English / ქართული /








Journal number 2 ∘ Teimuraz Jojua
A Manuscript Cost in the 11th Century

(Based on a Colophon from a Georgian Manuscript (Vind.Georg.3) Held at Austrian National Library)

Manuscripts in the Middle Ages were too expensive. They were essential to the practice of Christianity.

The large colophon found in a Georgian manuscript from the collection of Austrian National Library is studied for the first time from the viewpoint of a manuscript cost. This is the February Menaion (Vind.georg.3) copied in 1042/44-1066. The colophon was written by Ivane Khakhuleli, a Georgian monk who resided in the monastery of Holy Cross in Jerusalem. He had commissioned the manuscript.

The colophon written by Ivane Khakhuleli has never been used for the study of manuscript costs. At the first stage of my study I found out that Ivane Khakhuleli’s colophon was to be considered the oldest Georgian written source which provides information about manuscript cost, and not  the Nikortsminda deed of 1071-1080, as widely accepted prior to me.

Based on the analysis of Ivane Khakhuleli’s colophon, I reached several conclusions which are of special importance for addressing the issue of a manuscript cost in the 11th century.

Namely, it was established that Ivane Khakhuleli paid 20-25 drahkans for copying and binding a manuscript which measures 25x19 cm, and contains 290 folios. 18-22 drahkans were paid for copying, and 2-3 drahkans for its binding.

On the one hand, the colophon under consideration corroborates consideration accepted in the scholarly literature about the manuscript cost in the 11th century, and on the other hand, it enriches our knowledge concerning prices, suggesting that 20 drahkans was not just an average price for copying large church books in general, but it was the price for copying a particular manuscript which contained 290 folios.

It was also established that in 1040s-1070s, the price for copying manuscripts in the Holy Land and in Georgia was practically the same.

Keywords: Manuscript, manuscript cost, drahkan, colophon, Iovane Khakhuleli, february menaion.

წიგნის ფასი 11-ე საუკუნეში

ხელნაწერ წიგნს შუა საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და შესაბამისად, ძალზედ მაღალი ფასიც ჰქონდა. სტატიაში წიგნის ფასის კუთხით პირველად არის შესწავლილი ავსტრიის ეროვნულბ იბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერის - 1042/1044-1066 წლების თებერვლის თვენის (Vind.Georg.3)ანდერძ-მინაწერი, რომელიც წიგნის მომგებლის, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერის - იოვანეხ ახულელის ხელითაა დაწერილიკვლევის შედეგად, დადგენილია, რომ იოვანე ხახულელმა თებერვლის თვენის ანუ ეტრატზე დაწერილი, 25X19 სმ-ის სიგრძე-სიგანის მქონე 290 ფურცლის შემცველი წიგნის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის 20-25 დრაჰკანი გადაიხადა (დრაჰკანში იგულისხმება მუსლიმური ოქროს დინარი ან ბიზანტიური ოქროს ნომისმა).ამასთან, იოვანემ საკუთრივ ხელნაწერის გადაწერისათვის 18-22 დრაჰკანი, ხოლო წიგნის ყდაში ჩასმისათვის 2-3 დრაჰკანი გაიღოკვლევამ აჩვენა, რომ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეული უძველეს ქართულ წერილობით წყაროს, რომელიც წიგნის ფასის შესახებ რაიმე ცნობას გვაწვდის. აქამდე ამ ტიპის ყველაზე ადრეულ წერილობით წყაროდ 1071-1080 წლებით დათარიღებული ნიკორწმინდელის დაწერილი ითვლებოდა.სტატიაში, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის შესწავლის საფუძველზე, მიღებულია მთელი რიგი დასკვნები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს XI საუკუნის საქართველოში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისათვის.

საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი, წიგნის ფასი,  დრაჰკანი, ანდერძ-მინაწერი, იოვანე ხახულელი, თებერვლის თვენი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ნიკორწმინდელის დაწერილი.

შესავალი

შუა საუკუნეების ქართულ წერილობით წყაროებში უმდიდრესი და მრავალფეროვანი ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესწავლისათვის. თავად ამ ინფორმაციაში ცალკე გამოიყოფა ის მონაცემები, რაც შუა საუკუნეების საქართველოში ფასების საკითხს ეხება. მხედველობაში მაქვს ცნობები ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, გლეხის, მიწის ნაკვეთის, ყანის, ვენახის, ხორბლის, ღვინის, ცხენის, ძროხის, ცხვრის, ხმლის, ჯაჭვის პერანგის, ჩაბალახის, უნაგირის, ჯვრის, ხატის, ქსოვილის, სამოსის, სამკაულისა და სხვათა ღირებულების შესახებ.

ფასების საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ხელნაწერი წიგნის ღირებულება. დღეისათვის დადგენილია, რომ შუა საუკუნეების საქართველოში წიგნის ფასი ძალიან მაღალი იყო და თავად წიგნსაც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი, სასულიერო პირების და საეკლესიო კორპორაციების მატერიალურ ყოფაში, გამორჩეული ადგილი ეკავა. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეულ ქართულ წერილობით წყაროებში წიგნის ფასის შესახებ მონაცემები მხოლოდ XI საუკუნიდან გვხვდება. ამასთან, საკუთრივ XI საუკუნის რეალიების შესახებ ცნობებს მხოლოდ ერთადერთ წერილობით წყაროში ვაწყდებით, რის გამოც ამ პერიოდში ფასების შესახებ ჩვენი ცოდნა ერტთობ მწირი და ფრაგმენტულია.

