English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურმან ცეცხლაძესალომე სულაბერიძე
აგროტურიზმის განვითარების უცხოური გამოცდილება და მისი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

ნაშრომში გაანალიზებულია აგროტურიზმის განვითარების უცხოური გამოცდილება და მისი გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში.

ფერმერების სოციალურ-ეკონომიკური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია აგროტურიზმში უცხოური გამოცდილების საქართველოს პოტენციურ შესაძლებლობებთან მისადაგებით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ახალი ტექნოლოგიების ტრადიციულ მეთოდებთან სინთეზირებით, მომსახურების სერვისის გაუმჯობესება-დახვეწით, პროდუქციის დამზადება-გადამუშავება-შეფუთვა-მიწოდების მოწინავე მეთოდების დანერგვა-სრულყოფით. 

 ფერმერებისათვის უფრო მომგებიანი იქნება თუ მათ მიერ მოწეული ნატურალური პროდუქტისაგან დამზადდება კერძები, გაიყიდება ნედლი პროდუქტი და ნახევარფაბრიკატები, ვთქვათ, რძის ნაწარმი და სხვ.  ფერმერი ორიენტირებული უნდა იყოს როგორც პროდუქციის ხარისხზე, ასევე, მის რაოდენობაზე. ამისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, განისაზღვროს საქართველოს რეგიონების აგროტურისტული რესურსები, შესწავლილ იქნეს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობები და მათი აგროტურისტული საქმიანობა.

უცხოური გამოცდილების გათვალისწინება, ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და აგროტურიზმის სახელმწიფო მხარდაჭერა  შესაძლებლობას იძლევა ერთიან სივრცეში შეიქმნას სასურველი ტურისტული გარემო, განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება, ინფრასტრუქტურა, გასართობი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის დასაქმებას და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი,  აგროტურიზმი, აგროტურისტი, ეკოლოგიური მდგრადობა,  ეკონომიკური მდგრადობა.

JEL Codes: L83, N50, P32, Q10      

შესავალი

აგროტურიზმის განვითარების პრობლემები მეტ-ნაკლებად შესწავლილია ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრების მიერ. ქართველ ავტორთაგან აღსანიშნავია ე. ხარაიშვილის, მ. მეტრეველის, ლ. ყორღანაშვილის, ნ. ჩიხლაძის, გ. ბედიანაშვილის, ი. შალამბერიძის, გ. შანიძის, ნ. ჯაბნიძის, ც. ცეცხლაძის, ნ. ხახუბიას, ნ. სამჭკუაშვილის, ი. ახალბედაშვილის და სხვათა ნაშრომები. თუმცა, შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრია.

ნაშრომის ძირითადი მიზანია მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე წარმოვაჩინოთ აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები და მისი ეკონომიკური მნიშვნელობა ქართველი ფერმერებისათვის.

თემის აქტუალურობა განაპირობა საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტიულობამ – ხელსაყრელი  ნიადაგ-კლიმატური პირობები, ზომიერი ჰავა, უხვი ჰიდროლოგიური რესურსები იძლევა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, კენკროვანი ხილის წარმოება და სხვ.) განვითარების შესაძლებლობას.

ფერმერული მეურნეობების ჩართვა ტურისტულ საქმიანობაში ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ამას ადასტურებს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, კერძოდ, ევროპაში აგროტურების აქტიური განვითარების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის გადამწყვეტი იყო რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების აუცილებლობა, მათი პოტენციალის სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობები, დასაქმების დონის ამაღლება (შარაბიძე, 2019).

ეკონომიკური თვალსაზრისით, აგროტურიზმის განვითარების მხარდაჭერა ძირითადად განაპირობა ფერმერთა შემოსავლების გაზრდის პერსპექტივამ. ცნობილია, რომ სოფლის შრომისუნარიანი მოსახლეობის ქალაქებში გადინებას სოფლის მოსახლეობის შემცირება და სოფლის მეურნეობიდან შემოსავლების კლება მოჰყვა, ამასთან, ბაზარზე შეიქმნა ნატურალური პროდუქტების დეფიციტი. ტურისტების სურვილმა – დაესვენათ ბუნებრივ გარემოში  და შეძლებოდათ ნატურალური პროდუქტების დაგემოვნება, ხელი შეუწყო სოფლიდან მიგრაციის პროცესის შემცირებას და აგროტურიზმის, როგორც სპეციფიკური დარგის ჩამოყალიბება-განვითარებას, რამაც დასაქმების ახალი შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მოსახლეობას და გააუმჯობესა მათი ცხოვრების პირობები.

