Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 3 ∘ Revaz Gvelesiani ∘ The Problem of Compliance of the Framework Conditions of the Policy of Economic Order with the Basic Social Values An essential component of economic policy problems is the divorce between reality and the desired socio-economic situation. In order to overcome this problem, the necessary condition is to comply with the basic public values (freedom, justice, security, progress) of the economic policy objectives and the decisions taken to implement them. This is what determines both the rationality of economic policy decisions and the effectiveness of their implementation in practic The economic order and legal-legislative system must always be focused on the core public values and goals. This is why economic order policy strives to achieve consistency between the public value system and the formation of framework conditions of economic order. This makes it clear that order politics is of instrumental nature in achieving socio-political goals and it is fundamentally different in different socio-economic systems (Gvelesiani, Gogorishvili, 2018, 11). The more the ability to self-regulate market coordination is expected during the formation of framework conditions of economic order, the less the risk of random interventions. Priority is given to consistent, long-term and cautious economic policies. Particular caution should be exercised when trying to establish the framework conditions of economic order with the aim of improving self-regulation of market coordination. Keywords: key public values, economic order policy, framework conditions of economic order, economic interests, conflicts of interest JEL Codes: A13, A14, A19 ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო-პირობების ძირითად საზოგადოებრივ
ფასეულობებთან შესაბამისობის პრობლემა ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების არსებითი შემადგენელი ნაწილია რეალობის დაშორება სასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. იმისათვის, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებთან (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, პროგრესი) ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებისა და მათ განსახორციელებლად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა. სწორედ ეს განსაზღვრავს როგორც ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებების რაციონალურობას, ასევე მათ პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანობას. საკვანძო სიტყვები: ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობები, ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა, ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობები, ეკონომიკური ინტერესები, ინტერესთა კონფლიქტები . შესავალი ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის შესახებ არსებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის თეორია არ იძლევა სრულყოფილ საფუძველს პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტაციისათვის. რაც შეეხება სრულყოფილი კონკურენციის თეორიულ ანალიზს, მას ის უპირატესობა გააჩნია, რომ კონკურენციული ეკონომიკისათვის რეკომენდაციების ნათელი ჩარჩო-პირობები მოგვცეს. საინტერესოა ვიცოდეთ (ამავე დროს მნიშვნელოვანიც), თუ რამდენად მისაღებია პოზიტიური ეკონომიკის დებულებები სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობის „ოპტიმალური“ სიდიდის დასადგენად. ისტორიული განვითარების პროცესში სახელმწიფოს წვლილი პოზიტიურ ეკონომიკაზე დაყრდნობით და სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე უნდა შევაფასოთ. სხვადასხვა ეკონომიკური წესრიგის გამოკვლევის პროცესში ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უმეტესი ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკური სისტემების მსხვრევის შემდეგ განსხვავებულ სისტემათა შედარების შესაძლებლობა მეტნაკლებად გაქრა. ამავე დროს საბაზრო ეკონომიკური წესრიგის უპირატესობის დასამტკიცებლად რეკომენდაციათა ჩარჩოები აღარ არსებობს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეკონომიკური ლიბერალიზმი და ეკონომიკურ წესრიგში ინდივიდუალურ ეკონომიკურ ინტერესებზე ორიენტაცია, როგორც საყოველთაო პარადიგმა, ისე დამკვიდრდა. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მიზანი ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის, როგორც ეკონომიკაში თვისებრივი ცვლილებების განმსაზღვრელის მიზანია დაადგინოს ჩარჩო-პირობები კერძო და სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობისათვის და შეუსაბამოს ის სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს [Streit, 2005, გვ.26-30; 49-53]. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის განხილვა მოითხოვს უფრო მეტ დიფერენცირებას, რომელიც შეესაბამება ეკონომიკური საზოგადოების კერძო ჯგუფებად დაყოფას, მის სტრუქტურას (კერძო საოჯახო მეურნეობები, დარგები, ინტერესთა წარმომადგენლობები, სოციალური დაწესებულებები და ა.შ.) და ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებს იმისათვის, რომ ჩარჩო-პირობების სპეციფიკური მნიშვნელობის გაგება შევძლოთ. ვისაც სურს გაატაროს წესრიგის ეფექტიანი პოლიტიკა, ის უნდა იცნობდეს ეკონომიკური სუბიექტების შესაბამისი კატეგორიებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ჩარჩო-პირობებს. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა შინაგანად წინააღმდეგობრივია, რომელიც არსებობს კონკურენციულ და სოციალურ წესრიგს შორის. კონკურენციული წესრიგი ორიენტირებულია წარმატების მიღწევის პრინციპზე, სოციალური წესრიგი კი - მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების კრიტერიუმებზე (რაც, ნაწილობრივ მაინც, წარმატების პრინციპს ეწინააღმდეგება). ასე, რომ ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში, ერთი მხრივ, სახელმწიფო ცდილობს სოციალური წესრიგის ფორმირებას და მისი საზღვრების გაფართოებას, ხოლო მეორე მხრივ, ბაზარი მოწოდებულია დაამკვიდროს ფუნქციონირებისუნარიანი კონკურენციული წესრიგი და უზრუნველყოს მისი განხორციელება. სწორედ სახელმწიფო (სოციალური წესრიგი) და კერძო (კონკურენციული წესრიგი) ეკონომიკური აქტივობისათვის შესაბამისი სივრცეების დადგენას და მათ შორის რაციონალური საზღვრის „დაწესებას“, მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული სივრცეები და საზღვრები სწორადაა „დადგენილი“, ეკონომიკური სუბიექტები (მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოები) დიდ წარმატებებს აღწევენ ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამისი სეგმენტების ,,დაპყრობით“ და ლიდერი საწარმოების პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნებით (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018, 12). ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობები ზოგჯერ ეკონომიკური აქტივობისათვის თავისუფალ სივრცეს წარმოშობს, ასეთ შემთხვევაში არსებული ჩარჩო-პირობები არასასურველად აღიქმება, ანუ, თუ სახელმწიფო კერძო ეკონომიკურ აქტივობას საკანონმდებლო ველისაგან თავისუფალ სივრცეს უტოვებს, მაშინ შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოიქმნას. წესრიგის ჩარჩო-პირობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რომლის მიზანია გრძელვადიანი ეკონომიკური კავშირების დამყარება საზღვარგარეთულ ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფებთან, რაც ხანგრძლივი დროით ამკვიდრებს უცხოელთა ეკონომიკურ ინტერესებს მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ვითარება ხშირად წარმოშობს ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტს (ადგილობრივ და