Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Aleksandre Ergeshidze ∘ Financial Sector of Georgia: Analysis of Current Situation and Modern Challenges The financial sector is crucial for the country’s rapid economic development, as it plays the role of an efficient intermediary. In the last decade, rapid growth of the loan portfolio substantially contributed to the economic growth in Georgia. However, the size of the financial sector in Georgia is still considerably smaller than in Central and Eastern European developing countries. This study examines current state of the financial sector in Georgia, its challenges and necessary measures to overcome them. One of the main challenges that Georgian economy currently faces is high dollarization rate, which negatively affects the long-term economic growth, as it: weakens the monetary policy transmission mechanism, increases credit and fi nancial stability risks, reduces economic flexibility and efficiency and increases country risk premium. Empirical evidence of countries with successful de-dollarization policy suggest that macroeconomic stability, credible monetary and fiscal policy, low and stable inflation, well developed domestic financial market, effective macro-prudential policies and good communication with market participants are necessary to significantly reduce high rates of dollarization. Keywords: Financial Sector; Financial Stability Indicators; Dollarization; Larization; Financial Crisis. JEL Codes: G18, G20, E50 საქართველოს ფინანსური სექტორი: თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და ახალი გამოწვევები ბოლო წლებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო აქტიურად განიხილება საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და მისი მომგებიანობის საკითხები. ასევე, მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მაღალი დოლარიზაციის შემცირების საკითხზე. შესაბამისად, სტატიაში განხილულია საქართველოს ფინანსური სექტორის მიმდინარე მდგომარეობა ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლების ტენდენციის გაანალიზებით, როგორიცაა კაპიტალის ადეკვატურობა, უმოქმედო სესხების კოეფიციენტი და მომგებიანობა. ასევე, გაანალიზებულია ლარიზაციის გაზრდისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, მოსალოდნელი შედეგები და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულია რეკომენდაციები დოლარიზაციის შესამცირებლად. საკვანძო სიტყვები: ფინანსური სექტორი, ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლები, ლარიზაცია, დოლარიზაცია, ფინანსური კრიზისი. ფინანსურ სექტორს არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, რადგან ის ასრულებს ეფექტიანი შუამავლის ფუნქციას დეპოზიტარებსა და მსესხებლებს შორის. ბოლო ათწლეულში ეკონომიკურ აღმავლობას საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საკრედიტო პორტფელის სწრაფმა ზრდამ. თუმცა, ფინანსური სექტორის ზომით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის განვითარებად ქვეყნებს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას, არის მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი [1], რომელიც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდაზე, რადგან ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის ცვლილების ზეგავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, ამცირებს ეკონომიკის მოქნილობასა და მის ეფექტიანობას, ზრდის საკრედიტო და ფინანსური სტაბილურობის რისკებს და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის რისკპრემიუმზე. წარმატებული დედოლარიზაციის პოლიტიკის მქონე ქვეყნების ემპირიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, სანდო მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკას, დაბალ და სტაბილურ ინფლაციას, კარგად განვითარებულ შიგა ფინანსურ ბაზარს, ეფექტიან მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და კარგ კომუნიკაციას ბაზრის მონაწილეებთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დოლარიზაციის შესამცირებლად. საქართველოს