Economics and Business
Referential and Reviewed International Scientific-Analytical Journal of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Economics and Business |
|
|
Journal number 2 ∘ Alexandre Mikeladze ∘ Analysis of the Money Laundering Factors In Georgia, the money laundering problem is not sufficiently researched. The mentioned circumstance has led to the study of the main factors that aff ect the phenomenon of money laundering. Based on the money laundering determinants, the share of income received from unoffi cial activities, the existence of “free trade zone” within the country, the high level of hidden crime promotes the growth of money laundering activities. It is necessary to regularly investigate money-laundering processes and enhance the legislaƟ ve and institutional framework and expertise in accordance with international and European standards for the elimination of the problem; it is also necessary to lower the shadow economy, minimize the Gini coefficient. Keywords: Money Laundering; Shadow Economy; Corruption; Investment Hunger; Economic Freedom. JEL Codes: K40, K42, O17 ფულის „გათეთრების“ ფაქტორული ანალიზი სტატიაში განხილულია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის წარმოშობისა და გავრცელების მოკლე ისტორია, ასევე ფულის გათეთრების მსგავსი ქმედებების კონკრეტული მაგალითები, რაც ასახავს ამ მოვლენის არსებობას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ამასთან, სტატიაში გაანალიზებულია ფულის გათეთრების განმსაზღვრელი ფაქტორები, ასევე, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, გამოკვლეულია შავი ფულის გათეთრების მიზეზები საქართველოში, რის საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად. საკვანძო სიტყვები: ფულის გათეთრება, ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია, საინვესტიციო შიმშილი, ეკონომიკური თავისუფლება. ფულის გათეთრება ახალი მოვლენა არ არის. ბიზნეს-ოპერატორების ნაწილი ყოველთვის ცდილობდა შემოსავლების ჭეშმარიტი წყაროს დაფარვას, თუმცა, თუ ეს პრობლემა XX საუკუნის 80-იან წლებამდე განიხილებოდა მხოლოდ შიგასახელმწიფოებრივ დონეზე, დღეისათვის მან საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა, ვინაიდან ლეგალიზებული სახსრების მოცულობა საფრთხეს უქმნის როგორც ცალკეული ქვეყნის, ასევე მსოფლიო ეკონომიკასაც, რაც ფინანსური ბაზრის მთლიანობის რღვევით გამოიხატება. საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ფულის გათეთრების სქემები კი ძირითადად ტრანსნაციონალური ხასიათისაა, რაც ამ სქემებში საქართველოს რეზიდენტების ჩართვის საფრთხეს განაპირობებს. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწრაფი და გააზრებული რეაგირება, რათა ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს. ფულის გათეთრების პრობლემა კი საქართველოში საკმარისად არ არის გამოკვლეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში აღნიშნული პრობლემის ეკონომიკაზე ზემოქმედების საკითხებიც არ არის სრულყოფილად შესწავლილი. საქართველოში შავი ფულის გათეთრების საკითხების შესწავლას ეძღვნება მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის - ს. ასანიძის, გ. ღლონტის, გ. მოსულიშვის, მ. დაუთაშვილის შრომები. ხსენებულმა გარემოებამ კი, თავის მხრივ, განაპირობა შავი ფულის გათეთრების ფენომენისა და მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების კვლევის აუცილებლობა, რის საფუძველზეც შევიმუშავეთ ახალი მიდგომები აღნიშნული პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და მისი შემდგომი აღმოფხვრისათვის. კვლევის ფარგლებში გავაანალიზეთ მსოფლიოსა და საქართველოში შავი ფულის გათეთრების ისტორია, მისი გამომწვევი მიზეზები, რის საფუძველზეც შევიმუშავეთ რეკომენდაციები აღნიშნული პრობლემის