English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ რამაზ ფუტკარაძე
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები

სტატიაში გაანალიზებულია საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების ზოგიერთი შედარებითი მაჩვენებელი. საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კვლევას ქართველი და უცხოელი მეცნიერ-ეკონომისტების არაერთი ნაშრომი მიეძღვნა, მაგრამ საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების კვლევას ნაკლები ყურადღება ეთმობა, საკითხი კი ფრიად აქტუალურია. კვლევაში გამოყენებულია  CAGE დისტანციის მეთოდი, რომელიც ქართულსამეცნიეროლიტერატურაშინაკლებადააშესწავლილი. გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 

საკვანძო სიტყვები:  ეკონომიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, საქართველო, CAGE დისტანციის მეთოდი.

მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული წარმატებულ საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ რეფორმებზე, და ასევე იმ უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე, რაც გლობალიზაციის პროცესებს თან ახლავს. მსოფლიო ეკონომიკაში ეროვნული ეკონომიკის წარმატებული ინტეგრაცია ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია. ასევე ეროვნული ეკონომიკისათვის  საჭიროა გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან ადგილობრივი ფინანსური სისტემის ინტეგრაცია. თავის მხრივ,  საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაახლოება დადებითად აისახება ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები

ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდზე მოცემულია ევროპის ქვეყნების შემდეგი კლასიფიკაცია: 1) ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი); 2) ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნები (ბოსნია და ჰერცოგოვინა და კოსოვო). პოტენციური კანდიდატებია ქვეყნები, რომლებსაც მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი;  3) სხვა ევროპული ქვეყნები (ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, ნორვეგია, რუსეთი, უკრაინა და ვატიკანი) (European Commission, 2019). მესამე ჯგუფში ძირითადად წარმოდგენილია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოები, ასევე ყოფილი საბჭოთა  ქვეყნები.

საქართველო 2014 წლიდან, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, იწყებს საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასა და მსოფლიო ფინანურ სისტემაში  ინტეგრაციის ახალი ეტაპს (ფუტკარაძე 2019). დღეისათვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია. აღსანიშნავია, რომ  5 წელი გავიდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან, ხოლო 10 წელი - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობიდან. 

ცნობილია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად არაერთმა ქვეყანამ მოახერხა ეკონომიკური განვითარების მიღწევა (Lane 2007). ევროკავშირში გაწევრიანებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალი წევრი ქვეყნების  სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ევროკავშირის პოზიციების კიდევ უფრო გაზრდას მსოფლიო ეკონომიკაში.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიდან (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მაკედონია, კოსოვო, სერბეთი და თურქეთი) თურქეთი წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. თურქეთი  საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მიხედვით და მე-5 საექსპორტო ქვეყანა (საქსტატი, 2019).

ბოლო პერიოდში  ევროკავშირსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის  მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებია. ასევე, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაა, რასაც ხელს უწყობს, ის, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ყველა გარდა თურქეთის ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (CEFTA) წევრია.  

CAGE დისტანციის მოდელი

სტატიაში განხილულია CAGE დისტანციის მეთოდის კომპონენტები, კულტურული, ადმინისტრაციული, გეოგრაფიული და ეკონომიკური, რითაც შესაძლებელია ვაჭრობისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის პერსპექტივების  შეფასება. ასევე, საქართველოს მთელი რიგი მაჩვენებლი შედარებულია  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან.

კვლევის ერთ-ერთი მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის განსხვავებების გამოვლენა CAGE დისტანციის მეთოდის საშუალებით, რომელიც შემოთავაზებული იქნა პროფესორ ფენქაჟ გემავათის  (Pankaj Ghemawat) Ghemawat 2001, 2014) მიერ,  და რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა შესწავლილი.

CAGE (კულტურული, ადმინისტრაციული, გეოგრაფიული და ეკონომიკური) დისტანიის მოდელი წარმოადგენს სათანადო ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნებს შორის კულტურულ, ადმინისტრაციულ, გეოგრაფიულ და ეკონომიკურ განსხვავებებს (Ghemawat 2001). თავის მხრივ აღნიშნული და სხვა ბარიერები  სხვადასხვა ზომით გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ (და არა მარტო) თანამაშრომლობის მასშტაბებსა და პერსპექტივებზე.

