English / ქართული /








Journal number 2 ∘ Elguja Mekvabishvili
Contradictions in Globalizatin of Economics and Prospects for the Development of the Georgian Economy

The artcle reviews economic motives for two major events taken place in the world at the end of the last year – “Brexit" and election of the known billionaire D. Trump as the 45th President of the US. It is found that contradictions and problems characteristic of economic globalization spawn protest moods in a great part of population which later on emerge in incomprehensible and unacceptable decisions for the political-economic establishment.

It is noted that a rapidly changing global environment has a great impact on the Georgian economy and makes it more vulnerable to shocks from outside. In order to weaken this impact, the author believes that it is necessary to develop correct and adequate economic policies by the Government of Georgia, the main direcƟ ons of which are the expedited development of importsubstituting and export-oriented production; regulation of financial flows from the speculative field in terms of their redistribution in the field of real production; creation of high-tech economic sector based on education and science; the essential demonopolization of the economy and provision of the fair competitive environment.

Keywords: Globalization of Economics, Total Factor Productivity (TFP); Financialization; quantitative Easing (QE) Program; Deindustrialization; Reindustrialization; Postindustrial Modernization.

JEL Codes: F02, F60, F61, R11

სტატიაში განხლულია მსოფლიოში ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენის .. „ბრეკსიტის“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეტის გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისდა აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად ცნობილი მილიარდერის დონალდ ტრამპის არჩევის ეკონომიკური მოტივებიდასაბუთებულიარომ ორივე ეს მოვლენა მაღალი ხარისხით განპირობებული იყო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში წარმოქმნილი წინააღმდეგობებითამასთანავეეს მოვლენები არსებით გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ წესრიგზერომლის ჩარჩოებში მოუწევს ფუნქციონირება საქართველოს ეკონომიკას; დახასიათებულია ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაციაერთობლივი ფაქტორული მწარმოებლურობა (TFP), ფინანსიალიზაციაფიქციური კაპიტალიდერივატიზაცია, „რაოდენობრივი შერბილების“ (QE) პროგრამა, დეინდუსტრიალიზაცია, იმპორტ- შემცვლელი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, „ცოდნის ეკონომიკა“, ინოვაციური ეკონომიკა, დემონოპოლიზაცია „საშუალო კლასი“.

გასული წლის მიწურული მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ორი მოვლენით იყო გამორჩეული: საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების (ე.წ. „ბრეკსიტი“) მიღებით და აშშ-ს  45-ე პრეზიდენტად ცნობილი მილიარდერის დონალდ ტრამპის არჩევით.

ორივე ამ მოვლენამ, შეიძლება ითქვას, მოულოდნელობის დიდი ეფექტი და მისგან გამომდინარედაბნეულობა გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკურ წრეებშიჩვენ ვფიქრობთრომ განვითარებულ პროცესებს საკუთარი კანონზომიერება გააჩნდარომელიც ეკონომიკის გლობალიზაციაში წარმოშობილი წინააღმდეგობებით იყო განპირობებულიაუცილებელიარომ წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმადიდი ბიზნესის წარმომადგენლებმაგავლენიანი საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციების უმაღლესი დონის მმართველებმა დამდგარი შედეგებიდან სათანადო გაკვეთილები გამოიტანონ და პრინციპულად შეცვალონ თავიანთი საქმიანობის მიმართულებებიფორმები და მეთოდებიმსოფლიო გეოპოლიტიკურიგეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული რეალობის მოსალოდნელი ცვლილება აშკარაარომ ახალი ამოცანების წინაშე აყენებს საქართველოსრომელიც გამოირჩევა გახსნილი და გლობალურ სივრცეში საკმაოდ ინტეგრირებული ეკონომიკითრაც მას მოწყვლადს ხდის გარედან მომდინარე სხვადასხვა შოკის მიმართ. სწორედ ამ საკითხების კვლევას ეძღვნება წინამდებარე სტატია.

ეკონომიკის გლობალიზაციის წინააღმდეგობები

ეკონომიკის გლობალიზაცია საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის დაუბრკოლებელ ტრანსსაზღვრით გადაადგილებას, სამეურნეო ცხოვრების უნიფიკაციას, პლანეტარული მასშტაბით რეალური დროის რეჟიმში ფუნქციონირებადი ერთიანი ეკონომიკური სისტემის - გლობალური ეკონომიკის არსებობას გულისხმობს [1.გვ.12] და ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

წარმოებისა და კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია განსაკუთრებული ინტენსიურობით XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან დაიწყო. მისი ობიექტური საფუძველი იყო წამყვანი ქვეყნების, პირველ რიგში, აშშ-ს ეკონომიკაში მსხვილი ოლიგოპოლიური სტრუქტურების აღმოცენება, რომლებიც, მოგვიანებით, საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებული ექსპანსიის გზით ტრანსნაციონალურ კომპანიებად გადაიქცნენ. მთელი XX საუკუნის განმავლობაში, რამდენიმე გამონაკლისის (1929-1933 წლების „დიდი დეპრესია“ და ორი მსოფლიო ომი) გარდა ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია მუდმივად მიმდინარეობდა და 1970-იანი წლების დასაწყისში იგი გადაიზარდა ეკონომიკის გლობალიზაციაში. ბევრი მეცნიერი და პოლიტიკოსი გლობალიზაციაზე დიდ იმედებს ამყარებდა. მიიჩნეოდა, რომ გლობალური ბაზრები ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივის როლში წარმატებით ჩაანაცვლებდა სახელმწიფოს და უზრუნველყოფდა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაღალ დინამიურობას. ეკონომიკის გლობალიზაციის პოზიტიური როლის წარმოჩენისას განსაკუთრებით ორ მომენტზე მახვილდებოდა ყურადღება: ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე და „მსოფლიო ეკონომიკური ლანდშაფტის მოსწორებაზე“,  ანუ ავანგარდული და არიერგარული ქვეყნების ეკონომიკურ დონეებს შორის განსხვავების საგრძნობ შემცირებაზე.

