Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Mikheil Chikviladze ∘ Impact of the Introduction of the Common Treasury Code into Accounting of Tax Revenues The more difficult tax compliance is, the greater the risk of tax avoidance and vice versa. One of the key components to improve tax compliance is a simple tax payment system. Simplicity of payment is a part of the “doing business” ratings criteria. From January 2016 Georgia introduced the single treasury code. 101001000 is now the only thing taxpayers need to know to pay their taxes. This new approach has improved the previous system of tax revenue accounting and has subsequently influenced many aspects related to taxes, tax administration and revenue analysis. Before introducing single treasure code, treasury accounts for paying taxes in Georgia were detailed and had a breakdown consisting of regions, tax authorities and tax types (including sub types for each tax, differentiating many types of products and services, sanctions etc.), creating thousands of possible combinations for generating necessary code. On the one hand detailed information may seem convenient and useful for tax revenue analysis purposes, but in fact, without sufficient responsibility and controlling mechanisms at hand, the data may become unreliable. From 2016 taxpayers do not spend their valuable time for selecting necessary treasury code for making tax payments. All responsibility for proper tax revenue distribution comes on Revenue Service of Georgia. Distribution is done on daily basis and is based on taxpayer related data, including tax declarations, personal accounting cards for transactions, registration data etc. Payment of each taxpayer is distributed considering dates of emergence of all recognized tax liabilities (old liabilities are first covered). Results of submitted declarations are also enough grounds for automatic offsets among tax types. These new approach increased possibilities for proper tax revenue allocation not only among tax types, but also among budgets as well. Introduction of single treasury code should not be perceived as a simple treasury code unification process, but as an important step forward and reform, that made tax compliance simpler, and created sufficient grounds for improving tax revenue analysis, tax administration and tax revenue distribution. Keywords: Single treasury code,treasury code,tax payment, tax revenues, payment order. JEL Codes: H20, H21, H25, H71 References:
ერთიანი სახაზინო კოდის დანერგვის ზეგავლენა საგადასახადო შემოსულობების აღრიცხვაზე 2016 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. „ერთიანი სახაზინო კოდის“ სისტემა, რის შედეგადაც გადასახადების გადახდისათვის მანამდე არსებული 125 სახაზინო კოდი გაერთიანდა ერთ სახაზინო კოდად - 10 100 1000. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს აღქმული კოდების გაერთიანების მარტივ მანიპულაციად. მოცემული ღონისძიების ფარგლებში გატარებულმა ცვლილებებმა არსებითად შეცვლა საბიუჯეტო შემოსულობების აღრიცხვისა და გადანაწილების მანამდე არსებული სისტემა და ზეგავლენა მოახდინა გადასახადებთან, მის ადმინისტრირებასა და ანალიზთან დაკავშირებულ ასპექტებზე. ყველასათვის ნათელია, რომ რაც უფრო რთულია საგადასახადო კანონმორჩილება, მით უფრო იზრდება გადასახადების არგადახდის რისკი და პირიქით. კანონმორჩილების სიმარტივის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა კი არის გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის სიმარტივე. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სიმარტივე გამოიყენება ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად (ე.