შექმნილ ვითარებაში უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს ისეთი წერილობითი წყაროების შესწავლას, რომლებიც XI საუკუნეში წიგნის ფასის შესახებ რაიმე ახალ, დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. ამასთან, აღნიშნული ეხება არამხოლოდ იმ წერილობით წყაროებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო და ბოლო დროს იქნა მიკვლეული თუ გამოვლენილი, არამედ იმ წერილობით წყაროებსაც, რომელთა არსებობა სამეცნიერო საზოგადოებისათვის ცნობილი იყო, თუმცა წიგნის ფასის კუთხით არასოდეს ყოფილა გაანალიზებული.

წინამდებარე სტატია სწორედ აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ კონკრეტულ ნაბიჯს წარმოადგენს: სტატიაში წიგნის ფასის კონტექსტით პირველადაა შესწავლილი ავსტრიის ეროვნულ ბიბლოთეკაში დაცული ერთი ქართული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერი, რომელიც წიგნის ფასთან დაკავშირებულ კვლევებში არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

ნიკორწმინდელის დაწერილი ცნობები XI საუკუნეში წიგნის ფასის შესახებ

დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ჩვენამდე მოაღწია XI საუკუნის ერთადერთმა ქართულმა წერილობითმა წყარომ, რომელიც წიგნის ფასის შესახებ რაიმე ცნობას გვაწვდის. ეს არის ქვემო რაჭაში (დასავლეთ საქართველო) მდებარე ნიკორწმინდის მონასტრის ანანომი წინამძღვრის მიერ იმავე მონასტრისათვის მიცემული დოკუმენტი - ნიკორწმინდელის დაწერილი, რომელიც 1071-1080 წლებით თარიღდება.

ნიკორწმინდელის დაწერილში წიგნის ფასის შესახებ ორი ცნობაა დაცული. მოვიტან დოკუმენტის იმ ფარგმენტს, რომელშიც ეს ორი ცნობაა წარმოდგენილი:

და მე დამხუდა იადგარი ნახევარწერილი(1)და გავასრულე (ოვლ)ითავე სისრულითა, შევმოსე და მოვცუარე და შევჭედე და მისისა დაწერისა და შეკაზმვისათჳს მივეც დრაჰკანი დუკატიიე(15)დავიყი[დე] წიგნი პარაკლიტონია (1)და მივეც ფასად ცხენისა ნახევარი (ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი 1984, გვ. 43. შდრ.: ბერძნიშვილი 1962, 37).

როგორც ვხედავთ, ციტირებული ფრაგმენტი მოგვითხრობს, რომ ნიკორწმინდის მონასტრის წინამძღვარმა დოკუმენტის შედგენის წინარე ახლოხანებში ნახევრადგადაწერილი ერთი წიგნის - იადგარის, ანუ ლიტურგიკული კრებულის ბოლომდე გადასაწერად და მოჭედილ ყდაში ჩასასმელად 15 დრაჰკანი დუკატი გადაიხადა, ხოლო მეორე, უკვე გადაწერილი ხელნაწერის - პარაკლიტონის, ანუ ჰიმნოგრაფიული კრებულის შესაძენად „ცხენის ნახევარი ფასი“, ანუ ცხენის საყიდლად საჭირო თანხის ნახევარი გაიღო.

აქვე შევნიშნავ, რომ ნიკორწმინდელის დაწერილში დადასტურებულია ტერმინი „დრაჰკანი დუკატი“, რომელთან დაკავშირებითაც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი განსხვავებული მოსაზრებაა გამოთქმული: გოჩა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ  ქართულ წერილობით წყაროებში დასახელებული „დრაჰკანი დუკატი“, უპირატესად, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე X დუკას (1059-1067 წწ.) მიერ მოჭრილ ოქროს ფულს - 18 კარატიან (75%) ნომისმას აღინიშნავდა (ჯაფარიძე 1976, 91), ხოლო მამისა ბერძნიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებულ „დრაჰკან დუკატში“ ბიზანტიის იმპერატორ მიხეილ VII დუკას (1071-1073 წწ.) მიერ მოჭრილი ოქროს ნომისმაა ნაგულისხმევი (ბერძნიშვილი 1979, 23-30).

წინამორბედ მკვლევართა მიერ ნიკორწმინდელის დაწერილზე

დაყრდნობით გამოთქმული მოსაზრებები XI საუკუნეში წიგნის ფასის შესახებ

ქართულ ისტორიოგრაფიაში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხები სისტემური სახით პირველად შეისწავლა ივანე ჯავახიშვილმა 1926 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია“. მკვლევარმა აღნიშნული მიმართულებით მუშაობისას ნიკორწმინდელის დაწერილში შეტანილ ორ ცნობას შორის განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პირველ ცნობას, რომელიც ნახევარადდაწერილი იადგარის ბოლომდე გადაწერისა და მოჭედილ ყდაში ჩასმის ამბავს გადმოგვცემს. მეცნიერმა ხსენებული ცნობის შესწავლის საფუძველზე, გაარკვია, რომ ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული იადგარის ფასი 20-24 დრაჰკან დუკატს შეადგენდა: „ვთქვათ, შეკაზმაში 3-5 დრაჰკანი მისცა, მაშინ ნახევარი წიგნის დაწერა 10-12 დრაჰკანი დუკატი დასჯდომია. მთელი წიგნი კი 20-24 დრაჰკანი დუკატი ღირებულა“ (ჯავახიშვილი 1996, 103).

