English / ქართული /








Journal number 4 ∘ Manana KharkheliAni Kimadze
Small Entrepreneurship - the Inclusive Growth of the Economy and Poverty Reduction Factor in Georgia

In the article inclusive small business is considered the power, which, after theoretical and practical trainings at specially designed business incubator, will create jobs for poor and rejected groups of Georgian population and, hence, support poverty reduction in the country.

In order to make the above-mentioned issues evident, the article discusses how disproportionate distribution of the income to rich and poor people causes widening of the gap between them and how this topic became a subject of concern in the United Nations Organization, Currency Fund, World Bank and etc. who acknowledged the phenomenon as the most significant challenge faced by modern times. They even conducted researches in this field. The studies showed that Gini coefficient, which measures the inequality of income distribution in the world, range between:

0,42-0.44 in Asia

0,30-0,63 in Europe

0,22-0,44 in Latin America

0,22-0,42 in Near East

0,42-0,68 in Sub-Saharan Republic.

Critical threshold of Gini coefficient ranges from 0,41 to 0,46 U. Its growth up to 1,0 means deepening of inequality. Gini index in Georgia is reported at 0,43, meaning that based on the level of wealth distribution equality, Georgia is one of the most backward countries.

According to the article, in order to handle the difficult situation in the whole world, international organizations have taken measures to reduce inequality, which will ensure inclusive economic growth, i.e. creating employment opportunities for different population groups and distribution of the income across each of them.

This article demonstrates support and preparedness of Georgian government to implement this novelty in Georgia, which was also highlighted by the country development strategy “Georgia in 2020” and expected level of Gini coefficient - 0.35.

Authors of the article mention that it is not the first time, that Georgian government focus on disproportionate distribution of wealth across the local residents and, thus, on poverty. The same promise was stated in the documents, created in 2001 – “An intermediate document of Economic Development and Poverty Reduction Program in Georgia”. Based on this document, the government was planning to take specific measures, the results of which would be revealed after three, seven and fifteen years and the level of poverty would be adjusted to the normal ranges. However, this promise was broken - Georgian government could not fulfill it.

In order to prevent the same thing from happening, the authors of the article suggest to identify the causes, which led the country to the poverty. Improper economic policy and bad management was considered to be the main reasons for it. And this was also caused by gathering of incompetent and corrupt politicians in the government.

According to the article, the most important task from the priorities of Georgian inclusive growth, which is presented in the development strategy of Georgia - “Georgia in 2020”, is eradication of corruption; realization of other goals should only follow that step. If this measure is not taken, promises, presented in this document regarding poverty reduction will still be broken.

The authors of the article claim that extensive involvement of Georgian population, particularly poor people in decision-making not only in business, but also government sectors, would ensure inclusive economic growth of the country. Launching an electronic petition platform by Georgian government in 17 May, 2017 is deemed to be unsatisfactory by them, as there are some people, especially the poor ones, who does not have access to the internet.

In order to achieve inclusive growth in Georgia, massively involve the poor in business development and empower them to demonstrate their strong sides and abilities, the authors of the article prefer to go from door to door, start real conversation with poor people and not to use e-petition platform.

The authors think that the above-noted goals may be achieved by local municipalities of Georgia, which will receive this command from the central government.

For involvement of poor people in small business development and, that way, supporting inclusive economic growth, the authors of the article suggest 8-step model (1. Approval of appropriate legislative acts; 2. Creating a working group; 3. Creating a working program; 4. Census of poor people; 5. Processing of information and detecting people with entrepreneurial skills; 6. Launching business incubator for the poor; 7. Allocating funds from the local budget; 8. Recruitment and starting the incubator, which is desirable to be implemented in every region of Georgia by the local municipalities. The key step of the proposed model is launching the business incubator, where poor people will study entrepreneurship based on their skills and abilities and start their own business by financial support of the government.

Keywords: Small Entrepreneurship; Inclusive Growth; Inclusive Business; Involvement of Poor People; Dialogue with the Poor.

