Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 3 ∘ Inga Balarjishvili ∘ About the Failure of Political Coase Theorem Economic institutions and behavior models are endogenous variables and represent an obvious or non-obvious agreement (contractual process), the result of the collective actions of economic and political agents. From this follows the question: under what conditions can be achieved Pareto-effective political agreement among the social agents about the creation of economic institutions? In other words, does political Coase theorem work or not, which suggests free and voluntary exchange of economic and political rights and consequently, effective institutions. As in the case of Coase “starting” theorem, the basis for such collective actions (exchange of powers) is to increase the collective benefit or public wealth. This gain can be distributed among the members of the public and may increase their individual benefits or compensate economic and political “victims.” Thus, changes in institutions and behavior models, as Pareto-improvement, are common interest. This means that the creation of effective rules, through the voluntary agreements between the parties, is conceptually possible. In terms of game theory, this means that there is a possibility of cooperative play between economic and political agents, when the joint actions of the parties can create an institution, which results in overall profit (in which indicators this profit is expressed, in this case, does not matter). Analysis involves certain pre-requisites, specifically: - there is some ineffective institutional structure (property rights, distribution of income, etc.); - there is a more effective institutional model (pareto-improvement);- there is no principal obstacle to presenting this institutional model as a political project; - parties (politicians, asset owners, scientists, etc.) have sufficient qualifications and experience to create a new institutional model. Why do not economic and political agents work togetherto to improve institutional structure and gain profit? What hinders the realization of the Coase theorem in politics? Expenses incurred by public agents for changing institutional structure, i.e. obstacles to the realization of the “political Coase theorem” are: • Political transaction costs: thecosts for optimal distribution of power; the costs of conducting negotiations; the costs of changing the formal and informal organization of the system; “Transition costs” (changing the rules requires expenses for all socio-economic and political players) etc. In the absence of these expenses, the optimal set of “rules of the game” would be established everywhere and always, since replacing any “outdated” institution with a new one, with more effective one, would “cost” nothing; • Absence of motivation for creating effective rules. Parties (at least on one side) may not be interested in overall profit, as there are alternative ways of making private profit (economic and political rent). Its source is asymmetry in the distribution of power. The rent source can also become asymmetric information; • Institutional changes are “creative destruction.” Increasing effectiveness of institutions may result in the loss of income, power and ownership by individual economic and political agents. This results in potential “losers” resistance to institutional changes; • The problem of trust between the parties. This means absence of belief that that maximizing the functionality of the public benefit will positively affect the individual function of benefits; • The problem of credible promises. There are not “reliable” mechanisms for the distribution of the gain of social income in favor of any of the parties. It is about the absence of a coercive mechanism (third party) for the fulfillment the obligations. In other words, as there is no guarantee of redistribution of benefits, there are no incentives for perfection of institutions; • Problems of preferences. Power for its owner is not just an opportunity to achieve goal (for example, receiving rental income). It is a “wealth” in itself, and therefore it can be the ultimate goal; • “Time horizons” of institutional changes. The difference in time between the cost of the institutional changes and the benefits derived from