English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მირიან ტუხაშვილი
კახეთის მოსახლეობა: დინამიკა და ეთნოსტრუქტურა

 

 სტატიაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური წყაროების გამოყენებით შესწავლილია კახეთის რეგიონის მოსახლეობის ეთნოსტრუქტურის ევოლუცია ბოლო საუკუნეების განმავლობაში. დადგენილია ეროვნულ უმცირესობათა საქართველოში შემოსვლის ძირითადი მიზეზები, მათი ეთნოდემოგრაფიული განვითარების თავისებურებანი. დასაბუთებულია მოსაზრება პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართველი მოსახლეობისა და ეროვნულ უმცირესობათა ემიგრაციის მიზეზებზე, განხორციელების გზებზე, ძირითად ეთნოსთან ჰარმონიული ინტეგრაციის შედეგებზე. ავტორის შეფასებით, კახეთის მხარე არის კარგი მაგალითი ტოლერანტობისა და ეროვნებათაშორისი ჰუმანური დამოკიდებულებისა.

  ანალიზით ვლინდება დიასპორათა დემოგრაფიული გადასვლის სხვადასხვა ფაზაში ყოფნა, მიგრაციული მობილობის ხარისხი, განსახლების თავისებურება. დადგინდა, რომ ყველაზე მსხვილი მუსლიმური აღმსარებლობის მქონე დიასპორები -  აზერბაიჯანელები და ქისტები, ქმნიან ე.წ. „დემოგრაფიულ ანკლავებს“ მსხვილი ჯგუფური სასოფლო განსახლების ფორმით., ხასიათდებიან კახეთის მხარის მთელ მოსახლეობაში ხვედრითი წონის ზრდის ტენდენციით.

   ემიგრაციის, ძირითად ეთნოსში ინტეგრაციის აჩქარებული ინტენსიურობა ვლინდება რუსულ, ოსურ და სომხურ დიასპორებში, რამაც, სწრაფ ემიგრაციასთან ერთად, არსებითად შეამცირა ამ ეთნოჯგუფების რიცხოვნობა.

   გამოიკვეთა გენერალური ტენდენცია: ევოლუცია პოლიეთნიკურობიდან ბიეთნიკურობისაკენ, რაც დემოპოლიტიკაში სპეციფიკურ მიდგომებს მოითხოვს.

  კვლევისას თანაბარი ყურადღება ეთმობა კომპაქტურად დასახლებული სხვა მცირერიცხოვანი ეთნოსების - თათების, ლაიჯების, უდიების, ხუნძებისა.  სოციალურ-დემოგრაფიულ განვითარებასაც.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, დიასპორა, კახეთი, ეროვნული უმცირესობა, ეთნიკური სტრუქტურა, მოსახლეობა.

 

შესავალი

 

მოსახლეობის ეთნოსტრუქტურის ევოლუციის საკითხები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში, რომელსაც მრავალეთნიკურობის მხრივ მსოფლიო მასშტაბით ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება. აღნიშნული რეგიონის განვითარების ეთნოპოლიტიკური ფაქტორი ამჟამადაც დიდ როლს თამაშობს როგორც სახელმწიფოთაშორისო, ასევე შიგაპოლიტიკური პროცესების რეგულირებაში. ფაქტია, რომ ეთნოსთა ურთიერთობის მოუწესრიგებლობით მარჯვედ სარგებლობენ საერთაშორისო იმპერიალისტური ძალები და იყენებენ თავიანთი არცთუ ჰუმანური მიზნების მისაღწევად.

        ასეთ ვითარებაში მწვავე აუცილებლობაა ეთნოდემოგრაფიულ, ეთნოპოლიტიკურ თემებზე მეცნიერული კვლევის გაფართოება, სისტემატიზაცია, იმის ანალიზი მაინც, რასაც ამჟამინდელი სტატისტიკა, მოსახლეობის აღწერები იძლევა.

        ამ სტატიის კონკრეტული მიზანია, ბოლო საუკუნეებში (XVIII–XXსს.) და განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, ამჟამინდელ კახეთის მხარეში მიმდინარე ეთნოდემოგრაფიული პროცესების ზოგადი მიმოხილვა, მოსახლეობის სწრაფი შემცირების ფონზე სავარაუდო ცვლილებების განსაზღვრა.

           ნაშრომი ეყრდნობა მოსახლეობის საყოველთაო აღწერების მასალებს(1897-2014წწ.). ფართოდაა გამოყენებული „კავკასიის კალენდარში” გამოქვეყნებული დემოგრაფიული მასალა. იგი 1845- წლიდან 1917 წლამდე ყოველწლიურად გამოდიოდა და აქვეყნებდა საკმაოდ მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ინფორმაციას. ვიყენებთ აგრეთვე, ცნობილი მკვლევრების: პ.გუგუშვილის(გუგუშვილი,1947), კ. ანთაძის(ანთაძე, 1973), ვ.ჯაოშვილის(ჯაოშვილი,1984), ა. თოთაძის(თოთაძე, 2014)  და ათეულობით სხვა მეცნიერის ნაშრომებში გადმოცემულ ანალიტიკურ მასალას და იქ მოცემულ კერძო შეფასებებს.

   თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფა ყოველთვის არ ემთხვევა კახეთის ისტორიულ საზღვრებს. ხშირად ერთი და იგივე ქვერეგიონი და დასახლებული პუნქტი პერიოდული ცვლილებების შედეგად ხვდება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, რაც გასათვალისწინებელია მოსახლეობის სწორი დინამიკისა და სტრუქტურის ცვლილებათა შედარებისას. მაგალითად, იორ-მუღანლოს აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების ჯგუფი ადრე სიღნაღის მაზრაშია, შემდგომ გურჯაანის რაიონში, ბოლოს საგარეჯოს რაიონში. რიგ პერიოდებში მთათუშეთი თიანეთის მაზრაშია და არა თელავისაში;  ახმეტის რაიონი 1946 წლამდე არ არსებობს, თელავის რაიონშია მოქცეული. ცვლილებებია გარდაბნისა და საგარეჯოს რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებშიც. მაგალითად, სართიჭალა 1939 წლის საყოველთაო აღწერაში საგარეჯოს რაიონშია მოქცეული, შემდგომ აღწერებში კი - გარდაბნის რაიონში. ჩვენს მიერ ამ ცვლილების გათვალისწინებამ ინფორმაცია მაქსიმალურად შესადარისი გახადა, თუმცა არც ზოგიერთი უზუსტობაა გამორიცხული.

ნაწილობრივ ართულებს მოსახლეობის დინამიკისა და სტრუქტურის ანალიზს ეპოქათა მიხედვით ტოპონიმთა ცვლილებანი, ადმინისტრაციული დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა  გადარქმევა. უამრავი დასახლებული პუნქტის სახელწოდება რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და პოსტსაბჭოთა პერიოდში შეიცვალა.