ფინანსური სექტორის ანალიზი საქართველოს ფინანსურ სექტორში წამყვანია საბანკო სექტორი, რომლის წილი ფინანსური ბაზრის მთლიან აქტივებში 90%-ს შეადგენს. შესაბამისად, არასაბანკო სექტორის როლი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მოკრძალებულია. მართალია, ბოლო წლებში მისი წილი მზარდია, თუმცა მისი აქტივების წილი ბაზრის მთლიან აქტივებში მხოლოდ 10%-ია, რაც მისგან საბანკო სექტორზე რისკების გადადების საფრთხეს ნაკლებად მოსალოდნელს ხდის. არასაბანკო სექტორში მნიშვნელოვანი წილი უკავიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა (ბაზრის წილი 5,8%) და სადაზღვევო კომპანიებს (1.9%) [2, გვ. 31] . საქართველოში საბანკო სექტორის საქმიანობა საკმაოდ კონსერვატიულია. კომერციული ბანკები პასიურები არიან წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების (დერივატივების) ვაჭრობის კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ნაკლებად ინტეგრირებულია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან, განვითარებად ქვეყნებში არსებული სუვერენული და ფინანსური კრიზისები ნაკლებად ზემოქმედებს ქვეყნის საბანკო სექტორის სიჯანსაღეზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სექტორის მდგრადობა პოზიტიურადაა შეფასებული. მათ მიერ ჩატარებულმა სტრესტესტებმა აჩვენა, რომ სისტემა საკმარისად კაპიტალიზებულია საგარეო შოკების შემთხვევაში. თუმცა, საბანკო სექტორის გამოწვევად რჩება აქტივების მაღალი კონცენტრაცია, რაც შესაძლებელია კონკურენციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა, რომელიც კონკრენციის გასაზომად გამოიყენება, 2016 წლის ივნისში 21.5% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით კონკურენციის ზრდაზე მიუთითებს [2, გვ. 27] . საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია ადეკვატური კაპიტალიზაციის მაჩვენებელი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის კაპიტალიზაცის კოეფიციენტი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და საზედამხედვლო მოთხოვნას საშუალოდ 5 პროცენტული პუნქტით აღემატება (იხ. დიაგრამა 1). აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო კაპიტალის დაახლოებით 80% პირველადი კაპიტალია. 2008-2009 წლებში, მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს ომის შედეგად გამოწვეული რეცესიის მიუხედავად, ფინანსური სექტორი განაგრძობს ზრდას და მისი ინდიკატორები ეტაპობრივად უმჯობესდება. საბანკო სექტორი საშუალოდ სტაბილურად მომგებიანი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში – კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტმა 14% შეადგინა. ბოლო წლებში, მომგებიანობის ზრდას მნიშვნელოვანწილად საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი განაპირობებდა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ეფეტიანობისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება. ეფექტიანობის ზრდა შეზღუდული რჩება არასაკმარისი მასშტაბის ეკონომიითა და პესონალის მაღალი ხარჯით, რაც 2-ჯერ და მეტად აღემატება განვითარებადი ქვეყნების შესაბამის მონაცემს. პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიუთითებს მთლიან სესხებში უმოქმედო სესხების წილის დაღმავალი ტენდენცია. 2008 წლის კრიზისის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებე- ლი განახევრდა და 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით 4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმოქმედო სესხების კოეფიციენტი საქართველოში მნიშვნელოვნად ნაკლებია მსგავსი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელზე (იხ. დიაგრამა 2). აღსანიშნავია, რომ ფინანსური შუამავლობის როლი ეკონომიკაში განაგრძობს გაღრმავებას. 2016 წლის მეორე კვარტლის მდგომარებით, სესხების ფარდობამ მშპ-სთან 51%-ს მიაღწია. ბაზელის კომიტეტის მიერ შეთავაზებულია სესხების მშპ-სთან ფარდობის ჩამორჩენა, როგორც ათვლის წერტილი კაპიტალის ბუფერის დასაგროვებლად. სხვა საზომებთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე უკეთ აფასებდა მოსალოდნელ კრიზისს [4, გვ. 55]. ბაზელის რეკომენდაციის გათვალისწინებით ტრენდის შესაფასებლად გამოყენებულია ფილტრი (აღებულია წრფივი ტრენდი), შედეგად სესხების მშპ-სთან ფარდობა 1.9 პროცენტული პუნქტით აღემატება ტრენდს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან არსებული დადებითი გაპი ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურების შედეგია და არა მაღალი საკრედიტო ზრდის. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკრედიტო ბუშტის არსებობის რისკი ამჟამად დაბალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წრფივი ტრენდი ნაკლებად რეალისტურია შენარჩუნდეს გრძელვადიან პერიოდში განვითარებად ქვეყანაში, რადგან წონასწორობის წერტილთან მიახლოებასთან ერთად, სესხების და მშპ-ს ზრდის ტემპი უნდა მიუახლოვდეს ერთმანეთს (იხ. დიაგრამა 3). დოლარიზაციის დონე საქართველოში საკრედიტო პორტფელის ზრდის შესაძლებლობის შესაფასებლად, შეგვიძლია შევადაროთ საქართველოში სესხების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი მსგავსი ქვეყნების მაჩვენებელს. საბანკო სისტემის განვითარებასთან ერთად გაიზრდება სასესხო პორტფელის მშპ–სთან ფარდობაც, თუმცა ამჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც დიაგრამა 4 გვიჩვენებს, საქართველოში სესხების ფარდობა მშპ-სთან 51%-ს შეადგენს, მაშინ , როცა შესაბამისი მაჩვენებელი ესტონეთში 80%-ს აღემატება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვნად გაზრდა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება შესაძლებელი იქნება, თუ საბანკო სექტორის ეფექტიანობა და გრძელვადიანი ლარის რესურსზე წვდომა გაიზრდება, რაც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას, არის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ დოლარიზაციის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. სესხების, დეპოზიტებისა და ვალდებულებების 65%-ზე მეტი კვლავ დენომინირებულია უცხოური ვალუტით (იხ. დიაგრამა 5). საქართველოში დოლარიზაციის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის მიმართ დაბალი ნდობაა, რაც ისტორიულ გარემოებებთანაა დაკავშირებული. 1990-იან წლებში ვალუტის გაუფასურებამ, მაღალმა ინფლაციამ და ინფლაციის გაზრდილმა მერყეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ეროვნული ვალუტით დაზოგვის რისკები და ხელი შეუწყო დანაზოგების დოლარიზაციას. დეპოზიტების დოლარიზაციას ასევე ხელს უწყობს გზავნილების მაღალი წილი (2015 წლის მონაცემებით, გზავნილების მშპ-სთან ფარდობამ 11% შეადგინა). გარდა ამ ფაქტორებისა, ეროვნული ვალუტის ნდობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობა და პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების მიმართ ნდობა. დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდაზე, რადგან:
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და აშშ-ს არ აქვთ მსგავსი ბიზნესციკლები და არც მუშახელის მობილობაა მაღალი, მნიშვნელოვანია ეფექტიანი, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის ქონა. გარდა ამისა, მაღალი დოლარიზაციის დროს გაცვლითი კურსის შოკი ზრდის ინფლაციურ წნეხს და ამავდროულად შესაძლოა უარყოფითად აისახოს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ეროვნულ ბანკს ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არჩევნის წინაშე აყენებს. სუსტი მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი თავის მხრივ ამცირებს ნდობას ეროვნული ბანკის მიმართ;
ზოგიერთი გაკვეთილი ფინანსური კრიზისიდანმაღალი დოლარიზაცია ზღუდავს გაცვლითი კურსის გამოყენების შესაძლებლობას შოკების შთანთქმისთვის. ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ განვითარებად ქვეყნებს, რომლებმაც შედარებით უკეთ შეძლეს კრიზისიდან გამოსვლა, ახასიათებდათ კურსის მაღალი მოქნილობა დაბალი დოლარიზაციის პირობებში და ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნულმა ქვეყნებმა, მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვნად შერბილებით და კურსის გაუფასურებით შეძლეს ხელი შეეწყოთ ეკონომიკის აღდგენისათვის, ინფლაციის მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე. საპირისპიროდ, მაღალდოლარიზებულმა ქვეყნებმა ნაკლებად მოქნილი გაცვლითი კურსით, აჩვენეს შედარებით უარესი მაკროეკონომიკური შედეგი. მაგალითად, პოლონეთმა, სადაც დოლარიზაციის (უცხოური ვალუტის სესხების წილი მთლიანი სესხებში) მაჩვენებელი 2009 წელს 33%-ს შეადგენდა, შეძლო მონეტარული პოლიტიკის შერბილებითა