English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ამირან ბერძენიშვილიკახა ქეცბაია
თანამედროვე ქართველი საზოგადოების სოციალურ - სტრატიფიკაციული პროფილი

 

სტატია თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციულ სტრუქტურას შეეხება. მასში განხილულია, სოციალურ მეცნიერული თვალსაზრისით, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა - ქართველი საზოგადოების სტრატიფიკაციული სტრუქტურის დესკრიფცია, მისი პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია და თანამედროვე სოციალური პროფილის განმსაზღვრელი ძირითადი სოციალური ფაქტორები.

     ზემოაღნიშნული პრობლემა სტატიაში გაანალიზებულია  თეორიულ-სოციოლოგიური თვალსაზრისით. ავტორები შენიშნავენ, რომ ქართული სოციოლოგიური ლიტერატურა მსგავსი პრობლემების ანალიზით ძალზე მწირია, ამიტომ საკითხის გასაანალიზებლად გამოყენებულია ეკონომიკური მეცნიერების წარმომადგენელ ქართველ ავტორთა ნაშრომები (პ. გუგუშვილი და სხვ).

      თანამედროვე ქართველი საზოგადოების სოციალურ-სტრატფიკაციული სტრუქტურის თეორიულ-სოციოლოგიური ანალიზისა და დესკრიფციის საფუძველზე გაკეთებული დასკვნის მიხედვით, საქმე სოციალურ პათოლოგიასთან გვაქვს, რასაც, პირველ რიგში, საშუალო ფენის წარმომადგენელთა სიმცირე ადასტურებს. წარმოდგენილი სტატიის მეცნიერულ პათოსს სწორედ ამ სოციალური პრობლემის სიმწვავის გაცნობიერება და გაჭრის აუცილებლობა წარმოადგენს.

     თანამედროვე სოციოლოგიის მიხედვით, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები დიდწილად სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურით არის განპირობებული. შესაბამისად, სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურის ანალიზი საზოგადოების შესწავლის ტოლფასია. სოციალური სტრატიფიკაცია საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის სტრუქტურულ განსხვავებულობას და მათ სოციალურ ფენებად დაყოფას გამოხატავს. ამ შემთხვევაში ძირითად მასტრატიფიცირებელ ფაქტორებს სოციალური მდგომარეობა, კერძოდ, შემოსავლები, ცოდნა - განათლება, პროფესიონალიზმი, ძალაუფლების წვდომა,  ცხოვრების პირობები და წესი და სხვა ნიშნები წარმოადგენს (ბერძენიშვილი, ქეცბაია, 2019). ფენებად დაყოფას თითქმის ყველა საზოგადოებაში ვხვდებით (Sorokin, 1959). ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად ქართულ საზოგადოებასაც მისთვის დამახასიათებელი სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურა გააჩნია, რომელიც საზოგადოების წარმოშობისა და განვითარების გზაზე ისტორიულად იცვლებოდა. ამ შემთხვევაში აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვა ქართველი საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურის ცვლილებებს და როგორია მისი თანამედროვე სოციალური პროფილი და მოსალოდნელია თუ არა სხვა სახის ტრანსფორმაცია?

       ისტორიულად, ქართველი საზოგადოებისთვის გვაროვნულ - წოდებრივი (ჰუმანისტური განზომილებით პატრონყმური) სოციალური სტრატიფიკაცია იყო დამახასიათებელი, რომელიც ტრანსფრომირებას XIX ს-ში განიცდის, ოღონდ ეს არ არის, ბუნებრივი ტრანსფორმაცია, თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ძალადობრივად შეყვანილ საქართველოში კაპიტალიზმის განვითარება იწყება: ჩნდება მეწარმეობა, მუშათა კლასი, ბატონყმური დამოკიდებულებებისაგან თავისუფალი გლეხობა და სხვადსხვა სოციალური ჯგუფები. ანექსირებული ქვეყნის სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება კიდევ ერთ მორიგ ნაძალადევ ტრანსფორმაციას განიცდის უკვე სსრკ-ს შემადგენლობაში. ამ შემთხვევაშიც საზოგადოების ადრინდელი სოციალურ - სტრატიფიკაციული სტრუქტურა საბჭოურით, კლასობრივით იცვლება. საბჭოთა პერიოდში საზოგადოება დაყოფილ იყო მუშათა კლასად, გლეხობად და ამ ორი კლასიდან გამოსული ადამიანებისაგან შემდგარი საბჭოთა ინტელიგენციისაგან. აქვე იყო ადამიანთა განსაკუთრებული ჯგუფი, რომლის შესახებ არავინ მსჯელობდა - პარტიული ნომენკლატურა, რომლის წარმომადგენელთათვის ყველაფერი ნებადართული იყო. ამ შემთხვევაში სახეზეა ცალმხრივი და მიკერძოებული სოციალურ - კლასობრივი სტრატიფიკაცია. თითქმის ტაბუირებული იყო საზოგადოებრივი ჯგუფების შეძლებულ, ღარიბ და შუალედურ - საშუალო სტრატებზე და საბჭოთა წყობილების დროს ჩამოყალიბებულ პარტიულ, სბაჭოთა, ადმინისტრაციულ - მმართველობით ფენებზე, მსჯელობა, რომლებიც თავიანთი ქონებით, სოციალური სტატუსით და პრივილეგიებით სულ უფრო ემიჯნებოდნენ მოსახლეობის ფართო მასებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებას დაახლოებით 70-80 წლის მანძილზე მოუწია ძალადობრივად ჩამოყალიბებული კლასობრივი სოციალური ტრატიფიკაციის პირობებში ცხოვრება და საქმიანობა (ლუტიძე, 2002).

