English / ქართული /








Journal number 2 ∘ Natia Aghladze
The Functioning of Social Capital in Georgia: Current Situation and Challenges

Social capital significantly affects the country’s economy, as it directly determines contribution of society to social activities, quality of trust, norms and standards. This article highlights particularities and structure of the Georgian social capital, analyses its formation stages and exposes the challenges.

The article suggests the ways how to solve problems, witch are connected with social capital and improve existing economic conditions in Georgia.

Keywords: Social Capital; Trust; Volunteerism; Community Activity; Georgia; Social Entrepreneurship.

JEL Codes: L26, O16

სოციალური კაპიტალის ფუნქციონირება საქართველოში: არსებული მდგომარეობა და გამოწვევები

სოციალური კაპიტალი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ვინაიდან ის განსაზღვრავს სოციუმის ჩართულობის დონეს საზოგადოებრივ აქტივობაში, ნდობის ხარისხსა და დამკვიდრებულ ნორმებსა და სტანდარტებს. წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია საქართველოში არსებული სოციალური კაპიტალის თავისებურებები და სტრუქტურა, გაანალიზებულია მისი ფორმირების საფეხურები და გამოკვეთილია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღევანდელი ქართველი საზოგადოება დგას. სტატიაში შემოთავაზებულია დასმული პრობლემების გადაჭრისა და საქართველოში არსებული სოციალურ-კონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზები.

საკვანძო სიტყვები: სოციალური კაპიტალი; ნდობა; მოხალისეობა; საზოგადოებრივი აქტივობა; საქართველო; სოციალური მეწარმეობა.

ტერმინი - „სოციალური კაპიტალი“ იგულისხობს სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების სინთეზს, რომელთა ურთიერთქმედებისას ყალიბდება საზოგადოებრივი ნორმები და სოციალური ურთიერთობები. სოციალურ კაპიტალში მოიაზრება როგორც არაფორმალური, ასევე ფორმალური ურთიერთობები და სტრუქტურები, როგორიცაა: მთავრობა, პოლიტიკური რეჟიმი, კანონის ძალა, სასამართლო სისტემა, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლება. სოციალური კაპიტალი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლითაც ყველას შეუძლია სარგებლობა. თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში აღიარებულია, რომ სოციალური კაპიტალი ეკონომიკური ზრდის ისეთივე არსებითი ფაქტორია, როგორც კაპიტალის სხვა ფორმები. ამას შემდეგი არგუმენტები ადასტურებს: სოციალური კაპიტალი თავის გადამანაწილებელი ფუნქციებით აუმჯობესებს საბაზრო სისტემის ფუნქციონირებას, სოციალური კაპიტალის ზრდა ხელს უწყობს ადამიან-კაპიტალის რაოდენობრივ და თვისებრივ ზრდას, სიღარიბის დონის შემცირებას, შემოსავლების უთანაბრობის აღმოფხვრას, საზოგადოების გაჯანსაღებას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციურ განვითარებას. სწორედ აღნიშნული ფაქტორებია ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორები.

სოციალური კაპიტალი საქართველოში

USAID-ის კვლევის თანახმად საქართველოში სოციალური კაპიტალის სტრუქტურა კომპლექსურია [1]. საქართველოში მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის  კავშირები წარმოუდგენლად მაღალია, ამდაგვარი ნათესავურ-მეგობრული ურთიერთობები გამოვლინებას ჰპოვებს თანამედროვე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, მაგალითად: განთლება, ბიზნესის დაწყება, უძრავი თუ მოძრავი ქონების შეძენა და ა.შ. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოში მაღალია შემაკავებელი (bonding) სოციალური კაპიტალი, კავკასიის კვლევის ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა, საქართველოში შიდა სოლიდარობის დონის განსასაზღვრად [2]. გამოკითხულთა 93%-მა დააფიქსირა აზრი, რომ ფინანსური პრობლემების შექმნის შემთხვევაში მიმართავს ოჯახს, ხოლო 80% - მეგობრებს.