უცხოური გამოცდილებიდან გამომდინარე, საგულისხმოა, რომ აგროტურისტები მხოლოდ სოფლის მეურნეობით არ ინტერსდებიან. ტურიზმის ამ სახეობის მიმდევრები ხშირად აქტიური და გამოცდილი მოგზაურები არიან. ამიტომ, მასპინძლებმა მათ უნდა შეთავაზონ ახლომდებარე ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება, ბუნებაში გასეირნება და   სხვა    აქტივობა          (შარაბიძე,2019,6).

აგროტურიზმის მნიშვნელობა და მისი ჩამოყალიბების    სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები 

აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა. სოფელში დასვენების მსურველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სოფლიდან ინდუსტრიულ ქალაქებში ჩასული მოსახლეობის მესამე თაობა იყო, რომლებიც არჩევდნენ მიმზიდველ, მყუდრო რეგიონებს საზღვარგარეთ, იხდიდნენ ქირას. შესაბამისად, მასპინძელ ოჯახებს უჩნდებოდათ შემოსავალი.

ასე, რომ აგროტურიზმის განვითარებაზე მხარდაჭერა ძირითადად განაპირობა ფერმერთა შემოსავლების გაზრდის პერსპექტივამ. ცნობილია, რომ იტალიაში სახელმწიფომ სპეციალური კანონიც კი შეიმუშავა, რომელიც ამგვარი საქმიანობით დაკავებულ გლეხებს გარკვეულ შეღავათებს ანიჭებდა. მთავარი პირობა, რომელსაც აგროტურისტულ ქსელში გაერთიანებული გლეხი უნდა აკმაყოფილებდეს, არის ის, რომ იგი არ უნდა იყოს მოწყვეტილი საკუთარ ფერმას და საკუთარ საქმიანობას.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა  დასვენება ფერმერულ მეურნეობებში. მაგ.: 1920-იანი წლებიდან  ავტომობილების გამოგონებამ და ფერმაში  ტექნიკური სიახლეების დანერგვამ, გაზარდა შრომის მწარმოებლურობა, გამოათავისუფლა მუშახელი და გაამარტივა შრომა. 30-40-იან წლებში, დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აგროტურისტულ პროდუქტზე  მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. XX საუკუნის 50-70-იან წლებში ევროპის ცალკეული რეგიონის სოფლებსა და ქალაქის გარეუბნებში დაიწყო ტურისტული ნაკადების ზრდა (კეკოშვილი… 2016,66).

თანამედროვე ეტაპზე ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს, ხშირად, ეკონომიკური კრიზისიც თითქმის ვერაფერს აკლებს. მაგ., როცა იტალიაში ეკონომიკურმა კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა (ტუხაშვილი 2014,24).

კორონავისრუსის პანდემიის დროს, რა თქმა უნდა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგმა განიცადა კრიზისი და მათ შორის აგროტურიზმმაც, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრმა ოჯახმა ქალაქიდან სოფელს შეაფარა თავი. ამან კი სასოფლო - სამეურნეო საქმიანობაში უფრო მეტ ადამიანის ჩართვას შეუწყო ხელი, რამაც შესაძლოა აგაროტურიზმის პერსპექტივებიც გაზარდოს (ტურიზმის,2020:1).

აგროტურიზმი,  მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის შეფასებით,  ტურიზმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების ხუთეულში შედის და პოპულარობის მიხედვით, მეორე ადგილზეა საზღვაო ტურიზმის შემდეგ. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, აგროტურიზმიდან შემოსული თანხა ევროპაში მთლიანი შემოსავლის დაახლოებით       20-30%–ს  შეადგენს  (ჭყონიძე... 2019,1).

ევროპის აგროტურიზმის ფედერაციის (EuroGites) მონაცემებით, ევროპის 27 ქვეყანაში განთავსებულია 100 ათასზე მეტი ტურისტული ობიექტი. ბრიტანელი ფერმერების დაახლოებით 60%-ის ძირითადი შემოსავალი აგროტურიზმიდან შემოსული თანხაა. აშშ–სა და პოლონეთში კი ამ ბიზნესით ფერმერების 13% ცხოვრობს (ჭყონიძე... 2019,2).

