English / ქართული /








Journal number 1 ∘ Maya Gogokhia
Some Modern Trends in the Management of Commercial Banks

The scale of banks consolidation has taken on an unprecedented nature in recent decades. Large banks have much more opportunity to attract a long-term financial resources from the world capital markets, the qualitative and quantitative indicators of the bank created by the merger / absorption can be much better. On the other hand, absorption can be interpreted as a central element of the market-driven survival process, and the distinguishing criterion between absorbed or absorbing companies is the firm's size rather than the norm of profitability or market valuation.

The 2008-2009 global financial crisis has led to the need to improve international standards for regulation and supervision in the financial sector. In 2014, Basel IV's revised standardized approach to market risk was published, focusing on three messages - 1. Risk; 2. Risk management; 3. Risk-oriented supervision.

In addition, the present paper focuses on the importance of stress-testing on the external factors of the banking system in the modern stage, speculative risks, deposit risk and the importance of the deposit insurance system as a determinant of banks' deposit policy.

The article also points out that the share of the world countries, including Georgia, that actually have deposit insurance has increased since 2013.

Keywords: Bank consolidation, risk management, Basel IV, deposit insurance

JEL Codes: G20, G21, G22, G28

კომერციული ბანკების მართვის ზოგიერთი  თანამედროვე ტენდენცია

ბანკების საქმიანობაში თანამედროვე ეტაპისათვის ნიშანდობლივი ტენდენ­ციები განპირობებულია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ისეთი პროცესებით, როგო­რიცაა გლობალიზაცია, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებული მსოფლიო ფინან­სური კრიზისი. ამასთან დაკავშირებით, სტატიაში განხილულია საბანკო კაპი­ტალის კონსოლი­დაციის ფაქტორები, ბაზელი IV – 2008-2009 წწ. კრიზისის საპა­სუხოდ, რისკმენეჯმენტი, რომლის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება, აგრეთვე, ყურადღება გამახვილებულია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მნიშვნელობაზე.

საკვანძო სიტყვები: საბანკო კონსოლიდაცია, რისკმენეჯმენტი, ბაზელი IV, დეპოზიტების დაზღვევა.

საბანკო კაპიტალის კონსოლიდაცია და ბაზელი IV

XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს გადაუარა უმსხვილესი ბანკების შერწყმა-გაერთიანებისა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კოოპერაციის უპრეცენდენტო ტალ­ღამ (კოვზანაძე, კონტრიძე, 2014, 79). დღეისათვის საერთაშორისო ფინანსური ბაზ­რის აქტიური მონაწილეები სწორედ მსხილი ბანკებია. შერწყმისა და შთანთქმის გარიგებები - M&A (ინგლ. Mergers and Aqusitions) მსხვილი ბანკების ბიზნესის გაფართოების ერთ-ერთი პოპულარული სტრატეგიაა. შთანთქმა შეიძლება  ინტერპრე­ტირებული იყოს როგორც საფონდო ბაზრის მიერ განხორციელებული გადარ­ჩევის პროცესის ცენტრალური ელემენტი, ამასთან, განსხვავებული (ყველაზე მდგრა­დი და ეფექტიანი) კრიტერიუმის  სახით შთანთქმულ და შთანთქმად კომპანიებს შორის, ყველაზე ცხადად წარმოჩინდება ფირმის სიდიდე და არა იმდენად - მომგე­ბიანობის ნორმა ან საბაზრო შეფასება. არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ეჭვი კორპო­რატიული კონტროლის ბაზრის ეფექტიან ფუნციონირებაში (Hughes, Singh, 2008, 409).

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ბანკების შერწყმა (კონსოლიდაცია) საყოველთაო მოვლენა გახდა. კონსოლიდაციის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მსხვილ ბანკებს აქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობები გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, მათ შორის - კაპიტალის მსოფლიო ბაზრებიდან.

საბანკო სექტორში გაერთიანების მთავარი მოტივია შესაძლო სინერგიული ეფექტი, რაც იმით გამოიხატება, რომ შერწყმის (ან შთანთქმის) შედეგად შექმნილი ბანკის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვად უკეთესი იყოს.