JEL Codes: L26, L29, L32

მცირე მეწარმეობა - ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ფაქტორი საქართველში

ამ ბოლო დროს სამეცნიერო ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოჩნდა ტერ­მინი - "ინკლუზივი", რასაც ტერმინ "ინსტიტუციონალურის" მსგავსად, სხვადასხვა კონტექსტით იყენებენ - ინკლუზიური ზრდა, ინკლუზიური ბიზნესი, ინკლუზიური ჩართვა, ინკლუ­ზიური მიდგომა, ინკლუზიური გადაწყვეტა და ა. შ. პირდაპირი თარგმანით ის ნიშ­ნავს ჩართვას, შემცველობას ("Includo" _ ჩართვა, მოიცავს). ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას­თან მიმართებით ის უნდა გავიგოთ როგორც ამ ზრდის მიღწევა მოსახლეობის ფართო ფენების, უპირველესად, ღარიბების ჩართვით ეკონომიკასა და ბიზნესში. ამ მიმართულებით ეკონომიკური ზრდა დააანონსა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც, რომელმაც მასში მოიაზრა ეკონომიკური ზრდის შედეგად ქვეყანაში შექმნილი დოვლათის მოსახლეობაში შედარებით თანაბარი განაწილებაც. მასაშადამე, ინკლუზიური ზრდა ეფუძნება ეკონომიკაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვას, მათ დასაქმებას შესაძლებლობებისა და უნარების მიხედვით და შექმნილი სიკეთის მეტ-ნაკლებად თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში.

ეკონომიკის იკლუზიურ ზრდას ჰყავს მოწინაღმდეგებიც. მათი აზრით, ღარიბთა მატერიალური მდგომარეობის გამოსწორება ინკლუზიური ეკონომიკის დროს უპირატესად მიიღწევა პროგრესული დაბეგვრით, როცა ეკონომიკის მაღალშემოსავლიანი სეგმენტი უფრო მეტად დაიბეგრება და ეს ნამეტი საგადასახადო შემოსავალი ღარიბების სოციალური შემწეობების გაზრდისკენ წარიმართება. ინკლუზიური ეკონომიკის მოწინაღმდეგეები ამაში არა ეკონომიკის ზრდის სტიმულს, არამედ ანტისტიმულს და მასში მოსახლეობის შეძლებული ნაწილის აქტივობების შემცირების საფრთხეს ხედავენ. ჩვენი აზრით, დღეს საქართველოს ეკონომიკაში ღარიბების მასობრივი ჩართვა, მათი დასაქმება და საკუთარი შემოსავლებით ყოფითი პირობების გაუმჯობესება, არის სიღარიბიდან მათი გამოსვლის ერთადერთი და, ამასთან, ღირსეული გზა. ამ გზას ფართო ასპარეზი უნდა მიეცეს.

თემის აქტუალურობას განაპირობებს ის, რომ დღეს, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 11,8% უმუშევარია და შესაბამისად, სიღარიბე უმწვავესი პრობლმაა. სტატიაში ნაჩვენებია, თუ რა ქმედებებით უნდა მოხდეს საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება;  წარმოდგენილია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის 8 საფეხურიანი ჩარჩო-მოდელი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ საქართველოს რეგიონულმა ხელისუფლებებმა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: მცირე მეწარმეობა; ინკლუზიური ზრდა; ინკლუზიური ბიზნესი; ღარიბების ჩართულობა; დიალოგი ღარიბებთან.

ინკლუზიური ზრდის მიზანი და პრაქტიკულად

განხორციელების გზები საქართველოში

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა, ცალკეული ჩავარდნის მიუხედავად, კვლავაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად 2010-2017 წლებში ყოველ­წლიურად ეკონომიკის  2,5-3,0%-ით ზრდას ჰქონდა ადგილი, მათ შორის: 2010 წელს – 5,4%, 2011 წელს – 4,2%, 2012 წელს _ 3,4%%, 2013 წელს _ 3,4%, 2014 წელს _ 3,4%, 2015 წელს _ 2,8%, 2016 წელს _ 2,4%, 2017 წელს _ 2,7% [1]. თუმცა, ამ ზრდით მიღებული შემოსავალი თანაბრად არ ნაწილდება მოსახლეობაში და უფსკრული მდიდ­რებსა და ღარიბებს შორის კი არ მცირდება, არამედ წლიდან  წლამდე მატუ­ლობს. ეს პრობლემა უდგას მთელს მსოფლიოს - განვითარებულ ქვეყნებსაც და განვითარებადებსაც.

