English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ იზა ბუკია
სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი ბარიერების დაძლევისათვის საქართველოში

 საქართველოში მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გარკვეული ქმედებები ხორციელდება, რაც  გამოიხატება როგორც სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავებასა და მის შესრულებაში, ასევე საგადასახადო რეფორმებში.  მიუხედავად ამისა, მეწარმეები  სხვადასხვა პრობლემისა და ბარიერების წინაშე დგანან. აღნიშნულის გასარკვევად გამოკითხულ იქნა 120 მეწარმე.  კვლევა ეხებოდა მრავალ საკითხს, თუმცა, მოცემული ნაშრომის მიზანია სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი გარემოებებისა და მეწარმეთა წინაშე არსებული პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება; საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემის ხარვეზების დადგენა და ყველაზე დიდი წნეხის მქონე გადასახადის ტიპის გამოვლენა; ასევე, მეწარმეებისთვის სხვა, ანუ არასაგადასახადო კუთხით არსებული ბარიერების გამოვლენა.

საკვანძო სიტყვები: მეწარმეობა,  საგადასახადო სისტემა, გადასახადები,    საგადასახადო რეფორმები.

სამეწარმეო გარემოს განვითარება და მეწარმეების ხელშეწყობა მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რადგან სწორედ საგადასახადო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მართებულ მიდგომებზეა დამოკიდებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, ხოლო მეწარმეების მხრიდან კი - მათი საქმიანობის გაფართოება. ყოველივე ეს იწვევს ახალი დამატებული ღირებულების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ბუნებრივია, მოცემული გარემოს განვითარება და მისი ხელშეწყობა სახელმწიფოს ინტერესებში შედის და მისი დამოკიდებულება გამოხატულია იმ საგადასახადო პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო სისტემა და მასთან დაკავაშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, როგორც მეწარმეობის განვითარების, ასვე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საფუძველია.

საქართველოში განხორციელდა რიგი საგადასახადო რეფორმა (სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შემოღება; მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვა; საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაცია; ერთიანი სახაზინო კოდის დანერგვა; დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სერვისი), მეწარმეთა ხელშესაწყობად, მათი საქმიანობის გაფართოებისთვის და საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის გამარტივებისთვის. მიუხედავად ამისა, მეწარმეები კვლავ დგანან გარკვეული ბარიერებისა და პრობლემების წინაშე, რაც დაიდენტიფიცირდა წინამდებარე კვლევის საფუძველზე. საქართველოს მასშტაბით  გამოკითხულ იქნა სხვადასხვა სფეროში დასაქმებული 120 მეწარმე: სამართლებრივი ფორმები მოიცავდა ყველა სახეს.  საქმიანობის სახეების მიხედვით: მომსახურება (31%), ვაჭრობა (29%), წარმოება (14%), მშენებლობა (11%), ტურიზმი (7%), სოფლის მეურნეობა (6%), 1%-1%-ით  - ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი.

ქვეყანაში მოქმედი გადასახადის განაკვეთების სიდიდითა და დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიბერალური ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეწარმეების მხრიდან ყოველთვის არის სურვილი, რაც შეიძლება დაბალი საგადასახადო განაკვეთები მოქმედებდეს. რამდენადაც საქართველოს ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი შედგება სწორედ საგადასახადო შემოსულობებისგან, აუცილებელია ისეთი შუალედის დაცვა, რაც ერთი მხრივ, ნაკლებად დააწვება მეწარმეს საგადასახადო ტვირთად და, მეორე მხრივ, ბიუჯეტში არ შეიქმნება დეფიციტი გარკვეული შეღავათების დაწესების ან/და გადასახადის განაკვეთების შემცირების ხარჯზე. იმის გამოსავლენად, თუ რომელი გადასახადის განაკვეთი აწვება მათ დიდ ტვირთად, გამოკითხული მეწარმეების აზრით, მათი საქმიანობის ხელშეწყობის და დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით, საგადასახადო განაკვეთების შემცირება სასურველია თითქმის ყველა გადასახადზე (იხ. დიაგრამა 1).