ევროპის ქვეყნებში აგროტურიზმის წარმატებით განვითარება ძირითადად განპირობებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების ხელშეწყობით, რაც საქართველოში ნაკლებად ხდება. თუმცა, აუცილებელია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და აგროტურიზმის ერთობლივად განვითარება, რაც, თავის მხრივ, შექმნის პირობებს, რომ სოფლის მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია და დამატებითი შემოსავლის მიღება. დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენის შემთხვევაში კი, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ მოუწევს სამუშაოს ძიება საზღვარგარეთ, რაც შეამცირებს მიგრაციას. აღნიშნულ პროცესებს მოჰყვება ინფრასტრუქტურის განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა უდავოა, რასაც ადასტურებს სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ დარგში.

აგროტურიზმის განვითარების მოდელები და ტენდენციები მსოფლიოში

აგროტურიზმის მიმართულებით XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოში გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები, რომელთა შორისაა იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ. თითოეულ ქვეყანას მისთვის დამახასითებელი თავისებურება და აგრორესურსი გააჩნია, რითაც განსაკუთრებით საინტერესოა ვიზიტორებისათვის (ლობჟანიძე, 2010).

დღეისათვის შეიძლება გამოიყოს აგროტურიზმის განვითარების რამდენიმე მოდელი:

პირველი მიმართულების მოდელები დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისათვის, სადაც აგროტურიზმი ვითარდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების პარალელურად. ეს მიმართულება დამახასიათებელია საფრანგეთის, იტალიისა და ნიდერლანდებისათის (ქველაძე … 2013, 485).

აგროტურიზმის ფრანგულ მოდელში სოფლის ტურიზმის ძირითადი ელემენტია კულინარია და მეღვინეობა. ამ მოდელის მიხედვით ტურისტებს თავაზობენ ცალკე სახლს, ადგილობრივი სამზარეულოს სრულ ნაკრებს და, რა თქმა უნდა, მარნის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ფერმერი საკუთარი მარკის ღვინოს აწარმოებს, მრავალფეროვნება დიდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფრანგული სოფლის ტურიზმი მხოლოდ ღვინოს არ ეფუძნება, პოპულარულია კონიაკისა და ყველის ფერმერული ტურებიც.

აგროტურიზმის იტალიური მოდელი ფრანგულ მოდელს ჰგავს, მაგრამ საკუთარი თავისებურებებიც ახასიათებს. კერძოდ, კულინარიულ ტურებთან ერთად თავაზობენ გასართობ ტურებს, რომლის ძირითადი მიმართულებაა ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალიერება. გარდა ამისა, პოპულარულია ფიზიკური დატვირთვების - სპორტის სხვადასხვა სახეობის შეთავაზება (შარაბიძე, 2019:17).

სწორედ ასეთი ტრადიციული მოდელები ჩაისახა და აქტიურად ვითარდება ევროპაში. თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი კონკრეტული მოდელი არსებობს. უბრალოდ, ფერმერული მეურნეობების დიდი ნაწილი ტრადიციულ მოდელს იყენებს. მაგალითად,  გერმანიაში არსებობს ბრიტანული მოდელით მომუშავე ფერმებიც, ზოგჯერ გვხვდება შერეული ტიპიც. ბუნებრივია, კონკრეტული გადაწყვეტილება მოდელის შერჩევის თაობაზე ტურისტების მოთხოვნებზეა დამოკიდებული  (შარაბიძე, 2019,18).

აგროტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, საფრანგეთსა და იტალიას არ ჩამოუვარდება ნიდერლანდები. ის აგროტურიზმის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ნიდერლანდები მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრადიციული და მსხვილი მწარმოებელია.

 სოფლები ნიდერლანდებში – ეს არის დაბალი სახლები ფერმასთან ერთად. ფერმაში დასვენება და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის უახლესი ტექნოლოგიებით წარმოებას უკავშირდება.

ნიდერლანდებში აგროტურისტული საცხოვრებლის სახელმწიფო სტანდარტი არ არსებობს. მომსახურების ხარისხზე თავად აგროტურიზმის ობიექტების მფლობელები ზრუნავენ. მაგალითად, ნიდერლანდებისათვის დამახასიათებელი აგროტურისტული ობიექტი  „ყველის სახლი“ - ეს არის კერძო სახლი, კოტეჯი ან ფერმა, სადაც სტუმარს საშუალება ეძლევა დატკბეს სოფლის იდილიური გარემოთი და ამავე დროს აითვისოს ცნობილი ჰოლანდიური ყველის დამზადების ტექნოლოგია. სტუმარს აცნობენ ყველის ხარშვის ყველა საიდუმლოს, რის საფუძველზეც მას შეუძლია მისთვის სასურველი რეცეპტით ყველის წარმოება.