ჯინის კოეფციენტი, რომელიც ასახავს შემოსავლების განაწილებაში უთანაბ­რობას, შემდეგ ზღვრებში მერყეობს [2]: აზიაში - 0,42-0,44-ს; ევროპაში - 0,30-0,63-ს; ლათინურ ამერიკაში - 0,22-0,44-ს; ახლო აღმოსავლეთში - 0,22-0,42-ს; სუბ-საჰარის რესპუბლიკაში - 0,42-0,68-ს.

ჯინის კოეფიციენტის ტენდენცია ნულისკენ გვიჩვენებს შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის შემცირებას, ხოლო მისი ზრდა 1,0-სკენ - უთანასწორობის გაღრმავებას. ჯინის კოეფიციენტის კრიტიკული ზღვარი 0,41-0,46-ის ფარგლებშია. მთლიანი ხარჯების მიხედვით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,43-ია (2016), ანუ შემოსავლების უთანაბრო განაწილებით საქართველო კრიტიკულ ზონაშია.

შემოსავლების უთანასწორო განაწილება მოსახლეობაში მონათმფლობელობის პერიოდში წარმოიშვა და კაპიტალიზმის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა. ისტორიული თვალსაზრისით, მსოფლიოში ადგილი აქვს სიმდიდრის ზრდის ტენდენციას, მაგრამ ეს სიმდიდრე, როგორც აღვნიშნეთ, უთანაბროდ ნაწილდება. აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მზარდ უთანასწორობას "ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა" უწოდა. ეს საკითხი მეტად მწვავე დისკუსიის საგანი გახდა. კვლევები ჩაატარეს პიუს კვლევითმა, გაერომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და სხვებმა, რომელთაც ერთხმად დაადას­ტურეს, რომ ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის მთავარი გამოწვევაა.

სიღარიბის პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. თანასწორობა, სამართლიანობის მსგავსად, მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ადამიანები წუხან უთანასწორობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლი­ტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა. თუმცა, უთანასწორობის გარკვეული დონე არ ქმნის პრობლემას, რადგან ის წარმოშობს მოტივაციას ინოვაციების და მეწარმოების განსავითარებლად [3]. შემაშფოთებელია მაღალი უთანასწორობა - კრიტიკული დონის და მას ზევით. ასეთი დონე კი მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამ უთანასწორობის და პლანეტაზე არსებული სიღარიბის შესამცირებლად გაერომ დოკუმენტში - "ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის" -  დააანონსა მდგრადი გან­ვი­თარების მიზნები [4]. ის შედგება 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან. ამ დოკუმენტში მოცემული მე-8 მიზანი ეხება ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას. 2014 წელს ინკლუზიური განვითარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც სამუშაო პროგრამის მთავარ მიზნად დაასახელა.

საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა მოსახლეობის შემოსავლებში არსებული უთანასწორობა, როგორც თანამედროვეობის საშიში გამოწვევა, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას და ქვეყნის განვითარების სტრა­ტეგიაში - "საქართველო _ 2020", გაითვალისწინა შემდეგი: "ჩვენი მიზანია ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვ­ნე­ლოვანმა ნაწილმა ინკლუზიური, ანუ საყოველთაო ეკონომიკური ზრდის საფუძ­ველზე" [5, გვ. 2]. ამის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას დასახული აქვს რიგი წინაპირობის შექმნა, კერძოდ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, ეფექტური საჯარო მმართველობის უზრუნველყოფა, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და სხვა. საქართველოს განვითარების სტრატეგიაში, ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ეკონომიკის შემაფერხებელ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების მოძიება მთავარ ამოცანადაა დასახელებული. მითითებულია სამი ჯგუფის პრობლემა:

  1. კერძო სექტორის კონკურენტუუნარობა. მის მისაღწევად ყურადღება მიექცევა საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას;
  2. ადამიან-კაპიტალის განვითარება. ამის მიღწევა დაგეგმილია: შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარებით, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფით, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვით;
  3. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ეს განხორციელდება საინვესტიციო რესურსების მობილიზებით და ფინანსური შუამავლობის განვითარებით.