საბოლოოდ, ივანე ჯავახიშვილმა ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული იადგარის ღირებულების გათვალისწინებით, გამოთქვა მოსაზრება, რომ XI საუკუნეში ერთი „მოზრდილი სამღვდელმსახურო“ წიგნის საშუალო ფასი 20 დრაჰკანი იყო: „იადგარის ღირებულების შესახები ზემომოყვანილი ცნობის მიხედვით... ერთი მოზრდილი სამღვდელმსახურო წიგნის ფასი საშუალოდ 20 დრაჰკანად [უნდა] ვიანგარიშოთ...“ (ჯავახიშვილი 1996, 103).

აქვე, შევნიშნავ, რომ ივანე ჯავახიშვილი „მოზრდილი სამღვდელმსახურო წიგნის“ საშუალო ფასზე საუბრისას გამოყენებულ ტერმინ „დრაჰკანში“ გულისხმობდა ზოგადად, ოქროს ფულს და არა კონკრეტულად, ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებულ „დრაჰკან დუკატს“, რომელიც, თავის მხრივ, ან კონსტანტინე X დუკას ან კიდევ, მიხეილ VII დუკას მიერ მოჭრილ ოქროს ნომისმებს შეესაბამებოდა.

XI საუკუნეში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხები მამუკა წურწუმიას მიერ მოკლედ არის განხილული  სტატიაში „XI საუკუნის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური სურათისათვის (ფასები ნიკორწმიდელის დაწერილის მიხედვით)“. მკვლევარმა ნიკორწმინდელის დაწერილზე დაყრდნობით, ფაქტის სახით აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში დასახელებული იადგარის გადაწერის დასრულებისა და მოჭედილ ყდაში ჩასმის ღირებულება 15 ოქრო იყო. გარდა ამისა, მამუკა წურწუმია ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული მეორე ხელნაწერის - პარაკლიტონის ღირებულებასაც შეეხო და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წიგნის შესაძენად გადახდილი „ცხენის ნახევარი ფასი“ 3-4 ოქროს შეადგენდა: „ხელნაწერი წიგნი ყოველთვის ძვირი ჯდებოდა. ასე იყო XI საუკუნის საქართველოშიც, სადაც ნიკორწმიდის წინამძღვარი საგალობელთა კრებულში – პარაკლიტონში ცხენის ფასის ნახევარს ანუ 3-4 ოქროს იხდის, იადგარის (ლიტურგიკული კრებულის) გადაწერის დასრულება და მოჭედილი ყდით შემოსვა კი 15 ოქრო უჯდება“ (წურწუმია, 2014, 146).

წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხები საფუძვლიანად განიხილა აპოლონ თაბუაშვილმა 2019 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII საუკუნეები)“. მკვლევარმა მართებულად მიიჩნია ივანე ჯავახიშვილის მიერ XI საუკუნეში წიგნის ფასის შესახებ გამოთქმული მოსაზრება და სურათის კიდევ უფრო ნათლად წარმოჩენის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის მიერ დასახელებული ოქროს ფულები, ერთი მხრივ, 20-24 დრაჰკანი დუკატი, ხოლო, მეორე მხრივ, 20 დრაჰკანი, ვერცხლის გრამებში გადაიყვანა: „...24-კარატიანი ერთი ოქროს ნომისმა/დრაჰკანი საშუალოდ, 13 დრამის (დრამა = 3 გრ.) ტოლფასი იყო. კონსტანტინე X დუკას (1059-1067 წწ.) მოჭრილი ოქროს მონეტების სინჯი კი, რომელსაც საქართველოში დუკატს უწოდებდნენ, საშუალოდ 18 კარატას შეადგენდა. შესაბამისად, დრაჰკანი დუკატის შეფარდება 3-გრამიან ვერცხლის ფულთან იქნებოდა 1:11. თუ 20-24 დრაჰკანი დუკატის ვერცხლთან შეფარდებას მოცემული კურსით ვიანგარიშებთ, მივიღებთ დაახლ. 220-264 დრამას (3-გრამიანი დრამის პირობებში), ანუ საშუალოდ - 700-730 გრამ ვერცხლს. 20 სრულფასოვანი დრაჰკანი ვერცხლზე გადაყვანით (შეფარდება 1:13) უდრიდა 780 გრამს. ერთი სიტყვით... წიგნის საშუალო ფასი უტოლდებოდა 700-780 გრამი ვერცხლის ღირებულებას“ (თაბუაშვილი 2019, 168).

