English / ქართული /








Journal number 2 ∘ Ia IashviliTatia Doghonadze
The Transdisciplinary Research for Sustainable Tourism Development (Case Study on Prometheus Carst Cave in Imereti Region)

Our project was aimed to research sustainable tourism development in Kumistavi, Tskaltubo municipality, the surrounded village of the Prometheus carst cave touristic destination. The main goal of the survey was to study the impact of tourism on local development from transdisciplinary approach, in particular in which extant does the recreational object contribute to the protection of the region’s natural environment and the preservation of the ecological balance, as well as to the development of the settlement’s infrastructure and labor occupation of locals, to the growth of households’ incomes, to the reduction of outmigration, assistance of return migration and to the creation of small-scale businesses. Our interest focused on studying the level of cooperation of public and nongovernment sectors with the community members and their engagement to assist locals in awareness raising on tourism’s benefits in order to stimulate small-scale businesses. The main task was to identify how the tourism provides conditions for sustainable development in the region --- on the one hand how it contributes to the increase of the villagers’ incomes and thus poverty reduction and on the other provides protection of the region’s ecosystem. We consider important to identify which families benefit more from the Prometheus cave tourist business poor or non-poor households as well as to research if the establishment of the tourism industry in the small places like Khumistavi, is aimed to support the local population or the government’s main goal is the development of the field itself.

Keywords: sustainable tourism development; transdisciplinarity; pro-poor tourism.

JEL Codes: L80, L83

ტრანსდისციპლინური კვლევა მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის (პრომეთეს მღვიმის მაგალითზე იმერეთში)

კვლევა განხორციელდა სოფელ ყუმისთავში პრომეთეს მღვიმის ტურისტულ კომპლექსში ტურიზმის მდგრადი განვითარების შესწავლის მიზნით. კვლევის მიზანი იყო ლოკალურ განვითარებაზე ტურიზმის გავლენის განსაზღვრა ტრანსდისციპლინური მიდგომით - თუ რამდენად უწყობს ხელს მღვიმის არსებობა და ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ოჯახების შემოსავლების ზრდას, სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონში გეოგრაფიული გარემოს დაცულობასა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას. ინტერესის სფეროს შეადგენდა სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობის კვლევა სოფლის თემის ტურისტულ საქმიანობაში. მნიშვნელოვანი იყო იმის დიფერენცირება, თუ რომელი ოჯახები იღებენ მეტ სარგებელს ტურისტული ობიექტის არსებობით - ღარიბები თუ ნაკლებად ღარიბები და რამდენად არის გამართლებული მსგავს სასოფლო დასახლებებში ტურიზმის ინდუსტრიის შექმნა.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება; ტრანსდისციპლინარიზმი; სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული ტურიზმი.

რეგიონის კვლევისადმი ტრანსდისციპლინარული მიდგომის საკითხები

სოფელ ყუმისთავით ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაინტერესდენ, სადაც კარსტული რელიეფისა და კონკრეტულად, მღვიმეების აღმოჩენა-შესწავლის მიზნით, მივლენილ იქნა მკვლევართა ჯგუფი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტიდან. სპელეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა 1984 წელს მღვიმის ახალი დარბაზები აღმოაჩინეს [6]. მალევე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.

მღვიმის ბუნების ძეგლად აღიარების შემდეგ, 2007 წლიდან, სახელმწიფოს ინიციატივითა და კერძო ინვესტორის მხარდაჭერით, დაიწყო დაცვითი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილის ტურისტულ ობიექტად (პრომეთეს მღვიმის სახელწოდებით) გადაქცევისა და რეგიონში ტურიზმის დარგის შექმნის მიზნით [5]. ამ პროცესს უნდა გამოეწვია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება და ხელი შეეწყო მათი დასაქმებისათვის. პროექტი წარმატებით განხორციელდა და 2011 წლიდან პირველი ვიზიტორებიც მიიღეს. ყუმისთავის მღვიმემ საინტერესო ტურისტული იმიჯი შეიძინა, რაზეც მნახველთა მზარდი სტატისტიკაც მიუთითებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს კარსტულმა ობიექტმა 91 711 ვიზიტორი, 2015 წელს - 106 959 დამთვალიერებელი, 2016 წელს - 138 227 ტურისტი მიიღო, 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი, 160 445 სტუმარს უმასპინძლა. აღნიშნული სტატისტიკით, ის ყველაზე მონახულებადი ტურისტული ობიექტია საქართველოში [2]. მღვიმეს ტურისტულ სეზონზე დღეში საშუალოდ, 1500-2000 ვიზიტორი სტუმრობს.

ადეკვატური სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როგორც ინფრსტრუქტურა, ასევე მაცხოვრებელთა ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა, გაიზარდა ბუნებრივი გარემოს დაცულობა, მკვეთრად შემცირდა ტყის გაჩეხვის შემთხვევები. ტურისტული ნაკადების მუდმივმა ზრდამ ხელი შეუწყო ადგილზე ნაწარმი პროდუქტის რეალიზაციას, სოფლის მოსახლეობის დასაქმებას სტაბილურად ანაზღაურებად სამუშაოზე და მოსახლეობის გადინების, გარკვეულწილად, შემცირებას.

სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოდან 12 კმ_ის დაშორებით, წყალტუბოს ტალღოვან ვაკეზე, მდინარე ყუმის (გუბისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს. თავად მღვიმის სიმაღლე ზ.დ. 100 მეტრს არ აღემატება. კარსტული ობიექტი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მისი მთავარი შესასვლელიდან 60 მ_ის სიღრმეზე, სიფონური ტბა მდებარეობს, საიდანაც გამოედინება მდინარე ყუმი [8; 9, გვ. 663]. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა, ჭერის სიმაღლე 20_25 მეტრი, ხოლო ტურისტული ბილიკის სიგრძე 1420 მ_ს შეადგენს. მღვიმე მოიცავს 17 სხვადასხვა ზომის დარბაზს და მდიდარია კალციტის ნაღვენთებით (სფეროსებური, დაკიდული ფარდისებრი, ტალღოვანი სტალაქტიდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები). გასასვლელი ბოლოვდება მდინარე ყუმით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი [4].

სოფელი არ გამოირჩევა ნაყოფიერი მიწებითა და საძოვრებით, დამუშავებისათვის ვარგისი ფართობები მცირეა, რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, თელა, რცხილა, ბზა, მუხა, ძელქვა, ცაცხვი [3].

მეურნეობის ძირითადი მიმართულება ტრადიციულად, მესიმინდეობა და მეფრინველეობაა. ზოგიერთ ოჯახს ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ან მისდევს მე­ფუტკრეობას, მაგრამ შემოსავლები მწირია. ადგილობრივი მოსახლეობის ტურიზმში ჩართვამ, ძირითადი შემოსავალი შექმნა უმეტესი შინამეურნეობისათვის. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანიც იმის კვლევაა რამდენად უწყობს ხელს ტურიზმი მოცემულ სასოფლო თემში სიღარიბის დაძლევას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.

საკითხი რეგიონის განვითარების შესახებ თავისი ხასიათითა და სტრუქტურით, კომპლექსურია, რაც პრობლემის გადაჭრისათვის სხვადასხვა მიმართულების დისციპლინებისა და რეგიონის აქტორების ჩართულობას მოითხოვს. მონაწილეთა შერჩევისა და ინტეგრაციის ეს პროცესი, ტრანსდისციპლინური მიდგომის პრინციპითაა ცნობილი [14]. რეგიონის კვლევისას, მონაწილე სტრუქტურების, ანუ სტეიკჰოლდერების შერჩევა, თავმოყრა და მათი გავლენის შესწავლა დარგის ეკონომიკურ განვითარებაზე, ადამიანურ რესურსებსა თუ გეოგრაფიულ გარემოზე გადამწყვეტია სწორი შედეგების მისაღებად. სტეიქჰოლდერები - სამთავრობო სტრუქტურები, ბიზნესთა ჯგუფები, ადგილობრივი მოსახლეობა და თავად ტურისტებია, რომელთაც მიუძღვით წილი მოცემულ რეგიონში ტურიზმის განვითარებაში [13, გვ. 687]. აქედან გამომდინარე, ამ სოციალური ქსელის ანალიზი, მნიშვნელოვანია ყველაზე რეალურ თანამონაწილეთა როლის გამოსავლენად რეგიონის განვითარებაში [16, გვ.297]. ტრანსდისციპლინური მიდგომის (კონცეფციის) მთავარი არსი ისაა, რომ ერთმანეთს დაუკავშიროს თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული საქმიანობა. მისი მიზანია წარმატებული შედეგის მისაღწევად აკადემიური ცოდნისა და ემპირიული გამოცდილების ერთიან სისტემაში თავმოყრა და ახალი ხედვის შემუშავება, რათა არ მოხდეს ამ ორი მიმართულების მხოლოდ პარალელური განვითარება [10, გვ.132-133].

მდგრადობა ფუნდამენტური კონცეფციაა ტურიზმის როლის შესაფასებლად საზოგადოებაში. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მიხედვით, მდგრადი ტურიზმი აკმაყოფილებს თანამედროვე ტურისტთა მოთხოვნებს, იმავდროულად, იცავს ტურისტული დანიშნულების რეგიონებს და ზრდის სამომავლო შესაძლებლობებს. ტურიზმი პასუხობს ეკონომიკურ, სოციალურ და ესთეტიურ მოთხოვნებს რესურსების მართვის იმგვარი გზით, რაც შესაძლებელს გახდის შენარჩუნებულ იქნეს კულტურული და ეკოლოგიური პროცესების ბიომრავალფეროვნებისა და სიცოცხლის უზრუნველმყოფი სისტემების მთლიანობა [16].

