English / ქართული /








Journal number 2 ∘ Maya GonashviliNino Togoshvili
International Financial Institutuons Activities in the Conditions of Economic Globalization

The fragility of the global financial institutions and their functions’ ineffectiveness are clearly revealed by the current world financial crisis. It is primarily manifested in the loss of public confidence towards them and their inability to respond adequately to the world’s new challenges. It turned out, that the International Monetary Foundation (IMF) and the World Bank are incapable to prevent, not only global but also the financial and economic crisis developed in various countries. It is noteworthy that the current world crisis cast doubt not only the economic and financial theories developed nowadays but also revealed the weakness of the practical anti -crisis leverages during the seƩttement of the situation. In globalization conditions the main direction of the world economic order is necessary to have a purpose the existing differences between the development levels of the countries and therefore, to change the uniform approach by diffrentiated from the international economic organizations to a separate country (developed and transition countries). Prospects for the global economy formation challenge the effectiveness of international economic organizations in the long-term perspective and their compliance with the reality of the globalized economy. It’s time to change the rules of economic life, think about how to make decisions at international level, whose interest is served by these decisions, spend less Ɵ me on the libertarian ideology and think more about what will be effective.

Keywords: Globalization of Economy; International Financial Institutes, World Financial and Economic Crisis; Overcome of the Poverty, Anti-crisis Measures.

JEL Codes: F02, F13, F53, O19

დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მკაფიოდ გამოავლინა გლობალური ფინანსური ინსტიტუტების სისუსტე და მათი ფუნქციების არაეფექტიანობა. ეს, პირველ რიგში, ვლინდება, მათდამი საზოგადოების ნდობის დაკარგვასა და მათ უუნარობაში ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) და მსოფლიო ბანკს არ შესწევთ უნარი თავიდან აიცილონ არა თუ გლობალური, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული ლოკალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისებიც კი. საყურადღებოა, რომ დღევანდელმა მსოფლიო კრიზისმა ეჭვქვეშ დააყენა არა მხოლოდ დღემდე შემუშა- ვებული ეკონომიკური და ფინანსური თეორიები, არამედ გამოავლინა პრაქტიკული ანტიკრიზისული ბერკეტების უსუსურობა სიტუაციის დარეგულირებაში.

შექმნიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ცხადი გახდა, რომ სსფ-მა საკუთარი მისია ვერ შეასრულა. არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა – ფული გამოეყო ქვეყნებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიდნენ. ამის შემდეგ, ამ ქვეყნებს უნდა შესძლებოდათ ეკონომიკის გამყარება ისე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყანაში დასაქმებული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ორმოცდაათი წლის წინ და მიუხედავად სსფ-ს მცდელობებისა, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ხდება და როგორც წესი (დიდი დეპრესიის გარდა), უფრო მძიმეა, ვიდრე მანამდე იყო. თითქმის ასამდე ქვეყანამ განიცადა კრიზისი. უფრო მეტიც, სსფ-ს მიერ ინიცირებულმა პოლიტიკამ, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის ლიბერალიზაციამ გლობალურ არასტაბილურობას შეუწყო ხელი.

როცა ესა თუ ის ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სსფ-ს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა სიტუაცია არა თუ გააუმჯობესა, არამედ უფრო გაამწვავა, განსაკუთრებით ღარიბებისათვის [1, გვ. 23].

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები; მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი; სიღარიბის დაძლევა; ანტიკრიზისული ღონისძიებები.

 

 გლობალიზაცია ხანგრძლივი ისტორიული პროცესია, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კვალობაზე ვითარდებოდა და XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, მრავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური ფაქტორების რთული კომბინაციის შედარებით უმტკივნეულო სინთეზის შედეგად გამოკვეთილი სახე მიიღო, რითაც საფუძველი დაედო ახალი პროცესებისა და მოვლენების განვითარებას.

გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი, გლობალიზაცია პროგრესული პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას და მეორე, გლობალიზაცია ემუქრება ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს (განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს) და ამავე დროს, წარმოადგენს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის საშიშ ტენდენციას. გლობალიზაციის ყოვლისმომცველი და წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, გლობალიზაციისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სავსებით ლოგიკურია. გლობალიზაციის ანალიზის პირველი ნაბიჯია მისი, როგორც ობიექტური პროცესის გაცნობიერება.