      ზოგადად, დიდ სიფრთხილესა და დაკვირვებას მოითხოვს ამა თუ იმ ეთნოსის სახელწოდებათა ცვლილებებიც. „აზერბაიჯანელი“ ოფიციალურ დოკუმენტებსა და ლიტერატურაშიც ოფიციალურად დამკვიდრდა სსრკ პირველი კონსტიტუციის მიღებისას (1936 წ.). იქამდე ისინი „თათრებად“ ან „თურქებად“ იწოდებოდნენ. 1926 წლის საყოველთაო აღწერაში ეს კონტინგენტი „თურქებადაა“ აღრიცხული. თვით სტალინი, რომელიც შემდგომ სახელწოდება „აზერბაიჯანელის“ დამკვიდრების ერთ-ერთი ინიციატორი და განმახორციელებელი იყო, თავის ადრინდელ ნაწერებში მათ „ამიერკავკასიელ თათრებად“ მოიხსენებს (სტალინი,  1947, 336; 355; 378.). ასევეა ქისტი ეროვნულ უმცირესობათა მიმართაც. მოსახლეობის აღწერებში ისინი ხან ინგუშებად, ხან ჩეჩნებად, ხან ვაინახებად აღირიცხებიან. 

    ამრიგად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ მიგვეღწია სტატისტიკური ინფორმაციის შესადარისობისათვის, თუმცა მცირე  უზუსტობებიც არაა გამორიცხული.

მოსახლეობის რიცხოვნობის  ცვლილებანი. შედარებით დაწვრილებითი ცნობები კახეთის მხარის თანამედროვე ტერიტორიაზე მცხოვრებთა რიცხოვნობის შესახებ       XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიპოვება. იგი მოიცავს მთლიანად თელავისა და სიღნაღის მაზრის მოსახლეობას, აგრეთვე, თიანეთისა და თბილისის მაზრის ნაწილს. შამილის დამარცხების შემდგომ კახეთში დაჩქარდა მოსახლეობის ზრდა, მათ შორის, იმიგრაციული პროცესების მეოხებითაც. „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, 1886 წლისათვის  კახეთის მხარის თანამედროვე ტერიტორიაზე სიღნაღისა და თელავის მაზრებში ცხოვრობს 164860 კაცი (Кавказскій календарь,1886). 

          XX საუკუნის პირველი მეოთხედი დიდი ისტორიული კატაკლიზმების მიუხედავად, კახეთის მხარის ტერიტორიაზე მოსახლეობის სწრაფი ბუნებრივი და მიგრაციული მატების პერიოდიცაა. საფიქრებელია, რომ სტოლიპინის რეფორმების გავლენით მოსახლეობის გადაადგილება გააქტიურდა. ამას მოჰყვა მსოფლიო ომი, საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდი და, ბოლოს, საქართველოს სსრკ საზღვრებში მოქცევა. ყოველივე ამან დიდი დაღი დაასვა მთელი საქართველოს და, მათ შორის,  კახეთის  დემოგრაფიულ ზრდას, მოსახლეობის ეთნოსტრუქტურას. 

   1926 წლის საყოველთაო აღწერის დროს თანამედროვე კახეთის მხარის ტერიტორიაზე მოსახლეობის რიცხოვნობამ 283 953 კაცს მიაღწია.

   1930 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული გარდაქმნები. კახეთში გაჩნდა თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, წითელწყაროსა და საგარეჯოს რაიონები(ახმეტის რაიონი თელავის რაიონს გამოეყო 1946 წელს).  ცვლილებები მოხდა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონების საზღვრებში. ამ ადმინისტრაციული გარდაქმნების შემდგომ უფრო შესადარი გახდა მოსახლეობის აღწერებით მიღებული ინფორმაცია.

    1926-1939წწ. მოსახლეობის აღწერათაშორის ინტერვალში კახეთის მხარეში მოსახლეობის რიცხოვნობა 27,6 %-ით გაიზარდა. ამ პერიოდში მოხდა საქართველოში, მათ შორის კახეთში, ინტენსიური იმიგრაცია. რუსი მოსახლეობის რიცხოვნობა 2,9-ჯერ გაიზარდა. ქართველთა წილი მთელ მოსახლეობაში 2,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

კახეთის მოსახლეობის დინამიკაში შედარებით სტაბილურია 1950-იანი წლებიდან სსრკ დაშლამდე პერიოდი. ამ დროს კახეთის მხარის მოსახლეობის ნელი ტემპით შემცირების ფონზე გამოხატულია ქართველი მოსახლეობის წილის მცირე მატება. შედარებით დიდი ტემპით გაიზარდა მაღალი ბუნებრივი ზრდის მქონე აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხოვნობა.

  პოსტსაბჭოთა პერიოდი, როგორც მთელი საქართველოსათვის, ასევე კახეთის მხარისთვისაც მოსახლეობის რიცხოვნობის ინტენსიური კლების პერიოდია. ცხოვრების პირობების კატასტროფული გაუარესების გამო რეგიონგარეთ მოსახლეობის  მიგრირების ინტენსიურობა არაბუნებრივად გაიზარდა. 1989-2014 წწ. აღწერათაშორის პერიოდში კახეთის მხარეში დარჩა მთელი მოსახლეობის 72,2%. მათ შორის, ქართველი მოსახლეობის 75%; სომეხი მოსახლეობის რიცხოვნობა  შემცირდა 3-ჯერ, რუსებისა 7,1-ჯერ, ოსებისა 4,9-ჯერ, უკრაინელებისა - 9,4-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანელებისა უმნიშვნელოდ. გაიზარდა მხოლოდ ქისტების რიცხოვნობა (ცხრლი 1).

 

კახეთის მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეთნიკური სტრუქტურის ცვლილება 

1886-2014წწ.

ცხრილი 1.

წელი

სულ მოსახლება (კაცი)(%)

ქართველი

სომეხი

 

რუსი

აზებაიჯ- ანელი

 

ოსი

ქისტი

უკრაინე- ლი

იეზიდი

დანარჩენი

1886

164860

100

133490

81,0

22915

13,9

1969

1,2

5362

3.3

7

0,0

10130,6

-

-

-

1926

283953

100

226016

79,6

22704

8,0

9134

3,2

7836

2,8

10208

3,6

1760

0,6

-

-

6298

2,2

1939

362204

100

278364

76,8

22660

6,2

26083

7,2

11461

3,2

13802

3,8

2446

0,7

1538

0,4

-

5850

1,6

1959

395438

100

321963

81,5

13100

3,3

21898

5,5

16463

4,2

13404

3,3

-

1533

0,4

-

7077

1,8

1989

441045

100

360245

81, 7

6547

1,5

13684

3,1

33330

7,6

12441

2,8

4211

1,0

1896

0,4

551

0,1

88140

1,8

2014

318583

100

27129885,2

2191

0,7

1921

0,6

32354

10,0

2526

0,8

5581

1,8

202

0,1

504

0,2

2006

0,6

წყარო: შესაბამისი წლების საყოველთაო აღწერის მასალები. Geostat.ge

კახეთის მხარის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მუნიციპალიტეტების მიხედვით. 2014 წელი

ცხრილი 2.

