English / ქართული /








ახალი წევრი

ახლახანს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ აშშ-დან. მსოფლიოში აღიარებულმა ეკონომისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგორი მენქიუმ თანხმობა განაცხადა ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრობაზე.


2020-05-19
შეხვედრა ლ. ბალცეროვიჩთან

რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა შეხვედრა ცნობილ პოლონელ მეცნიერ-ეკონომისტთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან, რომელიც არჩეულ იქნა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.


2020-03-02
ახალი წევრი

გვაქვს საინტერესო სიახლე - ჟურნალის რედკოლეგიის წევრობას დაგვთანხმდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ელიზაბეთ ჩაკო. 


2020-03-19
კიდევ ერთი აღიარება

კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო ინფორმაცია ჟურნალის გულშემატკივრებისთვის: სულ ახლახანს მივიღეთ დადასტურება, რომ ჟურნალი განთავსებულია მსოფლიო საინფორმაციო ბაზაში EBSCO, რომელიც ასევე წარმოადგენს წიგნების ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონულ ბიბლიოთეკას. ეს ბიბლიოთეკა წელიწადში 2 მილიარდამდე წიგნს ყიდის; მოიცავს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, სამედიცინო, სამართლის, სახელმწიფო მართვის და ა.შ. მიმართულებებს. ეს გარემოება ქართველი მეცნიერებისათვის თავიანთი ინტელექტუალური პროდუქციის მსოფლიო ფართო საზოგადოებისათვის მიწოდების კიდევ ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.


2019-05-02
შეხვედრა ჯეფრი საქსთან

„ყველაზე გავლენიანი ცოცხალი ეკონომისტი“, „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ეკონომისტი“, "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტი“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები ჯეფრი დევიდ საქსს, რომელსაც დღეს, 2019 წლის 12 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ჯეფრი დევიდ საქსი არის მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ეკონომიკის დარგში, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში. კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია. პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.


2019-03-12
რედკოლეგიის სხდომა, 5 მარტი, 2019

მიმდინარე წლის 5 მარტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ოფისში ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც გაიმართა მსჯელობა ჟურნალში ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის რუბრიკის შემოღებისა და სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაფორმების აუცილებლობის შესახებ.

რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს ჟურანლის 2019 წლის პირველი ნომრის შინაარსი. აღინიშნა ჟურნალში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობის გაზრდისა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიურად მოზიდვის მნიშვნელობა ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში შემდგომი დაფიქსირების თვალსაზრისით.


2019-03-09
რედკოლეგიის სხდომა, 22 მაისი, 2019

გაიმართა ჟურნალ “ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზედაც   ჟურნალის კოლეგიამ განიხილა და დაამტკიცა ჟურნალის მეორე ნომრის შინაარსი. კოლეგიის წევრებმა წარმოადგინეს ანონიმური დასკვნები მათთვის სარეცენზიოდ გადაცემულ სტატიებზე. გამოითქვა ცალკეული შენიშვნა ზოგიერთი ნაშრომის მიმართ. მთლიანობაში ჟურნალში წარმოდგენილი მასალა მოწონებული იქნა და რეკომენდაცია გაეწია გამოსაქვეყნებლად.

სარედაქციო კოლეგიამ იმსჯელა ორგანიზაციულ საკითხზეც. კერძოდ - კოლეგიის შემადგენლობაში შეყვანილია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად Silk Road Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,  J.Stern&Co საინვესტიციო ოფისის უფროსი მრჩეველი და კონსულტანტი, აკადემიური დოქტორი ირაკლი მანაგაძე.


2019-04-07
სასიამოვნო სიახლე

 ჩვენი ჟურნალის გულშემატკივრებს გვსურს გაგაცნოთ   მიღებული ინფორმაცია ჟურნალ  "ეკონომიკა და   ბიზნესის" საერთაშორისო აღიარებისა და მისი ERIHPLUS-ს ბაზაში     განთავსების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები   საერთაშორისო პუბლიკაციებად ჩაითვლება, რაც, ვფიქრობთ, ქართველი მეცნიერებისთვის   დიდი ხელშეწყობაა.  აქვე უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს  - კახა მღებრიშვილს და ლევან ჯღარკავას, რომელთა დიდი დახმარებით შეიქმნა ჟურნალის ვებგვერდი.