უცხოელ ინტერესთა ჯგუფებს შორის). კონფლიქტების სათავე ყოველთვის არაეფექტიანი წესრიგის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ყალიბდება მოკლევადიან პერიოდებში მისაღებ სარგებელზე ორიენტირებით. ეკონომიკური წესრიგი და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემა ყოველთვის ორიენტირებული უნდა იყოს ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მიზნებზე. სწორედ ამიტომ ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა მიისწრაფვის მიაღწიოს შესაბამისობას საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემასა და ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირებას შორის. ამით ნათელი ხდება, რომ წესრიგის პოლიტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზემიზნების მიღწევასთან დაკავშირებით ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში იგი არსებითად განსხვავებულია (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018, 11). ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს რაც უფრო მეტად არის გათვალიწინებული საბაზრო კოორდინაციის თვითრეგულირების უნარი, მით უფრო მცირდება შემთხვევითი ინტერვენციების საფრთხე. უპირატესობა ენიჭება თანმიმდევრულ, გრძელვადიანსა და ფრთხილ ეკონომიკურ პოლიტიკას. განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა ვიჩენდეთ, როდესაც ვცდილობთ ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების დადგენას საბაზრო კოორდინაციის თვითრეგულირების გაუმჯობესების მიზნით. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩო-პირობების ფორმირების საფუძველი ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, პროგრესი) რა გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა? ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობების რა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს მან ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს? თავისუფლება. მიზანშეწონილია ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით თავისუფლების ორი ასპექტი გამოვყოთ. ინდივიდუალური ასპექტის შემთხვევაში აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ნების თავისუფლება და მოქმედების თავისუფლება. საზოგადოებრივი ასპექტი კი მოითხოვს კონფლიქტის, ძალაუფლებისა და სამართლის ფენომენთა ნათელყოფას. მოქმედების თავისუფლებას, ნების თავისუფლებისაგან განსხვავებით, თავისი საზღვრები გააჩნია. კერძოდ: შესაძლებლობა ყოველთვის მოქცეულია ბუნების მიერ დადგენილ ობიექტურ და გარე საზღვრებში, რომელთა დარღვევა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი გონივრული გამოყენება; სუბიექტური საზღვრები ბუნებრივ საზღვრებზე უფრო ვიწროა და მას ბუნებრივი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობები და ინდივიდის მიერ თავისთვის დაწესებული ზნეობრივი ნორმები ადგენს; საზოგადოებრივი საზღვრები ინდივიდებს შორის ურთიერთობას ეხება და მას ძალაუფლება, ზნეობა და კონვენციები - უპირველეს ყოვლისა კი - სამართალი ადგენს. ისინი განსაზღვრავენ ადამიანებს შორის ურთიერთობის თავისუფლებას და საზოგადოებაში მათი მოქმედების შესაძლებლობებს (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018. 43-44). სწორედ ამ საზღვრებში წარმოიშობა ინდივიდუალური მოქმედების თავისუფლება, როგორც უამრავი წერტილის ერთობლიობა, სადაც ერთმანეთს კვეთენ შიდა და გარე თავისუფლება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს. მოქმედების თავისუფლების რეალიზება საზოგადოებაში იმიტომაც არის პრობლემური, რომ ამა თუ იმ ინდივიდის მოქმედება თუ უმოქმედობა ზეგავლენას ახდენს სხვა ინდივიდებზე. ერთი ინდივიდის თავისუფლება სხვათა თავისუფლების შეზღუდვად გვევლინება. საზოგადოების არსებობას საფრთხე ემუქრება, როცა ინდივიდები მოქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას ესწრაფვიან. ამიტომაც, საზოგადოებრივი ასპექტით აუცილებელი ხდება თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა. ჯონ სტიუარტ მილი (Mill, 1859,75) აღნიშნავდა: ,,ერთადერთი თავისუფლება იმსახურებს ჭეშმარიტი თავისუფლების სახელს, როცა ჩვენ ისე ვეძიებთ საკუთარ კეთილდღეობას, რომ ამით სხვებს არ ვართმევთ იმის შესაძლებლობას, რათა მათაც ეძიონ თავიანთი კეთილდღეობა". ინდივიდუალურ თავისუფლებასთან დაკავშირებით აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს, რომ მათი ინტერესების განხორციელება ყოველთვის იწვევს სხვა ინდივიდების ინტერესთა შეზღუდვას. ეს მოთხოვნა უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს და მისი მართვის, ან დაძლევის პრობლემას. კონფლიქტები მაშინ წარმოიშობა, როდესაც ერთმანეთს კვეთენ თავისუფლად მოქმედ ინდივიდთა ინტერესების სფეროები. შეიძლება გამოვყოთ კონფლიქტის მართვის ორი ზოგადი შესაძლებლობა (Boulding, 1958/64, 117):
როგორც უკვე ითქვა, საზოგადოებრივი ურთიერთობა უნდა გავიგოთ, როგორც თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა. მაგრამ მეორე მხრივ, ბუნდოვანია ის, თუ რა ზომითაა შესაძლებელი საკუთარი ნების განხორციელება; ამის გასარკვევად საჭიროა ძალაუფლების მაქს ვებერისეულ განსაზღვრებაში (Weber, 1921/2002. 28) ჩაწვდომა: „ძალაუფლება სხვა არაფერია, თუ არა ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად განახორციელო საკუთარი ნება და მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რას ეფუძნება ასეთი შესაძლებლობა“ . ამ ასპექტით ძალაუფლება უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კონტინუუმი, ანუ მთლიანობა (მაგ. Dahl, 1963, 62), რომლის ერთ მხარეს უნდა მოვიაზროთ ავტონომიური ინდივიდი მოქმედების მთელი თავისი შეუზღუდავი თავისუფლებით, მეორე მხარეს კი - სრული ჰეტერონომია, ანდა ბატონობა, რომელსაც სხვები ახორციელებენ. საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩართული ინდივიდი შეიძლება სხვისი ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს; სწორედ ამგვარი შესაძლებლობა რეალიზდება ძალადობად, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების უკიდურესი ფორმა. ძალადობა წარმოიშობა მაშინ, როცა ინდივიდი ცდილობს თავისი შესაძლებლობა იმისათვის გამოიყენოს, რომ სხვა ინდივიდს განსაზღვრული ქმედება ჩაადენინოს; თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას მოძალადე აღწევს იმით, რომ ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს არწმუნებს, თითქოს ამით თავს დააღწევს სხვა სახიფათო და საზიანო მოქმედების შესაძლებლობებს (Hayek, 1960, 134). ჯონ სტიუარტ მილის განსაზღვრებიდან ცხადია, რომ საზოგადოებრივ ურთიერთობებში ერთმანეთთან შეუთავსებელია კერძო ძალადობის აქტები და მოქმედების თავისუფლება. სამართლის ფუნქცია მოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო. კანტის სიტყვებით (Kant, 1790/1993, 390), ,,სამართალი არის იმ პირობების ერთიანობა, რაც შესაძლებელს ხდის იმას, რომ ერთი ინდივიდის თვითნებობა თავისუფლების საყოველთაო კანონის თანახმად, თავსებადი იყოს სხვა ინდივიდების თვითნებობასთან." ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, რა თვისებები უნდა ჰქონდეს სამართალს, რომ ის თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტად (წესად) გამოდგეს? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ თითოეული ინდივიდის თვითნებობა (ნების თავისუფლების განხორციელება იმის გათვალისწინების გარეშე, ვის მიმართაც ის ხორციელდება) საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში თანაბარმნიშვნელოვნად იყოს მიჩნეული. საზოგადოებრივი ასპექტით ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეიქმნას ასეთი, პიროვნული გარემოებებისა და სპეციფიკური სიტუაციებისაგან დამოუკიდებელი, ანუ ფორმალური სამართალი, როგორც კოლექტიური სიმდიდრე. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მის პოლიტიკურ სისტემაზე. სახელმწიფო აყალიბებს, აღიარებს და ახორციელებს იმ წესებს, თანაბრად რომ უზრუნველყოფენ ყველა ინდივიდის მოქმედების თავისუფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, ციცერონის სიტყვებით რომ ვთქვათ - კანონებს უნდა ემსახურებოდნენ, თუკი მათ თავისუფალ არსებებად ყოფნა სურთ. თანაბარი პირობების შექმნა სოციალური სახელმწიფოებრიობის პრინციპი და ის მექანიზმია, რითაც სახელმწიფო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ წესრიგს აკონტროლებს. სამართლიანობა. „სამართლიანობა იდეალის პროტესტია (Sartori, 1987/97, 337). იდეალის წვდომა ადვილია, რადგან იგი რეალობისგან აშკარად განსხვავდება, მაგრამ ის „ხელიდან გვისხლტება“ როგორც კი შევეცდებით პროტესტი კონსტრუქტივულ (ოპერაციონალურ) ძირითად ფასეულობებთან თავსებად და რეალიზებად მოვლენად ვაქციოთ, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ფორმირებისათვის“. სამართლიანობის შესახებ შეხედულებები შეიძლება სხვადასხვა მიმართულებად დაიყოს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი ორიენტაცია, კერძოდ:
საზოგადოების რეგულირების პრობლემა ერთი ინსტრუმენტის –სამართლის/კანონის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამ შემთხვევაში სამართლიანობის მიზანი ორ განზომილებაში (მახასიათებლით) - ქცევისა და განაწილების სამართლიანობის სახით - წარმოგვიდგება. ეს საკითხი ადვილად მოგვარდებოდა, თუ ამოსავალ პუნქტად მიზანდამოკიდებულებათა ემპირიულ ანალიზს მივიჩნევდით. ამ შემთხვევაში ეს განზომილებები ერთმანეთს შეავსებდნენ (ჰარმონია); თუ ინსტრუმენტს (კანონს) ერთ მახასიათებელს (მაგ., ინდივიდებისადმი მოპყრობას) მივუყენებდით, ის - სამართლიანობის კრიტერიუმის თანახმად - მეორე მახასიათებელსაც წაადგებოდა. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ერთ მახასიათებელზე ორიენტირება მეორეს დაგვათმობინებს და აუცილებელი გახდება კომპრომისის დაშვება. საქმეს გააადვილებდა ემპირიული ანალიზის შედეგების გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს, რომ კომპრომისი ვერ იქნება გრძელვადიანი და ამიტომაც საბოლოოდ მოგვიწევს სამართლიანობის ერთი მახასიათებლის დათმობა. ამ შემთხვევაში დილემად გვექცეოდა კომპრომისის გზით მოსაგვარებელი კონფლიქტი. სამივე შესაძლებლობა – ჰარმონია, კომპრომისის გზით მოსაგვარებელი კონფლიქტი და დილემა – ყოველთვის წარმოადგენს ხოლმე საზოგადოებრივი დისკუსიების საგანს, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, თავისუფლებისა და სამართლიანობის ურთიერთმდამოკიდებულებაზე დაიყვანება. სოციალურ სამართლიანობას განსაზღვრული შინაარსი გააჩნია, იდეალს გამოხატავს და თანამედროვე საზოგადოებრივი წესრიგის იმ ნაკლზე მიუთითებს, გადაუდებელ გამოსწორებას რომ საჭიროებს (Hayek, 2003, 217). აქედან გამომდინარე, სასურველია იმ ჯგუფური პრივილეგიების ძიება სახელმწიფოს მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვებს რომ ემყარება. სწორედ ამის გამოა, რომ ასეთმა მოთხოვნამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ინტერესთა ჯგუფების ფუნქციონირებაში და რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს. აშკარაა, რომ როცა საქმე ეხება თავისუფლებისა და სამართლიანობის, როგორც საზოგადოების ძირითადი ფასეულობების სოციალური სამართლიანობის კრიტერიუმად გამოყენებას, კანონი არ არის საკმარისი ინსტრუმენტი მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად (გველესიანი რ. 2017, 15). სახელმწიფო ძალაუფლების სახით კონცენტრირებული ძალადობა არსობრივ საფრთხეს უქმნის თავისუფლებას. ა. ჰამილტონმა ყოველივე ეს მოკლედ ასე გამოხატა: „ვის ხელშიც არის ცხოვრებისათვის აუცილებელი საშუალებები, ადამიანის ნებაზეც იგი ბატონობს“ (Hamilton, 1961, 472). დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფო მიზნად ისახავს თავისუფლებასა და სამართლიანობას შორის კომპრომისს, მაგრამ, ერთი მხრივ, პოლიტიკური ნების ქმნადობის დემოკრატიული მეთოდები არ იძლევა ამგვარი კომპრომისის მყარი ვარაუდის შესაძლებლობას. პირიქით, პოლიტიკურ კონკურენციაში სოციალურად დაფუძნებული პრივილეგიების ინსტრუმენტად გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც მატერიალურ, ისე ფორმალურ სამართალს (გველესიანი რ. 2017, 17). როგორც ჩანს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის კომპრომისი მყიფეა. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ საქმე დილემასთან გვქონდეს. მეორე მხრივ, უნდა შემოწმდეს - შეიძლება თუ არა ისე შეიცვალოს ინსტიტუციური პირობები, რომლებშიც პოლიტიკური ნების ქმნადობის პროცესი მიმდინარეობს, რომ შესაძლებელი გახდეს გრძელვადიანი კომპრომისი. ამგვარი შემოწმების საგანი კი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სისტემა. მთავარი ვარაუდი ის იქნებოდა, რომ შეუზღუდავი დემოკრატიის პირობებში შეუძლებელია თავისუფლების დამაკმაყოფილებლად უზრუნველყოფა (Hayek, 1979, 128). სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზაციის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ვარაუდი თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის კომპრომისზეც ვრცელდება. უსაფრთხოება. უსაფრთხოება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ,,თავისუფლების გამო შიშის არქონა“ (Giersch, 1961/90, 83). უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საშიშროებას უქმნის როგორც ეკონომიკურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებული, ასევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე კონფლიქტები. მათი მიზეზი ისაა, რომ
კონფლიქტის იძულებითი მოგვარების პროცედურა არაკონსტიტუციური ქმედებაა. კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: მშვიდობიანი დარწმუნება, რაც გულისხმობს ინტერესთა კოლიზიაში ერთი ან მეორე პოზიციისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას; კომპრომისი იმ შემთხვევაში, როცა ურთიერთდაპირისპირებული მიზნები ადვილად მისაღწევ და ძნელად მისაღწევ მიზნებად იყოფა და კომპენსაციები იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს განუყოფელ მიზნებთან, რასაც შედეგად მოჰყვება განსხვავებული მიზნების სწრაფი, ან თანდათანობითი განხორციელება (Tuchtfeldt, 1971a, 32). ზოგჯერ საკმარისია კონფლიქტების დეპერსონალიზება, რომ მათ სიმწვავე დაკარგონ და უსაფრთხოებას საშიშროება აღარ შეუქმნან. ეკონომიკურ სფეროში ასეთი დეპერსონალიზება ხორციელდება სოციალური ტექნიკის ან/და კონკურენციის მეშვეობით. ამით ვლინდება მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფუნქცია. კონფლიქტების დეპერსონალიზება იმ შემთხვევაში ფუნქციონირებს, თუ კონკურენცია, როგორც წესრიგის პრინციპი, მისი შედეგებით საზოგადოდ მისაღებია ცალკეული ინდივიდისათვის და როგორც კონკურენტები (კარტელისაკენ სწრაფვა), ასევე სახელმწიფო (მოქმედების შეზღუდვა) ცდილობენ გამოკვეთონ თავიანთი საზოგადოებრივი ფუნქციები (Streit, 2005, 257). კონფლიქტებისადმი ასეთმა მიდგომამ ასახვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობებში. პროგრესი. რამდენად შესაძლებელია ეკონომიკურ თავისუფლებას, სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას შორის არსებული კონფლიქტების აღმოფხვრა, ან თუნდაც მინიმუმამდე დაყვანა ეკონომიკური პროგრესის მეშვეობით? პროგრესი ორი თვალსაზრისით არის ყველასთვის მნიშვნელოვანი, ის წარმოადგენს შემეცნებითი მიღწევებისა და სიახლეების შეფასებას და ამავე დროს გვიჩვენებს დროის მსვლელობაში რამდენად ახლოს ვიმყოფებით წინასწარ დასახულ მიზანთან. მაინც რა დამოკიდებულება არსებობს პროგრესსა და მოქმედების თავისუფლებას შორის? შეუძლებელია ბუნების კანონების დარღვევა, რაც შესაძლებელი მოვლენის ობიექტურ საზღვრებს წარმოადგენს, მაგრამ მათი მეცნიერული ძიება აფართოებს ადამიანის მოქმედების თავისუფლების მანამდე არსებულ შესაძლებლობებს. ეკონომიკური თვალსაზრისით პროგრესი დაკავშირებულია ინოვაციის ფენომენთან. ბაზარი ღიაა ინოვაციისათვის (სამეწარმეო ინოვაციები), რადგან მათი მეშვეობით ბაზრის მდგომარეობა უმჯობესდება (ინოვაციური პროცესები). მოთხოვნის კუთხით როგორც ერთი, ისე მეორე უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას ნიშნავს (გველესიანი რ. 2017, 20). ეკონომიკურ პროგრესსა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებული კონფლიქტების წარმოშობის სათავე შესაძლებელია იყოს კონკურენციის არასწორი გაგება. სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, მეცნიერული პროგრესის მიღწევების საფუძველზე მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული პოზიციები კორექტივებს საჭიროებს. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი კორექტივი შეასუსტებდა, ან გააუქმებდა ყოველგვარი ინოვაციის სტიმულს. ამ შემთხვევაში საზოგადოება იმაზე ღარიბი იქნებოდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. მეცნიერული პროგრესის შედეგების ამგვარ „სოციალიზებას” მხედველობიდან რჩება ის, რომ მათი მიღწევის პროცესს სწორედ კონკურენცია აღძრავს და აძლიერებს (გველესიანი რ. 2017, 20). პროგრესის შედეგად გამოწვეული ცვლილებები რეორიენტაციისა და ახალ სიტუაციებთან შესაბამისობის მოთხოვნაა. ამგვარი შესაბამისობის დაყოვნება კი კონფლიქტებს წარმოშობს. ეკონომიკაში არსებობს კოლიზიის შესაძლებლობა: უსაფრთხოების მიზანთან მიმართებით და სოციალური სამართლიანობის მიზანთან დამოკიდებულებით, რადგან შესაბამისობის ტვირთი არათანაბრადაა გადანაწილებული და სრულიად არ არის გათვალისწინებული მეცნიერული პროგრესის სასარგებლო შედეგების განაწილება (Streit, 2005, 262). ყოველივე ეს კი მხოლოდ აფერხებს ეკონომიკური წესრიგის მრავალმხრივი და სრულყოფილი ჩარჩო-პირობების ფორმირებას გრძელვადიანი პერიოდისათვის. ამიტომ, საჭიროა მისი გათვალისწინება ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს. დასკვნა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდა განვითარებად ქვეყნებში ძალიან ძნელია ეფექტიანი წესრიგის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ეს განპირობებულია სწორედ სახელმწიფოებრიობის არსებობასთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილებისა და მართვის მეთოდების დეფიციტით. წესრიგის პოლიტიკაში განსაკუთრებული პრობლემები იქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მიზანთა დაქსაქსულობას. საბაზრო ეკონომიკური წესრიგის ფარგლებში წინა საფეხურზე ყოველთვის რესურსების ოპტიმალური ალოკაცია დგას,მაგრამ მხოლოდ მასზე დაყრდნობით საზოგადოებრივ განვითარებას ვერ უზრუნველვყოფთ. თუკი საბაზრო ეკონომიკური წესრიგი ნამდვილად შეესაბამება თავისუფლების, სამართლიანობისა და უსაფრთხოების მიზნებს, მაშინ სახელმწიფომ განაწილებისა და გადანაწილების პოლიტიკა ცალკე არ უნდა გამოყოს. და თუ ეს მაინც ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანთა კონფლიქტების გადაჭრა ორიენტირებული იქნება არამხოლოდ წესრიგის პოლიტიკის კონცეფციაზე, არამედ კვლავინდებურად ინტერესთა პოლიტიკური გავლენითა და ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკით მოხდება. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი კონკურენციულ წესრიგს უკავია. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მზარდი გლობალიზაციით კონკურენციის ეროვნულ პოლიტიკას ართულებს. ლიბერალიზაციით საერთაშორისო აღიარების მქონე საწარმოებს გაუადვილდათ ეროვნული ზედამხედველობის ორგანოების ჩარევისაგან თავის დაღწევა. თუმცა საწარმოთა სულ უფრო მზარდ გლობალურ აქტივობას დღემდე აკლია წესრიგის მრავალმხრივი ჩარჩო-პირობები, რადგან ბაზარზე შეღწევა კონკურენციის შემზღუდავი მოქმედებით ისევე შეიძლება გაძნელდეს, როგორც პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკით, ან კარტელთა ორგანოების გაძლიერებული საერთაშორისო თანამშრომლობით. ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი პერიოდისათვის ეკონომიკური და, მაშასადამე, კონკურენციული წესრიგის მრავალმხრივი და სრულყოფილი ჩარჩო-პირობების შემუშავება. ლიტერატურა:
References:
|