სამწუხაროდ, რეალური სინამდვილე აღნიშნულის საპირისპირო აღმოჩნდა, რასაც ქვემოთ მოყვანილი მონაცემებიც მოწმობს. 1960-იან წლებში მსოფლიო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი საშუალოდ 5,4% იყო. 1970-იან წლებში იგი შემცირდა 4,1%-მდე, 1980-იან წლებში 3,0%-მდე, 1990-იან წლებში 2,3%-მდე. 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკური კრისიზამდე მსოფლიო რეალური მშპ წლიურად დაახლოებით 2,6%-ით იზრდებოდა [2.გვ.16], 1950-იანი წლებიდან 1970-იანი წლების დასაწყისამდე, ანუ მსოფლიო ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კრიზისამდე, მსოფლიო რეალური მშპ-ს საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4,9%-ს შეადგენ- და, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო განვითარებული კაპიტალიზმის ისტორიაში ხანგრძლივ პერიოდში ზრდის მაღალი მაჩვენებლის თვალსაზრისით. ლოგიკურია, რომ დროის ეს მონაკვეთი „კაპიტალიზმის ოქროს ხანადაა“ მიჩნეული.

ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი თითქმის ორჯერ შემცირდა, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ჩამორჩენამ 55% შეადგინა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „გლობალური ეკონომიკის“ ზრდის ტემპი საგრძნობლად ჩამორჩებოდა „მსოფლიო ეკონომიკის“ ზრდის ტემპს, რაც პარადოქსულ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. გლობალიზაციის ეპოქის კიდევ ერთი პარადოქსია ცხოვრების დონის გარკვეული დაქვეითება არა მარტო განვითრებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც. როგორც პროფ. ჯ.სტიგლიცი შენიშნავს, აშშ-ში სრულად დასაქმებული მამაკაცის შემოსავალი რეალურ გამოხატულებაში (ანუ ინფლაციის გათვალისწინებით) დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 42 წლის წინ იყო [3.გვ.14]. მისივე თქმით, უკანასკნელ ათწლეულებში აშშ-ში შემცირდა ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა [იგივე წყარო], რომელიც ცხოვრების დონის განმაზოგადებელი მაჩვენებელია.

ეკონომიკის გლობალიზაციის პერიოდში ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის მაჩვენებლებში განსხვავება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს, ასევე ქვეყნების შიგნით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს სურათი ყველაზე ძლიერი და მოწინავე ქვეყნებისთვის - აშშ-სთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად. ღარიბი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში 1960-იანი წლებიდან თითქმის მთელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში 13%-ის ფარგლებში იყო მოქცეული. გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იგი კიდევ უფრო გაიზარდა [1.გვ.6]. ჯ. სტიგლიცი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გლობალიზაციიდან აშკარა მოგებული დარჩა დედამიწის მოსახლეობის 1% - პლუტოკრატიის სახით, დანარჩენის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - გაუარესდა კიდეც [3.გვ.62].

შევეცდებით გავაანალიზოთ ზემოთ აღნიშნული პრობლემის წარმოშობის სიღრმისეული მიზეზები.

მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებული ინტეგრაციული და გლობალიზაციური პროცესების ფონზე, ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელების „გამოცანის“ ცენტრში ერთობლივი ფაქტორული მწარმოებლურობის (Total Factor Productivity – TFP) პრობლემა აღმოჩნდა [4.გვ.22]. TFP-ს ცნების ქვეშ ეკონომიკური ზრდის ტრადიციულ თეორიაში მოიაზრება ეგზოგენური სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის (სტპ) როლი ცალკეული ქვეყნისა და მსოფლიოს ეკონომიკური რეგიონების განვითარებაში. სტპ თავის მხრივ განიხილება როგორც შრომისა და წარმოების ნივთობრივი ფაქტორების ხარისხის ამაღლების საფუძველი: ტექნიკურად შედარებით არასრულყოფილ და ნაკლებად მწარმოებლურ მანქანებსა და მოწყობილობებს, ახალი, უფრო მწარმოებლური, მათ შორის, კომპიუტერული ბლოკებით და კომპონენტებით აღჭურვილი სახეობები ცვლის. ეს, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს სამუშაო ძალის თვისებრივი სრულყოფის აუცილებლობას. იზრდება წარმოებაში დასაქმებული მუშაკების განათლებისა და კვალიფიკაციის დონე. გარდა აღნიშნულისა, ერთობლივი ფაქტორული მწარმოებლურობა, ამ ცნების ფართო გაგებით, შეიძლება ინტერპრეტირდეს როგორც შრომისა და კაპიტალის ოპტიმალური თანაფარდობით გამოწვეული სინერგეტიკული ეფექტი ეკონომიკური ზრდის და განვითარების პროცესში.

კაპიტალიზმის წარმოშობის დღიდან მრავალი საუკუნის განმავლობაში, კერძოდ, 1930-1940-იანი წლების მიჯნამდე, კაპიტალიდან და შრომიდან მიღებულ შემოსავლებს შორის თანაფარდობაში უპირატესობა ყოველთვის კაპიტალის მხარეს იყო. სიტუაცია არსებითად შეიცვალა 1950-1960-იან წლებში და დაუკავშირდა განვითარებულ კაპიტალურ ქვეყნებში კეინზიანური თეორიის პრაქტიკაში ფართო გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია პრეზიდენტების ჯ. კენედის და ლ. ჯონსონის დემოკრატიული ადმინისტრაციები, რომლებიც ამუშავებდნენ შრომასა და კაპიტალს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ორივე ფაქტორის განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოცენდა თანამედროვე ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება „ადამიანი – კაპიტალის“ თეორია, რომლის ფუძემდებელს - ჰ.ბეკერს ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომიკის დარგში. ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპი, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, უპირატესად TFP-ს, ანუ შრომასა და კაპიტალს შორის ურთიერთობის ჰარმონიზაციის შედეგს წარმოადგენდა.

