Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 3 ∘ Iza Bukia ∘ How to Overcome the Barriers for Entrepreneurial Activity in Georgia A number of actions are being taken to develop and promote entrepreneurship in Georgia. It is expressed both in the development and implementation of various strategies and in tax reform. However, entrepreneurs still face various problems and barriers. 120 entrepreneurs were interviewed. The purpose of this paper is to identify the barriers to entrepreneurial activity and the problematic issues facing them; identifying the gaps in Georgia's tax system in terms of entrepreneurs and identifying the type of tax with the greatest pressure; also identifying barriers to other non-tax aspects for entrepreneurs. The development of the entrepreneurial environment and the promotion of entrepreneurs are very important for the state. A number of tax reforms have been implemented in Georgia (Introduction of special taxation regimes; the so-called profit tax Introduction of Estonian model; liberalization of tax sanctions; implementation of a United Treasury Code; Automatic VAT refund service) that were adopted to support entrepreneurs, to expand their activities and facilitate their relationship with the tax authority. Nevertheless, entrepreneurs still face certain barriers and problems, which were identified by research. 120 entrepreneurs across Georgia were interviewed; the number of entrepreneurs surveyed by type of activity is as follows: Service (31%), Trade (29%), Production (14%), Construction (11%), Tourism (7%), Agriculture (6%), 1% -1% Energy and Finance sector. The magnitude of the tax rates in force in the country and according to the objects of taxation, Georgia is one of the most liberal countries in the world. But despite that, there is always the desire of entrepreneurs, operate as low as possible tax rates. To find out which tax rate puts them in a big burden, according to interviewed entrepreneurs, the majority of entrepreneurs (58%) want to reduce their income tax. 25% of entrepreneurs want to reduce Value Added Tax (VAT). The next position shows the reduction of excise tax rate (7%). This is followed by a reduction in the profit tax rate (5%). In the last positions are import (3%) and property tax rates (2%). The following problems are the main impediments and problems to the development of entrepreneurship: A) Difficult access to credit resources (35%); B) Market insecurity from counterfeit products (25%); C) Insecurity of business interests by the government (20%); D) High tax rates (20%); The tax system in Georgia and its evaluation by entrepreneurs, what kind of difficulties do they have in this regard, this study identified the following circumstances: 58% of entrepreneurs think that some legislative records are vague and do not provide an accurate explanation; While 27% of entrepreneurs think that the weakness of the tax system is instability;10% think the changes are only for large firms; 5% of entrepreneurs believe that the tax system deficiency is a few of the reasons mentioned above. Given the above, it is clear that despite a number of positive impacts of tax reform, entrepreneurs still face certain barriers and problems. Therefore, when developing economic reforms it is desirable that the problems/barriers of entrepreneurs be taken into account by the government, in order to improve the entrepreneurial environment. Keywords: Entrepreneurship, tax system, taxes, tax reforms. JEL Codes: H20, H24, H25, H71 სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი ბარიერების დაძლევისათვის საქართველოში საქართველოში მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გარკვეული ქმედებები ხორციელდება, რაც გამოიხატება როგორც სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავებასა და მის შესრულებაში, ასევე საგადასახადო რეფორმებში. მიუხედავად ამისა, მეწარმეები სხვადასხვა პრობლემისა და ბარიერების წინაშე დგანან. აღნიშნულის გასარკვევად გამოკითხულ იქნა 120 მეწარმე. კვლევა ეხებოდა მრავალ საკითხს, თუმცა, მოცემული ნაშრომის მიზანია სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი გარემოებებისა და მეწარმეთა წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება; საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემის ხარვეზების დადგენა და ყველაზე დიდი წნეხის მქონე გადასახადის ტიპის გამოვლენა; ასევე, მეწარმეებისთვის სხვა, ანუ არასაგადასახადო კუთხით არსებული ბარიერების გამოვლენა. საკვანძო სიტყვები: მეწარმეობა, საგადასახადო სისტემა, გადასახადები, საგადასახადო რეფორმები. სამეწარმეო გარემოს განვითარება და მეწარმეების ხელშეწყობა მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რადგან სწორედ საგადასახადო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მართებულ მიდგომებზეა დამოკიდებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ხოლო მეწარმეების მხრიდან კი - მათი საქმიანობის გაფართოება. ყოველივე ეს იწვევს ახალი დამატებული ღირებულების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ბუნებრივია, მოცემული გარემოს განვითარება და მისი ხელშეწყობა სახელმწიფოს ინტერესებში შედის და მისი დამოკიდებულება გამოხატულია იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო სისტემა და მასთან დაკავაშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, როგორც მეწარმეობის განვითარების, ასვე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საფუძველია. საქართველოში განხორციელდა რიგი საგადასახადო რეფორმა (სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შემოღება; მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვა; საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაცია; ერთიანი სახაზინო კოდის დანერგვა; დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სერვისი), მეწარმეთა ხელშესაწყობად, მათი საქმიანობის გაფართოებისთვის და საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის გამარტივებისთვის. მიუხედავად ამისა, მეწარმეები კვლავ დგანან გარკვეული ბარიერებისა და პრობლემების წინაშე, რაც დაიდენტიფიცირდა წინამდებარე კვლევის საფუძველზე. საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ იქნა სხვადასხვა სფეროში დასაქმებული 120 მეწარმე: სამართლებრივი ფორმები მოიცავდა ყველა სახეს. საქმიანობის სახეების მიხედვით: მომსახურება (31%), ვაჭრობა (29%), წარმოება (14%), მშენებლობა (11%), ტურიზმი (7%), სოფლის მეურნეობა (6%), 1%-1%-ით - ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი. ქვეყანაში მოქმედი გადასახადის განაკვეთების სიდიდითა და დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიბერალური ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეწარმეების მხრიდან ყოველთვის არის სურვილი, რაც შეიძლება დაბალი საგადასახადო განაკვეთები მოქმედებდეს. რამდენადაც საქართველოს ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი შედგება სწორედ საგადასახადო შემოსულობებისგან, აუცილებელია ისეთი შუალედის დაცვა, რაც ერთი მხრივ, ნაკლებად დააწვება მეწარმეს საგადასახადო ტვირთად და, მეორე მხრივ, ბიუჯეტში არ შეიქმნება დეფიციტი გარკვეული შეღავათების დაწესების ან/და გადასახადის განაკვეთების შემცირების ხარჯზე. იმის გამოსავლენად, თუ რომელი გადასახადის განაკვეთი აწვება მათ დიდ ტვირთად, გამოკითხული მეწარმეების აზრით, მათი საქმიანობის ხელშეწყობის და დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, საგადასახადო განაკვეთების შემცირება სასურველია თითქმის ყველა გადასახადზე (იხ. დიაგრამა 1). მეწარმეების აზრით რომელი გადასახადის განაკვეთი უნდა შემცირდეს საქართველოში, რომელსაც დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ საქმიანობაზე, დიაგრამა 1
მეწარმეების უმრავლესობას (58%) სურვილი აქვს შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რომლითაც განისაზღვრა შენატანები საპენსიო ფონდში. დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების სურვილი გამოთქვა 25%-მა, შემდგომი პოზიციით ფიქსირდება აქციზის გადასახადის განაკვეთის შემცირება (7%). მეოთხე პოზიციაზეა მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირების მსურველი მეწარმეები (5%). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოგების გადასახადის განაკვეთი (15%) აქვს ევროპაში. მეხუთე პოზიციაზეა იმპორტის გადასახადი, რომლის განაკვეთის შემცირების სურვილი აქვთ მეწარმეების მხოლოდ 3%-ს. ხოლო, რაც შეეხება ბოლო პოზიციას, როგორც მოსალოდნელი იყო ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ქონების გადასახადი (2%), რადგან როგორც ცნობილია, მისი საგადასახადო განაკვეთების მაქსიმალური ზღვარი არ აღემატება ქონების ღირებულების 1%-ს. მეწარმეებისთვის ყველაზე დიდი წნეხის მქონე აღმოჩნდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. მნიშვნელოვანია იმ პრობლემების და ბარიერების იდენტიფიცირება, რაც დგას მეწარმეების წინაშე. საინტერესოა შედარება, თუ რა პრობლემების წინაშე იდგნენ მეწარმეები 2016 წელს და რა მდგომარეობაა 2019 წლისათვის. შესაბამისი გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ერთმანეთს მოცემული პერიოდის პრობლემები, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ამ მხრივ, აღმოიფხვრა თუ არა რომელიმე პრობლემა მეწარმეებისთვის, ან ხომ არ დაემატა ახალი ბარიერი მათ საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოში 2016 წლის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორებად მიიჩნეოდა: უხარისხო პროდუქციისგან ბაზრის დაუცველობა; წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის არარსებობა ადგილობრივ ბაზარზე; საკრედიტო რესუსრების მოპოვების სირთულე; მაღალი საგადასახადო განაკვეთები; მაკონტროლებელი ორგანოების ზედმეტად ჩარევა ფირმის საქმიანობაში; ბიზნეს-ინტერესების დაუცველობა; მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ა.შ (ერქომაიშვილი, 2016). რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მეწარმეთა გამოკითხვის შედეგად, მეწარმეობის განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად, რაც ხელს უშლის მათი საქმიანობის განვითარებას. გამოიკვეთა თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანი და პრობლემური ოთხი ძირითადი საკითხი მცირე მეწარმეებისთვის, რომელთა გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის (იხ.დიაგრამა 2): მცირე მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, დიაგრამა 2
