English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
მრგვალი მაგიდა „კორონომიკა“

 

გლობალური კორონომიკული კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

(შესავლის ნაცვლად) 

 გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებში პირველი ცნობები გაჩნდა ჩინეთში,   კერძოდ, ვუჰანის პროვინციაში უცნობი, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო ვირუსული   დაავადების შესახებ, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 (კორონავირუსი) უწოდეს. დეკემბრის ბოლოს ჩინეთის   ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა ამ დაავადების არსებობა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო   ორგანიზაციამ COVID-19 გლობალურ საფრთხედ, ხოლო 11 მარტს - პანდემიად გამოაცხადა. 2020 წლის 21 მარტს   საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე   საგანგებო  მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამჟამად ეს დაავადება მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ყოველდღიურად მატულობს დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა, ისე როგორც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სულ უფრო ხშირად საუბრობენ პანდემიის მეორე ტალღის შესაძლებლობაზე.

COVID-19-ის ვირუსმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა როგორც ეროვნული სახელმწიფოების, ისე გლობალურ ეკონომიკას. ამას ადასტურებს შემდეგი სტატისტიკური მონაცემები - გაეროს პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს 4.0-%-ით, ხოლო მსოფლიო ბანკი- 5.2%-ით შემცირებას (ავტორის მიერ გამოყენებული ყველა მონაცემი აღებულია ელექტრონული წყაროდან https:1/bitlyTcSmoq/). ასევე საპროგნოზო შეფასებით, მიმდინარე წელს ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდება 7.5%-ით, მათ შორის: იტალიის - 9.1%-ით, ესპანეთის - 8.0%-ით, საფრანგეთის - 7.2%-ით და ა.შ. აშშ-ში ეკონომიკის 5.9%-იან ვარდნას პროგნოზირებენ. აზიის განვითარების ბანკის მაისის თვის ანგარიშში კორონავირუსის მიერ მსოფლიო ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალი 5.8-8.8 ტრლნ აშშ დოლარის ფარგლებშია შეფასებული, რაც გლობალური მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) 6.4%-დან 9.7% შეადგენს. მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა, სავარაუდოდ, 1.7-2.6 ტრლნ დოლარით შემცირდება, მსოფლიო ტურიზმის დანაკარგებს 1.2-1.5 ტრლნ აშშ დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ.  მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში დასაქმება შესაძლებელია 25 მლნ სამუშაო ადგილით შემცირდეს. აშშ-ში მოსალოდნელ ზარალს 4.0 ტრლნ დოლარით აფასებენ, რაც ამ ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის თითქმის 10%-ია.

ამგვარად, სახეზეა პანდემიური შოკით პროვოცირებული მეორე გლობალური ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი, რომელმაც სამეცნიერო ლიტერატურაში „კორონომიკული კრიზისის“ სახელწოდება მიიღო (ვ. პაპავა, 2020, კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე - https://for.ge/view/182671/koronomika-da-economica-krizisis-winase.html და სხვ.) მოცემული კრიზისის ორ მთავარ თავისებურებას შეიძლება გაესვას ხაზი. პირველი კრიზისის წარმქმნის მიზეზშია, რომელიც გამოწვეულია არა ეკონომიკური სისტემის შიგნით არსებული წინააღმდეგობებით, არამედ სამედიცინო ფაქტორით. ჯერჯერობით არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისი ეფექტიანი მკურნალობის პრეპარატი. ასევე უცნობია კორონომიკული კრიზისის დაძლევის გზები და არ არსებობს პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების აპრობირებული მექანიზმები. აღნიშნული გარემოება შეშფოთებას ბადებს მსოფლიო საზოგადოებაში. მართალია, ბევრ ქვეყანაში ეპიდემიის პიკი გადალახულია და დაწყებულია შეზღუდვების შერბილების პროცესი, რაც, პირველ რიგში, ეკონომიკური აუცილებლობითაა ნაკარნახევი, მაგრამ დღეს ვერავინ ამბობს რამდენ ხანს გასტანს კიდევ ეპიდემია ან რა შესაძლო ფორმებს შეიძენს იგი მომავალში.

შექმნილ სიტუაციაში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები დეგლობალიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რასაც, ჩვენი აზრით, არ გააჩნია რეალური საფუძველი. საკითხის სიცხადისათვის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ ისტორიიდან. ინტერნაციონალიზაცია, როგორც გლობალიზაციის წინაპირობა და შემადგენელი ნაწილი, რამდენჯერმე სერიოზულად შეფერხდა მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს გამოწვეული იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომებით, „დიდი დეპრესიით“, 2007-2009 წლების „დიდი რეცესიით“ და სხვ. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გაჩნდა წარმოების ლოკალიზაციის ტენდენცია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება კრიზისით განპირობებული უმუშევრობის პრობლემის შერბილების მექანიზმის სახით. იგულისხმება, რომ უპირატესობა ენიჭება სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყნის შიგა და არა  შრომის გლობალურ ბაზრებზე. პარადოქსულია, რომ ლოკალიზაციის ტენდენცია აშშ-ში აღმოცენდა, რომელიც გლობალიზაციის ბირთვი და ლოკომოტივია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი შეფერხებები დროებითი ხასიათისაა. ვფიქრობთ, ასევე დროებითი იქნება COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალიზაციის ამჟამინდელი შეფერხებაც.

კორონომიკული კრიზისის მეორე თავისებურება მის განსაკუთრებულ სიღრმეშია. მეცნიერები თანხმდებიან იმაში, რომ ეს კრიზისი თავისი სიმწვავით და დამანგრეველი ზემოქმედებით აღემატება 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისს და უთანაბრდება 1930-იანი წლების  „დიდ დეპრესიას“. შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ „დიდ დეპრესიასთან“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან რთული და საკმაოდ ხანგრძლივი იქნება ამ კრიზისიდან გამოსვლის პროცესი: სავარაუდოა, რომ გლობალური და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებისათვის პანდემიით მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, წამყვანი ქვეყნები 2022 წლამდე ვერ შეძლებენ 2019 წლის ეკონომიკური დონის მიღწევას.

კორონავირუსის ეპიდემიას ჩვენი ქვეყნისთვისაც არ აუვლია გვერდი. უაღრესად მძიმე ზეგავლენა იქონია კორონავირუსიდან გამოწვეულმა კორონომიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკაზე. წინასწარი ვარაუდით, ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტი 4.0% - 5.0%-ით შემცირდება. მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის საგარეო ვალი. უკვე 2020 წლის მაისში ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავლები 97%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა კი 9.3%-ით იკლო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლო დროულად განეხორციელებინა ამ დაავადების წინააღმდეგ მიმართული როგორც წმინდა სამედიცინო, ისე ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები. მათი დაწვრილებითი ანალიზი და შეფასებები წინამდებარე ჟურნალში წარმოდგენილია ქართველი ცნობილი  და ახალგაზრდა თაობის  მეცნიერ-ეკონომისტების მიერ.

რთული აღმოჩნდა ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება და განხორციელება, რასაც განაპირობებდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული საქართველოს ეკონომიკის სამომხმარებლო ხასიათი - მისი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ტურიზმზე, საქონლისა და მომსახურების იმპორტზე და უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქეების ფულად გზავნილებზე. ეს ის სფეროებია, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად დაზიანდა კორონომიკული კრიზისისაგან. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში პრიორიტეტი მიენიჭა სოციალურ საკითხებს - კრიზისისაგან ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების სოციალურ დაცვას, რომელიც განხორციელდა როგორც პირდაპირი სუბსიდირებით, ისე მონეტარული დახმარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესთან მიმართებაშიც დასაქმებუ;ლთა ინტერესების დაცვას მიენიჭა უპირატესობა. 

დასასრულ, პრობლემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს  უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეკონომიკური თეორიიდან კარგად არის ცნობილი, რომ ეკონომიკური კრიზისი არა მხოლოდ ძველის დამანგრეველი, არამედ ახალი ეკონომიკური რეალობის შემქმნელი ძალაა, რაც ნათლად ჩანს კრიზისის ცნების სხვადასხვა ენაზე გამომხატველ ტრანსკრიფციებში - ბერძნულად „კრიზისი“ ნიშნავს „გადაწყვეტას“, ლათინურად - „გაყოფას“ და „გარდატეხას“, ჩინურად - „საფრთხეს“ და „შესაძლებლობას“. შესაბამისად, კორონომიკული კრიზისი განხილული უნდა იქნეს არა მხოლოდ სოციუმის და მისი შემადგენელი ნაწილის - ეკონომიკის მდგრადობის სერიოზული გამოცდა, არამედ როგორც „შესაძლებლობების ფანჯარა“ ახალი, უფრო ეფექტიანი და პროგრესული ეკონომიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებისათვის. ვინ და როგორ გამოიყენებს ამ შანსს, ამაზე დიდად იქნება დამოკიდებული ცალკეული კომპანიების წარმატება თუ მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.

გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ კოლეგებს შემჭიდროვებულ დროში ღრმა შინაარსიანი და მრავალმხრივი ანალიზით გაჯერებული სტატიების წარმოდგენისათვის. პრობლემის აქტუალურობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოწოდებული მასალის ინგლისურ ენაზე თარგმნა და ელექტრონული ვერსიის სახით გამოცემა, რაც ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა ნააზრევს ხელმისაწვდომს გახდის არა მხოლოდ ქართულენოვანი მკითხველისათვის.

პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილი

ჟურნალ “ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი

კორონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი

ვლადიმერ პაპავა

აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

vladimer.papava@tsu.ge

 თანამედროვე მსოფლიო მოიცვა ახალი COVID-19 ვირუსის გლობალური გავრცელებით გამოწვეულმა საფრთხეებმა,   რამაც დღის წესრიგში თვისებრივად ახალი პრობლემები დააყენა. მათ შორის მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში   როგორ გავუძღვეთ ეკონომიკას და რა ცვლილებებს საჭიროებს ის მომავალი რისკების შესამცირებლად.

 ჩამოყალიბებული ტრადიციის თანხმად, ეკონომისტები, როგორც წესი, იკვლევდნენ ეკონომიკური კრიზისის   ზეგავლენას ზოგადად ჯანდაცვის სისტემაზე, მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ინფექციურ დაავადებათა   გავრცელებაზე. დღეს უკვე პირიქით დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი არის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი, რომ კორონავირუსი პრაქტიკულად „ეკონომიკურ პანდემიად“  გარდაიქმნება (Riley, 2020).

კორონავირუსის გავრცელების ეკონომიკაზე ზეგავლენის პრობლემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით მისასალმებელია შრილანკელი პროფესორის აჯით დე ალვისის მიერ ახალი ტერმინის „კორონომიკსი“ („Coronomics“) შექმნა, რომელიც მიიღება ორი ტერმინის - „კორონა“ და „ეკონომიკსის“ გაერთიანებით და შეისწავლის კორონავირუსის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს (Alwis, 2020). მოგვიანებით გამოჩნდა სხვა მსგავსი ტერმინიც - „კორონანომიკა“ („Coronanomics“) (Eichengreen, 2020).

კორონომიკის აქტუალურობა არამარტო იმითაა განპირობებული, რომ დღეს სახეზეა კორონავირუსის პანდემია, არამედ იმითაც, რომ მსგავსი ტიპის გლობალური საფრთხეები არც მომავალშია გამორიცხული და ამის გათვალისწინება აუცილებელია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მომავალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვდგავართ არა კლასიკური ტიპის, არამედ თვისებრივად ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე, როცა მისი გამომწვევი მიზეზები არა ენდოგენური, არამედ ეკზოგენური ხასიათისაა, ანუ როცა ეს მიზეზები გენერირებულია არა ეკონომიკაში, არამედ პროვოცირებულია ეკონომიკის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროს - კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე მთელი მსოფლიო დგას კლასიკური ეკონომიკური კრიზისისგან განსხვავებული, ახალი ტერმინით - „კორონომიკური კრიზისის“ წინაშე (Papava, 2020).

კორონომიკური კრიზისის სიღრმე დამოკიდებულია იმაზე, თუ პანდემია რამდენ ხანს გასტანს. სხვა სიტყვებით, დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია.

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნაში - ჩინეთში დაიხურა არაერთი კომპანია, მსგავსი სირთულეების წინაშე დადგნენ აშშ და ევროკავშირის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

რეალურად ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც ყველაზე აქტიურად განიხილება,  ძირითადად უკავშირდება 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კრიზისის წყარო ეკონომიკაში იყო, მაშინ, როცა კორონომიკური კრიზისი პირდაპირაა დაკავშირებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება მედიცინა კორონავირუსის დამარცხებაში.

ფაქტია, რომ კორონავირუსმა დააზარალა ტურისტული სექტორი, ზიანი მიაყენა სამგზავრო ავიაგადაზიდვებს, საფონდო ბაზრებებზე დაფიქსირებული ვარდნა კი  ეკონომიკის რეალურ სექტორზე უშუალოდ აისახა. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეკონომისტების ხელთაა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა საგადასახადო შეღავათების დაწესება, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება, მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილის სოციალური დაცვის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებების გარდა,  პრიორიტეტულია მთავრობის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა. ის, თუ რამდენად საკმარისი იქნება ამ ღონისძიებების გატარება კორონომიკური კრიზისის პირობებში,  დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მედიცინას კორონავირუსისგან სამკურნალო პრეპარატის, ასევე შესაბამისი ვაქცინის შექმნას, დამზადებასა და გავრცელებას.

საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილი ღონისძიებები, საბოლოო ანგარიშით, გამოიწვევს საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას და დიდი ალბათობით, ეს იქნება პანდემიით მოცული ყველა ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტკრიზისული პრობლემა. მაშასადამე, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ის ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია კორონომიკური კრიზისის და პოსტკრიზისულ პერიოდებში.

ის, რომ ეკონომიკა თითქმის გაჩერდა აშშ-ში, ჩინეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, აუცილებლად აისახება არამარტო მოთხოვნის შემცირებაზე, არამედ კიდევ  უფრო მეტად –მიწოდების შემცირებაზე.

მოთხოვნის შემცირებასთან შედარებით, მიწოდების უფრო მეტად შემცირება, უშუალოდ აისახება ინფლაციის ზრდაზე. მისი მოთოკვა ცენტრალური ბანკების ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მხოლოდ იმ შემთხვავაში გახდება შესაძლებელი, თუ გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები. ეს კი, თავის მხრივ, ისევ და ისევ უარყოფითად აისახება მიწოდებაზე და, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკურ ზრდაზე.

კორონავირუსის გავრცელებამ გარკვეული ბიძგი მისცა იმ იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგება თავისუფალ ვაჭრობას, თუმცა აშკარაა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციას, ეკონომიკურად უფრო მეტად დაზარალდებიან სწორედ პანდემიის პირობებში (Frankel, 2020; Mohamed, 2020). იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია გლობალური ფენომენია და კორონომიკური კრიზისი მთელი მსოფლიოს საფრთხეა, იზოლაციონიზმი და დეგლობალიზაცია მსოფლიო ეკონომიკისთვის აშკარად დამღუპველი გზაა. პირიქით, პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელია მოხდეს ღირებულებათა და მიწოდებათა ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რამაც უნდა უზრუნველყოს შესაძლო რისკების შემცირება (Derviş, Strauss, 2020).

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩინეთში თავმოყრილი მსხვილი კომპანიების დეკონცეტრაცია, რაც მომავალში ხელს შეუწყობს იმ რისკების შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ საფრთხეებთან.

კორონომიკამ დაგვანახა, რომ მსხვილი კომპანიებისათვის შესაძლოა განსაკუთრებით მიმზიდველი გახდეს ჩინეთიდან თავიანთი ქარხნების გატანა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩინეთთან უკვე აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

ევროკავშირთან მიმართებით ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები (მაგალითად, ისლანდია, საქართველო, შვეიცარია, და სხვ.), რომელთაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვთ ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოსტსაბჭოთა საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად  ევროკავშირსა და ჩინეთს შორისაა და ის მდებარეობს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. აქვე გასათვალისწინებელია აშშ-ის დაინტერესებაც - ჰქონდეს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (Rapoza, 2020). საქართველოს გამოყენება რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად (ისმაილოვი, პაპავა, 2007, გვ. 170-176) პოსტკრიზისული განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს (Papava, 2020).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე განხილვის თემაა ის სირთულეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა საქართველო კორონომიკური კრიზისის პირობებში (პაპავა, ჭარაია, 2020).

ლიტერატურა:

 

მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდე, პანდემიის დროს და პანდემიის შემდეგ

გიორგი ღაღანიძე

პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

giorgi.gaganidze@tsu.ge 

 21-ე საუკუნის ცოდნა მსოფლიო ეკონომიკის შესახებ გარკვეულად წააგავდა მე-20 საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის   შესახებ ცოდნას 1929 წლამდე. მაშინაც და ეხლაც ყველას ეგონა, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაში ყველაფერი   შესწავლილია, ყველაფერი კარგად ვიცით და ყველა გამოწვევაზე  გვაქვს პასუხი. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის   კრიზისისგან შესაბამისი დასკვნები გამოტანილი არ იქნა. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის თავისებურება იყო ის, რომ   კრიზისი დაიწყო არა ჭარბწარმოებიდან ან სხვა ეკონომიკური ველიდან, არამედ პირდაპირ საფინანსო სექტორიდან.   კრიზისის დაძლევა უზარმაზარი ფინანსური რესურსების მობილიზებით გახდა შესაძლებელი, თუმცა მისი მექანიზმი და   გამომწვევი მიზეზები ისევ გამოუკვლევი დარჩა. 2020 წლის კრიზისი სრულიად განსხვავებულია. ამ კრიზისს პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ “ხელთქმნილი”, ვინაიდან ეკონომიკური აქტიურობის შეჩერების გადაწყვეტილება მიღებული იქნა და ეკონომიკური მსხვერპლი გაღებული, რათა გადარჩენილიყო ადამიანების სიცოცხლე.  უმძიმესი იქნება კრიზისიდან გამოსვლა. ეს საკითხი ყველა სახელმწიფოს ძალაუფლებით აღჭურვილმა პირებმა კარგად გაიაზრეს და თავიდანვე დაასახელეს ეკონომიკის გაჩერების დასრულების თარიღები. და მაინც, რა გვიჩვენა კრიზისმა? რა გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ? როგორია ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და შესაძლებლობები? რომელი ბაზრები უნდა გახდნენ საექსპორტო პოტენციალის უკეთ გამოყენებისათვის საუკეთესო? ამ საკითხებზე თავისი პოზიციები გამოთქმული აქვთ ქართველ მეცნიერ ეკონომისტებს.

მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდე

პანდემიამდე მსოფლიო ეკონომიკაში თითქოს ყველაფერი ნათელი იყო - არსებობდა სხვადასხვა ეკონომიკური კლასტერები – მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიებზე და მომსახურების სფეროზე ორიენტირებული ეკონომიკები, მაღალგანვითარებული რესურსულად მდიდარი ეკონომიკები; სწრაფად განვითარებადი ეკონომიკები, რომლებიც ცდილობდნენ საწარმოო აქტიურობებიდან ტექნოლოგიურ აქტიურობებზე გადასვლას; განვითარებადი ეკონომიკები, რომლებიც ეძებდნენ თავიანთ ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში და დაბალგანვითარებული, გადარჩენაზე ორიენტირებული ეკონომიკები. სამწუხაროდ, ჩვენ მესამე ტიპს მივეკუთვნებით. აღიარებული იქნა “ვაშინგტონის კონსენსუსის” უდავო უპირატესობა და ყველა ეროვნულ მთავრობას მიეცა რჩევა ემოქმედა ამ მიმართულებით. უნდა ითქვას, რომ გადასახადების შემცირება, ეკონომიკის დერეგულაცია, სავალუტო კონტროლის შესუსტება ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში. ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ ფაქტს, რომ საწყისი სწრაფი ზრდის შემდეგ, რაც ძირითადად აიხსნება ელემენტარული ეკონომიკური წესრიგის დამყარებით, სახელმწიფოები აწყდებოდნენ სერიოზულ პრობლემებს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ლოზუნგი -  „ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს“ - ალბათ ყველაზე მეტად მუშაობდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ტექნოლოგიური დონე ძალიან დაბალი იყო. გლობალიზაციამ თვითონვე შექმნა გლობალიზაციის კონკურენტული ფენომენი – ერთი მხრივ, მუდმივად უნდააუმჯობესებდეს საკუთარ მაჩვენებლებს და, მეორე მხრივ, ამით ხელს უწყობდეს სხვებს  მაჩვენებლების გაუმჯობესებაში  და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მასობრივი წარმოების მუდმივი ზრდა ამავდროულად აბრკოლებს წარმოების ზრდის შესაძლებლობებს. ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი ხდება მოთხოვნის განუხრელი ზრდა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მიღწეულია მოხმარების ძალიან მაღალი დონე. მეორეს მხრივ, ისინი, ვინც ქმნიან მატერიალურ საგნებს, იღებენ იმდენად მცირე ანაზღაურებას, რომ ვერ ხდებიან ამ პროდუქციის მომხმარებლები. ანუ, უნდა ვაწარმოოთ იქ, სადაც იაფია, მათთვის, ვისაც შეუძლია იყიდოს, ხოლო ისინი, ვინც იაფად აწარმოებენ, თვითონ მყიდველები ვერ ხდებიან, ვინაიდან მათ იაფად უნდა გადაუხადოთ. ამ პარადოქსიდან გლობალური ეკონომიკა უნდა გამოსულიყო და ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი ფინანსური კაპიტალიზმი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ რით? მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ითვალისწინებდა ინფორმაციის როლისა და მნიშვნელობის ზრდას და ამიტომ ახალ ფაზას დაერქვა საინფორმაციო ფაზა. გაჩნდა ინდუსტრია 4.0. იდეები, სადაც აქცენტი გადადის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა მონაცემთა დიდი ბაზები, დამატებული რეალობა, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები და ქვანტური კომპიუტერები. ფაქტობრივად, ეკონომიკური კრიზისი უნდა მომხდარიყო და სწორედ ამიტომაც მსოფლიოს ცნობილი ინტელექტუალები საუბრობდნენ ამ ფაქტის აუცილებელ ხდომილებაზე, თუმცა გაურკვეველი იყო მისი ფორმა.  მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც მოხდა ურთიერთდამოკიდებულების ასეთი ზრდა, საკმარისი იყო მის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს შექმნოდა პრობლემები, რომ ეს პრობლემები სასწრაფოდ გამხდარიყო გლობალური. 2008 წელს კრიზისი დაიწყო აშშ-ში, ხოლო 2020 წელს ჩინეთში. პირველის დაძლევა მოხერხდა, ვინაიდან საფინანსო სექტორში მოხდა კრიზისის ლოკალიზაცია, მეორე კრიზისი შეეხო ყველა სექტორს ერთდროულად და ყველა სახელმწიფო ცდილობს ეს კრიზისი არ შეეხოს ფინანსურ სექტორს, მაშინ რადგანაც მართლაც მსოფლიო კრიზისი დადგება. ეკონომიკური კავშირების მაქსიმალური გლობალიზაცია ობიექტურად უნდა მისულიყო იმ მიჯნაზე, როდესაც შემდგომი გლობალიზება მოხდებოდა პოლიტიკური გაერთიანებების გაღრმავებით, ან ერთ-ერთ ადგილას მცირე პრობლემა გახდებოდა გლობალური. ამდენად გლობალიზაციის ეკონომიკური პარადოქსი შესაძლებელია ასე ჩამოვაყალიბოთ: ეკონომიკური კავშირების გლობალიზაცია სულ უფრო და უფრო მყიფეს ხდის ეკონომიკური სისტემის მდგრადობას და დაცულობას. შესაბამისად, პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა აუცილებლად იქნება განსხვავებული.

მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის დროს

პანდემიამ აჩვენა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლე მართლაც ყველაზე მაღალი ფასეულობაა. პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ მიიღო ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმესი გადაწყვეტილება და თვითონ გააჩერა საკუთარი ეკონომიკა. ამ შემთხვევაში მიზანი  უაღრესად ჰუმანური იყო: ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. კარგია, რომ მსოფლიო ლიდერებმა ერთხმად აღიარეს მორალური იმპერატივი – არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლის რაოდენობრივი შედარება, არსებობს რაღაც, რასაც არა აქვს ფასი, ის შეუფასებელია. პანდემიური ეკონომიკა ძალიან ჰგავს ომის სამობილიზაციო ეკონომიკას, სადაც ფული თავისუფლად ცირკულირებს, თუმცა ჩნდება ისეთი ელემენტები, რომლებიც ძალიან ღირებულია ფულთან ერთად: დაშვება, ნებართვა, საშვი და ა.შ. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე მსოფლიოში არ შეინიშნება კვების პროდუქტების ნაკლებობა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა სამობილიზაციო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ პირდაპირი განაწილების სისტემების ამოქმედებას და სასურსათო ან სხვა სახის ტალონებს. სამობილიზაციო ეკონომიკა, რომ კარგი არაა ეს ყველამ დაინახა, მაგრამ ეს იყო ერთადერთი პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობი საფრთხის წინაშე. როგორც ყოველთვის, ისევ გამოჩნდნენ ავტარკიული მეურნეობის დამცველები, რომელთა მთავარი დევიზია - „რა მნიშვნელობა აქვს რა ჯდება, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ“. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა. ისეთი ტექნოლოგიურად მარტივი პროდუქტის, როგორც პირბადეა, წარმოება საკმაოდ რთულია და ადგილობრივმა წარმოებამ თავი ვერ გაართვა ამ ამოცანას. ალბათ, სამომავლოდ აჯობებს გვქონდეს ამ ტიპის, ანუ პერსონალური დაცვის პროდუქციის საკმარისი მარაგები, რომლებსაც განკარგავს და ოპერატიულად განაგებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ამავდროულად პანდემიამ აჩვენა ადაპტირების განსხვავებული უნარები. თუ განვიხილავთ საქართველოს მაგალითს, მაშინ ცხადია, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებმა გამოავლინეს ადაპტირების ძალიან მაღალი დონე და  სწორედ ეს უნდა გახდეს მდგრადი კონკურენტული უპირატესობის საფუძველი საქართველოსათვის. როდესაც საუბარია საწარმოო სიმძლავრეების რეორიენტაციაზე, ცხადია. ეს მოხდება იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ადაპტირების უნარები აქვთ სწორედ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს. პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარტივია იმ პროდუქციის და მომსახურების მიწოდება, სადაც მყიდველი და გამყიდველი არაა აუცილებელი ურთიერთქმედებდნენ დროის რეალურ რეჟიმში, ანუ სხვა სიტყვებით, არაა საჭირო მომხმარებლის ყოფნა პროდუქციის ან მომსახურების მისაღებად. თუმცა, სადაც ეს აუცილებელია, იქ წარმოიშვა გადაულახავი წინააღმდეგობა (თმის შეჭრა, ქირურგიული დახმარება და ა.შ). სამომავლოდ ავტომობილის შეკეთებისათვის სტანდარტული აპლიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარბელსა და მომსახურების გამწევს დისტანციურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, შეთანხმდნენ მომსახურების ძირითად პარამეტრებზე, განახორციელონ შეკვეთების მიღება და ანაზღაურება. სამწუხაროდ, პერსონალური პირადი ჰიგიენის მომსახურების გაწევა დისტანციურად შეუძლებელი იქნება, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ისეთი სპეციალური პროგრამებისა და სასწავლო კურსების წარმოქმნა, სადაც მომხმარებლებს ასწავლიან თუ როგორ ჩაატარონ ეს პროცედურები. პანდემიამ აჩვენა, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს დისტანციური მოქმედების უპირატესობები გამოვიყენოთ. ყველაზე უფრო მეტად პანდემიამ დაგვანახა სამომავლოდ სამუშაო ადგილების მდგრადობის პრობლემა. ფაქტორბრივად, სამუშაო ადგილები გადავა ვირტუალურ რეჟიმში, რასაც აქვს როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი ასპექტები. პანდემიამ ასევე გვიჩვენა, რომ სოციალური დაცულობის თანამედროვე სისტემა გახდა უდიდესი პრობლემა სახელმწიფოების ფინანსური მდგრადობისათვის. პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო ვალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. ამდენად, მიზანშეწონილია ეხლავე გადაიხედოს საპენსიო სისტემები და ისინი გადავიდნენ მთლიანად ნებაყოფლობით საფუძველზე. სახელმწიფოებს აღარ შეეძლებათ გადაიხადონ სამომავლოდ საპენსიო თანხები,  რის გამოც უნდა განხორციელდეს ერთი მხრივ, საგადასახადო, ხოლო მეორე მხრივ - საპენსიო რეფორმები.  ასევე ძალიან ძლიერი ბიძგი მიეცემა 3 განზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიების გამოყენებას და ყველაფერს, რაც ადგილობრივ რესურსებთან იქნება დაკავშირებული. მიზანშეწონილია თავიდან გადაფასდეს არსებული მინერალური და სამშენებლო რესურსები. ამასთან ერთად, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე მოხდეს ამ რესურსების ბაზაზე პროდუქციის შექმნა.

ამ კონტექსტში მიზანშეწონილია განვიხილოთ საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2020 წლის პირველ კვარტალში. საქართველოს სასაქონლო საგარეო ვაჭრობის პრობლემებზე გამოქვეყნდა ბევრი პუბლიკაცია, შეიქმნა ფუნდამენტური მონოგრაფია, სადაც გაანალიზებულია საგარეო ვაჭრობის პრობლემები (1).

ვინაიდან ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 2020 წლის I კვარტლის მაჩვენებლები, შედარებაც ამ მაჩვენებლებით უნდა შემოიფარგლოს.

საქართველოსათვის, როგორც პატარა და ღია ეკონომიკისათვის მსოფლიო კრიზისი ყოველთვის მეტად მტკივნეულია. საგარეო ბაზრების გახსნილობა და ქართული ექსპორტის ამ ბაზრებზე განთავსება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთან ერთად, ქართული ექსპორტის დაბალი დივერსიფიკაცია, საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების მცირე რიცხვი აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო მხოლოდ შედიოდა ეკონომიკურ კრიზისში და ამდენად უარესი დღეები ეკონომიკური თვალსაზრისით წინ გვაქვს. 2020 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი შემცირდა 5.9%-ით, ხოლო იმპორტი 1.4%-ით. იმპორტის შემდგომი შემცირება განპირობებული იქნება ტურიზმის ინდუსტრიის გაჩერებით და გარკვეულწილად წაადგება სავაჭრო დეფიციტის პრობლემის შემსუბუქებას. ამდენად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ვარდნის ანალიზი. ამ მიკროანალიზისათვის შერჩეული გვაქვს 4 სასაქონლო ჯგუფი საქართველოს ექსპორტში: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სამკურნალო საშუალებები და აზოტოვანი სასუქები. მონაცემები მოცემულია ცხრილი N1-ში.

საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები

ცხრილი 1

 

2020

1 კვარტალი

(ათასი აშშ დოლ)

2019

1 კვარტალი

(ათასი აშშ დოლ)

2020

1 კვარტალი

ტონა ან სხვა

2019

1 კვარტალი

ტონა ან სხვა

ფეროშენადნობები

58.2

95.61

60,152

83,820

ყურძნის ნატურალური ღვინოები

48,976

44,261

14049572

15721488

სამკურნალო საშუალებები

12,17

52,36

254,9

681,2

აზოტოვანი სასუქები

30,41

35,4

172,7

185,2

აქვე უნდა გავაკეთოთ რამდენიმე შენიშვნა: ყურძნის ნატურალური ღვინოების შემთხვევაში საზომი ერთეულია პირობითი ბოთლი, სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში საზომ ერთეულად ტონის გამოყენება გამოწვეულია იმით, რომ სხვა საზომი არა გვაქვს. ამდენად ტონები გვაძლევენ ძალიან უხეშ, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას კუთრი ღირებულების (ფასის ფარდობა წონასთან ან სხვა საზომთან) შესახებ. ასეთი ანალიზი აუცილებელია, რათა სწორად განვსაზღვროთ როგორც მოთხოვნის საფასო, ასევე სხვა, მოცულობითი პარმეტრები. გარდა ყურძნის ნატურალური ღვინოებისა, სადაც კუთრი ღირებულება მცირედ მაინც გაიზარდა 3,12-დან 3,15 დოლარამდე ერთ პირობით ბოთლზე, სხვაგან სახეზეა კლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტის ლომის წილი მოდის რუსეთის ფედერაციაზე (26,4 მლნ აშშ დოლარი 2020 წლის პირველ კვარტალში), სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავდება, ამ სასაქონლო ჯგუფის სამომავლო ბედი ასევე ძალიან რთულად გვესახება. ყველა სხვა შემთხვევაში გვაქვს კუთრი ღირებულების კლება. განსაკუთრებით ეს ეხება სამკურნალო საშუალებებს, სადაც პროდუქციის ფიზიკური რაოდენობაც შემცირდა ისევე, როგორც მისი კუთრი ღირებულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დარჩა დაბალი დამატებული ღირებულების პროდუქცია.

ფეროშენადნოებისა და აზოტოვანი სასუქების შემთხვევაში ვარდნა საკმაოდ მაღალია, რაც მიგვანიშნებს, რომ ორივე ამ მიმართულებას დასჭირდება სერიოზული დახმარება მთავრობის მხრიდან. ეს პროდუქცია წარმოადგენს იმ ბედნიერ გამონაკლისს, როცა სამრეწველო პროდუქციის შენარჩუნება მოხდა საბჭოთა პერიოდიდან. ამ პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები წარმოადგენენ მთელი რეგიონებისათვის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრებს და მათი შენარჩუნება აუცილებელია. ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს აკად. ვლ. პაპავა (10). ამდენად მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ შემდგომი ვარდნა მსოფლიო ეკონომიკაში შეასუსტებს მოთხოვნას ამ პროდუქციაზე, ხოლო ადგილობრივი ბაზრის მხრიდან მოთხოვნის არარსებობა თუნდაც მცირედითაც ვერ შეარბილებს დარტყმის სიმძიმეს. ამ ვითარებაში მიზანშეწონილია განხილული იქნას ფეროშენადნობების შემდგომი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ასორტიმენტი და პრიორიტეტი მიენიჭოს ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს. მათთვის შესაძლებელია განსაკუთრებული ეკონომიკური გარემოს ფორმირება, თუ ისინი განახორციელებენ ინვესტირებას საქართველოში. სამწუხაროდ, პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღმავლობა მაინც დაუკავშირდება საგარეო ბაზრებზე წვდომის ზრდას. საქართველოსათვის ამოცანა იგივე იქნება – უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სამრეწველო პროდუქციის შექმნა და გლობალიზაციის გაღრმავება.

მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის შემდეგ

მოსაზრებები, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა უფრო ავტარკიული გახდება, მოკლებულია სერიოზულ მეცნიერულ საფუძველს. შეიცვლება და აუცილებლად გამკაცრდება სამედიცინო/ეპიდემიოლოგიური მოთხოვნები ყველა ტიპის პროდუქციაზე, რაც საქართველოს მსგავს ქვეყნებს, გარკვეული მიზანმიმართული მუშაობის შემთხვევაში, აძლევს  შესაძლებლობას მოიზიდოს თავის ტერიტორიაზე ახალი საწარმოო სიმძლავრეები, ანუ გახსნილი საგარეო ბაზრების უპირატესობას მიწოდების ჯაჭვის დამოკლება და კარგი სამედიცინო/ეპიდემიოლოგიური ვითარება ემატება.  ამ ფაქტორების კომბინაციით შესაძლებელია  გარკვეული წარმატების მიღწევა. პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკა ისევ გააგრძელებს სწრაფვას გლობალიზაციისაკენ. ასევე უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ გლობალიზაციის პარადოქსი – გლობალიზაციის ყოველი შემდეგი ეტაპი გლობალურ ეკონომიკას უფრო მოწყვლადს, ხდის, ხოლო კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ გლობალიზაციის გაღრმავებით – უცვლელი რჩება.

ფაქტია, რომ ციფრულ ეკონომიკას მიეცა ძალიან ძლიერი პრაქტიკული სტიმული. ამის ერთ-ერთი გამოხატვის ფორმა იქნება ქსელური კომპანიების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდა, უმაღლესი განათლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, ვირტუალური მაღაზიების ფორმირების დაჩქარება, სადაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის უფრო დეტალური შესწავლა შესაბამისი პროგრამების მეშვეობით. მაგალითად, ტანსაცმლის მოზომვა ვირტუალურად. ასეთ ვითარებაში გლობალიზაციის ეპოქაში წარმოქმნილი “წითელი დედოფლის” ფენომენი კიდევ უფრო აქტუალური გახდება და გლობალური კონკურენცია  უფრო გამკაცრდება. სრულიად უნიკალურ მნიშვნელობას იძენს კომუნიკაციებზე წვდომის ხარისხი და სიჩქარე. საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ასეთი კომპანიების მოზიდვაზე. ვირტუალურ სივრცეში მომუშავე კომპანიებს აქვთ დაბალი დანახარჯები და ამდენად მათთვის სტანდარტული დაბეგვრის შეთავაზება არ იქნება ეფექტიანი. მიზანშეწონილია, საქართველომ განიხილოს საფოსტო მისამართის ან ვებ მისამართის მიხედვით კომპანიების რეგისტრაციისა და დაბეგვრის მექანიზმები. ასეთი მიდგომა აუცილებელი იქნება, რათა მოხდეს ახალი ინვესტიციების მოზიდვა. მიზანშეწონილია  მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისათვის საწარმოო სიმძლავრეების საქართველოში გადმოტანის შეთავაზება. გარკვეული პერიოდით ეს კომპანიები საერთოდ უნდა განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან, ხოლო კომპანიაში მომუშავე პირების საშემოსავლო გადასახადი დაფიქსირდეს 10%-ის დონეზე.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის გამოცხადება უდავოდ წინგადაგმული ნაბიჯია, თუმცა ამ პროგრამას ჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის შექმნა, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა გააერთიანოს არსებული რესურსები, ხოლო მეორე მხრივ - უფრო ნათლად წარმოაჩინოს  საქართველოს სხვადასხვა უპირატესობები.

დასკვნის სახით აღვნიშნავთ: პანდემიის შემდეგ გლობალიზაციის პროცესი გაღრმავდება, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება პანდემიებთან მედეგობის მნიშვნელობა; ციფრული ეკონომიკა გახდება მსოფლიო ეკონომიკური განვითარების მაგისტრალური მიმართულება; გლობალური კონკურენტუნარიანობისათვის უმნიშვნელოვანესი გახდება მონაცემთა დიდი ბაზების მართვასთან დაკავშირებული დანახარჯები; პატარა ღია ეკონომიკებმა გეზი უნდა აიღონ არა ამწყობ საწარმოებზე, არამედ ინდუსტრია 4.0.-ის შემდეგ ეტაპზე, კერძოდ კვანტური კომპიუტერების წარმოებაზე; საქართველოს საგარეო ვაჭრობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს, რომელსაც გააჩნია მაღალი კუთრი ღირებულება; დასაქმების ძირითადი პრიორიტეტი უნდა გახდეს სამეწარმეო აქტიურობის მაქსიმალური ხელშეწყობა და ახალი კომპანიების შექმნა; გადაიხედოს დაბეგვრის სისტემები და განხილულ იქნას საფოსტო  ან ვებ-გვერდის მისამართით კომპანიების დაბეგვრის შესაძლებლობები.

ლიტერატურა:

  • ღაღანიძე გ. (2018). საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტის აღმოფხვრის სტრატეგიული მიმართულებები (ბ. რამიშვილის თანაავტორობით), მონოგრაფია, თბილისი, გამომცემლობა “უნივერსალი“.
  • Gaganidze G. (2018). Strategic Directions to Decrease the Georgian Foreign Trade Deficit. “Universal”, (co-author B. Ramishvili), Tbilisi, ISBN 978-9941-26-277-7.
  • Gaganidze G. (2018). Foreign Trade of Georgia, Moldova and the Ukraine with the European Union After Signing the Association Agreement,  Ecoforum, vol. 7, N1.
  • Gaganidze G. (2017). Creation of the Efficiency Export Strategies in Modern Period, Ekonomisti, International Scientific-Analytical Journal, N4, vol. XIII.
  • Gaganidze G. (2018). Country Competitiveness as the Basis for the Creation of the Efficient Export Strategy, International Conference ICABMIT, 13-14 November, Cannes, France.
  • Gaganidze G.(2018). Foreign Trade of Georgia; East and Central European States Comparative Analysis (co author B. Ramishvili), Ecoforum, vol. 7, N2 (15).
  • Gaganidze G. (2019). The Gravitational Model Foreign Trade of  Georgia (co-author T.Mundjishvili). Proceedings of the Fourth International Conference of European Academy of Science, January 20-30, Bonn, Germany.
  • IMF (2020) World Economic Outlook:The Great Lockdown. Washington.D.C.
  • Gaganidze G.(2016). Georgian Export Potential Utilization on the EU Market, Journal of International Management Studies, vol.16, N1.
  • Papava V. (2013). Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. New York: Nova Science Publishers.
  • Silagadze A., Zubiashvili T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS), pp. 441–448.
  • Silagadze A., Atanelishvili T. (2014). The Main Economic Indicators of the EU and Georgia “Topical Problems of the Development of Economy and Economic Science.” Collection of scholarly works of Paata Gugushvili Institute of Economics TSU, pp.50-52.
  • Kharaishvili,E.(2016). Demand for Georgian Wine and the Evaluation of Competitive Advantage Factors of Viticulture and Winemaking Sector TSU, scientific and practical journal, Economics and Business, N4.
  • ეფექტიანი საექსპორტო სტრატეგიების ფორმირება თანამედროვე პირობებში, ეკონომისტი, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, 2017,N4, ტომი XIII.
  • Mekvabishvili E., Atanelishvili T. (2017). Globalization: Emigration and Transactions. http://www.ecoforumjournal.ro/infe.php/eco/article/view/628
  • Papava V. (2013). Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After. New York: Nova Science Publishers.
  • Silagadze A., Zubiashvili T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS), pp. 441–448.
  • Kharaishvili E.(2016). Demand for Georgian Wine and the Evaluation of Competitive Advantage Factors of Viticulture and Winemaking Sector TSU, scientific and practical journal, Economics and Business, N4.

 

ეკონომიკის გამოწვევები და პერსპექტივები COVID-19 ინფექციის ფონზე

ირაკლი კოვზანაძე

პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

irakli.kovzanadze@tsu.ge

უკვე ფაქტია, რომ პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შეიყვანა. მისი გავლენა უფრო ძლიერი და        მტიკვნეული არის და იქნება, ვიდრე 2008 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისი, ან თუნდაც 2014 წლის  ეკონომიკური მოვლენები. კორონავირუსი მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ტრადიციულ მსოფლიო   ეკონომიკურ     წესრიგზე, პროცესებზე, ცვლის და მომავალში კიდევ უფრო შეცვლის მას.

ჩვენ საქმე გვაქვს, ეკონომიკური თვალსაზრისით, უპრეცენდენტო მოვლენასთან, როდესაც დარტყმა ეკონომიკაზე     ხორციელდება ორი მხრიდან– მოთხოვნის შოკისა და მიწოდების შოკის სახით. ამასთანავე, არაორდინალურია           მიზეზიც, რაც არის არა მაკროეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, ან თუნდაც დარგობრვი, არამედ მიზეზი     დევს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

სანამ უშუალოდ ახალი კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენასა და გამოწვევებზე ვიმსჯელებდეთ, მოკლედ შევეხებით მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობას პანდემიის წინა პერიოდში.

2018 წლიდან გამწვავდა აშშ-ს (მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა, მსოფლიო მშპ-ს 21.4%) და ჩინეთს (მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მსოფლიო მშპ-ს 14.1%) შორის ე.წ. ,,სავაჭრო და სატარიფო ომი“, რომელიც გამოიხატა ჩინეთიდან იმპორტის და ინვესტიციების შეზღუდვაში (დაახლოებით 550 მლრდ. აშშ დოლარის ღირებულების ჩინური იმპორტი დაიბეგრა 15-30%-იანი საბაჟო მოსაკრებლით). აშშ-მ ასევე განახორციელა ,,ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის“ (NAFTA - შედიან აშშ, კანადა, მექსიკა) კორექტირება და ახდენს ევროკავშირთან (მსოფლიო მშპ-ს დაახლოებით 20%) არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობების რევიზიას საკუთარი ინტერესების გთვალისწინებით.

ამასთანავე, 2014 წლიდან მკვეთრ რყევებს განიცდის და დაღმავალ ტრენდზეა ნავთობის ფასები. Brent მარკის ნავთობი 2014 წლის ივნისში 115 აშშ. დოლარი ბარელზე პიკური ფასიდან  2017 წელს საშუალოდ 53 აშშ დოლარამდე, 2018 წელს - 69 აშშ დოლარამდე, 2019 წელს - 60 აშშ დოლარამდე დაეცა, 2020 წლის განვლილი არასრული 5 თვის განმავლობაში კი 19-57 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო წლებია მცირდება ფასები წიაღისეულზე, ტექნიკურ ლითონებსა და ძირითად სანედლეულო ჯგუფებზე.

ზემოაღნიშნულმა ტენდენციებმა, ასევე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენამ და 2014 წლის ეკონომიკურმა მოვლენებმა განაპირობეს მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალებებული და ტრადიციულად ქცეული ეკონომიკური პროცესების და ტენდენციების რღვევა და კორექტივები, რაც გამოიხატა ცალკეულ სახელმწიფოებში და რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში, ვალუტების კურსის რყევაში, ზოგიერთ შემთხვევაში -ინფლაციის მკვეთრ ზრდაში, და პირიქით – დეფლაციურ ტენდენციებში.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკებიდან პოზიტიური ტრენდი შეინიშნებოდა მხოლოდ აშშ-ს ეკონომიკაში (მშპ-ს ზრდა - 2.3%,  დაბალი ინფლაცია - 1.6%, უმუშევრობა - 3.5%, საუკეთესო მაჩვენებელი უკანასკნელი დაახლოებით 50 წლის განმავლობაში), პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკაში მდგომარეობა არასტაბილური და დამაფიქრებელი იყო (მათ შორის - 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი, დაახლოებით 6%, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო).

აი, ასეთ, შეიძლება ითქვას – მყიფე, გაურკვეველი, არაპროგნოზირებადი ეკონომიკური ვითარებით და აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდა მსოფლიო კოვიდინფექციის გამოჩენას. პანდემიამ შეაჯანჯღარა მსოფლიო, პარალიზება გაუკეთა და ძირს დაანარცხა ეკონომიკები.

შეფასების გაკეთება ჯერ კიდევ ნადრევია, პროგნოზის გაკეთება კი ძალზედ სარისკო, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, აშშ–ს ვაჭრობის დეპარტამენტის, აშშ–ს შრომის დეპარტამენტის, ასევე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით გარკვეული სურათი უკვე გამოიკვეთა.

აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 2020 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა მინუს 4.8% (წლის შედეგებით 5-6%-იან ვარდნას პროგნოზირებენ), უმუშევრობა გაიზარდა 14.7%-მდე (და მომავალში სავარაუდოდ 25-30%-ს მიაღწევს), სამომხმარებლო დანახარჯები შემცირდა 50%-ით, კაპიტალური დანახარჯები – 20%-ით, ექსპორტი – 35%-ით და ა.შ. წინასწარი მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკას 2020 წელს ექნება 1976 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა, მკვეთრად გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება ექსპორტი, არის დეფლაციის რისკი. ოპტიმისტური პროგნოზით, ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5-7%-ით შემცირდება, რუსეთის ეკონომიკა 6-8%-ით, ჩვენს მეზობელ თურქეთში - 7-9%-ით და ა.შ.