ნიდერლანდებში აგროტურიზმის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ აგრო და ეკოტურიზმის ხელშეწყობის ევროპული ცენტრის ასოციაციებს (ECEAT). თავად ნიდერლანდების აგროტურისტული სახლები და კოტეჯები სოფლის სასტუმროს ჰგავს, სადაც ტურისტს თავაზობენ საცხოვრებელ ნომერს და საუზმეს. ამასთან, დამსვენებელს შესაძლებლობა ეძლევა მოუაროს ცხვარს, ძროხას ან ღორს. ასეთი კარ-მიდამოები პოპულარულია ოჯახით დასვენების მსურველთა და მეგაპოლისის ხმაურით გადაღლილ ვიზიტორებს შორის (შარაბიძე, 2019, 48).

როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ქვეყნებში აგროტურიზმის განვითარება დაკავშირებულია სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი წარმოების განვითარებასთან. ვფიქრობთ, ანალოგიური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი იქნება ლანჩხუთის აგროტურიზმისთვისაც, რადგან თითო-ოროლა საწარმო და გადამამუშავებელი ობიექტი, ისიც მომხმარებელთა მცირე სეგმენტზე გათვლილი, მცირე შემოსავლის მომცემია. ასევე, აუცილებელია სოფლის მეურნეობის საწარმოების აღდგენა-განვითარება და მისი დაკავშირება ტურიზმთან.

მეორე მიმართულების მოდელები დამახასიათებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ტურიზმზე არიან სპეციალიზებულნი. მაგ., ასეთი ქვეყანაა კვიპროსი (ქველაძე, 2013, 485).

კვიპროსში აგროტურისტული პროგრამა ამოქმედდა 1991 წლიდან მთავრობის სრული მხარდაჭერით. ამ პროგრამამ მოიცვა 270 სოფელი. მუშაობდნენ არქიტექტორები და რესტავრატორები, რათა ძველი იერი დაებრუნებინათ სოფლებისთვის. სოფლის მოსახლეობისა და იმ მესაკუთრეთათვის, რომლებმაც 1989 წლამდე სოფლად შეიძინეს უძრავი ქონება, გაიცა ინვესტიცია, რათა მათ დაეწყოთ მზადება აგროტურისტთა მისაღებად. შეიქმნა კვიპროსის აგროტურისტული კომპანია - აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაცია, რომელიც ორგანიზებულად უძღვება ერთიან მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას, ახორციელებს დაჯავშნის ცენტრალიზებულ სისტემას, უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის დამუშავებას და მის განთავსებას ერთიან ვებ-გვერდზე. ტურისტები ჩამოდიან ძირითადად ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან  (შარაბიძე, 2019,57). ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ეხმარება იმ ოჯახებს, რომლებმაც სოფლად ტურისტების მიღება გადაწყვიტეს.

ვფიქრობთ, ჩვენს სინამდვილეშიც აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა შეადგინონ აგროტურიზმის განვითარების გეგმა, ადგილზე გაეცნონ ფერმერების მუშაობას და დაეხმარონ არსებული პრობლემების გადაჭრაში.

აგროტურიზმის დაგეგმვა და განვითარება უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების სამი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით:

●     ეკოლოგიური მდგრადობა - უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და ბიოლოგიური რესურსების ერთობლივ განვითარებას;

●     სოციალური და კულტურული მდგრადობა - უზრუნველყოფს ისეთ მდგრადობას, რომლის დროსაც ადამიანების ცხოვრება, მათი ერთობლივი კულტურა და ფასეულობები ყოველმხრივ დაცულია, კულტურული თვითმყოფადობა შენარჩუნებული;

    ეკონომიკური მდგრადობა - უზრუნველყოფს განვითარების ეკონომიკურ ეფექტიანობას, როცა რესურსების გამოყენების არჩეული მეთოდი ამ რესურსების მომავალი თაობებისათვის გამოყენების გარანტიას იძლევა (ვადაჭკორია… 2011,154-155).