ჩვენი აზრით, ყველა ეს ღონისძიება ზოგადია. ამ ყველაფრის მოგვარებით საქართველოს მთავრობას უთანასწორობის ამსახველ ჯინის კოეფიციენტის საპროგნოზო მაჩვენებლად დადგენილი აქვს 0,35 [5, გვ. 6].

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს იყო პირველი შემთ­ხვევა, როცა მან ყურადღება გაამახვილა შემოსავლების უთანაბრო განაწილებაზე ქვეყანაში, და, აქედან გამომდინარე, სიღარიბეზე. ჩვენთვის ცნობილია 2001 წელს შემუშავებული მთავრობის განაცხადიც სახელწოდებით _ "საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის შუალედური დოკუმენტი”, რომელშიც აღნიშნულია - "საქართვე­ლოში არსებული სიღარიბის დონე და მისი სიმწვავე ნათელყოფს, რომ საჭიროა გრძელ­ვადიანი მიდგომა ამ საკითხისადმი“. ამ საკითხში ჩვენი სტრატეგია მოქცეულია დროში გათვლილ ჩარჩოში. კონკრეტული ღონისძიებების შედეგების ვადები განსაზღვრულია სამი, შვიდი და თხუთმეტწლიანი პერიოდებით და მათი რეალიზაციის შედეგად ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა ზომიერ ზღვარზე დადგება" [6, გვ. 67-68].

მაშასადამე, 2001 წელს საქართველოს მთავრობა თვლიდა, რომ სამ, შვიდ და შემდეგ თხუთმეტწლიან პერიოდში საქართველოში სიღარიბე ზომიერ ზღვარზე დავიდოდა. მას შემდეგ გავიდა 17 წელი და საქართველოს მოსახლეობის სიღარიბე არათუ ზომიერ ზღვარზეა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მსგავსი დაპირება მთავრობისგან ბევრჯერ სმენია. იგივე რომ არ მოხდეს ეხლაც, და რომ სტრატეგია "საქართველო - 2020"-ში აღნიშნული სიღარიბის აღმოფხვრა და უთანასწორობის შემცირება პარქტიკულ საქმედ იქცეს, უპირველესად საჭიროა იმ მიზეზების იდენტიფიცირება (რამაც ქვეყანა სიღარიბეში ჩაძირა) და შემდეგ მისი აღმოფხვრა.

მკვლევარი ჯ. საქსი ქვეყნის სიღარიბეში დარჩენის 7-მიზეზს ასახელებს [7]:

  • ინვესტიციების სიმცირე (ანუ "სიღარიბის ხაფანგი");
  • არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა;
  •  ფინანსური გადახდისუუნარობა;
  • ცუდი მმართველობა (კორუფცია);
  • არახელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა;
  • კულტურული ბარიერები;
  • ცუდი გეოპოლიტიკა.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზი საქართველოსთვის მეტ-ნაკლებად იდენტურია, მაგრამ ჩვენი აზრით, საქართველოს მოსახლეობა სიღარიბეში ჩატოვა ძირითადად არასწორმა ეკონო­მიკურმა პოლიტიკამ და ცუდმა მმართველობამ, განსაკუთრებით კორუფციამ. იმთავითვე საქართველოს მმართველ ელიტაში მოზღვავდა არაკომპეტენტური ადამიანები, რო­მელ­თაც ძალისხმევა მიმართეს არა ქვეყნის აღორძინებისკენ, არამედ საკუთარი გამ­დიდრებისკენ. ღარიბების ხარჯზე შეძლებულთა კიდევ უფრო გამდიდრებას ექსკლუ­ზიური ზრდა ეწოდება. ეს მდგომარეობაა დღეს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. სწორედ ამ მდგომარეობამ შეაშფოთა საერთაშორისო ორგანიზა­ციები, რისი გამოძახილიც იყო მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომ "მთავრობა მზადაა ინკლუზიური ზრდისთვის".