მუნიციპალიტეტი

სულ მოსახლეობა, (კაცი)

ქართველი

აზებაიჯან- ელი

 

სომეხი

 

რუსი

ოსი

იეზიდი

უკრაინელი

ქისტი

კახეთი

318583

271298

32354

2191

1921

2526

504

202

5581

ქ. თელავი

19629

18863

90

102

97

28

300

23

55

ახმეტა

31461

24852

91

54

63

696

2

8

5471

გურჯაანი

54337

53494

48

273

140

267

18

38

3

დედოფლისწყარო

21221

19422

288

915

379

37

3

21

7

თელავი

38721

33490

4945

46

59

93

10

17

24

ლაგოდეხი

41678

29796

9603

350

733

994

18

38

3

საგარეჯო

51761

34211

17164

92

169

19

29

20

0

სიღნაღი

29948

29180

100

218

209

31

101

26

14

ყვარელი

29827

27990

27

141

72

361

23

11

4

(%)

კახეთი

100

85,2

10,0

0,7

0,6

0,8

0,2

0,06

1,8

ქ. თელავი

100

96,1

0,5

0,5

0,5

0,1

1,5

0,1

0,3

ახმეტა

100

79,0

0,3

0,2

0,2

0,3

0,0

0,0

17,4

გურჯაანი

100

98,4

0,09

0,5

0,3

0,5

0,03

0,07

0,0

დედოფლის- წყარო

100

91,5

1,4

4,3

1,8

0,2

0,0

0,1

0,03

თელავი

100

86,5

12,8

0,1

0,6

0,2

0,02

0,04

0,06

ლაგოდეხი

100

71,5

23,0

0,8

1,8

2,4

0,04

0,09

0,0

საგარეჯო

100

66,1

33,2

0,2

0,3

0,04

0,06

0,04

0,0

სიღნაღი

100

93,8

0,3

0,7

0,7

0,1

0,3

0,09

0,05

ყვარელი

100

93,8

0,09

0,5

0,2

1,2

0,08

0,04

0,0

წყარო: 2014 წლის საყოველთა აღწერის მასალა. Geostat.ge

 

       სტატიის შემდგომ ნაწილში მოკლედ განვიხილავთ ზემოაღნიშნულ დიასპორათა რიცხოვნობის დინამიკასა და ზოგიერთ სოციალურ-დემოგრაფიულ პრობლემას.

სომხური დიასპორა.სომხობა, როგორც დიასპორა, საქართველოში  ისტორიის მთელ მანძილზე ცხოვრობდა. განსაკუთრებით გაძლიერდა მისი შემოსვლის ინტენსიურობა არაბობის და თურქ-სელჩუკთა ეპოქაში. იყო ორგანიზებული ჩამოსახლებანიც. მაგალითად, დავით აღმაშენებელმა, ვინც საერთოდ დიდი როლი ითამაშა სომეხი ერის ფიზიკურ გადარჩენაში, ისინი გორში ჩამოასახლა.

  თურქეთისა და ირანის იმპერიების ტერიტორიაზე გაბნეული სომხების ორგანიზებული ჩამოსახლება განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ერეკლე მეორის მეფობის დროს, სომეხთა მესვეურების დიდი თხოვნით ისინი ჩამოასახლეს როგორც ქვემო ქართლის, ასევე კახეთის ტერიტორიაზე. “კავკასიის კალენდარში“, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას შევხვდით სომეხთა ჩამოსახლების                            100 წლისთავის (1745წ.) აღნიშვნას. მათი დიდი მასშტაბით ორგანიზებული ჩამოსახლება კახეთში მოხდა 1780-1787 წლებშიც. იმ დროს ეთნიკურ უმცირესობად დარჩენილი სომეხი მოსახლეობის მასშტაბური დარბევები ხდებოდა მრავალ სახანოში. ამოწყვეტისათვის განწირული დაქსასული სომხობა დიდი იმედით შეჰყურებდა ერეკლე მეორეს, თხოვდნენ მას საქართველოში ჩამოსახლების ნებართვას, დახმარებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ინდოეთში, მადრასში მცხოვრები უზომოდ გამდიდრებული სომეხი შაამირ შაჰრამიანი (შამირ აღა). ის არ ზოგავდა სახსრებს სომხების გადასარჩენად, ეაჯებოდა ერეკლეს სომხების დაცვას, რასაც ერეკლე, შეძლებისამებრ, ცდილობდა. ერეკლე იმდენად აფასებდა შაჰრამიანის ფინანსურ დახმარებას, რომ მას თავადობა და სოფელი ლორე უბოძა (დანიბეგაშვილი, 1950, 1). სომხებმა ერეკლე მეორეს წარმოუდგინეს საქართველო-სომხეთის გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის პროექტი ბაგრატიონების მეთაურობით, რომლის ინიციატორი სომხეთის ეროვნულ განმანთავისუფლებელი  მოძრაობის ბელადი, ევროპაში ნაცხოვრები და განსწავლული იოსებ ემინი იყო (Иоаннисян, 1985,24-215). შაჰრამიანთან შეთანხმებით ასეთი სახელმწიფოს ორგანიზაციისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს შაჰრამიანი კისრულობდა. პროექტი ევროპული ტიპის კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა. ცხადია, წარმოდგენილი გეგმა სრული უტოპია იყო. მითუმეტეს, რომ მას წინ აღუდგა სომხური ეკლესია, კათალიკოსი სიმეონი.

  ასეთ ვითარებაში ერეკლეს განსაკუთრებით ლოიალური დამოკიდებულება მოსაზღვრე იმპერიებში მიმოფანტული სომხებისადმი სტიმულს იძლეოდა მათი ნაწილის საქართველოში ჩამოსასახლებლად. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ლეკიანობისაგან გავერანებული, ეკონომიკურად გაჩანაგებული ქვეყნისათვის ხელოსნობისა და ვაჭრობის მეტად მცოდნე  ხალხის შემომატების მნიშვნელობა, რასაც კარგად ხედავდა ერეკლე და ყოველი ღონით ცდილობდა დახმარებოდა საქართველოსკენ სომხების ლტოლვას. კახეთში ჩამოსახლებულნი, ძირითადად, თელავში, სიღნაღსა და ველისციხეში, აგრეთვე, წვრილ-წვრილ ჯგუფებად ბევრ სხვა სოფელში დაბინავდნენ.

  ამიერკავკასიის დაპყრობაში რუსეთის მეფის ხელისუფლების მიერ სომხები მთავარ დასაყრდენად ითვლებოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ სომეხთა თავმოყრას არა მარტო ისტორიული სომხეთის, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, კახეთშიც. საყოველთაოდაა ცნობილი  სომხების დიდი წვლილი რუსეთის წინააღმდეგ კახეთის 1812 წლის აჯანყების ჩაქრობაში.  

    XIX საუკუნის განმავლობაში როგორც მთელ საქართველოში, ასევე კახეთში სომეხთა რიცხოვნობა  გაიზარდა. 1886 წლისათვის უკვე 22,9 ათასი სომეხია აღრიცხული. მათი დიდი ნაწილი კახეთის ქალაქებში -  თელავსა და სიღნაღში ცხოვრობდა.