ცალკე მომენტია მსხვილი ბანკების ინტეგრაციის ეფექტიანობა, რამეთუ შერწყმის პროცესი არსებით ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ხოლო პოზიტიური ცვლი­ლებები შეიძლება მაშინვე არ გამოვლინდეს. ეს განპირობებულია გაერთიანების პროცედურის უზარმაზარი ერთჯერადი დანახარჯებით, რაც კიდევ უფრო იზრდება სწრაფად მზარდი სტრუქტურების შემთხვევაში. როგორც ექსპერტები აღ­ნი­შ­­ნავენ, მსხვილი საბანკო შერწყმისა და შთანთქმის დააახლოებით 70%, თავდაპირ­ველად, კაპიტალის უკუგების შემცირებას იწვევს.

2008-2009 წწ. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა საფინანსო სექტორში რეგულირებისა და ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფის აუცი­ლებლობა. ფინანსური კრიზისის ან მის წინმსწრებ პერიოდში ეკონომიკაში გაურკვევლობის ხარისხი იზრდება, ამიტომ უარი უნდა ითქვას საბანკო კაპიტალის ან ფინ­ა­ნ­სური რეზერვების შექმნაზე ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და ბანკების მდგრა­დობისათვის. საქმე ისაა, რომ აღნიშნული პროცესები ვერ დაიცავს მათ დეფოლტისა და გაკოტრებისაგან. კრიზისის დროს პრუდენციული ზედამხედველობა შესაძ­ლებელია არაეფექტიანი აღმოჩნდეს, რადგან სავალდებულო ნორმატივების შეუს­რულებლობა ხშირად არ არის დაკავშირებული არადამაკმაყოფილებელ მენეჯმენტსა და ბანკის ადმინისტრატორთა კანონსაწინააღმდეგო ქცევასთან.

საგარეო ფაქტორები აგრესიულია, რაც ვლინდება რისკების ზრდით. აქედან გამო­მ­დინარე, აუცილებელია მათი გამოვლენა, პროგნოზირება, რეგულირება (მარეგუ­­ლირებლის უნარი სწორად შეაფასოს და არეგულიროს „რისკისადმი აპეტიტის“ დონე). ზემოაღნიშნული შეიძლება ჩამოყალიბდეს სამი გზავნილის სახით:  რისკი, რის­კის მართვა, რისკზე ორიენტირებული ზედამხედველობა. 2014 წელს გამოქ­ვეყნდა „ბაზელ IV“-ის გადასინჯული სტანდარტიზებული მიდგომა საბაზრო რის­კისადმი, სადაც პირველადაა აქცენტი ფოკუსირებული აღნიშნულ გზავნილზე (Basel  IV, 2014, 48).

მგრძნობელობაზე დაფუძნებული მეთოდის შესაბამისად, საკრედიტო, საოპერაციო, საპროცენტო და სხვა რისკებისათვის ჩამოყალიბდა საბანკო საქმიანობის ეფექტიანი მართვის ახალი კონცეფცია, რაც ახალ მოთხოვნებში აისახა (BIS. 2016, 92; BIS 2017, 162).

რისკმენეჯმენტი

რისკმენეჯმენტში მთავარ როლს ფაქტორული მხარის მართვის მეთოდები ასრულებს. სპეკულაციური რისკი, ანუ რისკშანსები დიდი ხანია გახდა მეცნიერთა და რისკმენეჯმენტის სპეციალისტების ყურადღების ობიექტი, განსაკუთრებით ვინც ინვესტიციების, საფონდო ბაზრის, საბანკო საქმის სფეროში მუშაობს. მათი პოზიციები ეფუძნება შეხედულებას, რომ სპეკულაციური რისკის ფორმირების საფუძ­ველია გეპ-ები, ანუ სტრუქტურული დაბალანსება.

საბანკო რისკმენეჯმენტის სფეროში დღეისათვის ჩართულია შემდეგი სპეკულაციური რისკები: 1. საპროცენტო რისკი, დაკავშირებული საპროცენტო მარჟის მერ­ყეობასთან; 2. სავალუტო რისკი, გამოწვეული იმ ვალუტათა კურსების მერყეობით, რომლითაც ბანკმა მოიზიდა და განათავსა რესურსები; 3. საფონდო რისკი, განპირობებული იმ ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის მერყეობით, რომლითაც ფორმი­რებულია აქტივ/პასივები, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდების კოტირებების მერყე­ობასთან.

