Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
Journal number 4 ∘ Givi Makalatia ∘ The Fifth Factor of Production and the Budgetary Policy of Georgia The theory of production factors is changing over time in the course of complications of economic relations. Initially three factors of production were adopted: Land, labor and equity. Further entrepreneurial skills were added as the fourth factor of production. Over time, the expansion of the production factor has become an issue again, because the process of economic reproduction became difficult due to the growth of world population and intensified competition. The paper analyzes and gives arguments on why the state's economic capacity shall be taken as a fifth factor of production. The goal of the state is to create an optimistic expectation of the future, which is important for encouraging production in the market economy. The stable supply of mentioned public goods to the market is a function of State. The modern Global financial-economic crisis has proven that the anti-crisis program is based entirely on measures to strengthen state intervention in the economy. We can say that the state is not an attachment of free market, but its immanent part that plays the role of a built-in stabilizer. Effective implementation of the State economic capacity depends on the budgetary policy. Priority spending of State finances directly affects the economic growth of developing countries. The budget policy of Georgia was analyzed and some recommendations have been prepared for the purposeful planning of the budget. The inflation targeted regime of the National Bank of Georgia is also discussed, which is considered to be an important factor in promoting investments. Due to the fact that Georgia is an import-dependent country, this regime contains certain risks. Therefore, budgetary policy has a significant role in the development of real sector. Keywords: State’s Economic Ability; Budgetary Policy; Optimistic Expectations of the Future; The Fifth Factor of Production; Global Financial-Economic Crisis. JEL Codes: O10, O11, O12 წარმოების მეხუთე ფაქტორი და საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოში გამძაფრებული კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანი პრობლემებია ეკონომიკური ზრდის კუთხით. აქედან გამომდინარე, წარმოების ფაქტორების განხილვა კვლავ აქტუალური და საყურადღებოა. ნაშრომში გაანალიზებულია და გარკვეულწილად დასაბუთებულია საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის მომავლის ოპტიმისტური მოლოდინის გადამწყვეტი როლი, განსაკუთებით განვითარებადი ქვეყნისათვის. მომავლის ოპტიმისტური მოლოდინის შექმნა წარმოების მეხუთე ფაქტორის - სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის პრეროგატივაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული საზოგადოებრივი საქონლის პერმანენტულ და სტაბილურ მიწოდებას. საკვანძო სიტყვები: სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი; საბიუჯეტო პოლიტიკა; მომავლის ოპტიმისტური მოლოდინი; წარმოების მეხუთე ფაქტორი; გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომისტებს შორის სახელმწიფოს ეკონომიკურ როლზე დისკუსია კვლავ აქტუალური გახდა, რის გამოც აღნიშნული თემა ძალზე კომპლექსურია და შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვა კუთხით. მოცემულ სტატიაში ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ სახელმწიფო, როგორც ისეთი არამატერიალური საზოგადოებრივი საქონლის მწარმოებელი, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვისაა აუცილებელი. სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი, როგორც წარმოების ფაქტორი წარმოების ფაქტორების თეორია პირველად ჟან ბატისტ სეის და ადამ სმიტის ნაშრომებში გვხვდება და მას