these changes weakens the motivation of institutional changes, which gives the effect in the long term. Thus, according to the political “Coase theorem,” people can always negotiate and exchange powers. But as a result of the combined constraints, many of them are of insurmountable nature, Coase theorem does not work in politics; i.e. always remain missed alternative institutional capabilities. Rational, maximized behavior can not overcome all costs, which are necessary for the establishment of effective institutions. Keywords: institutions, political Coase theorem, belief, social conflict, transaction costs, commitment problem. JEL Codes:D60, D72, D78 „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ შეუსრულებლობის შესახებ სტატიაში, ნეოინსტიტუციონალურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია „ქოუზის თეორემის“ რეალიზაციის დაბრკოლებები პოლიტიკაში: პოლიტიკური ტრანსაქციური ხარჯები, ეფექტიანი წესების შექმნისთვის მოტივაციის არარსებობა, ინსტიტუციური ცვლილებები როგორც „კრეატიული ნგრევა“,მხარეებს შორის ნდობის არარსებობა,პრეფერენციების პრობლემა, ინსტიტუციურ ცვლილებათა „დროითი ჰორიზონტი“. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია სანდო გარანტიების (ვალდებულებების) პრობლემაზე, როგორც ერთ-ერთ გადაულახავ წინააღმდეგობაზე. თამაშთა თეორიის გამოყენებით, ნაჩვენებია, რომ სხვადასხვა ძალაუფლების მქონე აქტორებს არ შეუძლიათ ურთიერთხელსაყრელ შეთანხმებამდე მისვლა. დადგენილია, რომ მოცემულ შეზღუდვათა ერთობლიობა ხელს უშლის „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ შესრულებას და პარეტო-გაუმჯობესების მიღწევას. პოლიტიკაში ყოველთვის რჩება ხელიდან გაშვებული ალტერნატიული ინსტიტუციური შესაძლებლობები. საკვანძო სიტყვები: ინსტიტუტები, პოლიტიკური ქოუზის თეორემა, რწმენა, სოციალური კონფლიქტი, ტრანსაქციური ხარჯები, ვალდებულებების პრობლემა. ეკონომიკური ინსტიტუტები და ქცევის მოდელები წარმოადგენს აშკარა თუ არააშკარა შეთანხმების, ეკონომიკური და პოლიტიკური აგენტების კოლექტიური მოქმედებების შედეგს. აქედან გამომდინარეობს კითხვა: რა პირობებში შეიძლება მიღწეულ იქნეს პარეტო-ეფექტიანი პოლიტიკური შეთანხმება საზოგადოებრივ აგენტებს შორის ეკონომიკური ინსტიტუტების შექმნის შესახებ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესრულებადია თუ არა „პოლიტიკური“ ქოუზის თეორემა (Acemoglu 2003), რომელიც ვარაუდობს ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების თავისუფალ და ნებაყოფლობით გაცვლას და შედეგად - ეფექტიან ინსტიტუტებს. როგორც რ. ქოუზის „საწყისი“ თეორემის შემთხვევაში, ამგვარი კოლექტიური მოქმედებების (უფლებამოსილებების გაცვლის) საფუძველია კოლექტიური სარგებლიანობის ზრდა. ეს ნაზარდი შეიძლება განაწილდეს საზოგადოების წევრებს შორის და გაზარდოს მათი ინდივიდუალური სარგებლიანობა, ან მოახდინოს ეკონომიკური და პოლიტიკური „დაზარალებულების“ კომპენსირება. ამგვარად, ცვლილებები ინსტიტუტსა და ქცევის მოდელებში, როგორც პარეტო-გაუმჯობესება, საერთო ინტერესია. დავუშვათ, არსებობს რაღაც არაეფექტიანი ინსტიტუციური სტრუქტურა (საკუთრების უფლებები, შემოსავლების განაწილება და სხვ.). როგორც აღნიშნავენ ჯ. ბრენანი და ჯ. ბიუქენენი, ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ერთი მდგომარეობა მაინც, რომლის მიღწევა შეიძლება ცვლილებების გზით, რომელიც ზიანს არავის მოუტანს, იქნება ურთიერთხელსაყრელი და რომელსაც დაეთანხმებოდა ყველა მხარე (Бреннан, Бьюкенен 2005, 240). მ. ოლსონი ამის შესახებ წერს, „წარმოვიდგინოთ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც წუხან იმაზე, რომ შედეგი არ არის ეფექტიანი, ან რაციონალური ჯგუფისთვის, ე.ი. ეს შედეგი არ ამაქსიმიზებს აგრეგირებულ, ანუ ერთობლივ რეალურ შემოსავალს თუ იმათ კეთილდღეობას, ვინც შედის ამ ჯგუფში... აქედან უნდა გამომდინარეობდეს გარიგების (ქოუზიანური კონტრაქტის) შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც მოგება ჯგუფისათვის ოპტიმალურ შედეგზე გადასვლიდან განაწილებული იქნება ყველას შორის, ასე რომ, ჯგუფის და მისი ყველა წევრის მდგომარეობა გაუმჯობესდება (Олсон 2012, 92). სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს პოტენციურად შესაძლებელი პარეტო-გაუმჯობესება. რატომ არ მოქმედებენ ერთობლივად ეკონომიკური და პოლიტიკური აგენტები ინსტიტუციური სტრუქტურის გაუმჯობესებისა და საერთო მოგების მისაღებად? რა უშლის ხელს „ქოუზის თეორემის“ რეალიზაციას პოლიტიკაში? ქოუზის თეორემის პარადოქსულობა: სამყარო ნულოვანი ტრანსაქციური ხარჯებით „ქოუზის თეორემა“ - XX საუკუნის ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია. უდიდესი ევრისტიკული პოტენციალის გამო, ის გამოიყენებოდა ობიექტთა ფართო სპექტრის ანალიზისთვის (Андрефф 