და მაინც, მთლიანობაში, სოციალური კაპიტალის დონე საქართველოში არადამაკმაყოფილებელია დაბალი გამაერთიანებელი (bridging) სოციალური კაპიტალის გამო, რომელიც ინდივიდებს აკავშირებს საზოგადოების უცხო წევრებთან. აღნიშნულ მოსაზრებას ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის ამა თუ იმ საქმიანობის სფეროში კრახი, მაგალითად, ფერმერების წარუმატებელი ურთიერთქმედება და პრობლემები კოლექტიურ საქმიანობებში. კავკასიის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 5% - ია ჩართული მოხალისეებად სამოქალაქო აქტივობებში [3], რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ძირითადად შემაკავებელი სოციალური კაპიტალია განვითარებული - ქართველებს აქვთ კავშირები საკუთარ ნათესავებსა თუ მეზობლებთან, ხოლო უცხოებთან ურთიერთთანამშრომლობისგან თავს იკავებენ.

ლეგატუმის მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა - ნიკარაგუასა და გუატემალას შორის [4] (იხ. დიაგრამა 1).

ინდექსის მიხედვით მოწინავე პოზიციები უჭირავთ შემდეგ ქვეყნებს: ნორვეგიას, ახალ ზელანდიას, ფინეთს, შვეიცარიას, შვედეთს და ნიდერლანდებს. აღსანიშნავია, რომ ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსი სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობით ზომავს ქვეყნის განვითარების ხარისხს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია შემდეგი ინდიკატორები: სოციალური კაპიტალის განვითარების დონე, ეკონომიკური მდგრადობა, მეწარმეობის შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, დაცულობა-უსაფრთხოება, პიროვნული თავისუფლება, გარემოს დაცვა.

საქართველოში ლეგატუმის მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსი [4] 2007 - 2017 წწ.

დიაგრამა 1

როგორც ჩანს, საქართველო 149 ქვეყნიდან სოციალური კაპიტალის განვითარების დონით, 140-ე ადგილზე მოხვდა, რაც არცთუ სახარბიელო მაჩვენებელია. ეკონომიკური მდგრადობის დონით – 95-ე, მეწარმეობის შესაძლებლობების შეფასებისა და ბიზნესგარემოს ანალიზის შედეგად – 70-ე, მმართველობის დონით – 52-ე, განათლების დონით – 58-ე, ჯანდაცვის დონით – 90-ე, დაცულობა-უსაფრთხოების ხარისხის მიხედვით – 71-ე, პიროვნული თავისუფლების დონით -87-ე, ხოლო გარემოს დაცვის ხარისხის მიხედვით- 124-ე ადგილზე.

ნდობა ქართული საზოგადოების წევრებს შორის დაბალია. როგორც კავკასიის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა მხოლოდ 24% -ს მიაჩნია, რომ უცხო ადამიანების ნდობა შეიძლება [2], ასევე ირკვევა, რომ საქართველოს აგრარულ სექტორში, სახნავ-სათესად გამოსაყენებელი მიწების ნახევარზე ნაკლები მუშავდება, ამავდროულად, სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაზე მოდის მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის წილი მშპ – ში 10%-ზე ნაკლებია. ქართველ მიწათმოქმედთათვის უმჯობესია საკუთარი პატარა ნაკვეთების დამუშავება, ვიდრე ერთმანეთთან სისტემური თანამშრომლობის ხარჯზე პროდუქტიულობის ზრდა. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ ქართულ საზოგადოებას უჭირს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ფორმირება და ეფექტიანი თანამშრომლობის ორგანიზება.