   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში და მომდევნო პირველ წლებში, სომხური ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის დროს, სომხების მცირე ნაწილი გავიდა საქართველოდან, მაგრამ იგივე პერიოდში ხდება თურქეთში დარბეულთა ტალღების  პერმანენტული შემოსვლები საქართველოში, კახეთში შემოსულ ლტოლვილთა შორის გავრცელებული იყო ქოლერა. მათ კახეთში დამკვიდრებას წინ აღუდგა ადგილობრივი ხელისუფლება და ადგილობრივი სომხობაც(თეთვაძე, 1998;99).

  უნდა აღინიშნოს, რომ სომეხთა დარბევა მარტო თურქეთში არ მომხდარა,                                 XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში მუსულმანთა განსახლების მთელ არეალში სომეხთა დარბევები ხდებოდა. აზერბაიჯანში მუსავატელთა მიერ მრავალგზის დარბეული სომხობა წლების განმავლობაში ეძებდა თავშესაფარს. 1922 წელს ერთმა ჯგუფმა ალაზანგაღმიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოაღწია და მთავრობის ნებართვით      დასახლდა ამჟამინდელ სოფელ საბათლოში, სადაც ისინი დღემდე ცხოვრობენ და აქვთ კახეთის მხარეში ერთადერთი სომხური სკოლა(ქართული სექტორით). საბათლო ერთადერთი დასახლებული პუნქტია კახეთის მხარეში, სადც ჭარბობს სომეხი მოსახლეობა(2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 75%).

1939 წლის აღწერით სომხების რიცხოვნობა კახეთში 22660 კაცია, მთელი მოსახლეობის 6,2%. მათი უმრავლესობა გურჯაანისა და თელავის რაიონებში ცხოვრობს. დიასპორათაგან რიცხობრივად მათ მხოლოდ რუსი მოსახლეობა სჭარბობდა(7,2%)

      1959 წლისათვის სომხების რაოდენობა შემცირებულია. ამის მთავარი მიზეზი მათი რეგიონსგარეთ მიგრაციაა, ნაწილობრივ, ეთნიკური ინტეგრაციული პროცესებიც, რასაც ხელს უწყობდა ქართველ-სომეხთა კულტურულ-ყოფითი   ტრადიციების სიახლოვე. ხშირი იყო ბიეთნიკური ქორწინებაც.

      2014 წლისათვის კახეთის მხარეში მოსახლეობის აღწერამ 2191 სომეხი დააფიქსირა. მათი რიცხობრივი შემცირების მიზეზებია ინტენსიური ემიგრაციული პროცესები, მსოფლიოში გაბნეულ და ეკონომიკურად შეძლებულ დიასპორებთან შეერთების  ყოველგვარი ბარიერის მოხსნა, საქართველოში  უმძიმესი ეკონომიკური ვითარების გამო ცხოვრების დონის დაქვეითება, ემიგრაციის სტიმულების გაძლიერება, ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ინტენსიურობის მატება. ფაქტია, რომ ქალაქ სიღნაღში XIX საუკუნის ბოლო პერიოდში სომხობა უმრავლესობას წარმოადგენდა, 2014 წლის აღწერით კი ამ ქალაქში სომეხთაგან თითქმის აღარავინ დარჩა.

 აზერბაიჯანელი დიასპორა. საქართველოში აზერბაიჯანელთა მასობრივი ჩამოსახლების თაობასა და მათ დემოგრაფიულ განვითარებაზე მრავალი მეცნიერული გამოკვლევა არსებობს (პ. გუგუშვილი, ვ. ჯაოშვილი, ა. თოთაძე და სხვ), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი ოფიციალურ დოკუმენტებში 1930-იან წლებამდე „თათრებად“ იხსენიებიან. ი. სტალინი, ვინც ეროვნება „აზერბაიჯანელის“ კანონიერი დამკვიდრების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ეროვნულ საკითხებზე თავის ადრინდელ ნაწერებში მათ „ამიერკავკასიელ თათრებად“ მოიხსენიებს (სტალინი, 1947,336,355,378) ამ სტატიაში მოყვანილ შედარებებში  თათრების შესახებ ინფორმაცია  ძირითადად, აზერბაიჯანელებს ეხება.

   აზერბაიჯანელთა რიცხოვნობის სწრაფი ზრდა, ძირითადად, მაღალი შობადობითაა განპირობებული. ამ ეროვნებისათვის დამახასიათებელია ბუნებრივი მატების მაღალი დონე. ემიგრაციული პროცესებით მოსახლეობის კლება მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა რიცხოვნობის შემცრების მიუხედავად, კახეთის მთელ მოსახლეობაში მათი ხვედრითი წილი მაინც იზრდება. მაგალითად, თუ 1989 წელს აზერბაიჯანელთა წილი კახეთის მოსახლეობაში  7,6% იყო, 2014 წელს -10% გახდა, მაშინ როცა მათი აბსოლუტური რიცხოვნობა  33330 -დან 32354 კაცამდე შემცირდა, წილმა 2,4  პროცენტული პუნქტით  მოიმატა.

  პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნებაში, აზერბაიჯანელებშიც გაიზარდა როგორც შრომითი, ისე მუდმივი ემიგრაციის ინტენსიურობა. მიგრაციული მობილობის ბუნების შესწავლა, ჩვენი აზრით, გადაუდებელი ამოცანაა. მცირე ზეპირი გამოკითხვებით, მოსახლეობა საშოვარზე მიდის თურქეთში, ყაზახეთში, რუსეთისა და აზერბაიჯანში. იგივე მიმართულებები დომინირებს მუდმივ ემიგრაციაშიც.

 

 

 

 

მოსახლეობის რიცხოვნობა კახეთის მხარის აზერბაჯანელებით დასახლებულ სოფლებში 2014 წ. (კაცი)

ცხრილი 3.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის

მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

სოფლის სახელი

კაცი

სოფლის სახელი

კაცი

სოფლის სახელი

კაცი

სოფლის სახელი

კაცი

დუზაგრამა

621

იორმუღანლო

2168

კაბალი

3220

ყარაჯალა

4874

პალდო

695

ქეშალო

2438

განჯალა

2239

×

×

წიწმატიანი

529

ზემო ლამბალო

2958

უზუნთალა

1784

×

×

თულარი

3145

ქვემო ლამბალო

3010

ყარაჯალა

2009

×

×

კაზლარი

1225

×

×

×

×

×

×

წყარო: 2014 წლის საყოველთაო აღწერის მასალა. Geostat.ge

 

აქვე არ შეიძლება შეუმჩნეველი დავტოვოთ სოფელ გომბორში მცხოვრები აზერბაიჯანელებად შეცდომით აღრიცხული მოსახლეობის მცირე ჯგუფები. ისინი წარმოადგენენ ბაქოს გუბერნიიდან (სოფელ ლაიჯიდან) XX საუკუნის დასაწყისში შიმშილს გამოქცეულ ოჯახებს, რომლებიც გომბორის ტყეში ხის ნახშირის დამზადებით ამარაგებდა რუსულ სამხედრო ნაწილებს. ისინი ირანული შიიტი მუსულმანები არიან. ასევე შეცდომით მიიჩნევენ აზერბაიჯანელებად გომბორში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას - თათებს (ტატებს), ვისაც დღემდე შემორჩენილი აქვთ თათური ენა. როგორც ეროვნული უმცირესობა, ისინი ამჟამად ცხოვრობენ ირანსა და აზერბაიჯანში (ამჟამად აზერბაიჯანში 25 ათასი თათია). აღნიშნულ უმცირესობათა შვილები ამჟამად ქართულ სკოლებში სწავლობენ და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირდებიან.