სიტუაციის ძირეული ცვლილება შეინიშნება 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში. მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ე.წ. ნეოკონსერვატიზმის დოქტრინის ქვეშ დაიწყო კაპიტალის ინტერესების დამცველი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება: საგრძნობლად შემცირდა მოგებაზე გადასახადი, ქონებაზე გადასახადმა სიმბოლური ხასიათი მიიღო, არსებითად შეიზღუდა პროფკავშირების გავლენა და აშ. ყოველივე ამის შედეგად აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის სულ რაღაც 15%-იანი უმცირესობის ხვედრითი წილი მთლიან შემოსავლებში 1970-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ორჯერ და მეტად გაიზარდა, მიაღწია რა 14%-ს და 17%-ს [5.გვ.34]. პარალელურად, ძირი გამოეთხარა მუშათა კლასის ერთ დროს მტკიცე პოზიციას, რაც პირველ რიგში, აშშ-ს ეკონომიკაში დაქირავებულმა მუშებმა იგრძნეს საკუთარ თავზე. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან აქ რეალური ხელფასის ზრდა, ფაქტობრივად, შეწყდა. 1980 წელს ამერიკული მუშის საშუალო საათობრივი ანაზღაურება (1982 წლის საბაზრო ფასებით გაანგარიშებული) 7,78 დოლარს შეადგენდა. 1985 წელს იგი შემცირდა 7,52 დოლარამდე, 1999 წელს კი - 7,37 დოლარამდე [5.გვ.117]. „მრავალ მდიდარ ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციას ჩამორჩებოდა,... რის გამოც ადამიანებს უფრო მეტი მუშაობა უწევდათ საიმისოდ, რომ ნაკლები მიეღოთ. ასე, რომ ცხოვრების სტანდარტი არა თუ გაზრდილა, არამედ შემცირდა კიდეც“ (ხასგასმა ჩვენია - ე.მ.) - აღნიშნავს ავტორიტეტული ჟურნალი „The Economist“.

როგორც ცნობილია, აშშ-ს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით ¾ დაქირავებული მუშაკების შრომის ანაზღაურებაზე მოდის. შესაბამისად, გლობალიზაციისა და საყოველთაო ლიბერალიზაციის პერიოდში შრომითი შემოსავლების 5%-ით შემცირებამ უარყოფითად იმოქმედა მოხმარებაზე და შეამცირა ერთობლივი მოთხოვნა. აღნიშნულის კონტექსტში ძნელია არ დაეთანხმო შემდეგ მოსაზრებას: „ჩვენ ერთ დროს წარმატებული ეკონომიკური სისტემის კრიზისების პერიოდში ვცხოვრობთ. ვალების დაგროვებით მზარდი ხელფასების ჩანაცვლება ვერ მოხდება“[5.გვ.66].

გლობალიზაციის ეპოქაში სამუშაო ძალის დეგრადაციასთან ერთად კაპიტალის დეგრადაციაც მიმდინარეობს, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება მისი სპეკულაციური ფორმის ჰიპერტროფირებული ზრდით და რეალური ეკონომიკიდან ფინანსური სექტორის მოწყვეტით. ამ პროცესების ამსახველი ცნებაა ეკონომიკის ფინანსიალიზაცია, რაც გულისხმობს ფინანსური სექტორის მასშტაბის არნახულ ზრდას და მისი როლის ძირეულ ცვლილებას საზოგადოებრივი კვლავწარმოების სისტემაში. განვიხილოთ მონაცემები, რომლებიც ახდენს აღნიშნული პროცესების ილუსტრირებას. 1970-იან წლებში ფინანსური ინსტიტუტების მიერ იქმნებოდა ეკონომიკის მთლიანი მოგების დაახლოებით 15%, ამჟამად კი იქმნება 50%-ზე მეტი [6]. 1980-2005 წლებში ფინანსური სექტორის მოგება რეალურ გამოხატულებაში (ანუ ინფლაციის დონის გათვალისწინებით) 800%-ით გა- იზარდა, მატერიალური წარმოების სექტორში კი - 250%-ით [7.გვ.16]. 1980-იან წლებში ფინანსური კორპორაციები შეადგენდა მთელი კომპანიების 10%-ს, 2007 წელს კი - 40%-ს [8.გვ.8]. უაღრესად შთამბეჭდავად გამოიყურება წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების – დერივატივების (ოპციონები, ფიუჩერსები, სვო- პები, ვარანტები...) მოცულობის ზრდა. 2009 წლის მონაცემებით, გლობალური მშპ შეადგენდა 64,1 ტრლნ აშშ დოლარს, ფულადი ბაზრის საერთო მოცულობა, ანუ საკუთრივ ფული - 55,5 ტრლნ აშშ დოლარს, ე.წ. სეკურიზებული ვალი - 84,3 ტრლნ აშშ დოლარს, ხოლო დერივატები - 586 ტრლნ აშშ დოლარს (!) და თით- ქმის 10-ჯერ აღემატებოდა გლობალური მშპ-ს მოცულობას [9.გვ.146]. არსებითად შეიცვალა გლობალური ეკონომიკის ლიკვიდობის სტრუქტურა: 2010 წელს ფულადი ბაზრის ხვედრითი წილი შეადგენდა გლობალური ლიკვიდობის  1%-ს და გლობალური მშპ-ს 9%-ს, ანუ ე.წ. ფართო ფულზე (M2) მოდიოდა ლიკვიდობის 10% და მშპ-ს 122%. სეკურიზებულ ვალზე მოდიოდა შესაბამისად 11% და 138 %, დერივატებზე კი - 78% და 964%(!!)[10.გვ.26].