მეწარმეების აზრით რომელი გადასახადის განაკვეთი უნდა შემცირდეს საქართველოში, რომელსაც დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ საქმიანობაზე, დიაგრამა 1

  

მეწარმეების უმრავლესობას (58%) სურვილი აქვს შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რომლითაც განისაზღვრა შენატანები საპენსიო ფონდში. დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების სურვილი გამოთქვა 25%-მა, შემდგომი პოზიციით ფიქსირდება აქციზის გადასახადის განაკვეთის შემცირება (7%). მეოთხე პოზიციაზეა მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირების მსურველი მეწარმეები (5%). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოგების გადასახადის განაკვეთი (15%) აქვს ევროპაში. მეხუთე პოზიციაზეა იმპორტის გადასახადი, რომლის განაკვეთის შემცირების სურვილი აქვთ მეწარმეების მხოლოდ 3%-ს. ხოლო, რაც შეეხება ბოლო პოზიციას, როგორც მოსალოდნელი იყო ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ქონების გადასახადი (2%), რადგან როგორც ცნობილია, მისი საგადასახადო განაკვეთების მაქსიმალური ზღვარი არ აღემატება ქონების ღირებულების 1%-ს. მეწარმეებისთვის ყველაზე დიდი წნეხის მქონე აღმოჩნდა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

მნიშვნელოვანია იმ პრობლემების და ბარიერების იდენტიფიცირება, რაც დგას მეწარმეების წინაშე. საინტერესოა შედარება, თუ რა პრობლემების წინაშე იდგნენ მეწარმეები 2016 წელს და რა მდგომარეობაა 2019 წლისათვის. შესაბამისი გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ერთმანეთს მოცემული პერიოდის პრობლემები, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ამ მხრივ, აღმოიფხვრა თუ არა რომელიმე პრობლემა მეწარმეებისთვის, ან ხომ არ დაემატა ახალი ბარიერი მათ საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოში 2016 წლის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორებად მიიჩნეოდა: უხარისხო პროდუქციისგან ბაზრის დაუცველობა; წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის არარსებობა ადგილობრივ ბაზარზე; საკრედიტო რესუსრების მოპოვების სირთულე; მაღალი საგადასახადო განაკვეთები; მაკონტროლებელი ორგანოების ზედმეტად ჩარევა ფირმის საქმიანობაში; ბიზნეს-ინტერესების დაუცველობა; მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ა.შ (ერქომაიშვილი, 2016).

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მეწარმეთა გამოკითხვის შედეგად, მეწარმეობის განვითარების ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად, რაც ხელს უშლის  მათი საქმიანობის განვითარებას. გამოიკვეთა თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანი და პრობლემური ოთხი ძირითადი საკითხი მცირე მეწარმეებისთვის, რომელთა გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის (იხ.დიაგრამა 2):

მცირე მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, დიაგრამა 2

 

მოკლედ თითოეული მათგანის შესახებ:

ა) საკრედიტო რესურსების მოპოვების სირთულეზე მიანიშნებს გამოკითხულთა 35%.  ეს საკითხი მეტად მწვავედ დგას მცირე მეწარმეების წინაშე, რადგან ფინანსების ნაკლებობა აფერხებს მათი საქმიანობის წარმატებით ფუნქციონირებას და გაფართოებას; ბ) ფალსიფიცირებული, ან/და უხარისხო პროდუქციისაგან ბაზრის დაუცველობა (25%); ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მეწარმეს ჰქონდეს საშუალება,  მის მიერ წარმოებული პროდუქცია დაცული იყოს ფალსიფიცირებისგან და ხდებოდეს აღნიშნული საკითხის კონტროლი, რაც მეწარმეს ჩააყენებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. გ)ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ინტერესების დაუცველობა (20%);  დ) მაღალი საგადასახადო განაკვეთები (20%).

2016 და 2019 წლების შედარების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ უხარისხო პროდუქციისგან ბაზრის დაუცველობა, საკრედიტო რესურსების მოპოვების სირთულე, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და ბიზნეს-ინტერესების დაუცველობა, ანუ ყოველივე აღნიშნული, პრობლემის სახით მეწარმეების წინაშე იდგა 2016 წელს და ის კვლავაც რჩება შემაფერხებელ ფაქტორებად 2019 წელსაც. რაც შეეხება 2016 წლისთვის არსებულ ბარიერებს, როგორიცაა: წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის არ არსებობა ადგილობრივ ბაზარზე, მაკონტროლებელი ორგანოების ზედმეტად ჩარევა ფირმის საქმიანობაში და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, 2019 წლის კვლევის საფუძველზე, არსებული პრობლემები მეწარმეების მიერ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედ საგადასახადო სისტემას და მის შეფასებას მეწარმეების მიერ, თუ რა სახის სირთულეები აქვთ მათ ამ მხრივ, მისაღებია თუ არა დაბეგვრის მოცემული სისტემა, რამდენად გასაგებია ის გადასახადის გადამხდელებისთვის და რამდენად ითვალისწინებს მეწარმეების ინტერესებს, მოცემულმა კვლევამ დაადგინა შემდეგი გარემოებები, რომელიც ყველაზე მეტ სირთულეს უქმნის მეწარმეებს (იხ. დიაგრამა 3).

საგადასახადო სისტემის/კანონმდებლობის ნაკლოვანებები მეწარმეების შეფასებით, დიაგრამა 3

 მთლიანობაში გამოიკვეთა საგადასახადო სისტემის ოთხი ძირითადი ნაკლოვანება, რომელიც პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: მეწარმეების 58% თვლის, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო ჩანაწერი ბუნდოვანია და არ იძლევა ზუსტ განმარტებას; მეწარმეების 27%-ის აზრით კი საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებას არასტაბილურობა წარმოადგენს, რადგან ხშირია ცვლილებები; 10%-ის აზრით,  ცვლილებები გათვლილია მხოლოდ დიდ ფირმებზე;  მეწარმეების 5% თვლის, რომ საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებას წარმოადგენს ზემოთ მოყვანილი მიზეზებიდან რამდენიმე ერთად ან/და სრულიად მთელი სისტემა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ხარვეზებისა, მასში შედის ცვლილებები მეწარმეების საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლის დროსაც ასევე გათვალისიწინებულია ბიუჯეტის მოცემულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მეწარმეებზე მორგებული (მაგ: ბოლო წლებში საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების სისტემა, რომელიც იყო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მიუხედავად რიგი დადებითი გავლენის მქონე საგადასახადო რეფორმისა, მეწარმეები კვლავ დგანან გარკვეული ბარიერებისა და პრობლემების წინაშე. სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, მეწარმეების უმეტესობას (58%) წნეხად აწვება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, რაც შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს საპენსიო ფონდის დაარსების გამო. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული გადასახადის განაკვეთი შემცირდება, აუცილებელია, რომ ის დაბალანსდეს იგივე გადასახადში დასაბეგრი ბაზის გაზრდით (რათა განაკვეთის შემცირებამ არ გამოიწვიოს ბიუჯეტის დეფიციტი); მიზანშეწონილია საგადასახადო კოდექსში დაზუსტდეს ორაზროვანი ჩანაწერები, რომელიც არ იძლევა ზუსტ განმარტებას. ყოველივე აღნიშნული მეწარმეებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად და არ მოხდეს მათ მიერ მისი უნებური დარღვევა; რაც შეეხება მეწარმეებისთვის ისეთ პრობლემებს როგორიცაა: ფალსიფიცირებული, ან/და უხარისხო პროდუქციისაგან ბაზრის დაუცველობა; ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ინტერესების დაუცველობა; საკრედიტო რესურსების რთულად მისაწვდომობა და მაღალი საგადასახადო განაკვეთები საჭიროა - კომპლექსურ - სისტემური მიდგომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკური რეფორმების შემუშავება-განხორციელებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მეწარმეობის შემაფერხებელი ბარიერები, რათა გაუმჯობესდეს სამეწარმეო გარემო, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის მდგრადობას განაპირობებს.

ლიტერატურა:

  • ერქომაიშვილი გ. (2016). საქართველოს განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები. თბილისი.
  • საქართველოს პარლამენტი. (2010). საქართველოს საგადასახადო კოდექსი 2019 წლის 25 მაისის მდგომარეობით.
  • საქართველოს პარლამენტი. (2010). საქართველოს საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 12 მარტის მდგომარეობით.
  • www.economy.ge
  • www.mof.ge
  • www.parliament.ge
  • www.rs.ge

References:

  • Erkomaishvili G. (2016). Sakartvelos ganvitarebis ekonomikuri politikis prioritetuli mimartulebebi. Tbilisi. [Priority Directions of Economic Development Policy of Georgia ] (in Georgian).
  • Saqartvelos parlamenti (2010). Sakartvelos sagadasaxado kodeqsi 2019 clis 25 maisis mdgomareobit. [The Parliament of Georgia. Tax Code of Georgia for May 25, 201.] (in Georgian).
  •  Saqartvelos parlamenti (2010). Sakartvelos sagadasaxado kodeqsi 2011 wlis 12 martis mdgomareobit. [The Parliament of Georgia. Tax Code of Georgia as of March 12, 2011.](in Georgian).
  • www.economy.ge
  • www.mof.ge
  • www.parliament.ge
  • www.rs.ge