აღნიშნულთან ერთად, მიზანშეწონილია ყურადღება გამახ­ვილ­დეს საბანკო რისკების საგარეო ფაქტორებზე, როგორიცაა: საერთაშორისო ფინან­სური რისკების თვითრეგულირების ფასისმიერი მექანიზმის ეფექტიანობის შემ­ცი­რება; სისტემური რისკების გაზრდილი დონე, რაც განპირობებულია კაპიტალის თავი­­­სუფალი მიგრაციით, ზემოგების მიღებისაკენ სწრაფვა და საერთო ეკონომიკური არასტაბილურობა; სავალო ვალდებულებათა და ფიქტიური კაპიტალის მკვეთრი ზრდა. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა მიისწრაფვის ფინანსური ბაზრების რეგულირების მექანიზმის შექმნისაკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული და საერთაშორისო მეთოდების ერთობლიობა -  ფულადი კაპიტალის მოძრაობისა და საბანკო რეგულირების შეხამებით.

საბანკო რისკის რეალიზებამ შესაძლოა ფინანსური დანაკარგები და ბიზნესის ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს. ბანკებისათვის რეკომენდებულია იმ სტრე­სული სიტუაციების ნაკრების განსაზღვრაზე მიმართული რევერსული სტრესიტესტრების ჩატარება, რაც ბანკის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას გამოიწვევს (გოგოხია, 2019).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დებულებების თანახმად, სტრესტესტირება  პორტფელის მგრძნობიარობის შეფასების მეთოდია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების არსებითი ცვლილებებისადმი ან საგანგებო, თუმცა შესაძლო მოვლენე­ბი­სადმი (Blaschke, Jones, Majnoni, Peria, 2001).

საერთაშორისო ანგარშსწორების ბანკი (BIS) კი სტრესტესტირებას განსაზღვრავს როგორც ტერმინს, რომელიც აღწერს სხვადასხვა მეთოდებს, რაც გამოიყენება ფინან­სური ინსტიტუტების მიერ მათი მოწყვლადობის შეფასებლად  საგანგებო, მაგრამ შესაძ­ლო მოვლენებისადმი (BIS, 2000).

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშ­ვნელოვანი წვლილი შეიტანა სტრესტესტირების მეთოდოლოგიის განვითა­რე­ბაში ქვეყნების ეკონომიკების ფინანსური სექტორის შეფასების ფარგლებში (Financial Sector Assesment program - FSAP), ეს ორგანიზაცია რეგულარულად ატარებს სტრეს­ტესტირებას.

ამგვარად, საბანკო სტანდარტიზაციის მთავარი ამოცანაა რისკების ეფექტიანი მართვა. რისკის შეფასების უტყუარობა და რეზულტატურობა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეფასების განმახორციელებელ პირთა თუ ორგანიზაციათა მიდ­გო­მაზე. მათი დასკვნები შეიძლება განსხვავდებოდეს, იყოს წინააღმდეგობრივი ან ალტერნატიულიც კი.

რისკის თეორიების დებულებათა შესაბამისად, საბანკო სადეპოზიტო რისკი შეიძლება განვმარტოთ როგორც იმის ალბათობა, რომ კომერციული ბანკების სარ­ე­სურსო ბაზის ფორმირება არ განხორციელდება ბანკის სადეპოზიტო პოლიტიკის შესაბამისად, ბანკის სარესურსო უზრუნველყოფა კი, არაადეკვატური აღმოჩნდება აქტიური ოპერაციების განხორციელების და ვალდებულებათა შესრულებისათვის. ამასთან,  სადეპოზიტო რისკის ფაქტორებია: ბანკის კონტრაგენტების (მათ შორის მეანაბრეების), საბანკო ოპერაციები, საკანონმდებლო და საზედამხედველო გარემო, კონკურენტული და საბაზრო გარემოს სიტუაციები.

ბანკის მოქნილი სადეპოზიტო პოლიტიკის განმსაზღვრელია არამხოლოდ მაღა­ლი საპროცენტო განაკვეთები, არამედ, უსაფრთხოების გარანტიებიც. ამ თვალ­საზ­­­რისით მეტად მნიშვნელოვანია ოფიაცილური დეპოზიტების დაზღვევის სის­ტემები.

