English / ქართული /








Journal number 1 ∘ Gogita Todradze
New Methodology of National Accounts System and Peculiarities of Its Implementation

SNA is a combination of integrated macroeconomic accounts and balances based on interna­tio­­nally agreed concepts, classifications, and general accounting rules. Its methodological basis is the in­t­er­national manual SNA 2008, developed by the United Nations (UN), Eurostat, the International Monetary Fund, the World Bank and the Organization for Economic Cooperation and Development (OECD).

EU countries have begun switching to the new SNA methodology in 2014. Armenia, Turkey, Ukraine and Belarus have also joined their ranks during 2014-2015.

Nowadays, the SNA 2008 has been introduced in about 80 countries around the world, inc­lu­ding Georgia, however, some countries, still follow the previous version of the National Accounts System (SNA 1993).

Implementation of the new SNA 2008 methodology, with the active involvement of inter­na­tio­nal experts, has been running in GEOSTAT since 2017.

The transition to the SNA 2008 has led to a number of changes in national accounts, on the one hand, it is related to the calculation of different macroeconomic indicators in accordance with the new standard, and, on the other hand, the substantial improvement of the data source, in terms of assessing the scope of the non-observed economy and the processing of administrative data.

Differences between the old and new methodologies are mainly related to the change in the FISIM, capitalizing on research and development, processing costs, and improving the calculation of imputed rents on owner occupied dwellings.

Improvements to the data source include assessing the scope of the non-observed economy in various sectors and improving the quality of indicators.

As international practice shows, all the above-mentioned changes leads to an overall increase in GDP and other aggregates of national accounts. However, in order to harmonize with the figures for the previous period, the historical series were revised and recalculated, from 2010.

Keywords: National accounts, system of national accounts, Gross Domestic Products (GDP), Non-observed economy.

JEL Codes: H83, M40, M48

ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია

 და დანერგვის თავისებურებანი

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) და მასში გაერთიანებული მაჩვენებლები ეკონომიკური ანალიზის, მოდელი­რე­ბისა და პროგნოზირების ფართო შესაძლებლობას იძლევა. მისი მეთო­დო­ლო­გი­ური საფუძ­ვე­ლია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, რომ­ლის უახლესი ვერსია (SNA 2008) 2008 წელს იქნა შემუ­შავე­ბული და დღეისათვის 80-მდე ქვეყანაშია დანერგილი.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ ეროვნულ ანგარიშებში მნიშვნელოვანი ცვლი­­­ლებები განაპირობა, რაც დაკავშირებულია ახა­­ლი სტანდარტის შესაბამისად სხვა­­­დასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენე­ბლის გაანგარიშებასა და მონაცემთა წყა­როს არსებით გაუმჯო­ბესებასთან.

ახალი მეთოდოლოგის დანერგვამ დღის წესრიგში დააყენა ასევე წინა ისტორიული მწკრი­ვების გადაან­გარიშების საკითხი, რათა უზრუნ­ველყოფილიყო ახალ და წინა პერიოდის მონა­ცემ­თა შო­რის სრული შესაბამისობა.

ახალ სტანდარტზე გადასვლის შე­დე­გად, საქართველოში 2018 წლის მშპ-ს დონე, წინა მე­თო­­­დოლოგიით გაანგარიშებულ მონაცემთან შე­და­რე­ბით, 8.6%-ით გაიზარდა. ასევე, 376 დო­ლარით გაიზარდა მშპ-ს მოცულობა მოსახლეობის ერთ სულ­ზე და 4722 დოლარი შეადგინა. უმ­ნიშვნელო ცვლილება გა­­ნი­ცადა მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლებმა, თუმცა ახალი სტან­დარ­ტის დანერგვამ არ­სებ­ითი გავლენა მოახდინა მშპ-ს დარგობრივ სტრუქ­ტუ­რაზე.

საკვანძო სიტყვები:  ეროვნული ანგარიშები,  ეროვნულ ანგარიშთა სისტემა,  მთლიანი შიდა პროდუქტი, დაუკვირვებადი ეკონომიკა.

