Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Paata Koguashvili ∘ David Zardiashvili ∘ Public Consent is a Necessary Condition for the Survival of the Land of Georgia The Georgian nation is self-evident in reference to the land, so the new edition of the constitution should rely on the historical and legal heritage of the country and in terms of modern conditions and challenges should establish the basic principles of land ownership and land use. Namely: 1. The value principle - land is not only natural resource and economic category, but also the value that determines Georgians identity - national treasure and eternal inheritance; 2. The obligatory principle of the landowner - property is not only a right, but it obliges: its use must be at the same time for the benefit of society; this principle is the historical heritage of Article 116 of the 1921 Constitution; 3. Apart from these fundamental principles, the constitution shall strengthen the forms of ownership of land - state, municipal (community) and private property; 4. Constitutional Principle determining land law- The text of the Contitution must clearly indicate that land ownership and land use are regulated by the Organic Law - Land Code. Keywords: Land Ownership; Land Use; Constitution; Organic Law; Land Code; National Consensus; Natural Resource; Economic Category; Municipal (community) Prroperty. ეროვნული თანხმობა - საქართველოს მიწის გადარჩენის აუცილებელი პირობა მიწის საკითხში ქართველი ერი ოდითგანვე თვითგამორკვეულია, ამიტომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია უნდა დაეყრდნოს რა ქვეყნის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას, თანამედროვე პირობებისა და გამოწვევების შესაბამისად, სათანადო ფორმით უნდა ასახოს და დაამკვიდროს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მომწესრიგებელი ფუძემდებლური პრინციპები, კერძოდ: 1.ფასეულობათა პრინციპი - მიწა არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსი და ზოგადად, ეკონომიკური კატეგორიაა, არამედ – ქართველთა იდენტობის დამდგენი ფასეულობითი - ეროვნული საუნჯე და მარადიული სამკვიდრო; 2. მიწის მესაკუთრის დამავალდებულებელი პრინციპი - საკუთრება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულებაც – მისი გამოყენება იმავდროულად საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს; ეს პრინციპი საქართველოს 1921წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლის ისტორიული მემკვიდრეობაა; 3. გარდა ამ ფუძემდებლური პრინციპებისა, კონსტიტუციით გამყარებული უნდა იქნეს მიწაზე საკუთრების ფორმები - სახელმწიფო, მუნიციპალური (სათემო) და კერძო საკუთრება; 4. მიწის სამართლის დამდგენი კონსტიტუციური პრინციპი - კონსტიტუციის ტექსტში მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული, რომ მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა ორგანული კანონით - მიწის კოდექსით წესრიგდება. საკვანძო სიტყვები: მიწის საკუთრება, მიწათსარგებლობა, კონსტიტუცია, ორგანული კანონი, მიწის კოდექსი, ეროვნული კონსენსუსი, ბუნებრივი რესურსი, მუნიციპალური (სათემო) საკუთრება. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ნაწილს. ქართველი ერი შედგება ეთნიკური ქართველებისგან და საქართველოს მოქალაქეთა მთელი კრებულისგან. ქართველი ერის (ხალხი) უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების, ქვეყნის აღმშენებლობისათვის, თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს საკუთარი გზები კაცობრიობის საერთო მარადიული მიზნებისა და იდეალების რეალიზაციისათვის. საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა ნიშნავს ყველას თანასწორობას კანონის წინაშე და თანასწორ უფლებას, რომ საქართველოს ბუნებრივი და დღეს არსებული ცივილიზაციური რესურსები განვიხილოთ, როგორც ჩვენი, ასევე მარადიული შთამომავლობის სარჩენი და საარსებო ბაზა. მიწის საკითხში ქართველი ერი ისტორიულად თვითგამორკვეულია, ვინაიდან ქართველმა ოდითგანვე იცოდა, რომ: 1. მიწა, ე.ი. მამული მისი იდენტობის (ვინაობისა და რაობის) დამდგენი მთავარი ფასეულობააა-წინაპართაგან საპატრონოდ მემკვიდრეობით მიღებული, შთამომავალთათვის დასატოვარი მარჩენალი და სამკვიდრო; 2. სამკვიდროს პატრონობა, ე.