შემდეგ გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. თავდაპირველად განიხილებოდა წარმოების სამი ფაქტორი: მიწა, შრომა და კაპიტალი [1]. მოგვიანებით ი. შუმპეტერის გავლენით ეკონომიკურ თეორიაში სამეწარმეო უნარი მეოთხე წარმოების ფაქტორად იქნა აღიარებული. აღნიშნული წარმოების ფაქტორების შემოსავლებია შესაბამისად: მიწა-რენტა, შრომა-ხელფასი, კაპიტალი-პროცენტი და სამეწარმეო უნარი-მოგება. დროთა განმავლობაში წარმოების ფაქტორების რაოდენობის გაფართოვება კვლავ განსახილველი თემა გახდა, რადგან ეკონომიკის კვლავწარმოებითი პროცესი მსოფლიოში მოსახლეობის ზრდისა და გამძაფრებული კონკურენციის პირობებში გართულდა. საინტერესოა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიერ განხილული სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი, როგორც წარმოების მეხუთე ფაქტორი, ხოლო ფაქტორულ შემოსავლად დასახელებულია ბიზნესზე ირიბი გადასახადები. არაპირდაპირი გადასახადი აღნიშნული ოთხი ფაქტორის შემოსავლებში არ აისახება, ხოლო პირდაპირი გადასახადი კი პირიქით, ფაქტორული შემოსავლიდან გადაიხდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია საქონლის ღირებულება მოიცავს წარმოების მეხუთე ფაქტორზე გასაცემ შემოსავალსაც, რის გამოც სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი წარმოების ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ [2]. თანამედროვე ეკონომისტები ხშირად ინფორმაციასაც წარმოების ფაქტორად განიხილავენ, თუმცა ის უფრო რესურსია, ვიდრე ფაქტორი [3]. რაც შეეხება განათლებას და სხვადასხვა გამოგონებას, ჩვენი აზრით, ისინი არ შეიძლება ცალკე იქნას განხილული, რადგან კაპიტალის კომპონენტში აისახება. კაპიტალი დაგროვილი შრომის შედეგია. შესაბამისად შეგვიძლია გამოვყოთ მატერიალური და არამატერიალური კაპიტალი. წარმოების ფაქტორია ყველაფერი, რისი რეალიზების შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შემოსავალი. ეკონომიკის კვლავწარმოებითი პროცესი მარტივია და ის მხოლოდ წარმოება-მოხმარებას მოიცავს. მიწოდების თეორიის ცნობილი წარმომადგენლის ჟ. ბ. სეის კანონის მიხედვით, ყოველი წარმოება თვითონ ქმნის საკუთარ მოთხოვნას, ეკონომიკა კი ყოველთვის წონასწორულ მდგომარეობაშია, რაც თავის მხრივ, გულისხმობს სრულ დასაქმებას [4]. ნებისმიერი პროდუქტის შექმნა ბუნებაში არსებული რესურსის გამოყენებით მასზე თანდართული შრომის გარეშე წარმოუდგენელია. ე.ი. რაც ობიექტურად ბუნებაში არსებობს, მისი ადამიანის სასურველ პროდუქტად გადამუშავება/მოხმარება მოითხოვს შრომის გაწევას. მაშასადამე, ეკონომიკის ზრდა განპირობებულია ბუნებრივ რესურსებზე ადამიანის შრომის დამატებით. ამგვარად, რაც იწარმოება, მისი რეალიზებისათვის საჭირო შემოსავლებიც გაცემულია, ანუ წარმეობისათვის გაწეული ხარჯი და შემოსავალი ერთმანეთს უდრის [5]. თანამედროვე ეკონომისტები მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში მთავარ პრობლემად უთანასწორობას გამოჰყოფენ (მაგ. ჯოზეფ სტიგლიცი, პოლ კრუგმანი, ფილიპ კოტლერი, ანტონ ატკინსონი, იანის ვაროუფაკისი, ტაილერ კავენი, ამარტია სენი, დანი როდრიკი და სხვა მრავალი). საზოგადოებრივ შრომით ურთიერთობაში აუცილებელია შესაბამისობის პრინციპის დაცულობა, ანუ ღირებულების ცნების სწორი ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ეკონომიკური მოდელის მიერ. საბაზრო ეკონომიკა შრომის შესაბამისი ღირებულების გამოვლენას ფულად ერთეულში პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულს ხდის კონკურენციის პრინციპზე. მაშასადამე, თუ თავისუფალი ბაზარი სრულად კონკურენტულია, მაშინ ბუნებრივი ღირებულება და საბაზრო ღირებულება ზოგადად ერთმანეთს უდრის. შესაბამისად, კონკურენტულ თავისუფალ ბაზარზე კრიზისები ნაკლებია (სრული კონკურენცია მხოლოდ თეორიულად შეგვიძლია განვიხილოთ). ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი მილტონ ფრიდმანი კი მიიჩნევს, რომ კონკურენცია სტატიკურად იარსებებს ეკონომიკაში, თუ ბაზარი იქნება განთავისუფლებული სახელმწიფოს უხეში ჩარევისაგან [6]. ჯონ მეინარდ კეინზის მიერ შემოთავაზებული „ზოგადი თეორია“ აკრიტიკებს კლასიკოსებს და მათ თეორიებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ სიტუაციებში მოქმედ თეორიებად განიხილავს [7]. ვფიქრობთ, ასე იმიტომაა, რომ დროთა განმავლობაში გამოწვევები იცვლება და, შესაბამისად, ეკონომიკური აზროვნებაც უნდა ტრანსფორმირდეს. კეინზის მიერ შემოთავაზებული ეფექტიანი მოთხოვნის პრინციპი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ხელს უწყობს და შედეგად ეკონომიკაში პროდუქციის საწარმოო ციკლი არ წყდება. ბოლო პერიოდში აღსანიშნავია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი, რომელიც მწვავე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური პრობლემა დაიძლია, ფინანსურ ბაზარზე პრობლემები გადაიდო ან მიიმალა [8], მაგრამ არ გამქრალა. ცნობილმა ეკონომისტმა ნაურიელ რუბინმა, რომელმაც წინასწარ განსაზღვრა იპოთეკური კრედიტების „ბუშტის“ გასკდომა და კრიზისის საშიშროება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტეპენ მიმთან ერთად 2010 წელს გამოაქვეყნა წიგნი „კრიზისი არ დასრულებულა“, სადაც აღწერილია თუ როგორ შეიძლება წინასწარ განვჭვრიტოთ კრიზისის მოახლოება და გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები [9]. როგორც ვხედავთ, პრობლემის შერბილებასთან გვაქვს საქმე და არა მის გადაჭრასთან. ზოგადად კრიზისების პროგნოზირება ეკონომისტებს შორის ძალზე სადავო თემაა. საინტერესოა ცნობილი ეკონომისტის ბენ ბერნანკეს შეფასება აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით: - „2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო უარესი, ვიდრე დიდი დეპრესია“[10]. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეკონომიკა უკვე კარგა ხანია თავის ნატურალური საქონელწარმოების დონეს მნიშვნელოვნად აცდა. რეალურ და ფინანსურ სექტორს შორის დისბალანსი [11] გამოწვეულია ფინანსურ ბაზარზე ფიქტიური კაპიტალის ძლიერ „გაბერვით“. ერთი მხრივ, ტექნოლოგიების განვითარებამ, როგორც კომპიუტერული ტექნიკის, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების თვალსაზრისით, და მეორე მხრივ, ადამიანების ტრანსფორმაციამ „ეკონომიკური ადამიანიდან“ (homo economicus) “ფინანსური ადამიანად” (homo financecus), როგორც საქმიანი ადამიანის სპეციფიკურ ტიპად, რომლის მიზანია მოგების მიღება არა სამეწარმეო საქმიანობით, არამედ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის გზით[12]. სპეკულაციური ტრანზაქციების რაოდენობის გაზრდამ კრიზისების შექმნას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი, რაც ნამდვილად არასასურველია. თანამედროვე პირობებშიც პრობლემაა გადახდისუნარიანი ერთობლივი მოთხოვნის დეფიციტი [13], რაც კრედიტებით ნაზღაურდება. მიმდინარე პერიოდის ეკონომიკური პრობლემები მომავალში გადაიდება. საინტერესოა ამერიკელი ეკონომისტის კენეტ ეროუს სიტყვები - „ფინანსურ სფეროში ადამიანთა მოტივაციები სულ უფრო მეტადაა ორიენტირებული მომავალზე, მაშინ როცა რეალური ბაზრები აწმყოში ცხოვრობს“ [14]. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეკონომიკური კვლავწარმოებითი პროცესი ძლიერ დამოკიდებულია მომავლის ოპტიმისტურ მოლოდინებზე. ზოგადად საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის მოლოდინებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ საინტერესოა რაციონალური მოლოდინების თეორიის განხილვა. რაციონალური მოლოდინების თეორიის მიხედვით (სარჯენტი, ბარო, ლუკასი) მომავლის სწორად განჭვრეტას და სწორ პროგნოზირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზეა დამოკიდებული ეკონომიკური აქტიურობა. შესაბამისად, მომავალში მისაღები შემოსავალი მეტი უნდა იყოს მიმდინარე პერიოდთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს. რაციონალური მოლოდინების თეორია უშვებს, რომ თითოეული ეკონომიკური სუბიექტი რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მომავლის სწორად განჭვრეტის შედეგია. შესაბამისად, ეკონომიკაში თითოეული დარგის ბაზარი ეფექტიანია, რადგან ყოველი ინდივიდი მხოლოდ მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობს. ამგვარ ინდივიდს უწოდებენ „რეპრეზენტატიულ აგენტს“, რომელიც რაციონალური ქცევით ხასიათდება მოსალოდნელი რისკების მიმართ [15]. მოლოდინების დიდ მნიშვნელობას ეკონომიკაში აგრეთვე აღნიშნავდნენ ცნობილი ეკონომისტები ა.