მკვეთრი და მუდმივი ვოლოტილობებია ფინანსურ ბაზრებზე. 2020 წლის მარტში, ევროპასა და ამერიკაში ფინანსური ინდექსების 1987 წლიდან ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.

მსოფლიოს, 1929-1933 წლების დიდი დეპრესიის შემდგომ, ასეთი რეცესია და ვარდნა არ ახსოვს. უკეთეს შემთხვევაში, პანდემიამდელ მაჩვენებლებს ეკონომიკები შეიძლება დაუბრუნდნენ მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ.

მსოფლიო შევიდა ეკონომიკის შეკუმშვის, შემცირებული გადახდისუნარიანი მოთხოვნის, იაფი ფულის, ჭარბი ვალების, ფინანსური რყევების პერიოდში.

ამ რეალობების და გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო და მათ შორის საქართველო.

ასეთ ვითარებაში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიეების განხორციელების წინა ხაზზე გამოდის 3 მიმართულება:

  1. ფისკალური ღონისძიებები, რაც გულისხმობს მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას და ბიზნესის სტიმულირებას;
  2. მონეტარული ღონისძიებები, რაც კონცენტრებულია ეკონომიკისთვის იაფი ფულის მიწოდებაზე;
  3. საფინანსო-საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.

2020 წლის მაისის მონაცემებით, გლობალურად ფისკალური მხარდაჭერის მიზნებისათვის მთავროებებმა ჯამურად გამოყვეს 9 ტრლნ აშშ დოლარი (მ.შ. პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებების სახით გათვალისწინებულია 4.4 ტრლნ აშშ დოლარი, 4.6 ტრლნ დოლარი კი სესხების, გარანტების და კაპიტალური ინექციების მიზნებისათვის), ქვეყნების ცენტრალური ბანკები მკვეთრად (ხშირ შემთხვევააში უპრეცენდენტოდ) ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს და სადისკონტო ოპერაციებით დამატებით ლიკვიდობას აწვდიან ბაზარს, ამუშავებენ საფინანსო ინსტიტუტების რეზოლუციის და სანაციის მექანიზმებს.

2019 წელი საქართველომ დაასრულა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდით, 11.6%-მდე შემცირებული უმუშევრობის დონით და 7%-იანი ინფლაციით. ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას სწორედ ფასების ზრდა, ჭარბვალიანობა და განკარგვადი შემოსავლების სიმწირე წარმოადგენდა.

2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მშპ-ს 1.5% –ით ზრდა დაფიქსირდა (თუმცა, ცალკე აღებულ მარტის თვეში უკვე მინუს 2.7%, ანუ ეკონომიკის შემცირებას ქონდა ადგილი), ინფლაცია კვლავ 7%-ის ფარგლებშია. სავარაუდოდ, კრიზისის გავლენა კიდევ უფრო გამძაფრდება უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მტკივნეულ დარტყმას მიიღებს ტურიზმის სექტორი (9.3 მლნ ვიზიტორი და 3.2 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი 2019წ.), გვექნება ფულადი გზავნილების შემცირება (1.5 მლრდ აშშ დოლარი წმინდა შემოდინება 2019 წ.), შემცირდება ექსპორტი, რომელის ზრდაც, ბოლო წლებია, სტაბლურად 10-12%-ით უსწრებდა იმპორტის ზრდის ტემპებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გვექნება შემცირება მშენებლობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, ვაჭრობაში და ა.შ.

საქართველოს მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია რეცესია და მოახდინა ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის კორექტირება 4.5%–ით ზრდიდან ეკონომიკის მინიმუმ 4%-იან შემცირებამდე. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტი კრიზისული მენეჯმენტისთვის დახარჯავს დაახლოებით 3.9 მლრდ ლარს:

  • სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 1 მლრდ 35 მლნ ლარს;
  • ეკონომიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე - 2 მლრდ 110 მლნ ლარი;
  • ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბრძოლაზე - 350 მლნ ლარი;
  • კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით და ა.შ.

შემუშავდა ანტკრიზისული გეგმა, რომელიც გარდა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა, კონცერტრირდება რამდენიმე მიმართულებით, ესენია:

  • ტურიზმის ამოქმედება, რომელიც მოიცავს საგადასახადო შეღავათებს, განთავსების ობიექტების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების და გიდების მხარდჭერას და ა.შ.
  • ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე - მ.შ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, აგროდაზღვევა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროექტები და ა.შ.
  • ბიზნესის მხარდაჭერა - მ.შ. სესხის და ლიზინგის სუბსიდირება, საკრედიტო საგარანტიო სქემა, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერა და ა.შ.

მთლიანობაში, კრიზისული მენეჯმენტისა და პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენისათვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 9 მლრდ ლარის ალოკაციას, მათ შორის დაახლოებით    4.5 მლრდ ლარი საჯარო სექტორის კუთხით, ხოლო 4.5 მლრდ ლარი კი ბიზნესსექტორის კუთხით სესხების, გარანტიების და ა.შ. მიწოდების გზით. ცხადია, ამ რესურსების ათვისების პროცესში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს მთავრობის ვალის მშპ–თან თანაფარდობა, რაც არსებული დაახლოებით 43%-დან, სავარაუდოდ, 60%-ს დაუახლოვდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონცემებით, საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა ჯამურად 747 მლნ ლარის ზარალი მიიღო, რაც ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 1.5%–ია, ხოლო მოზიდული დეპოზიტების 2.9% - 1.22 მლრდ ლარი ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ნაწილში დაარეზერვეს, რაც კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს, თუმცა მათი საოპერაციო საქმიანობა ჯერ კიდევ მომგებიანი რჩება. საქართველოს საბანკო სისტემას გააჩნია საკმარისი კაპიტალიზაციის დონე და ლიკვიდობა, რათა დარტყმას გამკლავებოდა და მისცა მათ საშუალება (ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად) 6 თვით გადაევადებინათ მსესხებლებზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნა მისი კაპიტალიზაციის გარეშე. ამის გაკეთება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, გონივრული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგად კომერციულ ბანკებს აქვთ კაპიტალის საკმარისი ბუფერი, რომელიც საშუალებას იძლევა ,,შეიწოვოს“ ზარალი, მეორე მხრივ კი - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დრულად აამოქმედა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები (SWOP ოპერაციები და სხვა), რათა დაეკომპენსირებინა შემცირებული ფინანსური ნაკადები კომერციულ ბანკებში და რასაც პერსპექტივაში ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება უნდა მოყვეს.

მდგომარეობა არაორდინარულია, ყოველ ახალ დღეს რეალობის ახალი სურათი შემოაქვს. ასეთ ვითარებაში მოქმედების ოპტიმალურ სცენარს არ იცნობს არც ეკონომიკის თეორია და მითუმეტეს – პრაქტიკა. ცხადია, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა, როგორც იტყვიან, ,,პესიმისტისთვის გამოწვევა ტრაგედიაა, ოპტიმისტისთვის კი – შესაძლებლობა“.

ლიტერატურა:

  • კოვზანაძე ი. (2019). „საქართველოს სოფლის მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფის პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე“, „ეკონომიკა და ბიზნესი“, თბილისი, №1.
  • Kovzanadze I.  (2018).  „Global Economy Post-Crisis to Sustainable Development”, iUniverrse Inc., Bloomington.
  • Kovzanadze I. (2010).  „Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention”, iUniverrse Inc., New York, Bloomington.
  • Ковзанадзе И. (2010). „Уроки мирового кризиса: необходима новая модель регулирования экономики“, «Вопросы экономики», Москва, , № 4;
  • www.geostat.ge
  • www.gov.ge
  • www.mof.ge
  • www.economy.ge
  • www.nbg.gov.ge
  • www.img.org;
  • www.worldbank.org
  • www.ebrd.com

გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები

  რამაზ აბესაძე

პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახ­ელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი

ramazabesadze@yahoo.com

 პანდემიის ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება მსოფლიოში ინფექციურ დაავადებათა მასობრივი გავრცელების         დროს მთავრობების მიერ ადამიანთა უსაფრთხოების მიზნით გატარებული აკრძალვითი ღონისძიებების                   განხორციელების გამო. სამეურნეო აქტიურობის შეკვეცა იწვევს საბაზრო მექანიზმების შეზღუდვას, საწარმოთა               ფუნქციონირების ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, რომელსაც მოსდევს ეკონომიკური ვარდნა, საზოგადოების დიდი       ნაწილის კეთილდღეობისა და კომფორტის გაუარესება. პანდემია უარყოფითი ბუნებრივი მოვლენაა და შეიძლება           გლობალურ ბუნებრივ კატასტროფებს შევადაროთ. ეკონომიკაზე პანდემიის გავლენას ეკონომიკის პანდემიური შოკი       შეიძლება ვუწოდოთ.  პანდემია ეკონომიკაზე უშუალოდ არ მოქმედებს. მისი ეკონომიკაზე   უარყოფითი გავლენა           შეწყდება მაშინვე, როდესაც ის გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ამიტომ,               პანდემიური ეკონომიკური შოკის მთლიანად მოხსნა დამოკიდებულია ვირუსის მოქმედების ხასიათზე (ეპიდემია ჩაცხრება თავისით თუ არა) ან მედიცინაზე (შეიქმნება თუ არა ვაქცინა, ან წამალი ვირუსის წინააღმდეგ). შესაძლებელია ითქვას, რომ  დღევანდელი ეკონომიკა მედიცინის მძევალია (პაპავა ვ., ჭარაია ვ. 2020), მაგრამ მედიკოსებს ამაში ბრალი არ მიუძღვით, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესწავლას, წამლის ან ვაქცინის მიგნებას დრო სჭირდება. პირიქით, სწორედ მედიკოსთა რეკომენდაციების საფუძველზე ხერხდება პანდემიის უარყოფითი შედეგების შემცირება, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.   

დღევანდელი პანდემიური შოკის თავისებურება  არის ის, რომ უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გამოწვეულია მთავრობის მიერ მიღებული დიდმასშტაბიანი შეზღუდვებით ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში. ეკონომიკური შოკების დროს ყურადღება მახვილდება მათი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და აღმოფხვრაზე. პანდემიური შოკის მიზეზი სახეზეა და მთავრობების მიერ მართულია. მთავრობას შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს შოკის მოქმედება აკრძალვების გაზრდისა და შემცირების,  ან  ანტიკრიზისული პროგრამების განხორციელების გზით. ეს შოკი გამოწვეულია  არა ეკონომიკის რომელიმე  სფეროში წარმოქმნილი კრიზისის შედეგად, არამედ მას აქვს სისტემური ხასიათი, ვინაიდან, აკრძალვების გამო, მეტნაკლები სიდიდით ზარალდება   ეკონომიკის ყველა სფერო. ეკონომიკის დანაკარგები დიდია, რადგან დღევანდელი ეკონომიკის მასშტაბები უზარმაზარია და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები ძალზე მჭიდრო. დღეს უკვე სახეზეა გლობალური ეკონომიკური რეცესია: უმუშევრობის ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის ჩამოშლა, ნავთობზე ფასების კატასტროფული შემცირება, რეკორდული ვარდნა საფონდო ბაზარზე და ა. შ.

რასაკვირველია, პანდემიური შოკის მართვა განსხვავდება ეკონომიკურისაგან. მისი მოხნა დამოკიდებულია არა მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებზე, არამედ ვირუსის გავრცელების ვადებზე, მასშტაბებსა და აგრესიულობაზე. ასევე, მაგალითად, თუ ფინანსური კრიზისის დროს, უპირველეს ყოვლისა, გადასარჩენი იყო მსხვილი ბანკები, დღეს, უმთავრესად,  გადასარჩენია მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები: მცირე მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, სწრაფი კვება, სილამაზის სალონები, ატელიები, ბარები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და ა. შ.   თითქმის შემოსავლების გარეშე დარჩნენ თვითდასაქმებულები, შემოქმედებითი და ბევრი სხვა  სფეროს წარმომადგენლები. პანდემიის დროს იზრდება ეკონომიკის იმ სფეროების მნიშვნელობა და მასშტაბები, რომლებიც უშუალოდ არიან  დაკავშირებულნი ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან (სურსათით უზუნველყოფა, მედიცინა, სააფთიაქო სისტემა, სატვირთო გადაზიდვები, ონლაინ ვაჭრობა, ონლაინ  სწავლება, დისტანციური სამსახური და  სხვ.). პანდემიამ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო სისტემის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარება, პირველის - როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო მეორის - როგორც სურსათით უზრუნველყოფის სფერო.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური რეცესია გამოწვეულია პანდემიით,  დღეისათვის უკვე ჩამოყალიბდა წმინდა ეკონომიკური ხასიათის ნეგატიური პროცესები (უმუშევრობა, სიღარიბის ზრდა, ინფლაცია, ვალუტის გაუფასურება, ეროვნული ადამიანი-კაპიტალის, დანაზოგების, შიგა და  უცხოური ინვესტიციების, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება და სხვ.), რომელიც ვრცელდება მთელ ეკონომიკაზე და, შესაძლებელია, პანდემიური შოკი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს, რომლის დაძლევა პანდემიის მოხსნის შემდეგაც ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.  მდგომარეობას ართულებს ის, რომ აღნიშნული შოკი  გლობალური ხასიათისაა.

თანამედროვე პანდემიის პირობებში მთავრობას უწევს ოქროს შუალედის მოძებნა ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლესა და ეკონომიკურ ვარდნას შორის, თუმცა პირველი უმთავრესია. ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ფასეულობას, რასაკვირველია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს, მაგრამ  უკიდურესი გადახრა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, გამოიწვევს როგორც ადამიანთა, ისე ეკონომიკის ძლიერ დაზარალებას. მაგალითად, თუ მთავრობა უგულებელყოფს ადამიანთა უსაფრთხოებას და თვითდინებაზე მიუშვებს პროცესებს, კატასტროფულად გაიზრდება დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ასეთივე გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე  ეროვნული ადამიანი-კაპიტალის შემცირებისა და დაავადებულთა მკურნალობის ხარჯების დიდი მასშტაბების გამო. თუ მთავრობა ძლიერ შეზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, მოიშლება ეკონომიკური სისტემა, გაიზრდება უმუშევრობა, შემცირდება შემოსავლები, დაიწყება შიმშილი, დაიძაბება სოციალური გარემო და ამით შესაძლებელია გაიზარდოს სიკვდილიანობა, რომ არაფერი ვთქვათ კეთილდღეობის გაუარესებაზე. მაშასადამე, მთავრობა იძულებულია წავიდეს გარკვეულ დათმობაზე როგორც ადამიანთა უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის საწინააღმდეგოდ და ამით მიიღოს პანდემიიდან თავის დაღწევის ყველაზე უკეთესი შედეგი.

გლობალიზაციას არაერთი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მას აქვს ასევე ნეგატიური მხარეც. მაგალითად, რომელიმე ქვეყანაში წარმოშობილი უარყოფითი პროცესი შესაძლებელია მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდეს. დღეს სწორედ ჩინეთში წარმოშობილი ეპიდემიის მსოფლიოში გავრცელებას აქვს ადგილი. ადამიანთა მსხვერპლი იმდენად დიდია და საფრთხე იმდენად საშიში, რომ იგი პანდემიად გამოცხადდა.

პანდემია გლობალური პრობლემაა, მაგრამ ის არ არის უშუალოდ გლობალიზაციის შედეგი. ის აჩქარებს ინფექციის გავრცელებას, მაგრამ პანდემია, უფრო მეტად, თვით ინფექცის თავისებურებაა. ის მსოფლიოში ვრცელდებოდა მაშინაც, როდესაც არათუ გლობალიზაციის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დონეც კი უმნიშვნელო იყო. მაგალითად, „შავი ჭირის“ (ჟამის), „შავი სიკვდილის“, „ქოლერის“, „ესპანური გრიპის“ და სხვ. პანდემიები, რომელთაც  ადამიანთა დიდი მსხვერპლი და ღრმა ეკონომიკური კრიზისები მოჰყვა. გლობალიზაციის გაღრმავებასთან ერთად, მედიცინის განვითარების შედეგად, პანდემიათა უარყოფითი შედეგები მცირდება. ამაზე მეტყველებს  „ღორის გრიპის“,   „ატიპური“, და „ფრინველის გრიპის“ პანდემიები. 

კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და თუ სასწრაფო ზომები არ იქნებოდა მიღებული, შესაძლებელია ადამიანური მსხვერპლი უფრო დიდი ყოფილიყო.  ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსს შედარებით ნაკლები აგრესიულობა ახასიათებს.  მიღწევები მედიცინაში  და მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემათა განვითარების დონე, დაავადებულთა განკურნების გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე წარსულში.

მიუხედავად პანდემიების  მდიდარი გამოცდილებისა, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა კორონავირუსის პანდემიას არა სამედიცინო, არამედ მის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის თვალსაზრისით. ბიოლოგიური კატასტროფის საფრთხის დასაძლევად 85 ტრილიონიანი მსპ-ის მქონე მსოფლიომ საჭირო სახსრები ვერ გამონახა (ჭითანავა ნ. 2020). ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის დონე წინ უსწრებს პოლიტიკური გლობალიზაციის დონეს. პოლიტიკური მზაობის შემთხვევაში, ეკონომიკური გლობალიზაციის დონე დღეისათვის საშუალებას იძლევა ასეთი სახის ინფექციების დროს მსოფლიომ იმოქმედოს მყისიერად. საერთო ძალებით წარმოშობის კერაშივე მოსპოს ის ან ძლიერ შეზღუდოს მისი გავრცელების არეალი და მასშტაბები, არ დაუშვას ეპიდემიის პანდემიად ჩამოყალიბება. დღევანდელი ვითარება კი გვიჩვენებს, რომ ცალკეული ქვეყნები იყვნენ მაყურებლთა როლში ან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.   არადა, პანდემიის აღმოფხვრა შეუძლებელია ძალების გაერთიანების გარეშე. თუ ინფექციის კერა რომელიმე ქვეყანაში დარჩება, არსებობს მისი თავიდან გავრცელების საშიშროება სხვა ქვეყნებში.

ქვეყნების დღევანდელმა თვითიზოლაციამ გააჩინა გარკვეული ანტიგლობალისტური შეხედულებები, თუმცა, აუცილებელია გლობალური მასშტაბით ძალების გაერთიანება.  საჭიროა შეიქმნას საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა ქვეყნის მონაწილეობით (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად), რომელიც მოახდენს სწრაფ რეაგირებას ეპიდემიებზე, განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს მსოფლიო მასშტაბით და ხელს შეუშლის მის გავრცელებას სხვა ქვეყნებში. ამის უზრუნველსაყოფად უნდა არსებობდეს შესაბამისი ფონდიც. მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ინფექციებისაგან თავდასაცავად.

არსებობს მოსაზრებები, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შემცირდება გლობალიზაციის დონე, ქვეყნები აირჩევენ პროტექციონისტულ პოლიტიკას, თვითკმარობის პოლიტიკას, რაც შეუძლებლად მიგვაჩნია, ვინაიდან ეს გამოიწვევს  გლობალური პრობლემების (ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევის, ომისა და მშვიდობის, ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური, კოსმოსისა და ოკეანეების ათვისების პრობლემა და სხვ.) გადაჭრის შესაძლებლობების შემცირებას, ყველა ქვეყანაში ეკონომიკის შეკვეცას, შემოსავლების და, შესაბამისად, დანახარჯების შემცირებას  სამეცნიერო კვლევებზე, ინოვაციებზე, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკური განვითარების შეაფერხებას მთელ მსოფლიოში.  რაც შეეხება ექსპორტის ზრდისა და იმპორტჩანაცვლებადი დარგების განვითარების ხელშეწყობას, ეს დღესაც აქტუალურია.

გლობალიზაციის პროცესი ობიექტური რეალობაა და ის კვლავ გაგრძელდება, მაგრამ კორექტივების შეტანა მასში აუცილებელია. საჭიროა ჯანდაცვის გაძლიერება, მისი ორგანიზაციის ახალი ფორმების შემუშავება და დანერგვა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავალუტო კურსის პრობლემას, უნდა განხორციელდეს სავალუტო კურსის  საერთაშორისო რეგულირება, ვინაიდან ცალკეული ქვეყნისათვის სტაბილური სავალუტო კურსის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია, მასზე მოქმედი  საერაშორისო, ბევრ შემთხვევაში, სუბიექტური და სტიქიური ფაქტორის გამო.

თანამედროვე პანდემიის პირობებში მოსალოდნელია მოვლენათა განვითარების ორი სცენარი – მოკლევადიანი  და გრძელვადიანი. პირველი სცენარის შემთხვევაში ეპიდემია თავისთავად ჩაცხრება მთელ მსოფლიოში ან გამოგონებული იქნება ვაქცინა და დაავადების სამკურნალო წამალი.  პირველ შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელი იქნება მოკლე დროში, ვინაიდან სახელმწიფო და კერძო დანაზოგები,  სამუშაო ადგილები და ადამიან– კაპიტალი ძირითადად  შენარჩუნებული იქნება. მეორე შემთხვევაში აუცილებელი გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება პანდემიის პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დანაზოგები ამოიწურება, სამუშაო ადგილები და ადამიან– კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩანაგდება, დაისადგურებს სიღარიბე, შიმშილი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი და გარედან მოზიდული სახსრების    მიმართვა სამუშაო ადგილების აღსადგენად. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა  დანახარჯები უნდა გასწიონ ადამიანთა დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ძირითადად, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (სამუშაო ძალის ეკიპირება, ავტომატიზაციის ამაღლება, რობოტიზაცია, დისტანციური სწავლება და საქმიანობა, დასაქმებულთა ტრასპორტირება, სამუშაო ადგილების დეზინფექცია  და  ა. შ.) გამოყენებისათვის, ისე, როგორც ეს ხდება გარეგანი ეფექტების (ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების მეშვეობით) აღმოსაფხვრელად. ასევე გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაავადებულთა სამკურნალოდ. 

პანდემიის დროს სახელმწიფოს როლი აქტიურდება. სწორედ მის ხელში გადადის როგორც ადამიანთა უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური საქმიანობის შენარჩუნების ძირითადი ბერკეტები. სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელი იქნება პანდემიასთან ბრძოლა და მისი შედეგების აღმოფხვრა ეკონომიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ასეთ ექსტრემალურ პირობებში თითქოს უფრო ეფექტიანია სახელმწიფო საკუთრების არსებობა.  ამის გათვალისწინება შესაძლებელია მომავალში, სახელმწიფო საკუთრების  წილის  გაზრდის მიმართულებით, მაგრამ არსებულ საწარმოთა ნაციონალიზაცია მიუღებელია, ვინაიდან მოხდება საბაზრო მექანიზმების მოშლა და წარმოიშობა სოციალური დაძაბულობა.

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ასა და მის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ერთმა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლისა და პოს­ტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში გასა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები (მექვაბიშვილი ე. 2020). საკმაოდ ხანგრძლივი პანდემიური შოკი  თანდათან ემსგავსება წმინდა ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ისეთი ინსტრუმენტები კრიზისიდან გამოსვლისა, როგორიც გამოიყენებოდა  დიდი დეპრესიის, მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ვარდნისა და  2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისების დაძლევის დროს, რომელიც მოიცავს ფისკალურ, მონეტარულ, ინსტიტუციურ და სხვა ინსტრუმენტთა ერთობლიობას.  მოკლევადიანი პანდემიური ეკონომიკური შოკიდან გამოსვლას კი გაცილებით მცირე დრო და დანახარჯები დასჭირდება და ბევრ შემთხვევაში კერძო სექტორი, ძირითადად, თავისთავად აღიდგენს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, თუმცა სახელმწიფოს აქტიური დახმარებაც აუცილებელი იქნება განსაკუთრებით იმ სფეროებისადმი, რომლებმაც დიდი დანაკლისი განიცადეს.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძირითადად დროულად მოხერხდა სათანადო ზომების განხორციელება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც  შენელდა ინფექციის გავრცელების პროცესი   და მიღწეული იქნა სხვა ქვეყნებთან შედარებით ადამიანთა მსვერპლის ძალზე დაბალი მაჩვენებელი,  შენარჩუნდა  ადამიანის საარსებო პირობებისა და ქვეყნის ფუნქციონირებისათვის  საჭირო ეკონომიკური საქმიანობის გარკვეული დონე.  საერთაშორისო დახმარებების მობილიზებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხერხდება დახმარებების გაწევა როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესისათვის. თუმცა, ალბათ, საჭიროა დახმარების გავრცელება იმ თვითდასაქმებულებზეც, რომლებიც არ იყვნენ დარეგისტრირებულნი, არ შეუძლიათ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენა, მაგრამ მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან.