ამ მხრივ, საინტერესოა ლატვიის მაგალითი, სადაც აგროტურიზმი რეგულირდება მთავრობის დადგენილებით სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია სოფლის ტურიზმის სხვადასხვა სერვისის პროვაიდერთა შორის თანამშრომლობის განვითარება, მარკეტინგული აქტივობის წახალისება ტურისტების მოსაზიდად. ლატვიაში აგროტურიზმის შესახებ კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს თავისი წვლილი შეიტანოს სოფლის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, კულტურული გარემოს შენარჩუნებაში, ტურიზმისა და ეკოტურიზმის ხელშეწყობაში (ფხაკაძე 2020, 10-11).

მესამე მიმართულების მოდელები დამახასიათებელია ტროპიკული და განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც აგროტურიზმი ვითარდება სასოფლო-სამეურნეო პარკების საშუალებით. მაგ., მალაიზიის აგროტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია ახალი ტიპის ბოტანიკური ბაღი-ქალაქი - შაჰ-ალამის სასოფლო-სამეურნეო პარკი. ის 1986 წელს გაიხსნა და ერთ-ერთი უდიდესი ბაღია მსოფლიოში. მისი ფართობი რამდენიმე ათას ჰა–ს შეადგენს.  თვალწარმტაცი ტროპიკული ტყეებით, ხეხილისა და ბოსტნეულის პლანტაციებით. ბაღში არსებობს თემატური ზონები - სანელებლებისა და ორქიდეების, კაქტუსებისა და სოკოების ბაღები, ბამბუკების ტყე. შესაძლებელია თევზაობაც (შარაბიძე  2019, 71-72).

მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარეობს, რომ სოფლად ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეკრეაციული ზონებისა და პარკების შექმნას, რაც განაპირობებს ეკოლოგიურად სუფთა ტურისტული პროდუქტის მიღებას. ანალოგიური რამ შეიძლება მოეწყოს საქართველოშიც, მაგალითად: რაც შეიძლება ითვალიწინებდეს კოლხეთის ეროვნული პარკის (იმნათის უბნის) დათვალიერებას, კატერით გასეირნებასა და თევზაობას, აგრეთვე, იქვე, მახლობლად მცხოვრები გრიგოლეთის რომელიმე ფერმერის ოჯახში განთავსებასა და კვებას. აღნიშნული მოდელების გარდა, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების, კერძოდ, ბელარუსის გამოცდილების შესწავლა: აგროტურიზმის განვითარება ბელარუსში 2004 წლიდან დაიწყო. 2006 წლისათვის ქვეყანაში უკვე 34 აგროტურისტული კარ-მიდამო იყო, 2019 წლისათვის მათი რაოდენობა 1 000-ს მიუახლოვდა.

 ბელარუსში აგროსასტუმროების კომფორტის დონის შეფასება მათთვის ვარსკვლავების მინიჭების იდენტურია. ვარსკვლავების ნაცვლად ხდება „მამლაყინწების“ მინიჭება, რომელთა  მაქსიმალური რაოდენობა ოთხია.

აგროტურიზმის განვითარების წარმატებული მაგალითია სოფელი კომაროვო. ამ სოფელში აღდგენილ იქნა ძველი თავადისეული სახლი, გაშენდა პარკი, მოეწყო ბლინების საცხობი. სტუმრებს იწვევენ ფოლკლორულ სტილში საღამოების მოსაწყობად, რუსულ აბანოში საბანაოდ, ბლინების დასაგემოვნებლად. აგრო კარ-მიდამო „კომაროვო“ დღეისათვის ბელარუსში ყველაზე პოპულარული ობიექტია, სადაც აგროტურისტებისათვის საცხოვრებლის ფართო არჩევანია. ტურისტებმა ღამის გასათევად შეიძლება აირჩიონ სოფლის უბრალო ქოხი, რომლის პატრონი ქსოვს კალათებს და აწყობს გასეირნებას ბაიდარებით მდინარე ნემანზე; ან კიდევ, ისარგებლონ მეთევზის საცხოვრებელში არსებული მომსახურების სრული კომპლექტით  (ბადეები,       ანკესები და სხვ.), ასევე ველოსიპედსა და თოვლმავალს; ან კიდევ, სამსართულიანი კოტეჯებით - ეროვნული სამზარეულოთი, ხალხური ანსამბლების ანიმაციებითა და მეთუნეების ახელავის დემონსტრირებით.