პიგუ, ჯ.რ. ჰიქსი და ჯ.მ. კეინზი. კეინზი მოლოდინებს განიხილავდა, როგორც “ოპტიმიზმისა და პესიმიზმის ტალღებს“, რომელიც, მისი აზრით, განსაზღვრავდა საქმიანი აქტიურობის დონეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი ფუნქციონირებს ინდივიდების რაციონალური გადაწყვეტილებების მიხედვით, აშკარაა, რომ ისინი ურთიერთზემოქმედებენ და შედარებით ირაციონალური გადაწყვეტილებების მიმღებნი აუცილებლად დაზარალდებიან, რაც ერთი შეხედვით სამართლიანია, რადგან თითოეული ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს. „ჩამორჩენილ“ ადამიანს კი განვითარების ნაკლები შანსი რჩება, კონკურენციის პრინციპიდან გამომდინარე. რაციონალური მოლოდინების თეორია მოითხოვს თითოეული ეკონომიკური სუბიექტისგან ეკონომიკურ განათლებას. ცხადია, რომ აღნიშნული თეორია უკიდურესი წერტილია, რაც პრაქტიკაში რთული განსახორციელებელია. რაციონალური მოლოდინების თეორია მილტონ ფრიდმანის მიერ შემოთავაზებულ თავისუფალი ბაზრის მუდმივად კონკურენტულ მდგომარეობაში ყოფნის პრინციპს მოიცავს, სადაც სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევა მინიმალურია. მაშასადამე, თუ ადამიანები რაციონალურად იქცევიან, ბაზარი კონკურენტულია და იგი მაქსიმალურ ეფექტიანობას აღწევს. საყურადღებოა, რომ რაციონალური მოლოდინების თეორიის ჩარჩოებში რობერტ ლუკასი თავისუფალ ბაზრის დამახასიათებლად ციკლურ მერყეობებს არ მიიჩნევდა [4]. მაშასადამე, აღნიშნულ თეორიაში თავისუფალი ბაზრის პირობებში კრიზისები გამორიცხულია. მიუხედავად თეორიული თვალსაზრისით საინტერესო და სამართლიანი პოსტულატებისა, სამწუხაროდ, პრაქტიკაში კრიზისული პერიოდები მრავლად შეინიშნება. ასე იმიტომაა, რომ ეკონომიკა შედარებით არაზუსტი მეცნიერებაა, კვლავწარმოებითი პროცესი კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროდუქციის რეალიზაციის მოლოდინზე და არა ზუსტ პროგნოზზე. სახელმწიფოს მიერ ბაზარზე სწორედ ოპტიმისტური მოლოდინების შექმნის უნარი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ჩვენი აზრით, უნდა მივიჩნიოთ წარმოების ფაქტორად, რისთვისაც ფაქტორულ შემოსავლად იგი იღებს ბიზნესზე ირიბ გადასახადს. მართალია, სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური, საზოგადოებრივი საქონლის შექმნაა, თუმცა, ჩვენი აზრით, მისი საბოლოო მიზანია შექმნას ისეთი არამატერიალური საზოგადოებრივი საქონელი, როგორიცაა მომავლის ოპტიმისტური მოლოდინი. განვითარებადი ქვეყნების მიმართ წარმოების მეხუთე ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მძაფრი კონკურენციის გამო გასაწევია გაცილებით მეტი რისკი იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალი იყოს. საყურადღებოა, რომ ეკონომიკური კრიზისის შემთხვევაში მოსახლეობა მიმართავს სახელმწიფოს, რადგან იგი ქმნის ისეთ აუცილებელ საქონელს, რომლის შექმნა ცალ-ცალკე ინდივიდებს არ შეუძლიათ. ისევე, როგორც „დიდი დეპრესია“, ასევე „დიდი რეცესიაც“ დაძლეული იქნა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევით [16]. ბოლო წლების მანძილზე განვითარებული ქვეყნების სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში ძირითადად კლების ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში თითქმის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაზარდა სახელმწიფოს შესყიდვების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. რა თქმა უნდა, კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური ზრდა კლებულობდა, სახელმწიფოს შესყიდვები პირიქით, იზრდებოდა იმ მიზნით, რომ დაძლეულიყო გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. ამ მხრივ საინტერესოა განვითარებული ქვეყნების 2008 – 2009 წლის სტატისტიკური მონაცემები (იხ. ცხრილი) [17] . განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების წილი მშპ-ში 2008-2009 წლებში ცხრილი 1
ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარებული ქვეყნები სახელმწიფო ინტერვენციებს კრიზისულ პერიოდში აქტიურად მიმართავენ. თანამედროვე ფინანსურმა კრიზისმა დაამტკიცა, რომ ანტიკრიზისული პროგრამა მთლიანად ეფუძნება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის გაძლიერების ღონისძიებებს [18]. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო თავისუფალი ბაზრის არა დანამატი, არამედ მისი იმანენტური ნაწილია [2;11], რომელიც ჩაშენებული სტაბილიზატორის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია გამოითვლება ეკონომიკის ოპტიმიზმის ინდექსი [19], ის სერიოზულ განსჯის საგანს არ წარმოადგენს, რადგან ძირითადად სოციოლოგიურ კვლევებს ეფუძნება და ცდომილების მაღალი რისკი არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსი სულ დადებითი მაჩვენებელი უნდა იყოს, რათა არასტაბილურობის განცდა არ შეიტანოს ბაზარზე, რაც მისი გამოთვლის მიზანშეწონილობას ამცირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციას, მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე მსგავს ცალკეულ ინდექსებს. საქართველოს ეკონომიკური კონიუნქტურა და სახელმწიფოს როლი სახელმწიფოს ეკონომიკური უნარის ეფექტიანად განხორციელება დამოკიდებულია საბიუჯეტო პოლიტიკაზე. სახელმწიფო ფინანსების პრიორიტეტული გახარჯვა პირდაპირ ზემოქმედებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. ასე მაგალითად, თუ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არაკონკურენტული და არასამართლებრივი გარემო, კერძო საკუთრების დაუცველობა და ა.შ. სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა წარმართოს შესაბამისი ფინანსები. თუ მიმდინარე გამოწვევებს სახელმწიფო არ პასუხობს, მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი, მაშინ საბიუჯეტო პოლიტიკა არასწორია. დღეს ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ საქართველოს უმთავრესი პრობლემა, რაც გამოიხატება უარყოფით სავაჭრო ბალანსში [20] (ბოლო წლების მანძილზე 5 მლრდ. აშშ დოლარზე მეტია ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო). შესაბამისად, აუცილებელია წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტის გაზრდა. ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი. აუცილებელია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა. აქტიური საბიუჯეტო პოლიტიკა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის გარდა უნდა მოიცავდეს ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მხარდაჭერას, რისკების დაზღვევას, საჭირო ნედლეულის მოძიებაზე ხელშეწყობას, განათლების პრიორიტეტული დარგების სრულ დაფინანსებას, (მაგ. ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინები) საწარმოო დანიშნულების საქონლის შეძენას მეწარმეებისთვის [21] და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ დავიდ რიკარდოს და ჰექშერ-ოლინის თეორიები საერთაშორისო ვაჭრობასთან მიმართებით ვერ ხსნის თანამედროვე პრობლემას, რადგან შეფარდებითი უპირატესობა შეიცვალა კონკურენტული უპირატესობის კანონით [22]. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთი, რომელიც აწარმოებს მიწატევად, შრომატევად და ასევე კაპიტალტევად პროდუქციას. დღესდღეობით თითოეული სახის პროდუქციის ნომენკლატურა ძალზე ფართოა. ბუნებრივია, ადამიანების უსაზღვრო მოთხოვნილებებს მრავალფეროვნება იზიდავს, თუმცა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად პრეტენზიულს ხდის, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს. შესაბამისად, თანამედროვე პირობებში ერთობლივმა მიწოდებამ პირველი ადგილი ერთობლივ მოთხოვნას დაუთმო, რამაც გამოიწვია სწორედ მოლოდინების აქტუალურობა. მაშასადამე, გამოსავალი ინოვაციურ პროდუქციაშია, რომელიც უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, როგორც ახალი სახეობა და, მეორე მხრივ, შრომის მწარმოებლურობის გაზრდის საშუალება [23]. ცნობილი ეკონომისტის ნიკოლაი კონდრატიევის მიერ შემუშავებული კონიუნქტურის დიდი ციკლების მეექვსე ტალღა (რომელიც სავარაუდოდ 2020 წლიდან