დიალექტიკის მეორე კანონის თანახმად, ფინანსური სექტორის ამ მასშტაბის რაოდენობრივი ცვლილება ახალ თვისებრიობაში გადადის: ფინანსური სექტორი რეალური სექტორის მომსახურის ფუნქციიდან დომინანტი ხდება და არა მხოლოდ საკუთარი კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება, ანუ თვითკმარ ხასიათს იძენს, არამედ განსაზღვრავს და კარნახობს რეალური სექტორის ფუნქციონირება-განვითარების მაგისტრალურ მიმართულებას. ეკონომიკის რეალურ და ფინანსურ სექტორებს შორის დადებითი კორელაცია 1950-1960-იან წლებში არსებობდა, 1970-იანი წლებიდან კი ეს დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა, რის გამოც გლობალური ეკონომიკის კონსტრუქციამ გადაყირავებული პირამიდის ფორმა მიიღო და ადვილად მოწყვლადი გახდა სხვადასხვა შოკის მიმართ. კაპიტალის ბუნების შეცვლა ეკონომიკურ ლიტერატურაში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: „ფინანსების ტირანია“, „ფინანსიალიზაცია“, „დერივატული კაპიტალიზმი“, „ფიქციური კაპიტალის ეკონომიკა“ და ა.შ.

ამრიგად. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ საქმე გვაქვს მოვლენებთან, რომლებიც გამოიხატება:

ა)ეკონომიკის ფუნდამენტურ დეინდუსტრიალიზაციაში;

ბ) ეკონომიკური პროცესების ვირტუალიზაციაში;

გ) კაპიტალის სპეკულაციური ფორმის ჰიპერტროფირებულ ზრდასა და ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად მის გადაქცევაში; „შესამჩნევმა დეინდუსტრიალიზაციამ, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში განხორციელდა, მკვეთრად შეამცირა ეკონომიკური ზრდის პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OCED) ქვეყნებში“[11. გვ.28] - წერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომელი ნ.კრაფტსი ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ. ექსპერტის მიერ დაფიქსირებული ეს ტენდენცია დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა და შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ დასავლეთის ცნობილი ეკონომისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციის აუცილებლობის შესახებ.

დ) ეკონომიკური ზრდის (განვითარების) ენტროპიული მოდელის დამკვიდრებაში.

გლობალიზაციის ეპოქაში მომრავლებული ფინანსური კრიზისები ეკონომიკის ირაციონალურობის ზრდის ტიპიური გამოვლინებაა. ყველაფრის საფასურის გადახდა კი, როგორც 2007-2009 წლების კრიზისმა გვაჩვენა, ჩვეულებრივ მოქალაქეს - გადასახადის გადამხდელს უწევს, რაც ბუნებრივია, მის უკმაყოფილებას იწვევს და არსებული სისტემის მიმართ პროტესტის გრძნობას წარმოშობს. შესაბამისად, დემოკრატიულ ქვეყნებში იმედგაცრუებული და გაბრაზებული ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად იღებს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ინტელექტუალური ელიტისთვის გაუგებარ გადაწყვეტილებას.

გლობალიზებული ბაზრების ჩამოყალიბება ტრანსნაციონალური კომპანიების (ტნკ) მიერ გამოყენებული იქნა წარმოების დანახარჯების შესამცირებლად, (რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯები იგულისხმება). დანახარჯების შემცირება მოგებას ზრდის და ამ მიზნით მიმდინარეობდა წარმოების მასობრივი გატანა როგორც აშშ-დან, ისე ინდუსტრიულად განვითარებული სხვა ქვეყნებიდან იაფი ბუნებრივი რესურსებით და სამუშაო ძალით გამორჩეულ განვითარებად ქვეყნებში. წარმოებისა და კაპიტალის ასეთმა მასობრივმა გატანამ განაპირობა უმუშევრობის ზრდა კაპიტალის გამტან ქვეყნებში, რომელსაც აღრმავებდა: ა) იმპორტული საქონლისა და მომსახურების მოძალება ადგილობრივ ბაზრებზე ბ) პროფკავშირების როლის საგრძნობი შესუსტება.

ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დ. ტრამპი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში მუდმივად აპელირებდა გლობალიზაციის გავლენით აშშ-ს ეკონომიკაში წარმოქმნილ სერიოზულ პრობლემებზე და მიუთითებდა, რომ ამერიკიდან კაპიტალის მასობრივმა გადინებამ დააკნინა ამ ქვეყნის შიდა რეგიონები და ე.წ. „დაჟანგული სარტყელი“ წარმოშვა. დეტროიტის რეგიონი, რომელიც ერთ დროს ამერიკული ეკონომიკის აყვავების სიმბოლო იყო, უმუშევრობისა და ნარკომანების თავშეყრის ადგილად გადაიქცა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად ტრამპი მიიჩნევს აშშ-ში კაპიტალის მასობრივ დაბრუნებას, ასევე აშშ-ს მთავარი სავაჭრო პარტნიორების - ჩინეთისა და მექსიკის ექსპანსიის შეზღუდვას ამერიკის შიდა ბაზარზე საბაჟო ტარიფების შემოღების გზით. კერძოდ, მან გამოაცხადა: „ჩვენგან გავიდა კაპიტალი, შემოვიდა ნარკოტიკი და უმუშევრობა“  [13],  რომ 45%-იან საბაჟო გადასახადს დააწესებს ჩინურ პროდუქციაზე ამერიკულ საავტომობილო გიგანტს - „ჯენერალ მოტორზ“-ს კი დაემუქრა, რომ თუ იგი გააგრძელებს „შევროლე კრუიზების“ მექსიკაში აწყობას და აშშ-ში შემოტანას, ამ ავტომობილებს დაბეგრავს 15%-იანი საბაჟო გადასახადით.