პრევენციის მიზნით. ფულის გათეთრების საწყისები მსოფლიოშიფულის გათეთრების ანალოგიური ქმედებები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ევროპაში იყო ცნობილი. მევახშეები და ვაჭრები მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდს, რომელიც დახვეწილობის კუთხით ფულის გათეთრების თანამედროვე ხერხებს არ ჩამოუვარდება. მაგალითად, ვაჭრები მევახშეებთან წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, პროცენტს იხდიდნენ ვადაგადაცილების ჯარიმის სახით. ამასთან, საბუთებში ისინი შეგნებულად ზრდიდნენ გაცვლით კურსს პროცენტების გადახდის დასაფარად; მევახშე ხელს უწყობდა ვაჭარს, გაეთეთრებინა არალეგალურად მიღებული სახსრები. ვაჭარი ვადაგადაცილების პერიოდში მევახშეს ჯარიმების სახით აწვდიდა სოლიდურ თანხას, რომელიც სახელმწიფო ორგანოებისათვის ოფიციალურად მიღებულს წარმოადგენდა [1, გვ.1]. შავი ფულის გათეთრების მდიდარი ისტორიის მანიშნებელია XVII საუკუნის დასაწყისში არსებული თანამედროვე ფინანსური სამოთხეების პროტოტიპი – მეკობრეების საზღვაო თავშესაფრები. ხმელთაშუა და კარიბის ზღვების აუზის ცალკეულ ქვეყნებს შორის მეკობრეებისა და მათი კაპიტალის მოსაზიდად კონკურენცია მიმდინარეობდა. მეკობრეები დანაშულის გამოსასყიდად და სამშობლოში დაბრუნების უფლების მისაღებად მოგროვებულ ძვირფასეულობას იყენებდნენ. 1612 წელს მოხდა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების პირველი ამნისტია: ინგლისმა მეკობრეებს თავიანთ საქმიანობაზე ხელის აღების სანაცვლოდ სრული შეწყალება და საკუთრების უფლების შენარჩუნება შესთავაზა [2, გვ.21-24]. ეს ფაქტი ასწლეულებით უსწრებს ანალოგიურ შეთანხმებებს, რომლის მიღწევასაც ცალკეულ სახელმწიფოებთან დღესდღეობითაც ცდილობენ მსხვილი ნარკომოვაჭრეები. თუ ოფშორულ ზონაში ინვესტირების წყაროს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანალოგიური სიტუაცია მეორდებოდა ხმელთაშუა და კარიბის ზღვების აუზის ქვეყნებისათვის. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ისტორია აშშ-ში XX საუკუნის 20- იან წლებში დაიწყო. "მშრალი კანონის" მომხრეებმა 1919 წლის 16 იანვარს შეძლეს მე-18 შესწორების შეტანა აშშ-ის კონსტიტუციაში. ამ შესწორების მიხედვით, "მშრალი კანონი" ძალაში შედიოდა 1920 წლის 17 იანვრიდან. "მშრალი კანონის" ამოქმედებით აშშ-ში ორგანიზებული დანაშაულის დონე მკვეთრად გაიზარდა. ჩიკაგო, კანადის საზღვართან არსებული ქალაქი, სწრაფად იქცა არალეგალური ალკოჰოლური ბიზნესის კერად [3, გვ.12,100]. ალკოჰოლის ვაჭრობით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის გზების ძიებისას პიროვნებების გარკვეული ჯგუფი ცდილობდა ჩართულიყო ისეთ საქმიანობაში, რომელიც დიდი ოდენობით ნაღდი ფულით ოპერირებას მოითხოვდა. მაგალითად, სასტუმრო ბიზნესი ყოველდღიურად საჭიროებდა თეთრეულის რეცხვას. სამრეცხაოდან მიღებული შემოსავლები კონკურენციას უწევდა ალკოჰოლის ვაჭრობით მიღებულ შემოსავლებსაც კი. ზოგიერთმა ინდივიდმა პრიორიტეტულად სწორედ ბიზნესის ეს სახეობა მიიჩნია და განახორციელა ინვესტიციები სამრეცხაო ფირმებში - "ბულვარ ქლინერზ" და "დრექსი ქლინერზ". ამ საწარმოების ფლობა არალეგალურად ნაშოვნი სიმდიდრის ლეგალურ ინვესტიციებად გადაქცევას უწყობდა ხელს. ტერმინი "ფულის გარეცხვა" სწორედ აქედან იღებს სათავეს [4, გვ.13]. ბეჭდვითი სახით, ტერმინი "ფულის გათეთრება" პირველად 1973 წელს აშშ-ს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონსა და „უოტერგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით გამოჩნდა. 