წ. „Doing Business”-ის რეიტინგი). რაც უფრო მეტი ტრანზაქციის განხორციელება უწევს ბიზნესს და რაც უფრო მეტ დროს ანდომებს გადამხდელი გადასახადების გადახდის ოპერაციებს, მით უფრო კლებულობს ქვეყნის რეიტინგი მოცემული კრიტერიუმით. საქართველოში გადასახადებთან დაკავშირებული გადახდების 100% ხორციელდება ელექტრონულად და საბანკო სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ საგადასახადო ან/და სახაზინო სამსახურში ნაღდი ფული არ მოძრაობს. აღნიშნული საგადასახადო სისტემის შეფასების დადებითი მახასიათებელია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნისათვის. საკვანძო სიტყვები: ერთიანი სახაზინო კოდი, სახაზინო კოდი, გადასახადის გადახდა, საგადასახადო შემოსულობა, საგადახდო დავალება. 2016 წლამდე არსებული გადახდის სისტემა საქართველოში 2016 წლამდე არსებული მდგომარეობით გადასახადების სახეების იდენტიფიცირებისათვის საჭირო იყო 125 ოთხნიშნა კოდი, რაც ჩაშლილი იყო გადასახადის არამარტო სახეების, არამედ ქვესახეების მიხედვითაც. გარდა გადასახადის სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდებისა, ასევე არსებობდა თვითმმართველი ერთეულის მაიდენტიფიცირებელი ოთხნიშნა კოდი (71 ერთეული) და საგადასახადო ორგანოს („გადასახადის ამკრეფის“) მაიდენტიფიცირებელი ერთნიშნა კოდი (4 ერთეული). შესაბამისად გადასახადის გადახდის მიზნებისათვის დგებოდა ცხრანიშნა (1+4+4) სახაზინო კოდი, რომლის ფორმირებისათვისაც თეორიულად არსებობდა ათიათასობით შესაძლო კომბინაცია. სწორი სახაზინო კოდის შესარჩევად აუცილებელი იყო გარკვეული ინფორმაციის ფლობა, რაც ინდივიდუალური იყო თითოეული გადამხდელისა და გადახდისათვის. კოდი განსხვავებული იყო შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: იფარებოდა საბაჟო თუ საგადასახადო ვალდებულება; მსხვილი გადამხდელი იხდიდა გადასახადს თუ არა; რა გადასახადი იფარებოდა; ადგილობრივი ბიუჯეტის ვალდებულება უნდა დაფარულიყო თუ ცენტრალურის; კონკრეტულად რომელი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში უნდა განხორციელებულიყო გადახდა; გადახდის ვალდებულება პროდუქციის რეალიზაციიდან გამომდინარე წარმოიშვა, თუ მომსახურების გაწევის შედეგად; ჯარიმა გადასახადის სახით იყო დარიცხული თუ სანქციის ნაწილში და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში არასწორად იყო მითითებული ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი, მნიშვნელოვანი ხდებოდა კონკრეტულად რა სახის „შეცდომა“ დაუშვა გადამხდელმა. მაგალითად, თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივ თვითმმართველობას დაეკარგა შემოსავალი. თუ გადამხდელი ერთნიშნა კოდად აირჩევდა სამიანს ნაცვლად ერთიანისა (ცხრანიშნა სახაზინო კოდის პირველი ციფრი), გადახდა მოხვდებოდა არასაგადასახადო შემოსულობების ანგარიშზე და თანხა პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აისახებოდა, ანუ არ ჩაითვლებოდა საგადასახადო ვალდებულების გადახდად. ეს არის ის ერთადერთი შეცდომა, რომლის გამოც გადამხდელი „დაზარალდებოდა“. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, როდესაც გადახდა პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ისახებოდა, ნებისმიერი სხვა სახის შეცდომის დაშვებისას გადამხდელს არავითარი„ინტერესი“ არ გააჩნდა ეზრუნა სახაზინო კოდის სწორად შერჩევაზე, ვინაიდან დავალიანების გასალდოების მექანიზმის არსებობის პირობებში, შესაბამისი ავტომატური პასუხისმგებლობა დაშვებული უზუსტობისთვის არ ეკისრებოდა. სახაზინო კოდის არასწორად შევსებასთან დაკავშირებით, შესაბამისი პასუხისმგებლობის ქმედითი მექანიზმის შემუშავებას შეუძლებელს ხდიდა შემდეგი ძირითადი გარემოებები:
ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედებამდე არსებული გადახდის მექანიზმის ძირითადი ნაკლოვანებები შემდეგი სახით შეგვიძლია შევაჯამოთ: - საგადახდო კოდის გენერირების და შერჩევის გართულებული პროცესი; - შესაბამისი პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში გადასახადების გადანაწილების სირთულეები, როგორც გადასახადის სახეების ჭრილით ასევე ბიუჯეტებს შორის; - გადასახადის ერთი სახიდან სხვა სახეში გადატანასთან დაკავშირებული ფასიანი მომსახურება (მთავრობის დადგენილება N96. 2010), რაც განსაკუთრებით უსამართლო იყო უკუდაბეგვრის დამატებული ღირებულების გადასახადში, თანხის რომელიმე სხვა გადასახადის სახიდან გადატანის შემთხვევებში; - საგადასახადო დავალიანების გასტუმრებისათვის საჭირო ტრანზაქციების დიდი ოდენობა: უფრო მეტი ტრანზაქცია - ბანკის უფრო მეტი საკომისიო და მომსახურების დრო; ანალოგიური სიტუაცია იყო საინკასო დავალებების მომსახურების და გადასახადის ერთი სახიდან სხვაში თანხების გადატანის თვალსაზრისითაც ; - ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ჯამური მდგომარეობის დათვლის/დადგენის რთული პროცედურა, რაც სულ უფრო და უფრო მეტ დროსა და სერვერულ რესურსს მოითხოვდა; - საშემოსავლო გადასახადში წინსწრებით ზედმეტად გადახდილ თანხებზე სავარაუდო დარიცხვის მექანიზმის არსებობა; - მიუხედავად იმ იდეისა, რომ გადახდის იმ დროისთვის არსებულ სისტემას უნდა უზრუნველეყო დეტალური სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა, ის რეალურად არ მუშაობდა მოცემული მიმართულებით, და პირიქით, მთელ რიგ შემთხვევაში ართულებდა და ამა თუ იმ დაშვების გაკეთების აუცილებლობას იწვევდა ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დროს; რაც შეეხება აღრიცხვიანობის დადებით ასპექტებს, აღნიშნულში მოიაზრება შემდეგი: - სრული სიზუსტის კანონმორჩილების პირობებში საგადასახადო შემოსულობების დეტალური ანალიზისა და აღრიცხვიანობის შესაძლებლობა; - თანხა გადახდილად ითვლებოდა იმ გადასახადის დასაფარავად, რომლის შესაბამისი კოდიც იყო მითითებული საგადახდო დავალებაში და არავინ არ „ცდებოდა“ მისი დამატებითი გადანაწილებით, გარდა კონკრეტული მიმართვის შემთხვევებისა. ერთიანი სახაზინო კოდი 2016 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო შემოსულობების ყველა კოდი გადასახადის ამკრეფის, ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადის ქვესახეების ჩათვლით, გაერთიანდა ერთ სახაზინო კოდად 10 100 1000. ეს ის ერთადერთია, რისი ცოდნაც სჭირდება გადამხდელს, რომელიც ისტუმრებს საგადასახადო ვალდებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, საგადასახადო დავალებაში აღარ მიეთითება გადასახადის განმსაზღვრელი კოდი. აღნიშნული პროექტი არ წარმოადგენს მხოლოდ გადასახადის კოდების გაერთიანების მარტივ მანიპულაციას. რეფორმის ფარგლებში საფუძვლიანად შეიცვალა გადასახადების აღრიცხვის და გადანაწილების პრინციპები. მაგალითად, გარდა სახაზინო კოდების უბრალო გაერთიანებისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაჩნდა შესაძლებლობა გაერთიანებულიყო ცალ-ცალკე წარმოებული ყველა გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათი ერთ ბარათად და ამავდროულად გადახდილი გადასახადი ავტომატურირეჟიმით გადანაწილებულიყო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის პერიოდების შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხების გადასახადის სახეებს შორის გადატანის ოპერაციების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა აღიარებული და არაღიარებული თანხების განცალკევება და დამოუკიდებლად აღრიცხვა, რაც გამორიცხავს არაღიარებული დარიცხვის, გადახდილი თანხით ან ზედმეტობით დაფარვის და ასევე მსგავს თანხაზე იძულებითი გადახდევინების ღონისძიებების გავრცელების შესაძლებლობას. დადგენილ ვადაში მოთხოვნის არ გასაჩივრების შემთხვევაში, არაღიარებული თანხების დარიცხვა ავტომატური რეჟიმით გადაიტანება ძირითად ბარათზე, რის შემდეგაც ადმინისტრირება ხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ადმინისტრირებისათვის შემუშავებული საერთო მიდგომით. განსხვავებით ძველი მიდგომისაგან, გადასახადის სახეებისაგან დამოუკიდებლად ხორციელდება