და გაცვლითი კურსის 60%-ით გაუფასურებით შოკის შთანთქმა და აღნიშნულ წელს ეკონომიკა, შემცირების ნაცვლად, 1.7%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ლატვიამ, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი იმავე წელს 89%-ს შეადგენდა, ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სრულად კორექტირება (კურსი მხოლოდ 15%-ით გაუფასურდა) და შედეგად მშპ 18%-ით შემცირდა. გარდა ამისა, დოლარიზაციის მაღალმა მაჩვენებელმა ნაწილობრივ განაპირობება ქვეყნის რისკპრემიუმის გაზრდა. როგორც დიაგრამა 6-იდან ჩანს, ქვეყნებს, რომლებსაც მაღალი დოლარიზაცია ჰქონდათ, რისკპრემიუმი უფრო მეტად გაეზარდათ, ვიდრე ქვეყნებს დაბალი დოლარიზაციით [10]. ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები საქართველოშილარიზაციის გაზრდა, დღეისათვის, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოს, ლარიზაციის წახალისების მიზნით მთავრობამ და ეროვნულ ბანკმა შეიმუშავეს ღონისძიებები, რაც მოიცავს ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლარით ფასდადებასა (ფასის გამოცხადებას) და სავალუტო რისკების ადეკვატურ გადანაწილებას [3]. ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშესაწყობად იგეგმება:
ლარით ფასდადების უზრუნველსაყოფად იგეგმება:
ხოლო სავალუტო რისკების ადეკვატური განაწილებისათვის:
აღნიშნული კომპლექსური ღონისძიებების გატარების შედეგად, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის ბოლოსთვის, ლარიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტული პუნქტით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სექტორის ლარიზაცია გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციას, უცხოური ვალუტის სესხის დასაფარად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებით. დედოლარიზაციის საერთაშორისო გამოცდილებასაერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ლიტერატურაში გამოყოფენ დოლარიზაციის შემცირების რამდენიმე გზას, მათ შორის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც გულისხმობს დაბალ და მცირე მერყეობის მქონე ინფლაციას [11]. აღნიშნულის მიღწევაში ინფლაციის თარგეთირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს; ასევე, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს დეპოზიტებისა და სესხების ლარიზაციას; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრისა და ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის ჰეჯირების, განვითარება, რაც დედოლარიზაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ასევე, შესაძლებელია დამატებით ეროვნული ვალუტის სტიმულირება, უცხოურ ვალუტაზე მაღალი რისკის წონების, სარეზერვო და ლიკვიდობის მოთხოვნოვნების დაწესებით. გარდა ამისა, ზოგიერთმა ქვეყანამ გამოიყენა ადმინისტრაციული შეზღუდვები, რაც გულისხმობს უცხოური ვალუტით გარკვეული ტიპის სესხების გაცემის აკრძალვას და დეპოზიტების ეროვნული ვალუტით კონვერტირებას. დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ბევრი ქვეყნისთვის რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, თუმცა, არის ქვეყნები, რომელთაც წარმატებით შეძლეს დედოლარიზაცია. ასეთებია ისრაელი და პოლონეთი [12, გვ. 5]. პირველ რიგში, ორივე ქვეყანამ უზრუნველყო მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ინფლაცია დაბალ, სტაბილურ დონეზე შეინარჩუნა. გარდა ამისა, ისრაელის შემთხვევაში გაღრმავდა და განვითარდა ფინანსური შუამავლობა, რამაც ხელი შეუწყო ჰეჯირების ინსტრუმენტების განვითარებას. პოლონეთმა, ფინანსური სექტორის ლიბერალიზაციითა და ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანა ასევე იყენებდა პროდენციულ რეგულაციებს დედოლარიზაციის წასახალისებლად. თუმცა, მხოლოდ პრუდენციული და ადმინისტრაციული გზებით დედოლარიზაციამ შესაძლოა ქვეყნიდან ფინანსური რესურსის გადინება გამოიწვიოს, რისი მაგალითიცაა ლათინური ამერიკის ქვეყნები: პერუ და ბოლივია [13, გვ. 3]. აღსანიშნავია, რომ ამ ორმა ქვეყანამ, შემდეგ ეტაპზე მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფით, ეტაპობრივად შეძლო დედოლარიზაციის მიღწევა. როგორც საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი აჩვენებს, ლარიზაციის მისაღწევად აუცილებელი პირობა მაკროეკონომიკური სტაბილურობაა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შემოღების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის და მისი მერყეობის შემცირება. თუმცა, საჭიროა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, რათა გაიზარდოს ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა და საზოგადოების ფინანსური განათლება. დოლარიზაციის შესამცირებლად საჭიროა ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს შორის სპრედის შემცირება, ხოლო დეპოზიტების მხარე სპრედის გაზრდა, რაც პრუდენციული რეგულაციების ამოქმედებითაა შესაძლებელი. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე იყენებს პრუდენციულ რეგულაციებს (განსხვავებულ სარეზერვო მოთხოვნებს, რისკის წონებს ვალუტების მიხედვით) დედოლარიზაციის წასახალისებლად, თუმცა შესაძლებელია არსებული რეგულაციების უფრო მეტად გამკაცრება და ახალი პრუდენციული რეგულაციების შემოღება, მაგალითად, ლიკვიდობის მოთხოვნაზე, რაც დამატე- ბით სტიმულს მისცემს ლარიზაციას. ასევე, შესაძლებელია არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტით სესხის გაცემის აკრძალვის განხილვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ხელი შეუწყოს ფინანსური სისტემის და ჰეჯირების ინსტრუმენტების განვითარებას. დოლარიზაციის კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტორი აქტივების, მათ შორის უძრავი ქონების და მანქანების, დოლარით კოტირება წარმოადგენს. აღნიშნული ფასების ლარით კოტირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი დედოლარიზაციას, როგორც ეს პერუს შემთხვევაში მოხდა. დაბოლოს, ლარიზაციის წასახალისებლად საჭიროა გრძელვადიანი ლარის რესურსის არსებობა. ამისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახაზინო ფასიანი ქაღალდების და ინფლაციით ინდექსირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ზოგიერთი წინადადებასაქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის შესამცირებლად დამატებით საჭიროა:
ჩამოთვლილი კომპლექსური ღონისძიებები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, შეამცირებს საკრედიტო და ფინანსური სტაბილურობის რისკებს, გაზრდის ეკონომიკის მოქნილობას და შეამცირებს ქვეყნის რისკპრემიუმს. ლიტერატურა: 1. კაკულია მერაბ, ასლამაზიშვილი ნანა. დოლარიზაცია საქართველოში: მასშტაბები, ფაქტორები, დაძლევის გზები, თბ., 2002, 117 გვ. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, თბ. 2011, 63 გვ. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი, https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 4. Drehmann Mathias, Tsatsaronis Kostas, The credit-to-GDP gap and countercyclical capital buffers: questions and answers. BIS Quarterly Review, March 2014, pp.: 55-73. 5. Levy-Yeyati Eduardo, Sturzenegger Federico, To float or to fix: Evidence on the impact of exchange rate regimes on growth. The American Economic Review, 2003, no. 93(4) pp.:1173-93. 6. Calvo Guillermo, On dollarization, Economics of transition 10, 2002, no. 2 pp.: 393- 403. 7. Edwards Sebastian, Eduardo Levy Yeyati, Flexible exchange rates as shock absorbers, European Economic Review 49, 2005, no. 8 pp.:2079-2105. 8. Fitch Ratings, Fitch Affirms Georgia at ‘BB-’; Outlook Stable, 2016, https://www.fitchratings.com/site/pr/1001918 9. Moody’s, Moody’s: Georgia’s expanding trade links to support economic growth over the medium-term, 2016. https://www.moodys.com/research/Moodys-Georgias- expanding-trade-links-to-support-economic-growth-over--PR_346282 10. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, http://www.imf.org/en/Data 11. Bernanke, B., Laubach, T., Mishkin, F. and Adam, S., A. Posen, Inflation Targeting: Lessons from the International Experience. Princeton University Press, 2001, 392 pp. 12. Fischer Stanley. Dollarization. In Keynote address on Dollarization: Consequences and Policy Options, at the 75th Anniversary Conference of the Central Bank of the Republic of Turkey, Istanbul, 2016, pp. 1-6. 13. Garcia-Escrribano, Mercedes. “Peru: Drivers of de-dollarization.” IMF Working Papers, 2010, No. 10-169, pp:1-28. |