ბელარუსი აგრარული ქვეყანაა მდიდარი ტრადიციებით, სადაც წარმართული წეს-ჩვეულებები გადახლართულია ქრისტიანულ რიტუალებთან. ამ თავისებურებას ფართოდ იყენებენ აგროტურების ორგანიზებისას (შარაბიძე 2019, 67-69).

ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარების ძირითად საფუძვლად თვალწარმტაცი ბუნება, ეროვნული ტრადიციები, უხვი და ნოყიერი ტრადიციული სამზარეულო, გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი მიიჩნევა, რაც ნიშანდობლივია გურიისათვისაც. მაგრამ აქაურ ფერმერებს არ აქვთ მოწყობილი შესაფერისი გარემო ტურისტების მისაღებად, ასევე, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამ საქმიანობაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფერმერები ტურისტებს გაუმასპინძლდნენ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის ნობათით, რისთვისაც საჭიროა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე სოფლის პროდუქციისა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირება. მომსახურების ხარისხში იგულისხმება როგორც ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიწოდება ტურისტებისათვის, ასევე განთავსების ობიქტში სრული კომფორტის შექმნა, მომსახურების პროცესის დახვეწა-გაუმჯობესება.

      მაგალითად,  მსოფლიოს ქვეყნებში, სადაც  აგროტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული, ფერმერი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტურისტი დააინტერესოს თავის ფერმაში წარმოებული პროდუქტით. მაგრამ თუ იქ ფერმერები ამას აღწევენ შესაბამისად  გამართული ინფრასტრუქტურით, საქართველოს სხვადასხვა სოფლებში ჯერჯერობით არ არის თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი პირობები. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, აღსადგენია სოფლის მეურნეობა, აგროწარმოება, რის გარეშეც ვერ განვავითარებთ აგროტურიზმს და ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს.

საქართველოს რეგიონებს აქვს აგროტურიზმის განვითარების კარგი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო აგროტურიზმის ბაზრისთვის. მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის მიმდებარე ტერიტორია, როგორიც არის ტაბაწყური, აბასთუმანი, ბორჯომის პლატო, გუჯარეთის ხეობა, მარელისი (ხარაგაულში), ასევე შიდა და ქვემო ქართლის სოფლები, ზემო იმერეთი (ტყიბული და თერჯოლის მუნიციპალიტეტები), ზემო აჭარა და გურია.

გასათვალისწინებელია ამ რეგიონების უპირატესობა: მოსახლეობის რაოდენობით, სოფლების აქტიური ფერმერული მეურნეობები, აგროტურისტული პოტენციალი - მულტიკულტურული გარემო (განსაკუთრებით ზემო აჭარა, ჯავახეთი), ნაკლებად გადატვირთული ტურისტული ბილიკები (ხარტიშვილი, 2020:29).

თუმცა, ვერ ხერხდება აგროტურიზმის განვითარების უცხოური გამოცდილების გამოყენება, რადგან ის მოითხოვს სახელმწიფო სტრუქტურებიდან მეტ ყურადღებას და დახმარებას.  

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებაზე მსჯელობისას ასევე, საინტერესოა აგროკულტურული მუზეუმების  ისტორია. პირველად ის 1896 წელს ბუდაპეშტში დაარსდა, სადაც წარმოდგენილია უნგრეთის სოფლის მეურნეობის ისტორია დასაბამიდან დღემდე.

მისაბაძია ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი და განსაკუთრებით ირლანდია, სადაც სოფლის მეურნეობის 120 მუზეუმია ქვეყნის თითქმის ყველა წერტილში. აშშ–ში კი არსებობს ყველაზე დიდი ცენტრალური -  ვაშინგტონის სოფლის მეურნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია 150-ზე მეტი ანტიკური ტრაქტორი, 1 000 ცალზე მეტი ისტორიული მანქანა და ათასობით ჰა–ზე გამოფენილია ექსპონატები, რაც წარმაჩენს  ფერმერული მეურნეობის განვითარებას ბოლო 100 წლის განმავლობაში (საჩალელი... 2018,55).

ამის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონებში სასურველია შეიქმნას აგროკულტურული მუზეუმები, სადაც თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი მეურნეობის  ისტორიის გაცნობისა და პროდუქტის დამუშავება - დამზადების ტექნოლოგიის გაცნობის შესაძლებლობა იქნება ტურისტებისათვის. სასოფლო-სამეურნეო და აგრომუზეუმებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ როგორც საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაში, ასევე საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის აგროკულტურული ისტორიის დაცვასა და შენარჩუნებაში.                                    