უკვე მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე (მაგალითად, დაავადებულთა განკურნების მაღალი შანსი, ეპიდემიის მასშტაბების შემცირება, ჩვევების ჩამოყალიბება მოსახლეობაში ვირუსისაგან თავდასაცავად, სოციალური დისტანცირება, ონლაინ საქმიანობა და სხვ.), აუცილებელია მკაცრი შეზღუდვების მოხსნა, რომ არ მივიდეთ ეკონომიკურ კოლაფსამდე და სოციალური დაძაბულობის უკიდურეს გამწვავებამდე. კარგია, რომ საქართველოში ეს პროცესი უკვე დაიწყო. შესაბამისი ვაქცინის ან წამლის აღმოჩენამდე ქვეყანამ უნდა მოახერხოს  პანდემიის (ეპიდემიის) პირობებში ცხოვრება. გასათვალისწინებელია არამხოლოდ შიგა პრობლემები, არამედ სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, რათა ინფექციის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს.

მომავალში, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, კორონავირუსული პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა გამახვილდეს მედიცინის, ბიოტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სისტემების, სოფლის ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ფართოდ უნდა დაინერგოს ონლაინ სწავლება, ონლაინ ვაჭრობა და დისტანციური საქმიანობა, რაც, გარდა ადამიანთა უსაფრთხოებისა, გამოიწვევს რესურსების მნიშვნელოვან  ეკონომიასა და დროის დანაზოგს.

თანამედროვე ეტაპზე ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლება სულ უფრო  და უფრო დამოკიდებული ხდება პროგრესულ თვისებრივ ცვლილებებზე ეკონომიკაში (ეკონომიკურ განვითარებაზე). ამდენად,  მომავალში საქართველოში გენერალური მიმართულება უნდა გახდეს ეკონომიკის ინოვაციური განვითარება. ქვეყნის ინოვაციურმა სისტემამ უნდა შეძლოს ინოვაციების გენერირება ან იმპორტი. თავდაპირველად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციების იმპორტს, ხოლო შემდეგ, საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციების განხორციელებას (თუ გვინდა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს). ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მეცნიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების პროცესს საფუძველი გამოეცლება და სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

სწორედ ინოვაციების განხორციელების შედეგად, კაცობრიობის ერთიანი მოქმედებით,  შეიძლება გადაიჭრას დღეისათვის მსოფლიოში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემები, მათ შორის   ისიც, რომელსაც პანდემია ჰქვია.

ლიტერატურა:

პოლიტეკონომიის ვირუსული ვარიაციები 

მიხეილ ჯიბუტი

საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

m_djibuti@yahoo.com

საგანგებო მდგომარეობა

  2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ  კორონავირუსით ინფექციის COVID-19-ის                პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მთელი მსოფლიო  ფიზიკურ არსებობაზე  - ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე            შიშიანობამ მოიცვა.  ვირუსის გავრცელების პროცესი მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მასთან ბრძოლა ლოკალურად  -    ცალკეული ქვეყნების მიხედვით განვითარდა. ევროპული გაგებით ოთხი - საქონლის, მომსახურების, სამუშაო            ძალისა  და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებიდან, ყველაზე შეზღუდული - სამუშაო ძალის გადაადგილება,      კიდევ უფრო მეტად და თითქმის  აბსოლუტურად შეიზღუდა. ერთმანეთის თანმიმდევრობით ქვეყნები, მართალია,        საკარანტინო მიზნებით და გარკვეული დროით, მაგრამ რეალურად დაიხურა/დაიკეტა სხვა ქვეყნის                            მოქალაქეებისთვის. წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს თვითიზოლაციაზე გადასვლა, ჩაიკეტა საზღვრები, მთავრობებმა            დაიწყეს ეგოისტური გადაწყვეტილებების მიღება ...

2020 წლის 21 მარტს საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა[1]. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც შეიძლებოდა დამოუკიდებლად სისტემური გადაწყვეტილებების მიღება და წესრიგის ბევრი მექანიზმის გამართვა, თან ეკონომიკის გაჯანსაღება, ანუ ის, რასაც უწოდებენ კრიზისის, როგორც შანსის გამოყენებას (ჯიბუტი მ. 2020).

 ეს იყო პროფესიული გამოწვევაც. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია სამთავრობო მუშაობის ინსაიდერული „სამზარეულო“, ამიტომ ჩვენი „აუტსაიდერული“ მიდგომა საგანგებო მდგომარეობისათვის დასაწყისშივე შემდეგი იყო:    ატიპიური მდგომარეობის, არაეკონომიკური-ბიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ზრდის ხარისხის განსაზღვრის საფუძველზე, უნდა შედგეს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების საგანგებო გეგმა სხვადასხვა სცენარითა და პერიოდისთვის და  შესაბამისი საგანგებო ბიუჯეტი.

მთავრობაში უნდა შეიქმნას უმაღლესი ეკონომიკური საბჭო, რომელშიც თავს მოიყრის საქართველოს ყველა ეკონომიკური პროფილის ინსტიტუტის, სასწავლო და სამეცნიერო, ბიზნესისა და პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საგანგებო ეკონომიკური გეგმაც ამ საბჭოს ეგიდით უნდა შეიქმნას, რომ მას თავიდანვე დიდი კონსესუსის დატვირთვაც ჰქონდეს.

ამრიგად, სასწრაფოდ უნდა იქნეს შეტანილი კორექტივები  ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სცენარებში 2020 წლისათვის, განხორციელდეს საბიუჯეტო პოლიტიკის რაცინონალიზება და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გარდაქმნა, ხარჯების ოპტიმიზება და მობილიზება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის და მისი გავრცელების შედეგად პირდაპირი და ირიბი სოციალურ-ეკონომიკური უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციოდ.

 ამასთან, დაცული უნდა იქნეს სასურსათო და კიბერუსაფრთხოება, რათა პირველმა რეალურ სივრცეში უზრუნველყოს ადამიანთა ფიზიკური არსებობა, მეორემ კი - ვირტუალურ სივრცეში გადატანილი, თითქმის მთელი სახელმწიფო, ბიზნეს და ადამიანური, ურთიერთობების უწყვეტობა.

26 მარტს მთავრობას წარვუდგინეთ ქვეყანაში ახლადწარმოქმნილი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევების დასაძლევად ახალი სახელმწიფო პროგრამების იდეა და მოკლე აღწერილობა (ჯიბუტი მ. 2020).

სამწუხაროდ, მთავრობა არ წავიდა რთული, მაგრამ მომავალსა და პერსპექტივაზე ორიენტირებული გზით და აირჩია მარტივი, „ხანძრის ჩაქრობის“ პრინციპით მოქმედება. ამასთან, მთავრობის ხედვა ამ მოქმედებაში დაეფუძნა მიდგომას, რომ მისი მოქმედება მიმართულია ორ ფრონტზე: ერთი, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ხოლო მეორე, ეკონომიკის გადარჩენაზე.  ეს მიდგომა,ზოგადად ეკონომიკის გადარჩენა, ისევე როგორც ყველას დავეხმაროთ,  ჩვენი აზრით, მცდარია. საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის გარეშეც ბევრი რამ კვდებოდა და ეხლა იმის გადარჩენაზე  სახელმწიფო ზრუნვა თავიდანვე უშედეგობაზეა განწირული, ამასთან, გამოიწვევს რესურსების გაფანტვას და არ მისცემს სახელმწიფოს გადამწყვეტი პროგრამების შესრულებაზე კონცენტრაციის საშუალებას.

პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შეკავების პროტოკოლი

საგანგებო მდგომარეობის ერთი თვის თავზე აშკარა გახდა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს  ვერც პროგრამის წარმოდგენას და ვერც მენტალურ გარღვევას და თავის საქმიანობას წარმართავს სხვა სახელმწიფოების მიერ განხორციელებული პოლიტიკის ანალოგიის პრინციპით ქართული გარემოს პრიორიტეტების  სპეციფიკის თავისებური გააზრებით. თანაც, არ შეაქვს კორექტივები სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც ბევრი მხარჯავი სუბიექტი ისე მოქმედებს, თითქოს არაფერი არ ხდებოდეს. ბევრი საბიუჯეტო ხარჯის სახეობა მასმედიაში აღმოჩნდება დროსა და სიტუაციის შეუსაბამო და  საზოგადოების გულისწყრომას იწვევს, მაგრამ მათი ხარჯვა კანონითაა დადგენილი.  იმ იმედით, რომ მთავრობა მაინც წავიდოდა სისტემური მიდგომის გზით, 21 აპრილს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია „პროტოკოლის“ სახით.

პოლიტიკის მოდელის არჩევა

 დღეს მსოფლიოში აშშ-ს  გარდა (რომელსაც საერთოდ არ აქვს პრობლემა აშშ–ს დოლარის მსოფლიო ფულის რანგში ყოფნის გამო), სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ეკონომიკური კატაკლიზმების  (რეცესია, კრიზისი), ან სხვა უბედურებების ( ომი, მიწისძვრა, პანდემია და სხვ.) დროს ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის, წონასწორობის შესანარჩუნებლად უზარმაზარი ფული „ჩაასხას“ ეკონომიკის მანქანის ავზში და ეს მანქანა არ გააჩეროს. კორონავირუსის ინფექციის ეპიდემიის დროს სწორედ ეს გზა აირჩია აშშ–მ, იაპონიამ, გერმანიამ და სხვა ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა.

მეორე ჯგუფი,  ის ქვეყნებია, და ასეთია მსოფლიო ქვეყნების 80%-ზე მეტი, რომელთაც ზემოთ აღნიშნული შესაძლებლობები არ გააჩნიათ ეკონომიკის მასშტაბიდან, საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობიდან, ეკონომიკის ღიაობა/ჩაკეტილობის, ეკონომიკის სტრუქტურისა და სხვა მიზეზების გამო. ასეთი ქვეყნებისათვის  სიტუაციის მართვის პროტოკოლი მდგომარეობს მკაცრი საბიუჯეტო - ფისკალური და ფულად -საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, რომელიც სოციალური სფეროს შეკვეცასაც გულისხმობს. ამის კარგი მაგალითია საბერძნეთი. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისი სავალუტო ფონდი ამ პროტოკოლის მომხრეა მოცემული ჯგუფის ქვეყნებისთვის ( 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს მათი მთავარი რეკომენდაცია ეს იყო).

მესამე ჯგუფია  ჩინეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა და კიდევ რამდენიმე „არასტანდარტული“ ქვეყანა - მათი ქცევა ეკონომიკაში პოლიტიკის არსებული სისტემის დომინანტით მიმდინარეობს , სუბიექტივიზმზეა დაფუძნებული და განზოგადებას არ ექვემდებარება - ინდივიდუალური ხასიათისაა.

დასკვნა:  ატიპიური კრიზისული მოვლენების დროს სამი სახის პოლიტიკა გამოიყენება: 1.ეკონომიკაში ფულის „უზომო ჩასხმის“, 2. უმკაცრესი საბიუჯეტო პოლიტიკისა და ხარჯების საკუთარ შემოსავლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და 3. „ზეცენტრალიზებული და არასტანდარტული“. საქართველომ მეორე ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს, რადგანაც მას  პირველი და მესამე ტიპის პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა არ აქვს.

საქართველოს მოქმედების ინდივიდუალური პროტოკოლის აუცილებლობა

 საქართველო მიეკუთვნება მეორე ჯგუფის ქვეყნებს. შესაბამისად, მთავარი დასკვნა ისაა, რომ საქართველოს არ შეუძლია, ის ვერ შეძლებს ნებისმიერი დანახარჯების ფასად პანდემიასთან ბრძოლას, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკის ფუნქციონირების სტატუს - კვოს შენარჩუნებას.

 საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებები, საშინაო და საგარეო ვალი, შემოწირულობები - არსებული შემზღუდველი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორი მაქსიმუმითაც არ უნდა მოვიზიდოთ ის, ვერ იქნება იმ ზომის, რომ გამოვიყენოთ  ეკონომიკაში ფულის  „ჩასხმის“ აშშ-ის მაგვარი მიდგომა. (ამისათვის საკმარისი არაა მოსალოდნელი 3 მლრდ აშშ დოლარი იმ შემთხვევაშიც კი, რომ ეს ფული იყოს თავისუფლად და უპირობოდ გამოყენებადი).

საქართველოსათვის მთავარი შიდა წყაროებია, როდესაც მობილიზებულ უნდა იქნეს  ყველა შესაძლო წყაროდან  რესურსი, მოხდეს ხარჯების ოპტიმიზება და განხორციელდეს უმკაცრესი მომჭირნეობა ხარჯებზე.

ამ საერთო პროტოკოლური მიდგომის გარდა, ყველა ქვეყანას და საქართველოსაც, მოუწევს გაითვალისწინოს სპეციფიკა - ეს არ არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები წმინდა სახით, მისი გამომწვევია პანდემია და ამავე დროს, დეფორმირებულია ღია ეკონომიკის სისტემა და ქვეყნები გადავიდნენ პროტექციონისტურ პოლიტიკაზე, ან ახლოს არიან ამ მდგომარეობასთან.

დასკვნა:  სახელმწიფო ვალის აღება საქართველოსათვის ძალიან შეზღუდულია და თანაც, საეჭვოა ვალის იმ ზომით აღება, რომ ხარჯების სტატუს ქვო უცვლელი დარჩეს. არსებობს აგრეთვე დროის პრობლემა - როდის იქნება ეს. მანამდე საქართველომ ზემომჭირნეობის რეჟიმით უნდა მოახდინოს იმ რესურსების მობილიზება, რაც გააჩნია. უპირველესი ყურადღება სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მიექცეს. საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არსებული ხარჯებიც შეინარჩუნოს და ახალიც დაუმატოს. ამიტომ არსებული ხარჯები უნდა შეკვეცოს იქ სადაც შესაკვეცია და გაზარდოს იქ სადაც ამას ახალი ვითარება მოითხოვს. შედეგად, სასწრაფოდ შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგანგებო ბიუჯეტი.

საქართველოს მოქმედების საგზაო რუკა  ძირითადი მიმართულებებით

 საქართველოსათვის მოქმედების ინდივიდუალური სახელმძღვანელო ლოგიკურად უნდა იყოს:  მოსახლეობის გადარჩენა კორონავირუსის ინფექციისაგან და მათი სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მინიმუმ შიმშილის თავიდან აშორების დონეზე. რადგანაც საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა და  მსოფლიოში პროტექციონიზმის ტენდენციები ქმნის საფრთხეს, რომ ფულის არსებობის შემთხვევაშიც, შეუძლებელი გახდეს საბაზო, სასიცოხლო პროდუქციის შეძენა, საქართველოს მოუწევს ამ უკანასკნელისათვის ფორსირებულად შიდა რესურსების მობილიზება და მაქსიმალურად იმპორტის ჩამნაცვლებელი ეკონომიკის განვითარება, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით. ამასთან, ასევე  ფორსირებულად საჭირო იქნება ინტერნეტიზაციის გაფართოება, საინფორმაციო უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნა, ერთიანი სახელმწიფო კოორდინაციით.

 ამრიგად საქართველოს რეალობას ართულებს ის, რომ ფულადი რესურსების უმკაცრესი ეკონომიის პირობებში, მას მოუწევს ხარჯების გაზრდა არამარტო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, არამედ ახალი ხარჯების გაწევა სასურსათო და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შესაქმნელად.

 ფორმულა ასეთია: ადამიანების გადარჩენა და ამისათვის საჭირო ეკონომიკის შენარჩუნება, და სადაც საჭიროა - განვითარება.

 ამ ჩარჩოს გარეთ, ყველაფერი მინიმიზებულია , ხოლო კონკურენტულ სფეროებში სიტუაცია ყალიბდება ფორსმაჟორული გარემოს შესაბამისად, გაჭირვებაზე ხელის მომთბობთა და სპეკულაციის წინააღმდეგ უმკაცრესი რეპრესიული ღონისძიებების პირობებში.

დასკვნა : ნათქვამიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მოქმედების საგზაო რუკა - სახელწოდებით – „გამარჯვების პროგრამა“, „თავდაცვის პროგრამა“, ან სხვა რაიმე ოპტიმისტური! ადგენს ოთხ ახალ პროგრამას  პანდემიასთან ბრძოლის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის,  სურსათისა და კვების პროდუქტების წარმოების  განვითარების (გაზაფხულის ფაქტორი სოფლის მეურნეობისათვის),  ინტერნეტიზაციის გაფართოება, ციფრული მმართველობის გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, ახდენს ძირითადი მიმართულებების ძირეულ რევიზიას და საბიუჯეტო ხარჯების გადალაგებასა და ოპტიმიზებას.

ფინანსირების მთავარი წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი

 სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ შესაძლებელი დამალული ფინანსური რესურსების „მოძიება“ უნდა განსხვავდებოდეს ტრადიციული მიდგომებისაგან , საჭიროა , როგორც ბიუჯეტში რესურსების ძიებისათვის  ევროკავშირის ლიდერების სხდომაზე აღინიშნა , კრეატიული, კონსტრუქციული, ინოვაციური მიდგომა. ეს უნდა იყოს არა რაღაც „სეკვესტრი“ თითოეული მხარჯავი სუბიექტისაგან ხარჯების ჩამოჭრის სახით, არამედ სრულიად ახალი საბიუჯეტო წესრიგი, რომელიც მოითხოვს საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მხარჯავი სუბექტებისა და პროგრამების ცვლილებებსა და გადალაგებას და ანტიკრიზისული ფონდის შექმნას.

 ბიუჯეტის ადაპტაცია შეცვლილ სიტუაციასთან უნდა მოხდეს ხარჯების შემცირების გამო, მაგრამ როგორც  შემოსავლების წყაროების შემცირების გამო ( ეკონომიკური ზრდა -4,5 % +4,5%-ის ნაცვლად, საგადასახადო შემოსავლების შემცირება), აგრეთვე სახელმწიფოს ეკონომიის, მომჭირნეობის პოლიტიკის შედეგად.

 ხარჯების შემცირება ბიუჯეტიდან „ამოვარდნილი“ შემოსავლების  გამო - ამას ზუსტად დაიანგარიშებს შესაბამისი სტრუქტურები. ხარჯების სტრუქტურა უნდა შეიცვალოს აგრეთვე ახალი ფაქტორებით გამოწვეული ხარჯების ზრდის გამო (ლარის კურსის გამო საგარეო ვალების ზრდა).

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზემოთ მითითებული კიდევ სამი ახალი პროგრამის დასაფინანსებლად და გაუთვალისწინებული ხარჯებისათვის უნდა შეიქმნას საგანგებო ანტიკრიზისული ფონდი - საგანგებო მთავარი ღერძი. ბიუჯეტის ამ ფონდში გარდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დონორების, აგრეთვე საქველმოქმედო  სახსრებისა, უნდა შევიდეს თანხები, მიღებული ხარჯების შემცირებიდან  ბუჯეტიდან  მომჭირნეობის პოლიტიკის შედეგად.

დასკვნა:

  1. საგანგებო პროგრამების განხორციელებისათვის უნდა შეიქმნას  ანტიკრიზისული ფონდი, ხოლო  არაპროგნოზირებადი ფაქტორები ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ამ ფონდში მოულოდნელი რისკების შემთხვევისათვის არსებობდეს თავისუფალი ფული .
  2. 2020 წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელია ამ ფონდისათვის 1, 5 – 2,0  მლრდ ლარის  სახსრების გამოთავისუფლება უმკაცრესი მომჭირნე რეჟიმზე გადასვლის შემთხვევაში.
  3. აღნიშნული არის ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის მაშინ , თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, ხოლო საკითხის გადადების შემთხვევაში, ამ ფასის სიდიდე შეიძლება შეუწვდომლად ძვირი გახდეს ქვეყნისათვის.

ხელისუფლების „ანტიკრიზისული გეგმა“

 24 აპრილს „ანტიკრიზისული გეგმის“ სახით წარმოდგენილ იქნა მთავრობის  მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, მათი დაფინანსების ოდენობით და არც ერთი სხვა სისტემური, ნორმატიული ან მარეგულირებელი ცვლილება (პენსიის ინდექსაციის გარდა).

მთავრობამ ვერ შეძლო სისტემური და კომპლექსური ანტიკრიზისული პროგრამის  წარმოდგენა, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული პროგრამულ მიდგომაზე და მოიცავდა კრიზისთან ბრძოლას ყველა ფრონტზე - ფასები, ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაკოტრების  პროცესებს, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ფუნქციონირებას,  კულტურას და ა.შ.  მან  წარმოადგინა მმართველობისათვის ყველაზე მარტივი ტიპის  მოქმედების გეგმა,  რომელიც შინაარსობრივად კრიზისის შედეგების დაძლევის კი არა, არამედ კრიზისის შედეგებთან ადაპტაციის ღონისძიებებისაგან შედგება (ჯიბუტი მ. 2020).

 „ანტიკრიზისული გეგმა“ სხვა არაფერია, თუ არა „ჩვეულებრივი სამოქმედო სტრატეგიულ გეგმაში კორექტირება“ (ჯიბუტი მ. 2020). ახალი გამოწვევების შესაბამისი პროგრამების დამატება, ძველი პროგრამების რევიზია ახალ გარემოებათა შესაბამისად და მათი განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების მოძიება და ყველაფერი ამის ასახვით დამტკიცებული ბიუჯეტის ტრანსფორმაცია საგანგებო ბიუჯეტად. 

აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ან არ გააკეთა,  ან ვერ შეძლო ანტიკრიზისული გეგმის, როგორც სისტემური და კომპლექსური დოკუმენტის წარმოდგენა, სადაც მოცემული იქნებოდა მეცნიერულად დადგენილი „გეგმის წესრიგის“ შესაბამისად პროგრამები, მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელების ღონისძიებები, პასუხისმგებელი შემსრულებლები, სათანადო დაფინანსება და საგანგებო ბიუჯეტი, მისაღწევი მიზნები გაზომვად ინდიკატორებსა და მაჩვენებლებში.

სიტუაცია არ შეცვლილა – 7 მაისი -„ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის“, 12 მაისს -„განათლების ანტიკრიზისული გეგმისა“ და „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე“ წარმოდგენის შემდეგ. მთავრობა  ვერ გაშორდა ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს და არსებული პროგრამების გაძლერებით შემოიფარგლა.

საგანგებო სიტუაციის შემდეგ

ხელისუფლებამ  ვერ მოახერხა საგანგებო მდგომარეობით ესარგებლა და ქვეყანაში არსებული წესრიგის ხარისხი გაეზარდა. მან გაუშვა შანსი კარგად გამოეყენებინა საგანგებო მდგომარეობა, ახალი გამოწვევების შესაბამისად შეექმნა პროგრამები, მოეხდინა ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მომჭირნეობის რეჟიმის განხორციელება, საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება და საგანგებო ბიუჯეტის მიღება ეკონომიკის განვითარების ახალი რეალობებიდან გამომდინარე, რითაც მოემზადებინა ქვეყანა ნებისმიერი სცენარით შემდგომი განვითარებისათვის. უფრო მეტიც, კრიზისის წინააღმდეგ მოქმედების პოლიტიკის საფუძვლად აიღო არასწორი ორიენტირი - ე. წ. ეკონომიკაში „ფულის ჩასხმის“ – განვითარებული ქვეყნების ანალოგიურად, იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა ინდივიდუალური პოლიტიკა ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე.  ამასთან, ჩვენი აზრით, მთავრობამ დაუშვა შეცდომა, რომ 2020 წლის სახემწიფო ბიუჯეტში ცვლილებები მარტშივე არ განახორციელა. აღნიშნულის შედეგები საგანგებო სიტუაციის მოხსნისთანავე გამომჟღავნდება და  საგანგებო ბიუჯეტს ქვეყანა მაინც  ვერ ასცდება, თუმცა დიდი ალბათობით, უკვე განვითარების ვარიანტების არჩევის შესაძლებლობის გარეშე.  