კვლევის მიზნისა და სამუშო ჰიპოთეზის შესახებ

ჩვენი კვლევის მიზანს შეადგენდა, დაგვედგინა თუ რამდენად უზრუნველყოფს ტურიზმი როგორც ეკონომიკის დარგი, რეგიონის მდგრად განვითარებას. ტურიზმის მდგრადი განვითარების მოდელი ეფუძნება ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი აქტივობების შეფასებას. ჩვენი სამუშაო ჰიპოთეზაა ის, რომ ტურიზმი მთავარი წყარო უნდა იყოს მდგრადი რეგიონული განვითარებისათვის - დადებითი ეფექტით დასაქმებაში, შემოსავლების ზრდაში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაში.

ქმნის თუ არა პრომეთეს მღვიმის რეკრეაციული სტრუქტურა ცხოვრების უკეთეს პირობებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ეხმარება თუ არა დაბალშემოსავლიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში? როგორია ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები სოფლის მკვიდრთა მხრიდან და როგორ აისახება მზარდი ტურისტული ნაკადების გავლენა ეკოსისტემის მდგრადობაზე? რამდენად წვდება ადგილობრივი თემის ყველა სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ სეგმენტს ტურისტული ობიექტის გავლენა? როგორია მოსახლეობის ჩართულობა და რამდენად მჭიდროა თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს, კერძო ბიზნესსა და ადგილობრივი თემის წევრებს შორის, ანუ რამდენად წარმატებით მუშაობს პრომეთეს მღვიმის ტურისტული კლასტერი. აი, საკითხები, რომლებზედაც ყურადღება გამახვილებულია სტატიაში.

ჩვენი კვლევა ეფუძნება შემთხვევების ანალიზის (Case Study method) მეთოდს. პროექტში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდი სიღრმისეული ინტერვიუს სახით ტურისტული ობიექტიდან 10 კმ-იან რადიუსში, რომელიც შეჯერებულია მეორად თეორიულ წყაროებთან; ერთ-ერთ მეთოდად ასევე ავირჩიეთ სტეიქჰოლდერების ანალიზის მეთოდი, რადგან მისი გამოყენება მდგრადი ტურისტული განვითარების ბევრად სრულყოფილ სურათს იძლევა. დასკვნებისა და რეკომენდაციების განსაზღვრისათვის ვისარგებლეთ საჭიროების ანალიზის (Need Analysis), იგივე დეფიციტის (ხარვეზის) ანალიზის (Gap Analysis) მეთოდით. ის გვიჩვენებს სხვაობას რეალურ მდგომარეობასა და სასურველს შორის. ეს მეთოდი უფრო მეტად ესადაგება არა იმის შეფასებას, რაც გაკეთდა ან რაც არის, არამედ იმას, რაც უნდა შესრულდეს. ამიტომ ამ მეთოდს, ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც «საჭიროების ანალიზს/შეფასებას» [15, გვ.1).

სულ გამოკითხულ იქნა 10 საოჯახო, და 12 არასაოჯახო სტრუქტურა და შედგა ერთი ფოკუსჯგუფი. კვლევა ჩატარდა 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში. პრომეთეს მღვიმის ტურისტული ობიექტის შესწავლის ჩვენეული სტრატეგია მიმართული იყო ტურიზმის სექტორში ჩართული სამთავრობო, კერძო ბიზნესის წარმომადგენელთა და რეგიონის მოსახლეობის როლისა და საქმიანობის კვლევისაკენ. სამთავრობო (სახელმწიფო) სტრუქტურები აქ წარმოდგენილია დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოსა (ადმინისტრაცია) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახით. ადმინისტრაცია, რომლის პასუხისმგებლობა ყველაზე დიდია მართვისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის, ქმნის საქმიანობის სტრატეგიას, ატარებს ტრენინგებს გამცილებლებისათვის მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს ვიზიტორთა ხარისხიან მომსახურებას რამდენიმე ენაზე, მონიტორინგს აწესებს და ზრუნავს ობიექტის ბუნებრივ და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე, აქვს კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობასთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის მიზნით, პასუხისმგებელია ტურისტთა და პერსონალის უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფს კერძო ბიზნესების (კვებისა და ღამისთევის ობიექტები, გარე მოვაჭრეები) საქმიანობას კანონმდებლობის ფარგლებში.

მუნიციპალიტეტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრომეთეს მღვიმის კეთილმოწყობის საწყის ეტაპზე, როცა დაიგო გზა და სოფელი რაიონის საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდა. ამასთან ერთად, აღდგა რეგულარული მუნიციპალური სატრანსპორტო მიმოსვლა რაიონულ ცენტრთან. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობას ფეხით უხდებოდა აღნიშნული მანძილის გავლა. დღეისათვის, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური უზრუნველყოფს ნაგვის გატანას ტურისტული ობიექტის ტერიტორიიდან. პრომეთეს მღვიმის ტურისტული კომპლექსის კვლევისას ცალკეულ კერძო ბიზნესების მფლობელთა მხრიდან, გამოჩნდა ინფორმაციის არქონა არსებული მარკეტინგული სიტუაციის, კერძოდ კი, ბაზარზე ტურისტული მოთხოვნების შესახებ. ბიზნესის მფლობელები და მენეჯერები უჩივიან ტურისტთა მცირე მიმართვიანობას კვების ობიექტებზე, მაშინ როცა ვიზიტორთა ნაკადები ყოველწლიურად მზარდია. რამდენიმე კაფე და რესტორანი, რაც უკეთ ფუნქციონირებს, მენეჯმენტში საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა, კარგად იცნობს სიტუაციას სოფლად და შედეგად, ბიზნესსაც ამ გამოცდილებითა და საკუთარი სოციალური რესურსებით უძღვება. ასეთი სიტუაცია კი სხვა ინვესტორებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ვფიქრობთ, სამთავრობო სტრუქტურების (მუნიციპალიტეტი, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანმიმართული კონსულტაციები, უთუოდ წაადგებოდა მცირე მეწარმეობის განვითარებას, ხელს შეუწყობდა მოსახლეობის სტიმულირებას ბიზნესსაქმიანობისათვის და შექმნიდა ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე. ამდენად, საველე სამუშაობის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტურისტული ობიექტის შექმნის უპირველესი მიზანი, თავად დარგის შექმნა და ჩამოყალიბებაა, რომელსაც ირიბად თან მოჰყვება კერძო ბიზნესის სტიმულირება. მისი განვითარება ჩვენს შემთხვევაში, მთლიანად თვითრეგულირებადი პროცესია და მცირე გამონაკლისების გარდა, ვერ პასუხობს ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს.

ტურიზმის განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების პერსპექტივები

საკვლევ რეგიონში პროცესების თანამონაწილე და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე მკვიდრი მოსახლეობაა, რომელიც 490 კომლითაა (საჯარო რეესტრის მონაცემებით) წარმოდგენილი, თუმცა, დიდი ნაწილი მუდმივი მოსახლე არ არის და მხოლოდ სეზონურად აკითხავს საკუთარ კარ-მიდამოს.

სამეცნიერო ლიტერატურაში [11; 12] ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულ გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარება ადგილობრივ ღარიბ და არაღარიბ ოჯახებზე, საიდანაც უფრო ხშირად, არაკვალიფიციური შრომითი რესურსია დარგთან დაკავშირებული. პრობლემა არის ის, ვინ უფრო მეტად სარგებლობს - ღარიბი თუ შედარებით არაღარიბი ოჯახები, ან როგორ შეიძლება ტურიზმი ამ სოციალურ სეგმენტზე იყოს ორიენტირებული [11, გვ.17].

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ შემთხვევაში დგება, არის შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრა: რომელი განეკუთვნება “ღარიბ”, “შედარებით არაღარიბ” და “არაღარიბ” (‘poor’, ‘not-so-poor’, ‘non-poor’) ოჯახებს. რაოდენობრივად ამის დადგენა ძნელია, ამიტომ უფრო რეალურად, სიღარიბის კრიტერიუმებად მივიჩნიეთ, მაგალითად: დასამუშავებელი მიწების სიმცირე, არარეგულარული შემოსავალი, ქვრივის ოჯახი, სხვაზე დამოკიდებული პირი, კვალიფიკაციის არმქონე, არამუდმივი სამუშაო, უმუშევარი [11, გვ.11], რომელსაც დავამატეთ ჩვენს მიერ განსაზღვრული პარამეტრებიც: მკურნალობის ხარჯებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, დასაქმებულ წევრთა რაოდენობა ოჯახში, ანუ შრომითი საქმიანობისა და შემოსავლების დივერსიფიკაცია, აღებული მოსავლის რაოდენობა, მრავალფეროვნება და მოხმარების სტრუქტურა (სასქონლო ან სამომხმარებლო მიზნით), საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობა, ბიზნესის წარმართვა, ცილოვანი პროდუქტების მოხმარების სიხშირე. აქედან გამომდინარე მოვახდინეთ შინამეურნეობათა კლასიფიცირება ეკონომიკური და სოციალური სტატუსების მიხედვით და გამოვიკვლიეთ ტურიზმის დიფერენცირებული გავლენა მათზე, თუ რომელი კატეგორიის ოჯახი სარგებლობს მეტად და რატომ. კვლევის შედეგად, რესპონდენტთა 20% მიეკუთვნა „ღარიბ”, 10% კი „შეძლებულ” ოჯახებს; 40% შეადგინეს ‘შედარებით არა-ღარიბმა’, ხოლო 30% ‘არა-ღარიბმა’ შინამეურნეობებმა.

შედეგებმა აჩვენა, რომ საკვლევ რეგიონში ტურიზმის განვითარება, ყველაზე ეფექტიანად არაღარიბ ოჯახებზე აისახა. გამოიყენეს რა საკუთარი მატერიალური და სოციალური/ჰუმანური/ინტელექტუალური რესურსები (საცხოვრისი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, ფულადი და სხვა არაფულადი კაპიტალი), მათ ყველაზე უკეთ შეძლეს შრომითი საქმიანობის დივერსიფიკაცია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავლები ტურისტული ბიზნესიდან. მათ შეძლეს, რომ მრავალფეროვანი საქმიანობით მიეღოთ სარგებელი ტურიზმიდან - დასაქმება კვალიფიციურ სამუშაოზე, მიწების იჯარით გაცემა ან რამდენიმე ნაკვეთის ქონის შემთხვევაში გაყიდვა, კერძო ბიზნესის აწყობა (ძირითადად კაფე ან ლუდხანა), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და სხვ.