თავის დროზე სწორედ ამას შიშობდა მკვლევარი ჯ. ღოვლსი, როცა წერდა, "რომ მის შედეგად (მას მხედველობაში ჰქონდა შემოსავლებში უთანასწორობა) პოლი­ტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება შეიძლება ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში მოხვდეს.., რაც შეამცირებს ინვესტიციებს და გაზრდის კრიზისის რისკს" [8].

ადამიანთა ეს მცირე ჯგუფი ადვილად პოულობს საერთო მიზანს, ურიგდება ერთმანეთს და იწყება კორუფცია. საქართველოში კორუფციის მასშტაბი, მართალია შემცირდა, მაგრამ ის მთლიანად არ აღმოფხვრილა. მეტიც, ელიტარული კორუფცია წარმოიშვა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით საქართველომ მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევების მიხედვით, ჯერ მხოლოდ 48-ე პოზიციაზეა [9, გვ. 2]. ეს პრობლემა ნაკლებად უდგათ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ საქართველოს განვითარების სტრატეგიაში _ "საქართველო _ 2020", ინკლუ­ზიური განვითარების იმ პრიორიტეტების გვერდით, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურადაა ჩამოთვლილი - კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ადამიან-კაპიტალის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, დასახელებული უნდა იყოს კორუფციის მთლიანი აღმოფხვრაც.

ინკლუზიური განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაშიც ქვეყნის მოსახლეობის მეტ ჩართულობას და მათი ძლიერი მხარეების გამოყენებას. ეს მაშინ, როცა საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტში [10, გვ. 106], რაც ხაზს უსვამს მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესალებლობების გაძლიერების საჭიროებას. ამ შენიშვნის გამოსასწორებლად 2017 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობამ აამოქმედა პეტიციების ელექტრონული პორტალი. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ამ პორტალით სარგებლობა და მთავრობისთვის პეტიციის გაგზავნა, რომელზე პასუხიც ევალება მთავრობას.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის ჩარ­თულობის ამაღლების თვალსაზრისით, საქართველოში ურთიერთსაკომუნიკაციო ელექტრონული პორ­ტალის გახსნა უდავოდ კარგი ღონისძიებაა. ამის შესახებ მოვიხმობთ ჯ. ნელსონის აზრსაც: "დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ძლიერი მხარეების გამო­ყენება მათი ბიზნესში ჩასართავად სოციალური ქსელების გამოყენებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა" [11]. მაგრამ, ჯერ ერთი, საქართველოში ელექტრონული პორტალით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, მით უფრო ღარიბებს და გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთა საყოველთაო ჩართულობაზეც არის ორიენტირებული ინკლუზიური ბიზნესი, და მეორე, ელექტროპორტალის მეშ­ვეობით მთავრობაში პეტიციის წარსადგენად ერთი და ორი ხელმოწერა კი არ კმარა, არამედ საჭიროა მრავალი, რომელთა შეგროვებას ღარიბი არ დაიწყებს, რადგან ის უიმედო და ილაჯგაწყვეტილია, მას არ სჯერა, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხებს.

გასაგებია, რომ საქართველს ხელისუფლება ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფ­ლიოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს, მაგრამ რატომ არის აუცილებელი ის გაკეთდეს ზუსტად იმ ფორმებით, ხერხებით და მეთოდებით, როგორც ეს კეთდება დასავლეთში? ერთ-ერთი ასეთია ინკლუზიური ბიზნესის განვითარება, ანუ ბიზნესში ღარიბების ჩართვა და მათი ძლიერი მხარეების გამოყენება. მაღალგანვითარებული ქვეყნები ამის ორგანიზებას სოციალური ქსელით – ელექტრონული პორტალით აკეთებენ. მათთან ეს დიახაც მისაღებია, რადგან ოჯახების 99% - მდიდარიც და ღარიბიც - კომპიუტერით და ინტერნეტით აღჭურვილია. საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუა­ლოდ 70-75%-ის დონეზეა. ცხადია, მასში ღარიბ-ღატაკნი არ შედიან. ამიტომ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღარიბების ჩართვა მათთან კარდაკარ სიარულით უნდა განვახორციელოთ. ამის ნუ მოგვერიდება. უცხოეთში საბაზრო ეკონომიკის 200-წლიანი ისტორია აქვს, ჩვენ კი მხოლოდ 27-წლიანი, იქაურ ღარიბს სჯერა მთავრობის, ჩვენ ღარიბს არ სჯერა.