ამრიგად, „ბრეკსიტი“ და დტრამპის გაპრეზიდენტება, ჩვენი აზრით, წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში დამკვიდრებული გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის მიმართ საზოგადოების ფართო მასების პროტესტის გამოხატულებას. ასეთი საპროტესტო განწყობა მზარდი ხასიათისაა და ამიტომ მომავალშიც მსგავსი მოვლენების განმეორების მაღალი ალბათობა არსებობს.

 საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე

საქართველოს ეკონომიკა მეტად მგრძნობიარეა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ, რომელთა ანალიზს და პროგნოზირებას ჩვენთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი ეროვნული ეკონომიკის გლობალური გარემოს ერთ-ერთ თავისებურებად თანამედროვე პირობებში ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე მას მოუწევს „ძვირი" დოლარის პირობებში ფუნქციონირება.

„ძვირი“ დოლარის „ერას“ რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ფედერალური სარეზერვო სისტემა (ფედ-ი) რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდა ე.წ. „რაოდენობრივი შერბილების“ (Quantity Easing – QE) პროგრამას, რომელიც გულისხმობდა აშშ-ს ცენტრალური ბანკის რესურსების ინტენსიურ გამოყენებას კომერციული ბანკების და სხვა კერძო ფინანსური სტრუქტურების პრობლემური აქტივების გამოსასყიდად. რაოდენობრივი შერბილების პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდა და მასზე გამოიყო 2 ტრლნ 385 მლრდ აშშ დოლარი. 2014 წლის ოქტომბერში ფედ-მა მიიღო გადაწყვეტილება ამ პროგრამის შეწყვეტის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ რეფინანსირების განაკვეთი დაბალ დონეზე - (0-0,25%-ის ფარგლებში) რჩებოდა, QE-ს შეწყვეტამ დოლარის გლობალური გამყარება გამოიწვია. მიმდინარე წლის დასაწყისში ფედ-მა გამოაცხადა, რომ 0,75%-მდე აწევს საპროცენტო განაკვეთს, რაც დოლარის ახალი გამყარების მიზეზი გახდება. დოლარის გამყარებას ასევე შეუწყობს ხელს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილება ქვეყანაში ამერიკული კაპიტალის დაბრუნების შესახებ, რომლის შესახებაც უკვე აღვნიშნეთ.

უაღრესად რთული და წინააღმდეგობრივი შედეგები შეიძლება მოყვეს დ. ტრამპის იმ იდეის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც შეეხება რიგი საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებიდან აშშ-ს გამოსვლას, მთავარ სავაჭრო პარტნიორსა და კონკურენტთან - ჩინეთთან საბაჟო ტარიფების გაზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის ტემპი გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ისედაც დაბალია, მომავალში მისი კიდევ უფრო შემცირება გლობალურ ეკონომიკაში რეცესიის გაღრმავებას გამოიწვევს, რაც უეჭველია, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზეც აისახება. ასევე მოსალოდნელია საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს როგორც ლარის კურსზე, ისე ზოგადად ეკონომიკის ფუნქციონირების სხვადასხვა მაჩვენებელზე.

გლობალურ ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებიდან და გაურკვევლობიდან მომდინარე რისკების მინიმიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობაამ და მონეტარულმა ხელისუფლებამ (სებ-მა) უნდა განახორციელოს სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული და რეალობის ადეკვატური ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც გაითვალისწინებს შემდეგი პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას:

  • იმპორტშემცვლელი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების პარალელურ რეჟიმში განვითარება;
  • ფინანსური ნაკადების გადამისამართება უპირატესად ფინანსურ-სპეკულაციური და სავაჭრო სფეროებიდან რეალური ეკონომიკისაკენ;
  • მეცნიერებისა       და   განათლების     რესურსზე  დამყარებული მაღალტექნოლოგიური ეკონომიკური სექტორის შექმნა;
  • ეკონომიკის  დემონოპოლიზაცია  და ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა;
  • ეკონომიკის საყოველთაო კაპიტალიზაცია, თანამესაკუთრეთა ე.წ.„საშუალო კლასის“ ფორმირებისათვის და დროთა განმავლობაში საზოგადოების წამყვან ძალად მისი გადაქცევისათვის ხელის შეწყობა.

მოკლედ განვიხილოთ ჩამოთვლილი მიმართულებები:

ფინანსური რესურსების პერეორიენტაცია. გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დამღუპველია კრედიტების სახით ჭარბი ფინანსური რესურსების იმ სფეროებში დაგროვება, რომლებშიც არ იქმნება მატერიალური დოვლათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გლობალური მასშტაბით და საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი აქტუალური ამოცანაა ფინანსური რესურსების სელექციური განაწილება: საკრედიტო ექსპანსიისთვის ზოგიერთი ძველი არხის ჩაკეტვა და ახალის გახსნა, რასაც კომერციული ბანკები თავს ვერ გაართმევს, ვინაიდან ისინი სწრაფი მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებული და მოკლევადიან, დაბალი რისკის შემცველ კრედიტებს გასცემენ. ამავე დროს ეკონომიკის პერსპექტიულ განვითარებას სჭირდება გრძელვადიანი კრედიტები. ამ წინააღმდეგობის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ჩვენ მიგვაჩნია განვითარ ბის ბანკის (კორპორაციის) შექმნა. მისი სამრთლებრივ-ორგანიზაციული ფორმა შეიძლება იყოს სააქციო საზოგადოება, რომლის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში იქნება. განვითარების ბანკში ძირითადი რესურსის აკუმულირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა წყაროების მოძიებასაც. განვითარების ბანკიდან უნდა დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც: ა) გამოირჩევიან განხორციელების ხანგრძლივი ვადით; ბ) ორიენტირებული არიან მაღალტექნოლოგიური, მეცნიერებათტევადი პროდუქციის შექმნაზე; გ) ახასიათებთ რისკის მაღალი ხარისხი; დ) გამოირჩევიან კაპიტალის მაღალი ტევადობით; ე) ემსახურებიან საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური და სოციალური ამოცანების გადაჭრას.

განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებისას პრიორიტეტი ასევე უნდა მიენიჭოს რეგიონული მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომლებიც ლოკალური რესურსის გამოყენების საფუძველზე ადგილობრივი წარმოების განვით რებას შეუწყობს ხელს.

იმპორტშემცვლელი და საექსპორტო წარმოების განვითარება. 2014 წლის ბოლოდან დაწყებული, ეროვნული ვალუტა - ლარი მუდმივად უფასურდებოდა. ლარის მკვეთრი რყევა დღესაც გრძელდება და უარყოფითად ზემოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ისე მოქალაქეთა კეთილდღეობაზე. ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით დააზარალა მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს, ხოლო ბანკებიდან კრედიტები დოლარში აქვს აღებული. უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება ფასების გარკვეული ზრდა, რაც ლარის კურსის საგრძნობი შემცირების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ბანკს, რა თქმა უნდა, შეუძლია სავალუტო ინტერვენციების გზით ლარის კურსის მკვეთრი რყევის შერბილება, მაგრამ დოლარის გლობალური გამყარების და უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელი შემცირების პირობებში დოლარის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება ინტერვეციებით შეუძლებელია. მაშასადამე, აუცილებელია ფუნდამენტური პირობების გაუმჯობესება, რომლის მთავარ მიმართულებებად მიგვაჩნია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაცია, იმპორტშეცვლელი და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება.

საქართველო მიეკუთვნება მაღალი დოლარიზაციისა და იმპორტზე ძლიერ დამოკიდებული ქვეყნების რიცხვს. ამ ორ მოვლენას შორის მყარი შინაგანი კავშირი არსებობს. ერთი მხრივ, დოლარიზაციის მაღალ დონეს იმპორტის მოძალება იწვევს, მეორე მხრივ კი, დოლარიზაციის ზრდა ხელს უწყობს ქვეყნის ძლიერ დამოკიდებულებას იმპორტზე. აქედან გამომდინარეობს, სულ მცირე, ორი უარყოფითი შედეგი: ა) ძლიერდება დოლარზე მოთხოვნა და ირღვევა სავალუტო ბაზარზე წონასწორობა; ბ) მოსახლეობის ხელში თავმოყრილი დოლარები ხმარდება არა შიდასაინვესტიციო მიზნებს და რეალური ეკონომიკის განვითარებას, არამედ იმპორტს. გამოდის, რომ უცხოური ვალუტით - დოლარით ჩვენ უცხო ქვეყნებში წარმოებას ვაფინანსებთ. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მოსახლეობა და ეკონომიკური სუბიექტები იმ ქვეყნებში აქცევს ნაკლებ ყურადღებას სავალუტო კურსის ცვლილებას, სადაც მოსახლეობის მოთხოვნილებათა უმეტესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით კმაყოფილდება, დოლარიზაციის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო იმპორტი შედარებით დაბალი ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი სავაჭრო ბრუნვაში. საქართველოში საპირისპირო სურათს ვხედავთ: ჩვენი ქვეყნის მშპ-ს 60% იმპორტზე მოდის, მაშინ როცა მეზობელ თურქეთში ეს მაჩვენებლი 23%-ია[13]. შვიდი მილიარდი აშშ დოლარის იმპორტი საქართველოს პოტენციურად 450 000 სამუშაო ადგილის ეკვივალენტი უჯდება [იგივე წყარო]. 500 მლნ აშშ დოლარის უარყოფითი სავაჭრო სალდო ჩვენ გვაქვს მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციაზე, რომლის აბსოლუტურად უმეტესი ნაწილის წარმოება თავად შეგვიძლია.

ამრიგად, ეკონომიკის ფართო მასშტაბით არაოფიციალური დოლარიზაცია, ისე როგორც იმპორტზე ჭარბი დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიური რეალობაა, რომლის შეცვლა სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

ცოდნასა და მეცნიერებაზე დამყარებული ინოვაციური ეკონომიკა. სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ინერციული განვითარების მოდელის ჩარჩოში ფუნქციონირებს. იგი ორიენტირებულია მოხმარებაზე, შემოსავლებზე და არა წარმოებაზე, ინვესტიციებზე. გაჭიანურებული ტრანსფორმაციული და პოსტ-ტრასფორმაციული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ეკონომიკური განვითარების პრინციპულად ახალი მოდელის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც გლობალური მასშტაბით მიმდინარე პროცესები, ისე საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობა, მის წინაშე მდგომი პრობლემები და გამოწვევები. სიტუაციის სირთულე და არაორდინალურობა ის არის, რომ უნდა მოხერხდეს გადასვლა დეინდუსტრიალიზებული პოსტ-კომუნისტური ეკონომიკური სისტემიდან პოსტინდუსტრიულ, ცოდნასა და მეცნიერებაზე დამყარებულ ინოვაციურ ეკონომიკაზე და განხორციელდეს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოსტ-ინდუსტრიული მოდერნიზაცია. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია სამთავრობო დონეზე შემუშავდეს ეროვნული ინოვაციური სტრატეგიული მეგა-პროექტი, რომელიც შეიძლება დაიყოს შემდეგ ნაწილებად:

ინტელექტის ინსტიტუციონალიზაცია და კაპიტალიზაცია;
  • სტრატეგიული აზროვნებისა და ხედვის ჩამოყალიბება;
  • ინოვაციური კულტურის ფორმირება;
  • ეფექტიანად ფუნქციონირებადი, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა;
  • მეცნიერების განვითარების ინსტიტუციონალურ-სამართლებრივი, ორგანიზაციული და საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფა.

