English / ქართული /








Journal number 2 ∘ Zhana Tolordava
Some Issues of Green Economy

Over the past twenty years, green economy becomes the new and more widespread direction of economic science, which implies simultaneous sustainability of ecological and economic systems. It is clear that the imperfect system of environmental management creates a certain barrier to the development of the economy, which entails the exhaustion  of natural resources and the planet’s changes. Therefore, the concept of green economy is very important and it should take place in the economic policy of all countries.

Keywords: “Green Economy”; “Green” Growth; Natural Capital; Ecosystem; Risks of Ecological Degradation; “Green” Clean Technologies; “Green” Investments and Innovations.

JEL Codes: Q10, Q30, Q50

„მწვანე ეკონომიკის” ზოგიერთი საკითხი

ბოლო ოცი წლის განმავლობაში სულ უფრო ფართოდ გავრცელდა ეკონომიკისა და ეკომომიკური მეცნიერების ახალი მიმართულება, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიური და ეკონომიკური სისტემების ერთდროულ მდგრადობას. ცხადია, გარემოს მართვის არასრულყოფილი სისტემა გარკვეულ ბარიერს უქმნის ეკონომიკის განვითარებას, რასაც ემატება ბუნებრივი რესურსების გამოლევა და პლანეტის ცვალებადობა. ამიტომ მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ყურადსაღებია და მან სათანადო ადგილი უნდა დაიკავოს ყველა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში.

მწვანე ეკონომიკის მომხრეებს შორის გამოირჩევიან მეცნიერები მ.ბუკჩინი, ჯ. ჯეკობსი, ე. შუმახერი, დ. მედოუზი, ა. ტვერსკი და სხვ. მწვანე ეკონომიკის მომხრეებმა 2006 წელს დააარსეს ჟურნალი „International Journal of Green Economics“ და შექმნეს მწვანე ეკონომიკის ინსტიტუტი. დღეს ამ ინსტიტუტების ფართო ქსელი ცნობილია მთელ მსოფლიოში.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა; მწვანე ზრდა; ეკოსისტემა; მწვანე სუფთა ტექნოლოგიები; მწვანე ინვესტიციები და ინოვაციები.

მწვანე ეკონომიკის ფორმირების პროცესის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში არსებული გარემოს პროგრამის (UNEP), აზიისა და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური და სოციალური კომისია (ESCAP), გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტი (Global Green Growth Institute – GGGI) , ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD (Organisation for Economic Co-operation and Development), სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ობიექტურად აფასებს მწვანე ეკონომიკის განვითარების აუცილელობას. საერთაშორისო საზოგადოების აზრით, მწვანე ეკონომიკა უნდა გახდეს XXI საუკუნის მამოძრავებელი ძალა, რომელიც დამყარებულია რესურსდამზოგავ და ეკოლოგიურად უვნებელ წარმოებაზე, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესობასა და სოციალური სამართლიანობის დაცვას უწყობს ხელს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განსაზღვრით, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. მწვანე ეკონომიკა “ზრუნავს არამარტო კაპიტალის ზრდასა და შრომითი რესურსების განახლებაზე, ის განაახლებს ასევე მიწას (ბუნებრივ რესურსებს) როგორც წარმოების ფაქტორს“ [1].

მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა მკლევარი ძირითადად აღიარებს, რომ ეკოსისტემა, ეკონომიკა, მოსახლეობის კეთილდღეობა და მათთან დაკავშირებული კაპიტალი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

მწვანე ეკონომიკა ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება და იგი პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. “მწვანე ეკონომისტები“ იყენებებენ ტერმინ - Natural capital, ანუ ბუნებრივ კაპიტალს ბუნებრივი რესურსების ნაცვლად, იმიტომ რომ თვლიან სიტყვა „რესურსები, “ ეკონომიკაში ბუნების პასიური როლის ამსახაველია.

ცნობილია, რომ გლობალური ეკონომიკის უწყვეტი განვითარება შეუძლებელია, თუ ეკოსისტემები, რაზედაც დამოკიდებულია ის, ინგრევა.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), სადაც მწვანე ეკონომიკა განისაზღვრება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებას, სოციალურ თანასწორობას და მნიშვნელოვნად ამცირებს არახელსაყრელ გავლენას გარემოსა და ეკოლოგიური დეგრადაციის რისკებზე [2].

