English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ნათია ტეტუნაშვილიბიძინა ჯავშანაშვილი
მნიშვნელოვანი ცვლილება ეროვნულ კანონმდებლობაში - ახალი საბაჟო კოდექსი

სტატიაში განხილულია საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი და მისი მნიშვნელოვანი სიახლეები, რაც ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებისა და ჰარმონიზაციის საშუალებას იძლევიან. ასევე ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის საკანონმდებლო ისტორიაზე  საბაჟო კოდექსის არსებობასთან დაკავშირებით, ახალი საბაჟო კოდექსის განსხვავებაზე არსებულთან  მიმართებით.

სტატია ასევე მიმოიხილავს ახალი საბაჟო კოდექსის შინაარსის სტრუქტურას და მის საფუძველს - ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული შეთანხმების შესაბამის ნაწილს.

საკვანძო სიტყვები: საბაჟო კოდექსი, საბაჟო პროცედურა, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

საქართველო დიდი ხანია ესწრაფვის ევროკავშირთან ინტეგრაციას. ამისათვის ქვეყანა ყველა ღონეს ხმარობს და გარკვეული ვალდებულებების შესრულებაც უწევს. მიზნისაკენ სწრაფვის პროცესში მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განესაზღვრა ვადა კონკრეტული ვადლებულებებისა და დირექტივების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და მაქსიმალურად მიახლოების მიზნით, საჭირო გახდა ეროვნულ კანონმდებლობაში  შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება ქვეყნის საგადასახადო, საბაჟო კანონმდებლობა, ვინაიდან ის განაპირობებს ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის სპეციფიკას, ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებს და მის გამოყენებას ქვეყნისათვის სარგებლის მომტანი მიმართულებით. საბაჟო კოდექსი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ანგარიშით განაპირობებს ბიზნესის განვითარების ტემპებს.

საქართველოში პირველი საბაჟო კოდექსი შეიქმნა და ამოქმედდა 1997 წელს. საბაჟო კოდექსის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მასში ყოველწლიურად ხორციელდებოდა ცვლილებები, თუმცა საბოლოოდ აღნიშნულ დოკუმენტში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა მისი შეცვლის აუცილებლობა. 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენდა: საბაჟო პროცედურების გამარტივება; იმ საკითხების დეტალური განსაზღვრა, რომლებიც ძველი კანონმდებლობით არ იყო ბოლომდე დარეგულირებული ან ექვემდებარებოდა ორმაგ ინტერპრეტაციას; ჰარმონიზაცია ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან, თუმცა აღნიშნული საბაჟო კოდექსი გაუქმდა 2011 წლის 1 იანვრიდან და საბაჟო საკითხების რეგულირება გადაეცა საგადასახადო კოდექსს. რასაკვირველია, შესაბამისად შეიცვალა ტერმინებიც - „საბაჟო“ მაქსიმალურად ჩაანაცვლა სიტყვა „საგადასახადომ“. ამის შესაბამისად, კანონმდებლობაში „საბაჟო ორგანო“ შეიცვალა „საგადასახადო ორგანოთი“. ამის შემდეგ საგადასახადო კოდექსის ნაწილი ეთმობოდა და არეგულირებდა საბაჟო საკითხებს, თუმცა მოცემულ ეტაპზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების გათვალისწინებით, საჭირო გახდა შექმნილიყო ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებდა ევროპულ პრაქტიკას. დაიწყო მუშაობა ამ ფრიად მნიშვნელოვან დოკუმენტზე, დაიგეგმა შეხვედრები ევროპული პრაქტიკის გასაზიარებლად, მომზადდა კანონპროექტი, ასევე მისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ივლისის ბოლოს მესამე მოსმენით  პარლამენტმა ერთხმად ახალი საბაჟო კოდექსი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.  ახალი საბაჟო კოდექსი ამოქმედდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

ახალი საბაჟო კოდექსის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც გაამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ გაფორმებული შეთანხმების XIII დანართის შესაბამისად საქართველომ აიღო ვალდებულება შეთანხმების ხემოწერიდან 4 წლის ვადაში მოახდინოს საბაჟო კანონმდებლობის მიახლოება „თანამეგობრობის საბაჟო კოდექსის დამტკიცების თაობაზე საბჭოს (ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა) 1992 წლის 12 ოქტომბრის N2913/92 რეგულაციასთან“ და „საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების სისტემის თაობაზე საბჭოს (ევროპის თანამეგობრობა) 2009 წლის 16 ნოემბრის N 1186/2009 რეგულაციასთან.