დაბალი სოციალური კაპიტალის გამომწვევი ფაქტორები საქართველოში

დაბალი სოციალური კაპიტალის მიზეზების გასაანალიზებლად აუცილებელია სამეცნიერო კვლევების შედეგების მიმოხილვა. მარკ ჰოვარდმა გამოაქვეყნა სემინარული კვლევა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე და დაასკვნა, რომ სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო ჩართულობის დაბალ დონეს განსაზღვრავს სამი ძირითადი ფაქტორი, ესენია [5, გვ 157]:

1. სოციალისტური წყობილებიდან გადმოყოლილი საზოგადოების უნდობლობა და მოხალისეობის კულტურის არქონა;

2. ჩაკეტილი საკონტაქტო ქსელების არსებობა (მეგობრები, ნათესავები და ა.შ), რაც იმის მიზეზია, რომ ინდივიდებს სოციალური წრის გაფართოების სურვილი აღარ უჩნდებათ;

3. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამეფებული მასობრივი იმედგაცრუება.

ბევრი მეცნიერი ეთანხმება ჰოვარდს იმ საკითხში, რომ სოციალიზმმა შეაფერხა სოციალური კაპიტალის დონის ზრდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ვინაიდან ძალიან დაეცა ინტერპერსონალური და გარეგანი ნდობის ხარისხი. ჯოუიტი ამტკიცებს, რომ სოციალისტურმა იდეოლოგიამ დანერგა უნდობლობა და ცინიზმი საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მოსახლეობაში [6]. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს საზოგადოების წევრები ძალდატანებით, თავიანთი ნების გარეშე იყვნენ გაწევრიანებულნი სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობასა თუ კავშირებში, ნაკლებად ხდებოდა მოხალისეობის კულტურის წახალისება და განვითარება, ამიტომ, ხალხის იძულებით ჩართვამ სხვადასხვა აქტივობაში გრძელვადიან პერიოდში ნეგატიურად იმოქედა მათზე და საპირისპირო შედეგი გამოიღო. “ლენინური კულტურა” ხასიათდებოდა ნდობის დაბალი ხარისხით და დაბეზღების ინსტიტუტით. მკვლევარი ნიკოლსი აღნიშნავს, რომ საბჭოურმა იდეოლოგიამ დაღი დაასვა საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების გაღრმავებასა და სოციალური კაპიტალის განვითარებას [7].

ამგვარად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოებამ გარდამავალი პერიოდი დაიწყო სოციალური კაპიტალის ბაზისის გარეშე. ჰასანოვის მიერ ბაქოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანულ საზოგადოებაშიც სოციალური კაპიტალისა და ნდობის ხარისხის დაბალი დონე ფართოდაა გავრცელებული “ტოტალიტარული რეჟიმის” გამოცდილებისა და სოციალისტური წყობის გამო [8]. ისტორიულმა წარსულმა გამოააშკარავა დაბალი დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის არსებობის მიზეზები. ისტორიული წარსულის მნიშვნელობის შესაფასებლად მოგვყავს დასავლეთ ევროპის მაგალითი. ისტორიკოსი ჰაროლდ ბერმანი აღწერს, თუ როგორ განვითარდა დასავლეთ ევროპაში სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო ჩართულობის დონე [9]. იგი აღნიშნავს, რომ სოციალური კაპიტალის განვითარება დაიწყო 1075 წლიდან, როდესაც დასავლეთ ევროპაში გატარებულ იქნა გრეგორიანული რეფორმა. კანონიკური სამართლის მიხედვით, სოციალური ურთიერთობები დარეგულირდა კონსტიტუციაში გაწერილი ნორმებით, რაც ეფუძნებოდა სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპებს. აღნიშნულმა რეფორმამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ტიპის ასოციაციებისა და გაერთიანებების შექმნას. სწორედ ეს ასოციაციები გახდა დასავლეთ ევროპის დემოკრატიული განვითარების სათავე. სხვადასხვა სოციალური კავშირების წარმატებით თანამშრომლობის თვალნათელი მაგალითებია დღემდე შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები, საკათედრო ტაძრები და სხვადასხვა შენობა-ნაგებობა, რაც აშენებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველი ერთეულების წარმატებით თანამშრომლობის საფუძველზე.