რეგიონში ტურიზმის განვითარების შედეგად გამოწვეული ცვლილებებით, ნაკლებად, მაგრამ ასევე სარგებლობენ შედარებით შეძლებული ოჯახები. ამას ხელს უწყობს მათი ინიციატივა - შრომითი საქმიანობის დივერსიფიკაციის გზით გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. გარე ვაჭრობა და სტაბილური ხელფასი დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოდან პრომეთეს მღვიმის ტურისტულ ობიექტზე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, ზრდის მათ შემოსვლებს. მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ტურისტულ ობიექტზე დასაქმებამ, ამ კატეგორიის ოჯახებიდან შეამცირა ქალთა გადინება სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში.

საველე სამუშაოების ანალიზმა ვერ აჩვენა ტურიზმის არსებითი გავლენა რეგიონის ღარიბ მოსახლეობაზე. ასეთი ოჯახები ვერაფერს სთავაზობენ (ფულადი და არაფულადი რესურსები) ტურისტულ ბაზარს. შესაბამისად, უკუგებაც ნაკლები აქვთ. რადგან საქართველოს ტურიზმის პოლიტიკა, პირველ რიგში, თავად დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული და ლოკალურ მოსახლეობაზე მის დადებით გავლენას თანამდევ პროცესად მოიაზრებს, ღარიბი ოჯახები პროცესის მთავარი ბენეფიციარები ვერ არიან. თუმც, ჩვენს შემთხვევაში, სოციალური კაპიტალის (პროფესიული უნარები) და სხვა რესურსების არქონის მიუხედავად, ასეთი შინამეურნეობის, თუნდაც ერთი წევრის დასაქმება ტურისტულ ობიექტზე (სტაბილური ხელფასით), საკმაოდ ზრდის მათ ჩართულობას თემსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდავოდ, დადებითად უნდა შეფასდეს.

შეძლებული ოჯახის მფლობელობაში არსებული რესტორანი, რომელშიც სერიოზული ინვესტიციაა ჩადებული, პრომეთეს მღვიმეზე მოსული ტურისტებით ნაკლებად იტვირთება, მენეჯმენტის მხრიდან კი არ ჩანს რაიმე მცდელობა სიტუაციის შეცვლისა. გადამწყვეტად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ რესტორანი არ/ვერ თანამშრომლობს ტუროპერატორებთან. მის მიმართ ნაკლები ინტერესი კი, ვფიქრობთ, დიდწილად, არაინფორმირებულობით უნდა იყოს განპირობებული. რეალურად, ტურიზმის განვითარება მოცემული მოკლე პერიოდისათვის, ჯერჯერობით ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას შეძლებული ოჯახების შემოსავლებზე, რადგან ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციას უკუგებისათვის დროის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. სამომავლოდ კი, როცა ყუმისთავის მარშრუტი გაგრძელდება საწურბლიას მღვიმემდე [7], შესაძლებელია აღნიშნული ობიექტი უფრო დაიტვირთოს და ადეკვატური გახდეს ტურისტთა მოთხოვნებისათვის.

კვლევის პროცსში, თითქმის ყველა რესპონდენტ ოჯახში წარმოჩნდა პრობლემა დემოგრაფიული სტრუქტურის დისბალანსის სახით, რაც შრომისუნარიანი ასაკის ახალგაზრდა თაობის ნაკლებობაში გამოიხატება. ეს ფაქტორი, აქტიური ბიზნესის წარმართვისათვის ხელისშემშლელად მივიჩნიეთ. შინამეურნეობათა უმეტესობა მშობლებისა და მცირეწლოვანი შვილების ან მხოლოდ ხანდაზმული მშობლების თაობითაა წარმოდგენილი. ახალგაზრდა სრულწლოვანი კონტინგენტი კი დედაქალაქშია. მით უფრო უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე მათ არ აქვთ სურვილი ოჯახის ბიზნესში თანამონაწილეობისა, რომლის წინაპირობა მრავალი შეიძლება იყოს: ფინანსების სიმცირე, უფრო სერიოზული საქმიანობა ქალაქად, დროის მოკლე პერიოდი იმისათვის, რომ ტურისტულ ბიზნესში ჩართვა საიმედოდ მიიჩნიონ და სხვ.