შესავალი

ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) წარმოადგენს ინტეგრი­რებული მაკროეკონომი­კუ­­რი ან­გარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძ­ნება საერთა­შო­რისო დო­­­ნეზე შეთან­ხმე­­ბულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს. ეას-ში გაერ­­თია­ნებული ანგარიშები რამდენიმე კატეგორიად არის კლასიფიცირებული, რომლის თითო­ეული ჯგუფი შედგება მაჩვენებელთა განსაზღვრული წრისგან და იძლევა ეკონო­მი­­კაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ეკონომიკური ანალიზის, მოდელი­რე­ბისა და პროგნოზირების უნიკალურ შესაძლებლობას.

ეას-ში ხდება ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე მიღებული აღრიცხვის მონაცემების შეჯამება მთელი ეკონომიკის მასშტაბით, რაც უნიფიცირებულია საგადასახდელო ბალანსისა და დარგთაშორისი ბალანსის მაჩვენებლებთან.

ეროვნულ ანგარიშიანობას საფუძვლად უდევს ეროვნული შემოსავლის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების პროცესი ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების განსაზღვრული კანონზომიერებისა და სტრუქტურის ფარგლებში  (მინდორაშვილი მ. 2018).

ეას-ის მეთოდოლოგიურ საფუძ­ვე­ლს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგა­ნიზაციის (გაერო), ევროსტატის, საერთა­შო­რისო სავალუტო ფონდის (სსფ), მსოფლიო ბან­­კის და  ეკონო­მი­კუ­­რი თანამშრომლობისა და გან­ვი­თა­რების ორგანიზაციის (OECD) მი­ერ შემუშავებული საერთაშორისო სახელ­მძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008), რომლის პრაქტიკაში დანერგვა სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებისთვის უმ­­ნიშვ­ნელოვანესი პრიორიტეტია, მოითხოვს ხანგრძლივი დროის განმავ­ლო­ბაში მომზადებას და, ამასთან, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ეას-ის პირველი საერთაშორისო სტან­დარ­ტი შემუშავდა 1953 წელს, რომელიც გა­და­ი­სინ­ჯა 19681993 და 2008 წლებში. ამასთან, 2008 წელს შემუშავებული მოდელი დღეის მდგომარეობით უახლეს ვერსიას წარ­მო­ადგენს. 

ეას-ის  ახალი მეთოდოლოგია და მისი დანერგვა სხვადასხვა ქვეყანაში

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა 2014 წლიდან დაიწ­ყეს. მათ რი­გებს, 2015 წლიდან, ასევე შეუერთდა ევროკავ­ში­რის არაწევრი ქვეყ­ნებ­ი - სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელარუსი.

2019 წლის მიწურულს აღნიშნული სის­ტემა  უკვე მსოფლიოს 80-მდე ქვეყა­ნაში იყო და­­ნერ­­­­­გილი, ხოლო ქვეყნების გარ­კვე­ული ნაწილი, ისევე როგორც საქართველო, კვლავ ეროვ­ნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერ­სიით (SNA 1993) ხელმძღვანელობდა.

ქვემოთ  გრაფიკზე (1) ნაჩვენებია ეას-ის ახალი სტან­დარ­ტის (SNA 2008)  დანერგვის ქრონოლოგიური განვითარება ქვეყნების მიხედვით:

SNA 2008-ის დანერგვის საერთაშორისო პრაქტიკა (ქვეყნების რაოდენობა)

გრაფიკი 1

მრავალწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, საქსტატმა 2019 წელს ეას-ის ახალი სტან­დარ­ტი (SNA 2008) დანერგა და შესაბამისად, საქართველო ზემოთ აღნიშ­ნუ­ლი ქვეყნების რიგებს 2019 წლის ნოემბერში შეუერთდა, რაც გულისხმობდა მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რი­­­გი მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გაანგა­რი­შე­ბას ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქს­ტატ­ში, საერთა­შო­რისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, 2017 წლიდან დაიწყო. ამასთან, 2019 წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებული იყო ევრო­კავშირთან ასო­ცი­რების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ეას-ის ახალ სტანდარტებზე გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში რიგ ცვლი­­­ლებას განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, უკავ­შირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვა­­­დასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენე­ბლის გაანგარიშებას, ხოლო მეორე მხრივ, მონაცემთა წყა­როს არსებით გაუმჯო­ბესებას, დაუკ­ვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრა­ციულ მონაცემთა დამუ­შა­ვე­ბის თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ს დონის ზრდას, რამაც ზოგიერთ ქვეყანაში საყურადღებო ნიშნულს მიაღწია და აქედან გამომ­დი­ნა­­რე, ძირე­უ­ლი ცვლილებები განაპირობა ქვეყნის ეროვნულ ანგარიშებში.