აღნიშნული მეთოდით შესწავლილი და შეფასებულია არაერთი ქვეყნის საგარეო ვაჭრობა და მათი ეკონომიკის ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში (მაგალითად Stober 2015,  Miloloža 2015). მეთოდი  გვეხმარება იმ  შედეგების შეფასებაში, რომლებიც ეკონომიკური ინტეგრაციისა და ვაჭრობის ბარიერებად გვევლინება. ამასთან, ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაძლევს. მეთოდი რაოდენობრივი ანალიზის განხორციელების საშუალებასაც იძლევა.

კულტურული დისტანცია - CAGE დისტანციის მეთოდის ერთ-ერთ  ამოსავალ წერტილს წარმოადგენს, რადგანაც კულტურას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციაში მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ,,კულტურა’’ უხილავია, ის განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ფასეულობებსა და ქცევებს. შესაბამისად, ის აისახება როგორც  განსხვავებები სოციალურ ნორმებში, ენასა და რელიგიურ მრწამსში ქვეყნებს შორის. ადამიანის განვითარებაზე გავლენას ახდენს მათი  კულტურა. ადამიანები გარემოს საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლიან. საჭიროა კულტურული განსხვავებების დაკვირვება ეროვნულ დონეზე. ამის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობაზე კულტურა ფორმირებადი ხასიათის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ცნობილია, რომ ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. ევროკავშირის დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”. ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს.

საუკუნეების მანძილზე თავისი მძიმე ხვედრი, ჩამორჩენილობა, საქართველოს არ აძლევდა შესაძლებლობას, შებრუნებულიყო ევროპისაკენ  (მსოფლიო ეკონომიკა 2008). ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა ღირებულებებმა, რაც გულისხმობს ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, საზოგადოების ყველა ინდივიდის თავისუფლებას, სამართლიანობასა და ოჯახისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას – საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა. ევროპული კავშირიც სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებსა და მორალზე დგას, რაც მას საშუალებას აძლევს, იყოს მრავალფეროვანი და თავისუფლების იდეაზე დაშენებული ერთობა. დეკლარირებულად, ევროკავშირი შემდეგ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა: ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატიული მმართველობა, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. თუ გადავხედავთ ჩვენივე კონსტიტუციას, ის პირდაპირ იმეორებს ზემოჩამოთვლილ ღირებულებებს. თუმცა, კონსტიტუციის გარეშეც, საქართველოსთვის ღირსებისა და თავისუფლების, ისევე როგორც დემოკრატიული მმართველობის დახვეწისა და თანასწორობის იდეა, ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი ნაწილი (საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, 2019).

ადმინისტრაციული დისტანცია ასახავს სავაჭრო პარტნიორებს შორის ისტორიულ და თანამედროვე სამართლებრივ მსგავსებებს. ადმინისტრაციული ფაქტორები მოიცავს ბიუროკრატიასა და პოლიტიკურ სტრუქტურას ქვეყანაში. პოლიტიკურ რისკს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ის გავლენას ახდენს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

ადმინისტრაციული დისტანცია აისახება სხვადასხვა სამთავრობო პოლიტიკასა და, ასევე, მთავრობის ეფექტურობაზე (Ghemawat, 2001). ბოლო პერიოდში ბევრი ქვეყანა ცდილობს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის გატარებას.  სწორედ წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალმა ვაჭრობამ შეუწყო ხელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარებას, სადაც მოქმედებს ოთხი თავისუფლება და გადაწყვეტილებები მიიღება ერთობლივად წევრი ქვეყნების მიერ.

ქვეყნებს შორის რეალური მანძილის გარდა, გეოგრაფიული დისტანცია გულისხმობს  ტოპოგრაფიულ მახასიათებლებს, ქვეყნის ზომას, ზოგიერთი დიდი ქალაქის საშუალო მანძილს ეროვნულ საზღვრამდე, გზების მდგომარეობასა. ის ასევე მოიცავს ტრანსპორტის და, ზოგადად, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. ამდენად, ის გავლენას ახდენს ტრანსპორტირების ხარჯზე და იწვევს ბარიერებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროში.

ცნობილია, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატებული განვითარებისათვის ერთ-ერთი წანამძღვარი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე, უფრო მეტიც, მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკური ინტეგრაციული გაერთიანებების წევრიქვეყნები მეზობელი ქვეყნებია ერთ კონტინენტზე.

გეოგრაფიული სეგმენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ვაჭრობისას. კერძოდ, ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება იმ ქვეყნებსა და კომპანიებს შორის, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს არიან. თუმცა, გლობალიზაციისა და სატრანსპორტო სისტემის განვითარების შედეგად აღნიშნული ფაქტორის გავლენა შემცირებულია.

ეკონომიკური დისტანცია ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს  ეხება. აღნიშნული გულისხმობს განსხვავებებს შემოსავლებში, სიმდიდრის განაწილებასა და მსყიდველობით უნარიანობაში. მნიშვნელოვანი ეკონომიკური განსხვავებები ქვეყნებს შორის აფერხებს წარმატებულ ეკონომიკურ ინტეგრაციას. ნაშრომში წარმოდგენილია მოცემული ქვეყნების მსპ (მთლიანი სამამულო პროდუქტი) (პაპავა, სილაგაძე 2018), და მსპ მოსახლების მოსახლეობის ერთ სულზე. ამრიგად, CAGE დისტანციის მეთოდის გამოყენებით შესაძლოა შევაფასოთ ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები. 

მეთოდოლოგია. CAGE დისტანიის მოდელი მრავალგანზომილებიანი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება ორმხრივი ვაჭრობის შესაფასებლად, რათა გამოვლინდეს საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი განსხვავებები და მსგავსებები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს წარმოადგენენ ქვეყნები, რომლებსაც ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

მოცემული კვლევის საფუძველია CAGE მოდელი, რომელიც წარმოადგენს ოფიციალურ ონლაინ ინსტრუმენტს ორ ქვეყანას შორის შედარებების გასაუმჯობესებლად CAGE დისტანიის მოდელზე დაყრდნობით. ის მოიცავს 18 სხვადასხვა სახის კულტურულ, ადმინისტრაციულ, გეოგრაფიულ და ეკონომიკურ (CAGE) მდგენელებს და მათ გავლენას საერთაშორისო საქმიანობის სხვადასხვა ტიპზე, ასევე -  ეკონომიკურ მონაცემებს 164 ქვეყნის შესახებ.  ნაშრომში ძირითადად გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამხახურისა და  მსოფლიო ბანკის სტატისტიკური წყაროები.

ქვეყნებს შორის კულტურული დისტანციის გაზომვა ორი ინდიკატორით განხორციელდა: ჰუმანური განვითარების ინდექსი და კანონის უზენაესობის ინდექსი. ცნობილია, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს მისი განვითარების ინდიკატორს და მოიცავს განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მშპ მოსახლეობის ერთ სულზე. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებადაა მიჩნეული. რომლის მთავარი დანიშნულებაა, განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე.

ცნობილია, რომ მსოფლიო სამართლის პროექტის ჯგუფი (World Justice Project) აქვეყნებს კანონის უზენაესობის ინდექსს. კვლევის მიზანია დადგინდეს რამდენად ამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა კორუფციას და სიღარიბეს, ასევე რამდენად ზრდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.  კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში ლიდერობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები (World Justice Project,  2019).

ადმინისტრაციულ განსხვავებებზე დაკვირვება განხორციელდა ქვეყანაში კორუფციის დონის მიხედვით, რომელიც კორუფციის აღქმის ინდექსით იზომება. ეს მაჩვენებელი ადგენს ქვეყნების რეიტინგს იმის მიხედვით თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება ქვეყნის საჯარო სექტორი. ეს კომბინირებული ინდექსია და დგება ექსპერტებისგან და სხვადასხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული  კვლევებით მიღებული კორუფციასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე. (საერთაშორისო გამჭვირვალობა, 2018).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების საზომია, რაც ძირითადად ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს. ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ინვესტიციების შემდგომი მოზიდვის კუთხით. თავის მხრივ ეკონომიკური თავისსუფლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს (Heritage Foundation , 2019).

ეკონომიკური დისტანცია უკავშირდება შემოსავალს, სიმდიდრის განაწილებას და შეფარდებით მყიდველობით უნარიანობას. მომხმარებლის შემოსავალი წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მახასიათებელი, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას განსხვავება ქვეყნებს შორის. უფრო მეტიც, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნეს თანამშრომლობისა და ვაჭრობის გარკვეული დონის მიღწევის შესაძლებლობაზე. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის უახლესი ოფიციალური მონაცემები იქნა გამოყენებული. სტატისტიკური მონაცემები 2018 წელს საქართველოს შესახებ მიღებულია საქსტატიდან (geostat.ge, 2019).

კულტურული  და ადმინისტრაციული  დისტანცია საქართველოსა და  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის

 კულტურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე. თავის მხრივ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები  მონაწილეობენ  საქართველოს საგარეო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ამას ხელს უწყობს ტერიტორიული სიახლოვე. საქართველოს შედარებით მსგავსი კულტურა აკავშირებს ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან. ლინგვისტური განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან დიდია. რაც შეეხება რელიგიას, აღნიშნულ ქვეყნებში ქრისტიანობა და ისლამი წამყვან რელიგიებს წარმოადგენს. ცხრილ 1 წარმოადგენილია CAGE მეთოდით შეფასებული კულტურული ინდიკატორები.

კულტურული დისტანცია CAGE-ის ინდიკატორების მიხედვით, ცხრილი 1

ქვეყანა

ენა

რელიგია (მოსახლეობის %)

 

საქართველო

ქართული

მართლმადიდებელი (83,4%); მუსულმანი (10,7%)

ალბანეთი

ალბანური

მუსულმანი (70); ქრისტიანი (30)

მაკედონია

მაკედონიური

ქრისტიანი (65%); მუსულმანი (33%); სხვა (2%)

მონტენეგრო

მონტენეგრული

ქრისტიანი (78%); მუსულმანი (18%)

სერბეთი

სერბული

ქრისტიანი (92%); მუსულმანი (3%)

თურქეთი

თურქული

მუსულმანი (98%); ქრისტიანი (2%)

ბოსნია და ჰერცოგოვინა

ბოსნიური, ხორვატიული, სერბული

ქრისტიანი (46%); მუსულმანი (40%)

კოსოვო

ალბანური, სერბული

მუსულმანი (96%); ქრისტიანი (4%)

წყარო: CAGE

მეორე ცხრილში წარმოდგენილია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისა და  საქართველოს ჰუმანური განვითარებისა და  კანონის უზენაესობის ინდექსები. ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით, 2018 წელს საქართველო 70-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის და მისი  მაჩვენებელია 0,78. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან  საქართველო უსწრებს ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბოსნია ჰერცოგოვინას (77-ე ადგილი). მართალია, კოსოვოს მონაცემები ცნობილი არაა, მაგრამ საქართველო სავარაუდოდ ასევე უსწრებს მას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან  საქართველოსთან ახლოსა სერბეთი (67-ე ადგილი).

კანონის უზენაესობის კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს. თურქეთში, სერბეთსა და  ალბანეთში კანონის უზენაესობის  მაჩვენებელი დაბალია. კანონის უზენაესობის გლობალურ ინდექსში ლიდერობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები.

საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ჰუმანური განვითარების და კანონის უზენაესობის ინდექსები,ცხრილი 2

ქვეყანა

 

ჰუმანური განვითარების ინდექსი (2018)

კანონის უზენაესობის ინდექსი (2019)

საქართველო

70 ადგილი (0,780)

0,61 (41 ადგილი)

ალბანეთი

68 (0,785)

0,51 (71)

მაკედონია

80 (0,757)

0,54 (56)

მონტენეგრო

50 (0,814)

-

სერბეთი

67 (0,787)

0,50 (78)

თურქეთი

64 (0,791)

0,42 (109)

ბოსნია და ჰერცოგოვინა

77 (0,768)

53 (60)

კოსოვო

-

-

წყარო: World Justice Project. Rule of Law Index 2019. Washington, 2019

UNDP. Human Development Indices and Indicators 2018 Statistical Update, 2018.

ადმინისტრაციული დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ორმხრივი და რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საფუძველია. აღნიშნული ქვეყნები ძირითადად გაერთიანებულია ორ საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციაში: პირველი, ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია (CEFTA) (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, კოსოვო, მაკედონია, სერბეთი) და მეორე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ალბანეთი, სერბეთი და თურქეთი).

საქართველოს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში წარმატებული ინტეგრაციისათვის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს (ფუტკარაძე 2010). აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმიანობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმართულებით. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს: ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. რაც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისად. საქართველოს ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან რაიმე სახის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა აქვს, რაც სავაჭრო თანამშრომლობის მასშტაბებს გაზრდიდა.

ადმინისტრაციული დისტანცია CAGE-ის ინდიკატორების მიხედვით, ცხრილი 3

ქვეყანა

ვაჭრობის ბლოკი

ვალუტა

საქართველო

BSEC

GEL ქართული ლარი

ალბანეთი

CEFTA; BSEC

ALL ალბანური ლეკი

მონტენეგრო

CEFTA

EUR ევრო

მაკედონია

CEFTA

MKD ჩრდილოეთ მაკედონიური დინარი

სერბეთი

CEFTA; BSEC

RSD სერბული დინარი

თურქეთი

BSEC

TRY თურქული ლირა

ბოსნია და ჰერცოგოვინა

CEFTA

BAM კონვერტირებადი მარკა

კოსოვო

CEFTA

EUR ევრო

      ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ეკონომიკურ ინტეგრაციის წარმატებას მნიშვნელოვნად აფერხებს და ხელს უშლის ქვეყენაში კორუფციის მასშტაბები. ის ზრდის ადმინისტრაციულ დისტანციას ქვეყნებს შორის. ქვეყნებს, რომლებსაც კორუმპირებული ინსტიტუციები და არასათანადო კორუფციის კონტროლი ახასიათებთ, ზოგადად, მსგავს ქვეყნებთან თანამშრომლობას ანიჭებენ უპირატესობას (Ghemawat, 2014).

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული სავაჭრო ურთიერთობებში, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებთან. საქართველო ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში  წარმატებით იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ.

საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შედარება კორუფციის აღქმისა და ეკონომიკის თავისუფლების ინდექსების მიხედვით მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს პოზიცია ერთ-ერთი საუკეთესოა და  უკეთესია ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნასთან შედარებით. 2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს 58 ქულა აქვს (რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს) და 41-44-ე ადგილებს იყოფს, ევროკავშირის ქვეყნებთან - ლატვია და ესპანეთი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან: ალბანეთი, კოსოვო, მაკედონია და ბოსნია და ჰერცოგოვინა.

ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები შევადარეთ ერთმანეთს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის  მე-8 პოზიციაზეა, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით,  მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. აღსანიშნავია, რომ მოცემული ქვეყნების „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა). 

ცნობილია, რომ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციას უწყობს ხელს. ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტების დიდი ნაწილი  ძირითადად თანხმდება იმაზე, რომ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეკონომიკური თავისუფლების დონით საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, ასე მაგალითად მონტენეგრო (92-ე), ბოსნია და ჰერცოგოვინა (83-ე), სერბეთი (69-ე) და თურეთი (68-ე ადგილი).

კორუფციის აღქმისა  და  ეკონომიკის თავისუფლების ინდექსები საქართველოსა და  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, ცხრილი 4

ქვეყანა

კორუფციის აღქმის ინდექსი (2018)

(ადგილი და ქულა)

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი (2018)

(ადგილი და ქულა)

საქართველო

41-44 (58)

16 ადგილი (75,9)

ალბანეთი

99 (36)

52 (66,5)

მაკედონია

94-98 (37)

33 (71,1)

მონტენეგრო

65-67 (45)

92 (60,5)

სერბეთი

87 (39)

69 (63,9)

თურქეთი

78 (41)

68 (64,6)

ბოსნია და

ჰერცოგოვინა

89 (38)

83 (61,9)

კოსოვო

94-98 (37)

51 (67)

 წყარო:შედგენილია ავტორის მიერ

ეკონომიკური  და გეოგრაფიული დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის

 საქართველო ესაზღვრება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანა თურქეთს, რაც აძლიერებს საერთაშორისო ვაჭრობას ამ ქვეყნებს შორის. ტერიტორიული სიახლოვე ქვეყნებს შორის ვაჭრობაში იწვევს დროისა და  ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას. თურქეთი უდიდესია ევროკავშირის კანდიდატ  ქვეყნებს შორის ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნობით  და ეკონომიკით.

ცნობილია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ნებისმიერ ორ ქვეყენას შორის ვაჭრობის მოცულობა ამ ორი ქვეყნის მსპ-ის პროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის უკუპროპორციულია (კრუგმანი 2018, Balassa 2013). აღნიშნული ქვეყნები გარდა თურქეთისა ტერიტორიითა და მოსახლეობის რიცხოვნობით, პატარა ქვეყნებია. თურქეთზე მოდის მოსახლეობის 83%-ზე, ფართობის 73%-ზე და მშპ-ის 86%-ზე მეტი. საქართველოზე კი მოდის მოსახლეობის 3,8%, ფართობის 6,6% და მშპ-ს 1,8%.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სავაჭრო და ეკონომიკური მაჩვენებლების შედარებით ანალიზს, (სილაგაძე 2019, პაპავა 2018, ღაღანიძე 2018). მსპ-ის მიხედვით  თუ ვიმსჯელებთ, თურქეთს ყველაზე მაღალი მსპ აქვს, ასევე თუ კრიტერიუმად მოსახლეობის ერთ სულზე მსპ-ის მაჩვენებელს ავიღებთ, პირველ ადგილს ისევ თურქეთი იკავებს. ზოგადად, მნიშვნელოვანი განსხვავება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობის ერთ სულზე მსპ-ის  ოდენობაში არაა. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების გეოგრაფიული და ეკონომიკური მაჩვენებლები, ცხრილი 5

წყარო: მსოფლიო ბანკი (2018); European Union, Eurostat (2019.

საქართველოს მსპ-მა 2018 წელს 16209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ის მაღალია კოსოვოსა და ალბანეთთან შედარებით. რაც შეეხება მსპ-ის მოცულობას მოსახლეობის ერთ სულზე, საქართველო მცირედით  უსწრებს მხოლოდ კოსოვოს.  მოსახლეობის რიცხოვნობით საქართველოსთან ახლოსაა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან,  ხოლო ფართობით - სერბეთთან. ორივე ქვეყნის მსპ და მსპ მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოზე მაღალია. ხოლო სერბეთის მსპ 3,1-ჯერ მაღალია საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ფიქსირდება. 2018 წელს, რეიტინგში საქართველო 66-ე პოზიციაზე იმყოფებოდა 140 ქვეყანას შორის და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა  60,9-ს. საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ თურქეთს (61-ე ადგილი) და სერბეთს (65-ე ადგილი).  რაც შეეხება ბოსნია და ჰერცოგოვინას, ის 91-ე და  ჩრდილოეთ მაკედონია - კი 84 -ე პოზიციაზეა. ამრიგად, საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნების  ეკონომიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ვლინდება.

დასკვნები და რეკომენდაციები

თანამედროვე ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების რაოდენობა შეადგენს შვიდს. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და შემდგომი ინტეგრაცია ნაწილობრივ დამოკიდებულია ევროკავშირის კანდიდატი  ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრი ქვეყნების მიღება ასევე აისახება ევროპის სხვა ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ასე მაგალითად, ბულგარეთისა და რუმინეთის მიღებას შედეგად მოჰყვა საქართველოსთვის (და არამარტო) ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ხორვატიის გაწევრიანებას - აღმოსავლეთ პარტნიორობა, თავის მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობებია, რაც კიდევ უფრო გაღრმავდება.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის - თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობები კრიზისში შედის და თუ მისი გადაჭრა  ვერ  მოხერხდა, ის სავარაუდოდ, იმოქმედებს თურქეთისა და ევროკავშირის, ასევე თურქეთისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ურთიერთობებზე; ერთ-ერთი სცენარია - თუ თურქეთი დაშორდება ევროკავშირს, ეს თურქეთის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის ქვეყნებს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქეთი საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და თურქეთის ეკონომიკის პრობლემები აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ინტერესებშია თურქეთის ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და მისი ევროკავშირში გაწევრიანება,  რაც ნიშნავს რომ საქართველოს  ესაზღვრება ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხმელეთით.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც EFTA-ს წევრებია (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) მომავალში მიმართონ და მოითხოვონ ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ქვეყნები ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ჩართულობას ისწრაფვიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ევროკავშირის წევრები.

   დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ჩართული არიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან გაფორმებული აქვთ ასოცირების ხელშეკრულება. მოლდოვა ასევე არის ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (CEFTA)  წევრი.

საქართველოს აქვს პერსპექტივა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ან პოტენციური კანდიდატის სტატუსი. ამის მაგალითია დღეს არსებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებმაც სწორი საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური რეფორმების შედეგად მიაღწიეს აღნიშნულს. საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუ როგორ შეძლეს მათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში სავაჭრო შეთანხმებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ევროკავშირი წარმოადგენს პოლიტიკური ბარიერებისაგან თავისუფალ ერთიან  ბაზარს და მას აქვს სხვადასხვა სახის სავაჭრო შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან. საქართველოს აქვს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან. საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისათვის სასურველია დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ CEFTA -სა და მის  წევრი ქვეყნებთან.

ცნობილია, რომ CAGE დისტანციის ჩარჩო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართო მრავალგანზომილებიან ჩარჩოს საერთაშორისო ვაჭრობაზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მნიშვნელობის გასარკვევად (Ghemawat, 2014). კულტურული, ადმინისტრაციული, გეოგრაფიული და ეკონომიკური მსგავსებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  ვაჭრობასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე.

თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც განსხვავდება სხვა კანდიდატი ქვეყნებისაგან. თურქეთზე მოდის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობის 83%-ზე, ფართობის 73%-ზე და მსპ-ის 86%-ზე მეტი, რაც, თავის მხრივ, დიდი პერსპექტივაა ნებისმიერი ქვეყნისათვის. საქართველოს ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს თურქეთთან, თუმცა ასევე იკვეთება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები  ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყნებთანაც.

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებს შორის კულტურული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური  დისტანციის შეცვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ხოლო გეოგრაფიული დისტანციის შეცვლა შეუძლებელია.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა არსებული მსგავსებითა და განსხვავებით, საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას პერსპექტივა გააჩნია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც  კანდიდატი ქვეყნები გაერთიანდებიან ევროკავშირში. ფაქტობრივად, ყველა მათგანი პატარა (გარდა თურქეთისა) და ბუბებრივი რესურსებით ღარიბი ქვეყანაა, რომელთათვისაც მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, საჭიროა მათი შორის არსებული მსგავსებების გამოყენება, განსხვავებების გათვალისწინება და ეკონომიკური სარგებლის მიღება.

ამრიგად, საქართველოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების შედარებები გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ დასკვნა: საქართველოს შეუძლია მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ასევე საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის არაა. დაბოლოს, საქართველოს სწორი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი და ევროკავშირთან თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლა.

ლიტერატურა:

  • კრუგმანი პ,. ობსტფელდი მ., მელიტცი მ. (2018). საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა. მეათე გამოცემა. ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი, ა. სილაგაძე. თბილისი. თსუ გამომცემლობა. გვ. 753.
  • მსოფლიო ეკონომიკა. (2008). პროფ. გ. თოდუასა და შ. ვეშაპიძის საერთო რედაქციით. თბილისი.
  • გოგოხია რ. (2004). შერეული ეკონომიკური სისტემა, არსი, მოდელი, განვითარების ტენდენციები. თბილისი.
  • საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (2019). 10 მითი ევროკავშირის შესახებ. თბილისი.
  • პაპავა ვ., სილაგაძე ა. (2018) ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის – “Gross Domestic Product”-ის ქართული სახელწოდების შესახებ. ,,ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. 11, N1.
  • ფუტკარაძე რ. (2010). საქართველო–ევროკავშირის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები. თბილისი, ,,უნივერსალი’’.
  • Balassa B. (2013), The Theory of Economic Integration. Oxford, Routledge.
  • Chania M. Putkaradze R. (2018). The Priorities of Georgian Economic Development in Conditions of Globalization.  European Journal of Marketing and Economics.  v. 1, n. 1, p. 63-66, july.
  • European Commission. (2019).  EU Candidate Countries’ & Potential Candidates’ Economic Quarterly (CCEQ).   2nd Quarter 2019. Luxembourg: Publications Office of the European Union.
  • European Union, Eurostat (2019). Key figures on enlargement countries. Luxembourg: Publications Office of the European Union.
  • Gaganidze G. (2018). Foreign Trade of Georgia, Moldova and the Ukraine with the European Union after Signing the Association Agreement.   Ecoforum Journal, Volume 7, Issue 1(14).
  • Ghemawat P. (2001). Distance still matters: the hard reality of global extension. Harvard Business Review Press.
  • Ghemawat  P. (2011). “World 3.0”: Global Prosperity and How to Achieve It, Chapter 3: Borders, Differences, and The Law of Distance. Harvard Business Review Press.
  • Ghemawat P. (2013). Differences and the CAGE Distance Framework. Globalization Note Series. University of Navarra.
  • Lane D. (2007). Post-Communist States and the European Union. Journal of Communist Studies and Transition Politics. 23:4, p. 461-477.
  • Miloloža H. (2015). Differences between Croatia and EU Candidate Countries: the CAGE Distance Framework‏”. Business Systems Research, Vol. 6, No. 2, pp. 52-62.
  • Papava V. (2018). Assessment of Economic Growth in the Post-Communist Members of the European Union and the Eastern Partnership States. GFSIS Expert Opinion 101.
  • Putkaradze R.  (2015). Historical Aspects of Trade and Economic Relations between Georgia and the European Union. ZeszytyNaukowe UNIWERSYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: AdministracjaiZarządzanie. Scientific Journal,  Nr 107, 2015.
  • Putkaradze R. (2019). Georgia in the European Union's  Eastern Partnership Countries: Historical Aspects and Challenges. Ecoforum Journal. Volume 8, Issue 1(18).
  • Silagadze A. Zubiashvili T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS). pp. 441-448.
  • Silagadze A. (2018). Gini Index–Wealth Distribution in the Post-Soviet Countries.  BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. vol. 12, N.3.
  • Stober E. (2014). CAGE Analysis of China’s Trade Globalization. European Journal of Interdisciplinary Studies. Vol. 6. Issue .  2014. pp.39-53.

References:

  • Putkaradze R (2010). Saqartvelo-evrokavshiris savaсhro-ekonomikuri urtiertobebi: problemebi da perspeqtivebi. Tbilisi, “universali”.  [Trade and Economic Relations between Georgia and the European Union: Problems and Perspectives.] Tbilisi (In Georgian).
  • Msoflio ekonomika (2008). Prof. G. Toduasa da Sh. Veshapizis redaqciit. [The World Economy, Editors prof. C. Todua, prof. Sh. Veshapidze]. Tbilisi (In Georgian).
  • Gogokhia R. (2004). shereuli ekonomikuri sistema, arsi, modeli, ganvitarebis tendenciebi [Mixed Economic System, Essence, Model, Development Trends]. Tbilisi (In Georgia).
  • Sainformacio centri natosa da evrokavshiris shesaxeb (2019). 10 miti evrokavshiris shesaxeb.  [Information Center on NATO and the EU, 10 Myths about the EU]. Tbilisi (In Georgian).
  • Krugmani P. Ofsfelti M. Melitci M. (2018). Saertashoriso ekonomika: teoria da politika. [International Economics: Theory and Policy] Tbilisi (In Georgian).
  • Papava V., Silagadze A. (2019). erti sakvanzo ekonomikuri terminis “Gross Domestic Product”-is qartuli saxelcodebis shesaxeb. “ekonomika da biznesi”,  N1 [On the Georgian Version of One Key Economic Term “Gross Domestic Product”. “ ekonomika da biznesi”] (In Georgian).
  • Balassa B. (2013), The Theory of Economic Integration. Oxford, Routledge.
  • Chania M. Putkaradze R. (2018). The Priorities of Georgian Economic Development in Conditions of Globalization.  European Journal of Marketing and Economics.  v. 1, n. 1, p. 63-66, july.
  • European Commission. (2019).  EU Candidate Countries’ & Potential Candidates’ Economic Quarterly (CCEQ).   2nd Quarter 2019. Luxembourg: Publications Office of the European Union.
  • European Union, Eurostat (2019). Key figures on enlargement countries. Luxembourg: Publications Office of the European Union.
  • Gaganidze G. (2018). Foreign Trade of Georgia, Moldova and the Ukraine with the European Union after Signing the Association Agreement.   Ecoforum Journal, Volume 7, Issue 1(14).
  • Ghemawat P. (2001). Distance still matters: the hard reality of global extension. Harvard Business Review Press.
  • Ghemawat  P. (2011). “World 3.0”: Global Prosperity and How to Achieve It, Chapter 3: Borders, Differences, and The Law of Distance. Harvard Business Review Press.
  • Ghemawat P. (2013). Differences and the CAGE Distance Framework. Globalization Note Series. University of Navarra.
  • Lane D. (2007). Post-Communist States and the European Union. Journal of Communist Studies and Transition Politics. 23:4, p. 461-477.
  • Miloloža H. (2015). Differences between Croatia and EU Candidate Countries: the CAGE Distance Framework‏”. Business Systems Research, Vol. 6, No. 2, pp. 52-62.
  • Papava V. (2018). Assessment of Economic Growth in the Post-Communist Members of the European Union and the Eastern Partnership States. GFSIS Expert Opinion 101.
  • Putkaradze R.  (2015). Historical Aspects of Trade and Economic Relations between Georgia and the European Union. ZeszytyNaukowe UNIWERSYTETU PRZYRODNICZO-HUMANISTYCZNEGO w SIEDLCACH Seria: AdministracjaiZarządzanie. Scientific Journal,  N107, 2015.
  • Putkaradze R. (2019). Georgia in the European Union's Eastern Partnership Countries: Historical Aspects and Challenges. Ecoforum Journal. Volume 8, Issue 1(18).
  • Silagadze A. Zubiashvili T. (2015). Parameters of the European Union and the Post-Soviet Georgia’s Economy. Refereed International Journal of Business and Management Studies (IJBMS). pp. 441-448.
  • Silagadze A. (2018). Gini Index–Wealth Distribution in the Post-Soviet Countries.  BULLETIN OF THE GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES. vol. 12, N.3.
  • Stober E. (2014). CAGE Analysis of China’s Trade Globalization. European Journal of Interdisciplinary Studies. Vol. 6. Issue .  2014. pp.39-53.