1972 წელს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევისათვის ნიქსონმა შექმნა საარჩევნო კომიტეტი, რომელმაც მომავალი საარჩევნო კამპანიისათვის ფინანსური ბაზის ფარულად შექმნა დაიწყო. კომიტეტში შეედინებოდა ანონიმური შემოწირულობები, რომელთა რეალური წყარო უცნობი იყო. უოტერგეიტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის შტაბის გატეხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომიტეტში გათეთრებული ფული შედიოდა [5, გვ.43]. სამრეცხაო ბიზნესის შემდეგ კრიმინალურმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა ინვესტიციების განხორციელება რძის წარმოებაში. დაჯგუფებამ დააარსა რძის კომპანია „მიდოუმურ დეირი", რომელშიც აიკრძალა პროფკავშირების საქმიანობა. ქალაქის საბჭოში მიიღეს რძით ვაჭრობის ახალი წესები. შემოიღეს სორტირება და აკრძალეს უხარისხო რძის გაყიდვა ჩიკაგოში. 1928 წელს აღნიშნულმა საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 10 მლნ, ხოლო 1931 წელს - 50 მლნ დოლარს მიაღწია [6, გვ.1,2]. შეძენილი სტანდარტების შეუსაბამო რძე იძლეოდა შესაძლებლობას დაჯგუფებას მიეღო დამატებითი შემოსავალი, რომელიც უკანონო საქმიანობიდან მიღებულ წყაროს წარმოადგენდა, რის შემდეგაც ლეგალიზებულ სახსრებს ურევდნენ კვალის არევის მიზნით. ზოგადად, ნებისმიერ სფეროში შეღწევისას, კრიმინალური დაჯგუფება ცდილობდა პროფკავშირების გაუქმებას, რათა უკანონო საქმიანობა უფრო მარტივი გამხდარიყო. 1933 წელს კონგრესმა მიიღო 23-ე შესწორება აშშ-ს კონსტიტუციაში, რომლითაც "მშრალი კანონი" გაუქმდა. შემდეგად გამოიკვეთა ტენდენცია, თუ რომელ სფეროში იყო მიმზიდველი ინვესტიციების განთავსება ფულის გათეთრების მიზნით [7, გვ.4]: ალკოჰოლის და სასმელის ბიზნესი, სასტუმრო ბიზნესი, გართობის ინდუსტრია, ღამის კლუბები და სათამაშო ბიზნესი. ფულის გათეთრების ექსპერტმა მეიერ ლანსკიმ დაასკვნა, რომ შემოსავალი, რომელიც არ არის ცნობილი ქვეყნის ოფიციალური ორგანოებისათვის, არ ექვემდებარება საგადასახადო დაბეგვრას [4, გვ.14]. სწორედ ლანსკიმ აღმოაჩინა, შვეიცარიის ბანკების დანომრილი ანგარიშების, ბაჰამის ოფშორებისა და სათამაშო ბიზნესის უპირატესობები, ვინაიდან მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მიღებული შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება სახელმწიფოს პრიორიტეტულ ინტერესთა სფეროს სცილდება; მეტიც, შემოსავლის მიღების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური საქმიანობა. ფულის გათეთრების საწყისები საქართველოში საქართველოში XX ს. 80-იანი წლების ბოლომდე არ იყო ცნობილი ფულის გათეთრების პრობლემა, თუმცა, "პერესტროიკის" დასაწყისისათვის საბჭოთა კავშირში წარმოიქმნა მნიშვნელოვანი მოცულობის კრიმინალური და ჩრდილოვანი კაპიტალი. ჩრდილოვანი შემოსავლების მასშტაბური გათეთრება "პერესტროიკის" წლებში დაიწყო, როდესაც 1988 წელს მიიღეს საბჭოთა კავშირის კანონი "კოოპერაციის შესახებ". ამ კანონით ნებადართული იყო კოოპერატივების შექმნა შემოსავლების დეკლარირების მოთხოვნის გარეშე, რაც ჩრდილოვანი კაპიტალის გასათეთრებლად გზების ოფიციალურად გახსნას ნიშნავდა. ცალკეული ნორმატიული აქტი, რასაც ეკონომიკა კრიმინალური კაპიტალის შეღწევისაგან უნდა დაეცვა, პრაქტიკულად არ სრულდებოდა. ეფექტიანად არ გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1986 წლის 15 მაისის დადგენილება "არაშრომითი შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ზომების შესახებ " [4, გვ.16]. 90-იანი წლების დამდეგს დაიწყო ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ბირჟების, კაზინოებისა თუ სხვა კერძო წარმოებების შექმნა, მაგრამ კანონმდებლობა, რომლითაც მათი საქმიანობა უნდა დარეგულირებულიყო, მოგვიანებით ჩამოყალიბდა. საკანონმდებლო ხარვეზებმა, ფინანსური ინსტიტუტების საბაზრო სტანდარტებისადმი მოუმზადებლობამ დამნაშავეების მიერ უკანონო კაპიტალის დასაგროვებლად და გასათეთრებლად საბანკო დაწესებულებების გამოყენება განაპირობა. მსოფლიოში ძალიან დიდი ოდენობით ფინანსური ნაკადებია, რასაც ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს და პოლიტიკურიც. ყველა დიდ ქვეყანას აქვს თავისი ე.წ. სამალავი, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ და გადასახადებს მალავენ. მაგალითად, აშშ-ს აქვს თავისი ოფშორი. არა ერთი თავისუფალი ზონა და რამდენიმე ოფშორი აქვს თავის ტერიტორიაზე ინგლისს, რომელთა შორისაცაა კაიმანის კუნძულები; ჰონკონგის სახით აქვს ოფშორი ჩინეთს; ოფშორი აქვს იტალიას მონაკოს სახით, რომლითაც ასევე სარგებლობს საფრანგეთიც; გერმანიას – თავისი და ა.