ი. მისი ჯეროვანი მოვლა, სასიკეთოდ გამოყენება და დაცვა, არამხოლოდ ქართველის ხელშეუვალი უფლებაა, არამედ მისი უპირველესი მოვალეობაც საკუთარი ოჯახის, თემისა თუ სახელმწიფოს წინაშე; 3. მიწის კერძო საკუთრებასთან ერთად ხელშეუვალია საზოგადო, ანუ სათემო საკუთრებაც - სათემო (სოფლის) სამკვიდროს პატრონობა, ისევე როგორც კერძო სამკვიდროსი, შეადგენს თემის ყოველი წევრისა და მთლიანობაში - თემის უწინარეს მოვალეობას; 4. ქვეყნის ტერიტორია, ანუ მამული - ამ კერძო და სათემო სამკვიდროთა ერთობლიობა და ერთიანი ეროვნულ-ტერიტორიული იდენტობის მქონე მთლიანობაა, ხოლო მისი პატრონობა ამ ქვეყნის ყოველი მკვიდრის წმინდათაწმინდა მოვალეობა. ქართველი გლეხკაცი თავის პირად მამაპაპურ მამულს იცავდა თავისი დიდი მამულის - სამშობლოს, სახელმწიფოს დაცვის სახით. (ისევე, როგორც თავის დიდ მამულს, - სამშობლოს, სახელმწიფოს, - დაცვით იგი იცავდა თავის მამაპაპურ მამულსაც). ისტორიულად არსებული ამგვარი თვითგამორკვევა, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე, სწორედ ეს ფუძემდებლური პრინციპები, მიწაზე უფლება-ვალდებულებათა განუყოფლობას მარად გულისხმობდა. სწორედ ეს ქმნიდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის გამორჩეულ წესრიგს ქართულ სამართალსა და ყოფაში; სწორედ ამ ისტორიული თვითგამორკვევის პრინციპების ურყევობის წყალობით მოატანა სრულიად საქართველომაც და მისმა სოფლებმაც დღემდე. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით შესძლო ქართველობამ თითქმის შეუძლებელი - მიუხედავად ისტორიული ბედუკუღმართობისა და დრო-ჟამის ცალკეულ პერიოდში ქართული ტერიტორიების ნაწილზე, თუნდაც სრულად (მაგ. რუსეთის იმპერიის პირობებში) სუვერენიტეტის დაკარგვისა, ეროვნული იდენტობა და არც სამკვიდრო ქართველებს ჯერ არ დაუკარგავთ. ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა და განხორციელება უცილობლად ნიშნავს „ახალ თვითგამორკვევას“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების ფუძემდებლური პრინციპებისა და წესრიგის უკვე თანამედროვე ეპოქაში, ახალი გარემოებებისას ხელახალ გარკვევასა და თვითდამკვიდრებას; 'ეს „ახალი თვითგამორკვევა“ დღეს საკონსტიტუციო პროცესის სახეს ატარებს; ამ პროცესშიც სამკვიდროს, ანუ მიწის საკითხი, სასიცოცხლოდ ყველაზე არსებითი საკითხია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობა სხვადასხვა პოლიტიკური წყობის (მაგ. საპარლამენო ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა) პირობებში სავსებით შესაძლებელია, მაგრამ სამკვიდროს ბედის ცხადად გარკვეულობის გარეშე - ყოვლად წარმოუდგენელი. სწორედ ამიტომ, ზემოთ მოყვანილი ისტორიულად არსებული თვითგამოსარკვევი პრინციპები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ფასეული ისტორიულ-სამართალმემკვიდრეობა, ჯეროვნად უნდა იქნეს გათვალისწინებული და ასახული ახალ კონსტიტუციაში. ეს პრინციპები, რაც ქართველთა საე თო ეროვნულ იდენტობას (ვინაობისა და რაობის) მარად განსაზღვრავდა და რამაც ჟამის ყოველ გამოცდას თუ ძნელბედობას ათასწლეულების განმავლობაში გაუძლო, თანამედროვე ქართველებისათვისაც კვლავაც უნდა გახდეს მყარი საერთო ნიადაგი, მაშასადამე - ეროვნული თანხმობის მტკიცე დასაყრდენი. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კონსტიტუციის ტექსტში სათანადო, ეპოქისა და დღევანდელი გარემოებებისათვის შესაფერისი ფორმა უნდა მიეცეს, მაგრამ არსებითად არ უნდა შეიცვალოს, რაც ნიშნავს: 1. კონსტიტუციის ზოგად დებულებებში მკაფიოდ უნდა იქნეს მოცემული ფასეულობითი ნორმა-პრინციპი მიწის შესახებ - მიწა არა მხოლოდ ბუნებრივი და ოდენ ეკონომიკური რესურსია (როგორც ეს ფორმულირებულია კონსტიტუციის პროექტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტში), არამედ ჩვენი იდენტობის დამდგენი ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა. არსებობს ისტორიული შანსი, რომ ამ ფასეულობითი ნორმა-პრინციპის ზოგად დებულებებში ასახვით, უკვე კონსტიტუციით გაცხადდეს საქართველოს რაობის დამდგენი მარადიული ქართული ტრიადა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ შეიძლება, ხელიდან გაშვებული იქნეს. 