გლობალიზაციის პროცესი არის ადაპტაციის პროცესი განვითარებადი, ზოგიერთი განვითარებული თუ გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისათვის, რადგანაც არსებულ პირობებში ეკონომიკური ავტარკია უფრო საზიანოა, ვიდრე სრულიად ღია ეკონომიკა. ეკონომიკური ავტარკია გლობალიზაციის პირობებში ემუქრება არამარტო ეროვნულ ეკონომიკას, არამედ დემოკრატიის იმ საწყისებსაც, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ეგიდით მიმდინარეობდა, რომელმაც პრაქტიკული გამოხატულება ე.წ. „ვაშინგტონის კონსესუსის” დოქტრინაში ჰპოვა და რომლის უმთავრესი პრინციპი ეკონომიკის ლიბერალიზაცია, დერეგულირება, პრივატიზაციაა. აღნიშნული დოქტრინა არ წარმოადგენს გლობალური ეკონომიკის ფორმირების და მისი შემდგომი განვითარების საუკეთესო ვარიანტს, რამდენადაც არ ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ეროვნული თავისებურებების, კულტურის თვითმყოფადობის მნიშვნელობას.

საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლება განვითარებულ ქვეყნებს გააჩნიათ, ვერ აკონტროლებენ საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებს, რაც კრიზისის წარმოშობის პირობებში განუხრელად ანგრევს მეტ-ნაკლებად სუსტი საფინანსო სიტემის მქონე ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებსაც მანამდე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ახასიათებდათ.

გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ძირითადი მიმართულებები აუცილებელია ითვალისწინებდეს ქვეყნების განვითარების დონეებს შორის არსებულ განსხვავებას და აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მხრიდან ცალკეული ქვეყნისადმი (განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები) უნიფიცირებული მიდგომის დიფერენცირებულით შეცვლას. ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის კონცეფცია უნდა ასახავდეს გლობალიზაციის უარყოფითი შედეგების შემცირების, მათი განვითარების სტიმულატორად ტრანსფორმაციის მიმართულებებს. გლობალური ეკონომიკის ფორმირების პერსპექტივები ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ქმედითუნარიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში და მათ შესაბამისობას გლობალიზებული ეკონომიკის რეალობასთან.

გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირება წარმოშობს გარკვეული მარეგულიურებელი ინსტიტუტის ფორმირების აუცილებლობას, რაც თავის მხრივ, ფართოდ გავრცელებულ კონცეფციას “მსოფლიო მთავრობის შესახებ” ეხმიანება. გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების პერსპექტივა გარკვეულ არგუმენტებს მატებს აღნიშნულ იდეას. თუმცა, რამდენად მისაღები იქნება ეს ეროვნული სახელმწიფოებისათვის და რამდენად ქმედითუნარიანი იქნება აღნიშნული ინსტიტუტი, ერთობ ბუნდოვანია. მსოფლიო მთავრობის იდეამ, რომელიც ამ ეტაპზე საკმაოდ უტოპიურად გამოიყურება, შესაძლებელია გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეული კონტურები შეიძინოს. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ყოველგვარ ბარიერებს მოკლებული გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების პროცესთან. გლობალიზებული ეკონომიკის ფორმირების სისწრაფე, თავის მხრივ, განვითარებული ქვეყნების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

გლობალიზაციის მრავალი წინააღმდეგობა, მათ შორის განვითარების ასიმეტრულობა, სოციალური წინააღმდეგობები და ა.შ., მოითხოვს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ცალკეული ეროვნული ეკონომიკების და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

 

 

 ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, გლობალიზაციის, როგორც ცალკეული ქვეყნის, ასევე მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გადაქცევა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მოდერნიზაციის პროცესთან. გლობალიზაციის პროცესის ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შემადგენლობაში “გლობალიზაციის და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების” კომისიის ჩამოყალიბება. ამავე დროს იმის გათვალისწინებით, რომ გლობალიზაციას არაერთგვაროვანი შედეგები მოაქვს მსოფლიოს ცალკეული რეგიონების ქვეყნებისათვის, აუცილებელია ამ ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს რეგიონული კომიტეტები.