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, აგროტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ,  როგორც  ცნობილი „ღვინის გზის” ტური, ასევე „ჩაის გზის” ტურიც. მაგალითად გურიის რეგიონში, არსებობს ტურისტული  პროექტი „ჩაის გზა”. 

აღნიშნული პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით 2019 წლიდან ხორციელდება.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ჩაის დაყენებისა და სმის მაღალი კულტურა არ არის ფეხმოკიდებული. შეგვიძლია გამოცდილება ამ მიმართულებით გავიზიაროთ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და სხვა, სადაც ჩაი სუფრის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ქართველებისათვის ღვინო. რადგან ტურისტს მომსახურების პროცესიც ხიბლავს და აინტერესებს.

დასკვნა

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი აგროტურისტული რესურსები, ოღონდ აუცილებელია მისი განვითარება  სოფლის მეურნეობასთან მჭიდრო კავშირში, აგრეთვე, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და აგრობიზნესცენტრის კომუნიკაცია ადგილობრივ ფერმერებთან. სწორედ მათი საშუალებით უნდა მოხდეს ფერმერების ინფორმირება და ჩართულობა  სასოფლო-სამეურნეო პროექტებში, რათა მიიღონ ფინანსური რესურსები მომავალში წარმატებული  საქმიანობისათვის.

აგროტურიზმის უცხოური გამოცდილებისა და კვლევის შედეგების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ აუცილებელია საქართველოში ცალკეული მუნიციპალიტეტის დონეზე განხორციელდეს აგროტურიზმის დაგეგმვა და მართვა, რაც უნდა ითვალისწინებდეს როგორც ეკოლოგიურ და სოციალურ, ასევე, ეკონომიკურ მდგრადობის პრინციპებს.

აგროტურიზმის განვითარების პოტენციალის გათვალისწინებით,  ვფიქრობთ, საქართველოში აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონიძიებები:

●  სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს ურთიერთკავშირით განვითარება;

●  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების ობიქტების აღდგენა ან შექმნა;

●  ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება, დაცვა, ბაღ-პარკების შექმნა;

●  აგროტურისტული მარშრუტების ორგანიზება, რითაც გათვალისწინებული იქნება ტურისტების როგორც ფერმერულ საქმიანობებში ჩართვა, ასევე დამატებითი შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიებებით მათი დატვირთვა;

●  ტურისტული პროდუქტის ორიენტირება როგორც რაოდენობაზე, ასევე ხარისხზე;

●  მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება და ფინანსური რესურსების მოზიდვა გრანტების, პროექტებისა და ინვესტიციების სახით.

გარდა ამისა, საჭიროა შესაბამისი გარემო-პირობების შექმნა ტურისტებისათვის: განსახლება,  კვება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ფიზიკური უსაფრთხოება. შესთავაზონ საინტერესო პროგრამები, მათ შორის გასართობი, როგორიცაა თევზაობა, ექსკურსიები ღვინის სარდაფებში, ყველის დამზადება, მეურნეობაში მუშაობა, საკვების დამზადება - კულინარიული მასტერკლასების გამართვა, ეთნო და აგრო-ტურების მოწყობა.

ლიტერატურა:

  1. ბედიანაშვილი გ. - რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური სისტემები და ქვეყნის ტერიტორიული სტრუქტურა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამეწარმეო საქმიანობის მოდერნიზაციის კონტექსტში - რეგიონალური მიმოხილვა - სამეცნიერო მასალები-14(2018/2019), https://search.proquest.com/openview/8046330b21fa0fc6fc14a4ac6e46eb3b/1?pqorigsite=gscholar&cbl=2034462
  2. ვადაჭკორია მ., ოქროცვარიძე ა., ოქროცვარიძე ლ. (2011). ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი. თბილისი გვ. 154-155.
  3. კეკოშვილი დ., ბაკურაძე ნ. (2016). აგროტურისტული საქმიანობის უცხოური გამოცდილება და მისი რეალიზაციის პერსპექტივები საქართველოში.  საქართველოს ტურიზმის ეროვნილი ადმინისტრაციის თბილისის კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“. თბილისი, გვ. 66.
  4. კოჭლამაზაშვილი ი., კაკულია ნ. (2015). მეჩაიეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი.
  5. http://enpard.ge/ge/wp-content/uploads/2015/05/TeaValueChainAnalysis_GEO.pdf/ ბოლო ნახვა 05.02.2021.
  6. ლობჟანიძე მ. (2010). აგროტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და გადაჭრის გზები.  II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ტურიზმი,  ეკონომიკა  და ბიზნესი“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბათუმი.
  7. სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტების რაოდენობა 2019-2020 წ.წ. https://gnta.ge/ge/;
  8. საჩალელი ნ., ქობლიანიძე თ. ინოვაციები აგროტურიზმში. საქართველოს ტურიზმის ეროვნილი ადმინისტრაციის თბილისის კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები  საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. თბილისი 2018, გვ. 55.
  9. სოხაძე ა., მიქანაძე გ.,  მოსიაშვილი თ. ჩაის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თბილისის კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები  საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“.თბილისი 2018, გვ. 60.
  10. ტუხიაშვილი ე. „დამატებითი შანსი მცირე ფერმერებისთვის“. გაზეთი „კვირის პალიტრა“. N 5, თბილისი. 2014.
  11. ფხაკაძე თ. (2020).  აგრარული ტურიზმის ხელშეწყობა. https://info.parliament.ge/file/1/BillPackageContent/29156 / ბოლო ნახვა 01.12.2020.
  12. ქველაძე ქ., ხუსკივაძე მ. (2013).  აგროტურიზმის გავლენა რეგიონების აგროეკოომიკურ პოლიტიკაზე.  II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბიოეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.  გვ.484-490.
  13. შარაბიძე ნ. (2019). აგროტურიზმი, ტურიზმი სოფლად.     გამომცემლობა აკაკი წერთლის სახლმწიფო უნივერსიტეტი.
  14. ჩიხლაძე ნ., დეისაძე ე. (2020). აგროპროდუქციის წარმოების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე. N2(16). გვ. 198-208. https://moambe.atsu.edu.ge/edition/gamocema16/358--.html;
  15. ჩიხლაძე ნ., კოღუაშვილი პ. (2019). „სოფლად ნუ ჩაკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგიხდებაო“.  ჟურნ. „ეკონომისტი“,N4.  http://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge
  16. ჩიხლაძე ნ., ვალიშვილი თ. (2015).  ქუთაისის ტურიზმის პოტენციალის და მისი შემოგარენის ტერიტორიის საკითხზე. ოვიდიუსის უნივერსიტეტის ანალიზი, სერია ეკონომიკური მეცნიერებები. 2015, ტ. 15 გამოცემა 1, გვ. 474-478. http://stec.univ-ovidius.ro/html/anale/ENG/2015/ANALE%20vol%2015_issue_1.pdf;
  17. ჩიხლაძე ნ., ვალიშვილი თ. (2015). ტურისტული სერვისების ბაზრის მარკეტინგული კვლევა საქართველოში. ჟურნალი "გლობალური და რეგიონული ეკონომიკის სამეცნიერო ინსტიტუტი" №1 (8) 2015 (ნაწილი 2). გვ.12-15
    1. ხარაიშვილი      ე. (2018).         აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების მოდელების დივერსიფიკაცია საქართველოში. IV საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია ”თანამედროვე მენეჯმენტის სტრატეგიული იმპერატივები”.
    2. ხარაიშვილი ე. (2016). აგროტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი რეგიონების კონკურენტუნარიანობის შეფასება. უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია ,,ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები“ ახალციხე.
    3. ხარაიშვილი      ე. (2017). აგროტურისტული ადგილების შეფასება ლანეს კრიტერიუმებით და მომიჯნავე დარგების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები“,  ქუთაისი.
    4. ხარაიშვილი ე. (2011). სასურსათო პოტენციალი და აგროტურიზმის განვითარების პრიორიტეტები აჭარის მაღალმთიანეთში. საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“, ბათუმი.
    5. ხარტიშვილი ლ., სალუქვაძე გ., გუგუშვილი თ., ფაშალიშვილი ა. (2020). "საქართველოს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის შეფასება და ანალიზი", https://info.parlament.ge/file/1/BillPackageContent/29136;
    6. ჯიმშელაძე ე. (2019). რიზე - ჩაისა და აღმართების ჭრელაჭრულა სამფლობელო ყურისძირში.  https://www.econews.ge/ka/news/602 / ბოლო ნახვა 10 დეკემბერი 2020.