საქართველოს უფრო შორეული ისტორიული წარსულის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ნათელი გახდება ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობები არსებობდა დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის განსავითარებლად. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დაპყრობილი და იმყოფებოდა სხვა ქვეყნების ბატონობის ქვეშ.

ისტორიული მოსაზრებების გარდა, არსებობს რიგი დამატებითი ფაქტორი, რაც გამოხატულებას ჰპოვებს სხვადასხვა ხარისხით სხვადასხვა სფეროსა და დარგში. ელინორ ოსტრომმა, ფრიდრიხ ჰეიკიმა, დუგლას ნორთმა და სხვა ინსტიტუციონალისტმა ეკონომისტებმა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა და ქვეყნის სამართლებრივი გარემო უზარმაზარ როლს თამაშობს სოციალური კაპიტალის განვითარების ხარისხზე [10]. დღესდღეობით ეს საკითხი მწვავედ დგას საქართველოში, ვინაიდან ქვეყნის თანამედროვე კანონმდებლობა არ არის ორიენტირებული სოციალური კაპიტალის განვითარებაზე. სწორედ საკანონმდებლო დაბრკოლებები და ორმაგი დაბეგვრის პრობლემა უშლის ხელს ფერმერების კოოპერატივების შექმნას.

არსებული გამოწვევები და სოციალური კაპიტალის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები

სოციალური კაპიტალის განვითარებისას, საქართველო ოთხი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას. აღნიშნული გამოწვევები ითვალისწინებს საქართველოს სოციალური კაპიტალის ორივე პრობლემურ ასპექტს: ერთობლივი კოლაბორაციის ნაკლოვანებასა და საქათველოს პოსტ- სოციალისტურ გარდამავალ პერიოდს. აღნიშნული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ქართველ საზოგადოებას დაეხმარება სოციალურ კაპიტალთან დაკავშირებული დაბრკოლებების გადალახვაში.

პირველი გამოწვევა დაკავშირებულია საქართველოს სოციუმის ფენომენთან. ხალხში მასობრივად გამეფებული აპათიისა და უნდობლობის შეგრძნება მნიშვნელოვნად მოქმედებს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის განვითარებაზე. მოსახლეობა გულგრილადაა განწყობილი ყოველივე იმ სარგებლის მიმართ, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს ერთობლივი საქმიანობისა და კოლაბორაციის შედეგად, ასეთი მდგომარეობა კი პოტენციურ სოციალურ მეწარმეებს მიზნების მიღწევასა და რეფორმების გატარებაში ხელს უშლის. აღნიშნული მდგომარეობა ქმნის ნეგატიურ სოციალურ კაპიტალს. პუტნამის აზრით, სწორედ აპათია და უნდობლობა წარმოადგენს სოციალური კაპიტალის ყველაზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორს [11]. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ქართველი საზოგადოება თავს იმედგაცრუებულად გრძნობს და არ გააჩნია მომავლის რწმენა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ქართველი საზოგადოება ძალისხმევას არ ხარჯავს სოციალური წრეების ფორმირებაზე. აღნიშნული საკითხის მოგვარების მთავარი გზაა სოციალური წრის შემადგენელი ინდივიდებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება იმ სარგებლისა და უპირატესობების შესახებ, რასაც ისინი მიიღებენ სოციალურ ალიანსებში გაწევრიანებით.