ლიტერატურა:

 ----------------------------------------------------------------------------------------

1. 21 აპრილამდე და შემდეგ მისი ვადა გაგრძელდა  22 მაისამდე.

 

კორონომიკური კრიზისის გაკვეთილები საქართველოსთვის

     მერაბ კაკულია

                                         პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)                                     

         merab.kakulia@gmail.com

კაცობრიობა არაერთხელ ყოფილა ეკონომიკური კრიზისების მოწმე, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა 1929-1933 წლების დიდი დეპრესია და 2008-2009 წლების დიდი რეცესია, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკა არასდროს მდგარა ისეთი მასშტაბური გამოწვევის წინაშე, როგორც დღეს. კორონომიკური[1] კრიზისი არ არის არც ციკლური და არც სტრუქტურული ეკონომიკური მოვლენა, იგი კორონავირუსის პანდემიით პროვოცირებული კრიზისია, რაც განაპირობებს კიდეც, მის სპეციფიკას.

ეს რომ ტიპური ეკონომიკური კრიზისი იყოს, საკმარისი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის მასშტაბური სტიმულირება, მათ შორის შინამეურნეობათა წახალისება უფრო მეტი ხარჯების გასაწევად (Rogoff, 2020). ამჯერად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ამოცანიდან გამომდინარე, სახელმწიფოები აიძულებენ ადამიანებს შინაიზოლაციის რეჟიმში იცხოვრონ, რაც:

  • ზრდის უმუშევრობას, ანუ ზღუდავს შინამეურნეობების მიერ შემოსავლის გენერირების უნარს;
  • აძლიერებს უარყოფით მოლოდინებს და შინამეურნეობათა მომჭირნეობას.

იმავდროულად, ადამიანების ეკონომიკური ქმედუნარიანობის შეზღუდვა წარმოშობს მიწოდების უძლიერეს შოკსაც, რაც გამოიხატება:

  • ეკონომიკის დარგების უმეტესობის მთლიანად ან ნაწილობრივ პარალიზებაში;
  • მიწოდების ლოკალური და გლობალური ჯაჭვების წყვეტაში.

შეიძლება  ითქვას, რომ საქმე გვაქვს კოლოსალურ გლობალურ კრიზისთან, რომლის დროსაც მოთხოვნისა და მიწოდების შოკები მთელ მსოფლიოში სინქრონულად ეხლართება ერთმანეთს, რაც მკვეთრად ზრდის კრიზისის კუმულატურ ეფექტს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მისი ყველა ეკონომიკური შედეგი ჯერ არ დამდგარა, უკვე შეიძლება მსჯელობა კორონომიკური კრიზისის გაკვეთილებზე, რომელიც დღის წესრიგში აყენებს ქვეყნის განვითარების  მოდელის სრულყოფის/ცვლილების აუცილებლობას.

შინამეურნეობათა მოხმარების პარალიზება

კორონომიკურმა კრიზისმა მკვეთრად შეამცირა შინამეურნეობათა მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა უპირატესად მოხმარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკებში, მათ შორის – საქართველოში[2].  შინამეურნეობათა მოხმარება 2010-2015 წლებში საშუალოდ მთლიანი შიგა პროდუქტის 76,7%-ს შეადგენდა, მომდევნო წლებში ამ მაჩვენებელმა საგრძნობლად  იკლო - მშპ-ის 67%-დე (2019), თუმცა, ის ჯერ კიდევ მაღალია. ევროზონის ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი 53%-ს არ აღემატება, საშუალოდ მსოფლიოში კი - 60%-ს (TheGlobalEconomy.Com, 2018).

მოხმარების პარალიზება გამოიწვია ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს ობიექტების დიდი უმრავლესობის დაკეტვამ და სამუშაო ადგილების მასობრივმა დაკარგვამ ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში. შესაბამის მონაცემთა ანალიზი გვაჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე კორონომიკური კრიზისის შედეგად შესაძლოა, სულ ცოტა, გაორმაგდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შინამეურნეობათა დანაზოგები საქართველოში ერთობ მწირია, ადვილი წარმოსადგენია თუ რამდენად შესუსტდა მოსახლეობის მყიდველობითი უნარი. ამასთან, საქართველოში არ მოქმედებს  ისეთი ავტომატური მაკრო სტაბილიზატორი, როგორიცაა უმუშევართა დაზღვევა, რომლის გაფართოებას კორონომიკური კრიზისის პირობებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ნობელიანტი ეკონომისტი პოლ კრუგმანი (Krugman, 2020).

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურის ანაზღაურების გარდა, თითოეულ უმუშევარს, ვინც ადრე დაქირავებით იყო დასაქმებული, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარი გადაუხადოს, რაც ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმის ტოლია, თუმცა, 6-ჯერ და მეტად ნაკლებია კრიზისამდე დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურ ნომინალურ ხელფასზე. რაც შეეხება სამუშაოდაკარგულ თვითდასაქმებულებს, რომლებიც კრიზისამდე დასაქმებულთა ნახევარს შეადგენდნენ, ისინი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ცხადია, ეს მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ გაზრდის სამომხმარებლო ხარჯებს.

დადგა დრო, საქართველოშიც ამოქმედდეს უმუშევართა დაზღვევის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს შინამეურნეობებს რამდენადმე მაინც გაუმკლავდნენ ნებისმიერი ტიპის კრიზისის დარტყმებს. სტრატეგიულ ამოცანად კი უნდა დაისახოს  მომხმარებლური ეკონომიკის მოდელიდან უპირატესად მწარმოებლური ეკონომიკის მოდელზე  თანმიმდევრული გადასვლა.

შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების ნაკადების დაშრეტა

საქართველოს უპირატესად მომხმარებლური ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია დამოკიდებულება უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე, რისი მოცულობაც ქვეყნის მშპ-ის 10%-ს აღწევს (2019). წარსულში, ფულადი გზავნილები მათზე დამოკიდებულ ქვეყნებში, ანტიციკლურ როლს ასრულებდა, რადგანაც კრიზისის დროს მიგრანტები თავიანთ ქვეყნებში, როგორც წესი, მეტ ფულს რიცხავდნენ. ახლა, როდესაც კორონომიკური კრიზისი თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს, ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი, პირიქით, კრიზისის გაღრმავების ფაქტორად იქცა.

ამას ემატება, ნავთობზე მსოფლიო ფასების უპრეცენდენტო ვარდნა, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (მაგალითად, რუსეთიდან) ფულად გზავნილებზე  დამოკიდებულ  ეკონომიკებს, რომელთაც საქართველოც მიეკუთვნება, კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს (The World Bank, 2020b). საქართველოს შემთხვევაში, ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა აგრეთვე ფულადი გზავნილების სხვა ძირითად დონორ ქვეყნებს (მაგალითად, აშშ-ს, იტალიას და სხვ). საერთო ანგარიშით, 2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების ნაკადი 42,3%-ით შემცირდა, მათ შორის რუსეთიდან - 2,6-ჯერ, აშშ-დან 33%-ით, იტალიიდან - 27%-ით, საბერძნეთიდან - 37%-ით. ამგვარი დინამიკა მნიშვნელოვნად ზღუდავს შინამეურნეობათა სამომხმარებლო ხარჯებს და ართულებს კრიზისიდან გამოსვლას.

გრძელვადიან პერიოდში მიზანშეწონილია გადაიდგას ნაბიჯები ფულად გზავნილებზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით, რაც ძირითადად ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებისა და ექსპორტის ზრდის საფუძველზე შეიძლება მოხდეს. ნიშანდობლივია, რომ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მეზობელ სომხეთში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულება 2004-2018 წლებში მშპ-ის 22%-დან 12%-დე შემცირდა, მაშინ როდესაც საქართველოში - 7%-დან 11,5%-დე გაიზარდა (The World Bank, 2018).

მომსახურების ეკონომიკის სუსტი მედეგობა

კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა მომსახურების სექტორს (ტურისტული ინდუსტრია, ტრანსპორტი, ვაჭრობა, უძრავი ქონებით ოპერაციები და სხვა) მიაყენა, რომლის წილი საქართველოს ეკონომიკაში, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 74%-ს აღწევს (2019), რაც მნიშვნელოვნად აღემატება მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების შესაბამის საშუალო მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების სექტორის სიდიდე  საქართველოში არ არის ინდუსტრიული განვითარების შედეგი, ისე როგორც ეს ქვეყნების დასახელებულ ჯგუფშია.

გარეშე შოკების მიმართ მომსახურების სფეროს ძალიან მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში დგება ეკონომიკის რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა) სწრაფი განვითარების ხარჯზე მომსახურების სექტორზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიული ამოცანა.

კორონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. უშუალოდ ტურიზმზე საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 8% მოდის, მაგრამ მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით,  ტურიზმის წილი ქვეყნის მშპ-ში 26,3%-ს აღწევს (World Travel & Tourism Council, 2020b).  ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს ძალიან მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი აქვს. ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ს შეადგენს (World Travel & Tourism Council, 2020a). შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ზედმეტადაა დამოკიდებული ტურიზმზე, რაც სერიოზულ რისკს ქმნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, პოსტკრიზისულ პერიოდში, სანამ გლობალური ტურისტული ინდუსტრია აღდგება, მიზანშეწონილია ტურიზმის ექსტენსიური განვითარების მოდელიდან ინტენსიური განვითარების მოდელზე გადასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ახალი ტურისტული  სიმძლავრეების მწყობრში შეყვანის ნაცვლად, უნდა მოხდეს არსებულის მაქსიმალურად ათვისება (მათ შორის შიგა ტურიზმის ხელშეწყობის გზით), და მისი  მიწოდების უპირატესად ადგილობრივ ჯაჭვში ინტეგრაცია (სურსათის წარმოება-ტურიზმი).

იმპორტის ჯაჭვის  რღვევა

კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა, რაც, ერთი მხრივ, მომწოდებელ საწარმოთა პარალიზებით იყო გამოწვეული (Oxford Business Group, 2020), ხოლო მეორე მხრივ, 80-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ეს შეზღუდვები ძირითადად პანდემიისგან დაცვის საშუალებებს, სამედიცინო ტექნიკასა და მედიკამენტებს მოიცავდა (Aatreya, 2020), თუმცა, რამდენიმე ქვეყანამ, სასურსათო უსაფრთხოების მოტივით, სურსათის ცალკეულ სახეობათა ექსპორტიც შეზღუდა (Schmidhuber, Pound, Qiao, 2020). ყოველივე ამან სერიოზული პრობლემები შექმნა კორონომიკური კრიზისის მართვის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ძირითად სახეობებზე მსოფლიო ფასები არ გაზრდილა, კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა სურსათის საერთაშორისო მიწოდებათა ჯაჭვს, რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, ლოჯისტიკური შეზღუდვებით, ხოლო მეორე მხრივ, აგრარული სფეროს შრომატევად დარგებში სეზონური სამუშაო ძალის დეფიციტით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ხილის, ბოსტნეულის, ხორცისა და რძის სექტორები (The World Bank, 2020a). ასეთ ფონზე სულ უფრო მეტად იზრდება  ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების რისკი (Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), 2020).

სურსათის მოხმარება საქართველოში შინამეურნეობათა მოხმარების 28%-ს შეადგენს, სურსათის იმპორტი კი მთლიანი იმპორტის (რეექსპორტისთვის განკუთვნილი იმპორტის გარეშე)  13,5%-ს. პანდემიის ან  სხვა ტიპის გლობალური კრიზისების პირობებში საკვები პროდუქტებით ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგების აუცილებლობა (სასურსათო უსაფრთხოება) დღის წესრიგში კვლავ აყენებს ძირითადი სასურსათო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ამოცანას. ეს განსაკუთრებით იმ პროდუქციას ეხება, რომელშიც ქვეყნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი შედარებით დაბალია, თუმცა, არსებობს მისი წარმოების გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი (ხილი, ბოსტნეული, სიმინდი, ხორცი და ხორცპროდუქტები).

გარდა ამისა, დადგა დრო აღდგეს ძირითადი სასურსათო პროდუქტების და საბაზისო სამედიცინო საშუალებების სტრატეგიული სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ რეგულირებული მარაგები (რეზერვები), რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოება.

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შესუსტება

კორონავირუსის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ არსებითად შეზღუდა უცხოელ ინვესტორთა რისკის „მადა“, რაც კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი–ების) ნაკადის კლებაში ვლინდება; და ეს მაშინ, როდესაც კრიზისამდე პუი–ები მშპ-ის 7%-ს აჭარბებდა და კაპიტალის მთლიანი ფორმირების მეოთხედს აღწევდა (2019). თიბისი კაპიტალის გუნდის პროგნოზით (საბაზო სცენარი), კორონაკრიზისის შედეგად, პუი–ები 2020 წელს, შესაძლოა 40%-ით შემცირდეს (Nadaraia, Bluashvili, Chachanidze, Kordzaia, 2020).

კრიზისულ პერიოდში უცხოური ინვესტიციების დანაკლისს ნაწილობრივ სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა(მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში) გაანეიტრალებს, პოსტკრიზისულ პერიოდში კი, ამასთან ერთად, -  ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება ყველა საშუალებით, მათ შორის მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო სქემის მეშვეობით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარება, რაც თავის მხრივ, შიდა დანაზოგების შექმნის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებასაც მოითხოვს.

კორონომიკურმა კრიზისმა გამოააშკარავა ჩინეთის, როგორც გლობალური ინდუსტრიული ჰაბისა და ექსპორტიორის მიმართ, უცხოელ ინვესტორთა ნდობის დაქვეითება, რაც ამ ქვეყნის მიერ ექსპორტის შეზღუდვამ და მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის ჩაშლამ გამოიწვია. ნიშანდობლივია, რომ ჟურნალ Fortune-ის მიერ შედგენილი 500 უმსხვილესის ტრანსნაციონალური კომპანიიდან 200 წარმოდგენილი იყო ჩინეთის ვუჰანის პროვინციაში, საიდანაც  პანდემია დაიწყო  (Delloite, 2020). ამერიკულ, იაპონურ, სამხრეთკორეულ და სხვა ქვეყნების კომპანიებს გააქვთ თავიანთი საწარმოები ჩინეთიდან, რათა ჩამოაყალიბონ მიწოდების რეგიონული (მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკული, ევროპული, აზიური და სხვა) კვანძები და არ იყვნენ კონცენტრირებული მიწოდების ერთ რომელიმე ინდუსტრიულ ჰაბში. აღნიშნულ კვანძებში განლაგდება, როგორც ძირითადი მაკომპლექტებელი კომპონენტების საწარმოები, ისე მაკომპლექტებელი ნაწილებისა და საბოლოო პროდუქციის ბაზები  (The Economist Intelligence Unit, 2020).

ასეთ ვითარებაში საქართველოს აქვს შანსი გახდეს  ინდუსტრიის რედისლოკაციის ადგილი, ანუ მიწოდების ერთ-ერთი რეგიონული კვანძი. მით უმეტეს, რომ მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, იგივე ჩინეთთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. გარდა ამისა, მზადდება ანალოგიური ხელშეკრულება აშშ-თანაც. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე შეადგინა 400-დე საერთაშორისო კომპანიის სია, რომელთა მიერაც ჩინეთში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში მაღალი საბაჟო გადასახადით იბეგრება.

ქვეყნის განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შევძლოთ – არა მხოლოდ შედარებით დაბალტექნოლოგიური პროდუქციის (ტექსტილი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვ.) მწარმოებელი კომპანიების მოზიდვა, რომელთაც არა აქვთ დამატებული ღირებულების შექმნის დიდი პოტენციალი, არამედ მაღალტექნოლოგიური კომპანიებიც, რომლებიც უშვებენ ქიმიური მრეწველობის (მათ შორის – ფარმაცევტიკის), მანქანათმშენებლობის (მათ შორის სამედიცინო დანიშნულების), კავშირგაბმულობის საშუალებების და ელექტრონიკის პროდუქციას. ეს ის დარგებია, რომელთაც დამატებული ღირებულების შექმნის დიდი პოტენციალი გააჩნიათ. რაც შეეხება მაღალტექნოლოგიური საწარმოებისათვის სამუშაო ძალის მომზადებას, აქ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სახელმწიფოს ჩართულობამ და კონსტრუქციულმა თანამშრომლობამ უცხოელ ინვესტორებთან, მათ შორის – საჭირო კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მომზადების დაფინანსების/თანადაფინანსების გზით, რისი პოლიტიკური ნებაც მთავრობამ უკვე გამოავლინა[3].

 საქონლის ექსპორტსა და რეექსპორტზე გლობალური მოთხოვნის შესუსტება

კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ვაჭრობას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) პროგნოზით, წლეულს საქონლით გლობალური ვაჭრობის მოცულობა, უკეთეს , 13%-ით, უარესში კი - 32%-ით დაეცემა  (Azevêdo, 2020). ეს იმას ნიშნავს, რომ ეცემა გლობალური მოთხოვნა, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე. ამის ნიშნები უკვე სახეზეა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში ექსპორტის მოცულობა წლიურად 12%-ით შემცირდა. ამასთან, 10 წამყვანი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფიდან რვაში მნიშვნელოვანი კლება გამოვლინდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სამკურნალო საშუალებები, აგრეთვე ავტომობილების რეექსპორტი. რაც შეეხება უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო კატეგორიას - სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, რომელთა გატანა მეტწილად ჩინეთში ხდება, იანვარ-აპრილში მათი ექსპორტის წლიური ზრდის მიუხედავად, საკუთრივ აპრილში წლიურმა კლებამ 5%-ს გადააჭარბა, მარტთან შედარებით კი 19%-ით დაეცა, რაც ამ ტიპის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი კლების რისკზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით (საბაზისო სცენარი), წლეულს ქართული ექსპორტი 25%-ით შემცირდება (Nadaraia, Bluashvili, Chachanidze, Kordzaia, 2020).

ამდენად, კორონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციის და მისი რესურსული ორიენტაციის შესუსტების საჭიროება; და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ექსპორტის ხელშეწყობის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქმედითი პოლიტიკა, რომლის შემუშავება პოსტკრიზისულ პერიოდში ამოქმედების მიზნით გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, კორონავირუსის პანდემიის გამომ გლობალური ინდუსტრიის რეგიონული რელოკაციის პროცესი საქართველოს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.

    ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი მერყეობა

კორონავირუსის  პანდემიამ  გლობალურ სავალუტო ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვია, თუმცა ლარის კურსის მერყეობის დიაპაზონი ერთ-ერთი ყველაზე ღრმა აღმოჩნდა მსოფლიოში: მხოლოდ 10 დღის განმავლობაში (17-26 მარტი) ლარის კურსი 25%-ით დაეცა, როდესაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებს ასეთი დევალვაცია ასეთ მოკლე ვადებში არ განუცდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ  ამ დროსათვის კორონომიკის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი  შედეგი, ტურისტული შემოსავლების კლების გარდა, არ იყო დამდგარი, შეიძლება ითქვას, რომ  სავალუტო აჟიოტაჟი საქართველოში ძირითადად შექმნილი ვითარების არაადეკვატური აღქმით და მასობრივი ფსიქოზით იყო გამოწვეული. 

უარყოფითი მოლოდინები იმანაც გაამძაფრა, რომ  ეროვნულმა ბანკმა  დაგვიანებული და საკმაოდ მოუქნელი საინტერვენციო ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშიც არის მითითებული: სსფ თვლის, რომ მაღალდოლარიზებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ლარის კურსის ჭარბი მერყეობა დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ფინანსური სტაბილურობისათვის. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა განსაკუთრებულ შემთხვევებში დისკრეციულ ინტერვენციებს უნდა მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს ეროვნული ვალუტის კურსის დიდი მერყეობა (International Monetary Fund, 2020).

მოგვიანებით, ვითარება რამდენადმე გამოსწორდა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეროვნული ბანკის ერთგვარმა გამოცოცხლებამ, კერძოდ, მისმა განცხადებამ სავალუტო ბაზარზე გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტის პირდაპირ, სვოპ ოპერაციების გზით, მიწოდებით მოხდება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ასეთ არაორდინარულ ვითარებაში, ეროვნულ ბანკს მეტი სითამამე და კრეატიულობა მართებს უარყოფითი მოლოდინების გასანეიტრალებლად.  სავალუტო რეზერვების დაგროვება თვითმიზნად არ უნდა გადაიქცეს და მისი გამოყენება საგანგებო ვითარებაში სტანდარტულ სქემებს არ უნდა დაექვემდებაროს, მით უმეტეს, რომ ქვეყანამ დიდი საერთაშორისო ფინანსური დახმარება მიიღო, რაც მეტი საინტერვენციო აქტივობის საშუალებას იძლევა.

 სამომხმარებლო ფასების ზრდა

როგორც უკვე აღინიშნა,, კორონომიკური კრიზისისთვის დამახასიათებელია მოთხოვნის და მიწოდების შოკების ურთიერთგადახლართვა. თუ მოთხოვნის ვარდნა ფასების კლების მიმართულებით მოქმედებს, მიწოდების შიგა და საერთაშორისო ჯაჭვების რღვევა ფასებს ზრდისკენ უბიძგებს. ამდენად, ინფლაციაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენა არაერთგვაროვანია და იმაზეა დამოკიდებული – მოთხოვნის შოკის ეფექტი გადაწონის, თუ მიწოდების. თუ მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაციის ტემპმა იკლო, აპრილში ის არსებითად გაიზარდა და თითქმის 7%-ს გაუტოლდა (ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე 4%-ით მეტი).

კორონომიკური კრიზისის გაღრმავების პირობებში (2020 წლის აპრილი) მოთხოვნა შემცირდა, თუმცა მოხდა მისი ფოკუსირება პირველადი მოხმარების საქონელზე, ძირითადად სურსათსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. სურსათზე ფასები 16%-ით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო ნივთებზე კი - თითქმის 10%-ით. სურსათის წვლილმა სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდაში 5 პროცენტული პუნქტი შეადგინა, როდესაც დანარჩენი 11 სასაქონლო ჯგუფიდან 0,6 პროცენტულ პუნქტზე მეტი წვლილი არცერთს არ ჰქონია. ფასებიც ამ ჯგუფებში, გარდა საყოფახცოვრებო ნივთებისა, მცირედ გაიზარდა ან შემცირდა (4 ჯგუფში დეფლაცია აღინიშნა).

ფასების მატებაზე სერიოზული გავლენა იქონია ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრმა ვარდნამ მარტის ბოლოს, რაც უფრო აპრილის ფასებში აისახა.

და მაინც, ინფლაციის ამჟამინდელ დონეზე მიწოდების შოკის გავლენა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, მათ შორის – სურსათის მიწოდების სფეროში. ნიშანდობლივია, რომ განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ყურძენი (45,4%-ით), რძე, ყველი და კვერცხი (23,2%-ით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16,9%-ით). აღსანიშნავია ისიც, რომ 1 800 ობიექტიდან, რომელთაც საქსტატის მიერ ფასების რეგისტრაცია მოიცავს, 1150, საგანგებო მდგომარეობის გამო, არ ფუნქციონირებდა (საქსტატი, 2020).