ახალი საბაჟო კოდექსით, უქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება.  აღარ იქნება საჭირო რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა. გამარტივდება საქონლის დროებით შენახვისა და  ასევე თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულება. 

ახალი საბაჟო კოდექსი წინ წამოწევს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს და ამ ავტორიზაციის მქონე პირთათვის ითვალისწინებს შესაბამის შეღავათებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით, ასევე ადგენს აეო-სათვის ავტორიზაციის კრიტერიუმებსა და პირობებს.

ახალი საბაჟო კოდექსით შესაძლებელია იმპორტის გადასახადის დაბრუნება ან ჩათვლა. იმპორტიორი სრულად დაიბრუნებს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილ იმპორტის გადასახადის თანხას, თუ ეს საქონელი იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში გავა ექსპორტზე. შესაბამისად, საქართველოში გადახდილი იმპორტის გადასახადი არ აისახება სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციო ფასში, რაც იმპორტიორს გაუადვილებს საზღვარგარეთ მის რეალიზაციას. კონკრეტულად, საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლი განიხილავს საქონლის გატანისას განსახორციელებელ ღონისძიებებს და ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან  საქონლის გასატანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთ ღონისძიებად განიხილება იმპორტის გადასახადის დაბრუნება ან ჩათვლა.

ახალი საბაჟო კოდექსი ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით: შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები. ახალი საბაჟო კოდექსი ადგენს საბაჟო დეკლარაციის ახალ სახეებს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსსა და მის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პირს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს გამარტივებული და დამატებითი საბაჟო დეკლარაციებით, რაც ხელს შეუწყობს საბაჟო გაფორმების პროცედურის განხორციელებას მოქნილად და ეფექტურად.

საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება მხედველობაში მიღებული მეწარმის ინტერესები. ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება. იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.

საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

ზოგადად, ახალი საბაჟო კოდექსი განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. ის შედგება 21 წიგნის, 33 თავისა და 214 მუხლისაგან. ამასთან, მე-10 წიგნის ამოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნი განსაზღვრავს საბაჟო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევებსა და პირობებს: საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას, ქორწინების შემთხვევაში საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას, მემკვიდრეობით მიღებული პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას, სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთისა და საყოფაცხოვრებო ნივთის შემოტანას, უმნიშვნელო ღირებულების სასაქონლო პარტიის შემოტანას, ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირისთვის გამოგზავნილი სასაქონლო პარტიის შემოტანას, უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქმიანობის გასაგრძელებლად საწარმოს გადმოტანისას მისი კუთვნილი ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანას, მგზავრის მიერ პირადი ბარგის შემოტანას, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულების მასალის, სამეცნიერო დანიშნულების ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანას, ლაბორატორიული კვლევისთვის განკუთვნილი ცხოველის შემოყვანას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დღეისათვის საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნში მოცემულ საკითხებს კვლავ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების ფონზე საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც როგორც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურით, ასევე საბაჟო კანონმდებლობითაც, სრულად პასუხობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის კვალდაკვალ, საჭიროება იქმნება ეტაპობრივად განხორციელდეს  შესაბამისი ცვლილებები როგორც საგადასახადო კოდექსში, ასევე შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. საბაჟო კოდექსის მიღებისთანავე ძალაში შევიდა ამ კოდექსით დადგენილი რეგულაციები, ასევე მისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესები და ინსტრუქციები, რაც საბაჟო კოდექსის განხილვის პარალელურად მომზადდა და ევროპელ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა. ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობასა და ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2019 წლის მე-4 კვარტალში ბიზნესის სფეროსათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ზოგადად ბიზნესის განვითარებას და ხელსაყრელი გარემოს ფორმირებას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ლიტერატურა:

  • საქართველოს საბაჟო კოდექსი;
  • საქართველოს საბაჟო კოდექსი 2006 წ.
  • http://parliament.ge/   (ბოლო ნახვა 15.07.2019)
  • https://matsne.gov.ge/  ( ბოლო ნახვა 15.07.2019)
  • http://forbes.ge/   (ბოლო ნახვა 15.07.2019)

References:

  • Saqartvelos sabajo kodeqsi  [The Customs Code of Georgia.]
  • Saqartvelos sabajo kodeqsi,  2006 [The Customs Code of Georgia, 2006]
  • http://parliament.ge/ (Last visit 15.07.2019)
  • https://matsne.gov.ge/  (Last visit15.07.2019)
  • http://forbes.ge/   (Last visit15. 07.2019)