მეორე გამოწვევა დაკავშირებულია ლიდერობის ფენომენსა და ქართველი საზოგადოების მიერ ამ საკითხის აღქმასთან. მოსახლეობას ახასიათებს სოციალური მეწარმეებისა და მათი საქმიანობის მიმართ უნდობლობა, ვინადან მიაჩნიათ, რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ პირადი კეთილდღეობის მისაღწევად. აღნიშნული კი იწვევს სოციალური წრეების მიმართ ინდიფერენტულობას. ეჭვებისა და ნეგატივის ტალღა თვით ლიდერებსაც უკარგავს მოტივაციას, რათა ჩამოაყალიბონ სოციალური ასოციაციები. კავკასიის კვლევის ცენტრის 2012 წლის მონაცემებით, მხოლოდ 18% ენდობა ან სრულად ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხოლო, 23% აბსოლუტურად არ ენდობა მათ [3]. სიტუაცია გაცილებით უარესია პოლიტიკური პარტიების მიმართ: გამოკითხულთა მხოლოდ 7% ენდობა მათ ნაწილობრივ ან სრულად, ხოლო 53% -უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებულ უნდობლობას ემატება ისიც, რომ რესპონდენტთა 35% – ის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად საკუთარ დასაქმებულთა ინტერესებს იცავენ.

მესამე გამოწვევას წარმოადგენს ინსტუტუტებისა და მექანიზმების ფორმირება, რაც დაარეგულირებს სოციალურ წრეებში გაერთიანებული ინდივიდების უფლება-მოსილებებსა და პასუხისმგებლობას. აუცილებელია ისეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც დაიცავს თითოეული წევრის უფლებებს. სწორედ “თამაშის წესების” ნაკლებობა იწვევს იმას, რომ დაუფასებელია სოციალური კავშირების წევრების მორალური თუ ფინანსური სარგებელი, რაც გულგრილად განაწყობს სოციალური გაერთიანებების პოტენციურ წარმომადგენლებს.

მეოთხე დაბრკოლებაა საქართველოში არსებული არასტაბილური სოციო-ეკონომიკური გარემო. მოუქნელი ინსტიტუციური გარემო და ბიუროკრატიული სირთულეები საწყის სტადიაზე სპობს სტარტ-აპ სოციალურ კავშირებს და არ აძლევს მათ განვითარების საშუალებას. ასევე, აღსანიშნავია პროტექციონიზმის პრობლემა და ახლობლების, ნათესავებისა და მეგობრების საქმიან ურთიერთობებში უპირატესობის მინიჭება, რაც განსაკუთრებით ართულებს გამაერთიანებელი სოციალური კაპიტალის ფორმირებას.

ტერმინი - „სოციალური მეწარმე” საუკეთესოდ ეხმიანება სოციალური კაპიტალის მობილიზებისა და განვითარების იდეას. სწორედ მათ გარეშემო ხდება სოციალური კაპიტალის ფორმირება. სოციალური ლიდერების გარეშე ვერ ხერხდება საზოგადოების ინტეგრირება და მობილიზაცია. სოციალური მეწარმეების საქმიანობა უნდა წარიმართოს უშუალოდ სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი გახდეს ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს სირთულეების ეფექტიანად დაძლევა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალურმა მეწარმეებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება “ნათელ წერტილებზე” და დააკვირდნენ ინდივიდთა კოჰაბიტაციის პროცესს. აუცილებელია სოციალური კაპიტალის წევრების ინდივიდუალიზმის იდენტიფიცირება და მიღებული გამოცდილების სამუშაო პროცესში გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია იმ ასპექტებზე ფოკუსირება, რაც აფერხებს სოციალური კაპიტალის ფორმირებას. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია იმ სარგებლის შესახებ, რასაც სოციალურ წრეებში გაერთიანებითა და აქტიური ჩართვით მიიღებს.

***

დასასრულ, დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი სოციალური კაპიტალის დონე ქართულ საზოგადოებას აკარგვინებს უზარმაზარ უპირატესობებს და აფერხებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების დიდ შესაძლებლობებს. ის ასევე უდიდესი გამოწვევაა დემოკრატიულ ქვეყანაში. საქართველოში სოციალური კაპიტალის კულტურის გასავითარებლად საჭიროა კარგი მენეჯმენტი და პროცესების თანმიმდევრული და გონივრული მართვა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოხალისეთა მობილიზება მოითხოვს მეთოდოლოგიური მიდგომების არსებობასა და გულმოდგინებას. ნდობის აღსადგენად და სოციალური ალიანსების შესაქმნელად აუცილებელია, თითოეული ინდივიდის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და მათი ძალისხმევა არ უნდა იქნეს გამოყენებული ინსტრუმენტად სუბიექტური მიზნების მისაღწევად, სოციალური კაპიტალის თითოეულმა წევრმა თავი უნდა იგრძნოს გუნდის შემადგენელ სრულფასოვან და თანაბარუფლებიან ნაწილად.