გარდა ამისა, აპოლონ თაბუაშვილმა სცადა, ეჩვენებინა, თუ, კონკრეტულად, რისი შეძენა შეიძლებოდა XI საუკუნეში საშუალო ზომის წიგნის ფასად და ამ მიზნით, წიგნის ღირებულება, ერთი მხრივ, გლეხის, ხოლო, მეორე მხრივ, ხორბლის ღირებულებას შეადარა: „...ნიკორწმინდელის დაწერილშივე დაცული ცნობის თანახმად, გლეხის ოჯახის ღირებულება უდრიდა 18 დრაჰკან დუკატს. ამდენად, ერთი „შეკაზმული“ წიგნი, ამ შემთხევაში იადგარი, გლეხზე გაცილებით ძვირად ფასობდა... აღნიშნული ეპოქის საქართველოში იადგარის ფასად, იმდროინდელი ფასებიდან გამომდინარე, შესაძლებელი ყოფილა დაახლოებით 3500 კგ. ხორბლის შეძენა“ (თაბუაშვილი 2019, 168).

დასასრულ, აპოლონ თაბუაშვილი ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული მეორე ხელნაწერის, „ცხენის ნახევარ ფასად“ შეძენილი პარაკლიტონის ღირებულებასაც შეეხო და ამ წიგნის ფასი, მამუკა წურწუმიასაგან განსხვავებით, არა 3-4 ოქროთი, არამედ, ბევრად უფრო მეტი თანხით - დაახლოებით, 7,5-12 დრაჰკანით განსაზღვრა: „რაც შეეხება ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებულ პარაკლიტონს, რომლის შესაძენად „ცხენისა ნახევარი“ გადაუხდიათ, მისი ფასის დასადგენად უნდა გავიხსენოთ ცხენის ღირებულება... დასახელებულ ეპოქაში საშუალო ღირსების ცხენის ფასი იყო 15-23 ოქროს დრაჰკანი, რაც 600-900 გრამი ვერცხლის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად, პარაკლიტონის ღირებულება გამოდის დაახლ. 7,5-12 დრაჰკანი“ (თაბუაშვილი 2019, 168-169).

ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული თებერვლის

თვენი და მისი მომგებლის იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი

დღეისათვის ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში X-XIII საუკუნეების ხუთი ქართული ხელნაწერი წიგნი ინახება. ამ ხელნაწერებს შორის არის თებერვლის თვენი (Vind.Georg.3), რომელიც თებერვლის თვის დღეებისათვის განკუთვნილ საგალობლებს შეიცავს. თებერვლის თვენი გადაწერილია 1042/1044-1066 წლებში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე სახელოვანი ქართველი მწიგნობრის, ბერი იოვანე ხახულელის დაკვეთით, ვინმე უცნობი კალიგრაფის მიერ (ჯოჯუა 2019).

თებერვლის თვენს დართული აქვს იოვანე ხახულელის ხელით დაწერილი ვრცელი ანდერძ-მინაწერი, რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის XI საუკუნეში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისათვის.

მოვიტან იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის ტექსტს:

მე, გლახაკმან და უღირსმან იოვანე ხახულელმან, დავაწერიე []ე თუე [ფებერვალი] [...].

მე გლახაკი ვიყავ და არარაჲ მქონდა.

ვისითაცა საჴმრითა ესე წიგნნი დაწერილ არიან, შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მათნი.

ოდეს ამათ თუეთა წერად დავიწყებდი, მეგობარნი ჩემნი მეტყოდეს: სად არის საჴმარი?

მე ოთხი დრაჰკანი მაქუნდა.

ესრე მარქუეს: ცნობასა მისრულ ხარ, ბერო?

და ოდეს გავასრულენ, წერითა და მოსითა, წინაშე ღმრთისმშობლისა ხატსა დავკრიბენ და მოუჴმე მათ ბერთა: აწ, რაჲს თქუათ, ძმანო?

და ერთობით მადლი შევწირეთ ღმერთსა, ყოვლისა კეთილისა სრულმყოფელსა (ჯოჯუა 2019, 180-181).

როგორც ვხედავთ, იოვანე ხახულელი მოგვითხრობს, რომ როდესაც უცნობ მწიგნობარს თებერვლის თვენის გადაწერა დააწყებინა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერები დაინტერესდნენ, თუ რა ოდენობის თანხით აპირებდა იგი ხელნაწერის გადაწერას. იოვანეს თქმით, იმხანად მას მხოლოდ 4 დრაჰკანი ჰქონდა. როცა ბერებმა ამის შესახებ შეიტყვეს, იოვანეს დაცინვით ჰკითხეს, საღ გონებაზე იყო თუ არა. დაცინვის მიუხედავად, იოვანემ თებერვლის თვენი, ვინმე უცნობი დონატორების დახმარებით, ბოლომდე გადააწერინა და ყდაშიც ჩაასმევინა. ამის შემდეგ მან თავისთან მოუხმო იმ ბერებს, რომლებმაც ადრე დასცინეს და ნიშნის მოგებით ჰკითხა, ახლა რაღას იტყოდნენ მისი წამოწყების შესახებ. საბოლოოდ, იოვანემ ახლადგადაწერილი თებერვლის თვენი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა და ამ სავანეში დასვენებული ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დააბრძანა.