  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაშე დგას, არის მათი სოციალური ინტეგრაციის დაბალი დონე, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება სახელმწიფო ენის არასაკმარისად ფლობას. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა და მრავალი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებისა, ქართული ენის შესწავლის საკითხი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ მხრივ, შედარებით უკეთესი ვითარებაა თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის თემში, სადაც აზერბაიჯანელთა თხოვნით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. კაბლისა და იორმუღანლოს თემების სოფლებში -  აზერბაიჯანულ ენაზე. ზოგიერთ სკოლაში არის ქართული სექტორიც. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის არმცოდნე ეროვნული უმცირესობათათვის დამკვიდრდა 1+4 სწავლების მოდელი,რის მიხედვითაც ერთი წლის მანძილზე ქართულ ენას სწავლობენ. მაგრამ  მაინც დიდია უმაღლესი განათლების მისაღებად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წამსვლელთა რიცხვი, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდაც იქვე რჩება. სახელმწიფო ენის უცოდინარობა საქართველოში მძიმე ეკონომიკური ყოფით ვითარებასთან ერთად აზერბაიჯანელთა ემიგრაციის ინტენსიურობის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

ქისტები კახეთის მხარეში. ქისტები საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაში რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით დასახლდნენ. პირველი ჯგუფები სავარაუდოდ 1826 წელს გამოჩნდა. ისინი XIX- XX საუკუნეებში, მოსახლეობის სხვადასხვა აღწერაში ქისტებად, ჩეჩნებად, ინგუშებად იწოდებოდნენ.

  2014 წლის აღწერით კახეთის მხარეში 5581 ქისტი ცხოვრობს. 1990-იან წლებში ჩეჩნეთის ომების მსვლელობისას მათი რიცხოვნობა გაიზარდა საქართველოში ლტოლვილთა დიდი კონტინგენტის შემოხიზვნის გამო. ამჟამად ლტოლვილები სამშობლოში გაბრუნდნენ. ამჟამინდელ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შრომით ემიგრაციაში იმყოფება აქაურ ქისტთა მოზრდილი ჯგუფი. ქისტური დიასპორა საქართველოში უაღრესად კომპაქტურადაა თავმოყრილი ახმეტის რაიონის სოფლებში, ძლიერ მცირე ნაწილი (55 კაცი) ცხოვრობს ქ.თელავში და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში(13 კაცი)(ცხრილი 4).

 

კახეთის მხარეში ქისტებით დასახლებული სოფლების მოსახლეობა

2014წ. აღწერის მიხედვით.

ცხრილი 4.

სოფლის სახელი

კაცი

სოფლის სახელი

კაცი

სოფლის სახელი

კაცი

დუისის თემი

2487

ხალაწნის თემი

1390

ჯოყოლოს თემი

1307

დუისი

2206

ქვემო ხალაწანი

109

ჯოყოლო

690

წინუბანი

281

დუმასტერი

266

ბირკიანი

522

-

-

ქვემო ხალაწანი

80

ძიბახევი

95

-

-

ომალო(პანკისის)

780

-

-

-

-

შუა ხალაწანი

155

-

-

წყარო: 2014 წლის საყოველთაო აღწერის მასალა. Geostat.ge

 

აღნიშნულის გარდა ქისტი მოსახლეობა ცხოვრობს თუშეთის ომალოში(26 კაცი), ახმეტის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში: ქორეთში(111), საკობიანოში(194 კაცი).

მიუხედავად საკუთარი ტრადიციების და ადათწესების უდიდესი პატივისცემისა, ქართველებთან ხანგრძლივმა თანაცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა მათ ქართულ გარემოში ინტეგრაციაში. ისინი სწავლა-განათლებას ადრიდანვე ქართულ ენაზე იღებენ. შესანიშნავად ფლობენ ქართულ ენას. საყოველთაო ათეისტურ საბჭოთა ეპოქაში შესუსტდა რელიგიის გავლენა მათ სოციალურ ყოფაზე. პოსტსაბჭოთა პერიოდში მოხდა მუსულმანური სარწმუნოების რეაბილიტაცია, რაც ჩვენი ქვეყნის ტოლერანტულ გარემოში სავსებით მისაღებია. შეიძლება მხოლოდ გულისტკივილი გამოითქვას ახალგაზრდობის ვაჰაბიზმით გადაჭარბებული გატაცების ზოგიერთ არასასურველ გამოვლინებაზე, რამაც საზღვარგარეთ მიმდინარე ომებში ბევრი კარგი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

ოსური დიასპორა. ოსებით დასახლებული პუნქტები კახეთში XX საუკუნემდე არ ჩანს. არც „კავკასიის კალენდრის“ და არც მოსახლეობის 1897 წლის აღწერის მასალებში ისინი არ არიან აღრიცხულნი. მათი მასშტაბური, ორგანიზებული ჩასახლება მოხდა ე.წ. სტოლიპინის რეფორმის პერიოდში. შემდგომაც მეტნაკლები ინტენსივობით ჩნდებოდა პატარა ოსური სოფლები როგორც ლაგოდეხის, ისე ახმეტის, თელავისა და ყვარლის მიდამოებში.

1926 წლის აღწერით, ოსების რიცხვი სიღნაღისა და თელავის მაზრებში 10208 კაცია. ამას ემატება გომბორში მცხოვრები 601 ოსი(მაშინდელი ადმინისტრაციული დაყოფით თბილისის მაზრა).

        1939 წლის აღწერით ოსების რიცხოვნობა კახეთში 13802 კაცამდეა გაზრდილი და კახეთის მთელი მოსახლეობის 3,4% აღწევს(ცხრილი 5).

 

ოსების რიცხოვნობის დინამიკა კახეთის მხარეში(1926-2014წწ)

ცხრილი 5.

წელი

1926

1939

1959

1989

2014

რიცხოვნობა, კაცი

10809

13802

13404

12441

2526

წილი კახეთის მოსახლეობაში(%)

3,8

3,4

3,4

2,8

0,8

წყარო: შესაბამისი წლების საყოველთაო აღწერის მასალები. Geostat.ge

    

     ისტორიული წარსულითა და კულტურულ - ყოფითი ტრადიციებით კახეთის მხარეში მცხოვრები ოსები ძლიერ ახლოს დგანან ქვეყნის მკვიდრ ქართულ მოსახლეობასთან, კახეთის მხარეში ისინი, ძირითადად, ქართულ სკოლებში სწავლობდნენ და კულტურულად გაქართველებულნი არიან, ხშირია შერეული ქორწინებები და ქართულ ეთნოსში ინტეგრირების შემთხვევები. პოსტსაბჭოთა წლებში რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ინსპირირებულ უაღრესად სამწუხარო ეთნოკონფლიქტში კახეთში მცხოვრებ ოსებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. იმ პერიოდში ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ცხოვრების მატერიალური პირობების გაუარესება, ცხადია, მათაც შეეხო და სხვა ეროვნების მოსახლეობის მსგავსად, მათაც დაიწყეს ფიქრი პრობლემების ემიგრაციით გადაჭრაზე. თავიანთი და შვილების პერსპექტივა დაუკავშირეს ჩრდილო ოსეთს, მათ ისტორიულ სამშობლოს. მშობლიურ ეთნიკურ გარემოში თავიანთი უნარების განვითარების მეტი შესაძლებლობა დაინახეს, რაც გახდა მათი ნაწილის საქართველოდან ემიგრაციის ძირითადი მიზეზი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა დასკვნით, კახეთის მხარეში(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) ყველაზე მეტადაა შემორჩენილი ოსების ეროვნული იდენტობის ნიშნები (სორდია, 2009).