საქართველოში სოციალური კაპიტალის განსავითარებლად ეფექტიანი იქნება დონორი ორგანიზაციების მიერ მოხალისეობისა და სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის პრაქტიკის დანერგვა, ეფექტიანი სტრატეგია შეიძლება იყოს ნოუ-ჰაუს გაზიარება და უნარ-ჩვევების გაძლიერება, წარმატებული მოხალისეების მოწვევითა და მათი გამოცდილების გაზიარების დახმარებით. სოციალურ აქტიურობაში ჩართულობის სტრატეგიის საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზებით შესაძლებელია ცინიზმისა და უნდობლობის დაძლევა. ყურადღების უპირველეს საგნად, რა თქმა უნდა, რჩება ორგანიზაციებში სწორი მენეჯმენტის საკითხი, რომელიც წარმართავს პროცესს და უზრუნველყოფს მოხალისეობის შესახებ იმ პოზიტიური გამოცდილების ჩამოყალიბებას, რომელიც კონკრეტულ შედეგებს აღწევს და თვალსაჩინოდ შეუძლია მეტი მოხალისეების მოზიდვა.

ლიტერატურა:

1. USAID, Social Capital in Georgia: Final Report and Recommendations, 2011, http://crrc.ge/ uploads/tinymce/documents/Completed-projects/CRRC_Social_Capital_Final_Report.pdf (ნანახია 26.03.2018)

2. მუსხელიშვილი მ., მეზვრიშვილი ლ., ნაცვლიშვილი ბ., ელიზბარაშვილი მ., საზოგადოების კვლევის ცენტრი (2012), სოციალური კაპიტალის როლი საქართველოს სოფლის განვითარებაში, http://cssge.ge/wp-content/uploads/2013/01/socialuri-kapitaliCSS-ASCN.pdf (ნანახია 6.04.2018)

3. კავკასიის კვლევითირესურს ცენტრი, 2012, http://crrc.ge/uploads/tinymce/documents/ Completed-projects/Volunteerism_Report_GEO.pdf (ნანახია 10.04.2018)

4. Legatum Institute, The Legatum Prosperity Index™- Bringing Prosperity to Life, 2017, http:// www.prosperity.com/download_file/view_inline/3479 (ნანახია 5.04.2018)

5. Howard, Marc Morjé. 2002. ―The Weakness of Postcommunist Civil Society.‖ Journal of Democracy 13(1): 157-169.

6. Jowitt, Ken. 1992. ―The Leninist Legacy. In Eastern Europe in Revolution, ed. Ivo Banac, Ithaca NY, Cornell University Press

7. Nichols, Thomas. 1996. ―Russian Democracy and Social Capital, Social Science Information 35(4): 631–64.

8. Hasanov, Rafail. 2007. “Social Capital, Civic Engagement and the Performance of Local SelfGovernment in Azerbaijan.” Caucasus Research Resource Centers (CRRC)-Azerbaijan, http:// www.crrc.az/upload/Rafael_Hasanov_2007.pdf (accessed December 8, 2010).

9. Berman, Howard Joseph. 1983. Law and revolution: the formation of the Western legal tradition, Harvard University Press.

10. Putnam, Robert. 2000. Bowling Alone. The Collapse and Revival of American Community. New York, Simon & Schuster.

11. Putnam, Robert. 2000. Bowling Alone. The Collapse and Revival of American Community. New York, Simon & Schuster.