გლობალური ეკონომიკის ფორმირება, რომელიც ფუნქციონირების ერთიან ფუნდამენტზე იქნება დაფუძნებული, არ უარყოფს ქვეყნებს და ქვეყანათა ჯგუფებს შორის წინააღმდეგობებს, არამედ გადაჰყავს ის ახალ თვისებრივ განზომილებაში, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების, სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების ახალ საფეხურზე.

მსოფლიო ფინანსური სისტემა არის ღრმა დისბალანსის პერიოდში, ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მსოფლიო ფინანსური ბაზრების წამლეკავი ტალღისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში რეალურად არ არსებობს საერთაშორისო ნორმების შემმუშავებელი ინსტიტუტები, რომლებსაც შეეძლებათ კრიზისის დაძლევის ქმედითი წინადადებების შემუშავება და შესაბამისი კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა დღეისათვის ჩამოყალიბებული მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის რადიკალური რეფორმირების აუცილებლობა [2].

თანამედროვე მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა მოიცავს ინსტიტუტებს, ბაზრებს და მეთოდებს, რომელთა მეშვეობით სახელმწიფოთა მთავრობები, იურიდიული და ფიზიკური პირები ახორციელებენ თავიანთ ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას. იგი არის ეკონომიკური ურთიერთობების ერთგვარი ერთობლიობა, რომლის საფუძველზე განისაზღვრება, როგორც მსოფლიო ფინანსური სისტემის მოწყობის პრინციპები, ასევე თვით ეროვნული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ამოცანები და ფუნქციები.

გარდა ამისა, სსფ-ს გააჩნია ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკებზე საკმაოდ ძლიერი კონტროლის საშუალება. ფონდის სახსრების გამოყენება და მისი პროგრამების პოლიტიკურ-ეკონომიკური განპირობებულობა ძირს უთხრის ფონდის სახსრების მიმღები სუსტი და განვითარებადი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პროცესებს, ვინაიდან სახელისუფლებო სტრუქტურაში ძალთა გადანაწილება ხდება სესხის მიმღები აღმასრულებელი ხელისუფლების და არა საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასარგებლოდ. მაგრამ, მიუხედავად თავისი გავლენისა განვითარებად ქვეყნებზე, სსფ-ს არ გააჩნია სათანადო ბერკეტები უზრუნველყოს ფონდის პროგრამის პირობების შესრულება. სულ უფრო მტკიცდება მოსაზრება, რომ სსფ-ს მართვის სტრუქტურა არ იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნეს მისი დამოუკიდებლობა და სრული ანგარიშ-ვალდებულება აქციონერების მიმართ. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები და პირველ რიგში აშშ, სსფ-ს იყენებს როგორც თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს. სსფ ქვეყნებს თავს ახვევს ფიქსირებული კურსების სხვადასხვა რეჟიმის ვარიანტებს, რომლებიც ხელს უწყობს ფინანსური კრიზისების წარმოქმნას. დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო კრიზისმა ცხადჰყო, რომ სსფ-ს არ შესწევს უნარი დაეხმაროს ქვეყანას საკმარისი ლიკვიდობით კრიზისების დროს. ასევე ფართოდ ვრცელება მოსაზრება, რომ სსფ-ს ფონზე, მსოფლიო ბანკი უსახურ ორგანიზაციად გამოიყურება. ფორმალურად, მსოფლიო ბანკის ჯგუფი მოიცავს შემდეგ უმსხვილეს სააგენტოებს: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, ინვესტიციების გარანტირების სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია. ისევე როგორც სსფ, მსოფლიო ბანკიც წარმოადგენს გაეროს დაწესებულებას, რომელსაც არ გააჩნია მათზე ზემოქმედების ბერკეტები. ორივე ამ ინსტიტუტის უმსხვილესი აქციონერია აშშ. [3]

მსოფლიო ბანკი, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ხელს უნდა უწყობდეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, თუმცა, როგორც პრაქტიკა მოწმობს, მისი პროექტების 60% სათანადოდ წარმატებული არ აღმოჩნდა.