  1989 წლის აღწერით, კახეთის მხარეში 12441 ოსია აღრიცხული, 2014 წლის აღწერით კი მხოლოდ - 2526 კაცია შემორჩენილი. ოსები კახეთის მხარეში უმეტესად პატარა სოფლებში ცხოვრობდნენ. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფლების რაოდენობა, სადაც 100 მეტი ოსი ცხოვრობს ძლიერ ცოტაა. ესენია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები: ფიჩხოვანი და არგოხი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი წიწკანაანთკარი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიტაანი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ბოლქვი. კახეთის მხარის ოსი მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია და მნიშვნელოვანი ბუნებრივი მატება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

რუსული დიასპორა კახეთში. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საუკუნეთა მანძილზე რუსეთის ექსპანსიურ პოლიტიკაში არსებითი ადგილი ეკავა კოლონიზაციის პოლიტიკას. პოლიტიკოსებსა და მკვლევრებს იგი მიაჩნიათ რუსეთის სახელმწიფოს უმთავრეს საყრდენად. მაგალითად, ცნობილი ისტორიკოსი ვ.კლიუჩევსკი თვლიდა, რომ „რუსეთის ისტორია- ესაა განუწყვეტლად კოლონიზებადი ქვეყნის ისტორია“(Ключевский, 1912).

 საქართველოს კოლონიზაციის საკითხი კარგად აქვთ შესწავლილი ქართველ მეცნიერებს (შეიძლება გამოვყოთ აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი). ანექსიის პირველი 30 წელი რუსეთი ამიერკავკასიაში დაპყრობითი ომებით იყო გართული. რუსი მოსახლეობის შემოსახლებისათვის ნაკლებად ეცალა. 1830-იანი წლებიდან იწყება სომხების, ბერძნების, რუსების, გერმანელების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი. ორგანიზებულ გადმოსახლებებს დაემატა სავალდებულო სამხედრო სამსახურმოხდილ ჯარისკაცთათვის ადგილზე დასახლების ყოველმხრივი ხელშეწყობა (გუგუშვილი,1947,613-615). რუს სექტანტთა დიდი ჯგუფების ინტენსიური გადმოსახლება საქართველოში იმ ეპოქის მიგრაციული სურათის მნიშვნელოვანი შტრიხია.

 კახეთის მხარეში სამხედრო გარნიზონების დისლოკაციის ადგილებში  თანდათან ფორმირდა დასახლებული პუნქტები: ლაგოდეხი და ცარსკიე კოლოდცი (დღევანდელი დედოფლისწყარო). შამილის დატყვევებისა და რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ კავკასიაში რუსების კოლონიზაციის ტემპი აჩქარდა. გაჩნდა რუსებით დასახლებული პუნქტები: მალხაზოვკა, ბოგდანოვკა, ნოვო ალექსანდროვკა, სეჩენოვკა, ნიკალაევკა, გრაფოვკა, დაშკოვკა, ივანოვკა, ილარიონოვკა და სხვ.[1]

 

რუსი მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა კახეთის მხარეში.1886-2014 წწ.

ცხრილი 6

წელი

1886

1926

1939

1959

1989

2014

რიცხოვნობა(კაცი)

1969

9134

26083

21898

13684

1921

წილი კახეთის მოსახლეობაში(%)

1,2

3,2

7,2

4,7

3,1

0,6

წყარო: შესაბამისი წლების საყოველთაო აღწერისა და აღრიცხვის მასალები. Geostat.ge

 

რუსების დიდი კონტინგენტი შემოვიდა საქართველოში მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდში. სსრკ განაპირა მხარეების ეკონომიკური განვითარების დაჩქარების კურსის განხორციელებას მოჰყვა მრეწველობის აღმავლობა და ახალ სამუშაო ადგილთა სწრაფი ზრდა. ამან მრავალრიცხოვანი კვალიფიციური სამუშაო ძალა მოითხოვა, რამაც გამოიწვია ცენტრალური რუსეთის ოლქებიდან მოსახლეობის დიდი კონტინგენტის გადმოსახლება საქართველოში. არანაკლები მიგრაციული ტალღები შეიქმნა 1930-იან წლებში რუსეთ-უკრაინაში ცნობილი „გოლოდომორის“ პერიოდში, როცა  ფიზიკური გადარჩენისათვის საქართველოს რუსების და უკრაინელების დიდი ტალღები მოაწყდა. ბუნებრივია, აღნიშნულმა პროცესებმა კახეთის მხარეც მოიცვა.

         1926-1939წწ. აღწერათშორის პერიოდში რუსების რიცხვი კახეთში  9134 -დან  26083 -მდე გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომისშემდგომ (1950 - იანი წლებიდან) დაიწყო ემიგრაციული პროცესები საქართველოში. სახელმწიფო ინვესტიციებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობამ იქაური მცირე დემოგრაფიული ზრდის პირობებში დიდძალი დამატებითი სამუშაო ძალა მოითხოვა. რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების დონის ამაღლებამ პერიფერიებიდან კვალიფიციური სამუშაო ძალის გაწოვის პროცესი უფრო ინტენსიური გახადა. კახეთის მხარეში რუსი მოსახლეობის შემცირების პროცესი დაიწყო. 1959 წლისათვის აღირიცხა 21898 რუსი, 1989 წელს კი -13684.

  სსრკ დაშლამ და საქართველოს დამოუკიდებლობამ კიდევ უფრო რადიკალურად შეცვალა ვითარება. 1989 წელის მოსახლეობის აღწერის მიხედვით  საქართველოში მცხოვრებ რუსთა 74%-მა სახელმწიფო ენა, ქართული, არ იცოდა (საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა, 1989, 62-63). ამავე დროს პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული იზოლაციონისტური პოლიტიკით, მრეწველობის სრული განადგურებით უმუშევარი დარჩა უმეტესად ამ დარგში ჩაბმული რუსი სამუშაო ძალა. იმავდროულად რუსეთში ცხოვრების პირობები საქართველოსთან შედარებით ბევრად მაღალ დონეზე შენარჩუნდა. რუსი მოსახლეობისათვის რუსეთში ემიგრაცია საუცხოო გამოსავლად იქცა უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის თავიდან ასაცილებლად. მეორე მხრივ, ამჟამინდელი რუსეთი ყოველწლიურად საჭიროებს ერთი მილიონი კაცის იმიგრაციას. მშობლიურ ეთნოკულტურულ გარემოში დაბრუნება დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. 2014 წლისთვის კახეთის მხარეში აღარ დარჩა რუსული დასახლებანი (გამონაკლისია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი დავითიანი, სადაც რუსები უმეტესობას წარმოადგენენ(56,7%) და იქ რუსული სკოლაც ფუნქციონირებს.