2010 წელს ბრეტონ ვუდსის სისტემის მთავარმა ინსტიტუტებმა, მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების შეფასების პრობლემას და გადაწყვიტეს მისი დაფინანსება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ OECD (Organisation for Economic Co-operation and Development) შეიმუშავა და საზოგადოებას შესთავაზა მწვანე ზრდის კონცეფცია, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მაქსიმალური უზრუნველყოფა ბუნებრივ რესურსებზე ზედმეტი ზეწოლის გარეშე. ამ კონცეფციის მიხედვით, ფაქტობრივად, მწვანე ზრდა არის მშპ-ის ზრდა, რომელიც მიიღწევა მწვანე სექტორებზე, ანუ, მწვანე სუფთა ტექნოლოგიებსა და ინვესტიციებზე დაყრდნობით.

2012 წელს ბრაზილიაში რიო+20 -ის კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფოები შეთანხმდნენ მწვანე ეკონომიკის კონცეფციის, როგორც მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის შექმნაზე. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მწვანე ეკონომიკის კონცეფცია არ ცვლის მდგრადი განვითარების კონცეფციას. ის შემუშავებულია მდგრადი განვითარების კონცეფციის ხელშემწყობი ინსტრუმენტის სახით და ორივე კონცეფციის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური ეფექტისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიღწევა.

სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რიგი ავტორების აზრით, მიიღწევა შემდეგი ღონისძიებების კომპლექსის რეალიზაციის შედეგად: მწვანე (ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების) წარმოების მოცულობის ზრდით მშენებლობისა და ტრანსპორტის დარგში, სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების წარმოების ხარჯზე გარემოსდაცვითი ინვესტიციების მოზიდვით; ეკონომიკის ენერგოეფექტიანობის ამაღლებით წარმოების ენერგოტევადობის შემციირების, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლისა და წყლის რესურსების არამწარმოებლური დანაკარგების კლებით; მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტების ნეგატიური ანტროპოგენური ზემოქმედებისაგან დაცვითა და ნარჩენების უტილიზაციის ღონისძიებათა კომპლექსის რეალიზაციით [3].

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია და პრინციპები

რიო+20 -ის ფორუმზე ქვეყნებმა, კონცეფციის შემუშავებასთან ერთად, ფაქტობრივად, აიღეს პასუხისმგებლობა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროგრამის რეალიზაციაზე.

მწვანე ეკონომიკის კონცეფცია გულისხმობს [1]:

1. სახელმწიფო მხარდაჭერას და კერძო ინვესტიციების დაბანდებას ცოდნის გავრცელებაზე, ინიციატივების რეალიზაციაზე, ნახშირბადის გამონაბოლქვის და დაბინძურების დონის შემცირების ხელშემწყობი ტექნოლოგიებისა და საწარმოების შექმნას;

2. მწვანე ტექნოლოგიების მეშვეობით ნარჩენების უფრო საფუძვლიან გადამუშავებას, ენერგიის მოხმარების შემცირებას ან ალტერნატიული ენერგიის მოხმარებას, რითაც ჩნდება ეკონომიკის ახალი მწვანე სექტორები, მწვანე სამუშაო ადგილები. ნედლეულის რაციონალური გამოყენება იწვევს მწვანე პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოგების ზრდას მწვანე საწარმოებში ტრადიციულთან შედარებით, რაც უფრო მაღალი ანაზღაურებისა და სიღარიბის დაძლევის საშუალებას იძლევა;

3. ენერგოეფექტიანობის ზრდას, რაც იწვევს საწვავის მოხმარების მოცულობისა და გარემოში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას. ეს, ბუნებრივი რესურსების თვითაღდგენის მნიშვნელოვანი პირობაა. დღეს მსოფლიოს ინოვაციების 40% მოდის მწვანე ეკონომიკაზე და ის წარიმართება (50%) ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტიანობისთვის, რაც მწვანე ეკონომიკის საქვანძო ფაქტორებია. ენერგეტიკაზე მოდის ასევე დამაბინძურებელი გამონაბოლქვების 50 % და სათბურის აირების 70%, რაც, ბუნებრივია, არსებული მდგომარეობის ასაცილებლად საჭიროებს ინოვაციებს [4];

4. რესურსეფექტიანობის ამაღლებას, რაც იწვევს ნარჩენების წარმოქმნისა და გარემოს დაბინძურების შემცირებას და უზრუნველყოფს ეკონომიკის ამ სექტორის მდგრად არსებობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იცავს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პირობებს, ორგანული მიწათსარგებლობას (ქიმიკატების გამოყენების მინიმიზაცია და ორგანულ სასუქებზე გადასვლა). ხელს უწყობს ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობას და სიღარიბის დაძლევას, ეკოსისტემის მომსახურების განვითარებას იმ ქვეყნების მოსახლეობისათვის, რომლებმაც დაკარგეს ის.