მოკლედ თითოეული მათგანის შესახებ: ა) საკრედიტო რესურსების მოპოვების სირთულეზე მიანიშნებს გამოკითხულთა 35%. ეს საკითხი მეტად მწვავედ დგას მცირე მეწარმეების წინაშე, რადგან ფინანსების ნაკლებობა აფერხებს მათი საქმიანობის წარმატებით ფუნქციონირებას და გაფართოებას; ბ) ფალსიფიცირებული, ან/და უხარისხო პროდუქციისაგან ბაზრის დაუცველობა (25%); ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მეწარმეს ჰქონდეს საშუალება, მის მიერ წარმოებული პროდუქცია დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან და ხდებოდეს აღნიშნული საკითხის კონტროლი, რაც მეწარმეს ჩააყენებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. გ)ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ინტერესების დაუცველობა (20%); დ) მაღალი საგადასახადო განაკვეთები (20%). 2016 და 2019 წლების შედარების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ უხარისხო პროდუქციისგან ბაზრის დაუცველობა, საკრედიტო რესურსების მოპოვების სირთულე, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და ბიზნეს-ინტერესების დაუცველობა, ანუ ყოველივე აღნიშნული, პრობლემის სახით მეწარმეების წინაშე იდგა 2016 წელს და ის კვლავაც რჩება შემაფერხებელ ფაქტორებად 2019 წელსაც. რაც შეეხება 2016 წლისთვის არსებულ ბარიერებს, როგორიცაა: წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის არ არსებობა ადგილობრივ ბაზარზე, მაკონტროლებელი ორგანოების ზედმეტად ჩარევა ფირმის საქმიანობაში და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, 2019 წლის კვლევის საფუძველზე, არსებული პრობლემები მეწარმეების მიერ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ საგადასახადო სისტემას და მის შეფასებას მეწარმეების მიერ, თუ რა სახის სირთულეები აქვთ მათ ამ მხრივ, მისაღებია თუ არა დაბეგვრის მოცემული სისტემა, რამდენად გასაგებია ის გადასახადის გადამხდელებისთვის და რამდენად ითვალისწინებს მეწარმეების ინტერესებს, მოცემულმა კვლევამ დაადგინა შემდეგი გარემოებები, რომელიც ყველაზე მეტ სირთულეს უქმნის მეწარმეებს (იხ. დიაგრამა 3). საგადასახადო სისტემის/კანონმდებლობის ნაკლოვანებები მეწარმეების შეფასებით, დიაგრამა 3
მთლიანობაში გამოიკვეთა საგადასახადო სისტემის ოთხი ძირითადი ნაკლოვანება, რომელიც პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: მეწარმეების 58% თვლის, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და არ იძლევა ზუსტ განმარტებას; მეწარმეების 27%-ის აზრით კი საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებას არასტაბილურობა წარმოადგენს, რადგან ხშირია ცვლილებები; 10%-ის აზრით, ცვლილებები გათვლილია მხოლოდ დიდ ფირმებზე; მეწარმეების 5% თვლის, რომ საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებას წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან რამდენიმე ერთად ან/და სრულიად მთელი სისტემა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზებისა, მასში შედის ცვლილებები მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლის დროსაც ასევე გათვალისიწინებულია ბიუჯეტის მოცემულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მეწარმეებზე მორგებული (მაგ: ბოლო წლებში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების სისტემა, რომელიც იყო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მიუხედავად რიგი დადებითი გავლენის მქონე საგადასახადო რეფორმისა, მეწარმეები კვლავ დგანან გარკვეული ბარიერებისა და პრობლემების წინაშე. სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, მეწარმეების უმეტესობას (58%) წნეხად აწვება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რაც შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს საპენსიო ფონდის დაარსების გამო. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული გადასახადის განაკვეთი შემცირდება, აუცილებელია, რომ ის დაბალანსდეს იგივე გადასახადში დასაბეგრი ბაზის გაზრდით (რათა განაკვეთის შემცირებამ არ გამოიწვიოს ბიუჯეტის დეფიციტი); მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსში დაზუსტდეს ორაზროვანი ჩანაწერები, რომელიც არ იძლევა ზუსტ განმარტებას. ყოველივე აღნიშნული მეწარმეებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და არ მოხდეს მათ მიერ მისი უნებური დარღვევა; რაც შეეხება მეწარმეებისთვის ისეთ პრობლემებს როგორიცაა: ფალსიფიცირებული, ან/და უხარისხო პროდუქციისაგან ბაზრის დაუცველობა; ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ინტერესების დაუცველობა; საკრედიტო რესურსების რთულად მისაწვდომობა და მაღალი საგადასახადო განაკვეთები საჭიროა - კომპლექსურ - სისტემური მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკური რეფორმების შემუშავება-განხორციელებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მეწარმეობის შემაფერხებელი ბარიერები, რათა გაუმჯობესდეს სამეწარმეო გარემო, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის მდგრადობას განაპირობებს. ლიტერატურა:
References:
|