აქვთ სტაბილური ფულადი შემოსავალი და არც კომერციულ საქმიანობას ეწევიან, მათ ბანკის კრედიტზე ხელი არ მიუწვდებათ. თუმც, ბანკის მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ეს საკითხი ასევე პრობლემურია შედარებით არაღარიბი ოჯახებისთვისაც, რომელთაც სურთ საკუთარი მცირე ბიზნესის გაფართოვება. გარდა ამისა, მათ უმეტესობას, კომერციული საქმიანობისათვის თავიდანვე სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული, რადგან ბანკები სტარტაფებზე, თითქმის არ გასცემენ კრედიტს. ამავე კატეგორიის ოჯახების კიდევ ერთ პრობლემა მღვიმეში შესასვლელი ბილეთების გაძვირებაა. ისინი ეზოებს აქირავებენ საპიკნიკედ, რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მეტად სასკოლო ექსკურსიების მხრიდანაა. როგორც რესპონდენტები მუთითებენ, აღნიშნული მიზეზის გამო შემცირებულია მოსწავლეთა ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლა, რაც მათ შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც კვლევამ დაგვანახა, ტურისტთა მიღების ელექტრონული დაჯავშნის სისტემის არქონაა. მიგვაჩნია, რომ წინასწარი რეგისტრაცია, უფრო მოწესრიგებულს გახდიდა თითოეულ ვიზიტს, რადგან ზოგჯერ, რიგში დგომის ხანგრლივობა სეზონის პიკზე რამდენიმე საათსაც კი ითვლის. გვინდა აღვნიშნოთ იმ ანთროპოგენური გავლენის შესახებ, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს და საფრთხეს უქმნის ტურისტულ ობიექტსა და თავად დარგის შემდგომ გაფართოებას.

რადგან დაცული ტერიტორიების არეალში სამოსახლო ზონაც შედის, პრობლემად რჩება ტერიტორიების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. წყალტუბოს რაიონი მთლიანად კარსტულ რელიეფზეა განფენილი, შესაბამისად, ხშირია ზედაპირზე კარსტული ძაბრების გამოვლინება. როგორც ბუნებრივ სასულეს, მოსახლეობა მას ნაგავსაყრელად იყენებს (როგორც მყარი, ასევე თხევადი ნარჩენებისათვის). ასეთი ქმედება უაღრესად ართულებს არამარტო ჯერ კიდევ აუთვისებელი მღვიმეების ეკოლოგიურ მდგომარეობას, არამედ მთლიან ბუნებრივ სისტემას: ნარჩენები აბინძურებს ნიადაგს, ხვდება გრუნტის წყლებში, რომლითაც ის კორდიანი ზედაპირი საზრდოობს, მოსახლეობა რომ პირუტყვის საძოვრად იყენებს. გარდა ამისა, ზარალდება მთლიანი არეალის რეკრეაციული პოტენციალი. საქმე ის არის, რომ წყალტუბოს ტალღოვან ვაკეზე ათვისებული კარსტული ობიექტების პოპულარობა მზარდია და სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ახლო მომავალში, სავარაუდოდ, მოიმატებს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთა რაოდენობაც, რომელთაც აუთვისებელი მღვიმეები უფრო აინტერესებთ. მსგავსი დაბინძურების პირობები კი, მხოლოდ დააფრთხობს ვიზიტორებს და მეტად უარყოფითად იმოქმედებს საერთო ტურისტულ იმიჯზე. იგივე შედეგამდე მიგვიყვანს ისეთი პრობლემაც, როგორიცაა კოცონების დანთება მღვიმეებში. ჭვარტლი აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გეოლოგიური ეპოქების განმავლობაში შექმნილ მღვიმის მორფოსტრუქტურას. შედეგად, ვღებულობთ ურთიერთგამომრიცხავ ვითარებას, რომელიც პირიქით, ყველას საერთო ინტერესი უნდა იყოს - ხელი შეეწყოს ტურიზმის გაფართოებას რეგიონში, რათა მეტმა ადგილობრივმა ისარგებლოს დარგის განვითარებით. სანაცვლოდ, მოსახლეობა იმას ანადგურებს, რაც ახლო მომავალში რეალურად, მათი ოჯახების შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს.

ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრომეთეს მღვიმის კომპლექსზე ტურისტული აქტივობის ზემოქმედების მასშტაბები გარემოზე უკვე შესამჩნევია. ტურისტული ფირმების ავტობუსები, რომელთაც ჯგუფები ორგანიზებულად მიჰყავთ მღვიმის მოსანახულებლად, გამონაბოლქვით აბინძურებენ გარემოს. ლოდინის დროს მძღოლები არ თიშავენ მანქანის ძრავას სალონის უწყვეტ რეჟიმში კონდიცირების მიზნით, რაც საშუალოდ, საათზე მეტ ხანს გრძელდება. ტურისტულ სეზონზე კი ერთდროულად მოსული ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების რაოდენობა, ხშირად ოც ერთეულზე მეტია, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს ვიზიტორთა ჯგუფების დალოდების პერიოდს. გამონაბოლქვი შემაწუხებელია მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სოფლის ძალიან მჭიდრო სამოსახლო ზონა, ტურისტული ობიექტიდან სულ 5-10 მ-ის მოშორებით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოში ძირითადად გამოიყენება ეთილირებული ბენზინი. მისი წვის შედეგად, გარემოში გამოიტყორცნება ტყვია, რომელიც ილექება ნიადაგზე, მცენარეებზე და რაც მთავარია ხეხილის ნაყოფზე, რომელსაც ადგილობრივებიც მიირთმევენ და ტურისტებსაც სთავაზობენ.