 ამგვარად, მწვანე ეკონომიკის კონცეფფცია შემუშავებულია მდგრადი განვითარების კონცეფციის ხელშესაწყობად, რაც საბოლოოდ, მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება.

2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის -UNEP-ის მმართველი საბჭოს მიერ შემოთავაზებულ იქნა მწვანე ეკონომიკის პრინციპები, რაც განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიკა.

„გლობალური განხილვის“ შემდეგ, რომლის ინიციატორი გახდა ე.წ. „მწვანე ეკონომიკის კოალიცია“, ჩამოყალიბდა ჩამონათვალი ცხრა პრინციპის სახით [5].

ეს პრინციპებია:

მდგრადობის პრინციპი. მწვანე ეკონომიკა მოიცავს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს - ეკოლოგიურს, სოციალურსა და ეკონომიკურს, რაც ხელს უწყობს კომპლექსური სტრატეგიების შემუშავებას, რითაც სამივე მიმართულებით მიიღწევა საუკეთესო შედეგები.

სამართლიანობის პრინციპი. მწვანე ეკონომიკა მხარს უჭერს სამართლიანობასა და თანასწორობას ქვეყნებსა და თაობებს შორის. ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ღირსების პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს კეთილდღეობის ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პირობებს. ის უზრუნველყოფს ადამიანის განვითარების მაღალ დონეს ყველა ქვეყანაში, გენდერულ თანასწორობასა და ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობას.

ჯანსაღი პლანეტის პრინციპი. მწვანე ეკონომიკა აღადგენს ბიომრავალფეროვნებას, ახორციელებს ბუნებრივ სისტემებში ინვესტიციებს და აღადგენს იმ სისტემებს, რომლებიც დეგრადირებს, უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ამასთან ერთად, არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების პერსპექტივებს. მწვანე ეკონომიკა შეისწავლის (შეფასებას უკეთებს) ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოტენციურ ზემოქმედებას, ეკონომიკური პოლიტიკის ეკოლოგიურ შედეგებს და საბოლოოდ ღებულობს გარემოსა და ადამიანებისთვის სარგებლობის თვალთაზრისით , ყველაზე მისაღებ ვარიანტს.

მონაწილეობის პრინციპი. მწვანე ეკონომიკა დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, სამეცნიერო კვლევებსა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობაზე, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების შესაძლებლობების ზრდას ამ პროცესში და მათ ეფექტიან მონაწილეობას ყველა დონეზე.

სათანადო მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპი. მწვანე ეკონომიკა გაზომვადია და გამჭვირვალე, სადაც პროგრესის შედეგები შეიძლება შეფასდეს როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე.

მოქნილობის პრინციპი. მწვანე ეკონომიკის მოდელი შეიძლება მოერგოს ნებისმიერ ქვეყნის სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ და გარემოსდაცვით თავისებურებებს.

ეფექტიანობისა და საკმარისობის პრინციპი. მწვანე ეკონომიკა ახორციელებს პრინციპს - „დამბინძურებელი იხდის“ და ცდილობს მიაღწიოს ნულოვან ემისიებს, ნულოვან ხარჯებს, რესურსეფექტიანობასა და წყლის რაციონალურ გამოყენებას.

თაობების პრინციპი. მწვანე ეკონომიკა ინვესტირებას ახორციელებს მწვანე ტექნოლოგიებსა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში აწმყოსა და მომავალში. ის უზრუნველყოფს სამართლიანობას თაობებს შორის, ხელს უწყობს რესურსების რაოდენობისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის - UNEP-ის მმართველი საბჭოს მიერ შემოთავაზებული პრინციპები მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯია, რაც ხელს შეუწყობს მის წარმატებულ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის გააქტიურდა ე.წ. ,წვანე ინვესტორების საქმიანობა, რომლებიც რეალურად ეხმარებიან საწარმოებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და მათი ინვესტიციები მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე. კონსალტინგური ფირმის - „ნიუ ენერჯი ფაენსის“ ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში „მწვანე ინვესტორების“ მიერ ამ მიმართულებით დაბანდებულ იქნა მილიარდობით დოლარი. მსჯელობაა იმ კომპანიებზე, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროების წარმოებასთან, როგორიცაა მზის, ქარის, გეოთერმული ენერგია, ბიოსაწვავი და სხვ. მწვანე ინვესტორები თვლიან, რომ ეკონომიკის აღნიშნულ დარგებში კაპიტალის დაბანდება საუკეთესო პერსპექტივაა, როგორც გარემოს დაცვის, ასევე მისი უკუგების თვალსაზრისით [6].