აქვე, შევნიშნავ, რომ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერში დადასტურებულია ტერმინი „დრაჰკანი“, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოში, ზოგადად, ოქროს ფულის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამასთან, XI-XIII საუკუნეების ქართულ წერილობით წყაროებში დრაჰკანი აღნიშნავდა როგორც მუსლიმურ დინარს, ისე ბიზანტიურ ნომისმას (ჯაფარიძე 1976, 84-85, 88). სამწუხაროდ, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერიდან არ ჩანს, თუ, სახელდობრ, რომელი ოქროს ფული იგულისხმება ტექსტში დასახელებულ დრაჰკანში - მუსლიმური დინარი თუ ბიზანტიური ნომისმა. თუ ანდერძ-მინაწერში ბიზანტიური ნომისმაა ნაგულისხმევი, მაშინ გამოდის, რომ იოვანე ხახულელს ხელთ ჰქონდა იმ დროისათვის მიმოქცევაში არსებული ორი ტიპის ნომისმადან ერთ-ერთი - ან სრულწონიანი ჰისტამენონ ნომისმა (4,40 გრ.) ან კიდევ, შემსუბუქებული წონის ტეტარტერონ ნომისმა (3,81-4,08 გრ.) (ჯაფარიძე 1976, 89). აქვე, აღვნიშნავ იმასაც, რომ თებერვლის თვენის გადაწერის პერიოდში ანუ 1042/1044-1066 წლებში აქტიურად მიდიოდა ბიზანტიური ნომისმების სინჯის დაცემის პროცესი: თუ 1030-იან წლებამდე ნომისმების სინჯი 24 კარატს შეადგენდა, 1070-იანი წლებისათვის ჰისტამენონის სინჯი 8 კარატამდე (33%), ხოლო ტეტარტერონის სინჯი 9 კარატამდე (38%) იყო დაცემული (ჯაფარიძე 1976, 89).

იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის ცნობები XI საუკუნეში

წიგნის ფასის შესახებ (ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი)

იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ მისი ტექსტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის XI საუკუნეში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ქვემოთ ამ ცნობებს სათითაოდ განვიხილავ.

დავიწყებ სტატისტიკური ხასიათის ინფორმაციით. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ ჩვენამდე მოღწეულ ქართულ წერილობით წყაროებს შორის წიგნის ფასის შესახებ ყველაზე უფრო ადრეულ ცნობებს 1071-1080 წლებით დათარიღებული ნიკორწმინდელის დაწერილი გვაწვდის.

საკითხის შესწავლა აჩვენებს, რომ აღნიშნული მოსაზრება მართებული არ არის და წიგნის ფასის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები არა ნიკორწმინდელის დაწერილში, არამედ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერშია დაცული: ეს უკანასკნელი თებერვლის თვენის გადაწერის დასრულებისთანავე ანუ 1042/1044-1066 წლებშია შესრულებული და ნიკორწმინდელის დაწერილს, ქრონოლოგიურად, დაახლოებით, ორი-სამი ათწლეულით უსწრებს წინ.

გადავიდეთ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერში დაცული კონკრეტული ცნობების ანალიზზე. განსახილველ ანდერძ-მინაწერში წიგნის ფასი პირდაპირ დასახელებული არ არის. სამაგიეროდ, ანდერძ-მინაწერი გვაწვდის სამ ცნობას, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ, თუ, დაახლოებით, რა ოდენობის თანხა გადაიხადა იოვანე ხახულელმა თებერვლის თვენის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის. მოვიტან ამ ცნობებს.

1. ანდერძ-მინაწერი გვაუწყებს, რომ იოვანე ხახულელს თებერვლის თვენის გადაწერის დაწყებისას ხელთ ჰქონდა 4 დრაჰკანი - ან მუსლიმური ოქროს დინარი ან კიდევ, ბიზანტიური ოქროს ნომისმა, რომლის სინჯიც, 1030-1070-იანი წლების რეალიების გათვალისწინებით, 24 კარატიდან 8-9 კარატამდე მერყეობდა.

2. ანდერძ-მინაწერი გვამცნობს, რომ ხსენებული 4 დრაჰკანი აღნიშნული დროისათვის ანუ 1042/1044-1066 წლებისათვის წიგნის გადასაწერად იმდენად მცირე ოდენობის თანხა ყოფილა, რომ როცა ჯვრის მონასტრის ბერებმა ამის შესახებ შეიტყვეს, იოვანე ხახულელს დაცინვა დაუწყეს.

3. ანდერძ-მინაწერიდან ჩანს, რომ ხსენებული 4 დრაჰკანი აღნიშნული დროისათვის წიგნის გადასაწერად მთლად უმნიშვნელო თანხასაც არ წარმოადგენდა: აღნიშნული ფულით ხელნაწერის გადაწერის დაწყება და ამ საქმის გარკვეულ ეტაპამდე მიყვანა სავსებით შესაძლებელი იყო.

ამრიგად,  იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერიდან ირკვევა, რომ იოვანემ თებერვლის თვენის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის 4 დრაჰკანზე უფრო მეტი თანხა გადაიხადა.