ამჟამად საქართველოში დარჩენილი რუსი ეროვნების კონტინგენტი დემოგრაფიულად ძლიერ დაბერებულია და ბუნებრივი მატებით მოსახლეობის ზრდა პრაქტიკულად გამორიცხულია.

   განხილულ ეროვნებათა  გარდა 2014 წლის აღწერამ კახეთის მხარეში აღრიცხა 504 იეზიდი, 202 უკრაინელი, 158 ბერძენი, და სხვა მრავალი ერის ადამიანი.  შეიძლება შევჩერდეთ ავარებსა(ხუნძები) და უდიებზე, რომელნიც კომპაქტურად არიან დასახლებულნი და ეთნოკოლორიტულ ჯგუფებს წარმოადგენენ.

   უდიები ძველი ქრისტიანი ალბანელების შთამომავლები არიან და დღემდე უდიურ ენაზე ლაპარაკობენ. ისინი 1922 წელს მრავალგზის დარბევისა და შევიწროების შემდგომ გადმოსახლდნენ საქართველოში ნუხის ოლქის სოფელ ვართაშენიდან. თავდაპირველად მიწურებში ცხოვრობდნენ მდინარე ავანისხევის სიახლოვეს. 1924 წელს ხელისუფლებამ 112 ოჯახს დასასახლებლად გამოუყო მიწის ნაკვეთები.

   უდიების საქართველოში ჩამოსახლების პროცესს ხელმძღვანელობდა დიდად განსწავლული, მოაზროვნე და დიდი ავტორიტეტის მქონე ზინობ სილიკაშვილი. სოფელ ზინობიანს, იქ დამკვიდრებულ ადამიანთა მოთხოვნით, მის საპატივცემოდ  დაერქვა სახელი. 1937 წელს, ისე, როგორც ბევრი ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწე, ზინობიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. სოფელს ახალი სახელი „ოქტომბერი“ უწოდეს. სოფლის დაჟინებული თხოვნით თავდაპირველი სახელწოდება „ზინობიანი“ მხოლოდ 2010 წელს აღადგინეს. 2014 წლის აღწერით „ზინობიანში 161 უდი ცხოვრობდა.

     უდიებმა საქართველოში გადმოსახლების შემდეგაც შეინარჩუნეს ქრისტიანული ადათ-წესები, ენა, მეურნეობრივი ტრადიციები: მეაბრეშუმეობა, მევენახეობა. ამჟამად ცხოვრობენ ქართველებთან ერთად და სოფლის მცხოვრებთა ნახევარს შეადგენენ. საჯარო სკოლა ქართულ ენაზეა, არცთუ იშვიათია შერეული ქორწინებებიც. ყოველმხრივ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ თავიანთი უნიკალური ტრადიციები, იშვიათი სტუმართმოყვარეობა და კოლორიტი. სკოლაში ტარდება უდიური ენის გაკვეთილები, ერთ ოთახში უდიური მუზეუმია განთავსებული. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფელი ზინობიანი ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, აქვს შესანიშნავი სასტუმრო კომპლექსი, იგი ნებისმიერი სახის ტურისტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. უდიების კოლორიტული ადათ-წესების, ენის, ტრადიციების მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს საზოგადოების ვალია.

ხუნძები(ავარიელები) კახეთის მხარეში კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობას მიეკუთვნება. მათი საცხოვრებელია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები: თივი (205კაცი), ჩანტლისყურე (401 კაცი), სარუსო (329 კაცი). 2014 წლის აღწერით, კახეთის მხარეში მათი რაოდენობა 955 კაცია.

   ხუნძებმა კახეთში თანდათანობით ჩასახლება დაიწყეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, იგი გაგრძელდა მეოცე საუკუნეშიც. იყო პერიოდი, როცა ხუნძების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში დეპორტირებული ჩეჩნების სოფლებში ჩაასახლეს, თუმცა ამ უკანასკნელთა რეპატრიაციის შემდგომ მათ ისევ საქართველოში მოუხდათ დაბრუნება. სსრკ დაშლის პერიოდში იყო მცდელობა, რომ ხუნძებს თავიანთ ისტორიულ მიწაწყალზე მოეხერხებინათ დაბრუნება. ბევრი მათგანი საქართველოდან ემიგრირდა რუსეთის ფედერაციაში. 1989 წელს საქართველოში მცხოვრები 4230 ხუნძის ნაცვლად 2002 წლის აღწერამ მხოლოდ 1996 ხუნძი დააფიქსირა, ხოლო ბოლო 2014 წლის აღწერის დროს ეს კონტინგენტი განახევრებულია.

   ამჟამად ხუნძები ქართულ სკოლებში სწავლობენ და გამოხატავენ ხელისუფლებისადმი სამაგალითო ლოიალურ დამოკიდებულებას. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვთ ზემოხსენებულ სოფლებში მცხოვრებ ქართველებთან.

     კახეთის მხარეში, 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის რელიგიური ნიშნით შესწავლამ გამოავლინა, რომ დომინირებს ქრისტიანი მართლმადიდებლები (85,7%) და მუსლიმები(12,1%)(ცხრილი7). მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა აზებაიჯანელები, ქისტები, ხუნძები და ეკომიგრანტ აჭარელთა უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან.

   კახეთის მხარეში 1000 კაცს აღემატება იეჰოვას მოწმეები. რაიმე დაპირისპირება სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობას შორის არ შეიმჩნევა. ქართველთა ტოლერანტობა რეალობაა და ამაოდ ცდილობენ მის შებღალვას საერთაშორისო იმპერიალისტური ძალების აგენტები და ვიწრო სეპარატისტული ჯგუფების მესვეურები.

 

კახეთის მხარის მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა

2014 წლის მოსახლეობის აღწერით

ცხრილი 7.