2003), და წარმოშვა ქოუზიანიზმის (Coaseanism) მეცნიერული მიმდინარეობა, გახდა ახალი ინსტიტუციონალური ეკონომიკური თეორიის საფუძველი და, ფაქტობრივად, „მეორე სუნთქვა“ გაუხსნა ინსტიტუციონალიზმს ნეოკლასიკურ მეინსტრიმთან კონკურენციაში. მაგრამ, ამასთან ერთად, გამოიწვია დღემდე შეუწყვეტელი პოლემიკა და უამრავი ინტერპრეტაციაც, თავისი არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი შინაარსის (ბალარჯიშვილი 2005, 153-154) როგორც განვითარების, ასევე დამახინჯების მიმართულებით. ვინაიდან თვითონ რ. ქოუზს თავისი თეორემის ფორმულირება არ მოუცია, „როდესაც ამის გაკეთებას სხვები ცდილობენ, ის ან მცდარ გამონათქვამად, ან ტავტოლოგიად გადაიქცევა“ (Кутер 2004, 61). თვით რ. ქოუზი თავის თეორემას აფასებდა როგორც ერთ-ერთ საფეხურს დადებითი ტრანსაქციური ხარჯების მქონე ეკონომიკის ანალიზისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „ქოუზის თეორემა“ გამიზნული იყო კონკრეტული თეორიული ამოცანის გადაწყვეტისთვის, მას მიაწერეს ნორმატიული ფუნქცია და გადაიტანეს ყოფით სფეროში, ეკონომიკურ პოლიტიკასა და სამეურნეო პრაქტიკაში. რ. ქოუზი აღწერდა ჰიპოთეტურ სამყაროს ნულოვანი ტრანსაქციური ხარჯებით, მაგრამ სწორედ ეს სამყარო გახდა პროპაგანდის ობიექტი ქოუზიანელების მიერ, როგორც საბაზრო ეკონომიკის მიზნობრივი ორიენტირი. „თეორემა ამტკიცებს, რომ როდესაც საკუთრების უფლებები ზუსტადაა განსაზღვრული და ტრანსაქციური ხარჯები ნულის ტოლია, ბაზრის მონაწილეები ახორციელებენ თავიანთ ტრანსაქციებს იმგვარად, რომ ყველაზე ეფექტიანი შედეგი მიიღონ“ (Glaeser,Johnson and Shleifer 2001, 853). ასეთი ინტერპრეტაციით „ქოუზის თეორემა“ ბაზრის „უხილავი ხელის“ კონცეფციის მკაცრად ფორმულირებულ ვარიანტად გადაიქცევა. ამასთან ერთად, ე. ბერტრანი აჩვენებს, რომ თეორემა, თავისი არსით, ეკონომიკური პოლიტიკისთვის რაიმე დასკვნებს არ ვარაუდობს (Bertrand 2008, 22). არსებითად, თეორემა „უშუალოდ მიმართული იყო ლიბერალური ეკონომისტებისადმი, რომლებმაც ის შეაფასეს როგორც იმ ფაქტის დადასტურება, რომ ექსტერნალიები სახელმწიფოს ჩარევას არ საჭიროებენ“ (Butler and Garnett 2003, 135). ამით იცვლება წარმოდგენა სახელმწიფოზე საბაზრო ეკონომიკაში: „ღამის დარაჯიდან“ იგი ტრანსფორმირდება „ქოუზიანურ კანონმდებლად“ (Harris 2002, 1194), რომლის ფუნქცია ნათელი და ზუსტი წესების შექმნაა ტრანსაქციათა განხორციელების ხარჯების შესამცირებლად. თუ რ. ქოუზი საუბრობდა დაბალი ტრანსაქციური ხარჯების „სასურველობის“ შესახებ და თავის თეორემას მხოლოდ „რბილ“ ნორმატიულ ინტერპრეტაციას აძლევდა, დ. ნორტმა ჩამოაყალიბა მისი „მკაცრი“ ვერსია, თავისებური „იმპერატივი“ ეკონომიკური პოლიტიკისთვის: „ეფექტიანი ბაზრები აღმოცენდება რეალურ სამყაროში მაშინ, როდესაც საკმარისად ძლიერია კონკურენცია, რათა არბიტრაჟმა და ეფექტიანმა (ინფორმაციულმა) უკუკავშირებმა შეძლონ სისტემის მდგომარეობის მიახლოება ქოუზის პირობებთან, რომელიც ვარაუდობს ნულოვან ტრანსაქციურ ხარჯებს და ბაზრის მონაწილეებს იმ ხელსაყრელი გაცვლის რეალიზების საშუალება მისცენ, რომელიც გამომდინარეობს ნეოკლასიკური თეორიიდან“ მის რადიკალურ-ლიბერალურ ვარიანტში (Норт 2004, 709). ამგვარად, „ქოუზის თეორემა“ ორიგინალური თეორიული კონსტრუქციიდან გადაიქცა „დე-ფაქტო“ ნორმატიულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოდელად. სწორედ ამ პარადიგმულ სტატუსში ვითარდება იგი დღემდე. „ქოუზის თეორემა“ ახდენს „იდეალური სტატიკური სამყაროს ვერბალურ მოდელირებას, რომელშიც ხახუნი არ არსებობს“ (Норт 2004, 708). ცხადია, „ასეთ სამყაროში ინსტიტუტები, რომლებიც ეკონომიკურ სისტემას ქმნიან, არავის არაფრისთვის სჭირდება“ (Коуз 2007, 19), რადგან „ინსტიტუტებს მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ არანულოვანი ტრანსაქციური ხარჯების პირობებში“ (Менар 2005, 117). მაგრამ რეალურ ეკონომიკურ სამყაროში ტრანსაქციური ხარჯები არასდროს უდრის ნულს. მით უმეტეს, რომ ისინი არამწარმოებლური ხარჯებია და ყოველთვის „იძულებითი ხასიათი აქვთ... არავის სურს მათი გაღება, რადგან ისინი მხოლოდ დაბრკოლებაა უფლებების ეფექტიანად გაცვლისათვის“ (Дементьев 2005, 112). “პოლიტიკური ქოუზის თეორემა” და მისი მოდიფიკაციები ისლანდიელმა ეკონომისტმა ტ. ეგერტსონმა ჩამოაყალიბა „განზოგადებული ქოუზის თეორემა“: ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება, ძირითადად, არ არის დამოკიდებული არსებული მთავრობის ტიპზე, თუ ტრანსაქციური ხარჯები ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეოში ნულის ტოლია. მაგრამ, როდესაც ტრანსაქციური ხარჯები დადებითია, მაშინ ძალაუფლების განაწილება ქვეყნის შიგნით და მისი კანონშემოქმედი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური სტრუქტურა განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია (Eggertsson1990). მაშასადამე, ინსტიტუციური ხარჯების არარსებობის შემთხვევაში, „თამაშის წესების“ ოპტიმალური ნაკრები ჩამოყალიბდებოდა ყველგან და ყოველთვის, რადგან ნებისმიერი „მოძველებული“ ინსტიტუტის შეცვლა ახლით, უფრო ეფექტიანით, არაფერი „ეღირებოდა“. პოლიტიკურ სფეროში „ქოუზის თეორემის“ გაფართოებული ვერსიის ფორმულირება შეიძლება შემდეგნაირად (ბ. ვირას განმარტება): „თუ პოლიტიკური უფლებების განაწილება, როგორიცაა საარჩევნო უფლებები, ლობისტური შესაძლებლობები და ა.