საურავის აღრიცხვა, რაც შესაბამისობაშია როგორც კანონმდებლობასთან, რომლის მიხედვითაც საურავი ერიცხება სალდირებული დავალიანების თანხას, ასევე ლოგიკასთან - საურავი არ არის არცერთი გადასახადის სახე. დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხა ამავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. განსხვავებით ძველი სისტემისაგან, სახაზინო სამსახური დამოუკიდებლად არ გადაანაწილებს საგადასახადო შემოსულობებს. აღნიშნული ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელთა ბარათებზე დარიცხული თანხების გათვალისწინებით (იხ. სქემა 1). საგადასახადო შემოსულობების გადანაწილების ეტაპები და რიგითობა სქემა 1
(შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტორისეული ინტერპრეტაცია) შემოსავლების სამსახური ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ თანხას ანაწილებს ამ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული აღიარებული ვალდებულებების მიხედვით, რის გამოც მიმდინარე პერიოდში საგადასახადო შემოსულობები გადასახადის სახეების მიხედვით აღირიცხება გაცილებით მაღალი სიზუსტით. გადახდა, რომელსაც გადახდის მომენტისათვის არ მოეძებნება შესაბამისი „აღიარებული დარიცხვა“, არ ითვლება არცერთი გადასახადის სახის გადახდად და აღირიცხება, როგორც „სხვა გაუნაწილებელი“ შემოსულობა. აღნიშნული გადარიცხვა კონკრეტულ გადასახადში აღირიცხება მხოლოდ შესაბამისი „აღიარებული“ დარიცხვის ოპერაციის გატარების შემდეგ. შესაბამისად, მაქსიმალურად დროულად და რეალურად, ავტომატური რეჟიმით ხორციელდება სახსრების გადანაწილება საერთო სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ ბიუჯეტებში. აღნიშნულისათვის აღარ არის საჭირო გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნა და „კეთილი ნება“. გადახდების დამუშავებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება ხდება მთლიანად შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული იძლევა საშუალებას ასეთივე სიზუსტით გაანგარიშდეს საპროგნოზო შემოსულობების მაჩვენებლები გადასახადის სახეების ჭრილით, თუმცა, სიზუსტეზე თავდაპირველ ეტაპზე გარკვეულ უარყოფით გავლენას მოახდენს ანალოგიური მიდგომით აღრიცხული ისტორიული მონაცემების არქონა. აღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში შემოსულობა გადასახადის სახეების მიხედვით ნაწილდება, მისი წარმოშობის თარიღის შესაბამისად - გადახდილი თანხა პირველ რიგში მიემართება გადასახადის იმ სახეში, რომელშიც დავალიანება პირველ რიგში წარმოიქმნა და შემდგომ გრძელდება შესაბამისი რიგითობით, ამასთან დაცულია დავალიანების დაფარვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პრინციპი: გადასახადის ძირითადი თანხა, სანქცია და საურავი (ბრძანება N1205. 2011; ბრძანება N13446. 2016). ძირითადი გადასახადების მიხედვით აღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, რაც წარმოიშვა ერთი და იმავე კალენდარულ დღეს, გადახდილი თანხის მიკუთვნება ხორციელდება იმ გადასახადის სახეზე, რომელიც დროში უფრო ადრე მოხვდა პირადი აღრიცხვის ბარათზე. თუ გადახდილი თანხა განაწილდა ქონების (გარდა უძრავი ქონებისა, იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო და არა - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები), ან საშემოსავლო გადასახადში, ხორციელდება დამატებითი კალკულაცია თანხის ადგილობრივ ბიუჯეტებსა და ავტონომიურ რესპუბლიკაში გადანაწილების მიზნით, რის შესახებაც შესაბამისი რეპორტი ეგზავნება სახაზინო სამსახურს დღის ჯამური შედეგების ასახვით. ქონების გადასახადის განაწილების საფუძველია ამავე გადასახადის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები ქონების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო არასაკმარისი თანხის გადახდის შემთხვევაში გადასახადი რამდენიმე თვითმმართველობაში ნაწილდება დავალიანების თანხაში მათი კუთვნილი წილის პროპორციულად. გაანგარიშებები წარმოებს პროგრამულად