მსოფლიოს ქვეყნების ხვედრით წონა, რომლებსაც ფაქტობრივად აქვთ დეპო­ზიტების დაზღვევა, გაზრდილია 2013 წლიდან, განსაკუთრებით დაბალ­შემოსავ­ლიანი ქვეყნების ჯგუფში (იხ. გრაფიკი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემათა განვრცობა გლობალური ფინანსური კრიზისია შემდგომ პერიოდში

გრაფიკი

 

              წყარო: World Bank 2019/2020. www. Worldbank.org.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბოლო პერიოდში საქართველოშიც დაინერგა, თუმცა დანაზოგების სტიმულირებისა და ფულადი სახსრების დაზ­ღვევის ფორმირებისათვის ეროვნული ვალუტით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში, ლარით დენომინირებული დეპოზი­ტები­სათვის უსაფრ­თხოების უფრო მაღალი გარანტიების უზრუნველყოფა (დაზღვეული თანხის სიდი­დე).

დასასრულ, დასკვნის სახით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გლობალიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკის ზრდა, ის მნიშვნელოვანი ტენდენციებია, რაც კიდევ უფრო მეტ გამოწვევებს უმზადებს მარეგულირებლებს და საკუთრივ კომერციული ბანკის მენეჯმენტს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბანკების ეფექტიანი მართვა.

ლიტერატურა:

  • კოვზანაძე ი., კონტრიძე გ. (2014). თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა
  • Хьюз A. Сингх Э. (2008).Поглощения и фондовый рынок. В книге „Финансы“, пер с анг. москва.
  • Basel IV: (2014). Revised Standardized Approach for Market Risk. Increasing risk Sensitivity through the “Sensitivities –based Method”. PWC, 48p.
  • Minimum Capital Requirements for Market Risk: Standards / Basel Committee on Banking Supervision – Basel: Bank For International Settlements, 2016, 92p.
  • Basel III: Financing Post-crisis Reforms /  Basel Committee on Banking Supervision – Basel: BIS, 2017, 162p.
  • გოგოხია მ. (2019). საქართველოს საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების რეგუ­ლი­რება ბაზელის შეთანხმების საფუძველზე.  თსუ, IV საე­რ­­თაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკო­ნო­მიკასა და ბიზნესში“, თბ.,
  • Blaschke W., Jones T., Majnoni G., Peria S-m. (2001). Stress Testing of Financial Systems: An Overview of Issues, Methodologies, and FSAP Experience// IMF Working Paper.
  • Stress Testing by Large Financial Institutions: Current Practice and Aggregation Issues, BIS,2000.

Refernces:

  • Kovzanadze I., Kontridze G. (2014). tanamedrove sabanko saqme: teoria da praqtika. [Modern Banking Business: Theory and Practice. Tbilisi: Cezanne] (in Georgian).
  • Hughes A., Singh A. (2008). Pogloschenia i fondovi rinok [Takeovers and The Stock Market (in “FINANCE", edited by Jhon Eatwell, Murry Milgate, Peter Newmenn). Transl. from English, Moscow (in Russian).
  • Basel IV: (2014.) Revised Standardized Approach for Market Risk. Invereasing Risk Sensitivity through the “Sensitivities –based Method”. PwC, 48p.
  • Minimum Capital Requirements for Market Risk: Standards / Basel Committee on Banking Supervision – Basel: Bank for International Settlements, 2016, 92p.
  • Basel III: (2017.) Financing Post-Crisis Reforms /  Basel Committee on Banking Supervision – Basel: BIS, 162p.
  • Gogokhia M. (2019). saqartvelos saertashoriso sabanko urtiertobebis regulireba bazelis shetanxmebis safudzvelze. [Regulation of International Banking Relations of Georgia Based on the Basel Agreement.] Ivane Javakhishvili Tbilisi State Unversity, Challenges of Globalization in Economics and Business, The Inter­national Scientific Conference, Tbilisi, Georgia. (in Georgian)
  • Blaschke W., Jones T., Majnoni G., Peria S-m. (2001). Stress Testing of Financial Systems: An Overview of Issues, Methodologies, and FSAP Experience// IMF Working Paper.
  • Stress Testing by Large Financial Institutions: Current Practice and Aggregation Issues, BIS,2000.