2019-01-30
ახალი მონოგრაფია

 გამომცემლობა "ინტელექტმა"   გამოსცა ჟურნალ "ეკონომიკა და   ბიზნესის" რედაქტორის, ეკონ.     მეცნ. დოქტორის,   პროფ.  ელგუჯა  მექვაბიშვილის   მონოგრაფია  "გლობალიზაციის   ეპოქის ფინანსური კრიზისები   და საქართველოს   ეკონომიკა".   რედაქტორი -   ეკონ.მეცნ.   დოქტორი,პროფ.თეიმურაზ ბერიძე;   რეცენზენტები -   ეკონ.მეცნ.   დოქტორი, პროფ. რევაზ გველესიანი, ეკონ. აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. ინგა ბალარჯიშვილი, ეკონ. აკად.დოქტორი, ასოც.პროფ. თამაზ ზუბიაშვილი, 287 გვ. ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფალკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრაზე. 

მონოგრაფიაში განხილულია ეკონომიკის გლობალიზაციის წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებები, ნაჩვენებია გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება რეგიონალური და გლობალური ფინანსური კრიზისებია. დახასიათებულია ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებში წარმოშობილი ფინანსური კრიზისების მიზეზები და განვითარების ლოგიკა. გაანალიზებულია აღმოსავლეთ აზიის კრიზისის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკის საბანკო და სავალუტო სფეროებზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის კვლევას. შემუშავებულია კრიზისის კვლევის ახალი თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველი. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლობალური და საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული განვითარების პერიოდში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს. შეთავაზებულია მათი პრევენციის ზოგიერთი ღონისძიება. ორიგინალურია ეკონომიკისა უკრიზისო განვითარების მოდელის ავტორისეული ინტერპრეტაცია და გლობალიზებულ ეკონომიკაში საქართველოს ეფექტიანი ინტეგრირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტების კვლევა.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.


2018-10-25
რედკოლეგიის სხდომა, 6 დეკემბერი, 2018

6 დეკემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ოფისში შედგა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედკოლეგიის შეხვედრა. რედკოლეგიის წევრებმა ისაუბრეს ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატიების შესახებ, ასევე გამოსაქვეყნებელი პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით. გამოითქვა აზრი, რომ უნდა გაიზარდოს ინგლისური რეზიუმეს ფორმატი, რადგან საერთაშორისო ბაზებში ჟურნალის განსათავსებლად ეს აუცილებელი პირობაა. 


2018-12-14
გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში

26-27 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა  უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-ეკონომისტებმა 11 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა 14 სექცია, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ : ეკონომეტრიკა (პროფ. ი. ანანიაშვილი), ეკონომიკური პოლიტიკა (ასოც.პროფ. ი. გოგორიშვილი), თეორიული ეკონომიკა (პროფ. ე. მექვაბიშვილი), მაკროეკონომიკა (ასოც. პროფ. ნ. კაკულია), მიკროეკონომიკა და რეგიონული ეკონომიკა (პროფ. ე. ხარაიშვილი), საერთაშორისო ეკონომიკა (აკად. ა. სილაგაძე), სტატისტიკა (პროფ. ს. გელაშვილი), აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი (პროფ. ლ. საბაური), მარკეტინგი (პროფ. ნ. თოდუა),  ტურიზმი (პროფ. ი. ხელაშვილი), ფინანსები და საბანკო საქმე (ასოც.პროფ. ლ. ღუდუშაური), ინფორმაციული ტექნოლოგიები (პროფ. დ. სიჭინავა).

პლენარულ სხდომაზე, რომელიც გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ღაღანიძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რ. კაკულია, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა, პროფ. ე. მექვაბიშვილი. მოხსენებებით გამოვიდნენ აკად. ვლადიმერ პაპავა, ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი  ვერონიკა ფლამბარდი, რჟეშჩოვის  (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იაცეკ სტრინი, კიევის ვადიმ ჰეტმანის სახ. ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი ტატიანა სობოლევა (უკრაინა) და თსუ პროფესორი იოსებ ხელაშვილი.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას და ისაუბრეს გლობალიზაციის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, აღნიშნეს გლობალიზაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარების უახლეს ეტაპზე ერთმანეთს დაემთხვა ორი ურთულესი პროცესი - ქვეყნის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია და გლობალიზაციის პროცესში ქვეყნის ეკონომიკის ჩართვა. ამიტომ აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვას და დაგვიცავს მისი ნეგატიური ზეგავლენისგან.

მათ ასევე განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საკითხები, გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა სექციებში განაგრძეს, სადაც 120-მდე ნაშრომი და სტატია იქნა წარმოდგენილი.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა გამოთქვეს კმაყოფილება და დიდი იმედი, რომ ასეთი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.


2018-10-25