მუნიციპალიტეტი

სულმოსახლეობა (კაცი)

მართლმადიდებლი

მუსულმანი

სომხური სამოც. ეკლ

კათოლიკური

იეჰოვას მოწმე

იეზიდი

პროტესტანტი

იუდიური

სულ

318583

273177

38683

182

264

1011

233

326

35

(%)

100

85,7

12,1

0,05

0,08

0,3

0,07

0,1

0,0

წყარო: 2014 წლის საყოველთაო აღწერის მასალა. Geostat.ge

 

დასკვნა

 

     მოსახლეობის რეგიონგარეთ მიგრაციისა და  ბუნებრივი მატების შემცირების ფონზე XIX-XX საუკუნეებში დღევანდელი კახეთის მხარის მოსახლეობის ეთნოდემოგრაფიულ განვითარებაში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ეთნოსტრუქტურაში მატულობდა დიასპორათა წილი. პოსტსაბჭოთა პერიოდში მოხდა სტრუქტურის მყისიერი ცვლილება პოლიეთნიკურობიდან ბიეთნიკურობისკენ. მთელ მოსახლეობაში გაიზარდა ქართველთა და აზერბაიჯანელთა ხვედრითი წონა. 
  • ყველზე მრავალრიცხოვანი დიასპორები, რომელთაც განეკუთვნებიან აზერბაიჯანელები და ქისტები, განსახლებულია კომპაქტურად და ქმნის მჭიდროდ დასახლებულ ეთნოდემოგრაფიულ ანკლავებს საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. 
  • პოსტსაბჭოთა პერიოდში დაჩქარდა რუსების, სომხების, ოსების რიცხოვნობის შემცირების ტემპი, რაზეც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ქვეყნის გარეთ ემიგრაციული ნაკადების ინტენსიურობის ზრდამ, ასევე ნაწილობრივ ადგილობრივ მოსახლეობაში დიასპორათა ინტეგრაციის პროცესებმა.
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დგას მსხვილი აზერბაიჯანული დიასპორის წინაშე, ესაა სახელმწიფო ენის ფლობის უაღრესად დაბალი დონე. საჭიროა უფრო ქმედითი გახდეს ქართული ენის შესწავლის საერთაშორისო პროექტები, ასევე, აზერბაიჯანულ სკოლებში სახელმწიფო ენაზე განათლების მიღების ხეშეწყობის პროგრამები
  • უმწვავესია კახეთის მხარიდან მოსახლეობის მიგრაციის პრობლემა. ადგილობრივი დასაქმების ამჟამინდელი სპექტრი სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს, აუცილებელია დასაქმების დარგობრივი დივერსიფიკაცია, მაღალკვალიფიციური დასაქმების სექტორის აქტივიზაცია და ამით  რეგიონის დემოგრაფიული ტევადობის გაზრდა.

 

ლიტერატურა:

 

  • ანთაძე კ. (1973). საქართველოს მოსახლეობა XIX  საუკუნეში.  განათლება, თბილისი.
  • გუგუშვილი პ. (1949). საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX- XX სს.  ტ.1.  გვ. 613-615.
  • დანიბეგაშვილი რ. (1950). მოგზაურობა ინდოეთში. საბჭოთა მწერალი. თბილისი.
  • ეთნოსები საქართველოში (2008). საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. თბილისი.
  • თეთვაძე შ. თეთვაძე ო. (1998). სომხები საქართველოში. თბილისი.
  • თოთაძე ა.(2009). საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. უნივერსალი, თბილისი,
  • თოთაძე ა. (2014). კახეთის მოსახლეობა. თბილისი.
  • საქართველოს მოსახლეობის 1897, 1926,1939,1959,1970.1979.1989.2002,2014 წლების საყოველთაო აღწერის მასალები Geostat.ge; http://www.demoscope.ru/weekly/2021
  • საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (1991). 1989 წლის საყოველთაო აღწერა. სტატ.კრებული. თბილისი. გვ. 62-63.
  • სორდია გ. (2009). ოსები საქართველოში. ECMI-ის სამუშაო მოხსენება #45, სექტემბერი.  სტალინი ი. (1947). მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი. თხზ. ტ.2 სახელგამი,  გვ. 336, 355,378.
  • ჯაოშვილი ვ. (1984). საქართველოს მოსახლეობა XIX - XX საუკუნეებში. თბილისი, მეცნიერება.
  • Иоаннисян А.Р.(1989).   Иосиф Эмин. Ереван,   Изд-во АН АрмССР
  • Кавказскій календарь на 1886, 1900,1907,1912,1915,1917гг. Тифлись. http://www.biblioteka.ru/ ruskiush/2htm
  • Ключевский В.О. (1912). Русская история.Полный курс. лекция вторая.http://www. biblioteka.ru/ ruskiush/2htm

References:

 

  • Antadze K. (1973). sakartvelos mosakhleoba XIX saukuneshi. [Population of Georgia in the XIX Century. „Education,  Tbilisi.] in Georgian
  • Gugushvili P. (1949). sakartvelosa da amierkavkasiis ekonomikuri ganvitareba me- XIX- XX ss. [Economic Development of Georgia and Transcaucasia in the XIX- XX Centuries. Volume 1. pp. 613-615.] in Georgian
  • Danibegashvili R. (1950). mogzauroba indoetshi. Travel to India. Soviet writer, Tbilisi.  in Georgian
  • etnosebi sakartveloshi (2008).  [Ethnic Groups in Georgia (2008). The Center of Tolerance under the Public Defender of Georgia. Tbilisi.]  in Georgian
  • Tetvadze Sh., Tetvadze O. (1998). somkhebi sakartveloshi. [Armenians in Georgia. Tbilisi.]  in Georgian
  • Totadze A. (2009). sakartvelos mosakhleobis etnikuri shemadgenloba. [Ethnic Composition of the Population of Georgia. Tbilisi, Universal. in Georgian
  • Totadze A. (2014). kakhetis mosakhleoba. [Population of Kakheti. Tbilisi.]
  • Sakartvelos mosakhleobis 1897,1926,1939,1959,1970.1979.1989.2002,2014 tslebis saqoveltao aghtsera [General Census of the Population of Georgia in 1897, 1926, 1939, 1959,       1970,1979,1989,2002,2014.   In        Georgian                                              Materials       Geostat.ge   http://www.demoscope.ru/weekly/2021
  • sakartvelos mosakhleobis erovnuli shemadgenloba (1991). [National Composition of the Population of Georgia. (1991). 1989 Census. Stat. collection. Tbilisi. pp. 62-63.]  in Georgian
  • Sordia G. (2009). osebi sakartveloshi. [Ossetians in Georgia. ECMI Working Report #45, September. Stalin I. (1947). Marxism and the National Question. Op. Vol. 2 handle, p. 336; 355; 378.]  in Georgian
  • Jaoshvili V. (1984). sakartvelos mosakhleoba XIX - XX saukuneebshi.  [Population of Georgia in the XIX- XX Centuries. Science, Tbilisi.]   in Georgian
  • Ioannisyan A.R. (1989). Iosif Emin. [Joseph Emin. Yerevan, Publishing House of the Academy of Sciences of the ArmSSR.]  in Russian
  • Kavkazskíy kalendar na 1886, 1900,1907,1912,1915,1917gg. Tiflis. [Caucasian Calendar for 1886, 1900, 1907, 1912, 1915, 1917 Tiflis.]  http://www.biblioteka.ru/ ruskiush/2htm  in Russian
  • Klyuchevsky V.O. (1912). Russkaya istoriya. Polnyy kurs. lektsiya vtoraya. [Russian History. Full course. lecture two.]  in Russian                                                                             http://www. biblioteka.ru/ruskiush/2htm 

 



[1] ამ დასახლებული პუნქტების სახელწოდებები ჯერ საბჭოთა, შემდეგ პოსტსაბჭოთა პერიოდში შეიცვალა