მსოფლიო ბანკს არ გააჩნია სრულყოფილი ბერკეტები გააკონტროლოს მსესხებლის მიერ ნასესხები სახსრების მიზნობრივი ხარჯვის პროცესი. კრედიტების დიდი ნაწილი რჩება „ჩამოკიდებულ" მდგომარეობაში, ხდება მისი დატაცება ან უბრალოდ უკვალოდ ქრება.

მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურის ერთ-ერთი შემადგენელი ზესახელმწიფოებრივი ინსტიტუტია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო), რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო 1996 წლის 1 იანვრიდან. მისი ფუძემდებლური პრინციპებია ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, ანუ უცხოური წარმოების საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობისათვის ხელშემწყობი პირობების შეთავაზება, ვაჭრობის რეგულირება მეტწილად სატარიფო მეთოდებით, უარის თქმა რაოდენობრივი და სხვა სახის შეზღუდვებზე, სავაჭრო დავების გადაწყვეტა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით და სხვა [3]. დღეისათვის მსო წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ერთ ვალუტაზე – აშშ დოლარზე.

თანამედროვე ფინანსური არქიტექტურა შეიქმნა ისეთ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებდა აშშ, ხოლო საერთაშორისო ანგარიშსწორებებში – ამერიკული დოლარი. განვითარებადი ქვეყნები განეკუთვნებოდნენ ღარიბ რეგიონებს და განიხილებოდნენ, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის ობიექტები. დღეს რეალობა სულ სხვაა. თანდათანობით ჩამოყალიბდა უძლიერესი საერთაშორისო საფინანსო ბაზრები, რომლებიც ფაქტობრივად გამოვიდნენ ეროვნული რეგულირების სფეროდან. საერთაშორისო არენაზე ჩნდება ფინანსურ-ეკონომიკურ ძალთა სრულიად განსხვავებული განლაგების კონტურები, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ის აბსოლუტური დომინირების პოლიტიკას.

დღეისათვის ძალთა რამდენიმე ცენტრია. მათ შორის – საკმაოდ რთული ურთიერთობების მქონე განვითარებული ქვეყნები (აშშ, ევროზონა, იაპონია და სხვა), სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, რომლებიც იმავდროულად არიან განვითარებადი ქვეყნები, მაგრამ დაგროვილი აქვთ დიდძალი ფინანსური რეზერვები, რომლითაც იკვებება აშშ-ს ეკონომიკა. ამას ემატება აგრეთვე აფრიკის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად კვლავაც მძიმე მდგობარეობაში რჩებიან. ამგვარად, მსოფლიოს ეკონომიკურ-ფინანსურმა რუკამ არსებითად შეიცვალა სახე და შინაარსი, შეიცვალა ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ უცვლელი დარჩა საერთაშორისო ინსტიტუტები და, შესაბამისად, მათ უკვე აღარ გააჩნიათ უნარი გადაწყვიტონ ახალი პრობლემები. ამიტომაც დღეს სულ უფრო მწიფდება აზრი იმის შესახებ, რომ საჭიროა დღევანდელი მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის რადიკალური ტრანსფორმაცია, რადგან უკვე არაა სადავო, რომ ფინანსური პრობლემების რეგულირების მექანიზმები, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული ფინანსური ინსტიტუტების დონეზე, არაეფექტურია. ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები დიდი ხანია გასცდა ცალკე აღებული ქვეყნის ჩარჩოებს და მიიღო გლობალური სახე, მაგრამ მაკოორდინირებელი, წარმმართველი და შემთანხმებელი ორგანო დღეისათვის მოძველებულია და, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს. ევროსაბჭო და ევროკავშირი ერთხმად გამოდიან მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურაში არსებითი კორექტივების შეტანის იდეით. მათი აზრით, აუცილებელია რადიკალურად იქნეს რესტრუქტურირებული ისეთი საერთაშორისო დაწესებულებები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი [3].