გამომცემლობა Washington Profile http://posecur.ru/202.htm, აშშ-ის ბიზნესსტრუქტურების საქმიანობის შესახებ აღნიშნავს, რომ აქ უკვე გადავიდნენ ბიზნესის წარმართვის ახალ მოდელებზე, როდესაც იყენებენ მწვანე პოლიტიკას, ანუ კომპანიები ცდილობენ მიაღწიონ ფულადი სახსრების ეკონომიას და ამასთან ერთად, შეინარჩუნონ საღი პლანეტა. ასე, მაგალითად, გადასვლა ელექტრონულ დოკუმენტ-ბრუნვაზე კომპანიას ქაღალდის ყიდვაზე გაწეული ხარჯების ეკონომიის საშუალებას აძლევს და ამასთან ერთად ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ხე-ტყის რესურსის დაზოგვა ხდება. ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენებით (ინტერნეტ-კონფერენციები, სკაიპი) საქმიან პარტნიორებსა და კლიენტებთან სამივლინებო ხარჯების და ბენზინის ეკონომია მიიღწევა, ამავდროულად ეს გარემოს ნაკლები დაბინძურების საშუალებაცაა. უცხოელ ბიზნესმენებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბიზნესის განვითარება ეკოლოგიური ნორმების დაცვით, ხელს უწყობს კომპანიის დადებითი იმიჯის ფორმირებას მსოფლიო ბაზარზე და საზოგადოებაში [7].

საინტერესოა აშშ-ის გამოცდილება, სადაც სადაზღვევო კომპანიები დიდი ხანია ჩაერთნენ ე.წ. მწვანე ინვესტორების მოძრაობაში და რეალურად ეხმარებიან საწარმოებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში ინვესტიციებით, რაც მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაზე. გარდა ამისა, აღნიშნულმა სტრუქტურებმა დაზღვევის სისტემა აქციეს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლის ქმედით ბერკეტად.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ზოგიერთი პრობლემა

ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში მთელი რიგი ქვეყანა იყენებს მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა ინსტრუმენტს. ამიტომ, ეს პრობლემა მოითხოვს დეტალურ ანალიზსა და დისკუსიებს იმის თაობაზე, თუ რამდენად მისაღებია ეს მიდგომები ეფექტიანობის თვალთაზრისით. ამავდროულად, განვითარებადი ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ მწვანე ეკონომიკის მოდელის გამოყენებამ შეიძლება დროებით, მაგრამ გარკვეულწილად შეაფერხოს მათი განვითარების პროცესი.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა არ არის ადვილი იმ ქვეყნებისთვისაც კი, ვისაც აქვს კარგად განვითარებული სოციალური დაცვის სისტემა და საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები. განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს კი დასჭირდება საერთაშორისო დახმარება.

მწვანე ეკონომიკა ქმნის სამუშაო ადგილებს, რაც შესაბამისად შრომის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს და ადვილად მისაწვდომს ხდის მწვანე რესურსეფექტიან ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. მაგრამ, ამავდროულად აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია მუშების პროფესიულ შემადგენლობასა და დასაქმების სტრუქტურებთან, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

პრობლემაა ისიც, რომ მწვანე საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მექანიზმი დიდად არ განსხვავდება ტრადიციული დაფინანსებისაგან, მისი რეალიზება ხდება იმავე სივრცეში, რაც არ გამორიცხავს მათ შორის კონკურენციას. იმის გამო, რომ მწვანე პროდუქციის ტექნოლოგია, ბაზარი, რომელზედაც ორიენტირებული ეს პროდუქცია,ნაკლებად არის შესწავლილი, მწვანე საინვესტიციო პროექტები მეტად ძვირი ჯდება და ნაკლებად პროგნოზირებადია. ინვესტორებს ამ შემთხვევაში უჭირთ რისკის აღება საკუთარ თავზე.