შ., მოცემულ კონსტიტუციურ ჩარჩოებშია, ოპტიმალური ინსტიტუციონალური შედეგი მიღწეული იქნება იმ პირობით, რომ არ არსებობს პოლიტიკური ტრანსაქციური ხარჯები, და ეს შედეგი არ არის დამოკიდებული პოლიტიკური უფლებების თავდაპირველ განაწილებაზე“ (Vira 1997, 770). ამგვარად, ივარაუდება, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსაქციების შედეგად, საზოგადოება ირჩევს ისეთ პოლიტიკურ ხაზს და ინსტიტუტებს, რომლებიც ამაქსიმიზებენ საზოგადოებრივ კეთილდღეობას, დამოუკიდებლად იმისგან, თუ ვინ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამ მიდგომის თანახმად, პოლიტიკური და ინსტიტუციური განსხვავებები არ არის ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური შედეგების ძირითადი მიზეზი, ვინაიდან საზოგადოებები ირჩევენ, ყოველ შემთხვევაში, სუბოპტიმალურად მაინც, მათი პირობების შესაფერის პოლიტიკას და ინსტიტუტებს. პოლიტიკური „ქოუზის თეორემის“ მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მესამე მხარის როლში გამოსვლა და სამართალდაცვის (ინფორსმენტის) განხორციელება შეუძლია არამარტო სახელმწიფოს, არამედ სხვა ორგანიზაციებსა და ინდივიდებსაც (მაგალითად, ეკლესიას ან მაფიას) (Barzel 2002). ეს ქმნის სამართალდაცვის ბაზარს, რომელიც აძლიერებს მოქალაქეთა პოზიციებს (მოლაპარაკების ძალას) სახელმწიფოსთან. ქოუზის თეორემის მოდიფიკაციას წარმოადგენს რწმენაში განსხვავებების თეორია (theories of belief differences). ამ თეორიის თანახმად, სხვადასხვა ქვეყანა ირჩევს სხვადასხვა პოლიტიკურ ხაზს ძალიან განსხვავებული შედეგებით, ვინაიდან მათ კეთილგანმზრახველ ლიდერებს სხვადასხვა მრწამსი აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკაა ოპტიმალური საზოგადოებისთვის. შედეგად ქვეყნები, რომლებშიც ამომრჩევლებმა, ან ლიდერებმა აირჩიეს ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვითარდებიან, ხოლო ისინი, ვინც შეცდნენ - ჩამორჩებიან. ისევე, როგორც პოლიტიკური „ქოუზის თეორემის“ შემთხვევაში, პოლიტიკა, რომელიც სრულიად აშკარად დამანგრეველია, არ რეალიზდება, ამიტომ ამ მიდგომას უწოდებენ მოდიფიცირებულ „პოლიტიკურ „ქოუზის თეორემას“. დ. ნორტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ინდივიდები, რომლებიც აყალიბებენ პოლიტიკას, შეზღუდულად რაციონალური აქტორები არიან, მოქმედებენ არასრული ინფორმაციის საფუძველზე და გადაამუშავებენ ამ ინფორმაციას საკუთარი იდეოლოგიური წარმოდგენების პრიზმაში (იდეოლოგიის ცნებაში დ. ნორტი გულისხმობს სუბიექტურ მენტალურ მოდელებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ხსნიან გარემომცველ სამყაროს) (Норт 1993, 73,76-78). მაშასადამე, ამ აქტორებს შეუძლიათ სტაბილურად არაეფექტიანი გადაწყვეტილებების კვლავწარმოება. ის აღნიშნავს, რომ „ტრანსაქციური ხარჯების არსებობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზრებზე ხსნის საკუთრების არაეფექტიანი უფლებების არსებობას, ხოლო იმ მოთამაშეთა სუბიექტური მოდელების არასრულყოფილებამ, რომლებიც ცდილობენ გაერკვნენ მათ წინაშე მდგომ რთულ პრობლემებში, შეიძლება გამოიწვიოს ამ არაეფექტიანი საკუთრების უფლებების სიმყარე“ (Норт 1997, 128). სოციალური კონფლიქტის თეორიის თანახმად, საზოგადოებები ირჩევენ სხვადასხვა პოლიტიკურ ტრაექტორიას, ზოგჯერ მოქალაქეთათვის კატასტროფულს, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკოსების, ან პოლიტიკურად გავლენიანი ჯგუფების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი და არა საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაქსიმიზაციით. სოციალური კონფლიქტის თეორიის უკიდურეს ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს მ. ოლსონის „მკვიდრი ბანდიტის“ მოდელი, რომელშიც ეგოისტური ინტერესებით მოქმედი „მმართველი“ აღწევს მონოპოლიას ძალადობის გამოყენებაზე. ამის შედეგად ყალიბდება სტიმულების სისტემა („ყოვლისმომცველი ინტერესი“), რომელიც აიძულებს მას განახორციელოს საზოგადოებრივად ეფექტიანი პოლიტიკა. ამგვარად, „სოციალური კონფლიქტის თეორია“ არ გულისხმობს აუცილებლად საზოგადოებრივად არაეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას, ის მხოლოდ აქცენტს აკეთებს მთელი საზოგადოებისა და პოლიტიკურად გავლენიანი ჯგუფების ინტერესებს შორის მკვეთრ განსხვავებაზე . ამგვარად ისევე, როგორც ეკონომიკაში, „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ სამყაროც შესაძლებელია დაბალი ტრანსაქციური