დაიწყება) დაფუძნებული იქნება მედიცინის უახლეს მიღწევებზე, ნანო-ტექნოლოგიებზე და კომპიუტერის ფუნქციონირების ახალ (კვანტურ) პრინციპებზე [24]. აქედან გამომდინარე, საჭიროა გარკეული კვლევები იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ, თუ რისი წარმოებაა შესაძლებელი არსებული რესურსებით [21], რაც ვფიქრობთ, საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი აქცენტი უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ აუცილებელია საბიუჯეტო პოლიტიკის მნიშვნელოვნების წარმოჩენა, არანაკლებ საყურადღებოა ადამიანური რესურსების სწორად განსაზღვრაც წარმოების ფაქტორების მიხედვით. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება სამეწარმეო უნარის მქონე მეწარმის ან მენეჯერის მიერ არასასურველია, რადგან ის ეკონომისტების საქმეა. ეკონომისტის მიზანია მიღწეულ იქნეს ადამიანებს შორის დაბალანსებული შრომითი ურთიერთობა, უმუშევრობის დაბალი დონე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ეკონომიკური განვითარება (და არა მხოლოდ ზრდა), ზომიერი ინფლაცია, ეროვნული ვალუტის მცურავი მართვადი და არა ნახტომისებური გაცვლითი კურსი, დაბალანსებული ან დადებითი სავაჭრო ბალანსი, ეფექტიანი საბიუჯეტო პოლიტიკა, სახელმწიფო ვალის დაბალი წნეხი მთლიან შიდა პროდუქტზე და ა.შ. ხოლო მეწარმის ან მენეჯერის მიზანია ფირმის მოგების მაქსიმიზაცია, რისთვისაც იგი ცდილობს დანახარჯების მინიმიზაციას, დაქირავებულთა შრომის ორგანიზებას, დროის და ფირმის ფინანსების მართვას, ეფექტიანი მარკეტინგული პოლიტიკის შემუშავებას და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევა საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის გარდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკასაც მოიცავს, მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპტიმისტური განწყობების შექმნა მეწარმეებისთვის ან უცხოელი ინვეტორებისთვის, რისთვისაც ის ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებს და გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში. ამგვარი მიდგომა ინვესტიციების წახალისებისთვისაა შემუშავებული, რაც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. საინტერესოა, რომ მისი განსაზღვრა ხდება არა ქვეყნის მიმდინარე ინფლაციის დონის მიხედვით, არამედ საპროგნოზო მაჩვენებლისა და ეკონომიკური აგენტების ინფლაციის მოლოდინის გათვალისწინებით [25]. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმპორტულ საქონელზე, რის გამოც ინფლაციის დონეც მეტწილად შესაძლოა იმპორტირებულ იქნეს, და მისი კონტროლი ეროვნულ ბანკს არ ძალუძს. შესაბამისად, აღნიშნული რეჟიმი მისი მიზნის მიღწევისადმი მაღალ რისკებს მოიცავს. ამასთან დაკავშირებით თვით ეროვნული ბანკიც მიუთითებს: „არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და შეიცავს რისკებს როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით“ [26]. ამ საკითხთან მიმართებით საინტერესო ტერმინი შემოგვთავაზეს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ - „ქვეყნებისათვის, სადაც იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს, აშკარად მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ტრადიციული ინფლაციის მაჩვენებლის, არამედ მისი მხოლოდ იმპორტირებული საქონლისა და მომსახურებით შედგენილი სამომხმარებლო კალათის მიხედვითაც გათვლა. ასეთ მაჩვენებელს შეიძლება დავარქვათ იმფლაცია (Imflation) - სახელი, რომელიც წარმოქმნილია ორი ტერმინის -„იმპორტის“ და „ინფლაციის“ გაერთიანებით“ [27]. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიზნობრივი ინფლაციის დონის მიხედვით ინვესტიციების წახალისება გარკვეულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად, ამისა ეროვნული ბანკისადმი ნდობა მაღალი უნდა იყოს. დასკვნა ამრიგად, წარმოების მეხუთე ფაქტორი - სახელმწიფოს ეკონომიკური უნარი ეკონომიკის კვლავწარმოებითი პროცესისათვის მასტიმულირებლად შეიძლება მივიჩნიოთ. აღნიშნული კვლევის შედეგად მივიღეთ შემდეგი დასკვნები:
ლიტერატურა:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||