ბუნებრივ-რეკრეაციული კომპლექსების შეფასებაში, ერთ-ერთი ძირითადია მისი ესთეტიკური მიმზიდველობა (მაგ: ტყიანობის მაჩვენებელი და ტყის სახეობრივი შემადგენლობა), მისადგომობა და მის შიგნით მანევრირების შესაძლებლობა (ფეხით, ველოსიპედით, მოტო და ავტოტრანსპორტით) და მრავალფეროვნება, ანუ რეკრეაციის მიზნით მისი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა [1, გვ. 203] (მაგალითად, პრომეთეს მღვიმის შემთხვევაში, გამოყენება სპელეოტურიზმისათვის, პიკნიკების მოსაწყობად, კარსტული ლანდშაფტის გასაცნობად). ეს ფაქტორები ცალსახად გულისხმობს ჭარბ ტურისტულ ნაკადებს მოცემულ ობიექტზე. პრომეთეს მღვიმის რეკრეაციულ კომპლექსზე, მიმზიდველობასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მისი საკმაოდ იოლი მისადგომობა. ვფიქრობთ, ეს გარემოებები გადმწყვეტია ვიზიტორთა მისაზიდად და პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული ეკოლოგიური წონაწორობის შესანარჩუნებლად. აღნიშნული ფაქტორები, ერთი მხრივ, განაპირობებს ობიექტის პოპულარობას, მაგრამ მეორე მხრივ, მეტად ზრდის ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბებს.

დასკვნები და რეკომენდაციები

1. მდგრადი განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, პრომეთეს მღვიმის ტურისტული ობიექტის შექმნა, ნამდვილად განაპირობებს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის ცხოვრების უკეთეს სოციალურ პირობებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, უზრუნველყოფს მღვიმისა და მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვას. თუმც, თუკი ადგილობრივ თემზე ტურიზმის გავლენას განვიხილავთ სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული ტურიზმის პოზიციიდან, აღმოჩნდება, რომ ყველაზე მეტად არაღარიბი ოჯახები სარგებლობენ, რომელთაც აქვთ საწყისი ფულადი და არაფულადი კაპიტალი, სთავაზობენ მას ტურისტულ ბაზარს და შესაბამისად, პასუხობენ კიდეც მომხმარებლის მოთხოვნებს;

2. გამოიკვეთა პრობლემა, როგორც ღარიბი, ასევე შედარებით შეძლებული მოსახლეობისათვის, რასაც ბიზნესის წარმართვის არცოდნა ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ კერძო ბიზნესი მხოლოდ პირადი კომერციული გამოცდილებით იქმნება და იმართება, ეს პროცესი კი უფრო ხშირად, მექანიკურად ვითარდება და მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ამართლებს. არც თუ იშვიათია, როცა შინამეურნეობა გარკვეულ რესურსს ფლობს, მაგრამ მისი მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას ტურიზმისათვის ვერ ხედავს. ასეთ ვითარებაში, მოსახლეობა ძალიან უფრთხის მცირე ბიზნესის წამოწყებას, რადგან არ აქვთ წინაპირობა იმისათვის, რომ მათი კომერციული საქმიანობა ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და წარმატებული იქნება. თუმცჱ, მათი სურვილი და მზაობა მიიღონ სათანადო კონსულტაციები, ისწავლონ თუ როგორ დაიწყონ და წარმართონ კომერციული საქმიანობა დიდია, მაგრამ ასეთი სტრუქტურა არ ჩანს, რომელშიც როგორც სამთავრობო (მღვიმის ადმინისტრაცია), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვიაზრებთ;

3. სოფლის ბუნებრივი გარემო ჯერჯერობით იტანს მზარდ ტურისტულ ნაკადებს, თუმც არსებული დინამიკა რამდენიმე წელიწადში დღის წესრიგში დააყენებს პარკირების არეალის გაფართოების საკითხს, რაც პრობლემას შექმნის, როგორც მჭიდრო სასოფლო განსახლებისათვის, ასევე უარყოფითად იმოქმედებს არსებულ ეკოსისტემებზე - გაზრდის ატმოსფეროს დაბინძურებას და მოახდენს მიწის რესურსების შემცირება-დეგრადაციას. საბოლოო ანგარიშით, აღნიშნული ცვლილებები დიდად გააუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, რაც პირდაპირ თუ ირიბად, უთუოდ აისახება ტურიზმის განვითარებაზეც. ამჟამად, მღვიმის ადმინისტრაცია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ბუნებრივი ლანდშაფტის მდგრადობის შენარჩუნებაზე;

4. ტურისტული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია ვიზიტების ელექტრონული დაჯავშნის სისტემის შემოღება, რაც მინიმუმამდე შეამცირებს მღვიმეში მისული ორგანიზებული ჯგუფებისა თუ ინდივიდუალურ ტურისტთა რიგში დაყოვნების ხანგრძლივობას;

5. გეომორფოლოგიურად და ლანდშაფტურად საკვლევი სივრცე, კლასიკურ კარსტულ ვაკეს (წყალტუბოს ტალღოვანი ვაკე) წარმოადგენს. ხელისუფლების სამომავლო პოლიტიკა რეგიონში სპელეოტურიზმის მარშრუტების გავრცობაა (საწურბლიისა და სხვა მღვიმეების სახით), რაც ყუმისთავის გარდა დანარჩენ სოფლებსაც მოიცავს. მსგავსი პროექტების მთავარი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის გაფართოება და მეტი ვიზიტორების მიზიდვაა. თავის მხრივ, მღვიმეების გამოყენებაც მრავალფუნქციურია: სპელეოტურიზმის, სპელეოსპორტის, სამკურნალო მიზნით. მაგრამ, უახლოეს პერიოდში თუ არ მოხდა ტურისტული აქტივობის გადანაწილება (დასრულებული პროექტია მხოლოდ პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეები) რეგიონში სხვა კარსტულ ობიექტებზე, ამ ორი ობიექტის მულტიფუნქციური დატვირთვა, უაღრესად გაზრდის უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბებს გარემოზე და დააზიანებს თვით დარგს; ასევე დაიკარგება მისი თანამდევი ეფექტი - ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რაც სადღეისოდ, მეტად ღირებული შედეგია.

ლიტერატურა:

1. დავითაია ე. სეფერთელაძე ზ. ლანდშაფტმცოდნეობა და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები. თბილისი, “მერიდიანი”, 2014.

2. ვიზიტორთა სტატისტიკა. 2017. დაცული ტერიტორიების სააგენტო. ნანახია 8 დეკემბერს, 2017. http://apa.gov.ge/ge/statistika/vizitorta-statistika

3. მღვიმეები. 23 დეკემბერი, 2017. ნანახია 26 დეკემბერს, 2017. http://tskaltubotourism. com/

4. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი. 2014. ნანახია 9 დეკემბერს, 2017. http://apa.gov.ge/ ge/protected-areas/Naturalmonument/prometes-mgvimis-bunebis-dzegli

5. პრომეთეს მღვიმის დაზიანებული ეკოსისტემა __ ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგი. 13.02.2014. ნანახია 18 დეკემბერს, 2017. http://netgazeti.ge/life/29387/

6. საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები. 22 მაისი, 2015. ნანახია 28 ნოემბერს, 2017. https://youngjournalist77.wordpress.com/2015/05/22

7. საქართველოში კავკასიაში პირველი სპელეო_გამაჯანსაღებელი მღვიმე გაზაფხულზე გაიხსნება. ინტერპრესნიუსი. 25 იანვარი, 2018. ნანახია 26 იანვარს, 2018. http:// www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/474687-saqarthveloshi-kavkasiashi-pirveli-speleogamajansaghebeli-mghvime-gazafkhulze-gaikhsneba.html

8. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. «ყუმისთავი». თბილისი. მთავარი სამეცნიერო რედაქცია, ტ. 10, 1986.

9. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. “ყუმისთავის მღვიმე”. თბილისი. მთავარი სამეცნიერო რედაქცია, ტ.

10, 1986. 10. ხელაშვილი ი. მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინური კვლევების აქტუალურობა ტურიზმში (საქართველოს რეგიონების მაგალითზე). ჟურნალი “ეკონომიკა და ბიზნესი”, 2017 #3. გვ. 131_143.

11. Ashly C. Methodology for Pro-Poor Case Studies. PPT working paper No.10, December. Overseas Department Institute, 2002.

12. Ashly, C., Boyd, Ch., and Goodwin, H. Pro-Poor Tourism: Putting Poverty at the Heart of the Tourism Agenda. Natural Resources Perspectives. 2000, no. 51, March. ნანახია 8 დეკემბერს, 2017. https://www.odi.org/sites/odi.org.uk/files/odi-assets/publications-opinionfiles/2861.pdf

13. Cooper, Ch., Fletcher J., Fyall S., Gilbert D., and Wanhill S. Tourism: Principles and Practices. Prentice Hall. 2008

14. Muhar, A., Vilsmaier, U., Glanzer, M., and Freyer, B. Initiating Transdisciplinarity in Academic Case Study Teaching: Experiences from a Regional Development project in Salzburg, Austria. ნანახია 2 ოქტომბერს, 2017. http://www.emeraldinsight.com/doi/abs/10.1108/14676370 610677856?journalCode=ijshe

15. Need Analysis. ICYF Evaluation Concept Sheet. The University of Arizona. 2000https://www. scribd.com/document/65262252/Needs-Analysis

16. Sustainable Development of Tourism. Definition. World Tourism Organization. 2005. ნანახია 27 იანვარს, 2018. http://sdt.unwto.org/content/about-us-5