ხარჯების და სამართალდაცვის (ინფორსმენტის) ბაზარზე კონკურენციის სიტუაციაში: სწორედ კონკურენცია ქმნის წონასწორობას, რომლის ფარგლებშიც თითოეული კონკრეტული გარანტისთვის (ინფორსერისთვის) არახელსაყრელია წესების დარღვევა, რადგან ეს გამოიწვევს კლიენტების დაკარგვას მომავალში. „სოციალური კონფლიქტის თეორიის“ სამყარო, პირიქით, წარმოიშობა მაღალი ტრანსაქციური ხარჯების და ძალადობის მაღალი მონოპოლიზაციის სიტუაციაში. პარადოქსულია, მაგრამ საზოგადოებრივად ოპტიმალური სწორედ ეს უკიდურესი წერტილებია: სამართალდაცვის სრულად კონკურენტული ბაზრის პირობებშიც და ამ ბაზარზე მონოპოლიის პირობებშიც საზოგადოება მოგებულია. რატომ არ სრულდება ქოუზის თეორემა პოლიტიკაში „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ რეალიზაციის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი პოლიტიკური ტრანსაქციური ხარჯებია: უფლებამოსილებათა ოპტიმალური განაწილების ძიების ინფორმაციული ხარჯები; მოლაპარაკებათა წარმართვის ხარჯები; გადაწყვეტილებათა მიღების, ოფიციალური განკარგულებების გამოცემის ხარჯები; სისტემის ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციის ცვლილების ხარჯები; „გადასვლის ხარჯები“ (ჯ. ბიუქენენის და ჯ. ბრენანის მიხედვით) - წესების შეცვლა მოითხოვს ხარჯებს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური თამაშის ყველა მონაწილისთვის: ახალი უფლებამოსილებების შესწავლის ხარჯები, საკადრო ცვლილებები, ახალ ინსტიტუციურ გარემოში ქცევის სტრატეგიის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხარჯები და ა.შ. მხარეებს (ყოველ შემთხვევაში, ერთ მხარეს მაინც) შეიძლება არ აინტერესებდეთ საერთო მოგება, რამდენადაც არსებობს კერძო მოგების მიღების შესაძლებლობა საერთოს გარეშე. საქმე ეხება შემოსავლის მაქსიმიზაციის ალტერნატიული გზების (ეკონომიკური და პოლიტიკური რენტის) არსებობას, რომლის წყაროა ასიმეტრია ძალაუფლების განაწილებაში. რენტის წყაროდ შეიძლება გადაიქცეს, აგრეთვე, ინფორმაციის ასიმეტრიაც. დაქვემდებარებულ მხარეს შეუძლია თავისი შემოსავლის გაზრდა საკუთარი საქმიანობის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით. „როდესაც საუბარია უკვე არსებული წესის ცვლილებაზე... ის წესი, რომელიც წარმოშობს შედეგების ყველაზე უმჯობეს ნაკრებს, არა აუცილებლად დომინირებადი აღმოჩნდება... თუ არსებობს სტაბილური და მოთმენადი წესები, საზოგადოებამ შეიძლება არ სცადოს მათი შეცვლა (Бреннан, Бьюкенен, 2005, 36). ინსტიტუციური ცვლილებები წარმოადგენს „კრეატიულ ნგრევას“. ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას შეიძლება მოჰყვეს შემოსავლის, ძალაუფლების, საკუთრებაში პოზიციის დაკარგვა ცალკეული ეკონომიკური და პოლიტიკური აგენტების მიერ. ეს იწვევს პოტენციური „წაგებულების“ წინააღმდეგობას ინსტიტუციური ცვლილებებისადმი. „ნებისმიერი ეკონომიკური ცვლილება, რომელიც შეარყევს ელიტების პოლიტიკურ ძალაუფლებას, დიდი ალბათობით, გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს ეკონომიკური რენტის შემცირებას“. ამიტომ, „ელიტები შეიძლება შეეწინააღმდეგონ ეკონომიკური ინსტიტუტების ცვლილებას, რომელიც სტიმულს მისცემდა ეკონომიკურ ზრდას“ (Acemoglu, Johnson and Robinson, 2005, 41–42). აქვე უნდა აღინიშნოს პრეფერენციების პრობლემაც. ფასეულობები არსებობს როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე. ძალაუფლების ფლობის ინდივიდუალური მოტივაცია არ შემოიფარგლება იმით, რომ ძალაუფლება მისი მფლობელისთვის მხოლოდ გარკვეული მიზნის მიღწევის (მაგალითად, რენტული შემოსავლების მიღების) საშუალებაა. ძალაუფლებისადმი მოტივაცია დაკავშირებულია იმასთანაც, რომ ძალაუფლება „დოვლათია“ თავისთავად და, ამიტომ, შეიძლება იყოს საბოლოო მიზანიც. „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ რეალიზაციას ხელს უშლის მხარეებს შორის ნდობის პრობლემაც. ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ საზოგადოებრივი დოვლათის ნაზრდიდან საკუთარ წილს მიიღებენ. სხვაგვარად, ეს ნიშნავს რწმენის არარსებობას, რომ საზოგადოების სარგებლიანობის ფუნქციის მაქსიმიზაცია დადებითად იმოქმედებს სარგებლიანობის ინდივიდუალურ ფუნქციაზე. ინსტიტუციურ ცვლილებათა შინაარსზე გავლენას ახდენს გადაწყვეტილებათა მიღების დროითი ჰორიზონტის „სიდიდე“. როგორც ჯ. კეინზი ამბობდა, გრძელვადიან პერსპექტივაში „ჩვენ ყველა მიცვალებულები ვართ“. ვინაიდან არსებობს განსხვავება დროში ინსტიტუციური ცვლილებების ხარჯებსა და ამ ცვლილებებიდან მიღებულ სარგებლობას შორის, არ არსებობს მოტივაცია ინსტიტუციური ცვლილებებისადმი, რომელიც ეფექტს გრძელვადიან პერიოდში იძლევა. ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი ურთიერთობების რომელიმე მხარის სასარგებლოდ საზოგადოებრივი შემოსავლის ნაზრდის განაწილების „სანდო“ მექანიზმები. საქმე ეხება ვალდებულებების შესრულების მაიძულებელი მექანიზმის (მესამე მხარის) არარსებობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენადაც არ არსებობს მიღებული სარგებლიანობის გადანაწილების გარანტია, არ არსებობს ინსტიტუტების სრულყოფის სტიმულებიც. ვინაიდან ეს პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად მიგვაჩნია, მასზე უფრო დეტალურად შევჩერდებით. სანდო გარანტიების (ვალდებულებების) პრობლემა (Credible Commitment Problem) როგორც დ. ასემოგლუ აღნიშნავს, იმ მოსაზრების „მომხიბვლელობის“ მიუხედავად, რომ ინდივიდები და ინდივიდთა ჯგუფები მიისწრაფიან ეფექტიანი ეკონომიკური შედეგების მიღწევისკენ, არსებობს „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ თეორიული და ემპირიული შეზღუდვები. ჯერ ერთი, პოლიტიკური სფეროსთვის დამახასიათებელია აღებულ ვალდებულებათა შესრულების პრობლემა, მეორე, „პოლიტიკური ქოუზის თეორემა“ არაფერს ამბობს ეკონომიკური (და თვით პოლიტიკური) ინსტიტუტების გავლენის შესახებ ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგებზე (Acemoglu, Johnson and Robinson 2005, 31). „სოციალური კონფლიქტის თეორიის“ მიხედვით, ამ მიდგომის მთავარი ამოცანაა განისაზღვროს - კონკრეტულად რომელი ტრანსაქციური ხარჯები უშლის ხელს „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ რეალიზაციას (Acemoglu 2003, 620-652). სხვაგვარად რომ ვთქვათ, რატომ არ შეუძლიათ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურად გავლენიან ჯგუფებს შეთანხმდნენ საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან კეთილდღეობის მმაქსიმიზებელი პოლიტიკის შესახებ? ამის მიზეზია პრობლემა, რომელიც ჩადებულია თვით სამართალდაცვის (ინფორსმენტის) ცნებაში და რომელიც არ იძლევა სანდო გარანტიების მიღწევის შესაძლებლობას. კონტრაქტი გარანტსა და სხვა აქტორებს შორის არ შესრულდება, რადგან გარანტს არ შეუძლია მისცეს სანდო გარანტია ძალის არგამოყენებაზე შეთანხმების დარღვევის, ან მისი პირობების შეცვლის მიზნით. მაშასადამე, პოლიტიკური ძალაუფლების განაწილება ქმნის „ვალდებულებების პრობლემას“ (commitment problem), რომელიც ანგრევს, საზოგადოებრივი კეთილდღეობის თვალსაზრისით, ეფექტიანი შედეგის მიღწევის პოტენციალს. პრობლემის ფორმალიზება შესაძლებელია თამაშთა თეორიის მეშვეობით. გარანტის პრობლემის გადასაწყვეტად გამოიყენება ნეშის წონასწორობა: მოთამაშეთა სტრატეგიულ არჩევანთა პროფილი ნეშის წონასწორობას წარმოადგენს მაშინ, თუ არცერთ მოთამაშეს არა აქვს სტიმული, შეცვალოს თავისი სტრატეგია მეორე მოთამაშისგან დამოუკიდებლად. ინსტიტუტების „დიზაინის“ ამგვარი მეთოდიკა საჭიროა იმისათვის, რომ რაიმე საზოგადოებრივი მიზნით შემუშავებული წესები თავსებადი აღმოჩნდეს მოთამაშეთა სტიმულებთან. (Hurwicz 1993, 51-67). ტერმინი „მასტიმულირებელი თავსებადობა“ (incentive compatibility) მნიშვნელოვანია იმ სიტუაციის აღწერისთვის, როდესაც გარე ინფორსმენტი (წესების შესრულების იძულება) შეუძლებელია, ან მეტისმეტად ხარჯიანია: ინსტიტუტის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ აქტორები თვლიდნენ, რომ მათივე ინტერესებშია წესების დაცვა. ისტორიულად ჩამოყალიბდა ინსტიტუტებისადმი, როგორც წონასწორობისადმი, ორი ძირითადი მიდგომა. პირველის მიხედვით კონვენციონალური ქცევა მყარდება თავისთავად, მესამე მხარის მიერ იძულების, ანუ „შეგნებული დიზაინის“ გარეშე. კონვენციის ევოლუციასთან ერთად, აგენტები ცვლიან განსაზღვრულ ნიშნებს (გარემოს აღქმას, უპირატესობებს, უნარებს) ევოლუციური შერჩევის ზეგავლენით. რ. სუგდენი აღნიშნავს, რომ „კანონს შეუძლია ასახოს ქცევის კოდი, რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარ თავს დააკისრა“ (Sugden 1989). მეორე მიდგომა გულისხმობს წონასწორობის უფრო რთულ კონცეფციას - ნეშის წონასწორობას თანმიმდევრულ თამაშებში (Greif 1998, 80-84; Milgrom P., North D., Weingast B., 1990, 1-23; Greif A., Milgrom P., Weingast B. 1994, 745-776; Calvert 1995, 57-93). ამ მიდგომით გადამწყვეტ როლს ასრულებს მოთამაშეთა მოლოდინები, ანუ რწმენა (belief). მოცემულ წონასწორობაში ბევრი მდგომარეობა არ რეალიზდება არა იმიტომ, რომ დახურულია რაღაც გარე ბარიერებით, არამედ მოთამაშეთა სტრატეგიული გათვლების გამო, რაც მათ მოცემული გზის არჩევის საშუალებას არ აძლევს. ეს გათვლები დაკავშირებულია მათ რაციონალურ მოლოდინებთან სხვა მოთამაშეთა რწმენის შესახებ. ვ. ტამბოვცევი გვთავაზობს ნორმების სპონტანური წარმოშობის შემდეგ სქემატურ მოდელს: ინდივიდები, რომლებიც აკვირდებიან სხვა ინდივიდების ქცევას, აგებენ მათი ქცევის გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ პროგნოზებს. თუ ასეთი პროგნოზი არაერთხელ მართლდება, ინდივიდს უყალიბდება მოლოდინი სხვისი (სხვების) ქცევის მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის უკვე ფლობს არამარტო პროგნოზს, როგორც ასეთს, არამედ იმის რწმენასაც, რომ მისი პროგნოზი ყოველთვის სწორი