შ., რაც იმას ნიშნავს, რომ ფარულად თუ ღიად, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც უწყობენ ხელს ე.წ. გადასახადების გადამხდელებს გადასახადის დამალვაში. ოფშორების საშუალებით მილიარდობით დოლარია დამალული აშშ-ის, გერმანიის, ინგლისის და სხვა ქვეყნების ბიუჯეტისთვის [8, გვ.9]. საქართველოში დღესდღეობით აქტიურად ფუნქციონირებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც არის სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახე, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. სპეციალური ეკონომიკური ზონები მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მას აქტიურად იყენებს აშშ, სამხრეთი კორეა, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, გაერთიანებული სამეფო, ირანი, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი, მალაიზია, ფილიპინები და სხვა. სპეციალური ეკონომიკური ზონების შექმნა მიზნად ისახავს ინვესტიციების გაზრდას ბიზნესისთვის მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური გარემოს შექმნით. დღესდღეობით, სპეციალური ეკონომიკური ზონების ყველაზე უფრო გავრცელებული სახეებია: ურბანული ეკონომიკური ზონა, ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი სავაჭრო ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და თავისუფალი პორტები. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა 2008 წლიდან დაიწყო. შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ქუთაისში, ფოთში, ყულევში [9, გვ.1]. განისაზღვრა საგადასახადო შეღავათები და სხვა დამატებითი ეკონომიკური წამახალისებელი პირობები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ორგანიზატორებისათვის, რომელიც შეიძლება იყოს საწარმო, აღრიცხული გადასახადის გადამხდელად. ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კანონმდებლობის შესაბამისად აღჭურვა და ფუნქციონირება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, თუმცა, ინდუსტრიული ზონის შესაქმნელი დოკუმენტაციის შემოწმებასა და ამ ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების დაწყებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შემოსავლების სამსახური. კერძოდ, შემოსავლების სამსახური, თავისუფალი ინდუს- ტრიული ზონის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე, ვალდებულია ფიზიკურად შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა აღნიშნული ინდუსტრიული ზონა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მხოლოდ ასეთი შემოწმებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეუძლია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას დაიწყოს ფუნქციონირება და შესაბამისად, ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები და დამატებითი პირობები. ფულის გათეთრებაზე მოქმედი ფაქტორები ფულის გათეთრების არსის გასაანალიზებლად აუცილებელია ნათლად გავიაზროთ ის ფაქტორები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მასზე. ძირითად ფაქტორებში იგულისხმება მნიშვნელოვანი მოვლენები და პროცესები, რომლებიც ფულის გათეთრების პროცესისათვის ხელშემწყობ მიზეზებსა და პირობებს წარმოადგენს. ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, შეიძლება ძირითად 2 ჯგუფად დავყოთ: 1.ზოგადი ხასიათის ფაქტორები, რაც ფულის გათეთრების სფეროზე ახდენს ირიბ ზემოქმედებას; 2.