ელექტრონული პორტალის გახსნით საქართველოს მთავრობა ღარიბებს საკომუნიკაციოდ მასთან მისვლას სთხოვს. აჯობებს მთავრობა თვითონ მივიდეს ღარიბებთან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მეშვეობით, შექმნას ადეკვატური ჯგუფები მათთან დიალოგის გასამართად, მათი შესაძლებლობების, უნარების და ინტერესების გასაგებად. ეს ღონისძიება საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიცი­პალიტეტში უნდა გატარდეს.

ამ საკითხში ანგარიშგასაწევია ინდოელი წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის ამრთეა სენის მოსაზრება: "შეუძლებელია განვითარების პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა ფართო საზოგადოებრივი დიალოგის გარეშე. განვითარების პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს ფართო დიალოგს, რომელშიც ექსპერტების და პოლიტიკოსების გარდა ღარიბები და სხვა გარიყული ჯგუფების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას" [12].

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მოსულმა ახალმა მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით ეს ეხებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - ამუშავდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომელმაც 177 კომპანიას დაუჭირა მხარი, რომლებზეც გაიცა 400 მლნ ლარი (მ. შ. კომერციული ბანკებიდან 218 მლნ ლარი), 74 ბენეფიციარს სახელმ­წიფო ქონება გადაეცა, 1 მლრდ ლარი ჩაიდო სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ამით 26 000 ფერმერმა ისარგებლა და მრავალი სხვა.

მცირე და საშუალო სექტორის განსავითარებლად მთავრობის ასეთი მხარდა­ჭერა მართლაც მისასალმებელია და იგი ნამდვილად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ თუ ამ პროცესში არ ჩაერთო მოსახლეობის ფართო ფენები, განსაკუთრებით ღარიბები, ეს ზრდა მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს. ღარიბები ისევ დარჩებიან ღარიბებად, ანუ ეკონომიკა გაიზრდება, მაგრამ ეს იქნება არა ინკლუზიური ზრდა, არამედ ექსკლუზიური ზრდა. დღეს საქართველოში ეს რეალობაა.

საქართველოს მთავრობა აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოწოდებას, რომ ქვეყნებმა უნდა დაიწყონ ინკლუზიური ზრდა, ანუ ეკონომიკაში ფართოდ ჩართონ "ღარიბი მოსახლეობა და გარიყული ჯგუფები". ეკონომიკის ასე ამუშავებით ყველა მიიღებს სარგებელს – მდიდარიც და ღარიბიც, ანუ შემოსავალი მდიდრებიდან კი არ გადმონაწილდება ღარიბებზე [12, გვ. 78], არამედ ღარიბები თვითონ გამოიმუშავებენ თავიანთი ძლიერი მხარეების, უნარის და შესაძლებლობების მიხედვით. მაშასადამე, დავიმახსოვროთ: მთავარია  უნარი, ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები! საზღვარგარეთ ამ საკითხს განსხვავებულად უდგებიან. იქ ინკლუზიური ბიზნეს-მოდელით მუშაობის სტიმულს მოქმედ კომპანიებს აძლევენ. ასეთი კომპანიები მუშაობენ ხელმოკლე ადამიანებისთვის პროდუქციის დასამზადებლად და წარმატებასაც აღწევენ, რადგან ინფორმაციას ღარიბების ბაზრის შესახებ მათ თვითონ ეს ღარიბები აწვდიან. ასე რომ, ინკლუზიური ბიზნეს-მოდელით მომუშავე კომპანიებისთვის ღარიბები საკვანძო პარტნიორებია.

ინკლუზიური მცირე ბიზნესის განსავითარებლად საქართველოში ეს მიდგომა არ გამოგვადგება. საქართველოში უკვე ამუშავებული კომპანიებისთვის ღარიბების სეგმენტი ბიზნესის წარმოებისთვის არ წარმოადგენს ხელსაყრელ ადგილს [13, გვ. 107]. საბაზრო ეკონო­მიკის პრინციპით მუშაობის 27-წლიანი სტაჟი ერთობ ცოტაა იმისთვის, რომ მოგებაზე ორიენტირებულმა ბიზნესმენმა ღარიბთა ბაზრის მომსახურებით, ფაქტობრივად, ქველმოქმედება დაიწყოს და ამით დიდი ეჭვის ქვეშ დააყენოს თავისი შინაგანი მოგების ნორმა (IRR). ბიზნესმენმა რომ ეს გააკეთოს, ამას მისი მენტალობის შეცვლა სჭირდება, რომელსაც სამი ათეული წელი არ ყოფნის. ასე რომ ამ გზით საქართველოში ინკლუზიური ბიზნესის განვითარების იმედი ჯერჯერობით არ უნდა გვქონდეს. ეს საქმე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ყველა ადეკვატური რესურსი. ქვეყნის მთავრობას ევალება მოსახლეობის ამ ფენას შეუქმნას მათი უნარის და შესაძლებლობის გამოყენების ჯეროვანი პირობები. ამისათვის, უპირველესად საჭიროა შემუშავდეს ერთიანი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ღარიბთა სეგმენტი [14, გვ. 79]. შემდეგ, საქართველოს რეგიონების მიხედვით მოხდეს ღარიბთა იდენტიფიცირება და აღიწე­როს მათი უნარები და შესაძლებლობები. ამართეა სენის მიხედვით, ეს მხოლოდ უშუალოდ მათთან დიალოგით უნდა განხორციელდეს და არა ვინმე შუამავლების (ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა. შ.) მეშვეოებით, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებული არიან საზღვარგარეთიდან მოსულ მითითებებზე (რადგან ისინი იქიდან ფინანსდებიან), ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებზე. ეს რომ ასე არ იყოს, რატომ ხდება, რომ ინკლუზიური ზრდის მისაღწევად სტრატეგია - "საქართველო _ 2020"-ში ჩადებული ყველა პრიორიტეტული მიმართულება ემთხვევა საზღვარ­გარეთის ქვეყნების მიმართულებებს, იმათ შემაფერხებელ პრობლემებს. რატომ არსად არ ჩანს, რომ ჩვენი კერძო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სექტორი, იმიტომ არის დაბალკონკურენტუნარიანი, რომ მათ ფაქტობრივად არ იციან ბიზნესი. ისინი, შეიძლება ითქვას შემთხვევით, სოციალისტური ეკონომიკის კაპიტალისტურ ეკონომიკად გარდაქმნის გზაზე გახდნენ ბიზნესმენები. ეს იყო არა სურვილი, არამედ იძულება, შიმშილით სიკვდილისგან თავის გადარჩენის შანსი. ამ გზით ზოგი გადარჩა, ზოგი - ვერა. ამ უკანასკნელთა რიგებში მოხვდნენ ისინი, რომელთა ბიზნესით დაკავებული ადგილი არ შეესაბამებოდა მათ უნარსა და შესაძლებლობებს.

იგივე რომ არ განმეორდეს ბიზნესში ღარიბების ჩართვის დროსაც, რასაც ინკლუზიური ზრდა მოითხოვს, უპირველესად საჭიროა მივმართოთ მათი უნარი და შესაძლებლობები თავდაპირველად მიკრო და მცირე ბიზნესში და ვასწავლოთ მათ ბიზნესის მართვა. ეს უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ხარჯზე მას შემდეგ, რაც მოხდება ღარიბთა იდენტიფიცირება და მათი უნარების და შესაძლებლობების დადგენა. ღარიბთა სწავლების ასეთ ცენტრებად მხოლოდ ბიზნეს-ინკუბატორები მიგვაჩნია, რომელთაც ინკლუზიური ბიზნეს-ინკუბატორებიც კი შეიძლება ვუწოდოთ.