სპეციალისტების აზრით, ეროვნული ეკონომიკის მწვანე ზრდის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ვენჩურულმა და კერძო აქციონერულმა კაპიტალმა, მაგრამ ეს ინვესტიციები, როგორც წესი, ხორციელდება იმ ეტაპებზე, როდესაც რისკი უმნიშვნელოა და ინვესტიციების ამოგების ვადა უფრო მოკლეა. ეს მაშინ, როდესაც პროექტების უმრავლესობა, კერძოდ, მწვანე ენერგეტიკის დარგში, მოითხოვს დიდ თანხებს საწყის ეტაპზე [8].

ამ პირობებში დიდი როლი ენიჭება მთავრობის მხარდაჭერას. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, ეროვნული საფინანსო სისტემებში რეფორმების თანმიმდევრულად ჩატარების გზით, ქმნიან მწვანე პროექტების ინვესტირების მხარდამჭერ სახელმწიფო მექანიზმებს. სახელმწიფოს ჩარევა კერძო კაპიტალის მწვანე ეკონომიკაში დაბანდების სტიმულირების საშუალებას იძლევა.

იქ, სადაც მთავრობა მხარს უჭერს მწვანე ეკონომიკის ინიციატივას, გარკვეული წარმატებებიც არის და ასეთი ქვეყანა - ლიდერებია: სამხრეთი კორეა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, რომლთა ინვესტიციები საკმაოდ დიდია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მექსიკა, რომლის მწვანე ინვესტიციებს სტაბილურად აქვს ზრდის ტენდენცია. რუსეთმა ბოლო წლებში განახორციელა ინვესტიციები 6 მლრდ დოლარის ოდენობით [8].

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. ის ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა, რათა კერძო სექტორმა ხელი შეუწყოს ინვესტიციებისა და მწვანე ინოვაციების განხორციელების ისეთ პროგრესულ და ჰუმანურ მიმართულებას, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა.

საქართველოს როლი ეკონომიკის „გამწვანების“ მოძრაობაში

ბათუმის 2016 წლის მინისტრების მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე „ გარემო ევროპისათვის“ (Enviroment for Europe) მწვანე ეკონომიკის სფეროში ექსპერტების ჯგუფის მიერ შვეიცარიის ხელმძღვანელობით და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამის UNEP-ის მხარდაჭერით შემუშავდა ღონისძიებათა ჩამონათვალი. ჯგუფში შედიოდნენ საქართველოს, გერმანიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, მოლდოვის, შვეიცარიის, ბელარუსის, ევროპული ეკო-ფორუმის, OECD-ს, UNEP-ის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის და სხვა ექსპერტები.

ჩამონათვალში შეტანილია ის ღონისძიებები, რომლის მეშვეობით ეროვნული მთავრობების გარემოს დაცვის მინისტრებს, სხვა სამინსტროებსა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. აქ გათვალისწინებულია ეკონომიკის ეკოლოგიზაცია და ეკონომიკის საკვანძო სექტორებისგანვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემისადმი, რაც საბოლოოდ, მოგების მომტანია მდგრადი განვითარების თვალსაზრისით.

მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგია ღონისძიებათა კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს „ეკონომიკურ პროგრესს და ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას, ინვესტიციების სტიმულირებას მწვანე ინოვაციებში და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას“ [9].

ბათუმის ინიციატივა ეკონომიკის ეკოლოგიზაციის შესახებ (BIG-E), მოიცავს მწვანე ეკონომიკის სფეროში ღონისძიებებს 2016-2030 წლამდე. პრიორიტეტულ სექტორებად რეგიონში მოიაზრება:

- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა;

- ენერგეტიკა/ წიაღისეულის მოპოვება;

- მრეწველობა, ტრანსპორტი;

- წყალმომარაგება, ნარჩენების გატანა;

- ტურიზმი;

- მშენებლობა/ შენობების ექსპლუატაცია.

აღნიშნული ჩამონათვალი ღია რჩება დამატებებისა და ცვლილებებისათვის და დროთა განმავლობაში შეივსება ახალი სახის საქმიანობით მისი სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის მიერ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის თვალსაზრისით პრაქტიკაში შემოწმების შემდეგ.