ინოვაციური სტარტეგიული მეგა-პროექტი შეიძლება დაიყოს შედარებით ვიწრო მასშტაბის და კონკრეტული შინაარსის მქონე პროექტებად. უნდა განისაზღვროს მათი შესრულების ვადები, რესურსები, შემსრულებლები, შესრულების მონიტორინგის მექანიზმები და საპროგნოზო შედეგები. მეგა-პროექტის რეალიზების საბოლოო შედეგად მივიჩნევთ საქართველოში მაღალტექნოლოგიური, მაღალი ეკონომიკური, სოციალური და ეკონომიკური ეფექტიანობის მქონე სამეურნეო სისტემის შექმნას და საქართველოს ღირსეულ ჩართვას გლობალურ ეკონომიკაში.

დემონოპოლიზაცია და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება

ამჟამად, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში (ენერგეტიკა, საბანკო სისტემა, ნავთობპროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია, ფარმაცევტიკა და სხვ.) ოლიგოპოლიური სტრუქტურები ბატონობს, რის გამოც დემონოპოლიზაცია არის უაღრესად აქტუალური ამოცანა. წინა ხელისუფლების პირობებში მთლიანად დაინგრა და მოიშალა წლების მანძილზე ნაშენები ანტიმონოპოლიური სამსახური. ევროკავშირის მხრიდან, მართალია, არაერთხელ დაფიქსირდა მოთხოვნა ამ სტრუქტურის აღდგენის თაობაზე, რაც ამ გაერთიანებასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ წინაპირობადაც განიხილებოდა, მაგრამ „ვარდების“ მთავრობა არ ჩქარობდა ამ პირობის შესრულებას და მხოლოდ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა სსიპ კონკურენციის დაცვის სააგენტოს შექმნა. თუმცა, იგი ჯერ კიდევ შორს არის ფინანსური და ინსტიტუციური სრულყოფისაგან. იმის საილუსტრაციოდ, ეკონომიკური განვითარებისთვის თუ რა ზიანის მომტანია მონოპოლიზმი, ერთ მაგალითს მოვიყვანთ ფინანსური სფეროდან. ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკა გამართული საფინანსო სისტემის არსებობას მოითხოვს, რაც საქართველოსთვის ჯერ- ჯერობით მიუწვდომელ ოცნებად რჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩვენი აზრით, არის საბანკო კაპიტალის სრული დომინირება საფინანსო ბაზარზე და ფასიანი ქაღალდების ბაზრის (საფონდო ბირჟის) უკიდურესი განუვითარებლობა. შედარებისათვის: აშშ-ში ერთობლივი ფინანსური აქტივები შეადგენს ქვეყნის მშპ-ს 400%-ს, საქართველოში 71%-ს. აშშ-ს საფინანსო სისტემაში მთელი სახსრების 28%-ის აკუმულირებას ახდენს საპენსიო ფონდები, 23%-ის - კომერციული ბანკები, 10%-ის - სადაზღვეო კომპანიები, 2%-ის - შემნახველი ასოციაციები, ხოლო 37%-ის - სხვა ფინანსური სტრუქტურები, ძირითადად საფონდო ბირჟები. საქართველოში ფინანსური სახსრების  91% მოდის კომერციულ ბანკებზე, 4% - მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებზე, 3% - სადაზღვეო კომპანიებზე და 2% ლომბარდებზე. [15.გვ.21]. როგორც ვხედავთ, საქართველოში ბანკები არის ფული მოზიდვის თითქმის უალტერნატივო წყარო და ეს ძალიან ამცირებს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მდგომარეობამდე მისვლა შეგნებულად მოხდა წლების მანძილზე გავლენიანი ფინანსური ძალების მხრიდან ძლიერი ლობირების შედეგად. 2008 წლიდან შეიცვალა კანონმდებლობა საფინანსო სფეროში და „ქართული ლიბერტარიანიზმის“ იდეოლოგის კ. ბენდუქიძის ინიციატივით გაუქმდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ორგანო - საქართველოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია, რომლის ყველა ფუნქცია გადაეცა კომერციული ბანკების რეგულატორს - საქართველოს ეროვნულ ბანკს. ასევე, საკანონმდებლო გზით შეიზღუდა საფონდო ბირჟის დამოუკიდებელი მოთამაშეები - საბროკერო კომპანიებიც, რომლებსაც სებ-მა გაუზარდა საწესდებო კაპიტალის მოთხოვნები და ძალაში დატოვა „მხოლოდ გენერალური  ლიცენზია, რომლის დაკმაყოფილების  უნარი  ფაქტიურად მხოლოდ კომერციულ ბანკებს და მათ ფილიალებს გააჩნიათ“ [16.გვ.168]. აშკარაა, რომ ასეთი ცვლილებები ხელს არ უწყობდა საფინანსო სფეროში კონკურენციის ჩამოყალიბებას, რომლის გარეშეც საფინანსო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება შეუძლებელია. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალად ჩვენ მიგვაჩნია ფასიანი ქაღალდების ბაზრის დაუყოვნებლივ გახსნა არადეპოზიტარი ინსტიტუტებისათვის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის აღდგენა და მისთვის საფონდო ბირჟის მარეგულირებელი ფუნქციის დაბრუნება. კონკურენტული, სრულფასოვანი საფონდო ბაზრის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ინვესტირების პროცესში სხვადასხვა ზომის ეკონომიკური სუბიექტების ჩართვის თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს საქართველოში საშუალო კლასის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად. საშუალო კლასი წვრილი მესაკუთრეებისგან (თანამესაკუთრეებისგან) შედგება. სწორედ წვრილი მესაკუთრეა ის სუბიექტი, რომელსაც „შეუძლია გრძელვადიანი გეგმით მუშაობა. მხოლოდ მას აქვს მოტივაცია შეინარჩუნოს და გაზარდოს ქონების ღირებულება, მხოლოდ ის დაიცავს მას გამოფიტვისა და განიავებისგან“ [17.გვ.142]. ძლიერი საშუალო კლასი ნებისმიერ საზოგადოებაში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტაბილორობის მთავარი საყრდენი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის და განვითარების წარმმართველი ძალაა.