საქართველოს ღარიბი მოსახლეობის ბიზნეს-სწავლების ორგანიზება და ამ გზით მათი ჩართვა მიკრო და მცირე მეწარმეობაში, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უნდა განახორციელონ, შემდეგ 8 საფეხურად უნდა შესრულდეს:

პირველი საფეხური: სპეციალური საკანონმდებლო ნორმატიული აქტის შემუ­შავება და დამტკიცება;

მეორე საფეხური: ინკლუზიური ბიზნესის განვითარების მმართველ-მარეგულირებელი კომისიის ფორმირება;

მესამე საფეხური: სამუშაო პროგრამის შედგენა.

მეოთხე საფეხური: ღარიბი მოსახლეობის მასობრივი აღწერა მათი ასაკის, სქესის, ცოდნის, უნარის, შესაძლებლობის, ჯანმრთელობის, ჩვევების, რელიგიური მრწამსის მოთხოვნილებების და ინტერესების მითითებით;

მეხუთე საფეხური: შეგროვილი ინფორმაციის დამუშავება და ღარიბთა ოჯა­ხიდან ასაკით და უნარით შედარებით ახალგაზრდა, ჯანმრთელი და უნარიანი ადამიანის გამოკვეთა ბიზნესში ჩასართავად;

მეექვსე საფეხური: ინკლუზიური ბიზნეს-ინკუბატორის გახსნა და შერჩეული ღარიბი ადამიანებისთვის იქ ბიზნეს-სწავლების მოწყობა;

მეშვიდე საფეხური: ინკლუზიური ბიზნეს-ინკუბატორის დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა;

მერვე საფეხური: ინკლუზიური ბიზნეს-ინკუბატორის დაკომპლექტება და ამუშავება.

დაბოლოს, დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ თუ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მიმართულებით ჩვენ მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების გატარებას (უპირველსად ეკონო­მიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში), ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითა­რების გზაზე ეს იქნება უკვე არა უბრალოდ დაპირება, არამედ პირველი რეალური ნაბიჯი. საქართველოს მოსახლეობა ამას დაინახავს, დაიჯერებს, მომავლის იმედით აღივსება და აქტიურად ჩაერთვება შრომით საქმიანობაში.

ლიტერატურა:

  1. International Monetary fund World Economic Outlook, “Subdued Demand – Symptoms and Remeddies” (October, 2016), 19.
  2. Piketti T., 2014, Capital in the Twety-furst century, Gambridge, Masachusetss, Harvard university Press.
  3. Lazear E. Rosen S., 1981, “Rank” Order Tournamentss as Ontimum Laber contracts, Journal of Political Economy – 89(5): 841-64.
  4. Resolution adapted by the General Assambly on 25 September, 2015. United Nations General assembly, Transformig our world: the 2030 Agenda for Sustainable Development.
  5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია -"საქართველო _ 2020", თბ., 2015.
  6. საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგ­რამის შუალედური დოკუმენტი, მთავრობის განაცხადი, თბ., 2001.
  7. Сакс Дж. Д. 2011. Конец бедности. Экономические возможности нашего времени, Пер. с англ. М., изд-во института Гайдара. gttp://padaread.com/?book=75470
  8. Rawls J. 1971. A Theory of Justice Gambridge, Massachusetts, Harvard University Press.
  9. კორუფციის კონტროლი, მმართველობის ეფექტიანობა, გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 9 ოქტომბერი, 2018.
  10. 10.  გულედანი ლ. ინკლუზიური ზრდის გამოწვევები მსოფლიოში და საქართველოში, III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში" - შრომების კრებული, თსუ, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, თბ., 2018.
    1. Nelson J., Ishikawa E., Geaneotes, Developing Inclusive Business Models, Harvard Kennedy School and International Finance corporation, 2009.
    2. ამართეა სენი, განვითარება, როგორც თავისუფლება და უფლებების დაცვაზე დაფუძნებული განვითარება, ელექტრონული რესურსი, საქართველოს პარლამ­ენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
    3. შაბურიშვილი შ, სოციალური მეწარმეობის ფენომენი და ინკლუზიური ბიზნესის მოდელები, ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი", N3, მაის-ივნისი, 2012.
    4. ბერიძე მ. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უმნიშვნელო­ვანესი ფაქტორი, ჟურნ. "ეკონომიკა და ბიზნესი", N1, 2017.