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული ცვლილებები შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით: 1. ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მეთოდოლოგიის და­­­ნერგვას და 2. ცვლილებები, რომელიც ინფორმაციის წყაროს გაუმჯობესებას განა­პი­რო­ბებს.

ახალი სტანდარტის დანერგვის შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებში მშპ-ს დონე სა­შუ­ა­ლოდ 3,7%-ით გაიზარდა. აქედან მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებებზე მო­დიო­და 2,3%, ხოლო წყაროს არსებით გაუმჯობესებაზე - 1,4%.

გრაფიკზე (2) წარმოდგენილია მშპ-ს დონის ცვლილების პროცენ­ტული მაჩ­ვენებელი ქვეყნების მიხედვით.

SNA 2008-ზე გადასვლის გავლენა მშპ-ის დონეზე (მშპ-ის ცვლილება, %)

გრაფიკი 2

 როგორც გრაფიკიდან ჩანს, ახალი სტანდარტის დანერგვამ 7,6%-ით გაზარდა მშპ-ის დონე ნი­­დერ­ლანდებში, ძველი სტანდარტით (SNA 1993)გაანგა­რი­შე­ბულ მშპ-სთან შედარებით. მნიშვნე­ლოვნად გაიზარდა მშპ-ის დონე სამხრეთ კორეაში (7,8%), ისრა­ელ­­ში (6,4%), შვეიცარიაში (5,9%), შვედეთში (5,5%), შედარებით უმნიშვნელოდ - ლუქ­სემ­ბურ­გში (0,2%), მექსიკაში (0,9%) და ესტონეთში (1,2%).

ახალი სტანდარტის დანერგვის შედეგად სომხეთში მშპ-ის დონე  6,6%-ით გაიზარდა, 3,6%-ით - უკრაინასა და ბელარუსში. განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნი­შვნე­ლოვნად გაიზარდა ეკონო­მი­კის მოცულობა მოლდოვაში (მატება 18,8%-ით), ხოლო თურქეთში პრაქტიკულად არ შეცვლი­ლა (იხ. გრაფიკი 3).

SNA 2008-ზე გადასვლის გავლენა მშპ-ს დონეზე (მშპ-ის ცვლილება, (%)

გრაფიკი 3

 

საქართველოში ეას-ის ახალი სისტემის დანერგვის შედეგები

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ძველ­სა და ახალ მეთოდო­ლოგიას შორის არსებული განსხვა­ვებები ძირითადად დაკავ­ში­რე­­ბული იყო ფინანსური შუამავ­ლობის მომსახურების არაპირ­დაპირი შეფასების (FISIM) ცვლი­­ლებასთან, კვლე­ვებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტა­ლიზა­ციასთან და საკუთარი საცხოვრისის პი­რობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯო­ბესე­ბას­თან. ამასთან ერთად, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავდა სხვა­და­სხვა სექტორში დაუკვირ­ვე­ბადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარის­ხის გაუმჯობესებას. მონაცემთა ხარისხის შეფასების კრიტერიუმად მიიჩნევა მონა­ცემთა წყაროებისა და გაანგარიშების მეთოდების, ასევე მაჩვენებლების შემადგენელი კომ­პონენტებისა და მათი პირველად მონაცემებთან შესაბამისობის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის გამოქვეყნება. (ასლამაზიშვილი ნ.,  გელაშვილი ს. 2009, 193).

საქართველოში ახალი სტანდარტის დანერგვასთან ერთად, ასევე აღსანიშნავია სხვა მე­თოდოლოგიური ხასიათის ცვლილებები, როგორიცაა ახალი საერთაშორისო კლასი­ფი­კატორების და­ნერგვა (NACE Rev. 2 და CPA 2008), მშპის გაანგარიშების დაფუძ­ნება რე­სურ­სებისა და გა­მო­­ყენების ცხრი­ლებზე, არასაბაზრო პროდუქციის[1] გამოშ­ვების გაანგარიშების გაუმ­ჯო­ბე­სე­ბა და და­ზღვე­­ვის გამოშვების გაანგარიშების ცვლი­ლება. ასევე აღ­სა­ნიშნავია ფასების ინ­­­დექ­სების წრის გაფართოება, რამაც მნიშვნელოვნად გააუმ­ჯობესა დეფ­ლირების პრო­ცესები.

გარკვეული სამუშაოები განხორციელდა მარაგების ცვლილების შეფასების პრო­ცე­სების სრულყოფის თვალსაზრისით. კერძოდ, SNA 2008-ის მიხედვით, მარაგების ცვლი­ლების შეფასებისას გამოირიცხება  ჰოლდინგური მოგება; შემუშავდა ფასების ინდექსე­ბით კორექტ­ი­რე­ბის სპეციალური ფორმატი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მა­რა­გების ცვლი­ლე­ბი­დან ჰოლდინგური მოგების გამორიცხვა.

ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად განხორციელდა საბაზისო პერიოდის ცვლი­­­ლება (2010 წლის ნაცვლად - 2015) და გადასახადების აღრიცხვისას უკვე გამოი­ყე­ნება და­რიცხ­ვის მეთოდი.

საქართველოში მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების თვალსაზრისით ჩატარდა დაუკვირვებადი ეკონომიკის სპეციალური კვლევები სხვადასხვა სექტორში (სოფლის მეურნე­ობა, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები). ამასთან ერთად, სსფ- სა და დანიის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტების დახ­მა­რებით, მნი­შვნე­ლოვნად გაუმჯო­ბეს­და დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთო­დები სხვა­და­სხვა სექტორში.

გარდა ამისა, შუალედური მოხმარების სტრუქტურა განახლდა სპე­ცია­ლური გამო­კვლევის საფუძველზე, რომელმაც მოიცვა ეკონომიკის ყველა ინსტიტუციური სექტორი, ხო­ლო ვაჭრობის დარგში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შესაფასებ­ლად, სხვა წყაროებთან ერთად, გამოყენებულ იქნა ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე  ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევის შედეგები (საქსტატი).

ახალი სტანდარტის დანერგვით მოთხოვნილი იყო ასევე არალეგალური საქმიანობების (პროსტიტუცია, ნარკომანია) გამოშვების გათვალისწინება მშპ-ში, რომლის შეფა­სება განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთა­ვაზე­ბუ­ლი რეკომენდაციების შესაბამისად.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატში თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც აქტიურად მონა­წი­­ლე­ობდნენ სსფ-ს ექსპერტები, ასევე, დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახუ­რების წარ­მომად­გენ­­ლები ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში. საერთა­შო­რი­სო პრაქტიკის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან არაერთგვაროვანია სხვა­დასხვა ქვეყ­ნის ოფიციალური და საუწყებო სტატის­ტიკის ორგა­ნი­ზა­ცია, სტატისტიკური კვლე­ვების ჩატარების პრაქტიკა, სტატისტიკური ცოდნის გავრცე­ლების დონე და მასშტაბი, სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხი და საჯაროობა  (გელაშვილი ს. 2015, 23).

ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ მნიშვნელოვნად განაპი­რო­ბა მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ცვლილებები, უმეტესად -ზრდის მიმართულებით.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრე­გა­ტე­ბის გაანგარიშებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა წინა წლების მონაცემებთან შესა­და­რისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივის გადაან­გარიშებას, რათა უზრუნ­ველყოფილიყო 2018 წლის ახალი მეთოდით გაანგარიშებული მო­ნაც­ემების სრული შე­სა­დარისობა წინა პერიოდის მონაცემებთან. შესაბამისად, საქსტატ­მა განაახლა და გადა­იანგა­რიშა მონაცემები 2010 წლიდან (საქსტატი). გადაან­გარი­შება გამოწ­ვე­ული იყო ეროვნულ ანგარიშთა სისტემის განახლებული მეთო­დო­ლოგიის (SNA 2008) დანერგვით, ეროვ­ნულ ანგარიშებში ეკონომიკური საქმია­ნობის სახე­ების კლასიფი­კა­ტორის - NACE 2-ის დამ­­კვიდ­რებით და სხვა საერთაშორისოდ რეკომენ­დე­ბული მეთო­დოლოგიური ხასიათის ცვლილებებით. გრაფიკი 3 ასახავს მშპ-ს განახ­ლებული დონის პროცენტულ ცვლილებას მანამ­დე არსებულ მონაცემებთან შედა­რე­ბით, 2010-2018 წლებში

განახლებული მშპ-ს დონის ცვლილება, %

გრაფიკი 4

 

 როგორც გრაფიკიდან ჩანს, ახალ სტანდარტზე გადასვლის შედე­გად, 2018 წელს, მშპ-ს დონე, წინა მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მონაცემთან შედა­­რე­ბით, 8.6%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდაში მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილე­ბის გავლენა შეფასდა 3.0%-ით, ხოლო სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესების შედე­გად მშპ-ს დონე 5.6%-ით გაიზარდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის,  გრაფიკზე 5 წარ­მოდ­გე­ნი­ლია მშპ-ს დონე, გაანგარიშებული ახალი და ძველი მეთოდოლოგიების მიხედვით(საქსტატი):

ნომინალური მშპ-ს მოცულობა, მლრდ ლარი

გრაფიკი 5

 

მშპ-ს დროითი მწკრივის განახლების შედეგად, ასევე შეიცვალა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებული მშპ. აღნიშნული      ცვლ­ილებების შედეგად დაახლოებით 376 დოლარით გაიზარდა მშპ-ს მო­ცულო­ბა ერთ სულ­ზე და 4722 დოლარი შეადგინა.

განახლებულ და განახლებამდე არსებულ მონაცემებს შორის შედარება წარმოდ­გე­ნი­ლია გრაფიკზე 6:

მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 2010-2018 წლებში

გრაფიკი 6

მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებების შედეგად უმნიშვნელოდ შეიცვალა მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლები (საშუალოდ 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით), თუმ­ცა ახალი სტანდარტის დანერგვამ არსებითი გავლენა იქონია მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაზეც: 17%-დან 13.9%-მდე შემცირდა ეკონომიკაში ვაჭრობის სექტორის წილი, შემცი­რე­ბულია ასევე მრეწველობისა (17%-დან 14.6%-მდე) და მშენებლობის სექტორების (9.3%-დან 8.3%-მდე) წილი. ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, გაიზარდა სას­ტუმ­როებისა და რესტორნების (3.2%-დან 4.6%-მდე), ასევე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორის (7.4%-დან 11.4%-მდე) წილი. მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა, ახალი მეთო­დოლოგიის მიხედვით წარმოდგენილია გრაფიკზე 7:

მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა -2018 წელი

გრაფიკი 7

 

ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრე­­­გატები საქსტატის მიერ 2019 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

დასკვნა

ქვეყანაში ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა მნი­­შვნე­ლო­ვანი წინგადადგმული ნაბიჯია არამხოლოდ საერთაშორისო სტან­დარ­ტებ­თან შესაბამისობისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქ­მე­დო გეგ­­მით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, არა­მედ - ინფორ­მაციის მომხმარებლებისა და გადაწყეტილების მიმღები პირებისთვის სრულყოფილი ეკონომიკური ანალიზის, მოდელი­რე­ბისა და პროგნოზირების შესაძლებლო­ბე­ბის გაუმჯობე­სე­ბისთვის.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტა­ტის მიერ, საერთა­შო­რისო ექსპერტების ჩართულობით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლო­­ბაში მიმდინარეობდა, რომელზეც ქვეყანა 2019 წლის მიწურულს გადავიდა. ახალი სტან­დარტის დანერგვამ ეროვნულ ანგარიშებში მნიშვნელოვანი ცვლი­­­ლებები განაპი­რო­ბე­ბა, რაც დაკავშირებული იყო სხვა­­­დასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენე­ბლის გაან­გა­რი­შე­ბის მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მონაცემთა წყა­როს არსებით გაუმჯო­ბე­სე­ბასთან.

ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგად, დღის წესრიგში დადგა წინა წლების მონაცემებთან შესადარისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივების გა­და­ანგარიშებას, რათა უზრუნველყოფილიყო ახალი მეთოდით გაანგარიშებულ 2018 წლის მონაცემებთან წინა პერიოდის მონაცემების სრული ჰარმონიზება. შესაბამისად, განხორციელდა მონაცემთა გადაანგარიშება 2010 წლიდან.

ზემოთ აღნიშნულის შე­დე­გად, საქართველოში მშპ-ს დონე, წინა მეთოდოლოგი­ით გაანგა­რიშებულ მონაცემთან შე­და­რე­ბით, 8.6%-ით გაიზარდა, საიდანაც მეთო­დო­ლო­­გი­უ­­რი ხასიათის ცვლი­ლების გავლენა შეფასდა 3.0%-ით, ხოლო სტატისტიკური წყაროს გაუმჯობესებამ მშპ-ს დონე 5.6%-ით გაზარდა.

ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად აღსანიშნავია მონაცემთა წყაროს არ­სებით გაუმ­ჯო­ბესებასთან დაკავშირებული მრავალეტაპიანი სამუშაოები, რომელიც ასე­ვე აერ­თი­ა­ნებდა სპეციალურ კვლევებს, სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკო­ნომიკის მასშ­ტა­ბების შეფასებისა და ეროვნული ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ლიტერატურა:

  • ასლამაზიშვილი ნ. (2009). საერთაშორისო სტატისტიკა: თეორიისა და პრაქტიკის საკითხები. გამომც. „მერიდიანი“, თბილისი.
  • ასლამაზიშვილი ნ., გელაშვილი ს. (2009). საერთაშორისო ეკონომიკური  ურთიერ­თო­ბების სტატისტიკა. თბილისი.
  • გელაშვილი ს. (2015). საზღვარგარეთის ქვეყნების სტატისტიკა. გამომც. „მერიდიანი“, თბილისი,  გვ. 23.
  • საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი ეკონომიკური საქმიანობების შესახებ. მეორე რედაქცია, თბილისი 2016
  • ლოკიე ფ., ბლეიდსი დ. (2015). ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (როგორ ვისწავლოთ და გავი­გოთ). მეორე განახლებული გამოცემა  (თარგმანი ინგლი­სუ­რი­დან).  www.eb.tsu.ge
  • მინდორაშვილი მ. (2018). ეროვნულ ანგარიშთა სისტემა. www.eb.tsu.ge
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა ბაზები.
  • Peter Van der Ven (2015). New Standards for Compiling National Accounts: What’s the Impact on GDP and Other Macroeconomic Indicators? OECD Statistics Brief, February, #20.
  • System of National Accounts 2008, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 2008.
  • System of National Accounts 1993, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 1993.
  • www.geostat.ge

References:

  • Aslamazishvili, N.(2009) saertashoriso statistika: teoriisa da praktikis sakitkhebi. [International Statistics: Issues in Theory and Practice.  “Meridiani,” Tbilisi.]  (in Georgian) 
  • Aslamazishvili, N., Gelashvili S. (2009.) Saertashoriso ekonomikuri urtiertobebis statistika. [Statistics of International Economic Relations. Tbilisi.]  (in Georgian.)
  • Gelashvili S. (2015.) Sazghvargaretis kveqnebis statistika. [Statistics of foreign Countries. “Meridiani,” Tbilisi.] (in Georgian).
  • Sakartvelos erovnuli klasipikatori ekonomikuri sakmianobebis shesakheb. [National Classifier of Georgia on Economic Activities. II Edition, Tbilisi 2016.] (in Georgian).
  • Lokie P., Bleidsi D. (2015). erovnul angarishta sistema (rogor vistsavlot da gavigot). [Lockheed F., Blades D. (2015). National Accounts System (How to Learn and Understand). Second updated edition (translation from English). (in Georgian).         
  • Mindorashvili M. (2018). erovnul angarishta sistema  [National Accounts System] (in Georgian).
  • Sakartvelos statistikis erovnuli samsakhuris monatsemta bazebi. [Databases of the National Statistics Office of Georgia.] (in Georgian).
  • Peter Van der Ven (2015). New Standards for Compiling National Accounts: What’s the Impact on GDP and Other Macroeconomic Indicators? OECD Statistics Brief, February #20.
  • System of National Accounts 2008, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 2008.
  • System of National Accounts 1993, IMF, OECD, United Nations, Eurostat, World Bank, 1993.
  • www.geostat.ge

[1] არასაბაზრო პროდუქციად ითვლება ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. მაგ: საჯარო სკოლების , სახელმწიფო მართვის ორგანოების, თავდაცვისა და პოლიციის მომსახურება. არასაბაზრო პროდუქციის გამოშვება გაიანგარიშება ხარჯების მეთოდით, შემდეგნაირად: საქონლისა და მომსახურების შესყიდვებს ემატება შრომის ანაზღაურება და კაპიტალის მოხმარება.