იმავდროულად, განსახილველი ცნობების ურთიერთშეპირისპირება აჩვენებს, რომ იოვანე ხახულელის მიერ გაღებული თანხის ოდენობა, ვერაფრით ვერ იქნებოდა 8-10 დრაჰკანზე უფრო ნაკლები: საპირისპირო შემთხვევაში, გამოვა, რომ იოვანეს ხელნაწერის გადაწერის დაწყების დროს უკვე ჰქონდა იმ თანხის თითქმის ნახევარი, რაც წიგნის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის იყო საჭირო. ხელნაწერის შესაქმნელად საჭირო ფინანსების ნახევარი კი სულაც არ წარმოდგენდა იმდენად უმნიშვნელო მატერიალურ რესურსს, რომ ამის გამო ჯვრის მონასტრის ბერებს იოვანე სასაცილოდ აეგდოთ.

მეორე მხრივ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იოვანე ხახულელის მიერ წიგნის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის გაღებული თანხის ოდენობა 35-40 დრაჰკანზე მეტი ყოფილიყო: ეს თანხა თითქმის ათჯერ აღემატება იმ 4 დრაჰკანს, რომელიც იოვანეს წიგნის გადაწერის დაწყების დროს ჰქონდა. ხელნაწერის შესაქმნელად საჭირო ფინანსების მეათედი კი იმდენად უმნიშვნელო მატერიალური რესურსი იყო, რომ ძნელი წარმოსადგენია, იოვანეს ასეთი მცირე ოდენობის თანხით წიგნის გადაწერა დაეწყო.

შესაბამისად, ვფიქრობ, არ შევცდები, თუკი დავასკვნი, რომ იოვანე ხახულელმა თებერვლის თვენის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის 8-10 დრაჰკანზე უფრო მეტი და 35-40 დრაჰკანზე უფრო ნაკლები თანხა ანუ, საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, დაახლოებით, 20-25 დრაჰკანი გადაიხადა. ამასთან, იოვანე ხახულელს დასახელებული 20-25 დრაჰკანიდან გარკვეული თანხა ანუ, დაახლოებით, 2-3 დრაჰკანი თებერვლის თვენის ყდაში ჩასმისათვის უნდა გაეღო, დანარჩენი თანხა კი ანუ, დაახლოებით, 18-22 დრაჰკანი უშუალოდ წიგნის გადაწერისათვის უნდა მოეხმარებინა.

მაშასადამე, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის ცნობების შესწავლის საფუძველზე, დგინდება, რომ 1042/1044-1066 წლებში გადაწერილი თებერვლის თვენის ფასი 18-22 დრაჰკანი იყო. აღნიშნული დასკვნა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი, დამატებითი მასალით ამდიდრებს ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ XI საუკუნეში საშუალო წიგნის გადაწერის საშუალო ფასი, დაახლოებით, 20 დრაჰკანი იყო. იმავდროულად, ირკვევა ისიც, რომ თებერვლის თვენის ფასი, ერთი მხრივ, თითქმის ზუსტად ემთხვევა ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული იადგარის ფასს - 20-24 დრაჰკან დუკატს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აღემატება იმავე ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული მეორე წიგნის - პარაკლიტონის ფასს ანუ 3-4 ოქროსა (მამუკა წურწუმია) თუ 7,5-12 დრაჰკანს (აპოლონ თაბუაშვილი), რაც, სავარაუდოდ, იმით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რომ თებერვლის თვენი და იადგარი, პარაკლიტონთან შედარებით, უფრო დიდი მოცულობის წიგნებს წარმოადგენდა.

იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია XI საუკუნეში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისათვის. ჩვენ უკვე ვნახეთ ზემოთ, რომ ივანე ჯავახიშვილმა XI საუკუნეში წიგნის საშუალო ფასი - 20 დრაჰკანი ნიკორწმინდის დაწერილში დასახელებული იადგარის ღირებულების დახმარებით განსაზღვრა. ამასთან, მკვლევარმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხსენებული იადგარის იდენტიფიცირება და მისი ამჟამინდელი დაცულობის ადგილის დადგენა, შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო, შეუძლებელი იყო და ამიტომ იადგარის მოცულობის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. მან მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ 20 დრაჰკანი „მოზრდილი სამღვდელმსახურო“ წიგნის ფასი იყო და აღარ დააზუსტა, თუ, სახლდობრ, რა მასალისაგან დამზადებულ, რა ფორმატისა და რამდენი ფურცლის შემცველ ხელნაწერს გულისხმობდა ამ „მოზრდილ სამღვდელმსახურო“ წიგნში.

იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი საშუალებას გვაძლევს, ეს ბუნდოვანი საკითხი საბოლოოდ გავარკვიოთ. მართლაც, ანდერძ-მინაწერის შესწავლა აჩვენებს, რომ 18-22 დრაჰკანი, კონკრეტულად, თებერვლის თვენის მოცულობის წიგნის გადაწერის ფასი იყო.