მიზნობრივზე ბევრად უფრო მაღალი ინფლაციის მიუხედავად, სუსტი მოთხოვნის ფონზე შესაძლებელი გახდა ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით დაწევა. რამდენადაც მიწოდების შოკის მიმართ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია, ასეთ ვითარებაში სავსებით შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის  შემდგომი ზომიერი შერბილება, რაც პანდემიიდან გამოსვლის კვალობაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ეტაპობრივ გამოცოცხლებას. კორონომიკური ინფლაციის შემთხვევა კიდევ ერთი დადასტურებაა (Papava, 2020) იმისა, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი (Inflation targeting) ყოველთვის ეფექტიანი არ არის და მისი რელევანტურობა მცირე ზომის ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, ბევრ კითხვას ბადებს.

თუ ყოველივე  ზემოთქმულს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ  კორონომიკურმა კრიზისმა მკაფიოდ გამოავლინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარადიგმის სისუსტეები და ხაზი გაუსვა მათი გადალახვის აუცილებლობას. მომხმარებლური ეკონომიკის მოდელის შეცვლა, მომსახურების ეკონომიკაზე, უწინარეს ყოვლისა, ტურიზმზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირება, შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილების როლის შესუსტება, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ექსპორტის დივერსიფიკაცია მისი მხარდაჭერის ქმედითი ინსტრუმენტების საშუალებით, გლობალური ინდუსტრიის რელოკაციის მიმდინარე ტენდენციის გამოყენება პუი–ების ნაკადის გასაზრდელად - ყველაფერი ეს მიუთითებს ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციის საჭიროებაზე. 

პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გააცნობიეროს, რომ ლიბერტარიანულმა დოქტრინამ,  ერთი მხრივ, ბიძგი მისცა ეკონომიკის ლიბერალიზაციას, მაგრამ მეორე მხრივ,   გამოავლინა მრავალრიცხოვანი სტრუქტურული სისუსტე, რაც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ამიტომ, მასზე საბოლოოდ უნდა ითქვას უარი. გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ადეკვატური ინდუსტრიული პოლიტიკის  შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და კონკურენტუნარიანობაზე.

ლიტერატურა:


[1] კორონომიკა - ეს არის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის ტყვეობაში.  ცნება შემოიტანა შრილანკელმა პროფესორმა აჯით და ოლვისმა (Ajith De Alwis).

[2] საქართველოში მომხმარებლური ეკონომიკის მოდელის შესახებ უფრო ვრცლად იხ.: (Papava, 2015).

[3] მხედველობაში გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადება.

გლობალური ეკონომიკის რეცესია და საქართველოს პოსტვირუსული განვითარება 

თეიმურაზ შენგელია

პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

shengelia.temur@gmail.com

კორონავირუსის  გავრცელება ხასიათდება  ეკონომიკური შოკებით, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე: მცირდება საერთაშორისო ვაჭრობა, იზღუდება შრომის ბაზარი, საფუძველი ერყევა სახელმწიფო ფინანსებსა და ფულად სისტემას, იცვლება ადამიანების ქცევა, რაც ზეგავლენას ახდენს მოხმარების სტრუქტურაზე.   

არსებობს პირდაპირიკორელაცია  კორონვირუსის  მსოფლიო მასშტაბით გავრცელებასა   და   ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას შორის. ამ პირობებში საქართველოს წინაშე დგას ორი ძირითადი ამოცანა: პირველი - ვირუსის ლოკალიზება და მეორე - ქვეყნის ეკონომიკური სისტემის რაციონალური მართვა. ემპირიული გამოცდილება ცხადჰყოფს, რომ კორონავირუსის სამედიცინო შედეგები დაძლევადია, ხანგრძლივია ეკონომიკის რეანიმაციის პროცესი, რომელიც აისახება მსოფლიოს მოსახლეობის პოსტვირუსულ ყოფაზე. 

იმისთვის, რომ დავადგინოთ კორონავირუსის შესაძლო ზეგავლენა საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაზე, აუცილებელია გავაანალიზოთ მისი წარმოშობის მიზეზები, გავრცელების  პერსპექტივა და, შესაბამისად, დავადგინოთ ის პირდაპირი  კავშირი, რომელიც არსებობს მისი გავრცელების სიჩქარესა და ქვეყნების ეკონომიკურ ვარდნას შორის.  

მეცნიერების მიერ დადგენილია,  რომ დედამიწაზე არსებობს 800 ათასამდე ვირუსი, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს სოციალურ ყოფაზე. დედამიწის მოსახლეობა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაახლოებით სამოცდაათი საშიში ვირუსით დაავადდა, ანუ ამ ფაქტორით გამოწვეული პოტენციური საფრთხე მუდმივად არსებობს. უკანასკნელ  ათწლეულში ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსის გავრცელების მეორე შემთხვევა. კვლევებმა აჩვენა, რომ ისეთი ვირუსები, როგორიცაა: SARS-CoV და MERS-CoV ადამიანს გადაეცა ცხოველებისგან. კორონავირუსი (COVID-19) დაავადებულთა 3%–ში იწვევს სიკვდილიანობას; 2002 წელს გავრცელებული „SARS-ისა“ და 2012 წელს „MERS“ კორონავირუსით დაავადების შემთხვევებში სიკვდილიანობა აღწევდა 35-40%-ს.  ამასთან, (COVID-19) კორონავირუსს  ახასიათებს ადამიანების სწრაფი დაინფიცირება.   ცხადია, რომ ანტივირუსის არარსებობის პირობებში კორონავირუსისაგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები კარანტინში ყოფნა და სოციალური დისტანციის დაცვაა. ამასთან, თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში შეუძლებელია  ადამიანები ხანგრძლივი დროით ვამყოფოთ კარანტინში, რადგანაც თვითგადარჩენის ინსტინქტით  მათ მაინც მოუხდებათ ეკონომიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესად გამწვავდება   ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.  ხანგრძლივი დროით  ბიზნესსაქმიანობის დაპაუზებას  ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მოჰყვება ფატალური ეკონომიკური შედეგები. 

2020 წლის 11 მარტს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გამოაცხადა პანდემიად. ამ პირობებში მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ეკონომიკური პროცესების პროგნოზული სცენარების შემუშავება. კორონავირუსის  მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენა ხასიათდება ნეგატიური ეკონომიკური შედეგებით, როლებიც არსებით ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკური სისტემის განვითარებაზე:

  • მცირდება საერთაშორისო ვაჭრობა;
  • იზღუდება შრომის ბაზარი;
  • საფუძველი ერყევა სახელმწიფო ფინანსებსა და ფულად სისტემას;
  • იცვლება ადამიანების ქცევა, რაც ზეგავლენას ახდენს მოხმარების სტრუქტურაზე.

ამ რეალობის გათვალისწინებით, უმსხვილესმა საფინანსო სააგენტომ – Bloomberg-მა წარმოადგინა ეკონომიკის განვითარების  მისეული ხედვა, რომელიც ეფუძნება სამ  პროგნოზულ სცენარს:

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეპიდემიის შედეგად დაზარალდებოდა მხოლოდ ჩინეთი.   აღნიშნული პროგნოზი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვისა და სოციალური დისტანციის დაცვის შედეგად,  ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა ლოკალიზებული უნდა ყოფილიყო. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა,  ამ მოდელით   წელიწადში 1%–ზე ნაკლებს  შეადგენდა.  ცხადია, რომ ეს სცენარი არარეალისტური აღმოჩნდა, რადგან ჩინეთის გარდა მსოფლიოში დამატებით ოთხი  პანდემიის კერა გაჩნდა:

  • აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ცენტრს სამხრეთ კორეა წარმოადგენს;
  • ახლო აღმოსავლეთში – ცენტრით ირანი;
  • ევროპაში – ცენტრით იტალია-ესპანეთი;
  • რუსეთსა და უდიდეს -  აშშ–ში.

ეპიდემია და ბრძოლა მის წინააღმდეგ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაუდევრობის გამო,  მის საზღვრებს გარეთ სწრაფად გავრცელდა. დღეს უკვე შეუძლებელია პანდემიის არეალის ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ  ცხადია, რომ ეკონომიკური შედეგები უმძიმესი იქნება. ევროპისა და აზიის უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიებმა,  კორონავირუსის გამო შეაჩერეს საქმიანობა, დაიხურება მსხვილი საწარმოები, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა მომსახურების სფერო და ტურიზმის სექტორი, რაც ნეგატიურად აისახა მსოფლიო ქვეყნების განვითარებაზე. ამიტომ, ევროპამ უკვე 2020 წლის   აპრილის მეორე ნახევარიდან დაიწყო ეკონომიკის ნაწილობრივი რეანიმაციის პროცესი:

ჩეხეთმა 20 აპრილიდან გახსნა აგრარული ბაზრები, ავტოდილერების მაღაზიები, საქორწილო ცენტრები. 27 აპრილიდან 200კვ. მ-ზე განთავსებული ბიზნესი, 11 მაისიდან ავტოსკოლები, ფიტნესები, დაწყებითი სკოლები. 25 მაისიდან რესტორნები, სილამაზის სალონები, მუზეუმები, 8 ივნისიდან სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, თეატრები, საშუალო სკოლის და უნივერსიტეტების გამოსაშვები გამოცდები.

შვეიცარიაში 11 მაისიდან გაიხსნა დაწყებითი სკოლები, ბაზრები. 14 აპრილიდან 400 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის მაღაზიები. 11 მაისიდან დაწყებითი სკოლები.

ავსტრიაში 14 აპრილიდან გაიხსნა 400 კვ.მ ფართობზე ნაკლები მაღაზიები, 1 მაისიდან სავაჭრო ცენტრები, დიდი მაღაზიები, სილამაზის სალონები.

გერმანიაში 20 აპრილიდან გაიხსნა 800 კვ.მ ნაკლები ფართობის მაღაზიები, ავტოშოურუმები. 4 მაისიდან სკოლები, გალერეები მუზეუმები, სილამაზის სალონები.

ზომიერი  პროგნოზი  ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეპიდემიას ექნება სეზონური ხასიათი, ანუ ის თავისთავად გაივლის დათბობის დაწყებისთანავე, რაც დღეს უკვე არარეალურია. პერსპექტივაში კორონავირუსმა შესაძლოა განაგრძოს გავრცელება ისეთ თბილ რეგიონებში, როგორიცაა ინდოეთი და აფრიკა, რისი პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. ცხადია ისიც, რომ ყველა სახელმწიფოში არ არსებობს მედიცინის განვითარებული სისტემა. სუსტი მედიცინის მქონე ქვეყნებში ეპიდემიის შედეგები  უფრო მძიმეა, ვიდრე ძლიერში. გარდა ამისა, განვითარებული დემოკრატიული  სახელმწიფოების მოქალაქეები მზად არ აღმოჩნდნენ  პანდემიის გამო მარტივად მიეღოთ ადმინისტრაციული შეზღუდვები,  რადგან ამ პროცესს თან ახლავს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნი ცვლილება. ჩინელებისგან განსხვავებით, ევროპელებისა და ამერიკელებისთვის   მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავისუფლება (ამ მიზეზით, აშშ-ი, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა სახელმწიფოებში ვირუსმა დაიწყო ფართო გავრცელება, გახდა პანდემიის გავრცელების მიზეზი),  რამაც ამ ქვეყნებში გამოიწვია მოთხოვნის უფრო ღრმა კრიზისი. ჩინეთში ეს პროცესი შედარებით მარტივად მოითოკა მკაცრი ადმინისტრაციული შეზღუდვების დაწესების გამო, ხოლო პანდემიური ილუზიების მქონე რუსეთში, რომელიც ეწეოდა ევროპის ქვეყნების დახმარების ფსევდოპოლიტიკას და საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირებას, კორონავირუსმა აპრილის ბოლოს ფართო გავრცელება დაიწყო.

კორონავირუსის პირობებში გაუგებარია რამდენად სწრაფად აღდგება საერთაშორისო ტრანსპორტი. საერთაშორისო ავიაკომპანიები და სამოგზაურო სააგენტოები იძულებულნი არიან გამოტოვონ თავიანთი ბიზნესის ზაფხულის პიკი.  ამის გამო, 2020 წლის  ბოლოს  ისინი  სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.  პანდემია  იწვევს გლობალური ფინანსების დისბალანსს. როგორც  უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley პროგნოზირებდა, 2020 წლის აპრილის დასაწყისიდან განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკებმა, რომლებიც ცდილობენ ეკონომიკის მხარდაჭერას, საპროცენტო განაკვეთები მინიმუმამდე შეამცირეს, რაც აღემატება 2008-2009 წლების კრიზისის დროს  ლიბერალური მონეტარული პოლიტიკის ანალოგიურ  მაჩვენებლებს. ამან გამოიწვია ფულის  გაიაფება. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობები ახორციელებენ  ფისკალური სტიმულირების პოლიტიკას. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკა იწვევს ინფლაციის ზრდას,  უფრო სწორად წარმოიშობა „სტაგფლაცია" - სტაგნაციის და მაღალი ინფლაციის ნაზავი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს არ ჰქონია 1980-იანი წლებიდან.  2020 წელის ბოლოს გლობალური ეკონომიკის ზრდა 1-2%-ით შემცირდება. პანდემიის მოთოკვის  შედეგად, ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება 2020 წლის მესამე კვარტალში [3]. 

მოვლენების განვითარება ცუდი სცენარით პროგნოზირებისას ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ  კატასტროფა საშუალო სცენარივით გამოიყურება, მაგრამ დროის მიხედვით ის გაგრძელდება 2020 წლის ბოლომდე, ანუ  მთელი წლის განმავლობაში. ამავე დროს, მსოფლიოში შეიქმნება ეპიდემიის ახალი დამოუკიდებელი  კერები. ამ სცენარისთვის, კორონავირუსის გავრცელება არასეზონურია, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს პროცესი გაგრძელდება ზაფხულშიც.

გლობალურ ეკონომიკაში  კორონავირუსის  გავრცელებაზე დაფუძნებული ეკონომიკის  სცენარები აჩვენებს, რომ მსოფლიოში მოხდება რეცესია, ანუ გლობალური ეკონომიკა არ გაიზრდება მინიმუმ  წლის ბოლომდე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ,  თავის მოხსენებაში: „კორონავირუსი. გლობალურ ეკონომიკას საფრთხე ემუქრება,” წარმოადგინა „დომინოს დაცემის“ სცენარი, რომლის  მიხედვით, ეკონომიკური ზარალის პიკი წლის ბოლოს  გამომჟღავნდება.  ამჟამად ზარალს ძირითადად იწვევს  მხოლოდ მოთხოვნის შემცირება, მაგრამ მალე მას დაემატა საფონდო, სანედლეულო და საინვესტიციო ბირჟების ღრმა კრიზისი. ბლუმბერგის მიხედვით ნავარაუდევია მსოფლიო ეკონომიკის მინიმალური - 0.5–1%-იანი ზრდა.  გლობალური ეკონომიკის ზარალი მხოლოდ 2020 წელს დაახლოებით 2,7 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც 2008-2009 წლის დიდი რეცესიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ტოლფასია. ამ პერიოდში, კრიზისის პირველ ექვს თვეში, მსოფლიო ეკონომიკას ორი ტრილიონი დააკლდა.

გლობალური ეკონომიკის რეალურ სექტორში საერთო პრობლემების მოკლევადიან პერიოდში მოგვარება შეუძლებელია რამდენიმე მიზეზით:

        1. ჯერ კიდევ, 2019 წლის დეკემბერში, ევროზონის ინდუსტრიული წარმოება 2%-ით დაეცა (გერმანიაში 3.5%-ით), იაპონიის მშპ მკვეთრად  შემცირდა მეოთხე კვარტალში 6.3% -ით, ხოლო ჩინეთში ზრდა ასევე მნიშვნელოვნად შენელდა წლის ბოლოს. უმსხვილეს ეკონომიკებში რეალური რეცესია დაიწყო კორონავირუსის გავრცელებამდე.

        2. ცენტრალური  ბანკები დეფოლტის აცილების მიზნით ცდილობენ ბაზრების შევსებას ფულის საშუალებით, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება თუ არა ეს ეფექტი გაუგებარია,  რაც უფრო დაბალია  განაკვეთები, მით უფრო რთულია   ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება. 

        3.  იმის დასადგენად, თუ რამდენად  შეძლებს სამყარო ვირუსთან ბრძოლას, კიდევ რამდენიმე თვე დაგვჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ინვესტორები საფონდო ბირჟებზე და განვითარებად ქვეყნებში  არ დააბანდებენ სარისკო აქტივებს.

      პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს, რაც შეუძლებელს ხდის მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზირებას. ბოლომდე გაუგებარია ვირუსის გავრცელების დონე და მაშტაბები, ბუნდოვანია სამკურნალო პრეპარატებისა და ვაქცინის შექმნის პერსპექტივა.

პანდემიის პირობებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის რამოდენიმე სცენარი  არსებობს. ყურადღებას იქცევს ორგანიზაცია PMCG-ს მიერ დადგენილი პროგნოზი,  რომელშიც ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა შეჩერდება 2.5 თვით, ხოლო შემდეგ სამ თვეში ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივნისიდან,  ხოლო სრულად – სექტემბრიდან.

ნაკლებად  პესიმისტური სცენარის  მიხედვით ეკონომიკური აქტივობა შეჩერდება 4 თვით,   შემდგომი სამი თვით ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან,  ხოლო სრულად  – ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

ძალიან პესიმისტური სცენარის მიხედვით ეკონომიკური აქტივობა შეჩერდება 6 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის  სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად დეკემბრის შუა რიცხვებიდან. აქვე გასათვალისწინებელია ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. ამ სცენარების გათვალისწინებით დადგენილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.  ოპტიმისტურის შემთხვევაში - 4.3%;  ნაკლებად პესიმისტურისთვის - 8%; ძალიან პესიმისტურისთვის –12.9%.

საქართველოს, როგორც მცირე ეკონომიკის ქვეყანაზე – კორონავირუსის ზეგავლენა არსებითია. მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი ჩინეთიდან, აშშ-იდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან (საქართველო არის იმპორტმომხმარებელი ქვეყანა, ანუ ქვეყნის ეკონომიკას ადგილობრივი წარმოება მინიმალურად ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ის ხასიათდება ქრონიკული სავაჭრო დისბალანსით).  ასეთ პირობებში ცხადია, რომ შემცირდა ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელი (წარმოების დაპაუზების გამო), ფულადი გზავნილები (შრომითი მიგრანტების რეპატრიაციის გამო).  კორონავირუსი მძიმედ აისახება უცხოურ ინვესტიციებზე, რაც იწვევს ლარის კურსის მნიშვნელოვან ვარდნას, მის გაუფასურებას. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები ქვეყანაში არსებითად შემცირდა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გათვლებით საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს შეადგენს, სომხეთის -3.5–ს, ხოლო აზერბაიჯანის– 5%-ია. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მინუს -4%) იქნება.  უმუშევრობის დონემ მიაღწია პიკს, კატასტროფულად გაიზარდა ქვეყნის საგარეო ვალი (2020 წლის აპრილის მონაცემებით 18 მილიარდ 222 მილიონი ლარი), რაც ნეგატიურად აისახა ქვეყნის ეკონომიკის დაცემასა და საბოლოოდ მის კრიზისში. საქართველოს ეკონომიკაში პოსტკორონავირუსის  შედეგების დაძლევას სულ მცირე 2-3 წელი დასჭირდება.

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისგან მიღებული 3,5 მლრდ ლარის ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე გადანაწილებას. ბიზნესის მხარდაჭერისთვის 2 მლრდ 110 მლნ ლარი გამოიყო, ხოლო მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს 1 მლრდ 35 მლნ ლარი უნდა მოხმარდეს.  

ანტიკრიზისულ გეგმაში გვხვდება ფაქტოლოგიურ-სტატისტიკური ცდომილებები, რაც თვალსაჩინოა თვითდასაქმებულთა შემთხვევაში. მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების პაკეტი 250000 ადამიანზე  ვრცელდება, მაშინ, როდესაც ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800000 ადამიანია. თვითდასაქმებული ადამიანებისათვის  განკუთვნილი  ერთჯერადი 300 – ლარიანი დახმარების მოცულობა მინიმალურია. დაქირავებით დასაქმებულებისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური 200 – ლარიანი თანხა არასწორი მეთოდოლოგიით არის  დადგენილი და არ შეესაბამა საერთაშორისო  პრაქტიკას. გეგმა ითვალისწინებს თვიურ 200 ლარს „უხელფასო შვებულებაში მყოფი დაქირავებით დასაქმებულ პირთათვის”,   „დაქირავებით დასაქმებული პირების უხელფასო შვებულებაში“ გაშვება საქართველოს შრომის კოდექსით არ არის გათვალისწინებული.   

კერძო სექტორის დახმარება, სახელმწიფოს შეეძლო მის ხელთ არსებული ფინანსური და საგადასახადო ბერკეტების შემსუბუქებით. მსოფლიოში აპრობირებული ეს პრაქტიკა  სამთავრობო გეგმაში სრულად არ  არის  ამოქმედებული.

 გათვალისწინებულია 600 – ლარიანი დახმარება 65000-დან 100000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის.  კორონავირუსის შედეგად, 65000-მდე ქულის მქონე ოჯახების მატერიალური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამასთან,  ანტიკრიზისულ გეგმაში  მათთვის შემწეობა არ არის გათვალისწინებული.

პარადოქსია ის, რომ სამთავრობო გეგმაში არაფერია ნათქვამი უსახლკაროთა შესახებ.    აგრეთვე ის ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები) და მასში არაფერია ნათქვამი შშპ-ს სხვა ჯგუფებზე.   

ანტიკრიზისული გეგმა არ ითვალისწინებს იმ ოჯახების მხარდაჭერას, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ უცხოურ გადმორიცხვებზე, ხოლო პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გეგმაში არაფერი თქმულა არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაზარალებული მოქალაქეების შესახებ,  უცნობია, რა დოკუმენტაციით და პროცედურების გავლით შეძლებენ არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ანტიკრიზისულ სოციალურ პროგრამებში მოხვედრას.     

ანტიკრიზისული გეგმა დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, აშშ-ის, ევროკავშირის  ფინანსურ დახმარებაზე.  საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ მობილიზებული თანხების რა ნაწილია დამატებითი საგარეო ვალი, რომელიც მომავალში საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება. საქართველოს მთავრობამ უნდა განმარტოს, როგორ გადანაწილდება ის დამატებითი ფისკალური ტვირთი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად შეიქმნა.

ანტიკრიზისული გეგმა ძირითადად ეხება კრიზისულ და არ მოიცავს პოსტკრიზისულ პერიოდს, ამიტომ, უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკის განვითარების მოდელის შემუშავებისა და მისი გეგმაზომიერი რეალიზაციის საკითხი. 

ლიტერატურა:

სახელმწიფოს ფუნქციის ტრანსფორმაცია პოსტპანდემიურ პერიოდში

იოსებ არჩვაძე

პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი

josepharchvadze@yahoo.com

2020 წელი ისტორიაში შევა როგორც კორონავირუსის პანდემიის წელი, როდესაც სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს ფაქტორმა გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაამუხრუჭა. მისი შედეგები, ხანგრძლივობა და გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შეფასებული, თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან მრავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემასთან ერთად, წარმოაჩინა, ერთი მხრივ, ბაზრის ყოვლისშემძლეობაზე ლიბერტანული შეხედულების სრული აბსურდულობა, და მეორე მხრივ, ამის საპირისპიროდ  - სახელმწიფოს ეკონომიკური როლის მასტაბილურებელი და მაორგანიზებელი ფუნქციის მზარდი  მნიშვნელობა.

რასაც ახლა აქვს ადგილი სახელმწიფოს როლსა და ფუნქციებთან მიმართებით, შეიძლება ხატოვნად „მეფე ლირის შემობრუნებაც“ კი ვუწოდოთ, რომელიც თანდათან იბრუნებს თავის დროზე ბაზრისათვის „ნებაყოფლობით“ გადაბარებულ ფუნქციებს.