2. მიწაზე საკუთრების ძირითადი ფორმები - სახელმწიფო, მუნიციპალური (სათემო სარგებლობა და მფლობელობა) და საქართველოს მოქალაქეთა საკუთრება, ასევე კონსტიტუციით უნდა იქნეს გამყარებული; 3. საკუთრების შესახებ მუხლში (დღევანდელი პროექტის მე-19 მუხლი) აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ საკუთრება (განსაკუთრებით მიწის საკუთრება) არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულებაც; აქ შეიძლება დავეყრდნოთ როგორც საკუთარ გამოცდილებასა და ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას (საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლი), ასევე ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს - გერმანიის კონსტიტუციის მიერ საკუთრების ინსტიტუტის, როგორც იმთავითვე სოციალური ვალდებულებით დატვირთული უფლების, მოაზრებას (იხ. გერმანიის კონსტი- ტუციის მე-14 მუხლი); 4. კონსტიტუციამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს, რომ არამხოლოდ მიწათმფლობელობას (როგორც ეს არის წარმოდგენილი პროეტში), არამედ მიწათსარგებლობასაც (მიწების აღრიცხვა, მიწათმოწყობა, მიწის, განსაკუთრებით - სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ჯეროვანი გამოყენება და დაცვა, და სხვ.) აგრეთვე, მიწის სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური და სათემო) პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებსაც ორგანული კანონი აწესრიგებს; ამასთან, ეს ორგანული კანონი სისტემატიზებული სახით თავს უნდა უყრიდეს მიწის შესახებ საკანონმდებლო ნორმებს (მ.შ. „სოფლის მეურნის სტატუსის შესახებ“ და „მიწის ყიდვა-გაყიდვისას პროირიტეტების განსაზღვრის შესახებ“). ე.ი. მიწის კოდექსის სახით უნდა იქნეს მომზადებული და მიღებული; 5. უცხოელებზე მიწის გასხვისების შეზღუდვა სწორედ ამ კონსტიტუციური პრინციპებიდან (მიწა, როგორც ეროვნული იდენტობის დამდგენი ფასეულობა და მიწაზე საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება) უნდა გამომდინარეობდეს; გასხვისება მხოლოდ ორგანული კანონით დაგენილ გამონაკ- ლის შემთხვევებში და პირობებით (საინვესტიციო სამოქმედო გეგმა დატვირთული აგროსამეურნეო ვალდებულებებით და სხვ.), როცა აშკარაა განსაკუთრებული სოციალურ-პოლიტიკური ინტერესი და საზოგადოებრივი სიკეთე, შესაძლოა იყოს დასაშვები; ამასთან, ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, რომ ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა გადავიდეს და შესაბამის თემს მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობასა და მფლობელობაში გადაეცეს, რაც სახელმწიფოს მიერ მის გაყიდვას, განსაკუთრებით უცხოელებზე, სრულიად გამორიცხავს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიწის საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თანხმობის მისაღწევად საკონსტიტუციო ნორმები შესაძლოა ამ სახით ჩამოყალიბდეს: ა) კონსტიტუციის პროექტის ზოგად დებულებებს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი: „მუხლი .... მიწა 1. მიწა, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, წარმოადგენს ქართველი ხალხის განსაკუთრებულ ეროვნულ საუნჯეს - წინაპარი, აწმყო და მომავალი თაობების მარადიულ სამკვიდროს, რომელსაც იცავს ხალხი და სახელმწიფო. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა ერის (ხალხი) უალტერნატივო სასიცოცხლო ბაზაა, რომელსაც განუმეორებადი სოციალური და კულტურული ფუნქცია (ფასეულობა) აქვს. მისი სრულად შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა სახელმწიფოსთვის შეუვალი მოვალეობაა; 2. მიწა შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ (სათემო სარგებლ ბასა და მფლობელობაში) და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მიწის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა, ხოლო სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში, აგრეთვე, მისი სათანადო დამუშავება, შეადგენს მიწის მესაკუთრის მოვალეობას ხალხისა და ადგილობრივი თემის წინაშე; 3. მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა, აგრეთვე მიწის სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური, სათემო) პოლიტიკის სამართლებრივი საფუძვლები წესრიგდება ორგანული კანონით... ბ) კონსტიტუციის პროექტის მე-19 მუხლის 1-ელი პუნქტი ამ რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს (შესაბამისად, ზედმეტია მე-4 პუნქტი და იგი ამოღებული უნდა იქნეს): „1. საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრება ავალდებულებს მისი გამოყენება იმავდროულად საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახუროს. საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები კანონით, ხოლო მიწის საკუთრებისა - ორგანული კანონით განისაზღვრება.“ ეს კონსტიტუციური პრინციპები, რაც საქართველოს ისტორიულ-სამარ-ლებრივ და მოწინავე საერთაშორისო (უწინარესად - ევროპულ) გამოცდილებას ემყარება, ამავდროულად ამ საკითხზე ეროვნულ თანხმობასაც ასახავს, შექმნის მტკიცე გარანტიას, რომ მიწის კანონმდებლობა, რომელიც დღეს სავალალო დღეშია, ჯეროვნად გაიმართოს, რათა მიწათმფლობელობასა და მიწათსარგებლობაში კვლავაც, როგორც ეს გეორგიანული (სამიწათმოქმედო) ცივილიზაციისათვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი (ქართველთა მიწასთან მარადიული ურთიერთობის ტრადიცია), გამორჩეული წესრიგი დამყარდეს. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მიწის ახალი, გამართული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომზადდეს და გატარდეს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მიწის რეფორმა (რისთვისაც შესაქმნელია მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვის სამსახური). აქვე ხაზგასასმელია, რომ დღეს არსებული გამოშიგნული და სახედაკარგული კანონი „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, მიუხედავად მასში სულ ახლახანს ცვლილებებისა და დამატებების ინიცირებისა, მიწის სამართლის მომწესრიგებელი ორგანული კანონის ფუნქციას ვერასგზით ვერ შეასრულებს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი მხოლოდ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და არა ზოგადად - მიწასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, თანაც მხოლოდ უაღრესად ფრაგმენტულად შეეხება; ხოლო ახლახანს ინიცირებული ცვლილებები, რაც უცხოელებისათვის სასოფლო- სამაურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შეძენის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და კონკრეტულად მხოლოდ ამ მტკივნეული საკითხის (ad hog) მოსაწესრიგებლადაა განკუთვნილი; ცალკე მსჯელობის საგანია და უაღრესად სადავოა, რამდენად წესრიგდება თუნდაც ეს მტკივნეული პრობლემა; მაგრამ, მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, მიწის დღევანდელ უმძიმეს პრობლემას ეს ინიცირებული პროექტი ვერ გადაწყვეტს: მიწის გაუცხოება მხოლოდ აისბერგის წვერია პრობლემათა იმ გრძელ ჯაჭვში, რასაც მოკლედ შეიძლება ქართული მიწის არაჯეროვანი პატრონობა ან სულაც - უპატრონოდ მიგდება ვუწოდოთ. სწორედ ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია კონსტიტუციური კანონის პროექტის ის ნორმა (იხ. პროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც ამ უვარგის კანონს მიწათმფლობელობის მომწესრიგებელი ორგანული კანონის სტატუსი ავტომატურად ენიჭება კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე. ეს ნორმა პროექტიდან ამოღებული უნდა იქნეს და მის სანაცვლოდ პროეტს აუცილებლად უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „3. ამ კანონის ამოქმედებამდე, არაუგვიანეს 2017 წლის 15 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და პარლამენტს მისაღებად წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „მიწის კოდექსი.“ დასასრულ, დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მიწა არის ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის თავისრჩენისა და ცხოვრების უალტერნატივო მარადიული ბაზა და მის თაობათა სრულფასოვანი გაზრდის, მათი ფიზიკური, მენტალური და სოციალური განვითარების შეუცვლადი ასპარეზი. საქართველოს მიწის დაცვა და მომავალი თაობებისათვის მისი გადაცემა ფართობის შეუმცირებლად და მისი მაღალი ეკოლოგიური ხარისხის შენარჩუნებით, არის საქართველოს სახელმწიფოს შეუვალი მოვალეობა მომავალ თაობათა წინაშე. მიწის საკითხზე ეროვნული თანხმობა არა მხოლოდ კონსტიტუციის ლეგიტიმურობის, არამედ ქართველთა ღირსეული თანაცხოვრების ფუძემდებლური და სავალდებულო პირობაა, ამიტომ, ამ თანხმობის მისაღწევად, საზოგადოებამაც და ხელისუფლებამაც ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს. ლიტერატურა: 1. პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი. miwis sakiTxi, anu bedi ama qveynisa //`axali agraruli saqarTvelo~, 6, 2016 w. 2. პაატა კოღუაშვილი, ჯუმბერ ფანჩულიმიწის მონიტორინგის და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მართვის სამსახური გვჭირდება//ახალი აგრარული საქართველო, 10, 2016 წ. 3. პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი.ქართული სოფლის შესახებ. სოციალური ეკონომიკა - ქართული სოფლის სტატუსის შესახებ. სოციალური ეკონომიკა - XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები , 5, 2016 წ. 4. პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე. მიწა ქართველთა ეროვნული საუნჯე და მარადიული სამკვიდროა. ახალი აჰრარული საქართველო, ივნისი, 2017წ. 5. პაატა კოღუაშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე. საქართველოს კონსტიტუცია და მიწის კოდექსი. ახალი აგრარული საქართველო, თებერვალი, #2, 2017წ. 6. პაატა კოღუაშვილი, დავით ზარდიაშვილი. მიწის საკითხი საქართველოს კონსტიტუციაში. ახალი აგრარული საქართველო, მარტი, 3, 2017წ. |