები, ფულის ჩასხმა ეკონომიკაში და სხვა იყო ღონისძიებები არალიბერალური არსენალიდან. ლიბერალიზმისა და გლობალიზაციის პრინციპებზე უარის თქმამ, შექმნა შთაბეჭდილება, რომ კარჩაკეტილობა არის წარმარტების საფუძველი. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მასობრივი დარღვევის შესაძლებლობამ, წარმოშვა ცდუნება სამხედრო ძალის გამოყენებისა. საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღდგენისათვის ბრძოლა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან და მისი დაშლის გამოცხადების ადგილიდან. 1991 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა ბელოვეჟსკის ხელშეკრულებას. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ. მრავალწლიანი ჰიბრიდული და ირიბი ომის კრახით დამთავრების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია გადავიდა ღია სამხედრო აგრესიაზე. ყველაფერი ეს დაიწყო რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს (2008წ.) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების“ ფორმირებას, მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ, ყირიმისა და სევასტოპოლის, ხოლო შემდეგ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაპყრობა და აქ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების შექმნა. 2014 წლის 27 თებერვალს დაიკავა რუსეთმა ყირიმი და სევასტოპოლი, 16 მარტს ჩაატარა რეფერენდუმი რუსეთისადმი მათი მიერთების შესახებ და რეფერენდუმის „შედეგების“ შესაბამისად თავის შემადგენლობაში შეიყვანა ყირიმი და სევასტოპოლი. 2022 წლის 24 თებერვლის შეჭრის შემდეგ უკრაინაში რუსეთმა დაპყრობილ ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიებზე, აგრეთვე ლსრ და დსრ (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ტერიტორიებზე 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩაატარა რეფერენდუმები ყირიმის სცენარით, მოახდინა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია და ოკუპირებული ტერიტორიები გამოაცხადა 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებულ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებად. ლსრ და დსრ, რომლებიც თავს 2014 წლის 12 მაისიდან უკრაინიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აცხადებდნენ, გადაიქცნენ რუსეთის ფედერაციის ოლქებად. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის დელეგაცია დავოსის ფორუმში მონაწილეობდა 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით. არც ერთი, ზემოთ აღნიშნული აგრესიის გამო რუსეთს დავოსის ფორუმზე დისკომფორტი არ განუცდია. ჭეშმარიტების მომენტი მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა. 2022 , 2023, 2024 წელს რუსეთის ფედერაცია არ მოუწვევიათ ფორუმზე. რუსეთ – უკრაინის თემა განმსაზღვრელი იყო უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას, ისევე როგორც 2023 წლის ფორუმზე. „დასავლეთის სამყარო – საფრთხეშია!“ კოვიდ-პანდემიის დროს მმართველი ელიტების ქმედებამ ეკონომიკის სფეროში, ყოველგვარი კანონზომიერების დარღვევით, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფამ და „ძლიერი – მართალიას“ განგსტერული ნორმებით მოქმედებამ, გამოიწვია საზოგადოებრივი მეცნიერებებისადმი მოთხოვნილების შემცირება, მათი დევალვაცია. მეცნიერების ადგილი დაიკავა ნარატივმა. ყველაზე რელიეფურად ეს გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ.პუტინის ისტორიულ ნარატივებში საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით, ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების ოკუპაციისათვის „ისტორიული ბაზის“ შესაქმნელად. პუტინი აყალიბებს ისტორიას ისე, როგორც მას აწყობს და უარყოფს მეცნიერულ ფაქტებს. ნარატიული მიდგომის მაგალითი იყო დავოსის ფორუმზე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის გამოსვლა, როდესაც მან ეკონომისტებისადმი ნდობის აღდგენაზე ისაუბრა. მისი აზრით, XX საუკუნის 80-90-იანი წლების ეკონომიკა, გლობალიზაციისა და თავისუფალი ბაზრის განვითარების გზით, გამოდიოდა რა ამ ცნების არსიდან (ეკონომიკა -ანაწილებს არასაკმარის რესურსებს), რესურსებს ანაწილებდა ეფექტიანობის კრიტერიუმით. თანამედროვე პირობებში ეფექტიანობამ დაუთმო პირველობა უსაფრთხოებას. მაგალითად, კლიმატური ცვლილებების, ენერგიისა და მიწოდებათა ჯაჭვის საკითხებში ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას თავი კლიმატური ცვლილებებისგან, ენერგიის იარაღად გამოყენებისა და მიწოდების ჯაჭვის წყვეტისაგან, ისე რომ ეფექტიანობაზე საუბარი არაა. ამის მიზეზი, ლაგარდის აზრით, თანამედროვე ეკონომისტების ქცევების მოდელში, მათ ტომობრივ აზროვნებასა და საკუთარ ეკონომიკურ ბუშტში ჩაკეტილობაშია (https://forbes.ua/). დასავლეთის საზოგადოება მოიცვა კაპიტალიზმის კრიტიკამ ელიტების, უთანასწორობის, ქონებრივი დიფერენცირების და სხვა „პოპულისტურმა ნარატივებმა“ (მაიკლ სენდელი). მემარცხენეობა კარგი ტონი გახდა. ის პოპულარულია უნივერსიტეტებში, კამპუსებში, კულტურის სფეროში, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. დავოსის ფორუმზე ამ საკითხებზე გამორჩეული გამოსვლა ჰქონდა არგენტინის პრეზიდენტს ხავიერ მილეის (Javier Milei). ის არის პირველი ლიბერტანიელი პრეზიდენტი ისტორიაში. ის არის ეკონომისტი – ავსტრიული სკოლის მიმდევარი. მან თავისი მოხსენება დაიწყო სიტყვებით: „მე დღეს აქ ვარ, რათა თქვენ გითხრათ, რომ დასავლეთის სამყარო საფრთხეშია. და ის იმყოფება საფრთხეში იმიტომ, რომ ისინი, ვინც უნდა იცავდნენ დასავლეთის ფასეულობებს, ჩართულები არიან მსოფლიოს ისეთ ხედვაში, რომელსაც მივყავართ სოციალიზმისკენ და, მაშასადამე, სიღარიბისკენ“ (Milei, 2024). სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფისათვის ნეომარქსისტები აყენებენ წარმოების საშუალებების განსახელმწიფოებრიობის იდეას, კოლექტივიზმს ინდივიდუალიზმის ნაცვლად. მილეის აზრით, დასავლეთის ქვეყნებში უმრავლესი იდეოლოგია კოლექტივისტურია და სრულებით არ ჭირდება დღეს სახელმწიფოს წარმოების საშუალებები მილიონობით ადამიანის ბედისა და ცხოვრების საკონტროლოდ. ეს შესაძლებელია ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფულის ბეჭდვა, სავალო ვალდებულებები, ფასების კონტროლი, სუბსიდიები, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი, ე.წ. ბაზრის ჩავარდნის გამოსწორების წესები და სხვა. მსოფლიო ფიზიკურადაც და აზრობრივადაც დიდი გამოწვევების წინაშეა. ეს ეხება საქართველოსაც. მისთვის დიდ პრობლემას ქმნის საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ეკლექტიზმი, რომელიც მისი მიღების დღიდან იყო მასში მოცემული და კიდევ უფრო გაღრმავდა კონსტიტუციის შემდგომი რედაქტირების დროს. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები ღვთისა და ქვეყნის წინაშე აცხადებენ ნებას, რომ დაამკვიდრონ „დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო“. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი ეძღვნება „სოციალურ სახელმწიფოს“, ხოლო მე-6 თავი „ეკონომიკურ თავისუფლებას“. სოციალური სახელმწიფო – სოციალ-დემოკრატიული პარტიების პოლიტიკის ქვაკუთხედია და გულისხმობს ეკონომიკის, უპირველეს ყოვლისა, მსხვილი ბიზნესის სახელმწიფო რეგულირებას. ეკონომიკური თავისუფლება – ლიბერალური წარმოშობის ცნებაა, რომელიც ემყარება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას, ეკონომიკის დერეგულირებას. გამოსავალი, მეცნიერთა და პოლიტეკონომიის მეცნიერების უფლებებში დაბრუნებაშია. ლიტერატურა: References: Keywords: Davos-Klosters World Economic Forum, Disease X, narrative instead of theory, disinformation, eclectic politics. |