სახელმწიფოს მზარდი როლი ეკონომიკაში გუშინ არ დაწყებულა - ამგვარ ევოლუციას საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, განსაკუთრებით ბოლო 100-150 წლის მანძილზე.  განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯების წილი მთლიან შიგა პროდუქტში გაიზარდა 1870 წლის 9%-დან 1920 წლის 14%-მდე და 2019 წლის 49%-მდე (საფრანგეთში - 56%-მდე, აშშ-ში - 32%-მდე, საქართველოში - 26%-მდე). თვით ის აქტიურობა, რომელსაც მიმართეს სახელმწიფოებმა 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასაძლევად, მაგ. ე.წ. პოლსონის გეგმა აშშ-ში, რომლითაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბანკო სექტორს 700-მილიარდიანი დახმარება აღმოუჩინა (მექვაბიშვილი ე. 2018), უკვე ქმნიდა პრეცენდენტს საბაზრო ურთიერთობებში სახელმწიფოს, როგორც უმსხვილესი მოთამაშისა და „მომრიგებლის“  შესახებ.

COVID-19-თან დაკავშირებულმა  კრიზისმა, ზოგად ეკონომიკურ პრობლემებთან (ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების, საგარეო ვაჭრობის მასშტაბების მკვეთრი შემცირება, უმუშევრობის  ზრდა და ა.შ.) ერთად, გლობალური მასშტაბით, აგრეთვე წარმოაჩინა მოთხოვნა-მიწოდების პარადიგმის არაეფექტიანობა ჯანდაცვის და კერძო ჰოსპიტალურ ქსელებში, რომლებიც აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ გლობალურ პანდემიასთან პირისპირ. ჯანდაცვა, როგორც საბაზრო პროდუქტი, ფაქტობრივად ჩავარდა. -  მიუხედავად ეკონომიკური განვითარების დონისა და რომ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები თავიანთი ეროვნული პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს ჯანდაცვაზე მიმართავდნენ, მსოფლიომ, ფაქტობრივად, ვერ მოახერხა აღნიშნული გამოწვევებისადმი ადეკვატური რეაგირება. პანდემიის პირობებში ამ გარემოებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა   ბაზრის ყოვლისშემძლეობის შესახებ ნეოლიბერალური შეხედულების საფუძვლიან გადაფასებაში, ფაქტობრივად კი - დასამარებაში.  

2020 წლის ეკონომიკური ვარდნის გლობალური მასშტაბები სავალუტო ფონდმა დაახლოებით 4%-ის ფარგლებში შეაფასა, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებში ის გაცილებით მასშტაბურია, რის გამოც მასთან გამკლავება შეუძლებელია კორპორაციების დონეზე - ეს მხოლოდ ყველა სახის რესურსის ერთიანი მიზნობრივი გამოყენებისა და მოქალაქეთა ქცევის ერთიანი წესის განმსაზღვრელ ინსტიტუციას - სახელმწიფოს ძალუძს.

კორონაკრიზისმა და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ, ჯერ ერთი, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყვნენ ძლიერნი, ადეკვატურნი და ეფექტიანი თავიანთ ქმედებებში; მათ უნდა ჰქონდეთ მოვლენათა რამდენიმე სცენარით განვითარებაზე ადეკვატური გეგმა და რაც შეიძლება სწრაფი რეაგირების რესურსი; მეორე, სახელმწიფოს  უნდა გააჩნდეს საკმარისი რეზერვები - როგორც მედიკამენტების, ისე პირველადი მოხმარების საგნებისა და სურსათის, თანაც როგორც საგანგებო, ისე ნორმალური მდგომარეობისათვის და ამაზე არსებითად უნდა გაუმჯობესდეს  აღნიშნული რეზერვების ფორმირებისა და გამოყენების  მონიტორინგი. ამასთან, სრულებითაც არ არის აუცილებელი ამ რეზერვების სახელმწიფოს ბალანსზე ყოფნა - საკმარისია სახელმწიფო პოლიტიკა ასტიმულირებდეს აღნიშნული რესურსების შიდა ბაზრისთვის მიწოდებით დაკავებულ კომპანიებს, შექმნან რეზერვების რაციონალური მარაგი ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; და მესამე,  სახელმწიფოს ინსტიტუციური პასუხისმგებლობა უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც არამარტო განახორციელებს ზემოხსენებულ მონიტორინგს, არამედ თავად იქნება პროცესების პრევენციის, ფორს-მაჟორულ ვითარებაში კი მათი მართვისა და კრიზისის დაძლევის ორგანო.

აღნიშნულმა ვითარებამ არსებითად გაზარდა სახელმწიფოთა როლი და მნიშვნელობა და ფაქტობრივად, მათი „რენესანსი“ გამოიწვია. სახელმწიფო  საბოლოოდ ჩამოყალიბდა „ბოლო იმედის კრედიტორად“, რადგანაც მხოლოდ მას შესწევს უნარ, წინ აღუდგეს კრიზისს ყველა ასპექტით - სამედიცინო, ეკონომიკური, სოციალური, ხელი შეუშალოს ეკონომიკის უკონტროლო და მასშტაბურ ვარდნას,  რეცესიის დეპრესიაში გადაზრდას. 

ამავე დროს, კრიზისმა შექმნა პირობები იმისათვის, რომ სახელმწიფოს სრულად წარმოეჩინა თავისი როლი ეკონომიკაში და ამის სადემონსტრაციოდ მას დასჭირდა თავისი ლეგიტიმური ადმინისტრაციული ფუნქციების დემონსტრირება. პანდემიის პირობებში აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ის უყოყმანოდ წავიდა ბიზნესის, საქონლისა და ადამიანების გადადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ანუ ეკონომიკის მიზანმიმართულ შემცირებაზე; ხისტად დაუკავშირა ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესი პანდემიის ეპიდემიოლოგიური პიკისა თუ „პლატოს“ გადავლას.

ამის გარდა, ბიზნესმა მიიღო არაორაზროვანი შეტყობინება, რომ მისი განვითარების მდგრადობა დიდწილად იქნება განპირობებული საქმიანობის თანხვედრაზე სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან. მსჯელობაა სახელმწიფოს მხრიდან არა სრულ, საყოველთაო, ტოტალურ პატერნალიზმზე, რომელიც ფაქტობრივად, სახელმწიფო კაპიტალიზმს ნიშნავს, არამედ სახელმწიფოს უნარიან დირიჟიზმზე, ერთი მხრივ და მეორე მხრივ - ბაზრის მოთამაშეთა მიერ სახელმწიფო პოლიტიკის „პარტიტურისადმი“ ზედმიწევნით მიდევნებაში. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ეკონომიკის ე.წ. ინდიკატორული დაგეგმვის რეანიმაციის საკითხიც. მოკლედ, სახელმწიფომ კრიზისის პერიოდში არაორაზროვნად,  ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა (კინოფილმ „მიმინოს“ ერთ-ერთ პერსონაჟს რომ დავესესხოთ), თუ „ვინაა ამ სასტუმროში უფროსი“.

რას უნდა ველოდოთ კორონავირუსის პანდემიის  დამარცხების შემდეგ?

  1. სახელმწიფო გაიმყარებს პოზიციებს ეკონომიკის მართვის, მაკროეკონომიკური რეგულირებისა და აქტიური სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე, უარს არ იტყვის რა ამ მიზნის რეალიზაციისათვის ეროვნული პროდუქტის გადანაწილებაში უფრო აქტიური და მზარდი როლის შესრულებაზე;
  2. სახელმწიფოს მოუწევს გადადგას ნაბიჯები მინიმალური გარანტირებული (საბაზისო) შემოსავლების ფორმირებისაკენ;
  3. სახელმწიფო თავის თავზე აიღებს (მოუწევს აიღოს) იმ „მკვდარი სივრცის“ შევსებას, რომელიც ჩამოყალიბდა, ერთ მხრივ, ჯანდაცვის სფეროში საბაზრო კომპონენტების არსებობისა და, მეორე მხრივ, საზოგადოების სისტემური ერთიანი უსაფრთხოების  უზრუნველყოფის აუცილებლობას შორის;
  4. დასრულებულ სახეს მიიღებს ერთიანი ინტერნეტ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ფორმირება და მისდამი წვდომის საყოველთაო უზრუნველყოფა, მიუხედავად კონკრეტული პირების ინდივიდუალური შემოსავლებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა.

სახელმწიფომ, ქვეყნის შიდა ეკონომიკური ფუნქციის ზრდის პარალელურად,  მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საგარეო ურთიერთობების სფეროშიც. კერძოდ, ეროვნული სახელმწიფოები თანდათან იბრუნებენ ადრე ზესახელმწიფო სტრქტურებისათვის „ნებაყოფლობით“ გადაცემულ უფლებამოსილებებს.  

მთლიანობაში, როგორც ეკონომიკურად, ისე ფუნქციონალურად,  ძლიერი სახელმწიფოს აუცილებლობას თავად ცხოვრებისეული დიალექტიკა განაპირობებს: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება შესაბამისი ეფექტიანი ანტიკრიზისული ნაბიჯების, „უსაფრთხოების ბალიშის“ გარეშე აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ პროტესტს, ტურბულენტურ პროცესებს საზოგადოებაში. მეორე მხრივ კი, ამგვარი პრობლემებისადმი გამკლავება (როგორც ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული მეთოდებით), მხოლოდ სახელმწიფოს, კერძოდ, ძლიერ სახელმწიფოს ძალუძს.

ამ პოზიტიური ტენდენციების პარალელურად აუცილებელია დავინახოთ გარკვეული საფრთხეებიც, რაც სახელმწიფოს სტატუსისა და ფუნქციების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს. კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოება არჩევანის წინაშე დააყენა: სასწორის ერთ პინაზე დაიდო  მოქალაქეთა უფლებები, საზოგადოების წევრთა თავისუფლება, მეორეზე კი - ოჯახებისა და პიროვნების პირად ცხოვრებაში, საქმიანობასა და ყოფაში სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების არასანქცირებული უცერემონიო შეჭრის, „შეჭყეტვის“,  თვალთვალის ტოტალიტარული კონტროლი, რაც მას ( სახელმწიფოს) ადამიანთა განწყობისა  და ქმედებების  მანიპულაციის ფართო შესაძლებლობებს აძლევს. 

სახელმწიფოები აქამდეც, თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ  თვალთვალის სხვადასხვა მექანიზმის განვითარებაში, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე სათვალთვალო კამერებით. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ყოველი ქვეყნის ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსნა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დეკლარირების ფონზე,  ადამიანთა პირად ცხოვრებაში შეჭრისა და მათზე თვალთვალის  განსახორციელებლად, სრული კარტ-ბლანშის აღება მოინდომა. კორონავირუსით შექმნილი სიტუაცია, ზოგადად ხელისუფლებას საშუალებას აძლევს „საბრძოლო“ ვითარებაში გამოსცადოს მოქალაქეებზე თვალთვალის სხვადასხვა ტექნოლოგიის ეფექტიანობა. მაგრამ შეხვდება კი კორონავირუსთან ბრძოლის ფორმატით განხორციელებულ საკუთარი თავისუფლების დიდი ნაწილის ხელყოფას მოქალაქეთა უმრავლესობა? ხუთგზის ოსკაროსანი ცნობილი ჰოლივუდური ფილმის სახელწოდებას რომ დავესეხოთ (კრავთა დუმილი) აშკარაა, რომ კაცობრიობას, ფაქტობრივად, უბიძგებენ ცუგცვანგისაკენ: დათანხმდეს  საბაზო უფლებებისა და  გადაადგილების, შეკრებების, სამეწარმეო საქმიანობისა და ა.შ.  თავისუფალების შეზღუდვას, ან მათი შენარჩუნებისათვის შეელიოს საკუთარი პერსონალური მონაცემების ანონიმურობას.

პრობლემას არა აქვს ჰიპოთეტური კონტექსტი, - კერძოდ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება იმ საფრთხის არიდება, რაც უკავშირდება ახალ ეპიდემიებთან ბრძოლის საბაბით ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას ადამიანთა კონტროლის გაძლიერებისათვის - გაციფრებული საშვები, საკუთარი სახლიდან მხოლოდ შეზღუდულ მანძილზე გადაადგილების უფლება, რაც შეიძლება მოსახლეობის ტოტალური შინაპატიმრობის რბილ ფორმადაც კი იქცეს. სოციალური დისტანცირება, რომელიც ამჟამად განიხილება როგორც დროებითი პროფილაქტიკური ღონისძიება, შეიძლება  საზოგადოების ატომიზაციის, უთანაბრობის ზრდის, ადამიანების  საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემების ნაჭუჭში დატოვების წინაპირობად იქცეს. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  - ტემპერატურაზე, წნევაზე, გადაადგილებასა და უსაფრთხოებაზე, ვირუსების არგავრცელების ზრუნვის „უწყინარ“, „ჰუმანურ“ საფარველში გახვეული პერმანენტული მონიტორინგი - ტოტალური თვალთვალის, მოქალაქეთა განწყობისა და პოლიტიკური სიმპათიების დადგენის და, საბოლოო ანგარიშით, არამარტო რიგითი მოქალაქის უფლებების დიაპაზონისა და შესაძლებლობების რეიტინგის დასადგენად, არამედ მათზე ზეწოლისა და შანტაჟის იარაღად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, აბსოლუტურად არარიტორიკულ ჟღერადობას იძენს  კითხვა: ხომ არ გადაიქცევა დიდი მთავრობა, ორუელს რომ დავესესხოთ –„დიდ ძმად“? სახელმწიფოს როლისა და შესაბამისი  სამთავრობო ხარჯების ზრდა ხომ არ „მოაშანდაკებს“ გზას დიდი ძმის რეინკარნაციისა და ლეგიტიმაციისათვის?! 

სამწუხაროდ, აღნიშნულ კითხვას არა აქვს მხოლოდ რიტორიკული დატვირთვა...

ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რასაც შეუქცევადი ხასიათი ექნება, რაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოსალოდნელია, არის სახელმწიფოს როლის ზრდა, რაც გამოვლინდება ეროვნული პრდუქტის მზარდ გადანაწილებაში, საჯარო სექტორის ზრდაში, სახელმწიფოსა და ბიზნესის მეტ კოოპერირებასა და კოორდინაციაში, ეკონომიკური თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისათვის წლების წინ „ნებაყოფლობით“ გადაცემული ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნებაში, ეროვნული სახელმწიფოსათვის ფორმალური და რეალური სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

ლიტერატურა:

კორონომიკა – საფრთხე თუ შესაძლებლობა ?! 

ვახტანგ ჭარაია

პროფესორი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

vakhocharaia@gmail.com

მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ. კარზე ჯერ კიდევ 2019 წლის 22 ივნისია და რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოსთან ავიამიმოსვლას შეწყვეტს... მომენტალურად საქართველოში იწყება პოლიტიკური სპეკულაციები, დიდიც და პატარაც განიხილავს, თუ რამდენად ამაყად ან სინანულით უნდა მივიღოთ აღნიშნული ინფორმაცია, რამდენად მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის ტურისტებზე დამოკიდებულება ან / და რამდენი ათასი ადგილობრივი დასაქმებული შეიძლება დარჩეს შემოსავლის გარეშე...

გადის დრო და ხანი და უკვე 2020 წლის იანვარია, მთელს მსოფლიოს ჩინეთიდან მოდის საგანგაშო ინფორმაცია, რომ ე.წ. ახალი კორონავირუსი - კოვიდ 19 არის აღმოჩენილი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. იწყება შესაბამისი კონტრნაბიჯების მზადება, თუმცა, დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ მშვიდად ადევნებს თვალს ჩინეთში (იქ, სადღაც შორს) მიმდინარე მოვლენებს. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა გარკვეული საგანგაშო სიგნალების შემდგომ ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას ჩაკეტოს ავია მიმოსვლა ჩინეთთან ორი თვის ვადით. ისევ იწყება ზარალის დათვლა და უკვე ახალი ალტერნატივების ძიება...

გადის კიდევ რამდენიმე კვირა და რისკი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას აკრძალოს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა ვირუსდაფიქსირებულ და მაღალი რისკის მატარებელ ირანთან, იტალიასთან, კორეასა და სხვა ქვეყნებთან. გადის კიდევ რამდენიმე დღე – ვირუსი უკვე ჩვენს სამეზობლოშია... რამდენიმე დღეში კი საქართველოს მთავრობა საგანგებო ჩართვით გვატყობინებს, რომ კორონავირუსმა ამჯერად ქვეყნის შიგნითაც შემოაღწია. რაც საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გამოცხადებით, ბიზნესის მიზანმიმართული გაჩერებით და მთელი რიგი სხვა სირთულეებით ხასიათდება, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნის და მთელი მსოფლიოს პარალიზებით გრძელდება...

ზემოთ მოყვანილი 3 შემთხვევა, სრულიად განსხვავებულია თავისი მასშტაბებით, თუმცა ნიშნანდობლივია, რომ ხშირად ვერ ვაანალიზებთ რეალურ, მასშტაბურ საფრთხეს და მხოლოდ წვრილმან გამოწვევებზე კონცენტრაციით შემოვიფარგლებით. ამასთან ერთად, ფაქტია ისიც, რომ ყველა მსგავს სიტუაციაში ჩვენ ვიწყებთ ახალ რეალობასთან შეგუებას, ახალი საფრთხეების შეფასებას და ახალი შესაძლებლობების ძიებას – იქნება ეს ოკუპანტ რუსეთთან ჩაკეტილი ავიამიმოსვლა, ჩვენ პარტნიორ ჩინეთთან ეკონომიკური აქტიურობის შენელება, თუ მსოფლიოს დაპაუზება. მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანას არ აქვს მოვლენების განვითარებაზე გულხელდაკრეფილ მდგომარეობაში თვალყურის დევნების უფლება. აქედან გამომდინარე, პარადიგმების გადაფასება, ახალი თამაშის წესებში დროული გარკვევა და ახალ რეალობაზე მორგება არის ის, რასაც თავმოყვარე და წარმატების მოსურნე ქვეყანა უნდა აკეთებდეს. ამ გზას ადგას საქართველოც.

თუმცა, სანამ ახალი შესაძლებლობების განხილვას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია ზუსტად შევაფასოთ, თუ სად ვართ, რა დანაკარგები გვაქვს და განვითარების რა ტრაექტორიით მოძრაობაზე შეიძლება ვიფიქროთ ისე, რომ არც ფუჭი მოლოდინები არ გავიჩინოთ და არც ჩვენი შესაძლებელობების დაუფასებლობა გამოგვივიდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. კორონომიკურმა კრიზისმა, საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც აქამდე არნახული მასშტაბის ზიანი მიაყენა და რაც კიდევ უფრო მეტად საგანგაშოა, დღესაც უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს ვირუსული აჟიოტაჟი და მასთან დაკავშირებული მსოფლიო შეზღუდვები. არანაკლებ მნიშვნელოვანია მსოფლიო წესრიგის შეცვლის ტენდენციებიც, რომელიც ამ ეტაპზევე ჩანს, რომ განსხვავებული იქნება დღევანდელისაგან, თუმცა ზუსტად რა სახეს მიიღებს ის, ჯერ ისევ უცნობია.

არ არსებობს განვითარება კომპრომისის გარეშე და არ არსებობს გამარჯვება დანაკარგის გარეშე. საბედნიეროდ, საქართველომ შესაშური პასუხი გასცა გლობალურ პანდემიას და ამისთვის შესაბამისი საზღაურიც იქნა გაღებული. მათ შორის არის: ასეულობით ათასი ე.წ. დაპაუზებული სამუშაო ადგილი, მიუღებელი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში, გაუსტუმრებელი საბანკო ვალდებულებები და მრავალი სხვა გამოწვევა, რაც, ერთი მხრივ, შესაძლოა გადაულახავი პრობლემა გამხდარიყო,  რომ არა - სანდო ქვეყნის რეპუტაციის ბაზაზე საერთაშორისო პარტნიორების დროული მხარდაჭერა, როგორც ფინანსური (მილიარდობით აშშ დოლარის მოცულობით), ასევე არაფინანსური.

უნდა აღინიშნოს საერთაშორისო დახმარების მნიშვნელოვანი როლი, ვინაიდან, გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა შესაძლოა აღმოჩენილიყო გაცილებით ღრმა და უკიდურესად მძიმე ფინანსურ გასაჭირში, ვიდრე მრავალს ეს წარმოუდგენია. საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, არათუ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების დაფარვა, უმუშევართათვის სოციალური შემწეობის დანიშვნა ან/და ბიზნესისთვის გადასახადების გადავადება/გაუქმება იქნებოდა შეუძლებელი (ჯამური ღირებულებით 3.5 მლრდ ლარი), არამედ მოსალოდნელი იქნებოდა: ხელფასების (პოლიციელების, ექიმების, პედაგოგების და ა.შ.), ასევე პენსიების, სოციალურად დაუცველების შემწეობებისა და  საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირებაც კი. გასათვალისწინებელია, რომ აგრეთვე მრავალი სხვა არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა გახდებოდა საჭირო. რატომ? ცნობისთვის:

-         სრულად გაჩერდა ტურისტული სექტორი, რომელიც მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) დაახლოებით 12 %–ს ქმნიდა და პირდაპირ თუ ირიბად 500 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა: დასვენების და გართობის ინდუსტრია, ავიასაწარმოები, ადგილობრივი ტრანსპორტი და სხვა; 2020 წელს ტურისტული ნაკადების დაახლოებით 2/3-ით შემცირებაა მოსალოდნელი;

-         პრაქტიკულად გაჩერდა ფულადი გზავნილების მიღება, რომელიც წინა წლებში $1.5 მლრდ–საც კი აღწევდა და შემოსავლის ერთადერთ თუ არა, მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა რამდენიმე ასეული ათასი ოჯახისთვის საქართველოში;

-         პარალიზებული აღმოჩნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებაც, რომელიც ქვეყანაში ასაქმებს დაახლოებით ყოველ მეხუთე თანამშრომელს, ქმნის ექსპორტის ნახევარზე მეტს, დამატებული ღირებულების 1/3-ს, შემოაქვს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. უცხოურთან ერთად, გაჩერდა ადგილობრივი საინვესტიციო აქტიურობაც;

-         შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმისტური შეფასებებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მხოლოდ, 2020 წლის განმავლობაში, პანდემიის შედეგად 3 მლრდ ლარზე მეტს დაკარგავს მიუღებელი შემოსავლის სახით, ხოლო ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით დაგეგმილი +4.5%–ის ნაცვლად -4 %–ში  გადაინაცვლებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს ყოველივე - პოზიტიური სცენარის შემთხვევაში. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პროგნოზი შეუძლებელია იყოს ზუსტი, რადგანაც მსოფლიოსთვის კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზის დასრულების ზუსტი დრო ჯერაც უცნობია, შესაბამისად უცნობია მისი გართულებით ან შემსუბუქებით მოსალოდნელი შედეგებიც.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია არა უკან ყურება და დანაკარგების თვლა, არამედ იმაზე ფიქრი, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი სამომავლოდ, რომ არსებული მსოფლიო კრიზისი საქართველომ არც მეტი, არც ნაკლები - ახალ შესაძლებლობად აქციოს. სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა რთულად შესასრულებელი იქნება - ქართული ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ პრიორიტეტების ცვლილების ფონზე, ერთი დარგის განზე გაწევით მეორე დარგის წინ წამოწევა, არამედ რეალური სრულფასოვანი გარდაქმნა. აქვე იბადება აზრი იმის თაობაზე რომ, თუ ტრანსფორმაცია რთულია, მტკივნეული და თანაც დიდ რისკებთანაცა დაკავშირებული, ხომ არ გვეცადა ეკონომიკის ეტაპობრივი „გადატვირთვა“?! შემოგთავაზებთ რამდენიმე პერსპექტიულ მიმართულებას:

1.    სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება

ცნობილია, რომ ნებისმიერი გეგმის განხორციელება, პირველ ეტაპზე, უშუალოდ ამ გეგმის შემუშავებით იწყება. შეუძლებელია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და მის აყვავებაზე ვმსჯელობდეთ, საშუალო და გრძელვადიანი ხედვის არარსებობის პირობებში, როგორც მინიმუმ 5 და 10 – წლიან ჭრილში. აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ მასში განსაზღვრული იქნება კონკრეტული მიზნები, მისაღები შედეგები და ამ ყველაფრის განსახორციელებელი გზები, არამედ, იმიტომაც, რომ ის ერთ მთლიანობაში ასახავს ქვეყნის მთლიან საფრთხეებსა და შესაძლებელობებს კონკრეტული - ერთიანი მიზნის მისაღწევად. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გეგმის მიხედვით ერთი დარგის განვითარება არ უნდა უსწრებდეს ან არ უნდა ჩამორჩებოდეს მეორეს ისე, რომ პირველის განხორციელებას საფრთხე დაემუქროს.