იქნება. „დარწმუნებულობა - წმინდა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ შეზღუდულად რაციონალური ინდივიდებისთვის იგი ისევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც უტყუარი ცოდნა“ (Тамбовцев 2011, 88). მოცემული იდეის ილუსტრირება შესაძლებელია სავაჭრო გილდიის მოდელით (Greif A., Milgrom P., Weingast B., 1994, 745-776). თამაში მიმდინარეობს ვაჭართა ჯგუფსა და ქალაქის მმართველს შორის. ვაჭრობის განვითარებისთვის, ქალაქმა უნდა დაიცვას ჩამოსული ვაჭრები და მათი საკუთრება. თამაშის პირველ ეტაპზე მმართველი ჰპირდება ვაჭრებს უსაფრთხოებას ქალაქში ვაჭრობის სტიმულირების მიზნით, რაც ზრდის ორივე მხარის (როგორც ვაჭართა, ასევე მმართველის) კეთილდღეობას. მეორე ეტაპზე დგება ვაჭართა მიერ განხორციელებული სვლის დრო - ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ივაჭრონ თუ არა ქალაქში. მესამე ეტაპზე, თუ ვაჭრობა დაწესდა, მმართველს უჩნდება თავისი დაპირების დარღვევის სტიმული, რაც მას გაცილებით მეტი მოგების მიღების საშუალებას მისცემს, ვიდრე შეთანხმების დაცვა. თამაში რომ სასრული ყოფილიყო, ეს გამოიწვევდა ვაჭრების მიერ ვაჭრობაზე უარის თქმას მმართველის მოქმედების გათვალისწინებით. სწორედ ამაში მდგომარეობს სანდო გარანტიების (ვალდებულებების) პრობლემა (credible commitment) - მმართველის მიერ დაპირებების დარღვევის სტიმული და მისი მხრიდან მყარი გარანტიების მიცემის უუნარობა (იმ ძალის არარსებობის გამო, რომელიც აიძულებდა შეთანხმების შესრულებას) იწვევს იმას, რომ ყველა მონაწილისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა (ვაჭრობა) ვერ მიიღწევა. მოცემული სიტუაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც „პატიმრების დილემის“ ვარიანტი. თუმცა, თამაშის განმეორებადობა საშუალებას იძლევა შეიქმნას მმართველის მხრიდან გარანტიების სიმყარის უზრუნველყოფის მექანიზმი - ორგანიზაცია (გილდია). ირჩევს შემდეგ სტრატეგიას: ის ვაჭრობს ქალაქში მოცემულ პერიოდში, ოღონდ, იმ პირობით, რომ არც ერთი მისი წევრი არ იქნება გაძარცვული მმართველის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გილდია აორგანიზებს ბოიკოტს. ბოიკოტის შედეგად მმართველი კარგავს ვაჭრობიდან მთელ მომავალ მოგებას. ამის გამო მმართველისთვის ოპტიმალური ხდება შემდეგი სტრატეგია: ის არ ძარცვავს ვაჭრებს მანამდე, სანამ გილდია არ გამოაცხადებს ბოიკოტს. როგორც კი ბოიკოტი ცხადდება, მმართველი ძარცვავს ნებისმიერ ვაჭარს. ამგვარად, განმეორებად თამაშებში შეთანხმების დარღვევის სტრატეგია არახელსაყრელია მმართველისთვის, რაც მის გარანტიებს სარწმუნოს ხდის და უზრუნველყოფს ვაჭრობის განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტრატეგიათა ასეთი პროფილი წარმოადგენს თანმიმდევრულსვლიანი თამაშების წონასწორობას. ამ მაგალითში სავაჭრო გილდია და მისი მოსალოდნელი როლი ბოიკოტის ორგანიზებაში შეიძლება განვიხილოთ როგორც კონტრაქტის შესრულების იძულების სარწმუნო მექანიზმი. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც დ. ნორტი აღწერდა როგორც მოთამაშეებს ინსტიტუტების წონასწორობის თეორიაში, აღიწერება როგორც ინსტიტუტის ნაწილი. ინსტიტუტები - ადამიანთა ურთიერთქმედების არატექნოლოგიური შეზღუდვები - შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტისგან: კულტურული მრწამსისგან (ე.ი. იმისგან, თუ როგორ ქცევას ელიან სხვებისგან ინდივიდები სხვადასხვა გარემოებებში) და ორგანიზაციებისგან (ადამიანთა ენდოგენური კონსტრუქტები, რომლებიც ცვლიან თამაშის წესებს). ისინი იმყოფებიან წონასწორობაში და არ საჭიროებენ გარეშე აღმსრულებელს (Greif 1994, 943). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული მიმართულების ფარგლებში, გარანტი არ გამოირიცხება განხილვიდან. ის, უბრალოდ, ეგზოგენური ცვლადიდან ენდოგენურ ცვლადად გადაიქცევა. სანდო გარანტიების პრობლემის ყველაზე ცნობილი მაგალითია „პატიმრების დილემა“. თითოეული მოთამაშისთვის დომინანტური სტრატეგია „აღიარებაა“, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტ მოგებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მეორე მოთამაშე. ცხადია, რომ თუ მოთამაშეები შეძლებდნენ სანდო გარანტიების მიღწევას და არც ერთი „არ აღიარებდა“, ისინი მიაღწევდნენ ოპტიმალურ შედეგს, მაგრამ ეს შეუძლებელია. სიტუაციის პარადოქსია ის, რომ მაშინაც კი, თუ ორივე მოთამაშე „ერთგულია“ (არ მისცემს ჩვენებას თანამონაწილის წინააღმდეგ, თუ ის არ აძლევს ჩვენებას მის წინააღმდეგ), და იცნობს მეორე მოთამაშის ტიპს (იცის, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს, თუ პირველ იმოთამაშე არ აძლევს ჩვენებას მის წინააღმდეგ), მათ ისევ რჩებათ აღიარების სტიმულები (ცხრილი 1). „სანდო გარანტიების პრობლემა“ „პატიმრების დილემაში, ცხრილი 1 სანდო გარანტიების პრობლემას, რომელიც ასოცირდება „პოლიტიკური ქოუზის თეორემასთან“, ორი კომპონენტი აქვს. ჯერ ერთი, გარანტს არ შეუძლია სარწმუნო დაპირების გაცემა - რომ არ გამოიყენებს ძალაუფლებას მანამდე, სანამ მასზე უარი არ უთქვამს. მეორეც, თუ გარანტი უარს ამბობს ძალაუფლებაზე, მოქალაქეებს არ შეუძლიათ დაპირდნენ, რომ პატივს სცემენ მისი საკუთრების უფლებებს, რადგან ყოფილი გარანტი უკვე აღარ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას ამ დაპირებათა შესრულების იძულების განსახორციელებლად.