საქართველოში მუშაობა მწვანე ეკონომიკის მიმართულებით მხოლოდ აღნიშნული მსოფლიო მნიშვნელობის მინისტერიალის ფორუმით არ შემოიფარგლება. მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებები მიიღეს შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროექტის - „საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების გარემოსთვის მისაღები ქმედებების ხელშეწყობა“ - განხილვის დროს.

პროექტი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მხარდაჭერით, „EaP Green“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის განვითარებას [10]. 

პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), გაეროს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და ევროკომისიის (EC) ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს. სამუშაო რეჟიმით განიხილეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის - „საქართველოში მწვანე სერთიფიცირების სისტემის დანერგვა მომსახურების სფეროში“ - შედეგები და „მწვანე სერთიფიცირების“ შემოთავაზებული გეგმა [10].

კიდევ ერთი ინიციატივა ამ მიმართულებით არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, მწვანე ზრდის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად. სტრატეგიის შექმნაში ეკონომიკური პროფილის სამინისტროები და შემდეგი დონორი ორგანიზაციები მონაწილეობენ: ევროპის აღმოსავლეთი სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (EaP GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) [10].

მწვანე ეკონომიკის ზრდის სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა მოიცვას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების სექტორები, აგრეთვე, ამ სექტორებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები. აქ გათვალისწინებულია ისეთი „ახალი და მწვანე ტექნოლოგიების მოზიდვა, რაც საქართველოს მოწინავე ქვეყნების რიგებში გადაიყვანს. GIZ-ის დახმარებით შემუშავებული მწვანე პოლიტიკის დოკუმენტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება დასამტკიცებლად [10].

დასასრულ დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხარჯები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უმოქმედობის შედეგად მიღებული ზარალი, რაც ეწინააღდეგება კაცობრიობის ინტერესებს. განხილული სფეროს ყველა სპეციალისტის აზრი ერთიანია იმაში, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა არაა ად­ 108 ჟანა თოლორდავა ვილი, მაგრამ ის ეკოლოგიური კრიზისის, რომელმაც თავისი მასშტაბებით მოიცვა მრავალი პოსტინდუსტრიული ქვეყანა, დაძლევის ქმედითი საშუალებაა.

ლიტერატურა:

1. OECD (2014), „The OECD green growth measurement framework and indicators”, in Green Growth Indicators 2014, OECD Publishing. http://dx.doi.org/10.1787/9789264202030-4-en

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა. მწვანე ეკონომიკის ანგარიში (2010) ოფიციალური ვებმისამართი: http://www.unep.org/GreenEconomy/ LinkClick.aspx? fileticket=JvDFtjopXsA%3d&tabid=1 350&language=en-US

3. Родионова И.А., Липина С.А.Зеленая экономика в России: модель и прогнозы развития. Журн. Фундаментальные исследования. – 2015. – № 2-24.

4. Что такое «Зеленая» экономика? Концепция развития «зеленой» экономики в Казахстане. http://greenkaz.org/index.php/informatsiya/zelenaya-economika 2016

5. Принципы зеленой экономики. http://greeneconomy.kg/theory/printsipyi-zelenoy-ekonomiki/

6. ჟ. თოლორდავა. ბიზნესი და ეკოლოგიური რისკები, „ეკონომიკა და ბიზნესი”, 2010, №3.

7. ჟ. თოლორდავა. ბიზნესი და ბუნებრივი გარემო, „ეკონომიკა და ბიზნესი”, 2009, №1.

8. И. А. Яковлев, Л. С. Кабир, С. И. Никулина, И. Д. Раков. Финансирование «зеленого» экономического роста: концепции, проблемы, подходы. Финансовый журнал / Financial Journal №3, 2017.

9. Enviroment for Europe. გარემო ევროპისათვის. მინისტრების მერვე საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი). ბათუმი. 2016. https://www.unece.org/fileadmin/DAM/env/ documents/2016/ece/ece.batumi.conf.2016.inf.21.

10. საქართველოში „მწვანე“ ეკონომიკის განვითარების ოფიციალური საიტები http://www. ipress.ge/new/23518-saqartveloshi-mtsvane-ekonomikis-ganvitareba-itsyeba

11. http://www.economy.ge/?page=news&nw=163

12. http://www.ipress.ge/new/34793-gaeros-ministerialis-farglebshi-mkhareebi-mtsvaneekonomikis- ganvitarebaze-shetankhmdnen