თავად თებერვლის თვენი ეტრატზეა დაწერილი. მისი ფურცლების ამჟამინდელი ზომა 24,9X18,9 სმ-ია. მართალია, ფურცლების კიდეები ხელნაწერის გვიანდელ რესატავრატორ-განმაახლებელთა მიერ არის შემოჭრილი, მაგრამ ეს შემოჭრა უმნიშვნელოა და ფურცლების თავდაპირველი ფორმატი დიდად არ არის შემცირებული. დღეისათვის თებერვლის თვენი 258 ფურცელს შეიცავს, თუმცა დადგენილია, რომ ხელნაწერის თავდაპირველ შედგენილობაში ცოტა უფრო მეტი, 288 ფურცელი იყო წარმოდგენილი (ჯოჯუა 2019, 166-168).

მაშასადამე, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის ცნობებიდან ირკვევა, რომ 1042/1044-1066 წლებში 18-22 დრაჰკანი შეადგენდა, კონკრეტულად, თებერვლის თვენის ზომის წიგნის ანუ ისეთი ხელნაწერის ფასს, რომელიც ეტრატზე იყო დაწერილი და 25X19 სმ-ის სიგრძე-სიგანის მქონე 290 ფურცელს შეიცავდა.

დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი კიდევ ერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი XI საუკუნეში წიგნის ფასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისათვის. ჩვენ უკვე ვნახეთ ზემოთ, რომ იოვანე ხახულელი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა. აქედან, ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ იოვანე ხახულელის მიერ თებერვლის თვენის გადაწერისათვის გადახდილი თანხა - 18-22 დრაჰკანი სრულად შეესაბამებოდა იმ ფასს, რომელიც განსახილველი პერიოდის იერუსალიმში თებერვლის თვენის მოცულობის წიგნის გადანუსხვისათვის იყო დადგენილი.

თებერვლის თვენისა და ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული იადგარის ფასების, შესაბამისად, 18-22 დრაჰკანისა და 20-24 დრაჰკანი დუკატის, ერთმანეთთან შედარება აჩვენებს, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე იოვანე ხახულელმა 1042/1044-1066 წლებში, პრაქტიკულად, იმავე ოდენობის თანხა გაიღო თებერვლის თვენის გადაწერისათვის, რა ოდენობის თანხაც 1071-1080 წლების წინარე ახლოხანებში რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის მონასტრის კუთვნილი იადგარის გადანუსხვისათვის იყო გადახდილი.

მაშასადამე, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის ცნობებიდან ირკვევა, რომ XI საუკუნეში, უფრო ზუსტად კი, 1040-1070-იან წლებში წმიდა მიწასა და საქართველოში წიგნის ფასი, პრაქტიკულად, იდენტური იყო.

დასკვნა

წინამდებარე სტატიაში წიგნის ფასის კონტექსტით პირველად არის შესწავლილი ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერის - თებერვლის თვენის (Vind.Georg.3) მომგებლის იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი. კვლევის საფუძველზე, მიღებულია შემდეგი ძირითადი დასკვნები:

1. დგინდება, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრება მართებული არ არის და ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ქართულ წერილობით წყაროს, რომელიც წიგნის ფასის შესახებ რაიმე ინფორმაციას გვაწვდის, არა ნიკორწმინდელის დაწერილი, არამედ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერი წარმოადგენს. კერძოდ, ირკვევა, რომ იოვანე ხახულელის მიერ 1042/1044-1066 წლებში შესრულებული ანდერძ-მინაწერი 1071-1080 წლებით დათარიღებულ ნიკორწმინდელის დაწერილს, ქრონოლოგიურად, დაახლოებით, ორი-სამი ათწლეულით უსწრებს.

2. დგინდება, რომ 1042/1044-1066 წლებში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე ქართველმა ბერმა იოვანე ხახულელმა თებერვლის თვენის ანუ ეტრატზე დაწერილი, 25X19 სმ-ის სიგრძე-სიგანის მქონე 290 ფურცლის შემცველი წიგნის გადაწერისა და ყდაში ჩასმისათვის 20-25 დრაჰკანი გადაიხადა. გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ იოვანე ხახულელმა საკუთრივ ხელნაწერის გადაწერისათვის 18-22 დრაჰკანი, ხოლო წიგნის ყდაში ჩასმისათვის 2-3 დრაჰკანი გაიღო.

3. ირკვევა, რომ იოვანე ხახულელის მიერ მოგებული თებერვლის თვენის გადაწერის ფასი - 18-22 დრაჰკანი, თითქმის ზუსტად ემთხვევა ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული იადგარის გადაწერის ფასს, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა 20-24 დრაჰკანი დუკატით განსაზღვრა. გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ თებერვლის თვენის გადაწერის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ნიკორწმინდელის დაწერილში დასახელებული მეორე წიგნის, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მცირე მოცულობის ხელნაწერის - პარაკლიტონის მთლიან ფასს, რომელიც მამუკა წურწუმიამ 3-4 ოქროთი, ხოლო აპოლონ თაბუაშვილმა 7,5-12 დრაჰკანით განსაზღვრეს.