 დასკვნა 

ეკონომიკის გლობალიზაციამ, რომელიც გულისხმობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის, შესაძლებელი გახადა მათი ფართო ხელმისაწვდომობა და ეკონომიკური ზრდის (განვითარების) პროცესებში ინტენსიური ჩართვა. ამასთანავე, გლობალიზაციამ ვერ გაამართლა მასზე დამყარებული ბევრი იმედი პირიქით, გლობალიზაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას და უთანასწორობის ზრდას როგორც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს, ისე განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის. გლობალიზაციის მიმართ დიდი იმედგაცრუება საზოგადოების ფართო ფენების მზარდ უკმაყოფილებაში, საპროტესტო განწყობების (მაგ. აშშ-ში მოძრაობა „დაიკავე უოლ-სტრიტი“, ანტისამთავრობო გამოსვლები ტუნისში, ეგვიპტეში და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში და სხვ.) გაძლიერებაში, „ბრეკსიტში“,  აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად ექსტრავაგანტური მილიარდერის დ. ტრამპის არჩევაში გამოიხატა. ევროპაში (საფრანგეთი, გერ მანია, იტალია, ნიდერლანდები) მოახლოვებული უმნიშვნელოვანესი არჩევნების ფონზე სულ უფრო ხშირად კეთდება პროგნოზები ხელისუფლებაში ნაციონალისტურად განწყობილი, ანტიგლობალისტური ძალების და პიროვნებების მოსვლის საკმაოდ რეალური საფრთხის თაობაზე.

ამასთანავე, გლობალიზაცია ობიექტური პროცესია და მისი შეჩერების, მითუმეტეს უკან დაბრუნების დაშვება თეორიულად მცდარი და პრაქტიკულად სახიფათოა, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს თანამედროვე ერთიანი (გლობალიზებული) მსოფლიოს ფრაგმენტაცია და ქვეყნებს შორის დამღუპველი დაპირისპირების წარმოშობა, როგორც ამას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი XX საუკუნის განმავლობაში.

ძველი გლობალური პრობლემების გამწვავება და ახალის გაჩენა განპირობებულია არა თავად გლობალიზაციის პროცესით, არამედ მისი გაბატონებული ნეოლიბერალური მოდელით, რომელიც საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოქტრინას ემყარება. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დესტრუქციულ-ენტროპიული შინაარსის მქონე გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის შეცვლა სინერგეტიკული მოდელით, რომელიც გაითვალისწინებს მსოფლიოში საყოველთაო კეთილდღეობის, თანაბარი შესაძლებლობების და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას.

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპისთვის დამახასიათებელი წინააღდეგობები ახალ გამოწვევებს წარმოშობს საქართველოს წინაშე. გარედან მომდინარე შოკების მაქსიმალურად შესარბილებლად და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის ეფექტიანად ჩასართველად აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების (პრიორიტეტების) სწორად განსაზღვრა, რომლებიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ა) იმპორტშემცვლელი და ექსპორტზე ორინტირებული წარმოების დაჩქარებული განვითარება და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება; ბ) ფინანსური რესურსების სტრატეგიული რეგულირება მისი სპეკულაციური სფეროდან მატერიალური წარმოების სფეროსკენ გადამისამართების კუთხით; გ) განათლებასა და მეცნიერებაზე დამყარებული მაღალტექნოლოგიური ეკონომიკური სისტემის შექმნა; დ) ეკონომიკის არსებითი დემონოპოლიზება და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირება.

ლიტერატურა:

1. მექვაბიშვილი ე. ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები., თბ., 2009.

2. Ваcильев В. Глобализируюшая экономика: развитие по второму началу термолинамики? – Экономические стратегии.2011.,№1.

3. Стиглиц Дж. Цена неравенства. М.,2015.

4. Crotty J. Why there is Cronic Excess Capacity? – Challenge. 2002. November 5.     The Economist. 2014, იანვარი

5. Аивазов А. ФРС СЩА в мировой финансовой системе – http://www.warandpeace. ru//ru/exclusive/view/

6. Асемоглу Д., Робинсон Дж. Политика или экономика? Ловушки стандартных решении - Ворпосы экономики.2013,№12.

7. Столбов М. Глобальний экономический кризис: критика и перспективы развития финаисовых теории деловых циклов – Мировая экономика.2010,№1.

8. Лавровский Б. К вопросу о природе современного кризиса – Ворпосы экономики.2009,№4.

9. Смирнов А. Кредитный пузырь и перелокация финансового рынка - Вопросы Экономики.2012,№9.

10. CraGs N. Globalization and Growth in the Twentieth Century – IMF. Wash.,2000.

11. Medison A. The World Economy. A Milenial Perspective. Paris OECD,2001.

12. ინტერვიუ ეკონომისტ ი.არჩვაძესთან - tbiliselebi.ge

13. ექსკლუზიური ინტერვიუ სებ-ის პრეზიდენტ კ.გვენეტაძესთან - „კვირის პალიტრა“, 2017 წლის 5 თებერვალი.

14. Business Time Georgia. Jan., 2015.

15.  ასლანიშვილი დ. საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. თბ.,2015.

16. ჩხაიძე ი. საქართველოს კაპიტალიზაცია. თბ., 2015.