      ქართველი საზოგადოების სტრატიფიკაციული სტრუქტურა მორიგ - პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას უკვე XX ს-ის 90-იან წლებში განიცდის, შესაბამისად, თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციული პროფილი იმდროინდელი სოციალური პროცესების მემკვიდრეა. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რამდენად სასიკეთოდ მიმდინარეობს თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციული და სოციალურ - მობილური პროცესები, ისე როგორც ეს დამახასიათებელია სხვა ცივილიზებული სოციუმებისათვის. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ, თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ყველაფერი თავის რიგზე არ არის (თუ რა გვაქვს მხედველობაში სტატიის ძირითად ნაწილში იქნება განხილული).

 

კვლევის მეთოდები და წყაროები

 

     სტატიაში თეორიულ - სოციოლოგიური და ლოგიკურ - სოციოლოგიური ანალიზის მეთოდებია გამოყენებული და საკვლევი პრობლემის შესახებ არსებულ პირველად (სოციოლოგიის კლასიკოსებისა და თანამედროვე წარმომადგენლების ნაშრომები)  და რიგ მეორად წყაროებს ემყარება.

    თეორიულ-სოციოლოგიური თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის, როგორიც  საზოგადოების სოციალურ-სტრატიფიკაციული სტრუქტურის კვლევაა საფუძველი ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა პ. გუგუშვილმა ჩაუყარა (გუგუშვილი, 1970, 1971). ქართველ საზოგადოებაში საშუალო კლასის ფორმირებისა და სოციალური პროფილის შესახებ უახლესი სოციოლოგიური ლიტერატურა ძალზე მწირია. საკითხის ანალიზით ეკონომიკურ მეცნიერებათა წარმომადგენლები (იხ. კაკულია, კაპანაძე, 2018; სამადაშვილი, 2009 და სხვ.) გამოირჩევიან, რაც გასათვალისწინებელია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ძირითადი აქცენტი პრობლემის თეორიულ-სოციოლოგიურ ასპექტებზეა გადატანილი.

 

თანამედროვე ქართველი საზოგადოების სტრატიფიკაციული სტრუქტურა

 

       საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოშიც ისტორიას ჩაბარდა საბჭოთა საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კლასობრივი სტრატიფიკაცია. ბუნებრივიაა, რომ დარჩა ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანები, მაგრამ ეს არ არის, მარქსისტული გაგებით, ძველი მუშათა კლასი. არც კოლმეურნე - გლეხობაა სახეზე, რადგან სოციალისტური საკუთრება ლიკვიდირებულია. სახეზეა გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანები, მაგრამ ეს არ არის საბჭოთა ინტელიგენცია. ერთი სიტყვით, ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის წლებში (იგულისხმება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პერიოდი) ქართული საზოგადოების სტრატიფიკაციული სტრუქტურა ცივილიზაციური განვითარების გკვალობაზე თავის ბუნებრივ კალაპოტში მოქცეულიყო, მაგრამ პოლიტიკურმა ფაქტორებმა, კერძოდ ეროვნული ხელისუფლების დამხობამ, სამოქალაქო ომმა, ისტორიული ტერიტორიების დაკარგვამ და სხვა ანომიურმა მდგომარეობამ (კორუფცია და სხვ.) ნოყიერი ნიადაგი შექმნა სახელმწიფო ქონების, ეროვნული სიმდიდრის დასატაცებლად. შესაბამისად, მოსახლეობის ერთი ნაწილი კატასტროფულად გაღატაკდა, ხოლო მეორე - მცირე - ნაწილი უსაშველოდ გამდიდრდა. ყოველივე ამან თავისი გავლენა იქონია საზოგადოების სოციალურ სტრატიფიკაციული სტრუქტურის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჩვენი აზრით, პათოლოგიური ხასიათის მქონეა. ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს პათოლოგიური სტრაფიკაციული სოციალური სტრუქტურა და რა გვაძლევს თანამედროვე ქართველი საზოგადოების სტრატიფიკაციული სტრუქტურის ამგვარად სახელდების საშუალებას.