კონკრეტული ხასიათის ფაქტორები, რაც მოქმედებს უშუალოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სფეროში. ფულის გათეთრებაზე მოქმედი ძირითადი მიზეზები და პირობები კი შეიძლება დავაჯგუფოთ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით: - საერთო-სოციალური; - ეკონომიკური; - სახელმწიფო-პოლიტიკური; - სამართლებრივი; - ტექნოლოგიური და სხვ. [4, გვ.82]. საერთო-სოციალურ მიზეზებსა და ხელშემწყობ პირობებში შეიძლება გავაერთიანოთ შემდეგი მოვლენები: - ჯინის კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი - მოსახლეობის დაბალ-შემოსავლიანი ფენის ნაწილი გასამრჯელოს სანაცვლოდ ცდილობს დაკარგულის ანაზღაურებას, მათ შორის, სხვადასხვა სახის ეკონომიკური დანაშაულის ჩადენით. სწორედ ასეთი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, საბანკო ანგარიშები გამოიყენება ტრანზაქციების შესრულებისას (იხ.ცხრილი 1). ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებელი საქართველოში [10] ცხრილი 1 [10] ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფშია, რომელთა მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს ან მცირერიცხოვანია. ასევე, სოციალური მიზეზებს განეკუთვნება: - მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირად ბანკის თანამშრომელი უწევს კონსულტაციას კლიენტს, თუ როგორ განახორციელოს ტრანზაქცია ისე, რომ არ დაექვემდებაროს სავალდებულო ანგარიშგებასა და მონიტორინგს. ამასთანავე, სპეციალური პროგრამების, მათ შორის პუბლიკაციების სერიის არ არსებობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რომელიც მიეძღვნება მოსახლეობის ფსიქოლოგიური გულგრილობის ანალიზს სხვადასხვა საშიშ დანაშაულებთან, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან მიმართებით. თუმცა, ნაჩვენები არ არის ასეთი დამოკიდებულების შედეგები, რაც საბოლოო ანგარიშით, აისახება ქვეყნის განვითარების დონესა და მოსახლეობის სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე [11, გვ.2]. - პრობლემის გათვითცნობიერების დონე - თუ მოსახლეობას არ ექნება გააზრებული ის საფრთხეები, რომელსაც შავი ფულის გათეთრება იწვევს, სავსებით შესაძლებელია, მარტივად მოხდეს მათი ჩართვა შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში [12, გვ.1]. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესზე არსებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური ხასიათის ფაქტორები. ამ ჯგუფის ფაქტორებს შორის მოიაზრება: - ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა, მოიცავს ასევე უკანონო, ფარულსა და კორუფციულ ეკონომიკას [13, გვ.39,40]. - დანაშაულებრივი სამყაროს მიერ უზარმაზარი მოგების მიღების შესაძლებლობა - გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ნარკობიზნესს დანაშაულებრივი სამყაროსათვის წელიწადში 150-მდე მლრდ დოლარი მოგება მოაქვს. ნარკოტიკების ბრუნვის დაახლოებით 65% ნაღდი ფულის ბრუნვაზე მოდის, ამიტომ ნარკოსაქმოსნები ცდილობენ ასეთი დიდი რაოდენობის ნაღდი ფული როგორმე მოაქციონ უნაღდო ბრუნვაში, რისთვისაც ფულის გათეთრე- ბის სხვადასხვა ხერხსა და მეთოდს მიმართავენ [14]. ჩრდილოვანი ბიზნესისათვის გაცილებით მარტივია შეაღწიოს მომსახურების სფეროში, ვიდრე რეალურ წარმოებაში. შესაბამისად, ამ სფეროს ზრდა ქმნის პირობებს უკანონო ოპერაციების შესანიღბად. საქართველოში 2016 წლის მშპ-ის მაჩვენებელმა, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებით, 33 921,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6,8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მშპ-ის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,7%-ით განისაზღვრა. საქართველოს მშპ-ს განაწილება ბოლო ორი წლის მიხედვით ცხრილი 2 2015 და 2016 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები. წინა წლების მაჩვენებლებში გამოყენებულია აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები. წინა წლების მოსახლეობის რიცხოვნობა, აღწერის მონაცემების გათვალისწინებით, დაზუსტდება 2017 წელს. -"საინვესტიციო შიმშილი" - ცალკეული სახელმწიფოები არალეგალური კაპიტალის მოზიდვის პირობების შექმნით, ცდილობენ ეკონომიკური განვითარების დაფინანსების კანონიერი წყაროების არარსებობის კომპენსირებას. ცალკეულ ეკონომისტთა მოსაზრებით, საბაზრო ეკონომიკისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეკონომიკურ ბრუნვაში ლეგალური კაპიტალი ერთვება თუ არალეგალური. ასეთ შეხედულებას, ბუნებრივია, ვერ დავეთანხმებით. ერთი შეხედვით, ლეგალურ ბრუნვაში კრიმინალური კაპიტალის გამოყენებას კანონიერი მეწარმეობის განვითარების საქმეში საზოგადოებისთვის სარგებლობა მოაქვს - მუშაობს საწარმოები, საქმდება მოსახლეობა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლეგალურ ბრუნვაში ჩართული ფული ხშირად რეინვესტირდება ისევ კრიმინალურ საქმიანობაში, სამეწარმეო სფეროში ამკვიდრებს დანაშაულებრივი სამყაროს წეს-ჩვეულებებს. ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოების დაძაბულობის დონის ამაღლებას და ბაზრის კანონმორჩილი სუბიექტების ინვესტიციების გადინებას, რის შედეგადაც ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი (2) ასახავს საქართველოში განხორციელებული პუი-ების დინამიკას 2012-2016 წლებში [10]. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 59% შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35%-ით, მეორეზე - თურქეთი 17%, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 7%. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2016 წელს (%) (წინასწარი) დიაგრამა 1
ფულის გათეთრებისთვის მიმზიდველი სფეროებია კავშირგაბმულობა, სასტუმრო ბიზნესი და საფინანსო სექტორი. დღესდღეობით, აღნიშნული სახის სერვისები განხორციელებული ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლით მასშტაბურ სახეს იძენენ და ვინაიდან ასეთ ოპერაციებს ახასიათებთ სისწრაფე და ნაკლები გამჭვირვალობა, ეს ფულის გათეთრების მეტად ხელსაყრელ საშუალებად შეიძლება იქცეს. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა არ ჩამორჩეს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ბაზრისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზების ტემპს. ასეთი ტიპის გარიგებებთან მიმართებით, აუცილებელია სპეციალური ადეკვატური ზომების მიღება მათთან დაკავშირებული ფულის გათეთრების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად. ინვესტიციების წყაროსთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სხვადასხვა მოსაზრება. ფულის გათეთრების სოციალური შედეგები: დანაშაულებრივი ორგანიზაციების ცალკეული ფინანსური დაწესებულებების ყოველგვარი კონტროლის გარეშე გამოყენება სახელმწიფოში ზიანს აყენებს მთელ ფინანსურ სისტემას, განსაკუთრებით კი - განვითარებადი ქვეყნებისას. დანაშაულებრივი ორგანიზაციების ფინანსური და ეკონომიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ შეიძლება მოშალოს ამ ქვეყნების ეროვნული ეკონომიკა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები. საინტერესოა, რამდენიმე მოსაზრება ფულის გათეთრების ეფექტების შესახებ. ერთი შეხედვით, ზოგიერთი მოცემული კონტრარგუმენტი დამაჯერებლად გვეჩვენება, მაგრამ რეალურად მცდარია და საკმაოდ საშიში გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების ეკონომიკისათვის. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული ახალი დანაშაულის ჩადენას ხმარდება, რაც ეკონომიკის მოშლას უწყობს ხელს [15, გვ.38-47]. დებულება იმის შესახებ, თითქოს ფულის გათეთრებასთან ბრძოლა ხელს უშლის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, FATF-ის ხელმძღვანელობის აზრით, განსაკუთრებით საზიანოა. "საინვესტიციო შიმშილის" პირობებში არალეგალური ინვესტიციების მოზიდვამ ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებელია მხოლოდ დროებითი დადებითი შედეგები მოუტანოს [16, გვ. გვ.229-231]. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის ფაქტორები [17, გვ.147]. ფულის გათეთრების მასტიმულირებელ სახელმწიფო-პოლიტიკურ მიზეზებსა და ხელშემწყობ პირობებში მოიაზრება: - სახელმწიფო ნების არარსებობა ებრძოლოს ამ მახინჯ მოვლენას; - საკანონმდებლო ხარვეზები – ფულის გათეთრების აღკვეთის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიული ბაზა პასუხობდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მოთხოვნებს; - კორუფცია - არ შეიძლება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პრობლემის გადაჭრა კორუფციისგან იზოლირებულად. კონკრეტული ხასიათის დეტერმინანტებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ბანკირები, ბუღალტრები, რომლებიც გეგმავენ და უზრუნველყოფენ უკანონო შემოსავლების წყაროს დაფარვასა და შემდგომში ლეგალურ ბიზნესში გამოყენებას სოლიდური საკომისიოს სანაცვლოდ [18, გვ.219]. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, არის გლობალიზაცია, რაც გამოწვეულია საფინანსო ბაზრის ინტეგრაციით [4, გვ.90]. გლობალიზაციის განხილვისას წარმოუდგენელია არ აღვნიშნოთ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში. ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი, რომელიც შეიქმნა 1995 წელს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ორგანიზაციის - The Heritage Foundation-ის მიერ. ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 178 ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 10 რაოდენობრივი და თვისებრივი პარამეტრის მიხედვით, რაც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული: - კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, კორუფციისგან თავისუფლება); - მთავრობის ზომა (ფისკალური თავისუფლება, საბიუჯეტო დანახარჯები); - რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); - ბაზრის გახსნილობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება) [19]. შედეგების შეფასების მიზნით, 100 - ქულიანი შკალა დაყოფილია ეკონომიკური თავისუფლების 5 დონედ: თავისუფალი (80-100); უმეტესად თავისუფალი (70-79.9); ზომიერად თავისუფალი (60-69.9); უმეტესად არათავისუფალი (50-59.9); არათავისუფალი (0-49.9). 2016 წლის ინდექსით, საქართველოს მიენიჭა „უმეტესად თავისუფალი“ ეკონომიკის სტატუსი. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 72.6%-ით თავისუფალია, რითიც 178 ქვეყანას შორის 23-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის 45 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველო ხვდება „უმეტესად თავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში, სადაც ასევე იმყოფება ბალტიის ქვეყნები, აშშ და განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი [19]. საქართველო თითქმის ყველა პარამეტრით უსწრებს მის ოთხივე მეზობელ ქვეყანას და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობას, ხოლო საერთო შედეგით - აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას (იხ. ცხრილი 4). ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტიდან საქართველოს შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს შემდეგ კომპონენტში: საკუთრების უფლება - 40%: საქართველოს 40 ქულას ინდექსი შემდეგნაირად ახასიათებს: „სასამართლო სისტემა არაეფექტიანია. სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო დაბალია სასამართლოსთვის მიმართვიანობის დონე. არსებობს კორუფცია და სასამართლოზე გავლენას ახდენენ ხელისუფლების სხვა შტოები“. კორუფციისგან თავისუფლება - 52%: მიუხედავად იმისა, რომ 52% ეკონომიკური თავისუფლების დანარჩენ კომპონენტებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს არ არის ცუდი შედეგი. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 100-დან 52 ქულით საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის, რითიც წინ უსწრებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 7 სახელმწიფოს. ფინანსური თავისუფლება - 60%: საქართველოს 60 ქულას ინდექსი შემდეგნაირად ახასიათებს: „სახელმწიფოს ზომიერი ჩარევა. საბანკო და სა- ფინანსო რეგულაციები გარკვეულწილად მძიმეა. მთავრობა ფლობს და აკონტროლებს ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს. გარკვეული შეზღუდვები არსებობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსური მომსახურების გაწევაზე“. უმაღლესი ქულა საქართველომ მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში: ბიზნესის თავისუფლება - 86.5%: რეგულაციებისა და ინფრასტრუქტურული შეზღუდვების სიმცირე ბიზნესის დაწყების, კეთებისა და შეწყვეტის დროს. მონეტარული თავისუფლება - 80.5%: ფასების სტაბილურობა, ინფლაციის დაბალი დონე და ფასების შეზღუდული კონტროლი სახელმწიფოს მიერ. ვაჭრობის თავისუფლება - 88.6%: იმპორტზე დაწესებული დაბალი ტარიფები და არასატარიფო ბარიერების სიმცირე. ინვესტირების თავისუფლება - 80%: შეზღუდვების ნაკლებობა ინვესტიციების შემოდინება/გადინებაზე. ფისკალური თავისუფლება - 87.6%: ფისკალური თავისუფლება გულისხმობს დაბალ გადასახადებს მთავრობის ყველა დონეზე. ამ კომპონენტში დიდი განსხვავებაა საქართველოსა და დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგების გათვალისწინება რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: - ინვესტორები სწორედ ასეთი ტიპის ინდექსების შედეგების საფუძველზე იღებენ ამა თუ იმ ქვეყანაში თეთრი ფულით ინვესტიციების დაბანდების გადაწყვეტილებას. მიუხედავად ზოგადი დადებითი მაჩვენებლისა, საქართველოსთვის კვლავ რჩება გამოწვევად ფინანსური სექტორის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაბალი დონე, კონკრეტულად კი - საკუთრების უფლების დაუცველობა, კორუფცია და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი და- მოუკიდებლობა. კორუფციის მაღალი დონე და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობა კი შავი ფულის გათეთრების პრობლემას ღიად ტოვებს. ამრიგად, ფულის გათეთრების დეტერმინანტების (მიზეზების) დადგენის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის არაოფიციალური შემოსავლების დიდი წილი, ჩრდილოვანი ეკონომიკის, ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობაზე კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების არასრულყოფილება, ფინანსური საქმიანობის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების შეუსრულებლობა, გამჭვირვალობის არასაკმარისი მოთხოვნები ფინანსურ ოპერაციებსა და აქტივების საკუთრებასთან დაკავშირებით, ანონიმური ანგარიშების არსებობა, ქვეყნის შიგნით მრავალი "თავისუფალი სავაჭრო ზონის არსებობა", დანაშაულის მაღალი ლატენტურობა ხელს უწყობს შავი ფულის გათეთრების მასშტაბების ზრდას. აღნიშნული ფაქტორების განხილვის შედეგად დავასკვენით, რომ აუცილებელია ფულის გათეთრების პროცესების მუდმივი შესწავლა, ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში აღნიშნული ფაქტორები სწრაფად იცვლება. ამასთანავე, სამომავლოდ აუცილებელი იქნება, სოციალური ღონისძიებების ადეკვატური სისტემის შემუშავების მიზნით, განხილული ზოგადი ხასიათის ფაქტორების ერთობლიობის ანალიზი ფულის გათეთრების პროცესზე მათი გავლენის მინიმიზაციის მიზნით. განსაკუთრებით დეტალურ ანალიზს მოითხოვს კონკრეტული ხასიათის ფაქტორები, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი შავი ფულის ლეგალიზაციის საწინაამღდეგო სპეციალური ზომების მიღება. ფულის გათეთრების პრობლემის პრევენციის მიზნით, აუცილებელია, ჩავწვდეთ ძირითადი ფაქტორების, ხელშემწყობი მიზეზების არსს, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პროცესზე. აუცილებელია ყურადღება მიექცეს “ჩრდილოვანი” ეკონომიკის, ორგანიზაციული დანაშაულის მასშტაბებს ისევე, როგორც პოლიტიკურ ნებას. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდამცავი ორგანოების სუსტი პოტენციალი. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია, გაძლიერდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური ჩარჩო და ექსპერტების საქმიანობა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად; ასევე, აუცილებელია ჩრდილოვანი ეკონომიკის, ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებლების მინიმუმამდე დაყვანა. ლიტერატურა:
|