წყარო: შედგენილია სტატიის ავტორის მიერ მაგალითისთვის განვიხილოთ სიტუაცია ჰიპოთეტურ ქვეყანაში. დავუშვათ, პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მთავარ მოედანზე. პრეზიდენტი ჰპირდება მთელ რიგ დათმობაზე წასვლას (მაგალითად, გარკვეული რეპრესიული კანონების გაუქმებას, ზოგიერთი ჩინოვნიკის განთავისუფლებას თანამდებობიდან ან თვით ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც კი). თუ პროტესტანტები მიცემულ დაპირებებს დაუჯერებენ და დაიშლებიან, პრეზიდენტს ვერაფერი შეუშლის ხელს დაარღვიოს პირობა: დააპატიმროს საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები და გააგრძელოს რეპრესიული პოლიტიკა. იციან რა ეს, პროტესტანტებს არ სჯერათ დაპირებების და აგრძელებენ საპროტესტო აქციებს. დავუშვათ, რომ ამ სიტუაციაში პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, უარი თქვას ხელისუფლებაზე იმ პირობით, რომ არ დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას და ოპოზიცია მისცემს მას ასეთ დაპირებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გადადგება, პრეზიდენტს არ შეუძლია ამ დაპირების შესრულება: ვერაფერი დააბრკოლებს ახალ ხელისუფლებას, დაარღვიოს ის. ამ სიტუაციაში პარეტო-ოპტიმალური შედეგი (კომპრომისი ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის) მიუღწეველი აღმოჩნდება (ცხრილი 2). ამავე დროს, აღწერილი მაგალითის პესიმიზმის მიუხედავად, იმის გამო, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება განმეორებადია, შესაძლებელი ხდება ისეთი ვალდებულებების წარმოშობა, რომელიც დაფუძნებულია რეპუტაციასა და კონტრაგენტის მომავალი საპასუხო მოქმედების მუქარაზე, რაც შესაძლებელს ხდის ოპტიმალური ან სუბოპტიმალური შედეგის მიღწევას მაინც. „სანდო გარანტიების პრობლემა“ „პოლიტიკურ ქოუზის თეორემაში“, ცხრილი 2
დასკვნა „პოლიტიკური“ ქოუზის თეორემა“ ვარაუდობს ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების თავისუფალ და ნებაყოფლობით გაცვლას და შედეგად - ეფექტიან ინსტიტუტებს. მაშასადამე, არსებობს კოოპერაციული თამაშის შესაძლებლობა ეკონომიკურ აგენტებს შორის ერთობლივი მოგების მისაღებად (რომელ მაჩვენებლებში გამოიხატება ეს მოგება, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს). „პოლიტიკური ქოუზის თეორემის“ რეალიზაციას ხელს უშლის რამდენიმე დაბრკოლება: - პოლიტიკური ტრანსაქციური ხარჯები (უფლებამოსილებათა ოპტიმალური განაწილების ძიების ინფორმაციული ხარჯები; მოლაპარაკებათა წარმართვის ხარჯები; სისტემის ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციის ცვლილების ხარჯები და ა.შ.); - მხარეებს (ყოველ შემთხვევაში, ერთ მხარეს მაინც) შეიძლება არ აინტერესებდეს საერთო მოგება, რამდენადაც არსებობს კერძო მოგების (ეკონომიკური და პოლიტიკური რენტის) მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა. მისი წყაროა ასიმეტრია ძალაუფლების განაწილებაში; - ინსტიტუციური ცვლილებები „კრეატიული ნგრევაა“. ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას შეიძლება მოჰყვეს შემოსავლის, ძალაუფლების, ან საკუთრებაში პოზიციის დაკარგვა ცალკეული ეკონომიკური და პოლიტიკური აგენტის მიერ, რაც იწვევს პოტენციური „წაგებულების“ წინააღმდეგობას ინსტიტუციური ცვლილებებისადმი; - მხარეებს შორის ნდობის პრობლემა, ანუ იმ რწმენის არარსებობა, რომ საზოგადოების სარგებლიანობის ფუნქციის მაქსიმიზაცია დადებითად იმოქმედებს სარგებლიანობის ინდივიდუალურ ფუნქციაზე; - ვალდებულებების პრობლემა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი შემოსავლის ნაზრდის განაწილების, ვალდებულებების შესრულების „სანდო“ მექანიზმები; - ფასეულობების (პრეფერენციების) პრობლემა. ძალაუფლება მისი მფლობელისთვის არამხოლოდ გარკვეული მიზნის მიღწევის (მაგალითად, რენტული შემოსავლების მიღების) საშუალებაა. ის „დოვლათია“ თავისთავად და, ამიტომ, შეიძლება საბოლოო მიზანიც იყოს; - ინსტიტუციურ ცვლილებათა „დროითი ჰორიზონტი“. განსხვავება დროში ინსტიტუციური ცვლილებების ხარჯებსა და ამ ცვლილებებით მიღებულ სარგებლობას შორის, ასუსტებს მოტივაციას ინსტიტუციური ცვლილებებისადმი, რომელიც ეფექტს გრძელვადიან პერიოდში იძლევა. მოცემულ შეზღუდვათა ერთობლიობის შედეგად, რომელთაგან ბევრი გადაულახავი ხასიათისაა, ქოუზის თეორემა პოლიტიკაში არ სრულდება. მაშასადამე, ყოველთვის რჩება ხელიდან გაშვებული ალტერნატიული ინსტიტუციური შესაძლებლობები. ლიტერატურა:
References:
|