       თანამედროვე ცივილიზებული სოციუმები, ბუნებრივია, ნორმალური სტრატიფიკაციული სტრუქტურით ხასიათდებიან (Merton, 1968). ნორმალური  სტრატიფიკაციული სტრუქტურა გულისხმობს, რომ მაღალი და დაბალი ფენის წამომადგენელთა ხვედრითი წილი სოციალურ სტრატიფიკაციაში მინიმალურია და სტრატიფიკაციული სტრუქტურის დიდი ნაწილი საშუალო ფენას უკავია. პათოლოგიური სტრაფიკაციული სტრუქტურის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. კერძოდ, საშუალო ფენის ხვედრითი წილი მინიმალურია, სამაგიეროდ უზომოდ არის გაზრდილი დაბალი და მაღალი ფენის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი საზგადოების სოციალურ - იერარქიულ კიბეზე. მსგავსი დასკვნების გასაკეთებლად, როგორც წესი სტატისტიკურ მონაცემებს მიმართავენ ხოლმე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იმდენად ცხადი და გარკვეულია, რომ ზედაპირიული დაკვირვებაც კი საკმარისია, რომლის მიხედვით, ჩანს თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ქართული საზოგადოების სოციალურ - იერარქიული კიბე. იგი სამი - მაღალი, საშუალო და დაბალი ფენისაგან შედგება. მაღალი ფენა ორი - ზედა და ქვედა ფენებისაგან შედგება. საშუალო და დაბალი ფენებიც ძირითადად ზედა და ქვედა ფენებისაგან ყალიბდება.

      მაღალი ფენის ზედა ფენას ის ადამიანები შეადგენენ, რომელთაც მაღალი სოციალური სტატუსი, როლი, თანამდებობრივ - უფლებრივი მოვალეობები, ძალაუფლება და სოციალური პრესტიჟი გააჩნიათ. ეს საზოგადოების ე. წ. ელიტური ნაწილია (ოღონდ არა ინტელექტუალური ელიტა) (გიდენსი, 2011).

      მაღალი ფენის ქვედა ფენას უპირატესად ფინანსურად შეძლებული და მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეადგენენ. ამ ფენის წარმომადგენლებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ან აიშენონ ფესენებელური სახლები, ვილები, ძვირადღირებული საქონელი, იმოგზაურონ, დაისვენონ ან უმკურნალონ საზღვარგარეთ ან გაამგზავრონ თავიანთი ოჯახის წევრები, იყვნენ სპონსორები ან ქველმოქმედები და ა. შ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაღალი ფენის ორივე ქვეფენის წარმომადგენლები თანამედროვე ქართული საზოგადოების 8-10% წარმოადგენენ.

     დასავლური საზოგადოებისაგან განსხვავებით, საშუალო და დაბალი ფენის ფორმირება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ძირითადად შემოსავლების ოდენობით ხდება, ხოლო სხვა მასტრატიფიცირებელი ფაქტორების - განათლება, პროფესია, კვალიფიკაცია და სხვ. - მოქმედების ძალა მინიმალურია.

      საშუალო ფენის წარმომადგენელთა შემოსავლები საარსებო მინიმუმით განსაზღვრულ დონეზე ოდნავ მეტია. მის წარმომადგენელთათვის პრობლემას არ წარმოადგენს კომუნალური და სხვა გადასახდების გადახდა, სკვებითა და ტანსცმლით, სახოვრებლით უზრუნველყოფა, საოჯახო ნივთების შეძენა, ინდივიდუალური ტრანსპორტი, დასვენება და გართობა ქვეყნის ფარგლებში. ამ ფენის წარმომადგენლების უნდა იყვნენ ბიზნესმენები, დიდი და მცირე მეწარმეები, სამედიცინო, საინჟინრო - ტექნიკური და სამეცნიერო - შემოქმედებითი ინტელიგენციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ცნობილი სპეციალისტები. საშუალო ფენის ზედა ფენას სამეწარმეო ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები შეადგენენ. პრესტიჟული შრომითი საქმიანობა და მარალი სოციალური სტატუსი ამ ფენის წარმომადგენლებს მაღალ ფენასთან აახლოებს.