2.    კონკურენტუნარიანი ბაზრის ჩამოყალიბება

სამწუხაროდ, ათეული წლების განმავლობაში საქართველოში მრავალი ოლიგოპოლიური გაერთიანება ჩამოყალიბდა. შესაძლოა, ცალკეული კომპანიების გამსხვილება, განვითარების გარკვეულ ეტაპზე უფრო ლოგიკურ და მათ შორის, არაა გამორიცხული - გადარჩენის ერთად-ერთ გზას წარმოადგენდა, რომელმაც შეიძლება დარგის განვითარებას / სიმყარესაც კი შეუწყო ხელი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დადგა ის მომენტი, როდესაც მსგავსი გაერთიანებები სიკეთის ნაცვლად ზიანს აყენებენ როგორც კონკრეტულ დარგს, ასევე მთლიანად ეკონომიკასაც, საბოლოო ანგარიშით კი, ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს. ასეთ დარგებში შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ნავთობიმპორტიორები და საბანკო სექტორი, ასევე ინტერნეტპროვაიდერები და ფარმაცევტული კომპანიები, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს.

3.    ეროვნული წარმოების წახალისება

რაც არ უნდა პრიმიტიულად ჟღერდეს, დამოუკიდებლობის 3 ათწლეულის თავზე საქართველო კვლავაც იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, სადაც არათუ მაღალტექნოლოგიური, პრიმიტიული წარმოების ნაირსახეობებიც კი არ არის ადეკვატურად განვითარებული (ერთეული გამონაკლისების გარდა). ამისი ნათელი მაგალითია სასურსათო უსაფრთხოების ჭრილშიც კი იმპორტდამოკიდებულება. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში იმპორტირებული იყო რძე და რძის პროდუქტები - 200 მლნ ლარის; კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული - 100 მლნ ლარის; სხვადასხვა ხილი - 180 მლნ ლარის; მაკარონი - 40 მლნ ლარის; თევზი გაყინული - 70 მლნ ლარის; ქათმის ხორცი - 200 მლნ ლარის; კონსერვები - 100 მლნ ლარ–ზე მეტის და ა.შ. ფაქტია, რომ ათწლეულების განმავლობაში „შემუშავებული“ ეროვნული წარმოების წახალისების მექანიზმები ფუჭად თუ არაა გაფლანგული, საბოლოო მიზნამდე ჯერ ისევ დიდი გზა აქვს გასავლელი. გამოსავალი კი პროცესში დარგის პროფესიონალების ჩართულობაშია და არა – „მენეჯერების“ - „ინოვაციურ გადაწყვეტილებებში“.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჯერ ისევ აუთვისებელი შესაძლებელობების ქვეყანაა, რომელსაც ყოველი ახალი გამოწვევა დიდ დარტყმასთან ერთად, ყოველ ჯერზე ახალ შესაძლებლობებსაც სთავაზობს. ასე იყო და ასე იქნება კორონომიკური კრიზისის შემდგომაც. მთავარია, თითოეული მსგავსი სიტუაცია სწორი შინაარსით იყოს აღქმული, შემუშავდეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და მივყვეთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მონახაზს.

კორონომიკა - ეკონომიკური პოლიტიკის ხელახალი გააზრების აუცილებლობა

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით

დაფინანსებული პროექტის [PHDF-18-1930] ფარგლებში.

გიორგი ბენაშვილი

დოქტორანტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 giorgi.benashvili@tsu.ge  

COVID-19, ანუ ახალი კორონავირუსი, რომელმაც მისი გავრცელებიდან სამი თვის შემდეგ    მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  200 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გახდა გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ახლებური გააზრების საფუძველი.

იმ პირობებში, რომ ვირუსის ფართო გავრცელებისა და მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ფონზე,  პანდემიის საწყის თვეებში ჯერ კიდევ არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის დადასტურებული კლინიკური მეთოდები, სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ და რეკომენდებულ საშუალებად რჩება. ეს უკანასკნელი კი, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ეკონომიკისთვის.

კორონომიკური კრიზისი, პირველ რიგში, იმ განვითარებადი ქვეყნების დღის წესრიგში ჩნდება, სადაც ეკონომიკა რეალური სექტორის ნაკლებობას განიცდის, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოს დაბალანსება კი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვით, ემიგრანტთა ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ხდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მაგალითი.

კორონომიკური კრიზისი გამოწვევათა ფართო სპექტრს ქმნის, რომელიც ეკონომიკაში „ცეცხლის ჩაქრობის“ შემდეგ, დღის წესრიგში ეკონომიკური პოლიტიკის და ზოგადად გეოეკონომიკის ახლებურად გააზრების საკითხს აყენებს.

პოსტპანდემიურ პერიოდში, აღნიშნული მოვლენები სიღრმისეულ კვლევას და შესწავლას საჭიროებს. ნაშრომის მთავარი მიზანი ლოკალური და საერთაშორისო ეკონომიკის ზოგიერთი საკითხის გაანალიზების მცდელობაა, რომელიც არსებული ემპირიულ მონაცემების საფუძველზე იქნება წარმოდგენილი. 

შესავალი

მსოფლიო განვითარების ისტორიისთვის, ეკონომიკური და ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებასთან ერთად, სისტემური კატაკლიზმები არახალია. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში კრიზისები ყოველთვის იქმნებოდა. თუმცა, გლობალიზაციისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდასთან ერთად, თანამედროვე კრიზისები, საკუთარი მასშტაბიდან გამომდინარე, უფრო დიდ ეფექტს იძენს.

 თითოეული კრიზისი ეკონომიკურ აგენტებს, მიუხედავად მათი ზომისა, რეალობის ახლებურად გააზრებისკენ უბიძგებს. ამ დროს სახელმწიფოს, როგორც ყველაზე მსხვილი ეკონომიკური აგენტი სროლი იზრდება, რომელიც  „უხილავი ხელის“ ხილულად გადაქცევის მცდელობით, ახალი ქცევის ჩამოყალალიბებას უწყობს ხელს. მოგვიანებით კი ეს ქცევა უკვე ეკონომიკურ პოლიტიკად იქცევა, რომელსაც ეკონომიკის სხვა ელემენტებიც მოცემულობად იღებენ. ასე იყო XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში პრეზიდენტმა რუზველტმა მანამდე არსებული laissez faire (ჩაურევლობის) პოლიტიკა უარყო და ამერიკას პოსტკრიზისულ პერიოდში new deal (ახალი კურსი) შესთავაზა, რასაც მოგვიანებით ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდის ახალი ეკონომიკური დოქტრინების ჩამოყალიბება მოჰყვა, რომლებიც ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდას ემხრობოდნენ. იმდროინდელ კაპიტალისტურ ამერიკაში ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ შეხედულებების ამგვარი ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან თეორიულ  გადატრიალებას წარმოადგენდა.

დიდი დეპრესიის შემდეგ მომხდარმა ყველაზე მსხვილმა ფინანსურმა კრიზისმა კი, რომელიც 2008 წელს კვლავ აშშ-ში ჩამოყალიბდა და მალევე გლობალური მასშტაბის რეცესია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, იმ დროისთვის არსებული ფინანსური სისტემა სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.  ასე  მოხდა საქართველოშიც, სადაც ფინანსური კრიზისისა და რუსეთთან ომის შედეგად, მკვეთრად, 3.9%-ით შემცირდა მთლიანი სამამულო პროდუქტის (GDP) (პაპავა, სილაგაძე, 2019) მოცულობა. მაშინ ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის განვითარება, რომელიც საზედამხედველო ფუნქციის გამკაცრებას და კრიზისებისადმი ფინანსური სისტემის მედეგობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ფინანსური და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად ამაღლდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების როლი.

ბოლო ასწლეულში გამოვლილი მსოფლიოს ორი უმსხვილესი და კიდევ არაერთი შედარებით მცირე მასშტაბის რეგიონული და ლოკალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ამგვარი მოვლენების შესახებ საკმაოდ ჭარბი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, რაც პირველ რიგში,  ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ სამეცნიერო კვლევებშია გადმოცემული. არსებული ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და ეკონომისტებს მომავალში შესაძლო კრიზისებისგან თავის არიდებისთვის და პოლიტიკის განსაზღვრისთვის უნდა გამოეყენებინათ.

კორონომიკულ კრიზისს, რომლის აქტუალურობაც COVID-19 ვირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე დადგა დღის წესრიგში, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, განსხვავებული ანატომია ახასიათებს.  წინა კრიზისებისგან, რომელთაც ნათლად ჩამოყალიბებული ფინანსურ-ეკონომიკური საფუძველი ჰქონდათ, მიმდინარე კრიზისი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ამჯერად, კრიზისის მიზეზი არა ფინანსური, ეკონომიკური ან პოლიტიკური საფუძველია, არამედ მიზეზი მედიცინაში დევს. არსებული მდგომარეობა ეკონომიკას მედიცინის მძევლად აქცევს (პაპავა, 2020),  რაც აქამდე არსებული მოვლენებისგან მკვეთრად განსხვავებული ფენომენია.

გასული ათწლეულისა და საუკუნის ეკონომიკური კრიზისებისგან განსხვავებით, კორონომიკური კრიზისი  ეკონომიკის არაერთ სექტორს ეხება. ის დღის წესრიგში საერთაშორისო ვაჭრობის, ეკონომიკის სტრუქტურისა და წარმოების ჯაჭვის შესახებ აქამდე არსებულ პოლიტიკას ხელახალი გააზრების აუცილებლობის წინაშე აყენებს. ეს კი სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს, რომლის მცდელობაც წინამდებარე სტატიაა. 

სახელმწიფო ჯანდაცვის ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკისა და დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის პარალელურად, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების შესახებ დისკუსიები დიდი აქტუალურობით სარგებლობს. აქამდე განსხვავებული მოსაზრებები სახელმწიფო ჯანდაცვის სქემის შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში, შიგა პოლიტიკური პოზიციონირების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო.

თუკი კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებამდე ჯანდაცვის დაფინანსებისას დისკურსი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენდა, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვლება, რადგან კორონა კრიზისმა აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემის მედეგობა და მსხვილი წარმადობა არამხოლოდ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია, არამედ ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ჯანდაცვის დანახარჯები, GDP %

დიაგრამა 1

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით 26.04.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყნების მიერ  ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაში დახარჯული თანხები არაპროპორციულია. (იხ.დიაგრამა 1) სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში.  მსოფლიო ბანკის მონაცემებით განვითარებადი ქვეყნები ჯანდაცვაზე საშუალოდ GDP-ის მხოლოდ 4,3%–ს ხარჯავენ, (World Bank, 2019) რაც 2-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს საერთო საშუალო მაჩვენებელზე. ამგვარი დისბალანსი მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასა და მთლიანად ეკონომიკას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს.

ამასთან, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება ბოლო წლებია, თითქმის არ იზრდება. შედარებისთვის, თუ 2000-2010 წლებში ჯანდაცვის დაფინანსებისთვის ქვეყნების წლიური ხარჯი საშუალოდ GDP-ის 8,6%-დან 9,5%-მდე გაიზარდა, 2010-2017 წლებში აღნიშნული ზრდა მხოლოდ 0,1%–ს შეადგენდა. მდგომარეობა უფრო სავალალოა განვითარებად ქვეყნებში, სადაც 2010 წლის შემდეგ ჯანდაცვის სისტემის წლიური ხარჯი არ გაზრდილა და საშუალოდ GDP-ის მხოლოდ 4,3%–ს შეადგენს. (World Bank).

ვირუსის გავრცელებამ ცხადყო, რომ მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ მზად არ არის, რომ მსგავსი მასშტაბის გამოწვევებს გაუმკლავდეს. ეს კი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც მოქალაქეთა სიცოცხლისთვის, ისე ეკონომიკის სტაბილურობისთვის. კორონომიკური კრიზისის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების წლიური ზრდის დინამიკა. სფეროს დაფინანსების ზრდა კი, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო ინდუსტრიის, როგორც ეკონომიკის სექტორის მეტ განვითარებას.

სატრანსპორტო და ტურისტული ინდუსტრია

ტრანსპორტი და ტურიზმი ეკონომიკის ის სფეროებია, რომლებიც კორონავირუსის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემთა მიხედვით, ბოლო წლებია სამოქალაქო ავიაციის დატვირთვა ყოველწლიურად იზრდება. 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 4,2%-ით გაიზარდა,  2020 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში აღნიშნული ზრდა 4,1%–ს შეადგენდა. 2011 წლიდან 2019 წლამდე ავიაინდუსტრიის წმინდა მოგება 3,5-ჯერ გაიზარდა და $29,3 მლრდ–ს შეადგენს. (IATA).

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების კონტექსტში, ქვეყნებმა, პირველ რიგში, საერთაშორისო გადაადგილება აკრძალეს. ამან კი საავიაციო სექტორი ჯერ კიდევ თებერვლის პირველ ნახევარში დააზარალა. ჩინეთსა და ჰონგ-კონგთან საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტას, რომელმაც მოკლევადიან პერიოდშივე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებს ასობით მლნ დოლარის შემოსავალი დააკარგვინა, 14 მარტიდან ევროპის ქვეყნებიდან აშშ-ს მიმართულებით ფრენების შეზღუდვა მოჰყვა, ხოლო მარტის მეორე ნახევრიდან კი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მთლიანად შეიზღუდა რეგულარული ავიამიმოსვლა.

მართალია, ეპიდემიის პირობებში ქვეყნებმა არ შეაჩერეს სატვირთო და ჩარტერული რეისები, თუმცა, რეგულარული ავიარეისების გაუქმებით მსხვილ ავიაკომპანიებს დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. ფრენების შეზღუდვიდან მყისიერად, მკვეთრად შემცირდა საფონდო ბირჟებზე წამყვანი ავიაკომპანიების აქციათა ღირებულება. ავიაკომპანიები პოსტკრიზისულ პერიოდში მოთხოვნის მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებენ, რაც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ავიარეისების შემცირებას და ფასების ზრდას გამოიწვევს.

რეგულარული ავიამომისვლის შემცირება აუცილებლად მოახდენს გავლენას ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე. ტურიზმის სექტორი ბოლო წლებში მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2018 წელს ტურისტული სექტორის კონტრიბუცია მსოფლიოს ჯამურ GDP-ში $8,8 ტრლნ–ს შეადგენდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლისათვის ტურიზმის კონტრიბუცია მსოფლიო GDP-ის $8,9 ტრლნ–მდე გაიზარდა, ხოლო მისი წილი კი 10,3%–ს შეადგენდა. ამავე პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით სექტორის მიერ 330 მლნ სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, მიმდინარე წლისათვის ტურიზმის სექტორში $948 მლრდ–ის მოცულობის კაპიტალური ინვესტიცია განხორციელდა.

ტურიზმის სექტორის მოცულობა სხვადასხვა ქვეყანაში, $მლრდ (2019 წელი)

დიაგრამა 2

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (26.04.2020) 

2019 წლის მონაცემებით, ტურისტული სექტორისგან ქვეყნის GDP-ში ყველაზე დიდი კონტრიბუცია აშშ-მ ($580,7 მლრდ) და ჩინეთმა ($403,5 მლრდ) მიიღეს (WTTC). ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ათეულში ოთხი ქვეყანა ევროკავშირის წევრია - გერმანია ($143,4 მლრდ), საფრანგეთი ($112 მლრდ), იტალია ($119,7 მლრდ) და ესპანეთი ($82,3 მლრდ). კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური აფეთქების შემდეგ, რომელმაც მთავარ ტურისტულ ქვეყნებს მძიმე დარტყმა მიაყენა, მოსალოდნელია რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ამ ქვეყნებში 2020 წლის მეორე და მესამე კვარტლებში  მნიშვნელოვნად შემცირდება.

ტურისტულ სექტორის წილი ეკონომიკაში განსაკუთრებით მაღალია ნაკლებად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია სამუშაო ადგილების დიდ ნაწილს ქმნის და სახელმწიფოს მიმდინარე ანგარიშების ფორმირებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. მაგალითისთვის, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) სტატისტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2019 წლისათვის ტურიზმის სექტორის პირდაპირი და არაპირდაპირი წილი ბრაზილიის GDP-ს ფორმირებაში 8,1%–ს შეადგენდა. ინდოეთისთვის კი იგივე მაჩვენებლი 2018 წელს 9,2% შეადგენდა, ხოლო ინდუსტრიის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების მაჩვენებელი 42 მლნ–ს აჭარბებდა. კარიბის ზღვაში მდებარე დომენიკის რესპუბლიკისთვის კი ტურიზმის სექტორი GDP-ს 11,6%–ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა $3,22 მლრდ შეადგინა (ზრდა +19,1%), ქვეყნის GDP-ში მისი წილი კი, 6,8%-დან 7,6%-მდე გაიზარდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს ანგარიშის მიხედვით, ვირუსმა ტურისტული ინდუსტრიის ზრდის მაჩვენებლებზე საკუთარი გავლენა ეპიდემიის საწყის პერიოდშივე იქონია. ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანამად, ჯერ კიდევ თებერვალში, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19 გლობალურ პანდემიად გამოცხადდებოდა და ავიამიმოსვლა მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა, მსოფლიო ტურიზმი 4,7%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო კვარტალში კი 16,4%-იანი შემცირება იყო ნავარაუდები  (WTTC).

მსოფლიო ტურიზმის დინამიკა 2020 წლის I კვარტალი (%)

ცხრილი 1

 

წყარო: მოგზაურობისა და ტურიზმის ეროვნული საბჭო wttc.org/Research/Economic-Impact

ვირუსთან ბრძოლის მოტივით, მიმდინარე წლის მარტის თვიდან, მრავალმა ქვეყანამ კრიტიკული ზომები მიიღო, რაც პირველ რიგში, სოციალური დისტანციისა და საერთაშორისო ვიზიტორების მობილურობის შეზღუდვას ითვალისწინებს. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ტურისტული სექტორს შემოსავლების შემცირების ნეგატიური სტატისტიკა 2020 წლის მეორე კვარტლისთვის უფრო გაიზრდება, რაც ინდუსტრიის მომავალსა და იქ დასაქმებული ადამიანების მდგომარეობაზეც აისახება (ცხრილი 1).

 პოსტპანდემიურ პერიოდში მოსალოდნელია, რომ მრავალ ქვეყანაში ტურიზმზე ორიენტირებული ეკონომიკის პოლიტიკა მნიშვნელოვნად გადაიხედოს. კორონომიკულმა პროცესებმა ნათლად აჩვენეს, რომ ტურისტული ინდუსტრია მსგავსი კრიზისების მიმართ საკმაოდ არამდგრადია, ხოლო ქვეყნის მიერ ამ სექტორზე ორიენტირება და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მასზე მორგება შესაძლოა დამღუპველი იყოს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური განვითარებადი ქვეყნებისთვის გახდება, სადაც ტურიზმის სექტორი მზარდი დინამიკით ხასიათდება და ეროვნულ GDP-ში ყოველწლიურად უფრო დიდ წილს იკავებს. ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენებს ეკონომიკის რეალური სექტორის „გამოცოცხლების“ საკითხს, რაც გრძელვადიან პერიოდში ასეთი ქვეყნების სტაბილურობას უფრო უზრუნველყოფს.

საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის ტენდენციები პოსტკონორომიკურ ეპოქაში 

COVID-19 ვირუსის პანდემიამ, ჯანდაცვისა და ეროვნული ეკონომიკის გარდა, დღის წესრიგში საერთაშორისო ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებიც დააყენა. ვირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ტოტალური კარანტინი გამოცხადდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა სხვადასხვა პროვინციაში მდებარე იმ მსხვილი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც პროდუქციითა თუ ნედლეულით აშშ-ს და სხვა ქვეყნების ეკონომიკას უზრუნველყოფდნენ.

გაეროს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის მდგომარეობით, მსოფლიო საწარმოო გამოშვების უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის (იხ.დიაგრამა 3). იაფი მუშახელისა და მაღალი საწარმოო სიმძლავრეების არსებობის გამო, ბოლო ათწლეულია ჩინეთი მსოფლიო წარმოების ჰაბად ჩამოყალიბდა. ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის ზრდამ მის მიმართ მრავალი ქვეყნის ვაჭრობის დეფიციტის ჩამოყალიბება გამოიწვია, რასაც გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა პეკინის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მსოფლიოს მასშტაბით ზრდა მოჰყვეს (Benashvili, 2020).

ჩინეთის იაფი სამუშაო ძალისა და მოქნილი წარმოების პროცესის ხარჯზე  მრავალი ქვეყნის წარმოება არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც ისინი ჩინეთზე დამოკიდებული გახადა.  

მსოფლიო საწარმოო სიმძლავრეები 2018 წ. %

დიაგრამა 3

 

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ გაეროს სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (26.04.2020)

პანდემიამ ეს კიდევ უფრო ცხადი გახადა, როცა ვირუსის გავრცელების პერიოდში არაერთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა კრიტიკულად აუცილებელი სამედიცინო პროდუქციის წარმოების უნარსაც კი მოკლებული აღმოჩნდა.

ეკონომიკური ფაქტორის გარდა, კორონომიკამ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებიც წამოწია წინა პლანზე,  რაზეც, პირველ რიგში, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მიერ წამოწყებულ ანტიჩინური რიტორიკაც მიუთითებს. „ჩინური ვირუსის“ მიზეზით გამოწვეული პანდემიის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდში დაწყებული ტენდენციები საერთაშორისო ეკონომიკაზე ასახვას პოსტკორონომიკულ ეპოქაშიც ჰპოვებს, რასაც, პირველ რიგში, ჩინეთისადმი დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულების შეცვლა მოყვება.

ჩინეთთან ვაჭრობის პოლიტიკის დილემა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში ბოლო წლებია ისედაც მწვავედ დგას.  ამ მხრივ აღსანიშნავია აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთიდან დაწყებული მსოფლიო პანდემიის ფონზე, არაერთი ქვეყანა უკვე აანონსებს ჩინეთში არსებული საკუთარი წარმოების მობილობას. ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იაპონიამ გადადგა, რომელმაც ჩინეთიდან მანუფაქტურული წარმოების გამოტანის ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი კომპანიების სტიმულირებისთვის $2 მილიარდიან ფონდი შექმნა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთთან თანამშრომლობა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ეს მის დაწყებამდე იყო. ამასთან, დასავლეთის ქვეყნები ჩინეთს ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის დამალვაშიც ადანაშაულებენ, რაც პოლიტიკური ლიდერების მწვავე განცხადებებითაც დასტურდება. რამდენად გახდება COVID-19 ვირუსი მსოფლიოში ახალი „ცივი ომის“ დაწყების მიზეზი, ეს ვირუსის დამარცხების შემდეგ გამოჩნდება.

დასავლეთის სახელმწიფოებსა და პეკინს შორის კონფრონტაციის გაგრძელებისა  და ინდუსტრიული სექტორის ჩინეთიდან გამოსვლის შემთხვევაში, ახალი შესაძლებლობა უჩნდებათ განვითარებად ქვეყნებს, რომ აღნიშნულ ფირმებს ალტერნატიული წარმოების ბაზრები შესთავაზონ. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიო საწარმოო ჯაჭვს და შესაძლოა, საერთაშორისო ეკონომიკაში ძალთა ბალანსის ცვლილების საფუძველიც გახდეს.   

ლიტერატურა: