Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 4 ∘ Simon Gelashvili ∘ Marine Mindorashvili ∘ Nino Maghradze ∘ The Demographic Structure of the Population Plays a Significant Role in the Socio-Economic Development of the Country The demographic structure of the population plays a significant role in the socio-economic development of the country. Given this importance, it is necessary to study demographic events and processes, as well as public opinion, knowledge and awareness of these issues. Quantitative and qualitative indicators of demographic knowledge level of students in Georgia were obtained from sampling statistical analysis by using SPSS software. Many general and special indicators (ratios, means and variations) were calculated and evaluated during the research process. The analysis revealed students' different demographic mood according to gender, age, ethnicity and other groups. According to the results of the survey, 22.8% of respondents find demographic problems most challenging in Georgia. Majority of them (67.0%) think that the demographic situation in the country is alarming and needs to be corrected, 28.9% consider the situation catastrophic, and only 1.0% believe that the situation is stable and does not require regulation. It should be noted that 17.3% of the students surveyed find it difficult to assess their demographic situation in the country, since they have never been interested in this issue. The study revealed a low level of demographic education of students in Georgia, which is mainly due to the lack of relevant subjects. Keywords: Demographic knowledge, demographic policy, marriage status, birth rate, gender equality. JEL Codes: I21, J10, J11 ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებით როლს ასრულებს მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურა. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია დემოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების, აგრეთვე ამ საკითხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების, ცოდნისა და ცნობიერების შესწავლა. სტატიის მომზადების პროცესში გამოყენებული იქნა შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევით მიღებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემები, რომელთა დამუშავება და ანალიზი განხორციელდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის - SPSS გამოყენებით. კვლევის პროცესში მოხდა მრავალი ზოგადი და კერძო მაჩვენებლის (შეფარდებითი, საშუალო და ვარიაციის) გაანგარიშება და შეფასება. ანალიზის შედეგად დადგინდა სქესის, ასაკის, ეთნიკური და სხვ. ჯგუფების მიხედვით სტუდენტთა განსხვავებული დემოგრაფიული განწყობა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 22.8 % ფიქრობს, რომ საქართველოს უმთავრესი გამოწვევა არის დემოგრაფიული პრობლემები. მათგან 67.0 % ფიქრობს, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ექვემდებარება გამოსწორებას, 28.9 %-ის აზრით - ვითარება კატასტროფულია, ხოლო მხოლოდ 1.0 % თვლის, რომ მდგომარეობა სტაბილურია და არ საჭიროებს რეგულირებას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ სტუდენტთა 17.3 % უჭირს დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასება, რადგან არასოდეს არ დაინტერესებულან ამ საკითხით. კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოში სტუდენტი ახალგაზრდობის განათლების დაბალი დონე დემოგრაფიულ საკითხებზე, რასაც ძირითადად შესაბამისი საგნების სწავლების დეფიციტი განაპირობებს. საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული ცოდნა, დემოგრაფიული პოლიტიკა, სტატუსი ქორწინებაში, შობადობა, გენდერული თანასწორობა. შესავალი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თანამედროვე დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში მეტად მწვავეა, რაც მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი მათგანია მოსახლეობის და, განსაკუთრებით - ახალგაზრდობის დემოგრაფიული ცოდნის არასაკმარისი დონე. სწორედ ამ პრობლემის სწორი იდენტიფიკაციისა და შეფასების მიზნით, 2019 წელს ჩატარებული შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევით მიღებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების ანალიზმა ნათლად დაადასტურა არაერთი დიდი თუ მცირე პრობლემა ამ მიმართულებით. აღნიშნული კვლევა ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრამ. პრობლემის შესწავლის დონე და აქტუალურობა XX საუკუნის ბოლოს და მიმდინარე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მკვეთრად გამწვავდა დემოგრაფიული მდგომარეობა და ჩამოყალიბდა მოსახლეობის აღწარმოების უარყოფითი რეჟიმი, რამაც 1990 წელთან შედარებით, თითქმის 30 %-ით შეამცირა მოსახლეობის რიცხოვნობა. ქვეყნის დემოგრაფიული მომავალი კი განისაზღვრება მოსახლეობის დემოგრაფიული განწყობით და დემოგრაფიული ქცევით, რომელიც ახალგაზრდა ასაკში უკვე ჩამოყალიბებულია. ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის სტუდენტობა, რომელიც დღეისათვის შეადგენს 140 ათასზე მეტს. ამიტომ სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობის შესწავლა და რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ დემოგრაფიულ განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფიული ცოდნა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დემოგრაფიული ცოდნის დონის შესწავლა და ანალიზი საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდა. გამოკვლევის ანკეტაში მოცემული იყო 35 შეკითხვა დემოგრაფიის მრავალ საკითხზე თანამედროვე სტუდენტი ახალგაზრდობის დამოკიდებულების შესახებ. გენერალურმა ერთობლიობამ შეადგინა საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაახლოებით 142 000 სტუდენტი. მათგან გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 2452 რესპონდენტმა, რომელთა შერჩევა მოხდა სრულიად შემთხვევითი შერჩევით. ქვემოთ წარმოდგენილია კონკრეტული სტატისტიკური ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს სტუდენტთა დამოკიდებულება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისადმი მათი სქესობრივ-ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, საგანმანათლებლო და სხვა ნიშნების მიხედვით. კვლევის მიზანია სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ცოდნის დონის შესწავლა და მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება: 1. საქართველოში ზოგადი დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ; 2. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის პროცესების (ქორწინება, განქორწინება, შობადობა, სიკვდილიანობა) შესახებ; 3. საქართველოს მოსახლეობის მიგრაციული პროცესების (ემიგრაცია და იმიგრაცია) შესახებ; 5. საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების შესახებ. კვლევის პროცესში ფართოდ იქნა გამოყენებული შესაბამისი სტატისტიკური მეთოდები, კერძოდ: სტატისტიკური დაკვირვება და მიღებული მონაცემების თავმოყრა-დაჯგუფება; საშუალო სიდიდეთა შეფარდება და ვარიაციული მეთოდები, საინდექსო მეთოდი, შერჩევითი მეთოდი, კორელაციური ანალიზის მეთოდები და სხვ. სტატისტიკური შერჩევის მეთოდოლოგიით განისაზღვრა დაკვირვებისათვის საჭირო შერჩევითი ერთობლიობის ერთეულთა მინიმალური რიცხოვნობა. ამასთანავე, კვლევა ჩატარდა ელექტრონული კითხვარით გუგლში, მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ანალიზი კი განხორციელდა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა SPSS-ისგამოყენებით. საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. აღნიშნული ნათლად ვლინდება ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა შობადობის კლება, მოკვდაობის ზრდა და შედეგად - მოსახლეობის ბუნებრივი მატების ტემპების დაცემა [ჩიქავა, 2014]. საქართველოს მოსახლეობის აღწარმოება, რაც შობადობისა და მოკვდაობის ურთიერთქმედების შედეგია, აღწარმოების მარტივი რეჟიმით ხასიათდება. ამ დროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთის ტოლია, ხოლო შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2.10-ს უტოლდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის მნიშვნელობა ძალიან ახლოს არის ერთთან, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი კი ზუსტად 2.1-ის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არის მოსახლეობის აღწარმოების მარტივი რეჟიმი, როდესაც მომდევნო და წინა თაობების რაოდენობა დაახლოებით თანაბარია [წულაძე, 2014]. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია მოსახლეობის აღწარმოების ნეტო და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტები. საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო და შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტები 2001-2018 წლებში გრაფიკი 1 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ზემოთ წარმოდგენილი გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ 2001 წლიდან 2014 წლამდე მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ხოლო შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი - 2.1-ზე ნაკლები. ამ დროს არის მოსახლეობის შეკვეცილი (შევიწროებული) აღწარმოების რეჟიმი, რაც მიგვანიშნებს მომავალში პოტენციურ დეპოპულაციაზე [წულაძე, 2014]. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა ყოველწლიურად მცირდებოდა. მომდევნო წლებში ის უმნიშვნელოდ გაიზარდა, მაგრამ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით, ისევ შემცირებულია, რაზეც მიუთითებს კოეფიციენტების კლებადი ტენდენციაც. ჩვენი კვლევის არეალში მოექცა აგრეთვე გენდერული საკითხებიც, რამდენადაც გენდერი მოიცავს ქალისა და მამაკაცის ცხოვრების ყველა ასპექტს და მათი შესაძლებლობების განსხვავებების ანალიზს, სპეციფიკურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს [გელაშვილი ს., ჩარექიშვილი ლ. 2016, გვ. 19]. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მდედრობითი სქესის გამოკითხულ სტუდენტთა მხოლოდ 4.4 %, ხოლო მამრობითი სქესის სტუდენტთა 9.2 % ფიქრობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია სტაბილურია და არ საჭიროებს რეგულირებას. ორივე სქესის რესპონდენტთა დაახლოებით 65.0 %-ის აზრით კი, დემოგრაფიული სიტუაცია საგანგაშოა, მაგრამ ექვემდებარება გამოსწორებას. მდედრობითი სქესის 12.8 და მამრობითი სქესის წარმომადგენელთა 9.9 %-ის აზრით კი, საქართველოს დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულია. სტუდენტთა შეფასების განსხვავების ზომის დასადგენად გავიანგარიშეთ ვარიაციის დიაპაზონი. იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში დემოგრაფიული ვითარება სტაბილურია, 6.2 პროცენტული პუნქტით მეტნი არიან ის რესპონდენტები, რომლებიც არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას კატასტროფულად აფასებენ, ხოლო ის სტუდენტები, რომლებსაც დემოგრაფიული სიტუაცია საგანგაშოდ მიაჩნიათ - 59.3 პროცენტული პუნქტით მეტია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ სტუდენტთა 17.3 %-ს უჭირს დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასება, რადგან არასოდეს არ დაინტერესებულან ამ საკითხით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სტუდენტთა პროცენტული რაოდენობა სქესის მიხედვით, რომლებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ დემოგრაფიულ სიტუაციას. სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (სქესის მიხედვით) დიაგრამა 1
ასაკი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტატისტიკურ (და არა მხოლოდ სტატისტიკურ) მახასიათებელს, რომელიც მჭიდრო კავშირშია მრავალ სოციალურ თუ ეკონომიკურ მოვლენასა და ადამიანთა მდგომარეობასთან. ამასთან ერთად, ასაკი ერთ-ერთი მთავარი დემოგრაფიული მახასიათებელია, რომელიც საფუძვლად უდევს სხვადასხვა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაანგარიშებას. სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევის შესწავლაში აქტიურობით გამოირჩეოდნენ ქალები, რომელთა საშუალო ასაკია 21.3 წელი, ხოლო მამაკაცებისა - 20.9 წელი, ამასთან, ორივე სქესის მიხედვით, რესპონდენტებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა 20 – 24 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფი [მინდორაშვილი, 2019]. ასაკის მიხედვით საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის განხილვისას აღმოჩნდა, რომ უფროსი ასაკობრივი ჯგუფების სტუდენტებში (25-29 წლის, 30 წლის და უფროსი ასაკის) პროცენტულად უფრო მეტი გამოკითხული თვლის დემოგრაფიულ ვითარებას სტაბილურად (შესაბამისად, 7.9% და 11.1%), ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის სტუდენტებში (20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 5.9% და 20 წელზე უმცროსები - 4.5%). დემოგრაფიულ ვითარებას საგანგაშოდ კი, პირიქით, უფრო მეტად ახალგაზრდა სტუდენტები აფასებენ (20 წელზე უმცროსების 72.4%, 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან - 64.0%), ვიდრე უფროსი ასაკის სტუდენტები (25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი - 52.6%, 30 წლის და უფროსი ასაკის - 44.4%). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს სტუდენტთა პროცენტულ განაწილებას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომლებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებას. სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით) დიაგრამა 2
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაბადების ადგილის მიხედვით დაჯგუფების შედეგად მიღებული შეფასებები არ გამოირჩევა დიდი რხევადობით და მათი რაოდენობრივი სიდიდეები დაახლოებით თანაბარია. საქალაქო დასახლებებში დაბადებულ სტუდენტთა 6.1 % დემოგრაფიულ მდგომარეობას საქართველოში სტაბილურად მიიჩნევს. იგივე აზრი დააფიქსირა სასოფლო დასახლებებში დაბადებულ სტუდენტთა 4.9 %-მა. ,,ქალაქელი“ სტუდენტების 65.3 % საგანგაშოდ, ხოლო 11.6 პროცენტი კატასტროფულად მიიჩნევს დემოგრაფიულ სიტუაციას. ,,სოფლელი“ სტუდენტების 64.2 %-ის აზრით, ვითარება საგანგაშოა, ხოლო 13.0 %-ის აზრით კი - კატასტროფული. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სტუდენტთა პროცენტულ განაწილებას დაბადების ადგილის მიხედვით, რომლებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას. სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (დაბადების ადგილის მიხედვით) დიაგრამა 3
აღსანიშნავია, რომ გამოკვლევაში მონაწილე ყველა უნივერსიტეტის გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ცალკეული უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით მნიშვნელოვანი ვარიაცია გამოვლინდა. ასე მაგალითად, ვითარებას სტაბილურად მიიჩნევს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოკითხულ სტუდენტთა 10.3 %, მაშინ როდესაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხოლოდ 3.3 % ფიქრობს ასე. ვითარება საგანგაშოდ ყველაზე მეტად მიაჩნიათ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (75.0%), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიდან კი მხოლოდ 40.0 % ეთანხმება აღნიშნულ დებულებას. ამავე უნივერსიტეტის მესამედი (ყველაზე მაღალი წილი უნივერსიტეტებს შორის) თვლის, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში კატასტროფულია. აღნიშნულ მოსაზრებას ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხოლოდ 8.7 % ეთანხმება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მეტი სტუდენტი - 69.3 % ფიქრობს, რომ ვითარება საგანგაშოა, 9.8 %-ის აზრით - კატასტროფული, ხოლო 4.9 %-ის აზრით - სტაბილური. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე (4) წარმოდგენილია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა პროცენტული განაწილება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება დიაგრამა 4
სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა საზოგადოების საგანმანათლებლო პოტენციალის გაზომვა და მისი ჩამოყალიბების, დიფერენციაციისა და გამოყენების პროცესების შესწავლა. საზოგადოების საგანმანათლებლო პოტენციალი - ესაა თაობების მიერ დაგროვილი ცოდნის მოცულობა, ხარისხი და პროფესიული გამოცდილება, რომელიც შეთვისებულია მოსახლეობის მიერ და მისი კვლავწარმოება ხდება განათლების სისტემის მეშვეობით [გელაშვილი ს., შონია ზ., ქინქლაძე რ. 2013, გვ. 138]. მოსახლეობის და, განსაკუთრებით - ახალგაზრდობის განათლების სხვადასხვა დონე ქმნის ძლიერ დიფერენცირებულ შეხედულებებსა და განწყობებს დემოგრაფიულ საკითხებზე. ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, კერძოდ: უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით, გამოვლინდა მნიშვნელოვნად განსხვავებული პასუხები: საქართველოს დემოგრაფიულ სიტუაციას სტაბილურად აფასებენ უფრო მეტად დოქტორანტები (16.7%), ვიდრე ბაკალავრიატის სტუდენტები (6.1%) და მაგისტრანტები (2.6%). ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს ბაკალავრიატის სტუდენტთა 66.9 %, მაგისტრანტთა 61.2 % და დოქტორანტთა 33.3 %. კატასტროფული მდგომარეობა დაასახელა დოქტორანტების 16.7 %-მა, მაგისტრანტების 15.5 %-მა და ბაკალავრიატის სტუდენტთა 11.1 %-მა. ქვემოთ მოცემული დიაგრამა (5) გვიჩვენებს უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის სტუდენტთა შეხედულებას საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის შესახებ. სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (%%) დიაგრამა 5
დემოგრაფიული პროცესები მიმდინარეობს ძირითადად ოჯახში. შესაბამისად, მოსახლეობის ქორწინებითი მდგომარეობის შესწავლას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. მამაკაცებში, ქალებთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია დაუქორწინებლების ხვედრიწილი [ხმალაძე მ. 2009, გვ. 199-200]. ქორწინების სტატუსის მიხედვით ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება სტაბილურად მიაჩნია დაუქორწინებელთა მხოლოდ 5.6 %-ს და დაქორწინებულთა 8.3 %-ს. გამოკითხულ განქორწინებულთაგან არცერთი არ ფიქრობს, რომ ვითარება სტაბილურია. დემოგრაფიულ მდგომარეობას საგანგაშოდ აღიქვამს დაუქორწინებელთა 66.3 %, დაქორწინებულთა და განქორწინებულთა თანაბარი წილი - 50 %. კატასტროფულ მდგომარეობას ასახელებს განქორწინებულთა 50 %, დაქორწინებულთა 19.4 % და დაუქორწინებელთა 11.2 %. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე (6) ასახულია სტუდენტთა შეფასება ქორწინების სტატუსის მიხედვით. სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება ქორწინების სტატუსის მიხედვით (%%) დიაგრამა 6
კვლევის შედეგები დამუშავდა ასევე ეთნიკური ნიშნის მიხედვითაც, რამაც მეტად განსხვავებული სურათი აჩვენა. ქართველი ეროვნების გამოკითხული სტუდენტების 67.1 % ფიქრობს, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ექვემდებარება გამოსწორებას, 12.1 %-ის აზრით - კატასტროფულია, ხოლო 4.6 %-ის აზრით - სტაბილურია. ეროვნებით სომეხი სტუდენტების 35.7 % მიიჩნევს, რომ ვითარება საგანგაშოა, 21.4 %-ის აზრით - სტაბილური და 10.7 %-ის აზრით - კატასტროფული. აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტთა ერთი მესამედი ვითარებას სტაბილურად აფასებს, ხოლო დანარჩენ სტუდენტებს უჭირთ პასუხის გაცემა. გამოკითხული რუსი და იეზიდი ეროვნების სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია საგანგაშოა (იხ. დიაგრამა 7). სხვადასხვა ეროვნების სტუდენტთა მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (%%) დიაგრამა 7
ვარიაციის დიდი დიაპაზონი აქვს შემოსავლების დონის მიხედვით სტუდენტთა ჯგუფების დამოკიდებულებას დემოგრაფიულ პროცესებზე. ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებას სტაბილურად აფასებს ყველაზე მეტად მაღალშემოსავლიანი რესპონდენტების 9.1 %. სხვა ჯგუფებთან შედარებით, პროცენტულად ყველაზე მეტი დაბალშემოსავლიანი სტუდენტი ფიქრობს, რომ ვითარება საგანგაშოა (66.1%), ხოლო მაღალშემოსავლიანი სტუდენტების 27.3 %-ის აზრით, ვითარება კატასტროფულია (იხ. დიაგრამა 8). შემოსავლის სხვადასხვა დონის სტუდენტთა ჯგუფების მიერ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება (%%) დიაგრამა 8
რელიგიურობის მიხედვით კვლევამ სპეციფიკური და მეტად საინტერესო სურათი აჩვენა, კერძოდ: რელიგიური სტუდენტების 68.0 % ფიქრობს, რომ საქართველოში საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა, ხოლო 12.1 %-ის აზრით კი - ვითარება კატასტროფულია. ასეთი გამოკითხული სტუდენტების მხოლოდ 4.7 % აფასებს სტაბილურად. დემოგრაფიულ სიტუაციას სტაბილურად აფასებენ უფრო მეტად ის სტუდენტები - 9.6 %, რომლებიც არ არიან რელიგიურები (იხ. დიაგრამა 9). დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება სტუდენტთა რელიგიურობის ნიშნით (%%) დიაგრამა 9
ქალისა და მამაკაცის გენდერულ თანასწორობაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე სტუდენტებს შორის ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა ასე შეფასდა: მათგან, ვინც არ ემხრობა გენდერულ თანასწორობას, ყველაზე მეტი რესპონდენტი, ანუ 55.6 პროცენტი თვლის, რომ კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება გვაქვს. მათგან, ვინც ნაწილობრივ ან სრულიად ემხრობა გენდერულ თანასწორობას, პროცენტულად ყველაზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია საგანგაშოა (შესაბამისად, 64.2 და 66.5 პროცენტი). ჩვენი აზრით, სტუდენტთა ასეთი მკაცრი განწყობა გენდერული თანასწორობის საკითხში, გარკვეულწილად იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძალიამ მწირი ცოდნა გააჩნიათ ზოგადად გენდერის საკითხებზე. გენდერული პრობლემა კი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში მეტ-ნაკლებად არსებობს და მისი გადაჭრის გზებიც განსხვავებულია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც, მართალია, გენდერული პრობლებემი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ სასურველი შედეგები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ბოლო წლებში ამ მიმართულებით გენდერული საკითხების სწავლება გაფართოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა - ,,გენდერის კვლევები“, ასევე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო მოდულში ,,ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა“ ისწავლება საგანი - ,,გენდერული სტატისტიკა“, მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის, მათ შორის - სტუდენტებისათვის. მე-10 დიაგრამაზე წარმოდგენილია გენდერულ თანასწორობაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე სტუდენტთა დემოგრაფიული განწყობა. სტუდენტთა შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე (%%) დიაგრამა 10
გარკვეულ ინტერესს იწვევს სტუდენტთა განწყობის შესწავლა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ზეგავლენას არ მოახდენს შობადობაზე და დემოგრაფიული სიტუაცია სტაბილურია, მხოლოდ 7.8 %-ს შეადგენს; გამოკითხული სტუდენტების 67.5% თვლის, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია შეამცირებს შობადობას და დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო ასეთი სტუდენტების 15.2 %-ის აზრით კი - ვითარება კატასტროფულია (იხ. დიაგრამა 11). შვილიანობაზე მარიხუანის მოხმარების გავლენის შეფასება სტუდენტების მიერ დიაგრამა 11
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 22.8 % ფიქრობს, რომ საქართველოს უმთავრესი გამოწვევა არის დემოგრაფიული პრობლემები. მათგან 67.0 % ფიქრობს, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მაგრამ ექვემდებარება გამოსწორებას, 28.9 %-ის აზრით, ვითარება კატასტროფულია, ხოლო 1.0 % თვლის, რომ მდგომარეობა სტაბილურია და არ საჭიროებს რეგულირებას. გამოკითხულთა 9.4 %-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პრობლემა, მათი 7.5 % ფიქრობს, რომ დემოგრაფიული ვითარება ქვეყანაში სტაბილურია. სტუდენტების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ის რესპონდენტები, ვისი აზრითაც საქართველოში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვზე ნაკლებია, უმეტესად ფიქრობენ, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ან კატასტროფულია (67.9% და 17.8%). ის გამოკითხულები კი, რომლებიც თვლიან, რომ დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვზე მეტია, საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს 70.0%, სტაბილურად კი - 10.0% (იხ. დიაგრამა 12): სტუდენტების მიერ შობადობისა და სიკვდილიანობის დონეთა შეფასება (%%) დიაგრამა 12
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა აზრით, საქართველოში ყოველმა წყვილმა (ქალ-ვაჟმა) მოსახლეობის რიცხოვნობის გასაზრდელად უნდა იყოლიოს 2 ბავშვი (8.8%), 3 ბავშვი (61.4%), 4 ბავშვი (22.7%), 5 და მეტი ბავშვი (6.3%), საშუალოდ კი - 2.27 ბავშვი. გამოკითხული სტუდენტები აპირებენ საშუალოდ 2.6 ბავშვის ყოლას. შედარებისათვის აქ საინტერესოა, რომ გამოკითხული სტუდენტების მშობლებს საშუალოდ ჰყავთ 2.3 ბავშვი, სტუდენტების ბებია-ბაბუას დედის მხრიდან საშუალოდ ჰყავთ 2.82 ბავშვი, ხოლო ბებია-ბაბუას მამის მხრიდან - 2.84 ბავშვი. გამოკითხული სტუდენტების 30.3 % იცნობს საქართველოს დემოგრაფიულ პოლიტიკას, 59.3 % - არ იცნობს, ხოლო 8.4 %-ის აზრით, დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში საერთოდ არ არსებობს. დასკვნა ჩვენი კვლევის მიხედვით, გამოკითხულ სტუდენტთა დაახლოებით მეოთხედი (23%) სათანადოდ ვერ აფასებს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას. მათი ნაწილის აზრით, ვითარება სტაბილურია და არ საჭიროებს რეგულირებას, დანარჩენებს კი უჭირთ დემოგრაფიული სიტუაციის შეფასება, რადგან არ დაინტერესებულან ამ საკითხით. მეორე საყურადღებო შედეგი, რაც გამოკვლევამ აჩვენა, არის ის, რომ გამოკითხულ სტუდენტებს სურთ იყოლიონ საშუალოდ უფრო ნაკლები ბავშვი, ვიდრე მათ მშობლებს და ბებია-ბაბუას ჰყავთ. ეს კი, ისედაც შემცირებული მოსახლეობის რიცხოვნობის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს და მოსახლეობის აღწარმოების მარტივი რეჟიმიდან შეკვეცილი (შევიწროებული) აღწარმოების რეჟიმს დავუბრუნდებით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოება და, განსაკუთრებით, სტუდენტები, მომავალი მშობლები, უფრო სიღრმისეულად გაეცნონ ქვეყნის დემოგრაფიულ სტრუქტურას, გააანალიზონ მომავალში მოსალოდნელი შედეგები. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სამ და ოთხ-შვილიანი ოჯახების რაოდენობის ზრდა ბავშვთა ყოლის გაზრდილი მოთხოვნილების მოტივაციის ფორმირებითა და შესაბამისი მატერიალური დახმარებით. კვლევის შედეგად ნათლად გამოვლინდა საქართველოში სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიულ საკითხებზე განათლების დაბალი დონე, რაც ძირითადად განპირობებულია უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი საგნების სწავლების დეფიციტით. ლიტერატურა:
References:
|