       საშუალო ფენის ქვედა ფენა დაბალი ფენის ზედა ფენას უახლოვდება. მასში ერთიანდებიან აქტიური, საქმიანობის შესაფერისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც საქმიანობენ კერძო დაწესებულებებში, ნაკვეთებში სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის შესაქმენლად, დაკავებულნი არიან ვაჭრობით, ხელოსნობით, მცირე ბიზნესით. საშუალო ფენის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი საზოგადოების სტრატიფიკაციულ სტრუქტურაში 16-18%, რაც არასახარბიელო მაჩვენებელია. სწორედ ამის გამო ვუწოდებთ არსებულ სტრატიფიკაციულ სტრუქტურას პათოლოგიურს. დღეს სოციოლოგიის პირველი კუსრის სტუდენტმაც კი იცის, რომ საზოგადოების პროგრესი და კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად საშუალო ფენაზეა დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მის გამოსასწორებლად აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური, სმართლებრივი და სხვა სახის რეფორმები.

          ქართველი საზოგადოების წარმომადგენელთა უმეტესობა, დაახლოებით 75-80 % დაბალი ფენის წარმომადგენელია, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს მოსაზრებას არსებული სოციალური სტრატიფიკაციული სტრუქტურის პათოლოგიურობის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, დაბალი ფენის ფორმირება მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორებზე, შემოსავლების ოდენობაზეა დამოკიდებული. ამ ფენას ზედა ფენას ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან, ვერ აკამყოფილებენ საარსებო მინიმუმს, თუმცა შრომისუნარიანები არიან. მათი უმეტესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან რომელიმე კერძო სტრუქტურიდა ან ორივედან იღებს შემოსავალს. დაბალი ფენის ზედა ფენას ჩვენი ინტელიგენციის (პროფესორ - მასწავლებლები) მოსამსახურეების, მუშების და გლეხების დიდი ნაწილი შეადგენს.

          საზოგადოების ის ნაწილი, რომლის შემოსავლები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისიწინებული, პენსია, დახმარება ან შეღავათები, დაბალი ფენის ქვედა ფენას შეადგენს. მათი ნაწილი შრომის უუნარო ან პასიურია. ამ ფენაში შედიან შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, უმუშევრები, დევნილები, მარტოხელა და უმწეო ადამიანები და სხვ. სამწუხაროდ, ამ ფენის წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა (პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა საქსტატის 2021 წლის მონაცემებით 971.3 ათას შედაგენს, აქედან ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 793.8 ათასს შეადეგნს) (საქსტატი 2021).  

       როგორც ჩანს თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში ძირითადი მასტრატიფიცირებელი ფაქტორი ეკონომიკურია (შემოსავლების ოდენობა), მაშინ როდესაც ცივილიზებულ სოციუმებში არანაკლებ მნიშვნელოვანია არაეკონომიკური ფაქტორები - განათლება, ცოდნა, პროფესიონალიზმი, კულტურა და სხვ (Giddens,  Sutton, 2014). ჩვენს შემთხვევაში ამ ფაქტორებს დაკარგული აქვს მაღალი ღირებულება და სოციალური პრესტიჟი. პირიქით, ქონებრივი მდგომარეობა განსაზღვრავს პრესტიჟს, რაც უდავოდ პათოლოგიურობის გამოვლინებაა, მაშინ როდესაც ნორმალურ ვითარებაში პრესტიჟი განათლების, პროფესიონალიზმის და კულტურის გაუთვალისიწინებლად არ განისაზღვრება. 

      თავისი არსებობისა და განვითარების გზაზე ქართველი საზოგადოების სოციალურ - სტრატიფიკაციულმა სტრუქტურამ მთელი რიგი ცვლილებები განიცადა და ის სახე და ფორმა მიიღო რომელიც მას აქვს. ამჟამად ქართველ საზოგადოებაში იგივე სტრატებია რაც ამერიკულში ან ბრიტანულში, მაგრამ მათგან განსხვავებით საშუალო ფენსატან შედარებით უზომოდ დიდია დაბალი ფენის ხვედრითი წილი მთლიან სტრატიფიკაციულ სტრუქტურაში, რაც მის პათოლოგიურობაზე მიანიშნებს. პრობლემის მოგვარება არ უნდა დარჩეს საზოგადოების განვითარების შინაგანი კანონზომიერების იმედად, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა საშუალო ფენის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ხელშეწყობა და არა ბრძოლა ამ ფენის წინააღმდეგ. 

საკვანძო სიტყვები: თანამედროვე ქართველი საზოგადოება, სოციალური სტრატიფიკაცია, სტრატიფიკაციული სტრუქტურა, სოციალური ტრანსფორმაცია, სოციალური ფენები - მაღალი, საშუალო, დაბალი, მასტრატიფიცირებელი ფაქტორები, პათოლოგიური სტრატიფიკაცია.