4. ირკვევა, რომ იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის შესწავლა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი მასალით ამდიდრებს ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ XI საუკუნეში „მოზრდილი სამღვდელმსახურო“ წიგნის გადაწერის საშუალო ფასი 20 დრაჰკანი იყო. უფრო მეტიც, იოვანე ხახულელის ანდერძ-მინაწერის შესწავლა მნიშვნელოვნად აზუსტებს ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას და აჩვენებს, რომ 20 დრაჰკანი არა, ზოგადად, „მოზრდილი სამღვდელმსახურო“ წიგნის, არამედ, კონკრეტულად, თებერვლის თვენის მოცულობის ხელნაწერის ფასს შეადგენდა.

5. დგინდება, რომ 1040-1070-იან წლებისათვის წმიდა მიწასა და საქართველოში წიგნის ფასი, პრაქტიკულად, იდენტური იყო. შესაბამისად, ირკვევა ისიც, რომ იერუსალიმის სანახებში მოქმედი ჯვრის მონასტრისა და ქვემო რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის მონასტრის ქართველი მოწესეები ერთსა და იმავე პერიოდში, ერთი და იმავე მოცულობის წიგნის გადასაწერად ერთი და იმავე ოდენობის თანხას იხდიდნენ.

ლიტერატურა:

  • ბერძენიშვილი მ. (1962). ნიკორწმიდის „დაწერილი“ (ტექსტის გამოცემისათვის) || „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ნაკვ. 34. გვ. 25-42.
  • ბერძნიშვილი მ. (1979). მეთერთმეტე საუკუნის ქართული საისტორიო წყაროები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესახებ (ნიკორწმინდელის დაწერილი). თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • თაბუაშვილი ა. (2019). ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII საუკუნეები). თბილისი: გამომცემლობა „კოლორი“.
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი (1984). I. ქართული ისტორიული საბუთები. IX-XIII საუკუნეები. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა. თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • წურწუმია მ. (2013-2014). XI საუკუნის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური სურათისათვის (ფასები ნიკორწმიდელის დაწერილის მიხედვით) || „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, VIII. გვ. 125-162.
  • ჯავახიშვილი ივ. (1996). ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. IX, ნაკვ. პირველი,  თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.
  • ჯაფარიძე გ. (1976). ოქროს მონეტის ტერმინოლოგია XI-XIII საუკუნეების საქართველოში || „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე“, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 3. გვ. 84-95.
  • ჯოჯუა თ. (2019). იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერის იოვანე ხახულელის დაკვეთით გადაწერილი 1042/1044-1066 წლების თებერვლის თვენი (Vind.Georg.3) ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან (კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა) || „საისტორიო კრებული“, 7. გვ. 164-211.

References:

  • Berdzenishvili M. (1962). nikortsmidis „datserili“ [The Nikortsminda “Deed” (Publication of the Text). "Materials for the History of Georgia and the Caucasus",vol. 34. pp. 25-42.] in Georgian.
  • Berdzenishvili M. (1979). metertmete saukunis kartuli saistorio tsqaroebi sakartvelos sotsialur-ekonomikuri istoriis shesakheb  [Georgian Written Sources of the Eleventh Century About Social and Economical History of Georgia (The Nikortsminda Deed). Tbilisi: Publishing House “Metsniereba”.] in Georgian.
  • Tabuashvili A. (2019). pasebi peodaluri epokis sakartveloshi (X-XVIII saukuneebi). [Prices in Feudal Georgia (10th-18th centuries). Tbilisi: Publishing House “Color”.]     in Georgian.
  • kartuli istoriuli sabutebis korpusi (1984). I. kartuli istoriuli sabutebi. IX-XIII saukuneebi. [A Corpus of Georgian Historical Documents (1984). I. Georgian Historical Documents. 9th-13th Centuries. Compiled and prepared for publication by T. Enukidze, V. Silogava, N. Shoshiashvili. Tbilisi: Publishing House “Metsniereba”.] in Georgian.
  • Tsurtsumia M. (2013-2014). XI saukunis sakartvelos sotsial-ekonomikuri suratisatvis (pasebi nik’orts’midelis dats’erilis mikhedvit) [The Social and Economic Condition of Georgia in the 11th Century (Prices According to Nikortsminda Deed). Ivane Javakhisvilis sakhelobis Tbilisis Sakhelmtsipo Universitetis Sakartvelos Istoriis Institutis Shromebi, VIII. pp. 125-162.] in Georgian.
  • Javakhishvili Iv. (1996). kartuli damtserlobatmtsodneoba anu paleograpia [Studies in Georgian Script or Paleography. Works in Twelve Volumes, v. IX, part one, Tbilisi: Publishing House “Metsniereba”.] in Georgian.
  • Japaridze G. (1976). okros monetis terminologia XI-XIII saukuneebis sakartveloshi [Terminology of Gold Coin in 11th-13th Centuries Georgia. Sakartvelos SSR Metsnierebata Akademiis Matsne, The Series in History, Archaeology, Ethnography and Art History, 3. pp. 84-95.] in Georgian.
  • Jojua T. (2019). ierusalimis jvris monastris beris iovane khakhulelis dakvetit gadatserili 1042/1044-1066 tslebis tebervlis tveni [The February Menaion (Vind.Georg.3) Copied in 1042/1044-1066 on the Commission of Iovane Khakhuleli, Now Held at the Austrian National Library (Codicological, Historical and Source Study Analysis). Saistorio Krebuli, 7. pp. 164-211.] in Georgian