და ავტომატური რეჟიმით ყოველი დღის დასრულების შემდეგ. საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროგრამული ლოგიკა, გარდა დეკლარირებული მონაცემებისა, ასევე ეყრდნობა გადამხდელთა რეგისტრაციის მონაცემებს, რათა დამატებით გამოირიცხოს დეკლარაციის არასრულად შევსების შემთხვევაში თანხების ბიუჯეტებს შორის შესაძლო არასწორი გადანაწილება. თუ გადახდილი თანხის ნაწილი კვლავ დარჩა ზედმეტად გადახდილად, ანუ გადახდილი თანხის ნაწილი წინსწრებით ან ზედმეტად არის გადახდილი, მოცემული თანხა არ აისახება არცერთი გადასახადის სახეში და შესაბამისი დარიცხვის წარმოქმნამდე დაფიქსირდება „სხვა გაუნაწილებელი გადასახადების“ ანგარიშში. პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანებამ, თავის მხრივ, დადებითი გავლენა იქონია ასევე ბიუჯეტის მიმართ დავალიანების სალდირებული მდგომარეობის გამოთვლისათვის საჭირო რესურსებზე (რა თქმა უნდა, შემცირების მიმართულებით) და ზოგადად დააჩქარა პირადი აღრიცხვის ბარათების ანალიზის შესაძლებლობები, როგორც გადამხდელისათვის, ასევე საგადასახდო ორგანოსათვის. დამატებითი რთული გამოთვლები არ არის ჩასატარებელი არაღიარებული დავალიანების შედეგობრივი გავლენის გამოსათვლელად, ვინაიდან მსგავსი თანხები განცალკევებულად აღირიცხება. ერთი გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელიც ერთიანი სახაზინო კოდის პროექტის ამოქმედებას არ მოჰყვა, მდგომარეობს დაქირავებულისათვის გადახდის წყაროსთან დასაკავებელი თანხის გადახდის თარიღად, დეკლარაციის წარდგენის თარიღის განსაზღვრაში (ნაცვლად ხელფასების გაცემის თარიღებისა), ისევე როგორც ეს დღგ-ს და აქციზის გადასახადის შემთხვევაში ხდება, რაც ტრანზაქციების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებდა და დაზოგავდა გადამხდელთა დროსა და ხარჯებს. რაც შეეხება 2016 წლიდან მოქმედი გადახდის სისტემის უარყოფით მხარეებს, შემდეგია: - დამატებითი ტექნიკური რესურსები და დრო, რომელიც საგადასახადო შემოსულობების ყოველდღიურ დამუშავებას სჭირდება; - გადასახადის გადანაწილების ახალი პრინციპი, თუმცა არაპირდაპირ, მაგრამ გარკვეულწილად რაღაც დოზით მაინც ეყრდნობა და დამოკიდებულია გადამხდელზე და მის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის გადანაწილების თვალსაზრისით; - მთელი რიგი გამოთვლა და რეპორტები (ისევე როგორც პრაქტიკული უნარ-ჩვევები) საჭიროებს მოდიფიცირებას და მისადაგებას ახალ მიდგომასთან; - ვინაიდან ნებისმიერი სახის ზედმეტობა აღირიცხება განცალკევებულად და არ მიეკუთვნება არცერთი გადასახადის სახეს, ზედმეტობის წარმომშობი გადასახადების სახეების დადგენა საჭიროებს პირადი აღრიცხვის ბარათის ინდივიდუალურ ანალიზს, რაც დამატებით დროს მოითხოვს. ძველი და ახალი მიდგომების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯამების შედეგად ვნახავთ იმ უარყოფით ასპექტებს, რომელიც არსებობდა 2016 წლამდე და რა შეესაბამება ძველ მიდგომას დღეის მდგომარეობით (იხ. სქემა 2): ძველი და ახალი მიდგომების შედარება სქემა 2
(ავტორისეული ინტერპრეტაცია) დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ერთიან სახაზინო კოდთან მიმართებით არსებული ნაკლოვანებების ნაწილი არ არის იმ მნიშვნელობისა და მასშტაბის მქონე, როგორც 2016 წლამდე იყო, ნაწილი კი ან გარდაუვალად მოგვარებადია დროის პერიოდის გასვლასთან ერთად, ან არა აქვს არსებითი შედეგობრივი გავლენა საერთო დადებითი ეფექტების გათვალისწინებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთიანი სახაზინო კოდის პროექტი არ უნდა მოიაზრებოდეს როგორც სახაზინო კოდების გაერთიანების მარტივი პროცედურა, არამედ როგორც ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და რეფორმა, რამაც გაამარტივა კანონმორჩილება და საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან ცვლილებებს გადასახადის გადახდის, გადანაწილების, ანალიზისა და ადმინისტრირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის. ლიტერატურა:
|