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი მიზნებია:სავალუტო პოლიტიკაში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; გადახდის მრავალმხრივი სისტემის შექმნასა და ვალუტის ტრანსფერზე შეზღუდვების მოხსნაში აქტიური მონაწილეობა; კონკურენციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ვალუტის კურსით მანიპულირების აღკვეთა; კაპიტალის საერთაშორისო მიგრაციის დაბალანსებული ზრდის ხელშეწყობა; საგარეო ვალების პრობლემის მოგვარებაში აქტიური მონაწილეობა; წევრ ქვეყნებში მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა; სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად სსფ ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას: ზედამხედველობა, ფინანსური დახმარება და ტექნიკური თანადგომა.

დასკვნები და რეკომენდაციები

ბოლო ათწლეულებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს სსფ-ს, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ფინანსური სისტემის რეგულირების მექანიზმის ერთ-ერთი ძირითადი რგოლის მიზნების, ფუნქციების, სტრუქტურის მსოფლიო ფინანსური სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაბალ ხარისხზე. შესაბამისად, მკითხველებს განსჯისათვის ვთავაზობთ საბაზრო ურთიერთობის ჩამოყალიბების პირობებში, მსოფლიო გლობალური ეკონომიკური კრიზისის მეცნიერული ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რაც მსოფლიოს ფინანსური არქიტექტურის სრულყოფის პროცესს შეიძლება წაადგეს:

  •  ღარიბი ქვეყნების ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში, რაც მათ განვითარებას მისცემს აუცილებელ იმპულსს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნები მუდმივ სიღარიბეში დარჩებიან;
  • საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობის გონივრული და მოწესრიგებული მოძრაობა, რომელსაც თან უნდა ახლდეს მაკროეკონომიკური წონასწორობისა და საბანკო სტრუქტურების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები;
  • გამჭვირვალობის ოქროს წესის დაცვა, რაც არის ეფექტიანი მართვის, წარმატებული ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრების რაციონალური ქცევის ფუნდამენტური საფუძველი;
  • ეფექტიანი სახელმწიფო მართვა და რეგულირება, რაც გულისხმობს კერძო სექტორის საქმიანობის სტიმულირებას, ჩამოყალიბებული მონოპოლიე- ბის რღვევას, მართვის უფრო მარტივ და გამჭვირვალე რეჟიმს;
  • ეკონომიკური ქცევის ნორმების და წესების შემუშავებასა და მიღებას, რაც გულისხმობს, როგორც მსოფლიო, ასევე ეროვნული ბაზრების საქმიანო- ბის უფრო ობიექტურ ზედამხედველობას და რეგულირებას;
  • მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური პრობლების გადაწყვეტისადმი მრავალმხრივ, მრავალპროფილიან მიდგომას და ერთი რომელიმე ქვეყნის ჰეგემონიაზე უარის თქმას;
  • ანტიკრიზისულ პროგრამაში, მსოფლიო გლობალური კრიზისის გავლენის თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით, პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას;
  • ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი უნდა გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტი და საერთოდ ქვეყნის საბიუჯეტო სისტემა, კრიზისი და ბიუჯეტი ერთმანეთთან კაუზალურ ურთიერთქმედებაშია;
  • ანტიკრიზისული რეგულირების ერთ-ერთი სტრატეგიული მექანიზმია გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა; შესაბამისად ანტიკრიზისულ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკებს შორის ოპტიმალური წონასწორობის მიღწევას;
  • პროგრამაში საჭიროა ისეთი ქმედითი მექანიზმის გათვალისწინება, რომელიც მოაწესრიგებს ქვეყანაში შრომის ანაზღაურების სისტემას;
  • ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

ლიტერატურა:

1. სტიგლიცი ჯ. გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება. თბილისი, გამომცემლობა საუნჯე, 2012.

2. Райх Марио и Долан Саймон: Глобальный Кризис, M.: 2009 г.

3. BSEC-ის ინტერნეტმონაცემთა ბაზა http://www.die.gov.tr/BSEC/bsec.html.